Home ახალი ამბები საქართველო ახალი აჩრდილი ევროპაში

ახალი აჩრდილი ევროპაში

575
ადეიშვილი ჰააგაში

აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი კომუნიზმისა“, – ამ სიტყვებით იწყება კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ყველა დროის ყველაზე გენიალური პოლიტიკური ნაწარმოებიკომუნისტური პარტიის მანიფესტი“. მას აქეთ მრავალი აჩრდილი გამოჩნდა ევროპაში, რომლებიც კარგს არაფერს უქადდარც კონტინენტს და არც მსოფლიოს. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მარტო ფაშიზმი რად ღირს  არაადამიანური სისასტიკით, „არიული სისხლისყივილით, ანტისემიტიზმით, ანტირუსიზმით, ანტიადამიანურობით და მუსოლინიფრანკოჰიტლერის უწმინდური სამებით.

სამწუხაროდ, ისტორიამ ისე ინება, რომ ევროპაში კომუნიზმის აჩრდილის ნაცვლად ფაშიზმის აჩრდილმა გაიმარჯვა. გადახედეთ ევროპის ისტორიას, გადახედეთ ევროპულ ლიტერატურას, რომლიდანაც დღევანდელობამდე აღწევენ წარსულში მოთარეშე ნაირნაირი აჩრდილები  გილიოტინით, ინკვიზიციით, ბართლომეს ღამით, ჰუგენოტების მასობრივი ხოცვით, ასწლიანი ომებით, გარყვნილების კულტითა და დეგრადაციის ხანგრძლივი პროცესით. მრავალ აჩრდილნანახ და მრავალ აჩრდილგამოვლილ ევროპაში ახალი აჩრდილი გამოჩნდა, რომელსაც ხან გერმანიაში მოჰკრეს თვალი, ხანბელგიაში, ხანნიდერლანდებში. ადეიშვილი თავისთავად არაფერს წარმოადგენს, გარდა დამნაშავისა, რომელიც მართლმსაჯულებას ემალება. ამ შემთხვევაში მისი პერსონა უფრო იმით არის საინტერესო, რომ იგი ვიღაცის (რაღაცის) აჩრდილია ევროპაში…

საქართველოს პროკურატურამ ნიდერლანდების სამართალდამცავ უწყებებს ოფიციალურად მიმართა, რომ დააკავონ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა ბოლოს ჰააგაში უკრაინის დელეგაციასთან ერთად შენიშნეს. საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით გერმანიისა და ბელგიის შესაბამის უწყებებსაც მიმართა.

ვითარება მწვავდება.

ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებში საქართველოს ყოფილი გენპროკურორი და იუსტიციის ექსმინისტრი ზურაბ ადეიშვილი თავისუფლად გადაადგილდება, ჯერ სამშობლოში მისი ექსტრადირება მოახდინონ და საქართველოს ხელისუფლება ამის შემდეგ გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა ქვეყანას მოსამართლეთა ვეტინგის სისტემა“, – განაცხადა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო კი დაბეჯითებით იმეორებს: „ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებისთვის აუცილებელია, შეიქმნას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების (ვეტინგის) სისტემა”. ყოველ ამგვარ მოთხოვნაზე საქართველოდანაც დაბეჯითებული და ჯიბრში დგომით გაჯერებული პასუხები გაისმის: „ვეტინგის გამო თითს სანამ დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადმოსცენ საკუთარ ქვეყანას და შემდეგ ვილაპარაკოთ, დავხურავთ თუ არა ამ თემას. მართლა ბოლო წვეთები გადმოდის იმ ფიალიდან, რომლის ატანაც არ შეიძლება. როგორ შეიძლება, ვიღაც გეუბნებოდეს, რომ უნდა დაეთანხმოვეტინგს“, რომელსაც ზურაბ ადეიშვილი ახორციელებს უკრაინასა თუ სხვა ქვეყნებში, – აცხადებს მდინარაძე.

ეს პოლიტიკური პინგ-პონგი ამით არ დამთავრებულმა. სანამ მდინარაძე წინადადებას დაასრულებდა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიას განუცხადა: „ევროკომისიის პირველ ანგარიშში საქართველოს მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელ თორმეტ რეკომენდაციაში, რომლებიც 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საუბარი იყო უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე”.

ევროპა (საერთოდ დასავლეთი) ვეღარც საკუთარ სახეს ნიღბავს და ვეღარც საკუთარ ზრახვებს.

ერთი წლის წინათ ჩაგდებული კანონი, რომელიც უცხოეთიდან შემოსული თანხების კონტროლის მექანიზმებს შეიცავდა, მმართველ პარტიას ხელახლა შეაქვს განსახილველად, რასაც პარლამენტში აურზაური და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ეს რთული საკითხია. საქმე ისაა, რომ დასავლეთის „მეხუთე კოლონამ“ ამ საკითხში ერთხელ უკვე მიაღწია გამარჯვებას, როდესაც მმართველ პარტიას პარლამენტის მიერ პირველი წაკითხვით მიღებულ კანონპროექტზე ქუჩის აქციებითა და დანაშაულებრივი ქმედებებით უარი ათქმევინა. ახლა ისინი ყველაფერზე წავლენ, ათა ამ კონკრეტულ საკითხში მმართველ პარტიას ისევე დაახევინონ უკან, როგორც შარშან დაახევინეს. ეს საკითხი ორივე მხარისთვის პრესტიჟის საგნად იქცა. „მეხუთე კოლონა” საკითხს ასე აყენებს: „ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ საგადასახადო ინსპექციამ, მონიტორინგის სამსახურმა და უამრავმა მაკონტროლებელმა ორგანომ ამოიღოს ინფორმაცია, თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი. უბრალოდ, „ქართულ ოცნებას” სჭირდება, რომ თავისუფალი აზრი გააკონტროლოს, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა”. ეს სიტყვები მამუკა ხაზარაძის პირიდან გაისმა, მაგრამ ისინი დასავლეთის პოზიციას გამოხატავენ. თუ დავაკვირდებით, დასავლეთის ეს პოზიცია ასე იშიფრება: ეგღა გვაკლია, საქართველოს მთავრობამ გვიკონტროლოს, თუ რა ღონისძიებებს დავგეგმავთ და რას დავაფინანსებთ საქართველოში!

ნიკა გვარამია აცხადებს: „ქართული ოცნება“ აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი. ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა, როგორც მისი ისტორიული განვითარების განმავლობაში, ასევე დღეის მდგომარეობითაც. ეს არის ევროკავშირის წევრობა. ჩვენი პარტია გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი; ის, რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში – ევროკავშირში.

ქართველ ხალხს ვინ წაართვა უფლება, რომ იკითხოს: რით ეღობება ფინანსური გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირის წევრობას? კანონი, რომელიც უაღრესად მიკრძალებულ მიზანს ემსახურება – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნება, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფულადი სანქციებია გათვალისწინებული, რატომ იქცა სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების საგნად? ეს არის გამოვლენა ცენტრის დამოკიდებულებისა კოლონიასთან, რომელსაც უნდა ჰქონდეს მოვალეობები, მაგრამ არ უნდა ჰქონდეს უფლებები. ფინანსური კონტროლი თუნდაც მხოლოდ დეკლარაციის გამოქვეყნების მოთხოვნის დონეზე, უკვე რაღაც უფლებას ნიშნავს, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო დასავლეთისგან ანუ ცენტრისგან (უფროსისგან) მოითხოვს. ცენტრი კი შეურაცხყოფილი და გაღიზიანებულია: ჩვენ ვიცით, რასაც ვაფინანსებთ და ვისაც ვაფინანსებთ. საქართველოს მთავრობას არავითარი უფლება არ აქვს, აკონტროლოს დასავლეთიდან საქართველოში შემოსული თანხები!

საქართველოში მძიმე დანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდადებული  ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების ნაწილი, რომლებზეც ადეიშვილი ჩანდა, წაშალა, რამდენიმე ფოტოზე კი ის , უბრალოდ,ჩამოჭრეს

ზუსტად ამ სიტყვებით არ ამბობდა, მაგრამ აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის, სიტყვები განა იმავე შინაარსს არ შეიცავდა, რომელიც ახლა ჩემი სიტყვებით წარმოვადგინე? შეადარეთ: „ეს არის არა ამერიკული, არამედ რუსული კანონი, რომლის მიზანია სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, შეხედულება და, ამავე დროს, ხელი შეუშალოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ თავიანთ თანამოქალაქეებს”. ელჩის ეს სიტყვები ხომ შეიძლება ასეც გავშიფროთ: არ გაბედოთ ჩვენ მიერ ჩვენი „მეხუთე კოლონისთვის” გამოგზავნილი თანხების ოდენობისა და დანიშნულების კონტროლი! კი, ასეც იშიფრება ქალბატონ დეგნანის მიერ ჩვენთვის, ქართველებისთვის, დატოვებული ანდერძი. ანდერძს ვამბობ იმიტომ, რომ დეგნანი უკვე აღარ არის ელჩი, მაგრამ ახალი ელჩი ხომ გვყავს, რომლის გვარი (დანიგანი) ასე სასწაულად ერითმება წინამორბედის გვარს, თუმცა ეს ფონეტიკა მხოლოდ ყურს გვჭრის, სხვა არაფერი.

რა მიზანი აქვს და საით მიჰყავს ამას საქართველო? არეულობისკენ, ქაოსისკენ, სახელმწიფო გადატრიალებისკენ, საბოლოო ჯამში კი რუსეთისთვის მეორე ომის გახსნისკენ. ამავე მიზანს ემსახურებოდა ნატოს გენერალური მდივნის ამასწინანდელი ვოიაჟი ამიერკავკასიაში. ეს ერთი დიდი გეგმაა, რომლის დეტალებს სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში სხვადასხვა ფორმით ვაწყდებით:

ის დამნაშავე კაცი, რომელიც  ევროპის ქალაქებში დაძრწის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი არ არის, საქართველოდან რუსეთისთვის გახსნილი მეორე ფრონტის აჩრდილია!

ის დამნაშავე კაცი, რომელიც ევროპის ქალაქებში  დაძრწის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი არ არის, საქართველოში დასატრიალებელი დიდი ტრაგედიის აჩრდილია!

ის დამნაშავე კაცი, რომელიც  ევროპის ქალაქებში  დაძრწის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი არ არის, საქართველოში დასაღვრელი სისხლისა და ცრემლის აჩრდილია!

ის დამნაშავე კაცი, რომელიც ევროპის ქალაქებში დაძრწის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი არ არის, უკრაინული ფაშიზმის საქართველოში შემოტანის აჩრდილია!

ის დამნაშავე კაცი, რომელიც  ევროპის ქალაქებში დაძრწის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი არ არის, საქართველოში ხელისუფლების მიერ უდანაშაულო ადამიანთა განუკითხავად ხოცვის აჩრდილია!

ის დამნაშავე კაცი, რომელიც ევროპის ქალაქებში  დაძრწის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი არ არის, საქართველოში პატიმართა წამებისა და გაუპატიურების აჩრდილია!

ის დამნაშავე კაცი, რომელიც ევროპის ქალაქებში  დაძრწის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი არ არის, დიქტატურის, განუკითხაობისა და ძალმომრეობის აჩრდილია!

ის დამნაშავე კაცი, რომელიც ევროპის ქალაქებში  დაძრწის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი არ არის, საქართველოში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების აჩრდილია!

ის დამნაშავე კაცი, რომელიც ევროპის ქალაქებში  დაძრწის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი არ არის, საქართველოს მკვლელობის აჩრდილია!

ევროპელებისა არ იყოს, ჩვენც ცხრა პუნქტი გამოგვივიდა. არის ამაში რაღაც სიმბოლური და, თუ გნებავთ, ცინიკურიც. გააჩნია, რომელი კუთხიდან შევხედავთ. ისე, ევროპელებს ვერც სიმბოლოებით აზროვნებაში გავეჯიბრებით და ვერც ცინიზმში, რადგან ორივე იქიდან შემოვიდა საქართველოში: „იყო შარლ ბოდლერი, მწარე და ძვირფასი“ (გალაკტიონი). ეს –  რაც შეეხება სიმბოლიზმს, ცინიზმის ისტორია კი უფრო რთულია, მაგრამ თუ შევთანხმდებით, რომ იგი არ უდრის დაცინვას და რაღაცით მეტია მასზე, ასეთ შემთხვევაში ისიც ევროპიდანაა შემოსული (ანტისთენე, კინიკოსების სკოლა და ა.შ.), მაგრამ ცინიზმის დახასიათებისას ასე შორს თუ არ წავალთ და უბრალო დაცინვით შემოვიფარგლებით ამ ადეიშვილითა და კეზერაშვილით, ამ სააკაშვილითა და მისი ნაცისტური ხროვით, ამ დაფინანსებული ენჯეოებით, ცრუპენტელა ჟურნალისტებითა და „მეხუთე კოლონით”,  ევროპა აშკარად დაგვცინის უკვე. რომ გვებრძოდნენ, უფრო მისაღები და ნაკლებად შეურაცხმყოფელი იქნებოდა, მაგრამ არა, დაგვცინიან, აბუჩად გვიგდებენ, ენას გვიყოფენ და გვემანჭებიან. ჩვენ კი პასუხად ევროკავშირში შესვლას ვითხოვთ და ნატოს ღია კართანაც მორიდებით ვდგავართ მიპატიჟების მოლოდინში. ალბათ, ჩვენც დავცინით, აბუჩად ვიგდებთ, ენას ვუყოფთ და ვემანჭებით. სხვა ახსნა არც ევროპელების საქციელს აქვს და არც ჩვენსას. ევროპამ ნიღაბი მოიხსნა, ჩვენც უნიღბოდ ვრჩებით მათ წინაშე და ორივენი შეძრულნი ვართ ერთმანეთის ნამდვილი სახის ხილვით.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here