Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ჭაჭია: საქართველოს “ზემოდან” აქვს დაშვებული მოცემულობა, რომ აქ უნდა იყოს მხოლოდ...

ალექსანდრე ჭაჭია: საქართველოს “ზემოდან” აქვს დაშვებული მოცემულობა, რომ აქ უნდა იყოს მხოლოდ ორი “მოპაექრე” ძალა _ “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” თავიანთი განაყოფებით

4745

ცნობილი პოლიტოლოგის _ ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუებს ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდება არა მხოლოდ მკითხველი, არამედ ექსპერტების დიდი ნაწილი, რადგან მისი შეფასებები და პოლიტიკური პროგნოზები ფრიად აქტუალურია, განსაკუთრებით _ არჩევნების წინ. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს პირველ ნაწილს. 

_ ბატონო ალექსანდრე, როგორც შევიტყვეთ, საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ თქვენ, დაბადებით საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც მთელი ცხოვრება აქ გაატარეთ, უარი გითხრათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ეს მართალია?

_ დიახ, მართალია. შარშან მიღებული კანონის თანახმად, მე შევიტანე განცხადება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე და მივიღე უარი. უარის მიზეზი არის ის, რომ მე საშიში ვყოფილვარ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. თურმე საქართველოს უსაფრთხოებისთვის ის ხალხი კი არ ყოფილა საშიში, რომელმაც ძმათამკვლელი ომი გააჩაღა აფხაზეთსა და ცხინვალში და ეს რეგიონები მოსწყვიტა ქვეყანას, არც ისინი, ვინც ძარცვავდა და ხოცავდა თანამემამულეებს სამეგრელოში, ვინც ქვეყნის დეინდუსტრიალიზაცია მოახდინა, მოსპო ქვეყანაში განათლება, მეცნიერება, კულტურა, ქვეყანას ნატოში ექაჩება და აქ უცხო ჯარის ჩაყენება უნდა და ამით ქვეყანას სამუდამოდ უსპობს გამთლიანების შესაძლებლობას, არც ისინი, ვინც გულუხვად ურიგებს შეწყალებას მკვლელებსა და ნარკომოვაჭრეებს. არა, ისინი ქვეყნისთვის საშიშნი არ არიან, საქართველოს უსაფრთხოებისთვის საშიში თურმე მე ვყოფილვარ, რომელიც ყოველთვის ვგმობდი მოღალატურ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ პოლიტიკას.

_ რატომ მოიქცა ასე ხელისუფლება? თქვენ ხომ ბოლო წლებში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობდით?

– მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა იყო ის, რომ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ინტერვიუს ვაძლევდი თქვენს გაზეთს ან “ასავალ-დასავალს”, როგორც ყველაზე პატრიოტულ გამოცემებს, მაგრამ მე ხშირად მომმართავდნენ ხოლმე საზოგადოების წარმომადგენლები და მთხოვდნენ თანადგომას ისეთი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაში, რომელიც წინ აღუდგებოდა ქვეყნის ძარცვა-ნგრევასა და საბოლოოდ დაშლას. ასეთმა მომართვებმა ძალიან მოიმატა ამ ზაფხულს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. თანამოაზრეებთან საუბრების შემდეგ მე ვუთხარი მათ, რომ არჩევნებში პირადად არ მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ყველა შესაძლებლობით დავეხმარებოდი იმ კანდიდატებს, რომლებიც იქნებოდნენ ეროვნულად ორიენტირებული, ინტელექტუალურად განვითარებული და ქართულად აღზრდილი ადამიანები. ეს, ალბათ, შეიტყვეს სპეცსამსახურებმა, რომელთა ყურადღება არც ერთი მთავრობის პერიოდში არ მაკლდა, და ხელისუფლებამ იმაზე მეტი ვერ მოიფიქრა, რომ ამ გზით სცადა ქართული პოლიტიკიდან ჩემი ჩამოშორება.

უნდა გითხრათ, რომ ამ ზაფხულს გამართულმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრია შესანიშნავი ადამიანი, ინტელექტუალი და პატრიოტი, რომლებსაც შეუძლიათ ახალი ქართული პოლიტიკის შექმნა, რომლებსაც ხელეწიფებათ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა, შეუძლიათ აღმშენებლობისა და განვითარების პროცესის წამოწყება და გაძღოლა, საქართველოს გაერთიანება და ქართველობის, როგორც უნიკალური კულტურულ-ისტორიული ფენომენის, შენარჩუნება. სამწუხაროდ, არსებული პოლიტიკური სისტემა და საქართველოს კოლონიური დამოკიდებულება ამ ხალხს არ აძლევს ქმედითი პოლიტიკური ძალის შექმნის საშუალებას. საქართველოს “ზემოდან” აქვს დაშვებული მოცემულობა, რომ აქ უნდა იყოს მხოლოდ ორი “მოპაექრე” ძალა _ “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” თავიანთი განაყოფებით. ორივე ეს ძალა ერთნაირად მართულია, ანგაჟირებული და არასოდეს არ შეეწინააღმდეგება ქვეყნისა და ერის გახრწნა-დეგრადაციას, აზრადაც კი არ გაივლებენ ამას.

_ რა არის ქართველი პოლიტიკოსების ასეთი შემრიგებლურობის მიზეზი? ისინი ხომ ქართველები არიან, აქ ხომ მათი სამშობლოა, მათი მშობლიური ხალხი?

_ ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობისთვის მთავარია პირადი გამორჩენა, აქედან მომდინარეობს მათი მოღალატური საქციელიც. მთელი მათი პოლიტიკური საქმიანობის არსი არის ის, რომ დროულად მიატოვონ ძველი პატრონი და მიეტმასნონ ახალს. შეხედეთ ქართული პოლიტიკის მთავარ, ნიშანდობლივ ფიგურებს. ამ ხალხმა ჯერ გაყიდა შევარდნაძე _ მათი “სულიერი მამა”, რომელმაც ისინი პოლიტიკაში მოიყვანა, ანი და ბანი ასწავლა და ფეხზე დააყენა; უღალატა მას და მიეტმასნა სააკაშვილს, რომელმაც პირველმა უღალატა “გამზრდელს”. მერე, როცა სოციალური აფეთქების შიშით ამერიკელებმა სააკაშვილის “ჩაჩოჩება” გადაწყვიტეს, მასაც უღალატა და ახლა უკვე ივანიშვილს მიეტმასნა. ამ უკანასკნელმა ამ ადამიანებისთვის გააკეთა ყველაფერი – დააბრუნა ისინი პოლიტიკაში, ჩამოურიგა სახელმწიფო თანამდებობები, უზრუნველყო მატერიალურად, ფაქტობრივად, გააცოცხლა ეს პოლიტიკური გვამები. ახლა, როგორც კი შეატყვეს, რომ ამერიკელებმა ივანიშვილის შემცვლელის ძებნა დაიწყეს, უღალატეს მასაც. ღალატი ამ ადამიანების პროფესიაა. თუ მათთვის ხელსაყრელი იქნება, ისინი გაყიდიან ყველას და ყველაფერს: ლიდერს, იდეას, პარტიას, ერს, სამშობლოს. საქმე მხოლოდ საზღაურის ოდენობაშია.

_ მაგრამ ივანიშვილს ხომ ფული არ აკლია, მატერიალურად ის არავისზე დამოკიდებული არ არის. ხალხმაც სწორედ ამიტომ მისცა ხმა 2012 წლის არჩევნებზე. რატომ ვერ იქცა ის ეროვნულ ლიდერად?

_ ჯერ ერთი, მდიდარ ადამიანს დასაკარგი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ღარიბს. ის თავისი სიმდიდრის ტყვეა, ამიტომ მდიდარი ადამიანის დამოუკიდებლობა ილუზიაა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში შექმნილ მსოფლიო ფინანსურ სისტემას ლაგამამოდებული ჰყავს უკლებლივ ყველა მდიდარი ადამიანი დედამიწაზე. თუ დასჭირდათ, ნებისმიერ მათგანს უქონელ მათხოვრად და დევნილ დამნაშავედ აქცევენ. ამ წესიდან არც ივანიშვილია გამონაკლისი. რომელ ვალუტაში აქვს მას თავისი კაპიტალი? ლარში? _ არა, აშშ დოლარში! მაშასადამე, ფულიც ამერიკული ბანკების ანგარიშებზე აქვს. ამით ყველაფერია ნათქვამი.

მეორე _ ივანიშვილის (უფრო ზუსტად, საქართველოს) უბედურება არის ის, რომ მან ვერა და ვერ შეძლო სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბება. სწორედ ამას ვშიშობდი, როცა მისი ხელისუფლების დასაწყისში საჯაროდ გავაფრთხილე, რომ ქვეყნის მართვა და ფინანსური სტრუქტურის მართვა სრულიად სხვადასხვა რამაა. ამაზე მეპასუხებოდნენ ხოლმე, რომ თუკი მან მილიარდების შოვნა შეძლო, ქვეყნის ფეხზე დაყენებაც არ გაუჭირდებოდა. ვინც ასე მსჯელობდა, იმას არ ითვალისწინებდა, რომ 1990-იანი წლების რუსეთში მილიარდის შოვნას დიდი ჭკუა არ სჭირდებოდა, საამისოდ სხვა თვისებები იყო საჭირო, რომლებიც ივანიშვილს, ჩანს, აღმოაჩნდა და რომლებიც ქვეყნის სამართავად სრულიად უვარგისია.

თუ გახსოვთ, თავისი მმართველობის დასაწყისში ივანიშვილი ფრიად გაწელილ მრავალრიცხოვან ინტერვიუებს არიგებდა და მუდმივად გვიმტკიცებდა, რომ შეუძლია მოვლენების ბრწყინვალე ანალიზი და რომ უშეცდომოდ შეუძლია კადრების შერჩევა. თვითკმაყოფილების ასეთი საჯარო დემონსტრირება ეჭვებს აჩენდა, მაგრამ იქვე ის აზრიც გიჩნდებოდა ადამიანს, რომ ზრდასრული კაცია და მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული აქვს თავისის შესაძლებლობები. ცხოვრებამ ცხადყო, რომ ივანიშვილი სრულიად უსუსურია იმაში, რასაც ასე თავმომწონედ იკვეხნიდა: სრულიად არ აქვს ანალიზისა და პროგნოზირების უნარი და საერთოდ ვერ ერკვევა კადრებში. ნახეთ, როგორი პრეზიდენტები წამოგვასვა თავს, როგორი პრემიერები, მინისტრები, დეპუტატები დაგვისვა. ესენი არიან ქართველი საზოგადოების რჩეული ნაწილი? ესენი არიან საქართველოს ელიტა? ჩვენი ხალხის ნამდვილი სახე? ივანიშვილმა ვერც მათი არაკომპეტენტურობა ვერ გამოიცნო და მათი პირადი ერთგულების დონეც ვერ გათვალა. თითქმის ყველა მათგანმა უღალატა, უბრალოდ რომ ვთქვათ, მათ ის “გადააგდეს”.

ივანიშვილის პროგნოზებსა და საჯარო დაპირებებს რაც შეეხება, ამაზე სასაცილოა ლაპარაკი. საყოველთაო სახალხო კეთილდღეობის ივანიშვილისეულმა “ოთხწლედმა” დიდი ხანია, ჩაიარა, კარგი ცხოვრება კი როგორც არ იყო, ისევ არ არის. დაპირება ხომ პროგნოზის საფუძველზე კეთდება, პროგნოზი კი ანალიზის უნარიდან გამომდინარეობს. ძალიან სამწუხაროა, რომ უდიდესი ნდობის მქონე ივანიშვილი ძალიან სუსტი მმართველი გამოდგა, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწედ, კერძო საფინანსო კომპანიის მენეჯერის დონეს ვერ გასცდა. ნდობის ანტირეიტინგით მან მმართველობის მიწურულის შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც აჯობა. ეს საქართველოსთვის დაკარგული წლები და ხელიდან გაშვებული შანსია…

_ ჩვენი პრეზიდენტის საქმიანობა სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას იწვევს არა მხოლოდ საზოგადოებაში, მმართველ გუნდშიც. და ამ გაუგებრობის მიზეზად, ჩვენი პრეზიდენტი რომ ჰქვია, ისევ და ისევ ივანიშვილს ასახელებენ…

_ სალომე ზურაბიშვილი ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების არაკომპეტენტურობის ყველაზე მყვირალა მაგალითია. თავის დროზე სააკაშვილიც კი მიხვდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი გაჩერება არ შეიძლებოდა, მაგრამ “გამჭრიახმა ანალიტიკოსმა” და “კადრების მცოდნე” ივანიშვილმა მას პრეზიდენტობა უბოძა. მახსოვს, საგარეო საქმეთა მინისტრობისას ზურაბიშვილი მოსკოვში რომ იყო ჩასული ლავროვთან შესახვედრად, საუბრის დასაწყისშივე განუცხადა, რომ მათი საუბრის შინაარსს ამერიკელ “მეგობრებს” მოუყვებოდა. ამის შემდეგ გაოცებულმა ლავროვმა შეხვედრა მალევე დაასრულა და თავის თანამშრომლებს უთხრა, ზურაბიშვილთან შეხვედრის საკითხი აღარ დაეყენებინათ. რაში მჭირდება ამ დედაკაცის შუამავლობა, აწი საქართველოს საკითხი თუ წამოიჭრება, ამერიკელებთან პირდაპირ გადავწყვეტო.

გაიხსენეთ ზურაბიშვილის გამოხდომა ამ ზაფხულის მოვლენებისას. პუტინს თბილისის მიტინგის ამბებს არც არავინ არ მოახსენებდა, პუტინისთვის პრობლემების სიაში საქართველო 55-ე ადგილზეა თავის მიტინგებიანად. მაგრამ, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი მტერია, ამის მოუხსენებლობა არ შეიძლებოდა. კი, პუტინმა რეაგირების ყველაზე რბილი ფორმა არჩია, მაგრამ საქართველოს გაღატაკებულ მოსახლეობას ეს უნდოდა?

ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს დიპლომატიაზე და დიპლომატთა ქცევის წესებზე, ქვეყნის პრეზიდენტის ქცევის ნორმებზე უკვე აღარ ვლაპარაკობ. ამბობენ, თითქოს ზურაბიშვილს საპასუხისმგებლო პოზიციები ეკავა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ფრანგული დიპლომატიური სკოლა და, საერთოდ, ევროპულიც, დიდი ხანია, დეგრადაციის გზაზეა, მაგრამ ჯერ ისე არ გადაგვარებულა, რომ ზურაბიშვილი პასუხისმგებელ დიპლომატად ჰყოლოდა. საქმე, ალბათ, ის არის, რომ საფრანგეთის ბოლო პრეზიდენტების მრჩეველი რუსეთის საკითხებში მუდმივად იყო ქალბატონი ელენ კარერ დ,ანკოსი, საფრანგეთის აკადემიის უცვლელი მდივანი, ძალიან ჭკვიანი, მცოდნე და დამსახურებული ადამიანი. იგი ზურაბიშვილს ბიძაშვილად ეკუთვნის და, ალბათ, სწორედ მისი პატივისცემით ითმენდნენ ამ ქალბატონს დიპლომატიურ სამსახურში.

საქართველოში რომ ნორმალური პარლამენტი იყოს, მან სპეციალური დადგენილებით უნდა აუკრძალოს ზურაბიშვილს საჯარო განცხადებების კეთება, თორემ ეს ქალი საქართველოს კიდევ ბევრჯერ გახვევს შარში.

_ არც პრეზიდენტის რანგში მყოფი მარგველაშვილი არ ახარებდა თვალს და ყურს დიდი ინტელექტითა და დახვეწილი მანერებით. ასეთი საკადრო პოლიტიკის ტყვეობაში კიდევ დიდხანს ვიქნებით?

_ მარგველაშვილიც ივანიშვილის “აღმოჩენაა”. ხომ გახსოვთ, როგორ მოითხოვდა, არჩევნებზე ხმა მისთვის მიგვეცა? ხალხმა დაუჯერა, ერთ კვირაში კი ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ მარგველაშვილმა იმედები გაუცრუა, რადგან მასთან მეგობრობას პრეზიდენტის სასახლის კომფორტი არჩია. სასახლის გარეგნულმა ბრჭყვიალებამ მარგველაშვილს ქვეყნის ინტერესებიც დაავიწყა და უბრალო ადამიანური მადლიერებაც იმ კაცისადმი, რომელმაც ერთი არაფრის მაქნისი საზოგადოებრივი აქტივისტი ქვეყნის პრეზიდენტად აქცია. რა მიიღო საქართველომ იქიდან, მთელი ხუთი წელი ეს პერსონაჟი ქართველ ხალხს რომ აჯდა კისერზე? რა წვლილი შეიტანა მარგველაშვილმა ქვეყნის გამთლიანებაში, ქართველ ერზე მზრუნველობაში, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებაში, შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევაში, კულტურის, განათლების, მეცნიერების განვითარებაში? კარგი იქნებოდა, ეს ივანიშვილისთვის გვეკითხა.

მახსოვს, მარგველაშვილმა ერთ-ერთი გამოსვლისას განაცხადა, ქართველები ინდივიდუალისტები და, მაშასადამე, ევროპელები არიანო. აღმოჩნდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს წარმოდგენა არ აქვს თავისი ხალხის შინაგანი არსის, ფსიქოლოგიის, ღირებულებითი ბაზისის შესახებ. ქართველები ინდივიდუალისტები რომ ვყოფილიყავით, დიდი ხნის წინათ გავქრებოდით, როგორც ერი, იმ ისტორიის პირობებში, რომელიც განგებამ გვარგუნა. ქართველი ერი ჩამოყალიბდა თემური წყობის პირობებში, ქართველი გადაარჩინა ისეთმა თვისებებმა, როგორიცაა სოლიდარობა, კოლექტივიზმი, ურთიერთთანადგომა, ერთობლივი შრომა და ბრძოლა. ქართველისთვის მართლმადიდებლობა იყო და რჩება უმაღლეს ფასეულობად, ჩვენი ეს რწმენა კი გამორიცხავს ეგოიზმს და ინდივიდუალისტობას. სწორედ ამით განსხვავდება მართლმადიდებლობა პროტესტანტიზმისგან, რომელსაც ასე ეტრფიან ჩვენი დღევანდელი პოლიტიკოსები. საქართველოს პრეზიდენტმა მართლმადიდებელი საქართველო ევროპის პროტესტანტული ნაწილისგან ვერ გაარჩია.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი
(გაგრძელება იქნება)

9 COMMENTS

  1. ქართველი ხალხი ისჯება იმ უმადურობისათვის რაც იმ აღმაშენებლობის 9 წელს გამოუცხადა თავისი სიხარბის გამო

  2. ჩვენ უნდა მოვითხოვდეთ ამ კაცს მისცენ მოქლაქეობა და დააბრუნონ საქართველოში, რომ მიხედოს საქართველოს საგარეო პოლიტიკას და ქვეყნის მდგომარეობის შემობრუნებას სანამ კიდევ გვიან არ არის!

  3. სამწუხარო რეალობაა !!!
    ტვინი გამოგვირეცხეს და არ გვინდა იმის დანახვა, თუ როგორ ვანგრევთ და ვანადგურებთ ქვეყანას ყველა ერთად. ჩვენი “ევროპულობა” კარგად მოფიქრებული სატყუარაა, რომელიც (გამკვირვებია… .) დღესაც შედეგიანად მუშაობს ! “ევროპას” ამოფარებული პარტიები, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან პატრიარქს და ჩვენს რწმენას, მართლმადიდებლობას, დღეს ჩვენივე ეკლესიის მრევლს მოუწოდებენ ქუჩებში გამოსვლისაკენ და მორიგი დესტაბილიზაციისაკენ !… .
    . …საუბედუროდ საქართველომ ბევრი გამოცდა ვერ ჩააბარა, პირიქით !!! “ჩააბარა” ბევრი რამ სხვას და არც უფიქრია საკუთარ მომავალზე !
    . …მძიმე გამოცდა რომ გველის უეჭველია, მაგრამ ვართ-კი ჩამბარებლები ?!
    თუ ისევ “ევრო-ქართველებს” დავეყრდნობით – კიდევ ერთი მარცხი გარდაუვალია !.. .

  4. რათქმაუნდა, ამერიკას არ აწყობს საქართველოში რეალური ოპოზიციის არსებობა, მას ჰყავს ორი მარიონეტი, ორი ცუმბუშა” ნაცმოს და ქოცნების სახით, რომლებსაც როგორც უნდა ისე და როცა უნდა ისე დაატრიალებს თავის სასარგებლოდ! არანაირი პროქართული, და არა პრორუსული, როგორც ზოგიერთები უწოდებენ ძალა აშშ-ს არ სჭირდება, ამდენად ის ყველაფერს აკეთებს რომ პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ ნაცმო და ქოცნება დარჩეს. ძალიან რთულია ამ მოცემულობის შეცვლა, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი რეალურად უუნაროა ამ საკითხთან მიმართებაში, და მთელი კარტბლანში აქვს ამერიკელებს, რომლებმაც წლების მანძილზე უამრავი თანხა დაახარჯეს საკუთარი მარიონეტი პარტიების სატივტივოდ!

  5. ყველაფერი რაც წერია სრული სიმართლეა, სანამ აშშ-ის უპირო, უსიტყვო მონები ვიქნებით ჩვენ არაფერი გვეშველება!

  6. ნანა ბერიძე: ,,მე ხშირად მომმართავდნენ ხოლმე საზოგადოების წარმომადგენლები და მთხოვდნენ თანადგომას ისეთი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაში, რომელიც წინ აღუდგებოდა ქვეყნის ძარცვა-ნგრევასა და საბოლოოდ დაშლას. ასეთმა მომართვებმა ძალიან მოიმატა ამ ზაფხულს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. თანამოაზრეებთან საუბრების შემდეგ მე ვუთხარი მათ, რომ არჩევნებში პირადად არ მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ყველა შესაძლებლობით დავეხმარებოდი იმ კანდიდატებს, რომლებიც იქნებოდნენ ეროვნულად ორიენტირებული, ინტელექტუალურად განვითარებული და ქართულად აღზრდილი ადამიანები,,–ამბობთ თქვენ. ვინ არიან ადამიანები ვის დახმარებასაც მოისურვებდით

  7. სამარცხვინოა! ნამდვილად სამარცხვინოა, რომ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას არა აქვს საკუთარი სამშობლოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა! უფრო მეტიც, მას ამის იოტისოდენა შესაძლებლობაც რომ არ მიეცეს, ამისთვის მოქალაქეობაც წაართვეს! არადა, რასაც ეს ადამიანი უამრავი წლებია ქადაგგებს – სრული სიმართლეა! შევარდნაძის დროიდან დღემდე ამ ქვეყნის ხელისუფალთ ამ ადამიანისთვის ყური რომ ეგდოთ და დაეჯერებინათ – ჩვენი სამშობლო ასეთ სავალალო მდგომარეობაში ნამდვილად არ აღმოჩნდებოდა! უგუნურობაა ერს ალექსანდრე ჭაჭიას დონის ეროვნული და საზოგადო მოღვაწე ჰყავდეს და მას ქვეყნის სასიკეთოდ არ იყენებდეს! აუცილებელია საზოგადოებამ გაიცნობიეროს ეს ყველაფერი და ადეკვატურადაც გაისარჯოს, ანუ ამ ღირსეული მამულიშვილისთვის მოქალაქეობის დაუყონებლივ აღდგენა მოითხოვოს! აუცილებელია ბატონი ალექსანდრეს ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება ჩვენი სამშობლოსთვის!

  8. იმდენად დაბნეული ვარ, უკვე არც ვიცი რა ეშველება ამ ქვეყანას! ისეთი განცდა მეუფლება, რომ საქართველოს ამბავი დასრულებულია. ვინც არ უნდა იყოს, რა მსოფლხმედველობრივი ორიენტაციის არ უნდა იყოს, თუ დემოკრატია და პლურალიზმი გვინდა, როგორ შეიძლება მოქალაქეობის ჩამორთმევა. საქართველოში დაბრუნდა იდეოლოგიური ტოტალიტარიზმი, ოღონდ ლიბერალური მოდიფიკაციით. მოკლედ, ჩვენ არაფერი გვეშველება!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ჯანო მეგრელი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here