მთავარი პოლიტიკა ალექსანდრე ჭაჭია: უახლოეს მომავალში საქართველოს მძიმე გამოცდა ელის. მის დასაძლევად მთელი პოლიტიკური...

ალექსანდრე ჭაჭია: უახლოეს მომავალში საქართველოს მძიმე გამოცდა ელის. მის დასაძლევად მთელი პოლიტიკური კლასის პატრიოტიზმი და დიდი პროფესიონალიზმია საჭირო. ჩვენ კი ამ რთულ დროებას უუნარო და არაკომპეტენტური პოლიტიკური ელიტით ვხვდებით

4560
გააზიარეთ

გთავაზობთ ცნობილი პოლიტოლოგის _ ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუს მეორე ნაწილს. 

_ “ევროპულობა” საქართველოს პოლიტიკური წრეების ავადმყოფობად იქცა. პოლიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ ქართველები ევროპელები ვართ და ამიტომ უნდა გადმოვიღოთ ევროპული ცხოვრების წესი, ევროპული ფასეულობები და თავი უნდა დავაღწიოთ “აზიატობას”, რომელსაც ჩვენი ეროვნული ტრადიციებისა და ჩვეულებების ერთგულებას ეძახიან. როგორ ფიქრობთ, ეს გამართლებულია და, საერთოდ, ვართ ჩვენ ევროპელები?

_ ევროპული კულტურის საფუძველი ქრისტიანული ფასეულობებია და, რადგანაც საქართველოს ეროვნული კულტურაც, ძირითადად, ქრისტიანობის გავლენით ჩამოყალიბდა, მათთან საერთოც ბევრი გვაქვს. ამასთანავე, არც იმის დავიწყება არ შეიძლება, რომ ჩვენს კულტურაზე ისლამიც დიდ გავლენას ახდენდა. აქ კიდევ ერთი გარემოებაა საგულისხმო: ევროპულ ქრისტიანულ კულტურას ორი განსხვავებული წყარო აქვს. პირველია კათოლიკური რომი, კათოლიკური ქრისტიანობა, რომელსაც შემდეგ გამოეყო პროტესტანტიზმი და რომელმაც ევროპის უმეტესი ნაწილი მოიცვა; მეორეა ბიზანტია, მართლმადიდებლური ქრისტიანობა. წინააღმდეგობებს, ერთი მხრივ, კათოლიკობა-პროტესტანტიზმსა და, მეორე მხრივ, მართლმადიდებლობას შორის ათასწლოვანი ისტორია აქვს და მათი დაძლევა ვერ ხერხდება. მიზეზი რიტუალების განსხვავებებში კი არა, კარდინალურ მსოფლმხედველობრივ სხვაობაშია. ეს ეხება ადამიანის ცხოვრების მორალურ, სულიერ, ზნეობრივ მხარეებს. მართლმადიდებლობა ვერ ურიგდება იმას, რაც კათოლიკებისა თუ პროტესტანტებისთვის ნორმა ხდება. დასავლური ქრისტიანობის მტრული დამოკიდებულება აღმოსავლურისადმი სწორედ ამით აიხსნება. გაიხსენეთ, ვატიკანმა ჯვაროსნული ლაშქრობები წამოიწყო იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის საფლავის ურჯულოთაგან გამოხსნის მოტივით, მაგრამ უპირველესად თავს დაესხა კონსტანტინოპოლს, დაამხო, გაძარცვა და გადაწვა ეს დიდებული ქალაქი. ეს ყველაფერი მოხდა ოსმალთა ლაშქრობამდე 250 წლით ადრე. რატომ სძულთ ასე ძალიან ჩვენს მედასავლეთეებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია? იმიტომ, რომ ჩვენი ეკლესიის ღირებულებები შეუთავსებელია ცხოვრების დასავლურ წესთან, რომლის ჩვენთან დანერგვას ასე მონდომებით ცდილობენ. უფრო მეტიც, ჩვენი რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია საერთოდ კაპიტალისტური წყობის ნორმებთან და წესებთან. კაპიტალიზმი, როგორც საზოგადოებრივი ფორმაცია, ჩაისახა პროტესტანტი ხალხების ქვეყნებში _ ჰოლანდიასა და ინგლისში და მერე მოიკიდა ფეხი დასავლეთ ევროპაში იქ პროტესტანტიზმის გავრცელების კვალდაკვალ. ინდივიდუალიზმს, გამდიდრებას, მოგებას, გამორჩენას სწორედ პროტესტანტები აყენებენ ფასეულობათა იერარქიის სათავეში. ამიტომაც გახდნენ პროტესტანტული საზოგადოებები ყველაზე წარმატებული კაპიტალისტურ სისტემაში. ეს კარგად აქვს აღწერილი თავის შრომებში მაქს ვებერს.

თავდაპირველად პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის შეურიგებელი წინააღმდეგობები იყო და ამის გამო მათ შორის მრავალჯერ გაჩაღებულმა სისხლისმღვრელმა ომებმა მილიონობით ევროპელი შეიწირა. ამის მიუხედავად, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში კათოლიციზმმა თანდათან დათმო პოზიციები, მას გადაედო პროტესტანტული ნორმები და პროტესტანტთა ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცა. ამის აშკარა მაგალითია დამოკიდებულება თუნდაც ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების მიმართ. მულტიკულტურიზმის პოლიტიკამ, გენდერული თანასწორობის, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვამ, ეროვნული განსხვავებულობის წაშლამ დასავლეთი ევროპა მიიყვანა ტრადიციულ ფასეულობებზე უარის თქმამდე, ქრისტიანობის გადაგვარებამდე, ეკლესიის დაკნინებამდე და დიადი ევროპული ქრისტიანული კულტურა კვდომის პირასაა. ქრისტიანობის ერთადერთ ბასტიონად აღმოსავლური ქრისტიანობა _ მართლმადიდებლობა დარჩა, ორთოდოქსული ქრისტიანობა, როგორც მას დასავლეთში უწოდებენ. სწორედ ამის გამოა, რომ დასავლეთი მართლმადიდებლობის დაშლასა და გახრწნას ესწრაფვის. შეგახსენებთ ზბიგნევ ბჟეზინსკის სიტყვებს: “კომუნიზმის მოსპობის შემდეგ ჩვენ ერთი მტერი დაგვრჩა _ მართლმადიდებლობა”.

მართლმადიდებელი ხალხი ძნელად ემორჩილება გარე დიქტატს, უცხო ფასეულობებისა და ქცევის წესების, გამხრწნელი უზნეობის თავს მოხვევას. მართლმადიდებლებს ტრადიციებისადმი ერთგულება, სოლიდარობა, კოლექტივიზმი, ურთიერთთანადგომა ახასიათებთ, მათთვის სულიერება მატერიალურ კეთილდღეობაზე მეტია. საქართველოს ეკლესიაში ამ დღეებში განვითარებული მოვლენები სწორედ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის გამოვლინებაა. ამ ბრძოლის მთავარი მეთოდია ეკლესიაში განხეთქილების შეტანა, ადგილობრივი ეკლესიების დახლეჩა-დანაწევრება, მათი ამ გზით დასუსტება და შემდგომი განადგურება. საამისოდ ავისმოსურნენი იარაღად იყენებენ მომხვეჭელობითა და განდიდების მანიით შეპყრობილ ცალკეულ საეკლესიო იერარქებსა და მოსყიდულ კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ბართოლომეოსს, რომელიც ყველა ჯურის სქიზმატების მხარდამჭერი, თანამდგომი და წამქეზებელია. გაიხსენეთ უკრაინის ეკლესიის ტრაგედია. მგონია, რომ სულ მალე ქართველი განხეთქილების მოსურნენიც მასთან გაიქცევიან დახმარების საძებნელად. აფხაზი “რასკოლნიკების” ჯგუფი მან უკვე მიიღო და მხარი დაუჭირა.

_ ადრე თქვენ ოპტიმიზმით უყურებდით საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას, მაგრამ ბოლო პერიოდში გეტყობათ, რომ საკითხისადმი დამოკიდებულება შეიცვალეთ. რატომ? აღარ გჯერათ ასეთი პერსპექტივის?

_ არა, აღარ მჯერა, იმედი დავკარგე. აფხაზებსა და ოსებთან ჩვენი ურთიერთობის მოსაგვარებლად ეროვნული ხელისუფლება უნდა გვყავდეს, ის თავისუფალი უნდა იყოს გარე დიქტატისაგან და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოს. ჩვენ არ გვყოლია და არც გვყავს ასეთი ხელისუფლება. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი აფხაზებსა და ოსებთან დიალოგზე ლაპარაკობს, მათ “ძმებს”, “თანამემამულეებს” უწოდებენ, მაგრამ ამ დიალოგის დაწყების ერთი რეალური მცდელობა მაინც დამისახელეთ. არ ყოფილა ასეთი მცდელობა! რატომ? იმიტომ, რომ აფხაზებსა და ოსებთან გაერთიანების ნებისმიერი ფორმა გამორიცხავს ნატოში მიღებას, ჩვენს ტერიტორიაზე ამერიკული ან თურქული ჯარის განლაგებას. საქართველოს უცხოელი პატრონები ამას არ დაუშვებენ, მათ მიაჩნიათ, რომ ოდესმე საქართველო შეიძლება დასჭირდეთ სამხედრო მიზნებისათვის და მაშინ ავტონომიები მათ ხელს შეუშლიან. ამიტომაა, რომ არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს  და არც ივანიშვილს არ უცდიათ “ძმებთან” პირდაპირი დიალოგის დაწყება, ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ საამისოდ. “ძმურ სიყვარულზე” მათი ყალბი ლაპარაკი აფხაზეთში მხოლოდ დაცინვის საგანია. “მოძმე ივანიშვილზე” ანეკდოტებიც გაჩნდა. ადრე ასეთი ანეკდოტები სააკაშვილზე დადიოდა. მე იმედი მქონდა, რომ ივანიშვილი, როგორც ახალი, სისხლში გაუსვრელი ადამიანი პოლიტიკაში, ახალ ხალხს მოიყვანდა და პირველ რიგში ქვეყნის გაერთიანებას მოჰკიდებდა ხელს, მაგრამ ის შევარდნაძე-სააკაშვილის პოლიტიკის ერთგული გამგრძელებელი აღმოჩნდა. იმ წლების განმავლობაში, როცა ეს სამი პერსონაჟი მართავდა ქვეყანას, პოლიტიკური ველი მუდმივად იწმინდებოდა იმ ხალხისგან, რომელთაც ჰქონდათ რეალური შესაძლებლობები ქვეყნის გასამთლიანებლად. ჩვენ ამ საქმეს არ გვაკარებდნენ კი არა და, რჩევასაც არ გვეკითხებოდნენ. ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობის წართმევა ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. ამ დროის განმავლობაში აფხაზურ და ოსურ პრობლემატიკაზე მუშაობდნენ და ვითომ ახლაც მუშაობს საამისოდ სრულიად შეუსაბამო ხალხი. მახსოვს, როგორ მითხრა ერთხელ აფხაზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა: “მირეკავს ვიღაც და ენის ბორძიკით მთხოვს, მივიღო და რეინტეგრაციის საკითხზე ვიმსჯელოთ. კი მარა, ვინ არის ის, მასთან რა მსჯელობა უნდა მქონდეს? მე თბილისში იმდენი წელი ვიმუშავე, მოლაპარაკებები თუ უნდათ, რა, ისეთი ადამიანი ვერ იპოვეს, მე რომ ვიცნობ და პატივს ვცემთ ერთმანეთს?”

ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობის მოგვარება მხოლოდ ჩემს თაობას შეუძლია, ჩვენ კი ვბერდებით, მივდივართ ამ ქვეყნიდან. ჩვენთან ერთად წავა ჩვენი ხალხების გაერთიანების შესაძლებლობაც.

_ პრეზიდენტი ტრამპი ამას წინათ სენსაციური განცხადებით გამოვიდა. მან პირდაპირ თქვა, რომ მომავალი არ არის გლობალისტების, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს. თქვენ ამაზე 20 წლის წინათ წერდით და ლაპარაკობდით. ნიშნავს თუ არა ტრამპის ეს განცხადება, რომ ამერიკელები შეკვეცენ თავიანთ ყოფნას მსოფლიოში? მოგვცემს თუ არა ეს კოლონიური დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას?

_ კი, ტრამპმა შესანიშნავი რამ თქვა. მან გამოაცხადა ტრადიციებისა და ჩვეულებების დაცვის, ეროვნული საფუძვლების, სუვერენიტეტის გაძლიერების აუცილებლობა. მეტიც, მან ისიც თქვა, რომ თითოეული ქვეყანა განსაკუთრებული და უნიკალურია, რომ მასობრივი ემიგრაცია თანამედროვე მსოფლიოს უბედურებაა, რომ “ღია კარის” პოლიტიკა დანაშაულებრივია. ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს მსგავსი არაფერი არ უთქვამს ბოლო 50 წლის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის ელიტის მნიშვნელოვანმა ნაწილმა გააცნობიერა გლობალიზაციის დამღუპველობა თვითონ აშშ-სთვისაც. გლობალისტებმა ამერიკა ჩიხში შეიყვანეს. ქვეყანამ სამრეწველო პოტენციალის კოლოსალური ნაწილი დაკარგა, გახდა იმპორტზე დამოკიდებული, საგარეო ვალმა 23 ტრილიონ(!) დოლარს მიაღწია და ისევ იზრდება, კატასტროფულად შემცირდა თეთრკანიანი მოსახლეობა, ძლიერ დეგრადირებულია მორალი, ეთიკური ნორმები, ტრადიციული ფასეულობები. გასულ გაზაფხულს ჩიკაგოში _ სიდიდითა და მნიშვნელობით ამერიკის მესამე ქალაქში _ მერის არჩევნებში მონაწილე 13 კანდიდატიდან მეორე ტურში გავიდა ორი შავკანიანი ქალი და მათგან მერი გახდა ღია ლესბოსელი. ტრადიციულ ამერიკას, რომელმაც ტრამპი აირჩია, აშინებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამგვარი ტრანსფორმაცია. “მსოფლიო ჟანდარმის” როლი მომგებიანი კია, მაგრამ უსასრულო არ არის და თანაც ძალიან ხარჯიანია. ტრამპმა ტყუილად კი არ თქვა თავის საინაუგურაციო სიტყვაში, რომ ამერიკა ეზიზღებათ მთელს მსოფლიოში. გარდა ამისა, ეპოტინება რა სრულიად დედამიწას, მათგან ძალიან დაშორებულ რეგიონებს, შტატებს ხელიდან ეცლება ლათინური ამერიკა, ქვეყნის სამხრეთი საზღვრები ფეთქებადსაშიში გახდა. ათეულობით მილიონი ლათინოამერიკელი ზიზღით უყურებს ჩრდილოელ მეზობელს, კიდევ ათეულობით მილიონი მათი თანამემამულე კი უკვე შტატებში ცხოვრობს და სიძულვილით არიან აღსავსენი მათი თეთრკანიანი ბატონების მიმართ. ეს სიტუაცია დენთის კასრს წააგავს და მისი აფეთქების შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ ტრამპი და მის უკან მდგომი ძალები ხურავენ გლობალიზაციის პროექტს, თუმცა ამერიკის ისტებლიშმენტის დიდი და გავლენიანი ნაწილი და საერთაშორისო ფინანსური კაპიტალი ამას გააფთრებით ეწინააღმდეგება. თუ ტრამპი კვლავ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ წელს, ვფიქრობ, შტატები წავლენ პრობლემური რეგიონებიდან, რომლებიც არაა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის სამხრეთ კავკასიიდან და საქართველოდანაც.

_ თუ ამერიკელები წავლენ, დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობა მოგვეცემა, გარედან კარნახის გარეშე…

_ ვართ კი ჩვენ მზად დამოუკიდებლად განვითარებისთვის? საქართველოს აქვს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია? საკუთარი ეკონომიკური მოდელი? ვინმემ გამოკვეთა ქვეყნის წინაშე მდგარი მიზნები და ამოცანები? საქართველოს ყველა ხელისუფლება, ერთმანეთს რიგითობით რომ ცვლიდა, აცხადებდა მხოლოდ ორ ცრუ და მიუღწეველ მიზანს: ნატოსა და ევროკავშირში შესვლას. საქართველოს სხვა მიზნები არ აქვს. თუ არ არსებობს მიზნები, მაშასადამე, არ არსებობს განვითარების კონკრეტული პროგრამები. დამოუკიდებლად არსებობის 30 წლის თავზე მოცემულობა ისეთია, რომ არ გვაქვს საკუთარი წარმოება, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, განათლების ეროვნული სისტემა; არ გვყავს ინჟინერთა კორპუსი, მაღალკვალიფიციური მუშათა ფენა, მაღალტექნოლოგიური წარმოება. ჩვენ უკვე დავკარგეთ აქტიური მოსახლეობის ორი მილიონი, ემიგრაციის ტემპები კი მატულობს, სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას, ერი კვდება. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკელების წასვლის შემდეგ საქართველო პირისპირ დარჩება რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან, რომლებიც დღეს, ფაქტობრივად, მოკავშირეები არიან. ფიქრობს ამაზე ვინმე? ვართ მზად მოვლენების ასეთი განვითარებისთვის? აქვს საქართველოს პოლიტიკურ კლასს ასეთ პირობებში ქვეყნისა და ხალხის შენარჩუნების უნარი? მაგათ ხომ “საერთაშორისო თანამეგობრობისთვის” უსაგნო ღაღადის მეტი არაფერი არ შეუძლიათ?! უახლოეს მომავალში საქართველოს მძიმე გამოცდა ელის. მის დასაძლევად მთელი პოლიტიკური კლასის პატრიოტიზმი და დიდი პროფესიონალიზმია საჭირო. ჩვენ კი ამ რთულ დროებას უუნარო და არაკომპეტენტური პოლიტიკური ელიტით ვხვდებით. ეს დიდ დანაკარგებს მოგვიტანს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

(გაგრძელება იქნება)

გააზიარეთ

31 COMMENTS

  1. “…..პოლიტიკური კლასის პატრიოტიზმი და დიდი პროფესიონალიზმია საჭირო……” ბატონო ალექსანდრე. ბოდიშ კი ვიხდი, სად ნახეთ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, ან პატრიოტი ან პროფესიონალი?
    ორივე ერთად რომ ერთ ადამიანსი შეგვხვდეს, ხომ საერთოდ არარსებული მცნებაა.

  2. მადლობა სტატიისთვის, თუმცა ძალიან უიმედო და პესიმისტურია. მესმის ურთულეს მდგომარეობაშია საქართველო, მაგრამ რა რთულ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ იმედი არსებობს და ეს იმედი იმიტომ არ ჩანს ,რომ ე.წ პოლიტიკოსები ხან ასე ხატავენ მათ მიერ არეულ სიტუაციას და ხან ისე. სიმართლე კი სხვაა, სამწუხაროდ სიმართლის გარკვევასაც უნდა ჭკუა და უნარი.სიმართლე კი ისაა რომ საქართველოს არ ყავს მთავრობა და არ ვეთანხმები ამ პატივცემულ რესპოდენტს რომ თქვა: საქართველოს არ ყოლიაო პატრიოტი ხელისუფლება. აბა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ვინ იყვნენ? რატომ არა და არ იქნა მათი მკვლელობა გამოძიებული ამ ხნის მანძილზე? იქნებ იმიტომ რომ ამ მკვლელობების გახსნით ბევრ რამეს მოეფინება ნათელი?მხოლოდ უჭკუო და სულელი დაიჯერებს, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა და კოსტავა ავტოსაგზაო შემთხვევით გარდაიცვალა. არ სურთ სიმართლის გამომჟღავნება და ათასგვარი ხერხით ცდილობენ ამ მკვლელობების არ გამოძიებას. მათ შემდეგ მოსული ,,ხელისუფლება” კი მართლა კრიმინალური ჯოგია, ვინ ოპოზიციად და ვინ პოზიციად გადანაწილებული, ერთმანეთს აძლიერებენ რადგან უნამუსოებს ,,მთავრობას” ისევ უნამუსო ,,ოპოზიცია” უპირისპირდება, ორივეს უდიდესი წვლილი მიუძღვის უცხო სამსახურების ნასეტკობასა და საქართველოს გაპარტახება დაკნინებაში.ამ არარაობების ხელში როგორ უნდა დაინახო ქვეყნის მომავალი? მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, რომ ამ პერსონების მისამართით აღარ იხმაროთ ტერმინი ხელისუფლება, ოპოზიცია, პოლიტიკოსი. ესენი არ არიან საქართველოში პოლიტიკური ამინდის შემქმნელები, რადგან საერთოდ არ იციან რა არი სახელმწიფო, ფასეულობები, ერი, ტრადიციები, ადამიანის უფლებები, კანონის დაცვა, სახელმწიფოს განვითარება და ა.შ . ესენი არიან უზარმაზარი საფრთხე ქვეყნის. ყველა უკლებლივ ყველა ე.წ პარტია თუ ე.წ პოლიტიკოსი არი გადასამოწმებელი თავიდან ბოლომხე, ასევე ფსიქიურად არიან გამოსაკვლევები, ამათ მარტო განეიტრალება უშველით რადგან ისე არიან დაუსჯელობის სინდრომით თავს გასული რო უკვე აღარც მალავენ აღარფერს. როგორ დაიბეჩავეს ადამიანები წარმოიდგინეთ ყველანაირ უბედურებას გადაგვკიდეს და აგერ მევახშეები და ნარკობარიგები მაღალი ეშელონებისაკენ მიიწევენ და ეს უტვინო ჩლიქოსნები ე.წ ხალხი, უყურებს შუშის თვალებით და მოსწონს, უკაცრავად მაგრამ დებილები ხართ ხალლლხოოო???

  3. იმის მაგივრად რომ ეს უჭკვიანესი მეცნიერი და ბრწყინვალე ანალიტიკოსი მთავრობის უპირველეს მრჩევლად აიყვანონ ქვეყნის მოქალაქეობას ართმევენ??? ეს ხომ სიგიჟე და თავის მოჭრაა!!!

  4. ,….შესანიშნავადააა, ჩამოყალიბებული ყველაფერი, მაგრამ რით უნდა ვუშველოთ, ეს აღარ არის გააანალიზებული,…..
    ,….ძალიან მოეწონა, თქვენი სკეფსი, ბატონო ალექსანდრე,….

  5. წლებია ვკითხულობ მის მოსაზრებას, ესეთი სიმართლე ნაკლებად მსმენია. ქართულ პოლიტიკას სჭირდება თქვენაირი საღად მოაზროვნე ადამიანი.

  6. რასაც ეს კაცი ამბობს, არის სრული სიმართლე. მაგრამ, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო, მასეა ჩვენი საქმე.

  7. ჭაჭია საშიშია, სიმართლის მთქმელია და მაგიტომაა საშიში..სამაგიეროდ ბოკერია უზით პარლამენტში და სხვა მისნაირი მოღალატეები..

  8. აქ ჭკვიანი ხალხი არ უყვართ,დებილების პარადია. უნიჭიერესი პოლიტიკოსია ბატონი ალექსანდრე

  9. ნაცქოცთა ბანდა უნდა მოშორდეს და რაც უფრო მალე იქნება მით უკეთესი! წაიკითხეთ ყველამ მარტივად და გასაგებად არის ყველაფერი გადმოცემული!

  10. გასაგებია რასაც ამბობთ, თუმცა მე ჭაჭიას პუტინის წარმომადგენლად არ მივიჩნევ, ეს თქვენი ნებაა მიაკერეთ იარლიყები თუ გნებავთ. მთავარი ისაა რომ თქვენ რასაც ამბობთ ესაა არაპოლიტიკოსის მიდგომა, ადამიანური მიდგომა, რაც პოლიტიკაში ნონსენსს წარმოადგენს. რუსეთიც არაა ერთგვაროვანი, და გასაგებია რომ ასე სჯობდა. თუმცა ჩვენ პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება საკუთარ შეცდომებს რაც 1989 წლის შემდეგ უამრავია დაშვებული. უამრავი, იმისათვის რომ რუსეთისგან ის რეაქცია გამოგვეწვია რაც გამოვიწვიეთ კიდეც. სხვისი დადანაშაულება ყოველთვის ადვილია, შეაგინე და მორჩა, თითქოს და მართალი გამოდიხარ….აგრამ ასე მარტივად არაა საქმე….ფაქტი ერთია, რსუეთი კარგია თუ ცუდი, ჩვენ მისი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, ესაა აქსიომა. ვინც ეს არ ან ვერ გაითვალისწინა, შედეგებიც შესაბამისი მოიმკო. არ უნდა გვავიწყდებოდეს რომ კაავკასიის რეგიონი რუსეთს ესაზღვრება და არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, შესაბამისად დასკვნებიც უნდა გამოვიტანოთ. თუმცა ეს ჩემი აზრია, სააკაშვილ-ივანიშვილი კი სხვანაირად ფიქრობენ და მათი მოღვაწეობის შედეგებს უახლოეს დროს დავინახავთ. სააკაშვილმა თავისი წვლილი უკვე შეიტანა 2008 წელს, ახლა ეტყობა ამათი ჯერია. თუ გნებავთ უკრაინის მაგალითიც გაანალიზეთ- მაიდანი ვინც მოაწყო, ვინ გააგულიანა უკრაინლების ნაწილი დაეწყო ეს ავანტიურა და დიდ სისხლამდე მიეყვანა საქმე, ბოლოს განზე გადგება და რუსეთთან ერთად გაინაწილებს უკრაინას. ასეა როდესაც საკუთარი ქვეყანა არ განაღვლებს და დიდი ქვეყნების უპირო სიტყვას აყვები, ასე მოგივა.

  11. სტატია წაიკითხეთ კარგად, ზაზა ბატონო, ჭაჭია თავისებურად ხსნის ამ ყველაფერს და გასაგები გახდება. ეს მისი აზრია და შესაძლოა მე ჩემი აზრი მქონდეს, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, უკვე ნაკლებად მაინტერესებს,თუნდაც იმიტომ რომ ყველანაირ აზრს მოკლებულია ეს დაინტერესება- ჩვენი ხელისუფლება მაინც იმას გააკეთებს რასაც დასავლეთი ურჩევს …ამდენად წყლის ნაყვაა- ეს ტერიტორიები აშშ-ის “პადაჩით” ამათ გაწირეს დასაკარგად, ეს ნათელია.

  12. როგორც ჭაჭია წერდა: ყოველთვის კაპიტალისტურ ქვეყანაში პოლიტიკა ბიზნესის იყო, რადგან კაპიტალისტური წყობის საფუძველი არის ბიზნესი და პოლიტიკასაც ის მართავს. ცრუპენტელა გორბაჩოვს, ეს აუხსნა რეიგანმა, რის გამოც 3 თვეში მეხსიერების პრობლემები შეექმნა.

  13. DIDEBA UFLAS! CHKVIANI, AZRIANI, SIMARTLIS MTQMELI, SAMSHOBLOS MOKVARULI CHESHMARITI QARTVELIA. CXVIS MONOBASHI DA SXVISI KARNAXIT AR SURS CXOVREBA. ETKOBA, ARC SIMDIDRITAA GANEBIVREBULI… ASETEBI KI, CHVENI QVEKNIS “DID DZMEBS”, “GAMDIDREBUL” DA SXVISI XELIS SHEMKURE QARTVELEBS, DIDAD AR EPITNAVEBAT…

  14. ღმერთმა გისმინოთ, მაგრამ სულ პირიქით მგონია მე.საქართველოში 24 წელიწადია ყველა არჩევნები ა შ შ-ს სცენარით მიმდინარეობს და მათ გეგმებში “ნაცების” დასამარება ნამდვილად არ შედის. “ქოცებიც” იმათი პროექტია, სამწუხაროდ!

  15. ამას რასაც თქვენ წერთ ქართველმა ხალხმა უკვე იცის თქვენნაირმა განათლებულმა ადამინებმა უნდა გამონახოთ გზა ხსნის და ჩვენც დაგვანახოთ

  16. რეალური მაგრამ სამწუხარო ანალიზია. უნდა გაერთიანდეთ ეროვნული ძალები ! ან ახლა ან, არასდროს. დრო აღარ ითმენს!

  17. დაქსაქსულ ეროვნულ ძალებს ეს ლიბერალ ქოც-ნაცური გაერთიანება მოუგებს.დროა გადადოთ პიროვნული და იფიქროთ ქვეყანაზე

  18. сада гвкавс аптриотеби да еровнули партиеби квела пулис кетебита да пирвелобис цкурвилитаа шепкробили винц мартла патриоти ико зоги гаакциес зогиц дахоцес беври беврс тликинебс маграм сакмис гамкетебелс вер хедавс ери сатанас микидес сулиц да квеканац гава дро да историа итквис симартлес ту шемоврчит сакартвелоши картвелеби киде

  19. ამაზრზენია და სამარცხვინო, რომ ალექსანდრე ჭაჭიას რანგის ეროვნული და საზოგადო მოღვაწეს მოქალაქეობის ჩამორთმევით ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცეს! მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა ეს კორდონებს გარედან საკუთარი პატრონების მითითებით ჩაიდინეს! ეროვნულ-პატრიოტულად ორიენტირებულმა საზოგადოებამ კარგად უნდა გაიცნობიეროს, რომ შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია კატეგორიულად მოითხოვოს ბატონი ალექსანდრესთვის მოქალაქეობის აღდგენა! რაც უფრო მალე მოხდება ეს და რაც უფრო მალე მივიღებთ სასურველ შედეგს – მით უკეთესი იქნება ჩვენი სამშობლოსათვის! დიახ, ჩვენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის დილემა აშკარაა და ნამდვილად არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს იმის უფლება, რომ ალექსანდრე ჭაჭიას ფაქტორი სათანადოდ არ იქნას გამოყენებული მის გადასარჩენად!
    1ზურაბ კვარაცხელია
    მომწონს

  20. ჩემთვის ძალიან რთულია დამარწმუნოს ვინმემ იმაში, რომ ადამიანი რომელიც პირადად პუტინმა საპატიო როდენით დააჯილდოვა მის მიმართ გულგრილი იყოს 🙂 და მეორეც, რატომ უნდა გავითვალისწინო რუსეთის ინტერესები? ან ვინმე სხვისი? ეს ხომ ჩემს დამოუკიდებლობასა და თავისუფლების ინტერესების შელახვაა? ანუ თქვენ ამით ამბობთ რომ ჩვენ დამოუკიდებლობაზე უარი უნდა ვთქვათ? მომიტევეთ და ამაში ვერ დაგეთანხმებით! მე ვფიქრობ რომ საქართველოს ააქვს დამოუკიდებლობის უფლება და ამით ყველა იმ ქართველი მებრზოლს შეურაცვყოფთ ვინც მისი ერთიანობისათვის თავი გასწირა, დაწყებული 1921 წლის თებერვლიდან როდესაც ყველა იუნკერი უთანასწორო ბრძოლაში დაეცა რათა თავისი ქვეყანა დაეცვა დამთავრებული დღემდე! ასე არ შეიზლება, კი მე გეთანხმებით იმაში რომ 80 იანი წლების ბოლოს საკმაოზე მეტი აგრესია იყო რუსეთის მიმართ, ეს ვფიქრობ მთელი იმ ბოღმის ამონთხევა იყო რომელიც ერმა მთელი 70 წელი ითმინა, მაგრამ ამის ფასათ ტერიტორიის წართმევას თქვენ ამართლებთ?ანუ მე თუ რუსის ჯარი გავაგდე ესეიგი იმან რომ მე აფხაზეთი წამართვა ეს ნორმალური და სწორია? ვფიქრობ სწორედ ეს იყო საქართველოს წაქეზება ახალი მეგობრების ძიებაში დასავლეთშიც და ოკეანის გაღმაც! მე არ მესმის რატომ უნდა გავიარო იმ ქვეყნის ჭკუაზე, რომელიც თუნდაც 40 წელია ერთი და იგივე ავტომობილს უშვებს და დღემდე ლენინის ძეგლთან გვირგვინი მიაქვს! ეს მარაზმია!

  21. ბატონო კოტე, რომ მიამატოს ის გამოვა, რომ არალოგიკური იქნება და წინააღმდეგობაში მოვა დღევანდელი სიტუაცია ამ სტატიის თავად სათაურთანაც კი!

  22. რუსეთი საქართველოს მტერი არასდროს ყოფილა, რომ არა რუსეთი დღეს სულ სხვა რეალობის წინაშე ვიდგებოდით, რადიკალურად სხვა რეალობა იქნებოდა და რაც უმთავრესია მამული, ენა, სარწმუნოება- სამივე ეს კომპონენტი დაკარგული, კი არა და , წართმეული გვექნებოდა. თქვენ დაბრმავებული ხართ ზაზა რუსოფობიის ბურუსით, ამის იქეთ ვერაფერს ხედავთ, ბატონო ჩემო და ამიტომაც ამბობთ იმას რასაც ამბობთ.

  23. სიმართლე გითხრათ, სტატია გულდასმით წავიკითხე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ უკვე დროა 2020 წლის არჩევნებისთვის ახალი, არსებულ პოლიტიკურ ელიტურ ჯგუფების მიმართ შეურიგებელი, პატრიოტული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების აუცილებლობას. მთავარია, ეს მოჯადოვებული და დახურული წრე გაირღვეს, რასაც დღევანდელი ხელისუფლება და არსებული ოპოზიცია გვთავაზობს. მომავალი არჩევნებისთვის, პირველ რიგში ფრიად მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი ფრაქციის შექმნა და პარლამენტს შიგნით გლობალისტურ რელსებზე მყოფი პოლიტიკური ძალების მიმართ ინტელექტუალური ოპონირების გაწევა, რაც დაწრმუნებული ვარ ერთგვარი პლაცდარმის როლს შეასრულებს 2024 წლისთვის ხელისუფლებაში პატრიოტული ძალების მოსასვლელად.

  24. იმის მერე როდესაც ბიძინამ ე.წ. ნაწყლ ოპოზიციას დედიმისის განავალი აჭამა საჭიროა ახალი იდეა და ახალი ხალხი ამიტომ ალექსანდრესთანა კაცი მისწრება და ხსნაა ამ ქვეყნისთვის!!! ახალი (გამოცდილი სწორი მიმართულება) იდეაცაა და ახლის ხალხიც მოვა .

  25. პირველი მივესალმები ჩემი კუთხის ადამიანს! ბატონო საშა, მთელი ჩვენი კუთხის ხალხი აღფრთოვანებულია იმით რომ ამდენი ხნის დაკარგვის შემდეგ გამოანათეთ ჩვენს ჰორიზონტზე . ამდენი ხნის უმსგავსოებების და უვიცობების შემყურე თქვენი გამოჩენა იმედის ნაპერწკალივითაა . მოგესალმებით და გელოდებით!

  26. ალექსანდრე ჭაჭიას respect, როგორც პოლიტოლოგი უძლიერესია! მაგიტომაც ვერ იტანს ქართული ლიბერალური პოლიტ ბომონდი. დარწმუნებული ვარ, ლიბერალურმა პოლიტიკურმა ელიტამ მასში დაინახა ის ალტერნატივა, რომელიც მისი გამოჩენით პრობლემებს შეუქმნიდა მათ დამანგრეველ “მოღვაწეობას” და ამიტომაც ჩამოართვეს მოქალაქეობა. “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here