Home ახალი ამბები საქართველო აბლიაზოვს “ღირსება აჰყარეს”

აბლიაზოვს “ღირსება აჰყარეს”

1050

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება 2005 წლიდან იწყება, როდესაც ნურსულთან ნაზარბაევი თბილისში ჩამოვიდა. 14 წლის განმავლობაში  ყაზახეთმა საქართველოში ინვესტიციების სახით ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თითქმის მილიარდი დოლარი დააბანდა. 

ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც დიდძალი ფული ავანტიურისტებსა და უღირს ადამიანებს იზიდავს. ინვესტიციებთან ერთად, 2000-იანი წლების შუა ხანებში საქართველოში კრიმინალური წარსულის მქონე, იმ მომენტისთვის სამშობლოში უკვე ნასამართლევი მუხტარ აბლიაზოვი გამოჩნდა.

ამ ავანტიურისტმა და მაქინატორმა დიდძალი ფული დახარჯა, რათა საქართველოში კარგი კავშირები გაეჩინა და მოიპოვა კიდეც პრეზიდენტ სააკაშვილის კეთილგანწყობა. აბლიაზოვმა საქართველოს იმჟამინელი პრეზიდენტისაგან მიიღო “ღირსების ორდენი” და ქვეყნის საპატიო მოქალაქეობა. ამ გზით მან გაამყარა ბანკ “თურან ალემის” პოზიციები საქართველოში, მაგრამ საქმე ლაპარაკს იქით არ წასულა. აბლიაზოვის აფერებმა ყველას თავი მოაბეზრა, პირველ რიგში, ყაზახეთში. საბოლოო ჯამში, 2009 წელს მოხდა ბანკ “თურან ალემის” ნაციონალიზაცია და მას დაერქვა BთA-ბანკი, ხოლო ბანკის ხელმძღვანელობას ჩამოშორებული აბლიაზოვი მალე საზღვარგარეთ გაიქცა.

განსხვავებით 2000-იანი წლებისაგან, როდესაც დაპატიმრებულ აბლიაზოვს საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები გადაეფარნენ, დაიჯერეს რა აბლიაზოვისვე შეთითხნილი ყალბი ცნობები, რომ იგი პოლიტიკური მოტივით იდევნებოდა, 2009 წლისთვის ყველაფერი უფრო ნათელი იყო. აბლიაზოვმა მიითვისა და საზღვარგარეთ უკანონოდ გაიტანა ყაზახი ხალხის კუთვნილი 6 მილიარდი დოლარი. მან თანამზრახველებთან ერთად შექმნა მოტყუების სქემები , რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ბანკის კუთვნილი უზარმაზარი თანხების მითვისება. მაგალითად, ბანკი გასცემდა კრედიტებს მიწის ნაკვეთების გირაოს საფუძველზე; შემდეგ ეტაპზე აბლიაზოვი წყვეტდა ხელშეკრულების მოქმედებას, ფული ქრებოდა, ხოლო გირაო ხელუხლებელი რჩებოდა.

ლონდონში გაქცეული ექს-ბანკირი იქაც  თაღლითობაში იქნა ბრალდებული. 2012 წლის თებერვალში ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ აბლიაზოვს მიუსაჯა პატიმრობა 22 თვით, სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო (სასამართლოს თავისი საბანკო ანგარიშების შესახებ არასწორი მონაცემები მიაწოდა), მაგრამ აბლიაზოვმა მოასწრო დიდი ბრიტანეთიდან საფრანგეთში გაქცევა.

დიდ ბრიტანეთსა და ყაზახეთს გარდა, აბლიაზოვზე ძებნა გამოცხადებულია რუსეთსა და უკრაინაში. ყველაფერთან ერთად, აბლიაზოვს ყაზახეთში დაუსწრებლად აქვს მისჯილი სამუდამო პატიმრობა. მიზეზი: “თურან ალემში” თავისი ბიზნეს-პარტნიორ ერჟან ტატიშევის მკვლელობის ორგანიზება. მისი ბრალი, უკვე დიდი ხანია, დამტკიცებულია.

აი ასეთი ავანტიურისტი და ნაძირალა შეიფარა საქართველომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. ეს მიუტევებელი შეცდომა საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც იქნა, გამოასწორა. ინტერნეტში გამოჩნდა 2019 წლის 13 მაისით დათარიღებული დოკუმენტი, რომელსაც ხელს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი აწერენ. ამ დოკუმენტის მიხედვით, აბლიაზოვს ჩამოერთვა ღირსების ორდენი. ყაზახმა ჟურნალისტებმა ხუმრობით დაწერეს კიდეც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აბლიაზოვს “ღირსება აჰყარო”.

მაშ ასე, სამართლიანობამ იზეიმა, საქართველოს არ სჭირდება საეჭვო “ინვესტორები”.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here