Home ახალი ამბები საქართველო აბა, წარმოიდგინეთ ანა წითლიძე ხელისუფლების სადავეებთან, წარმოიდგინეთ ხათუნა სამნიძე, თინა ბოკუჩავა, თაკო...

აბა, წარმოიდგინეთ ანა წითლიძე ხელისუფლების სადავეებთან, წარმოიდგინეთ ხათუნა სამნიძე, თინა ბოკუჩავა, თაკო ჩარკვიანი და თეონა აქუბარდია პოლიტიკურ ავანგარდში

ირაკლი ბერაია არ უნდა გადადგეს ერთადერთი მიზეზით - ოპოზიცია იფიქრებს, რომ თვითონ ყველაფრის უფლება აქვს, ხოლო ხელისუფლებას - არაფრის.

თეა წულუკიანი ( ტრიბუნასთან) თამარ კორძაიას, თინა ბოკუჩავას , სალომე სამადაშვილისა და ხათუნა სამნიძის გარემოცვაში
რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა  „Каждый судит о других в меру своей испорченности!“.  სწორედ ეს ფრაზა გამახსენდა მაშინ, როცა ირაკლი ბერაიამ  თეონა აქუბარდიაზე  თქვა, თავის ყველგან ნამყოფი ენა გააჩუმოსო. ატყდა ამბავი და რა ატყდა. აქაოდა, ეს სექსისტური განცხადებააო და ბერაიას ჯვარზე გაკვრა მოითხოვეს. არადა, ის კაცი მერე გაოცებული ამბობდა, კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, აქუბარდია ჩემი მოადგილეა და, სადაც დავდივარ, ყველგან მაგის ნალაპარაკები მხვდება, ცდილობს, ჩვენს ქვეყანას ჩირქი მოსცხოს და ყველგან ნამყოფ ენაში სწორედ ეგ ვიგულისხმეო. ოპოზიციონერმა ქალებმა ის კი არ ჰკითხეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, კონკრეტულად სად გამოიკვეთა ის, რომ თქვენი მოადგილე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქცევაო (ამით არც დაინტერესებულან), არამედ მაშინვე იერიშზე გადავიდნენ, – როგორ გაბედე და აქუბარდიაზე ასეთი რაღაცები ილაპარაკეო. არადა, რეალურად, ის უფრო საინტერესოა, რას და როგორ ლაპარაკობს საქართველოზე  აქუბარდია, რომელსაც თურმე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც ჰქვია…
თუ გახსოვთ, ნაცების მთავარმა პროპაგანდისტმა ნიკა გვარამიამ, სანამ ციხეში ჩასვამდნენ და „დაბრძენდებოდა“, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ეთერში უკანასკნელი სიტყვებით გალანძღა და „მზექალაც“ არაერთხელ  უწოდა. რაღაც არ გვახსენდება,  მაშინ რომელიმე დეპუტატი გამოსულიყო და ეთქვა: უსინდისო გვარამია რას კადრულობს, ქალს რა სიტყვებით ელაპარაკებაო! პირიქით,  ნათქვამი მოუწონეს, ტაშიც დაუკრეს და გაამხნევეს კიდეც… ჰო, გვარამია გაამხნევეს: არაფრის შეგეშინდეს, თუ რამე, შენ გვერდით ვართო.   პრეზიდენტი  იმხანად  „ოცნების“ მომხრედ ითვლებოდა, მაგრამ, აბა, ახლა უთხრას ვინმემ რამე ქალბატონ სალომეს, მაშინვე დალალებს გაიშლიან საპარლამენტო ოპოზიციის დიაცნი და მუშტი-კრივზეც გადავლენ, ჰო, მუშტი-კრივზე არაერთხელ გადასულან. არსებობს ამის ამსახველი კადრებიც, ოპოზიციის წევრი ქალები  როგორ ურტყამენ ხელს ხან მანდატურს, ხან კოლეგა მამაკაცებს და, რაც მთავარია, მათ ლექსიკაში სიტყვები „გაეთრიე, ვინ ჩემი ფეხები ხარ, მონა, ვირიშვილო“ ჩვეულებრივი ამბავია. ამის გამო მათ არასდროს არავინ საყვედურობს და დარწმუნებული არიან,  სწორად იქცევიან, რომ ასეც უნდა იყოს, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ და სხვას – არაფრის, თუნდაც ის სხვა  ქალბატონი იყოს.
სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბარდია, თაკო ჩარკვიანი და თინა ბოკუჩავა

სწორედ ამ ქალების დამსახურებაა ის, რაც პარლამენტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის გამოსვლისას   გააკეთეს და ტრიბუნასთან უხამსი წარწერით პლაკატი გაშალეს. მერე იყო, რომ იცინოდნენ: წულუკიანს პლაკატის დანახვისას სახე ისე დაემანჭა, არ შეეხედებოდაო, ყველაზე ხმამაღლა ანა წითლიძე ხარხარებდა. ჰო, გაგიკვირდებათ, ქალბატონებო, და უხამსი რამის წაკითხვისას  ნორმალურ ადამიანებს რეაქცია აქვთ, ზოგი სახეს მანჭავს, ზოგი გვერდზე იხედება, მაგრამ ასე რომ მოქცეულიყო წულუკიანი, მარჯვნივ თინა ბოკუჩავასა და თამარ კორძაიას დაინახავდა,  მარცხნივ  – სალომე სამადაშვილსა  და ხათუნა სამნიძეს, ამიტომ ისევ სახის დამანჭვა არჩია. ისე, თეონა აქუბარდიას არც ის მოსწონებია, ბერაიამ რომ თქვა, საზღვარგარეთ რომ დავდივართ, ოფიციალურ შეხვედრებს ტოვებს, ან საყიდლებზეა, ან „პახმელიაზე“, ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებაო. თქვე კაი ხალხო, ამაზე რომ ატეხეთ ერთი ამბავი, ის ხომ არ უთქვამს ბერაიას, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ქალმა ბელგიაში ბევრი ალკოჰოლი რომ დალია,  თავი ვერ შეიკავა და სასტუმროს ლიფტში  გული აერიაო;  არც ის უთქვამს, ღამის კლუბი რომ დაიმხეს თავზე და მეორე დღეს სიგარეტის ფული არ ჰქონდათ ჯიბეში. ჰო, ეს ყველაფერი სიმართლეა და ისე ნუ მოგაქვთ თავი, თითქოს არაფერი ხდება.

ამ ამბავში  ყველაზე ცუდი არის ის, რომ უკვე მერამდენე წელია, ოპოზიცია ავითარებს აზრს, თითქოს მათ აქვთ ყველაფრის უფლება, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლებს – თმენის ვალდებულება. ხელისუფლების წარმომადგენელი არ იყო აკაკი ბობოხიძე, მამის ტოლა პეტრე მამრაძეს საპარლამენტო ტრიბუნასთან სილა რომ გააწნა? თუ მაშინ ნაციონალები იყვნენ ხელისუფლებაში და მაშინაც მხოლოდ მათ ჰქონდათ ყველაფრის უფლება? რატომ არ უთხრეს არაფერი  ბობოხიძეს? იმიტომ, რომ დანარჩენებს შეშინებოდათ და, თუ გახსოვთ მუქარა: „ნახავ, გარეთ რას გიზამ!“ პირდაპირ საპარლამენტო ტრიბუნიდან ისმოდა. სწორედ ნაცების მმართველობის პერიოდში  „ნახავ, გარეთ რას გიზამ“-ის შედეგი იყო სასტიკად ნაცემი ვალერი გელაშვილი და სასიკვდილოდ განწირული კობა დავითაშვილი. ახლა კი ოპოზიციაში მყოფი ნაცები ისევ ხელშეუხებელნი არიან. როცა ნაცებს ვამბობთ, მთლიანად ოპოზიციას ვგულისხმობთ, რადგან მათი ბუდიდან არიან  გადმოყრილები და სხვა პარტიაში გუგულის კვერცხებივით გაფანტულები.

ანა წითლიძე

სწორედ ეს დაუსჯელობის სინდრომი შეეყარათ მარტის აქციების დროს ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარ თავს იმაზე მეტის უფლება მისცეს, ვიდრე შეიძლებოდა. სწორედ ამ დაუსჯელობის სინდრომის „გაპრავება“ სურთ, ლაზარე გრიგორიადისის გარეთ გამოშვებას რომ ითხოვენ, რადგან  სურთ, შექმნან პრეცედენტი იმისა, რომ ადამიანი პოლიციელებს დაესხა თავს, მათი მკვლელობა სცადა და ეპატია. თანაც, გრიგორიადისის არა მხოლოდ გათავისუფლება, არამედ  გმირად წარმოჩენა სურთ, რაც შეიძლება მეტი მიმბაძველი რომ გამოუჩნდეს. ხელისუფლება ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს… როცა ხათუნა სამნიძე ხელით შეეხო სამართალდამცველებს, როცა დაითრია და წაქცევა დაუპირა მანდატურს, რატომ არ შეფასდა ეს ხულიგნობად? მე რომ მექნა იგივე, ხომ იქნებოდა ხულიგნობა და საუკეთესო შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით დამაკავებდნენ? სამნიძეს ეპატია… წითლიძეს ის ეპატია, მონა და არაკაცები რომ ეძახა კოლეგებს, თაკო ჩარკვიანს ის ეპატია, დავაი, დაახვიე, არ მაინტერესებს შენი აზრიო, მამაკაც კოლეგას რომ უთხრა. ანუ, მათ შეუძლიათ ყველაფერი იძახონ და სანაცვლოდ არაფერი მიიღონ. შეიძლება ვინმემ თქვას: იმ სიტყვების მნიშვნელობა არ იციან, რასაც ამბობენო. როგორ შეიძლება პუბლიცისტმა ჩარკვიანმა არ იცოდეს, რას ნიშნავს „დავაი ახლა აქედან, დაახვიე, ბიჭო, მონა ხარ შენ!“ ისე, ჩარკვიანის პუბლიცისტიკას ფართო საზოგადოებასაც თუ აზიარებთ, ურიგო არ იქნება, ხომ უნდა ვიცოდეთ, „ჩტო პუბლიკუეტ ეტა ჟენშჩინა“?!

თეონა  აქუბარდიას გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სინამდვილეში ერთადერთ მიზანს ემსახურება – ოპოზიციის აქტივმა წინასაარჩევნოდ უნდა იგრძნოს, რომ ქვეყანაში დაუსჯელობა მეფობს, რომ მათ არჩევნების წინ და განსაკუთრებით არჩევნების დღეს,  ექნებათ ყველაფრის უფლება და ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს. მათ თავზე ხელი უნდა აიღონ და არა მხოლოდ  სიტყვით, მუშტებითაც კი უნდა იბრძოლონ, ყველაფერი უნდა გააკეთონ და გაიღონ, რათა იგივე წითლიძე, სამნიძე, აქუბარდია და სხვები კვლავ პარლამენტში მოხვდნენ და მომდევნო 4 წელი ისევ „პაეზდკებში“ იარონ და საქართველო დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრისას მიწასთან გაასწორონ, ძირი გამოუთხარონ, გააშავონ, რათა  რაღაც მანქანებით ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. აბა, წამით წარმოიდგინეთ, ანა წითლიძე ხელისუფლების სადავეებთან… წარმოიდგინეთ ხათუნა სამნიძე,  თაკო ჩარკვიანი ძალაუფლებით და იგივე აქუბარდია პოლიტიკურ ავანგარდში… ნონა მამულაშვილი ხომ არ დაგავიწყდათ, სატელევიზიო ეთერში მამაკაცს მუშტი-კრივი რომ გაუმართა? და იმ კაცს, მხოლოდ ქალბატონ ნონას მუშტებისგან თავდაცვის მიზნით ხელი ერთხელ მაინც არასწორად რომ გაექნია, რა მოხდებოდა? საუკეთესო შემთხვევაში მისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვდა ოპოზიცია. მამულაშვილს კი საქციელი მოუწონეს, ტაშიც დაუკრეს: აფერუმ, შენს ქალობასო, და დამთავრდა ეგ საქმეც.

ხათუნა სამნიძე პარლამენტში მანდატურს ეჭიდავება

ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ ოპოზიციონერი ქალები იმუქრებიან, რომ პარლამენტის ყველა პლენარულ სხდომაზე მოითხოვენ ბერაიას გადადგომას კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან. რეალურად, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება აღნიშნულ თანამდებობაზე, მმართველ გუნდს შემცვლელის პოვნა არ გაუჭირდება, მაგრამ ირაკლი ბერაია ერთადერთი მიზეზით არ უნდა გადადგეს – ამით ოპოზიციას დაანახვებს, რომ მათ მართლაც ყველაფრის უფლება აქვთ და ხელისუფლებას – არაფრის. და ეს უუფლებობა და უფლებები ქუჩაში გადაინაცვლებს ერთ არცთუ მშვენიერ დღეს და  ბევრი ადამიანი ჩათვლის, რომ შეუძლია, ხელით შეეხოს ყველას, ვინც არ მოეწონება, აგინოს, მონა ეძახოს და, თუ პასუხს დაუბრუნებენ, ის მოპასუხე აუცილებლად დაისჯება, თავად კი დაუსჯელი დარჩება. გვერწმუნეთ, დღემდე ვერ ხვდება ლაზარე გრიგორიადისი, რატომ დააკავეს, რადგან მან ზუსტად იცოდა, რომ ქუჩაში გასულს ყველაფრის უფლება ჰქონდა და ყველაფერში ადამიანის მკვლელობაც შედის, რომლის მცდელობაც, საბედნიეროდ, წარუმატებლად  დასრულდა.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here