არჩევნები მოახლოვდა და ქართველი საზოგადოების ყურადღება ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზეა გადატანილი. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ცხელი წერტილი სამეგრელოა. როგორც ამბობენ , სამეგრელოში “ნაციონალურ მოძრაობას” დიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა, ჩვენი რესპონდენტის თქმით, მეგრელები ადვილად მოსატყუებელი ხალხი არ არიან და სამეგრელოს მოსახლეობას არ დავიწყებია “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი პერიოდი. გვესაუბრება სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი, ზუგდიდში “ქართული ოცნების” ცენტრალური საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია.
_ ბატონო ლაშა, როგორია წინასაარჩევნო განწყობაა სამეგრელოში? ელოდებით მოსახლეობის მაღალ აქტივობას?
_ რა თქმა უნდა, ველოდებით. ხალხი დარწმუნდა, რომ მათი მონაწილეობა არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანია. ადრეც ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი და წინასაარჩევნო პერიოდში შტაბის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არჩევნებში მაღალი აქტივობა იქნება.
_ ამბობენ, სამეგრელოში “ნაციონალურ მოძრაობას” დიდი მხარდაჭერა აქვსო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და, თუ ეს მართლაც ასეა, რით ხსნით “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერას რეგიონში?
_ ბევრი არა, მაგრამ ჰყავთ გარკვეული პროცენტი მხარდამჭერებისა. სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ახალაიებმა და “მამალმა ნაცებმა” საკმაოდ ბევრი ზუგდიდელი და ხობელი ახალგაზრდა დაასაქმეს პენიტენციურ სისტემაში, ჯარში, პოლიციაში. ეს ადამიანები თავიანთი დანაშაულებრივი მოქმედებებით, თავიანთი არასწორი პოლიტიკური მიმართულებით მიბმულები იყვნენ “ნაციონალურ მოძრაობას”. “სამეგრელო თავიდანვე იყო “ნაციონალური მოძრაობის” დასაყრდენი”.
_ ბატონო ლაშა, 2012 წელს სამეგრელოში “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალურ მოძრაობასთან” არჩევნები წააგო, ირაკლი ალასანია როლანდ ახალაიასთან დამარცხდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” იმისთვის, რომ 2016 წლის არჩევნებში ზუგდიდში სანდრა რულოვსმა არ გაიმარჯვოს? ერთი “ნანინა” წაიმღერა სანდრა რულოვსმა მეგრულად და გამოდის, ხვალ ვინმე რომ ჩამოვიდეს ბურკინა ფასოდან და საჯაროდ ელარჯი მოამზადოს, ხმა მას უნდა მივცეთ?
_ 2012 წელს ჩემ თვალწინ ვითარდებოდა ზუგდიდში სარჩევნო პროცესები, ყველაფერი კარგად ვიცი, რა როგორ მოხდა. იმხანად “ნაციონალურ მოძრაობას” შეეძლო, გაეყალბებინა არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ხალხის ხმების დასაცავად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაინც იმარჯვა. ხალხს არ სჯეროდა, რომ მონსტრი “ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდებოდა. 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდში ადამიანებს აშინებდნენ და ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც მივიღეთ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კი “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხალხი თავისუფალი ყოფილიყო, დამთავრდა სამეგრელოში და სრულიად საქართველოში ძალადობა. არავის მიუკითხავს პედაგოგებისთვის იმის სათქმელად, თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, დაისჯებითო, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში ხშირად ხდებოდა. “ქართული ოცნების” მთავარი მინუსი არის ის, რომ არ ეწევა გაკეთებული საქმეების პიარს. ჩვენ გვინდა, საზოგადოებამ თვითონ დაინახოს ყველაფერი, რაც კეთდება. “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში დემოკრატია დამოკიდებული იყო ხელისუფლების კეთილ ნებაზე. ბევრს მეგრელი ისეთი მიამიტი ჰგონია, რადგან სანდრა რულოვსმა მეგრულად ორი სიტყვა თქვა, ხმას მას მისცემს. ეს არ მოხდება, არავინ იფიქროს, რომ “ფოჩიანი კანფეტებით” მოთაფლავს მეგრელ კაცს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნა ყოფნა–არყოფნის ზღვარზეა. სამეგრელომ იცის, ვის უნდა მისცეს ხმა; იცის, საჭირო დროს რა ნაბიჯი გადადგას. ერთობლივი შეტევით უნდა დავამარცხოთ “ნაციონალური მოძრაობა”.
_ პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ ბევრ რამეს ჰპირდებოდნენ ხალხს, მაგრამ დაპირებების უმრავლესობა შეუსრულებელია. ახლაც ახალი დაპირებებით გსურთ ხელისუფლებაში მოსვლა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს დაპირებებიც შეუსრულებელი დარჩება, მზად ხართ, დაიკისროთ პასუხისმგებლობა?
_ ყველაფერს დრო სჭირდება, 4 წელიწადში ყველა დაპირება ვერ შესრულდებოდა. ასე უცებ ვერ აშენდება ქვეყანა. ცრუ დაპირებას ვერავინ გაცემს, ყველა დაპირებას საქმე მოჰყვება. რა თქმა უნდა, თუ რამე არ შესრულდება, “ქართული ოცნება” მზადაა, დაიკისროს პასუხისმგებლობა.
_ ქართველ ხალხს, მათ შორის სამეგრელოს მოსახლეობას, ახსოვს კასრებში ნაპოვნი ფარული ჩანაწერები, რომლებზეც უამრავი ადამიანის გაუბედურება იყო აღბეჭდილი. სად არიან ეს ადამიანები, რატომ არ ისმის მათი პროტესტის ხმა?
_ ჩემთვის ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი და მტკვნეულია. ამ ხნის განმავლობაში, რაც საარჩევნო შტაბს ვხელმძღვანელობ, ძალიან ბევრი დოკუმენტური მასალა და ჩანაწერი ამოვიღე. ვესაუბრები ადამიანებს და შეძრწუნებული ვარ. როგორც კი არჩევნები დასრულდება, აუცილებლად დავწერ წიგნს, რომელშიც აღწერილი იქნება სამეგრელოს მოსახლეობის ყოფა “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში. უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რა არ უნდა განმეორდეს. კოაბიტაციამ და “ქართული ოცნების” მიდგომამ, რა თქმა უნდა, იმოქმედა იმ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ. გამომდინარე აქედან, არ ისმის პროტესტი, მაგრამ ნურავის ჰგონია, რომ დანაშაულზე ვინმე თვალს დახუჭავს. პატარა ერი ვართ და უნდა ვეცადოთ, პროცესები სისხლისღვრაში არ გადავიდეს.
_ ბატონო ლაშა, მისაღებად მიგაჩნიათ “ნაციონალური მოძრაობასთან” კოაბიტაცია “ქართული ოცნების” მხრიდან?
_ ჩემთვის კოაბიტაცია მიუღებელია, მაგრამ “ქართულ ოცნებას” არ უნდოდა დაპირისპირება, სისხლისღვრა და დაძაბულობა. სწორედ ამიტომ მიიღო კოაბიტაციის გადაწყვეტილება. ჩვენ მივეცით საშუალება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, ჩაბმულიყვნენ ქვეყნის შენების ფერხულში და ჩვეულებრივად ემუშავათ; მივეცით პერიოდი გამოსასწორებლად და დასაფიქრებლად, მაგრამ ვერაფერი შეიგნეს. ხალხი მათ პასუხს არჩევნების საშუალებით გასცემს.
ესაუბრა
ნანა ფოფხაძე