პარლამენტარ–ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ასევე ოპოზიციად წოდებულ “ნაციონალებში” და ბოლოს _ სახელისუფლო კოალიცია “ქართულ ოცნებაშიც”, უფრო ზუსტად, კოალიციის ყველაზე ურეიტინგო და, ამასთანავე, ყველაზე ამპარტავანი სუბიექტის _ რესპუბლიკელების წარმომადგენლებში.
როგორც ხდება ხოლმე, “ხმამაღლა აბრაგუნებული დოლის” ფუნქცია ამჯერადაც რესპუბლიკელთა “ტვინმა და სინდისმა” _ “ქართველ რობესპიერად” წოდებულმა “დიდმა მოაზროვნემ” და “აზრის გიგანტმა” ლევან ბერძენიშვილმა შეასრულა.
შეასრულა “ღირსეულად”! კაცმა, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ლევან ვასაძეს მკაცრი შენიშვნა მისცა ოფიციანტების, როგორც პროფესიის “უდიერად” მოხსენიების გამო (არადა, მსგავსი არაფერი უქნია ვასაძეს), უცებ “დიდი პატივით” მოიხსენია საპნის ქარხნის თანმშრომლები _ ვიღაც მესაპნეების სახსენებელი არ ვარ მეო!
ჩვენმა არც ისე სპეციალურმა კორესპონდენტმა უმალ ჩაავლო და ჩაუფიქრდა დიდი ლევანის ამ განცხადებას. თუ საპნის ქარხნის თანამშრომლებისა არა, მაშ, ვისი სახსენებელია იგი? _ ავეჯის ქარხნის თანამშრომლების? პურის ქარხნის? ძეხვის საამქროს? ნეტავ, ვის აქვს უფლება ამ ქვეყანაში, ახსენოს ხოლმე “დიდი ლევანის” სახელი?
ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი ისე ღრმად ჩაუფიქრდა ამ თემას, რომ გამოკითხვაც კი ჩაატარა და დარწმუნდა, რომ ქართველი ხალხი ისედაც ხშირად ახსენებს ხოლმე ლევან ბერძენიშვილსაც და მისი ოჯახის სხვა წევრებსაც, მაგრამ როგორ და რა კონტექსტში, ამის გაზეთში დაწერა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია…
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ საყურადღებოა ლევან ბერძენიშვილის ძმის, დავით ბერძენიშვილის, უჩვეულო გააქტიურება და განსაკუთრებით მისი მხრიდან თინა ხიდაშელის თავგამოდებული დაცვა…
ან რა კავშირშია საპონი თოფაძე–ხიდაშელის დაპირისპირებასთან?
საბოლოოდ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, აღმოჩნდა, რომ ჩვენს არც ისე სპეციალურ კორესპონდენტს არც ამჯერად უმტყუნა ალღომ. უკვე დადასტურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ძმები ბერძენიშვილების ასეთი გაღიზიანება “თოფაძის საპნის” მიმართ გამოიწვია ჰიგიენური საშუალებების ბაზარზე ახალი ბრენდის _ “ხიდაშელის მათეთრებლის” გამოჩენამ. ეს ბრენდი, როგორც ამბობენ, უკვე დიდი ხანია, წარმატებით სარგებლობს ე.წ. ჩრდილოვან, ანუ შავ ბაზარზე და მისი მწარმოებლები უკვე ამ პროდუქტის ლეგალიზებას აპირებენ. ის მალე ოფიციალურად გამოჩნდება დახლებზე “ხიდაშელის გრანტების მათეთრებლის” სახელწოდებით და მარკეტინგული კვლევები აჩვენებენ, რომ განსაკუთრებული პოპულარობით არასამთავრობო სექტორში ისარგებლებს.
ჰოდა, როგორც გაირკვა, სწორედ ამ ახალი პროდუქტის სატელევიზიო რეკლამაში იღებენ ძმებ ბერძენიშვილებს. რეკლამის სიუჟეტი ბანალურია:
ლევან ბერძენიშვილს ხელში უჭირავს “თოფაძის საპონი” და ცდილობს, მისი მეშვეობით გარეცხოს მის წინ მაგიდაზე დაყრილი ფულის ტომრები. არაფერი გამოსდის, ოფლში იწურება, თანაც ძველი ბერძნული ფილოსოფიიდან ციტატებს ბუტბუტებს, მაგრამ ვერც ეს შველის… გვერდით კი გაბადრული სახით უდგას დავით ბერძენიშვილი, რომელსაც ხელში უჭირავს “ხიდაშელის გრანტების მათეთრებელი”, მაგიდაზე მასაც უყრია ფულის ტომრები, მაგრამ, ძმისგან განსხვავებით, ერთი მეორეზე მიყოლებით რეცხავს და რეცხავს ძალიან იოლად.
ვიდრე ლევანი “თოფაძის საპნით” ერთ ტომარა გრანტს გარეცხავს, დავითს უკვე ასზე მეტი ტომარა აქვს გარეცხილ-გაკრიალებული “ხიდაშელის გრანტების მათეთრებლით”.
როგორც ამბობენ, რეკლამა ძალიან ეფექტური გამოვიდა და მისი სლოგანია: “ხიდაშელის გრანტების მათეთრებელი. რეკომენდებულია დიასახლისი ბერძენიშვილების მიერ”.
ვნახოთ, როგორ მიიღებს ახალ პროდუქტს და ახალ რეკლამას მრავალგრანტიჭამიანახული ქართველი მომხმარებელი.
მასე აბარავა
ქართველებო! ძალიან დიდი სამუშაო გველის წინ, ძალიან ბევი ნაგავი დაგროვდა სამშობლოში. ყველაზე დამნაგვიანებელი ვალუტა დოლარი ყოფილა. მუსორიძეებო
ყველა ქვეყნისა შეერთდით!