სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის განცხადებით, ტერორისტები უკვე მასიურად გარბიან სირიიდან, თურქეთსა თუ სხვა ქვეყნებში.
ასადმა ისაუბრა ტერორისტების წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის წარმატებების შესახებ, რომელსაც ატარებს რუსეთის ფედერაცია, გვამცნობს РИА Новости.
რუსეთის ოპერაციის დაწყებამდე, თითქმის ერთი წელი მოქმედებდა საერთაშორისო კოალიცია, ამერიკელების მეთაურობით. ასადის თქმით, ამ დროის განმავლობაში მკვეთრად იმატა იმ ბოევიკების რაოდენობამ, რომლებიც გაერთიანდნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“, აგრეთვე მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების საერთო ფართმა.
„რუსეთის ძალისხმევით კი, ტერორისტულმა დაჯგუფებებმა უკან დაიხიეს, საფუძველი ჩაეყარა მათ მასიურ გაქცევას სირიიდან თურქეთში, ევროპაში, იემენში თუ სხვა ქვეყნებში“, – ასკვნის ასადი.
სირიის პრეზიდენტი თქმით, სწორედ რუსეთის დახმარებით გახდა შესაძლებელი ის ფაქტი, რომ სირიის სამთავრობო ჯარები შეტევაზე გადავიდნენ, ფრონტის ყველა მონაკვეთზე, „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რუსეთი, სექტემბრის ბოლოდან, სირიაში ატარებს ანტიტერორისტულ ოპერაციას, რომლის მიზანსაც რუსეთში აკრძალული „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების და ინფრასტრუქტურის განადგურება წარმოადგენს.
შესაძლებელია კი, ამერიკის უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის და ევროპის დაახლოება?!
საფრანგეთის შემდეგ, რომელი ევროპული ქვეყანა მიიღებს რუსეთის ანტიტერორისტულ კოალიციაში გაერთიანების გადაწყვეტილებას?!
დარწმუნებული ვარ, რომ ამ და სხვა კითხვებს პასუხი უახლოეს დროს გაეცემა.
როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა შემუშავდეს საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებთან ერთობლივი მოქმედებების გეგმა, სირიასთან მიმართებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით პუტინისა და ოლანდის შეხვედრა ნოემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
პარიზის ტერაქტები წარმოადგენენ ერთგვარ წყალგამყოფს სირიის ისტორიაში. ტრაგედიამდე საზოგადოებრივი აზრი დასავლეთში მეტწილად იყო სირიის ზომიერი ოპოზიციის მხარეს.
სამწუხაროდ, მხოლოდ პარიზის ტერაქტების შემდეგ მოხდა ის, რაც ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო, ყველა დარწმუნდა: „ისლამური სახელმწიფო“ მსოფლიო მშვიდობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ასადი ხელისუფლებაში.
შეგახსენებთ, სულ ახლახანს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა გააკეთა შემდეგი სახის განცხადება:
„ ჩვენ დაუღალავად ვცდილობთ სირიის პრობლემის პოლიტიკურ გადაწყვეტას, და ეს პრობლემა არა პრეზიდენტი ასადი, არამედ ჩვენი მტერი სირიაში- „ისლამურ სახელმწიფოა“.
ფაქტიურად, ოლანდი და პუტინი უკვე შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე სირიის მოვლენებთან დაკავშირებით და ეს დიდი მიღწევაა. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ საფრანგეთი, გერმანიაც, რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივი კოალიციის შექმნაში.
ცხადია, რუსეთი შეეცდება შემოიკრიბოს თავის ირგვლივ ყველა ძლიერი მოთამაშე იმისათვის, რომ მიაყენოს გამანადგურებელი დარტყმა ტერორისტებს.
კონსტანტინე ჩიკვილაძე