როდესაც დაუნიმ ქადაგების კითხვა დაიწყო, საიდანღაც სმიტი გამოჩნდა და კათოლიკურ ჯვარცმაზე ღვთისმოსავად პირჯვარი გადაიწერა, თუმცა, როგორც ვიცოდი, პრესბიტერიანელი იყო. დაუნი ეკლესიასტედან კითხულობდა:
_ და მოვიძულე ყოვლითურთ ცხოვრებაი ჩემი, რამეთუ ბოროტ არს ჩემ ზედა ქმნული იგი, რომელი იქმნების მზესა ამას ქვეშე, რამეთუ ყოველივე ამაო და გამორევა სულის…
რამეთუ ეყვინ ესე კაცისა ყოველსა შინა შრომასა მისსა და გამორჩევითა გულისა მისისაითა, რომელსა იგი შვრების მზესა ამას ქვეშე…
უმჯობეის არს მოსვლვად სახლსა გლოვისასა, ვიდრეღა მოსვლად სახლსა შვებისასა, რამეთუ ესე არს დასასრულ ყოველსავე კაცისაი და, რომელი ცხოველ არს, მოჰსცეს კეთილი გულსა თვისსა…
2 საათი და 45 წუთი. ტინიანის დრო, სტარტი.
ჩვენთან ერთად მოფრინავდა მაშინ მე-2 რანგის კაპიტანი უილიამ პარსონსი.
იგი “ენოლას” უკანა ნაკვეთურში იქექებოდა; ამზადებდა “გალეულის” მექანიზმს _ პლუტონის ორ ნახევარსფეროს და გამოყრის მუხტს.
6 საათი და 05 წუთი. უკან დარჩა კუნძული ივოძიმა. ბომბში შეყვანილია “წითელი ღერძები”, რომლებიც აფეთქებას უზრუნველყოფს.
8 საათი და 38 წუთი. დამთავრდა სიმაღლის აღება.
დარჩა სულ ცოტა…
ჰიროსიმას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მივუახლოვდით.
ქალაქი ჯერ კიდევ თვლემდა. ქალები ქმრებს საუზმეს უმზადებდნენ _ ხის პატარა კოლოფებს ბრინჯის, სიდიდით თალგამისხელა გუნდით, კოლოფის გვერდით განყოფილებებში წვრილად დაჭრილ ზღვის ბალახის პატარა ნაჭრებით, ბამბუკის ყლორტებითა და ზღვის ლიფსიტით…
საზენიტო ქვემეხები დუმდნენ.
გამჭვირვალე ვარდისფერი დილა იყო.
ოცდახუთი ათასი ფუტის სიმაღლიდან დედამიწა სათამაშოსავით ჩანდა. ალვარეცის მრიცხველები ნელ–ნელა ეშვებოდა დაბლა მზისგან ოქროსფრად შეფერადებული პარაშუტებით. ოპტიკურმა სამიზნემ მიზანი მოძებნა.
მიზანი მთელი ქალაქი იყო. ჩვენმა “სთრეით ფლეშმა” კოდირებული რადიოგრამა გაგზავნა “ენოლა გაიზე”: “დაბომბვისათვის საუკეთესო პირობებია”. “ენოლას” მეთაურმა პოლკოვნიკმა პოლ ტიბეტსმა მისი მიღება დაადასტურა.
მეორე პილოტმა, მაიორმა ფერბიმ, თვითმფრინავს საჭირო მიმართულება მისცა… კაპიტანმა უილიამ პარსონსმა ბომბსაყრელის ბერკეტს ხელი დააჭირა.
“გალეული” ლუკიდან გამოსრიალდა.
სარდლობას აუწყეს: “თვითმფრინავში მყოფებმა ორი საგრძნობი დარტყმა იგრძნეს… მთელი ქალაქი… დაიფარა მტვრის ნაცრისფერი ფენით, რომელიც ბოლოს სვეტის ფუძეს უერთდება. ეს ფენა ბობოქრობს; მის შიგნით ცეცხლის ალი მოჩანს. ფენის დიამეტრი 4,5 კილომეტრზე ნაკლები არაა. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს მთელი ქალაქი ნაწილებადაა დაჭრილი. პარსონსს მიაჩნია, რომ აფეთქება გრანდიოზულად და შემაძრწუნებლად გამოიყურება”.
9 საათი, 16 წუთი და 15 წამი (კუნძულ ტინიანის დრო, ვაშინგტონის დროით 5 აგვისტოს 18 საათი, 16 წუთი და 15 წამი, ტოკიოს დროით 6 აგვისტოს 8 საათი, 16 წუთი და 15 წამია).
ჩვენ მკვლელები გავხდით.
გენერლები და სამხედრო საჰაერო ძალების უმაღლესი ჩინები ცდილობდნენ, ერთმანეთისა და დანარჩენებისათვის დაემტკიცებინათ, რომ სწორედ მათ და არა სხვებმა, უზრუნველყვეს, ორგანიზცია გაუკეთეს, შესაძლებელი გახადეს “ჰიროსიმის ექსპერიმენტი”. სპაატსი, ჯაილსი, ტუინინგი, დევისი და ლიმეი თანამონაწილეთა გვირგვინს ეცილებოდნენ ერთმანეთს. ბრიგადის გენერალმა ფარელმა ყველა პრეტენდენტს დაასწრო და ლესლი გროვსს წარმატება მიულოცა. ის მხოლოდ ამ უკანასკნელის მოადგილე იყო, გენერალ-მაიორი კერტის ლიმეი კი, რომელიც მე-20 საჰაერო ესკადრას მეთაურობდა, შეეცილა მას შთამომავლობის სიძულვილისა თუ სიყვარულის უფლებაში. “ფარელის შეტყობინების შესახებ მე არაფერი ვიცი”, _ განაცხადა მან გროვსთან ტელეფონზე საუბრის დროს. ლიმეი მსხვილი ფიგურა იყო, გროვსს კი ტყუილუბრალოდ უსიამოვნება არ უყვარდა. მან ძალიან ზრდილობიანად მოიხადა ბოდიში, თანაც ხაზგასმით აღნიშნა მოსაუბრის დამსახურება და მისი წვლილი: “გენერალო, პირადად თქვენ დიდ მადლობას გიხდით”.
ყოველთვის ასე იყო: მიმმართველები, ნაქურდალის დამმალავები და შემსყიდველები ნაალაფევის უდიდეს ნაწილს იგდებდნენ ხელში. ამჯერად ჯილდო უმაღლესი ორდენები და გენერლის რიგგარეშე ვარსკვლავები იყო.
ტინიანში, აეროდრომზე, ანგარში დაბორიალებდნენ სამოქალაქო პირები. ალვარეცი და ინგლისელი ფიზიკოსი პენი გენერალ სპაატსს უჩვენებდნენ ყუთს, რომელშიც ბომბი იდო. სპაატსი ურწმუნო ადამიანი იყო. მან ადიუტანტს უთხრა:
_ თუ გინდათ, დაუჯერეთ ამ ყმაწვილის ნაამბობს; მაგრამ მე იგი ვერ გამასულელებს!
ყუთი პატარა იყო და სპაატსს ეგონა, რომ ალვარეცი მას ასულელებდა.
საღამოსთვის ყუთისგან აღარაფერი დარჩა _ იგი ნაფოტ-ნაფოტ დაიტაცეს სამახსოვროდ. ერთი ნაფოტი ჯომ მეც მომიტანა. იგი უკვე მთვრალი იყო. მისთვის ის-ის იყო ეთქვათ, რომ ახლა კიოტოს ჯერი იყო. ჯო ომამდე ნამყოფი იყო იქ და შეყვარებული გახლდათ მის უძველეს ტაძრებზე.
_ ისინი არაფერს ელოდებოდნენ, _ თქვა ჯომ, _ კლოდ, შენ გესმის რამე? სპაატსის ადიუტანტი მეფიცებოდა, რომ აქამდე ჰიროსიმა არ დაუბომბიათ. თვითმფრინავები მხოლოდ ფურცლებს ყრიდნენ… კლოდ, ისინი მიაჩვიეს, რომ ჩვენი “B-29”-ების არ შინებოდათ…
“გალეული” სუსტი ბომბი იყო. ჩვენს სინდისზე მხოლოდ სამოცდათვრამეტი ათასი მოკლული, ასი ათასი დაჭრილი, შვიდი ათასი დანგრეული და ორმოცდათექვსმეტი ათასი დამწვარი სახლი იყო.
ტრუმენს, რომელიც პოტსდამიდან დიდი ზარ-ზეიმით ბრუნდებოდა, გზაში წამოეწია შეტყობინება. მან თავის დღიურში ჩაწერა: “6 აგვისტოს, პოტსდამიდან გამომგზავრების მეოთხე დღეს, მოვიდა ისტორიული ცნობა, რომელმაც შემძრა. ვსაუზმობდი, როდესაც კაპიტანმა ფრენკ გრეჰემმა შემდეგი წერილი გადმომცა: პრეზიდენტს სამხედრო მინისტრისაგან… დიდი ბომბი ჩამოგდებულია…” ძალიან ავღელდი. დავურეკე ბირნსს, რომელიც ჩემთან ერთად გემზე იმყოფებოდა და ეს ამბავი შევატყობინე, შემდეგ კი იქვე მდგარ მეზღვაურთა ჯგუფს მივმართე: “ეს უდიდესი ფაქტია ისტორიაში”.
ჩვენ ეროვნული გმირები გავხდით.
ბოლო წამს ტრუმენმა კიოტო გადაშალა და იგი ნაგასაკით შეცვალა. “ენოლას” და “სთრეით ფლეშის” ეკიპაჟებმა მედლები მიიღეს. სმითმა პირველმა მოგვილოცა. 9 აგვისტოს აფეთქდა “ბღენძი”. “სთრეით ფლეში” კვლავ მიმართულებას აძლევდა. ბომბი ჩამოაგდო მაიორმა ჩარლზ სუინიმ _ ბომბდამშენ “ბოკის ეკიპაჟის” მეთაურმა. მისი უშუალო დამხმარეები იყვნენ: კაპიტანი ბიჰენი _ ბომბარდირი, პოლკოვნიკი ეშუორსი _ ბომბზე პასუხისმგებელი, და ლეიტენანტი ბარნსი _ ელექტრო–მოწყობილობის ოფიცერი. გაფრენის წინ ადმირალმა სუინის შემდეგი კითხვით დაულოცა გზა: “ახალგაზრდავ, იცი, რა ღირს ეს ბომბი?” “ოცდახუთი მილიონი დოლარი”, _ უპასუხა სუინიმ. “ასე რომ, ეცადე, ეს ფული ტყუილუბრალოდ არ დაიკარგოს”.
სუინიმ და მისმა ხელქვეითებმა ყველაფერი გააკეთეს.
ბიჰენმა ველზე მდებარე ველორბოლის სტადიონი ამოირჩია სამიზნედ და “ბღენძი” დასაღუპად განწირული მიწიდან 9700 მეტრის მოშორებით გაუშვა.
ადმირალ პარნელს შეეძლო, ეამაყა: ფული წყალში არ ჩაყრილა. თითოეულ მიცვალებულზე რაღაც 300 დოლარი დახარჯეს _ სულ მცირე თანხა იმასთან შედარებით, რომლის გადახდაც უხდებათ პროფესიონალი მკვლელებისათვის, რომლებიც პირად მტერს აცილებენ ადამიანს. როგორც ცნობილია, საბითუმო ფასები ყოველთვის ნაკლებია საცალო ფასებზე…
ტინიანზე საზღვაო ქვეით ბატალიონთა ჯარისკაცები სიხარულისაგან გადარეულები დადიოდნენ: გადაწყდა, ტოკიოს ყურეში დესანტი აღარ გადაესხათ. ჯო მათთან ერთად სვამდა ვისკის. მას თავისი ახალთახალი მედალი ერთხელაც არ გაუკეთებია.
ერთი წლის შემდეგ იგი გალოთდა.
კიდევ ერთი წლის შემდეგ პირადად გავძარცვე ადამიანი.
გაგრძელება იქნება