Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ბავშვები

სტალინი და ბავშვები

ბავშვებისადმი სტალინური ეპოქის დამოკიდებულების ნათელი მაგალითია ჩვენი ოჯახი, რაზეც არაერთხელ გამიმახვილებია ყურადღება როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭდვით მედიაში. ამჟამად, როდესაც ვაქვეყნებთ წერილების ციკლს “სტალინი და ბავშვები”, აუცილებლობად ჩავთვალე, უფრო ვრცლად გამეცნო მკითხველისთვის ამბავი, რომელიც ჩვენს ოჯახში 1940-1950-იან წლებში მოხდა.

 

1939 წელს ჩემი უფროსი ძმა კოლია (ნიკოლოზი) ონიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. იმავე წელს ხარკოვის სპეცსკოლაში ჩარიცხეს. ომის დაწყების დღიდან გერმანიის ტერიტორიაზე სხვადასხვა დავალებას ასრულებდა მთავრობის დავალებით. 1941 წლის ბოლოს კოლიას ჯგუფი ჩავარდა და ჩემი ძმაც გერმანელთა ტყვეობაში აღმოჩნდა.

1939 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ჩემი ძმის, კოლია ონიანის, სტუდენტობის მეგობარი, ახალბედა ექიმი გივი გაბლიანი, რომელიც მამის _ ეგნატე გაბლიანის მიმართ რეპრესიების გამო საბჭოთა ხელისუფლებაზე განაწყენებული იყო და ომის დაწყებისთანავე გერმანელების მხარეს გადავიდა და ვერმახტის სამსახურში ჩადგა. გერმანელთა სხვადასხვა სამსახურის მიერ ტყვედჩავარდნილი ქართველების შემოწმებისას ორი მეგობარი და თანაც ორი სვანი გერმანიის მიწაზე სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. გივი გაბლიანს _ ულამაზესსა და უჭკვიანეს პიროვნებას, შესანიშნავ ექიმს, სწრაფად დაუმკვიდრებია თავისი ადგილი უცხო მიწაზე და ნდობაც დაუმსახურებია. სწორედ გივი გაბლიანის ხელშეწყობით გადაურჩა ჩემი ძმა ტყვეობას და ის კონტრდაზვერვის მიმართულების სასწავლებელში ჩარიცხეს.

კოლია ონიანი ორ მეტრამდე სიმაღლის, ხმელ-ხმელი და ძალინ ეშხიანი კაცი გახლდათ, ფენომენური ნიჭითა და მეხსიერებით დაჯილდოებული. ორ ქვეყანაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით შეიარაღებული ერთ-ერთი კომპეტენტური “თანამშრომელი” იყო. მან შესანიშნავად იცოდა როგორც თავდაცვის, ასევე, თავდასხმის ხერხები და საშუალებები.

ერთ-ერთი ოპერაციისას, რომელსაც გერმანული დაზვერვა რუსეთის ტერიტორიაზე ატარებდა, ჯგუფის ერთმა წევრმა _ საბჭოთა დაზვერვის აგენტმა _ გასცა ოპერაციის დეტალები და ჯგუფის ყველა წევრი ადგილზე დააპატიმრეს.

სამშობლოს ღალატისთვის ჩემს ძმას სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა შეუფარდეს. 6 თვის განმავლობაში ელოდებოდა სიკვდილს, მაგრამ დახვრეტის განაჩენი 10-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

1943 წელს კოლია ონიანი რუსთავში მეტალურგიული კომბინატის ახალდაწყებულ მშენებლობაზე ჩამოიყვანეს სამუშაოდ. სოფელში პირველი წერილი მოვიდა. კოლია მამას წერდა: “ვარ თბილისთან ახლოს ყარაიაზის ველზე, რუსთავში, ჩამოდი, მნახე”. მახსოვს, როგორ ზეიმობდა სოფელი კოლიას გადარჩენას. დაიწყო მზადება რუსთავში წასასვლელად. “კარზინკებსა” და ხურჯინებში იწყობოდა შაშხის ნაჭრები, მოხარშული დედლები, ჩურჩხელები, დაჭრილი თუთუნი და ისეთი ხორაგი, რომელიც მგზავრობას გაუძლებდა. შვილის ნახვით გახარებული დედა და მამა რუსთავიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდნენ.

ვიდრე ჩემი მშობლები შვილის სანახავად მეორედ გაემგზავრებოდნენ, ოჯახში წერილი მოვიდა: “მე კიროვის ოლქში ვარ, უკიდურეს ჩრდილოეთში. რუსთავში არ ჩახვიდეთ”. ტირილი და ვიში ატყდა სახლში, მაგრამ ვინ გაგვარკვევდა, რატომ გადაკარგეს დასალიერში სახლამდე მოსული კაცი.

როგორც შემდეგ გაირკვა, პატიმრების პატარა ჯგუფს გადაუწყვეტია რუსთავის კოლონიის ბარაკებიდან გაქცევა (მოხერხებულობითა და ცოდნით ჩემს ძმას წინ ხომ ვერაფერი დაუდგებოდა) და მტკვრის გადაცურვით სამშვიდობოზე გასვლა. ამ ჯგუფმა მსხვერპლის ფასად მოახერხა გაქცევა. მაგრამ საპატრულო სამსახურის ოპერატიული მოქმედების შედეგად, გაქცეულები შეიპყრეს და გაუსამართლებლად შორეულ ჩრდილოეთში გაამწესეს. იქ ჩასულებს უკვე მართლმსაჯულებაც გამკაცრებული დახვდათ და სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა 25-წლიანით შეუცვალათ.

სიცოცხლეზე ხელჩაქნეულმა კოლია ონიანმა თავზეხელაღებულ ცხოვრებას მიჰყო ხელი და იმ ადგილსაც მოაშორეს. მომდევნო წერილი ირკუტსკიდან მივიღეთ. ერთი წლის შემდეგ კი სამ “სროკაკიდებულმა”, 75 წლით პატიმრობამისჯილმა კოლიამ წერილი გამოგვიგზავნა კოლიმიდან, სადაც თითქმის 10 წელს იხდიდა სასჯელს. გვქონდა აქტიური მიმოწერა.

იდგა 1951 წელი, ზამთარი. ჩვენს სახლს ცხენით მოადგა “ფოშტის” გამგე სამსონ გაბიანი. მხარზე შავი ტყავის ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, წელზე _ ნაგანი ჩამოკიდებული. მახსოვს, ზღურბლზე ფეხების ბაკუნით თოვლი ჩამოიბერტყა და ტყავის შავი ჩანთა ნელ-ნელა გახსნა. ჩანთიდან დალუქული დიდი კონვერტი ამოიღო და მამაჩემს გაუწოდა, შემდეგ რაღაც ქაღალდზე, ეტყობა, წერილის ჩაბარებაზე ხელი მოაწერინა და დაგვემშვიდობა. მივხვდით, რომ წერილი განსაკუთრებული იყო (როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს ე.წ. სპეცფოსტა იყო). გაფაციცებით ვეცით კონვერტს, შიშით, მაგრამ მაინც სასწრაფოდ გავხსენით და ამოვიღეთ თეთრი ქაღალდი, რომელზეც რუსულად ეწერა:

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ, ქვემო სვანეთის რაიონი, სოფელი სასაში, დომენტი შავხანის ძე ონიანს.

თქვენმა შვილმა ნიკოლოზ დომენტის ძე ონიანმა, რომელიც სასჯელს იხდის ხაბაროვსკის მხარის კოლიმის ოლქში, თხოვნით მიმართა ამხ. . სტალინს, რათა დაეხმაროს და ქორწინებაში არმყოფ პატიმარ ქალთან გაჩენილი შვილი აღსაზრდელად გაუგზავნონ მის მშობლებს _ დომენტი შავხანის ძე ონიანსა და იადონ ზურაბის ასულ ონიანს.

.სტალინის რეზოლუციის თანახმად, თუ თქვენ, მშობლები, თანხმობას განაცხადებთ შვილიშვილის მეურვეობაზე და ამის დამადასტურებელ ცნობებს გამოგვიგზავნით, დამოწმებულს რაიონული ხელმძღვანელობის მიერ, ბავშვს, გიორგი ნიკოლოზის ძე ონიანს მიიღებთ ადგილზე.

კლიმენტი ვოროშილოვი

მოსკოვი. კრემლი”.

იმ ღამეს არავის გვიძინია, არა მხოლოდ ჩვენს ოჯახს, არამედ სოფელს, _ ყველას უხაროდა, რომ კოლიას შვილი სვანეთს მოევლინებოდა. კოლიას დაბრუნებაზე კი ოცნებაც შეუძლებელი იყო. საღამოს ხარი დაიკლა და ყველა ოჯახიდან მოგვდიოდა მოსაკითხი _ არაყი და ხორაგი. სოფელი ნადიმობდა, სასაშის მკვიდრნი ერთმანეთს ულოცავდნენ ამ სასიხარულო ამბავს.

რაიკომის იმჟამინდელი პირველი მდივანი ვანო ხაბულიანი და აღმასკომის თავმჯდომარე კორნელი გაზდელიანი მეორე დღესვე დაუკავშირდნენ თბილისს და მიიღეს რეკომენდაციები კრემლში გასაგზავნი დოკუმენტების შექმნის თაობაზე.

ყველა საჭირო საბუთი დიდი რუდუნებით ჩავდეთ განსაკუთრებულ კონვერტში, რომელიც რაიონულმა კომიტეტმა გადმოგვცა. კონვერტზე გაჩნდა რუსული წარწერა:

მოსკოვი. კრემლი. . სტალინს

გამგზავნი: ონიანი დომენტი შავხანის ძე

საქართველოს სსრ. ქვემო სვანეთი, სოფელი სასაში”.

ლენტეხის რაიონულმა ფოსტამ სპეციალურ ჟურნალში გაატარა წერილი

ხანგრძლივი თოვლიანი ზამთარი მოსაწყენი და მოსაბეზრებელი შეიქნა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვამდე დიდი გზა იყო, წერილის გაგზავნის მეორე დღიდანვე ველოდით პასუხს, რადგან ჩვენ სტალინის დავალებით ვმოქმედებდით და კონვერტზეც სტალინის სახელი ეწერა. დრო ვერაფერმა შეამოკლა. გათავდა დიდი მარხვაDდა დაიწყო გაზაფხული. გაზაფხულს ზაფხული მოჰყვა, მაგრამ სიახლე არა.

 1952 წლის 5 ოქტომბერს სვანეთში დიდი თოვლი მოვიდა. ჩვენი სახლის კვამლისგან გაშავებულ კედელზე ცარცით დავწერე: “5 ოქტომბერი. Dდიდი თოვლი მოვიდა. 1952 წელი”. ეს წარწერა დიდხანს იყო კედელზე, ვიდრე მამაჩემმა სახლი არ გადააკეთა. ყველას ეგონა, თოვლი დადნებოდა და ზამთარი ასე ნაადრევად არ ჩამოდგებოდა, მაგრამ იმედი გაგვიცრუვდა, თოვლის საფარი კი არ იკლებდა, პირიქით _ იმატებდა. ყოველ საღამოს, როდესაც ოჯახის წევრები ღუმელთან მოვიყრიდით ხოლმე თავს, იმაზე ვლაპარაკობდით, როგორ ამოვიდოდა გიორგი ამ ავდარში ზვავებით გავსებული გზებით სვანეთში.

 ოჯახის ყველა წევრი თავისებურად ემზადებოდა გიორგისთან შესახვედრად. ას წელს გადაცილებული ბაბუა ზურაბი ციგას, ციგურებს, თხილამურებსა და ბზუალას (ჯირინჯიკა) უმზადებდა უცნობ პატარა შვილიშვილს, დედაჩემი კი წინდებს, ხელთათმანებს, ჯემპრებს უქსოვდა. კოშო _ ბაბუას ობოლი ძმისშვილი, რომელიც ჩვენთან გაიზარდა და ჩვენ თითქმის სანახევროდ მისი გაზრდილები ვართ, გიორგისთვის ფეხების დასაბანად სპილენძის პატარა ტაშტს ამზადებდა, რომელშიც დედა მოცვის მურაბას ხარშავდა ხოლმე. მამაჩემმა საახალწლოდ დასაკლავ ტახებთან ერთად სამი “საბატკე” ბურვაკიც შეუშვა გასასუქებლად და შამფურზე შესაწვავად. ცხენის ბაგაზე გადმოაბეს კოლიას სახელზე შეწირული უზარმაზი შავი ხარი ფუსნა (რომელსაც შუბლიდან დრუნჩამდე თეთრი ზოლი დაჰყვებოდა) და გაძლიერებულ კვებაზე გადაიყვანეს, რათა გიორგის “ლიხიადალზე” (სიხარულზე, როცა ჩამოვა) კოლიას სახელზე დაეკლათ (ამით ფათერაკი ასცდება მას, ვის სახელზეც არის შეწირული ხარი თუ სხვა რამ). კოლიას მომდევნო _ ნინა სხვადასხვა ფორმის თეთრეულს უმზადებდა თავის ძმისშვილს და სტუმრისთვის გამოყოფილ ბუხრიან ოთახს სწორედ გიორგისთვის ალაგებდა. ჩემი ძმები თოფითა და მახეებით ჭყანტობ ადგილებში იყვნენ გასული მახეების დასაგებად და გუნდგუნდად გადამფრენ ფრინველებს საფანტიანი თოფიდან გასროლით უმასპინძლდებოდნენ. სახლში მოტანილ ნანადირევს ვპუტავდით, ნაღვერდალზე ვტრუსავდით, ვამარილებდით და მოხრილ რკალზე გამობმულ დაგრეხილ თოკზე კისრებით ვამგრებდით, გიორგის ნანადირევი ფრინველის ხორცით რომ ესიამოვნა.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ყველა წევრი ჩაბმული ვიყავით გიორგის მიღება-დაბინავების საქმეში, არავის გვქონდა წარმოდგენა მის წლოვანებაზე, თუ არ გავითვალისწინებთ დედაჩემის სიზმარს, რომლის მიხედვითაც გიორგი სამი წლის იყო.

 იდგა შობა. იშვიათია სვანური ოჯახი, სადაცქრისდეეშ” (შობას) ტახი არ დაიკვლება და სანთელი არ დაინთება. ასე იყო ჩვენს ტრადიციულ ოჯახშიც. მაჩუბში (სვანური სახლის პირველი სართული) შუაცეცხლი დაინთო და უზარმაზარი თუჯის ქვაბი ნააჭაზე (სპეციალურ ჯაჭვზე) ჩამოეკიდა. ქვაბში ჩასხმულმა წყალმა დუღილი რომ დაიწყო, ოჯახის ყველა მამაკაცი ტახების გომურში შევედით საკლავის გამოსაყვანად. ის იყო ერთი ტახი უკვე წამოქცეული გვყავდა და ბაბუაჩემი დანას ფხას უსინჯავდა, რომ მაჩუბში მეზობელი ვენერა შემოვიდა, დეპეშა აგვიფრიალა და მოგვახარა, გიორგი ქუთაისშია და ბიძია დომენტის ელოდებაო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის თითქმის ერთ წლის განმავლობაში ველოდებოდით, ცნობა მაინც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთს ვკოცნიდით და ვეხვეოდით, ჩვენს სიხარულს მეზობლებიც შემოუერთდნენ, ყველა აღტაცებული იყო. ცოტა რომ დავწყნარდით, ტახი მოვიკითხეთ, მაგრამ სადღა იყო. ბაბუამ დაგვამშვიდა, _ ისეთი მსუქანია, შორს ვერ გაიქცეოდა, აქვე იქნებაო. მალევე მეზობელმა შეგვატყობინა, თქვენი ტახი თოვლშია ჩაფლული და ვერ მოძრაობსო. დედაჩემმა ცომი მოზილა და, ვიდრე ცომი აფუვდებოდა, ტახი უკვე გამოშიგნული გვყავდა, სახელდახელოდ ამოჭრილი სუკებისგან დედაჩემი კუბდარის კვერებს აცხობდა და ცვილის სანთლებს გრეხდა ლოცვის აღსავლენად.

 ორშაბათს, დილით, მამაჩემი პაჭიჭებით, ხარის ტყავისგან შეკერილი ფეხსაცმლით (გაბუნდულებით), რომელშიც “წერექვი” იყო ჩატანებული, ზურგზე საგზალგადაკიდებული ფეხით დაადგა არცთუ მოკლე თოვლიან გზას ჩემი სოფლიდან (სასაშიდან) ქუთაისისკენ.

 ჩოლურის, ლენტეხის, ცაგერის, ორბელის, ალპანის გავლით მესამე დღეს, ოთხშაბათს მამა რკინიგზის სადგურთან არსებულ ბავშვთა ოთახს მიადგა (მითითებული იყო დეპეშაში). რომელსაც მილიციის თანამშრომელი იცავდა. მას მამაჩემმა ვერაფერი გააგებინა, რადგან რუსი აღმოჩნდა. თუმცა მეორე მილიციელი, რომელიც მოსაცდელ ოთახში მორიგეობდა, მალე გაერკვია საქმის ვითარებაში და მამაჩემიც, თუმცა აღელვებული, დაელოდა ბავშვთა ოთახში შესვლას, რადგან პატარა გიორგის ეძინა.

მამაჩემი, როგორც იქნა, ბავშვთა ოთახში შეუშვეს და შვილიშვილთან მიიყვანეს. პატარა საწოლზე დათვის ბელივით წამომჯდარი პატარა გიორგი ბაბუას პირდაღებული შეჰყურებდა. მამა დინჯი და აუღელვებელი კაცი იყო. მან ბავშვი დიდი გულმოდგინებითა და ინტერესით დაათვალიერა. შვილის რაიმე ნიშანს, თვისებას თუ ღიმილს ეძებდა ბავშვში, თვალების ფერსა და ფრჩხილების მოყვანილობას აკვირდებოდა. ბოლოს კი, როცა ნადირივით დაყნოსა, ვეღარ მოითმინა და მხეცივით აღრიალდა, _ ეს მისი სისხლი და ხორცია, მისი ჯიში. ემოციური ხვევნაკოცნის შემდეგ საქმეზე გადავიდნენ. ბავშვთა ოთახში სასწრაფოდ მოვიდა ქუთაისის მილიციის სამართველოს უფროსი, ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, ქალაქის მთავარი პედიატრი და სხვა ოფიციალური პირები. დაიწყო გიორგი ნიკოლოზის ძე ონიანის მიღებჩაბარების პროცედურა.

მეურვეს (ბაბუას) გადაეცა წლისა და შვიდი თვის სრულიად ჯანმრთელი გიორგი ნიკოლოზის ძე ონიანი. ასევე ჩაბარდა:

 * საზაფხულო ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ხუთ წლამდე;

*საზამთრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ხუთ წლამდე;

* ლოგინის სრული კომპლექტი ხუთ წლამდე;

*ბავშვის დასაკეცი საწოლი;

*ქუდები საზამთრო და საზაფხულო;

მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოაწერეს: ჩამბარებელ-გამცილებლებმა _ მილიციის სერჟანტმა პოპოვმა და ექთანმა ორლოვამ, მიმღებმა ბაბუამ _ დომენტი შავხანის ძე ონიანმა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაოცებას ვერ მალავდნენ იმ ყურადღების გამო, რომელსაც შორეულ ციმბირიდან (მაგადანიდან) ჩამოსული მილიციელი და ექთანი იჩენდნენ ბავშვის მიმართ. დამშვიდობებისას, როცა ბავშვი თავისი ავლა-დიდებით ოთახიდან გამოჰყავდათ, მილიციის თანამშრომელი და ექთანი გულამოსკვნით ქვითინებდნენ.

ავდრისა და ცუდი გზის გამო, ბავშვის “მზითევი” მამაჩემმა ქუთაისში თავის ბიძაშვილ გუცას მიაბარა, თვითონ კი ბეჭებზე შესმული შვილიშვილით ქუთაისიდან ქვემო სვანეთისკენ მიმავალ გზას დაადგა.

1954 წლის 1 იანვარი კარზე იყო მომდგარი, დომენტიმ დაკარგული ვაჟის ნანატრი შვილით სახლის კარი რომ შეაღო.

დედამ, რომელიც იმხანად 54 წლის იყო (1900 წელს დაბადებული), შვილიშვილს თავის გულსა და ლოგინში მიუჩინა ადგილი. მთის კერძებს შეუჩვეველი პატარა ჭირვეულობდა, რის გამოც დედაჩემი იძულებული შეიქნა, თავისი გამშრალი ძუძუთი “გამასპინძლებოდა”.

ბავშვისთვის სახლში გიორგი არავის დაუძახია, რატომღაც ყველამ ჟორად აღიარა. ჟორა იყო მთელი ოჯახის საზრუნავი და საფიცარი.

ყველა ცდილობდა, რაღაცით ესიამოვნებინა მისთვის. დედაჩემის ძუძუს რეგულარული წოვის შედეგად მოხდა სასწაული და 54 წლის ქალს მკერდში რძე ჩაუდგა. ბავშვისა და ბებიის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ჟორამ მხოლოდ რუსული სიტყვები იცოდა, მაგრამ ეს სიტყვები არ იცოდა ოჯახის არც ერთმა წევრმა, ამიტომ ბავშვის მოთხოვნების დაკმაყოფილება ადვილი საქმე არ იყო. ბავშვი დაჟინებით გაიძახოდა, _ “პიტ დაი!”, ბაბუაჩემის ძმისშვილი კოშო, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა, დედას ეუბნებოდა, სასწრაფოდ საღვთო კვერები უნდა დავაცხოთ ჟორა პიტს ითხოვსო (პიტ _ სვანურად საღვთო კვერს ნიშნავს). ასე ჯახირ-ჯახირით ისწავლა კოშომ რუსული, ხოლო ჟორამ _ სვანური.

1957 წელს საბჭოთა კავშირში გამოცხადებულმა საყოველთაო ამინისტიამ ყველა დამნაშავისა თუ უდანაშაულოსთვის გააღო საპატიმროს კარი და ჩემი ძმა კოლია ონიანიც მშობლიურ კერას დაუბრუნდა, ხოლო ჟორას დედა, ყოფილი პატიმარი ელენა მაკოვსკაია, პოლონეთს გაემგზავრა.

სამშობლოში ჩასულმა ელენა მაკოვსკაიამ მიმოწერა დაიწყო დედაჩემთან _ კითხულობდა ბავშვის მდგომარეობას. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ერთხელ ოჯახში ისევ სპეცფოსტას რომ არ მოეტანა წერილი. პოლონეთის საელჩო მოსკოვიდან იტყობინებოდა, რომ ჩვენთან აღსაზრდელად მყოფი ბავშვი _ გიორგი ნიკოლოზის ძე ონიანი, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიკუთვნებულია დედას _ პოლონეთის მოქალაქე ელენე მაკოვსკაიას, ამიტომ ბავშვის ექსტრადირება უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდესო, _ იუწყებოდა პოლონეთის ელჩი.

ოჯახში გლოვის ზარმა ჩამოჰკრა. ვერავის წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა ოჯახს ჟორას გარეშე. ოჯახი და ლანხუბი (ბიძაშვილობა) გეგმავდა, სად უნდა გახიზნულიყო, რომელ ტყესა და კლდის რომელ ჭიუხებში ჟორასთან ერთად რამდენიმე კაცი, რომ ბავშვი სვანეთიდან არ წაეყვანათ. ოჯახს ღამეები არ ეძინა, მაგრამ არ ეძინა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსაც. მოსკოვიდან ჩამოსულმა კგბ-ს მაღალჩინოსანმა, რომელსაც ახლდნენ საქართველოს უშიშროების თანამშრომლები, დაწვრილებით შეისწავლეს ბავშვის აღზრდისა და სწავლა-განათლების მდგომარეობა და საიდუმლო ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს მამაჩემს, იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვის წასაყვანად უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიც იქნებოდნენ.

პოლონეთის საელჩოს რამდენიმე მცდელობა, ბავშვი გაეყვანათ სვანეთიდან, უშედეგოდ დასრულდა _ წინასწარი საიდუმლო შეტყობინების შემდეგ, ბავშვი 3-4 დღით საიდუმლო სამალავში მიჰყავდათ. ასე გაგრძელდა, ვიდრე ჟორა სრულწლოვანი (18 წლის) არ გახდა. სრულწლოვანმა ჟორამ კი სასტიკი უარი განაცხადა პოლონეთის მოქალაქეობაზე და მას სახელდახელოდ საბჭოთა პასპორტი ჩაუდეს ჯიბეში.

გრიგოლ ონიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here