Home რუბრიკები ისტორია სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში

სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში

მენშევიკური მთავრობა, ქართული ეკლესია და ეროვნული განძი

მკითხველისათვის უფრო ავტორიტეტული და საიმედო რომ იყოს ჩემ მიერ ქვევით გამოთქმული აზრები, კვლავ მეცნიერ სერგო ვარდოსანიძეს დავიმოწმებ:


დაიწყო ეკლესიამონასტრებიდან საეკლესიო სიწმინდეთა მუზეუმებში გადატანა, რამაც საქართველოს კათოლოკოსპატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე, საკათალიკოსო საბჭოს წევრები და საერო პირები გაანაწყენა. შიშობდნენ, რომ ათეისტური მიმართულების სოციალდემოკრატებს, შესაძლოა, ოქროვერცხლით მოჭედილი ხატები, ბრილიანტისთვლიანი მიტრები თუ პანაღიები გაეყიდათ და დაცარიელებული ხაზინის შევსება ამ გზით მოეხერხებინათ. გარდა ამისა, ხელისუფლებისთვის საეკლესიო სიწმინდეებს მხოლოდ ისტორიული ღირებულება ჰქონდა. ხელისუფლებამ იცოდა სასულიერო პირების პოზიცია, ამიტომ სცადა ვითარების განმუხტვა იმით, რომ 1919 წლის 22 ივლისს მთავრობის თავმჯდომარის _ ნოე ჟორდანიას განკარგულებით, ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა ეკლესიამონასტრების ქონების აღწერის თავმჯდომარედ. მთავრობის საგანგებო განკარგულებით, გელათის მონასტრის განძეულობა გადაიტანეს ქუთაისის მუზეუმში. გაგრძელდა საეკლესიო საკუთრების ხელყოფა, ამის გამო უწმინდესმა და უნეტარესმა ლეონიდემ საგანგებო წერილით მიმართა ნოე ჟორდანიას. წერილში წამოჭრილი საკითხები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადავწყვიტეთ სრულად გამოქვეყნება”, _ წერს სერგო ვარდოსანიძე.

დიდად პატივცემულო ნოე ნიკოლოზის ძევ!

ტელეფონოგრამით, რომელიც თქვენი სახელით გადმომცა ტრიფონ ჯაფარიძემ ნოემბრის 26-ს, თქვენ მითვლიდით: “დღეს ან ხვალ ქუთაისიდან დაბრუნდება ჩემი რწმუნებული და მაშინ დაწვრილებით გეცოდინებათ გელათის ამბები”. დღეს, დეკემბრის 5-ს თქვენი რწმუნებული, კარგა ხანია, დაბრუნდა და თბილისში იმყოფება, მაგრამ მე მაინც ღირსი არ გავხდი თქვენგან აღთქმული ცნობების მიღებისა! დღეიდან ეს ცნობები აღარ მჭირდება, მე უკვე მივიღე სრულებით საიმედო წყაროდან საჭირო ცნობები მთელი სისრულით.

ვცდილობ მივხვდე, რამ გაიძულა თბილისიდან რწმუნებულის გაგზავნა გელათში მონასტრის განძეულობის გადმოსატანად. ვერ გამიგია, ვერ მიმხვდარვარ, ვერ გავრკვეულვარ, ეს რა ჩაგიდენიათ და როგორ აგიყირავებიათ ყველაფერი. უეჭველია, თქვენ მიმითითებთ სოციალდემოკრატების გაზეთებში მოყვანილ ცნობაზე გელათის მონასტრის ვითომდა ბერებისაგან გაძარცვის შესახებ, მაგრამ ეს საბუთები არ გამოგადგებათ, რადგანაც დღეს ჩვენში სამი წლის ბავშმაც კი კარგად იცის, რა ღირებულებების და სისწორის ცნობებიც იბეჭდება ეკლესიებზე სოციალისტების ორგანოებში……

ნუთუ ჩემი მდგომარეობა, როგორც საქართველოს მთელი მორწმუნე მოსახლეობის მამამთავრისა და დროული საზოგადო მოღვაწისა, საბუთია თქვენთვის იმისი, რომ არაფერი ანგარიში არ გამიწიოთ, ჩვარივით მთელოთ და, ჩემდა სრულებით დაუკითხავად, ზიდოთ ტომრებით თქვენს ძირგავარდნილ ხაზინებში, ვითომ და დასაცველად, სასწაულმოქმედი ხატები, ჯვრები, წმინდა ნაწილები, შესამოსლები, ბარძიმფეშხუმები და სხვა. არც სიცოცხლე, არც გონება და არც მორწმუნე ერისაგან მინიჭებული უფლებამოსილება, ღვთის მადლით, ჯერჯერობით არ დამიკარგავს და ვერ გამიგია, რომელი უფლებით გინებებიათ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის აღება ხელში და ბრძანების გაცემა, ასეთი რამეების გადმოტანა გელათის მონასტრიდან, რასაც მორწმუნენი მუხლს უყრიან, წმინდა სანთელს უნთებენ და, თუ ეხებიან, მარტო მხოლოდ და მხოლოდ დიდი კრძალვა მოწიწებით, ამბორის ყოფით, ისიც სამღვდელო პირთა დახმარებით და არა სხვა რომელიმე სახით. განა თქვენ გქონდათ ან დღეს გაქვთ იმის საბუთი, რომ შეიარაღებული მილიციონერების რაზმით შეჭრილიყავით მონასტერში ცნობის მიუცემლად და სრულებით დაუკითხავად ქუთაისის ეპარქიული მწყემსმთავრისა, რომელსაც ასეთი თქვენი საქციელით პატივისცემას უკარგავთ და საზოგადოების თვალში სახავთ ნდობა დაკარგულ საეჭვო პირად?

თქვენ შეუფერხებლად შეეხეთ და შეურაცხყავით მორწმუნეთა სინდისი, იმ ხალხისა, რომელიც ეკლესიის ეზოდან გამოსული ფეხს იბერტყავს, წმინდა ადგილის მტვერი არ გამყვესო, რომელიც ეკლესიის ეზოში ნაპოვნ ლურსმანს ხელს არ ჰკიდებს, ღვთისა არისო, თქვენ აბუჩად იგდებთ, როდესაც მის სალოცავ და სათაყვანო წმინდა ნაწილებით სავსე ხატებს, ჯვრებს და ბარძიმ-ფეშხუმებს ტყემლის ტყლაპების ყუთებში აყრევინებთ უბრალო ნაირების მსგავსად თქვენგან გაგზავნილ საერო პირს. განა ეს, თქვენის მხრით, სხვისი სვინდისის შეგინება არ არის მორწმუნეთათვის და ბრძოლაში გამოსაწვევი ხელთათმანის გადაგდება არ არის? ნუთუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამგვარ პროფანაციას მორწმუნე ქართველობა აპატიებს და შეარჩენს ვინმეს?! სასტიკად ცდებით.

გელათში დანთებულია თქვენგან ისეთი ცეცხლი, რომელიც, თუ ეხლავე თქვენივე ხელით არ ჩააქრეთ, სულ ჩქარა ცაში ავარდნილი გრანდიოზული ჭიაკოკონა წითლად შეღებავს მთელ საქართველოს არემარეს და ამ კოცონის გარშემო მომუშავე ქრისტიანებს გვერდში ამოუდგებიან მაჰმადიანი ქართველებიც, რომლებიც ხმამაღლა გაიძახიან: სოციალისტები თავიანთი ჯურის ეკლესიას რომ სპობენ, განა ჩვენ კი სიკეთეს დაგვაყრიან, ჩვენ კი არ შეგვიბილწავენ მეჩეთებსა და ყურანს?

თქვენ გაგეცინათ ამაზე, მაგრამ მოგახსენებთ, რომ თქვენი გაცინება თუ რისხვა არ აჩერებს არც მტკვარს და არც სხვა რომელიმე მდინარეს.

გული სისხლით მეწურება, როდესაც ვითვალისწინებ თქვენგან ჩადენილი ფაქტის შესაძლო სავალალო შედეგებს და სამშობლოს სახელით გემუდარებით, ნუ გაამწვავებთ ამ საქმეს, ნუ გაიტანთ გელათიდან საეკლესიო ნივთების გამოტანის ამბავს ფართო საზოგადოებაში, ინებეთ უკანვე მიბრუნება მონასტერში განძეულობისა და ყველაფერი თავისთავად მიჩუმდება, თორემ იცოდეთ, სავსებით გამომჟღავნება ხალხში თქვენი განკარგულება, რომელიც ნავთის ტბაში ანთებული ასანთის გადასროლა იქნება.

თუ გელათის მონასტერს არ დაუბრუნდება მისი საკუთრება, ვერც მე შემიძლია გაჩუმება და იმ შემთხვევისათვის ვიტოვებ მოქმედებათა თავისუფლებას. თქვენთვის უცნობი არ არის წმინდა წყლის ქართული დიდი მოთმინება და მოკრძალება, არასოდეს ამ ენითა და კილოთი არ მილაპარაკნია თქვენთან, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს საზღვარი აქვს: უკანასკნელი საქციელით თქვენ შარაზე დასვით ყოფნა-არყოფნის საკითხი ქართული ეკლესიისა, ურომლისოდაც ერთ წამსაც არ მსურს სიცოცხლე, და ასეთ შემთხვევაში ჩემი გაჩუმება იქნებოდა ღალატი.

თქვენგან უსამართლოდ უფლება აყრილი, შეურაცხყოფილი კათოლიკოსპატრიარქი ლეონიდე”.

“1920 წლის ივლისში თბილისში გამართულ მეორე საეკლესიო კრებაზე მოწვეული იქნა პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი. მისი სურვილი იყო, შეეგონებინა კრებისთვის, რომ საქართველოს ეკლესიებიდან და მონასტრებიდან გადმოეცათ მღვდლებს მთავრობის მოთხოვნილებისამებრ მამა-პაპათგან დღემდე დაცული სიწმინდე _ განძეულობა, მაგრამ ექვთიმეს კრება დაუპირისპირდა, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდეც” (თალაკვაძე. 2013: 119).

მენშევიკური მთავრობის საქმიანობამ ეკლესია-მონასტრების ძარცვისა და შევიწროების საქმეში კულმინაციას მიაღწია, რის გამოც საკათალიკოსო საბჭო, მთლიანად მრევლი და თვით კათოლიკოს-პატრიარქი აღშფოთებას ვერ ფარავდნენ. გაგზავნილი წერილების პასუხის მიუღებლობითა და ეკლესიების ძარცვით შეწუხებული კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე რამდენიმე საეკლესიო საბჭოს წევრთან ერთად მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას კაბინეტში ეახლენ. მათ შორის გაიმართა დიალოგი.

მისი უწმინდესობა:

_ ბატონო ნოე ნიკოლოზის ძევ! თქვენ წინ დგანან საქართველოს თავისუფალი და დამოუკიდებელი ეკლესიის თავი, ამ ეკლესიის მუდმივი საღვთო კრების წევრები და ამ სამი დღის წინედ დასრულებული მცხეთათბილისიურბნისის საეპარქიო კრების დელეგატთა წარმომადგენლები. ამ შემადგენლობით მოვედით თქვენთან იმ მიზნით, რომ გაგიმეოროთ, ჩემდა, საეკლესიო უზენაესი ორგანოს და ქუთაისის მღვდელთმთავრის დაუკითხავად, თქვენს რწმუნებულს გადაუზიდია გელათიდან ქუთაისის ხაზინაში ვითომდა დასაცლელად ჯვრები, ხატები, წმინდა ნაწილები და სხვა. 25 ნოემბერს ტელეფონოგრამით გთხოვეთ განკარგულება ნივთების უკანვე დაბრუნებისათვის. თქვენ აღმიქვით დამაკმაყოფილებელი პასუხის მოცემა რწმუნებულის დაბრუნების შემდეგ, მაგრამ მე ასეთი არ მიმიღია, თუმცა თქვენი რწმუნებული, დიდი ხანია, დაბრუნდა თბილისში. ამის გამო მე გიცხადებთ უღრმეს გულისწყრომას და უსასტიკეს გაკიცხვას.

მთავრობის თავმჯდომარე:

_ მე ვწყვეტ ამ სხდომას, ამ კილოთი ლაპარაკს და გულისწყრომას მე, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვერ მოვისმენ. მას მე ვაუწყებ მთავრობას.

მისი უწმინდესობა:

_ ჩვენ სწორედ იმისათვის მოვედით, რომ დამოუკიდებელი ეკლესიის სახელით მოგვეთხოვა თქვენი რწმუნებულის მიერ გელათის მონასტრიდან წაღებული ნივთების უკან დაბრუნება.

მთავრობის თავმჯდომარე:

_ საქართველოს ეკლესია დამოუკიდებელი და თავისუფალი არ არის, ის ჯერ სახელმწიფოსაგან გამოუყოფელია, ვერც შევქმნით სახელმწიფოს სახელმწიფოში. რაც შეეხება საეკლესიო ნივთებს, ისინი შეადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და სახელმწიფოს საქმეა, სად შეინახავს მათ… უნდა იცოდეთ, ვისთან მიდიხართ…

მისი უწმინდესობა:

_ თქვენ უფლება გაქვთ, ციხეშიდაც ჩამსვათ, მე ვასრულებ ჩემს საღმრთო მოვალეობას, ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა გაგვეგო, რომ საეკლესიო ნივთებს თქვენ სთვლით სახელმწიფო საკუთრებად… მშვიდობით ბრძანდებოდეთ!

ამ სიტყვებით გამოიხურა მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის კარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ და მდუმარედ დაეშვა სიონის ეკლესიისკენ.

1923 წლის 10 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი პარიზიდან წერილს უგზავნის საქართველოს აკადემიურ წარმომადგენელს მოსკოვში დამიანე ჯგუშიას, იგი წერს:

“…უნდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს სიძველენის ძარცვა სისტემატიურად სწარმოებდა და იმდენი ძეგლებია საქართველოდან გატაცებული, რომ ეხლა მესამედის მიგნებაც ძნელია. ოთხი მეხუთედი ზვენიგოროდსკის, ბოტკინის და ბალაშოვის კოლექციებისა საქართველოს მონასტრებიდან არის მოტაცებული, ესენი ბიზანტიურ _ ქართული ხელობის მინანქრიანი ნივთებისგან შესდგებიანამის გამო, მე რომ უნივერსიტეტიდან ტფილისში ჩამოვედი, . ბაქრაძესთან ერთად მოხსენებასაჩივარიც წარვუდგინე მთავრობას, მაგრამ ყურადღებაც არ მოგვაქციეს, ვინაიდან ეგზარხოსი ერია საქმეში” (. ჟორდანია. “დაბრუნებული საუნჯე”, გვ. 27. 1983 წელი).

როგორც მასალებიდან ირკვევა, არც მენშევიკური მთავრობა და არც ბატონი ექვთიმე თაყაიშვილი არ იყვნენ დაინტერესებული იმ საგანძურითა და სამუზეუმო- საარქივო რელიკვიებით, რომელზეც ასე გულდაწყვეტით წერდა პარიზიდან მეცნიერი. იმ წლებში (1918-21), როდესაც პირწმინდად გაიძარცვა ეკლესია-მონასტრები, მთავრობის დავალებით 1919 წლის 8 დეკემბერს ექვთიმე თაყაიშვილს დაევალა სამეგრელოს თავადის განძეულობის აღმწერი კომისიის შექმნა, 20 ან 21 დეკემბერს მინგრელსკის მოურავთან ერთად ექვთიმე თაყაიშვილმა შეაღო სასახლის დალუქული კარი და დაუთვალიერებია სასახლის ყველა ოთახი და სათავსო.

“ჩასულა ქვემო სართულის სამზარეულოში, სადაც მოურავს უჩვენებია სამალავი. გამოუნგრევიათ განჯინის ამოქოლილი პირი. შიგ აღმოჩენილა 4 ყუთი სავსე ოქროსა და ვერცხლის ნივთებით და ცალკე ვლახერნის დიდი ხატი თავის “კოიტით”, ანუ კიდობნით. მეორე დღეს, 22 დეკემბერს, კომისიას დაუთვალიერებია სასახლის ზემო სართულის ოთახები და აღუნუსხია “უმთავრესი საგნები და ნივთები ამ ოთახებისა”. კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში გადაიტანეს ვლახერნის ხატი, სამალავში დაცული ნივთები, აგრეთვე, “ხატები, სამი სახარება და ყანწები ვერცხლით შემკობილი, ვერცხლის ნივთები და ერთი ღვთისმშობლის ხატი” _ ეკლესიიდან (ჟორდანია, “დაბრუნებული საუნჯე”, გვ. 34. 1983 წელი).

ასე მიჰქონდა მენშევიკურ მთავრობასსაფრთხეადგილებიდან და სამალავებიდან ამოღებული ეროვნული განძი, ძველი, დანგრეული გემით, აბობოქრებული ზღვის გავლით, აბობოქრებულუსაფრთხოევროპაში შესანახად.

აი, რას წერს ამის შესახებ დიდი ქართველი მეცნიერი და გულანთებული პატრიოტი სარგის კაკაბაძე:

“1917 წლის განმავლობაში საარქივო საქმეს ჯერ კიდევ თვალსაჩინო ზიანი მიყენებული არ ჰქონდა. არქივები უმთავრესად იყო თავის ადგილას, ჩრდილოეთ კავკასიაში გატანილ არქივებს თვალყურს ადევნებდნენ სპეციალური მოხელეები, რომელნიც კიდევ განაგრძობდნენ ჯამაგირის მიღებას თბილისიდან. 1918-1919 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში მოთავსებული არქივები უკვე საფრთხეს განიცდიდნენ, რაც 1920-21 წლებში გამოიხატა მათ ნაწილობრივ ან სრულ დაღუპვაში. 1920 წელს სტანიცა კავკასკაიაში დაიღუპა ტფილისის საგუბერნიო მიწათმოქმედების სამმართველოს არქივი, სადაც, სხვათა შორის, მოთავსებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს სიგელ-გუჯრები დაწყებული მეთერთმეტე საუკუნიდან. ამავე 1920 წლიდან სერიოზულ საფრთხეში ვარდება ქალაქ ეკატერინოდარში მოთავსებული ძვირფასი არქივი რუსეთის დროინდელ თბილისის ცენტრალური დაწესებულებებისა. პარალელურად ამისა, ჩვენშიდაც 1919 წელს გაიყიდა თითქმის მთლიანად ქუთაისის საგუბერნიო სამმართველოს არქივი…. ეს გაყიდვა მოხდა თვით ამ არქივების არქივარიუსების შუამდგომლობით, ადგილობრივი ხელისუფლების დასტურით. არქივი იმდენად დიდი იყო, რომ, როდესაც 2 წლის შემდეგ მისი გაყიდვისა, 1921 წელს, ივნისში, ამ სტრიქონების დამწერმა შესძლო სპეციალური მივლინების მიღება ქუთაისში, ამ არქივის ნაშთის გადარჩენის მიზნით, ქალაქში ჩხრეკის მოხდენის და მოვაჭრეებისთვის ცოტად თუ მეტად მნიშვნელოვანი საქმეების ჩამორთმევით, კიდევ შესაძლებელი შეიქმნა ერთგვარი საარქივო ფონდის შექმნა” (“საისტორიო მოამბე”, წიგნი პირველი. ტფილისი, 1924 წ. გვ. 267).

1920 წელს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი საქართველოს ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ. სამწუხაროდ, ცენტრალური არქივის საქმე თავიდანვე ვერ წავიდა სასურველად, მის სათავეში მოყვა ნაცვლად დირექტორისა დამფუძნებელი კრების წევრი, როგორც მთავრობის თავმჯდომარის რწმუნებული, რაც ერთგვარ უხერხულობას წარმოადგენდა (“საისტორიო მოამბე”, წიგნი პირველი, ტფილისი, 1924 წ. გვ. 268).

“სამწუხაროდ, როგორც არქივების, ისე სამუზეუმო კოლექციათა რუსეთიდან უკან დაბრუნების საქმე თავიდანვე ვერ წავიდა სასურველად. ჯერ კიდევ 1920 წელს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ გაგზავნა მოსკოვს სათანადო ნდობითY აღჭურვილი პირი, რომელმაც, არათუ ზომები მიიღო საქმის დასაძრავად, არამედ არც კი შეიარა გზად ქალაქ გეორგიევსკსა და რომანოვსკში ამ ადგილებში დაცული საქართველოს მონასტრების სიგელ-გუჯრების ბედის გასაგებად” (“საისტორიო მოამბე”, წიგნი პირველი, ტფილისი, 1924 წ. Gგვ. 270).

“1919 წლის თებერვალში სტანიცა კავკასკაია აიღო წითელმა ჯარმა. ციხის შენობაში დაბინავდნენ სტანიცაზე გამვლელი ჯარები. არქივები გადმოყრილნი იქმნენ და ჩაყრილი ციხის გარშემო მყოფ ფართო თხრილისაგან დარჩენილ ჩაღრმავებულ ადგილებში. ქარი იყო, სიგელ-გუჯრების ნაგლეჯები ქარს მიჰქონდა და ჯარისკაცები მცხოვრებლებს ნებას არ აძლევდნენ, ქაღალდების აკრეფისას, _ მიამბეს მე სტანიცაში ამ ამბის მნახველებმა. ასე დაიკარგა და დაიღუპა უდიდესი განძეულობა. ორიოდე ნაგლეჯი ამ ორმოებიდან მოტყუებით წამოიღო მოქალაქე აბრამ ევანგულოვმა, რომელმაც ეს ნაგლეჯები შეინახა და ეხლა გადმომცა. “ცხენი მიმყავდა ვითომ მოსაძოვებლად და ისე ჯარისკაცების დაუნახავად ავკრიფე რამდენიმე ნაფლეთი”, _ სთქვა მან. ერთი ამგვარი ნაფლეთი არის ხელის დადება ნაგლეჯი დავით აღმაშებნებლის ანდერძისა, რომლის სიგრძე ორი მეტრი იყო. ასეთივე ნაფლეთია ევანგულოვის მიერ გადარჩენილი მეთერთმეტე საუკუნის გიორგი მეფის მეტრ-ნახევრიან სიგელისგან. Gგული მიკვდებოდა, როდესაც ამ ნაფლეთებს ვუყურებდი, ნაშთს სამი ათასი ძვირფას სიგელ გუჯრისას…

ამ ძვირფასი გუჯრების დაღუპვა არის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ბრალი. სამწუხაროდ, თავის დროზე, 1918-1919 წლებში, პასუხისმგებელ პირთა შორის არავინ აღმოჩნდა თანამდებობრივი მდგომარეობის მქონე, არც რომელიმე საზოგადო თუ სამეცნიერო დაწესებულება, რომ დროულად, ვისიც ჯერი იყო, ამ საკითხზე ყურადღება მიეპყრო. ამ სტრიქონების დამწერი ოფიციალურად ცდილობდა ორგზის _ 1918 და 1919 წლებში ამ საკითხზე ვისიც ჯერ იყო, მათი ყურადღების მიპყრობას, მაგრამ ამ შუამდგომლობას კერძო მოქალაქისას, არ გამაგრებულს სამსახურის მდგომარეობით, ანდა რომელიმე სამეცნიერო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, რასაკვირველია, არ შეიძლება შედეგი მოჰყოლოდა” (“საისტორიო მოამბე”, წიგნი პირველი, ტფილისი, 1924 წელი გვ. 277).

აქ სარგის კაკაბაძე ფარულ საყვედურს გამოთქვამს ექვთიმე თაყაიშვილის მიმართ.

“სამხედრო-საისტორიო მუზეუმის ძვირფასი ნივთები (ოქრო-ვერცხლის) უმთავრესად წაღებული აღმოჩნდა რუსეთის სამუზეუმო სამმართველოს განკარგულებით მოსკოვში სახელმწიფო საგანძურში მოსათავსებლად, ეს ნივთები გადაეცა 1921 წლის იანვარში სტავროპოლის საგუბერნიო ფინანსურ განყოფილებას შესანახად, ხოლო იქედან შემდეგ გადაგზავნილი იქნა მოსკოვში სახელმწიფო საგანუძრში. სია ამ ნივთებისა გაუგზავნეს საქართველოს წარმომადგენელს აკადემიურ საქმეთათვის _ დამიანე ჯგუშიას მოსკოვში”.

აქ იმ საგნძურსა და სამუზეუმო რელიკვიებზეა საუბარი, რომელზეც ექვთიმე თაყაიშვილი პარიზიდან დამიანე ჯგუშიას გულისტკივილით წერდა.

როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, მენშევიკური მთავრობა და ექვთიმე თაყაიშვილიც იმ წლებში ეროვნული განძის გატანით უფრო იყვნენ დაინტერესებულნი, ვიდრე შემოტანით. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით შემდეგ წერილებში გესაუბრებით.

გრიგოლ ონიანი

კვირის კითხვა:

_ ლარის კურსის რყევას ზოგი ეროვნულ ბანკს აბრალებს, ზოგიც _ ქვეყნის ხელისუფლების მოუქნელ მუშაობას. თქვენ რას იტყვით?

გრიგოლ ონიანი:

_ ერთხელ პოლიტბიუროზე სტალინმა ნავთობის მრეწველობის მინისტრს მკაცრად უსაყვედურა, საძიებო სამუშაოებისას ღრმა ფენებში ვერ ჩადიხართო. მინისტრმა ბაიბაკოვმა უპასუხა, ბურღები სუსტია და ღრმა ფენებში ჩასვლისას ტყდებაო.

_ ამხანაგო თეოსიან, _ მიმართა სტალინმა მრეწველობის მინისტრს, _ კრიტიკულ მომენტში სამშობლოს ღალატობთ და უხარისხო ბურღებს უშვებთ?!

_ ამხანაგო სტალინ, ბურღებს ვუშვებთ იმ სიმტკიცისას, რის საშუალებასაც ნედლეული გვაძლევს. ფოლადი, რომელშიც მცირე დოზითაა შეყვანილი მოლიბდენი, ნაკლებად მტკიცეა.

_ მოლიბდენი გვაქვს, თუ კარგად მახსოვს, 300 ტონა. მოგცემთ, _ განაცხადა სტალინმა.

_ 300 ტონა მოლიბდენი სახელმწიფო რეზერვია, რომელსაც ვერ გავცემ. კატეგორიულად განუცხადა სტალინს სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტის თავმჯდომარემ ვოზნესენსკიმ. სტალინი აუჩქარებელი ნაბიჯით მიუახლოვდა ვოზნესენსკის, თვალებში ჩახედა და უთხრა:

_ გიბრძანებ, მოლიბდენი დღესვე გადასცე თეოსიანს, _ და ნელი ნაბიჯით თეოსიანისაკენ გაემართა.

_ მოლიბდენი გექნება, გიბრძანებ, გამოუშვა მტკიცე და გამძლე ბურღები. შემდეგ კი ნავთობის მრეწველობის მინისტრს განუცხადა:

_ შენ კი, ბაიბაკოვ, გიბრძანებ, უმოკლეს დროში აღმოაჩინო ნავთის ახალი საბადოები.

ასე გადაწყვიტა თხუთმეტიოდე წუთში სამ უწყებას შორის დავა სახელმწიფოს მეთაურმა, ანუ ორკესტრს ჯოხს ერთი კაცი უნდა უქნევდეს და ეს კაცი ჩრდილში არ უნდა იყოს!

 

1 COMMENT

  1. აი, ნამდვილი ისტორია, რომელსაც გულდაგულ აყალბებდნენ და აყალბებენ ტყუილისტორიკოსები."პატრიოტთა ალიანსელებს" რაღა რჯით,"ობიექტივის" ეთერში რომ გაჰკივიან,"ექვთიმე თაყაიშვილისნაირ ადამიანებზე იდგა საქართველოო", იმ ადამიანისა კი, ვისზეც ნამდვილად იდგა, სახელის ხსენებაც არ ნებავთ?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here