საფრანგეთში მომხდარ ტერაქტზე, ტერორიზმის საშიშროებაზე, დაჯგუფება “ისლამური სახალიფოდან” მომდინარე საფრთხეებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ანალიტიკოსი ვალერი კვარაცხელია და პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრებიან.
ვალერი კვარაცხელია:
_ სიწმინდეების შეურაცხყოფა და შემდეგ ამ საქციელის სიტყვის თავისუფლებად და პიროვნების თვითგამოხატვად გასაღება, ზნეობას სცილდება. ტერორიზმის გამართლებად არ ჩამითვალოთ, მომხდარს ვგმობ, მაგრამ ადამიანი, რომელიც ზნეობრივ საწყისებს სცილდება, ვერ ჩაჯდება ვერც სიტყვის თავისუფლებისა და ვერც თვითგამოხატვის პარამეტრებში. სხვისი სიწმინდის შელახვა უზნეობაა! შემაკავებელი ფაქტორები უნდა არსებობდეს.
საქართველო ტერორიზმისგან დაზღვეული არ არის. ისეთმა სახელმწიფომ, როგორიც საფრანგეთია, თავდაცვა ვერ მოახერხა, ჩვენ კი ვართ ქვეყანა, რომელიც მსგავს ხიფათში თავს ძალით ყოფს, ამიტომ გამორიცხული არაფერია, უფრო მეტიც, ეს რეალურად შესაძლებელია.
ჩვენი სამხედრო ნაწილები ათას ადგილას არიან მიმოფანტული და სამხედრო ოპერაციებში იქაა ჩართული, სადაც არანაირი ლოგიკით არ უნდა იყვნენ. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მოხალისეები “ისლამურ სახალიფოში” მიდიან, იბრძვიან და სამშობლოში ბრუნდებიან, ეს კი უზარმაზარი საფრთხის შემცველია. ისევე, როგორც საფრანგეთში, ჩვენთანაც ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს და ბევრი სახიფათო კერა შეიძლება გაჩნდეს. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო რელიგიური ექსტრემიზმის ნაღმზე ზის _ ეს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.
_ როგორ უნდა გაითვალისწინოს _ ქართულმა ჯარმა ნატოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს?
_ რა თქმა უნდა, ნატოს სამშვიდობო მისიებში ჩვენმა ჯარმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ნატოს მისია იმ ადამიანების მოგონილია, რომლებიც ისეთ სიტუაციებს, ისეთ რაღაცებს ქმნიან, როგორიც საფრანგეთში შეიქმნა ახლახან. ეს არის გეგმა ამერიკისა, რომელიც მსოფლიოზე გაბატონებას ცდილობს. ასეთ გეგმებს კი, ჩვენნაირი პატარა ქვეყნები ეწირებიან. საქართველომ ამერიკელთა გეგმას ბევრი რამ შეწირა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ გეტყვით, რომ 9 აპრილიც ამ გეგმის ნაწილი იყო. იმხანად ერთა შორის შუღლი გაღვივდა და დღემდე გრძელდება…
_ თემას ცოტა გადავუხვევ, რადგან შეუძლებელია, არ გკითხოთ თქვენი აზრი უკრაინის პრემიერის _ არსენი იაცენუკის განცხადებაზე, _ მეორე მსოფლიო ომში გერმანიას თავს საბჭოთა კავშირი დაესხაო. ეს ისტორიის დამახინჯების მცდელობის კიდევ ერთი უტყუარი ფაქტია. დღეს თაობები ასე იზრდებიან.
_ დიახ, ამ ეპოქის კიდევ ერთი მახასიათებელია თეთრის შავად წარმოჩენა და პირიქით… იაცენიუკის ეს განცხადებაც, რომელიც სიმართლესა და ზნეობას მოკლებულია, სწორედ ამის დასტურია. ადამიანები ისტორიის გადაწერას ცდილობენ. აი, ასე ხდება ფასეულობების გაუფასურება.
_ რამდენიმე დღეა, მედიასაშუალებებში მომხდარ ფაქტზე საუბრობენ და აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტა რამ ვიცით ტერორიზმსა და მუსლიმანურ განშტოებებზე…
_ მუსლიმანური რელიგია, როგორც ყველა კლასიკური რელიგია, სიკეთეს, მშვიდობასა და სიყვარულს ქადაგებს, მაგრამ პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა კაცობრიობას თავს ახვევს, წარმოშობს იმ კატაკლიზმებს, რომლებსაც რელიგიების ჩათრევაც შეუძლია.
ამერიკა ცხოვრობს პრინციპით _ რა უნდა ჩვენს ნავთობს მათ ქვიშებში?! ამერიკა თვლის, რომ ნავთობი, ოქრო და ყველანაირი წიაღისეული მათია და სხვისი მხოლოდ ქვიშა, უდაბნო და გვალვაა. ეს პრინციპი წინააღმდეგობას წარმოშობს, რომელიც შემდგომ უკონტროლო ხდება.
მაცხოვრის როგორი კარიკატურაც უნდა დახატონ, ჩვენ არსად შევიჭრებით და არავის დავხოცავთ, თუმცა უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც იციან: სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის რომ იჩივლოს, სამართალს ვერ იპოვის, ამიტომ ისე მოქმედებენ, როგორც შეუძლიათ. შევხედოთ მეორე მხარესაც _ სიტყვის თავისუფლების გამომხატველებმაც იციან, რომ რეაქცია უარყოფითი იქნება. თუ ზნეობა არ გაქვს, შიშმა მაინც უნდა გაგაჩეროს! ღირს კარიკატურის დახატვა საკუთარი სიცოცხლის ფასად? ეს არ იყო ფრანგი ჟურნალისტების შემოქმედების “ამოხეთქვის” შედეგი. ფაქტია, იმ ადამიანებმა ვიღაცის შეკვეთა შეასრულეს.
ჩვენი კოლეგები არიან და მომხდარით ძალიან შეწუხებული ვარ, მაგრამ იმის დაუნახაობა, სად არის ამ სიბინძურის სათავე, არ შეიძლება. ამერიკის პოლიტიკას გლობალური ომის უფსკრულისკენ მივყავართ.
_ ამ ყველაფრის შემაკავებელი რაიმე ძალა თუ არსებობს?
_ რელიგიური დაპირისპირება დაუშვებელია. ამას შეაკავებს დიდი და გონივრული პოლიტიკა, რომელიც ომის დაწყების გარეშე შეძლებს ამერიკის აღვირახსნილობის შეჩერებას. ეს ცალკე არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, თუმცა რუსეთის სამხედრო პოტენციალი ამერიკას ძალიან აშინებს და, გარკვეულწილად, აფერხებს კიდეც. ჩვენ კი, ქართველები, სამგლე გოჭებივით არ უნდა ვიქცეოდეთ _ რასთან გვაქვს საქმე, უნდა გავაანალიზოთ, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა შეინარჩუნოს, მაგრამ ამისთვის არაფერი კეთდება, მხოლოდ ამერიკის დირექტივას ითვალისწინებენ. ამის კლასიკური მაგალითია ვლადიმერ პუტინის შემოთავაზებაზე, რომ შეხვედრისთვის მზად არის, პრეზიდენტ მარგველაშვილის პასუხი: “კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან გავივლით!”
ჰამლეტ ჭიპაშვილი:
_ ტერორისტული აქტების გახშირება სირია-ერაყის შიდა ომებს უკავშირდება. მსხვერპლის 80% მოდის ერაყზე, ავღანეთზე, პაკისტანზე, ნიგერიასა და სირიაზე.
“ისლამურ სახელმწიფოს (სახალიფოს)” ე. წ. არმიაში 100 აღასზე მეტი მეომარია, მათ შორის _ ევროპის, აზიის ქვეყნებიდან, კავკასიიდან, საქართველოდანაც. ეს ორგანიზაცია ხასიათდება ორგანიზებული სტრუქტურით, მისი მიზანია დაპყრობილ ტერიტორიებზე “სახალიფოს” განმტკიცება. ტერორისტები პერმანენტულად იღებენ თანამედროვე შეიარაღებას, ეკიპირებას, ავტომატ M4-ებს, “ღამის ხედვის” მოწყობილობებს, საზენიტო-რაკეტულ კომპლექსებს. “ისლამური სახალიფო” აღიარებულია ყველაზე მდიდარ ტერორისტულ ორგანიზაციად, მათი წლიური შემოსავალი 3 მილიარდი დოლარია.
აშშ, ერთი შეხედვით, გულმოდგინედ იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ, ქმნის ანტისახალიფო კოალიციას, ბომბავს “ისლამურ სახალიფოს”, მაგრამ შედეგი არ არის, რადგან ამერიკა ორმაგი სტანდარტით თამაშობს. “ისლამური სახალიფო”, ისევე, როგოც თავის დროზე “ალ ქაიდა”, აშშ–ის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა.
რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ თავისი სიტყვა უნდა თქვან მართლმადიდებლებმა, ქართულ-რუსულმა ეკლესიებმა, სომხურმა გრიგორიანულმა ეკლესიამ, ირანულმა შიიზმმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაჰაბიზმსა და სალაფიზმს ფართო გასაქანი მიეცემა რეგიონში და საქართველოშიც, სადაც ამ მხრივ აქტიურობა თვალში საცემია.
_ საქართველოს ხელისუფლება ამ პრობლემაზე საჯაროდ არ საუბრობს, თქვენ კი თვლით, რომ საქართველოში რელიგიური ექსტრემისტების აქტიურობა თვალში საცემია.
_ ლაფანყურის ამბებზე საქართველოს ომბუდსმენის აპარატის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ გამოააშკარავა ის, რაზეც გაცილებით ადრე საუბრობდნენ ამერიკელი ექსპერტები _ სააკაშვილის ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობდა ექსტრემისტებთან, “ბოევიკებთან”, მათი გამოყენების მიზნით, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ისე სირიაში.
ის, რომ ჯიჰადისტები აქ წვრთნას გადიოდნენ, ფაქტია; ფაქტია ისიც, რომ შედგომ სირიაში გადადიოდნენ. სირიის ტერიტორიაზე მოქმედი “ისლამური სახალიფოს” სამხედრო ძალებში საქართველოს ათობით მოქალაქე იბრძვის.
ქართველების, ისევე, როგორც იქ მებრძოლი სხვა ქვეყნების მეომართა სამხედრო საქმიანობა როტაციულ სისტემას ექვემდებარება. გარკვეული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, ჯიჰადისტები სამშობლოს უბრუნდებიან. სამშობლოში დაბრუნებული ჯიჰადისტები კი ნელი მოქმედების ნაღმებია. სწორედ ამიტომ ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გაამკაცრა კანონი “სახალიფოდან” დაბრუნდებული პირების მიმართ.
საგულისხმოა ისიც, რომ სუნიტური “ისლამისტური სახალიფოს” ნომერ პირველ მტრად გამოცხადებულია ქრისტიანობა, შიიტური ირანი და ალავიტური (შიიზმის განშტოება) სირია. სწორედ ზემოჩამოთვლილი აღმსარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გააერთიანა მთელი რიგი ტერორისტული დაჯგუფებებისა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და არ მხოლოდ გააერთიანა, იდეოლოგიურ–ფინანსურ–სამხედრო “ოყნაც” გაუკეთა “კეთილშობილური” ომის საწარმოებლად.
შიიტური ფაქტორი კავკასიაშიც, კერძოდ, საქართველოშიც, გასათვალისწინებელია. ჩვენ კი ამისთვის არაფერს ვაკეთებთ. საქართველოში მუსლიმანებით დასახლებულ ტერიტორიებზე იშვიათობა არ არის ვაჰაბიზმი და სალაფიზმი და, როგორც ამ საკითხებში ღრმად ჩახედული უცხოელი სპეციალისტები ამბობენ, მათი რაოდენობა არათუ იკლებს, _ მატულობს.
ვაჰაბიტებისა და სალაფიტების წინააღმდეგ თავიანთ სიტყვას ამბობენ საქართველოში არსებული ირანული შიიტურ–რელიგიური დაწესებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რელიგიურ ექსტრემიზმს, მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ ამ ორგანიზაციებს მოქმედების საშუალება მისცეს, საქართველოს ხელისუფლება პირიქით იქცევა _ თვითონ არ შესწევს ბრძოლის უნარი, სხვას კი ხელს უშლის.
ამიტომაც ვამბობ, რომ “სახალიფოსთან” ბრძოლაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს რუსულ-ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ირანულმა შიიზმმა და სომხურმა გრიგორიანულმა ეკლესიამ, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე სომხეთიდან არც ერთი ჯიჰადისტი არ არის აღრიცხული “სახალიფოში”.
_ ბატონო ჰამლეტ, ამბობთ, “ისლამური სახალიფოს” შექმნაში ამერიკას დიდი წვლილი მიუძღვისო. ამის თქმის უფლებას რა გაძლევთ? ცნობილია, რომ აშშ ტერორიზმის დაუძინებელი მტერია.
_ ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რა შეიარაღება აქვს “ისლამურ სახალიფოს”. ფაქტია, რომ ვიღაცას ხელს აძლევს “სახალიფოს” გაძლიერება, მისი პოზიციების განმტკიცება და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ეს ვიღაც კი თქვენთვის კარგად ნაცნობი ამერიკაა, რომელმაც თავის დროზე შექმნა “ალ ქაიდა”, ახლა კი აკვანი “ისლამურ სახალიფოს” დაურწია და მას სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებს.
აშშ-ის პოლიტიკას ახასიათებს მსგავსი ქმედებები, ანუ მოწინააღმდეგესთან იატაკქვეშა მოლაპარაკებები. გავიხსენოთ “თალიბანისა” და ამერიკის წარმომადგენლების შეხვედრები. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ “ისლამურ სახალიფოსთან” ამერიკას ასეთი კავშირები აქვს, რადგან არსებობს “სახალიფოს” ლიდერებისა და ჯონ მაკკეინის ერთად გადაღებული ფოტოები.
მოამზადა
ეკა ნასყიდაშვილმა