თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა “პროამერიკული პოლიტიკა” სამშობლოს ღალატს გაუთანაბრა. ამის შესახებ პორტალი T24 იტყობინება.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ სამშობლოს მოღალატედ ჩათვლის ყველას, ვინც ქვეყანაში აშშ-ის ინტერესების დაცვის პოლიტიკას გაატარებს.
სოილუმ აღნიშნა:
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამიერიდან ყველა, ვინც აშშ-ზე ორიენტირებულ პოლიტიკას გაატარებს, იქნებიან ეს პარტიები თუ ცალკეული პირები, ამ ქვეყანაში სამშობლოს მოღალატედ გამოცხადდებიან. თურქეთი ასეთ ზღვრამდეა მისული, ამ არჩევნებში ყველა მხარე ცნობილია. აშკარაა, რისი გაკეთება სურს აშშ-ს თურქეთში“.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერა ყველასთვის ცნობილია.
შეგახსენებთ, რომ ადრე სოილუმ არაერთხელ გამოთქვა მწვავე კრიტიკა ვაშინგტონის მიმართ. კერძოდ, მან აშშ დაადანაშაულა თურქეთის მახლობლად ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის მცდელობაში.