მკითხველს თავი რომ არ მოვაბეზრო სახელმწიფოს მშენებლობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხებზე საუბრით, ზოგჯერ შემოგთავაზებთ სტალინის სახელმწიფო აზროვნებისა და მართვის იმ ფორმას, რომელსაც ის ხშირად მიმართავდა და ბრწყინვალედაც გამოსდიოდა. ქვეყნის მართვის ეს მეთოდი მსოფლიოში სტალინის იუმორად არის წოდებული. რამდენიმე ასეთ მაგალითს ქვემოთ გაეცნობით.
1941-1945 წლების სამამულო ომის არნახულად დამანგრეველი შედეგების მიუხედავად, ქვეყანა თითქოს ჩვეულებრივად განაგრძობდა ცხოვრებას: იხვნებოდა მიწები, ილეწებოდა ხორბალი, იკრიფებოდა ყურძენი, მრავლდებოდა ცხვრის ფარა და საქონლის ჯოგი, თეატრებში იდგმებოდა სპექტაკლები, არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც. ეკრანზე ჩნდებოდა ახალ-ახალი ფილმები, იბეჭდებოდა წიგნები, იხსნებოდა საბავშვო ბაღები და კეთილმოწყობილი სკოლები.
დიდი თუ პატარა უფრთხილდებოდა ფეხსაცმელსა თუ ტანსაცმელს, ეკონომიურად მიირთმებდა პურს, ხარჯავდა საწვავს, თითქმის ნულამდე იყო დასული როგორც ეკონომიკური, ისე სისხლის სამართლის დანაშაული. ქალაქის მოსახლეობა, ძირითადად, “ტალონებზე” ცხოვრობდა, რომელზეც მკაცრად იყო გაწერილი, ვის რამდენი გრამი პური, ბურღული, ცხიმი და საარსებო კალათაში შემავალი სხვა პროდუქტი უნდა მიეღო. ტალონებში შეტანილი პროდუქტების ფასი მცირე, მაგრამ მტკიცე ფასებით განისაზღვრებოდა, თუმცა იყო მაღაზიები, რომლებშიც თავისუფლად იყიდებოდა პროდუქტები “კომერციულ” ფასებში. ამ მაღაზიებით სარგებლობას ყველა ერიდებოდა, რადგან მის “კლიენტს” ხალხის რისხვა არ ასცდებოდა.
ხალხმა იცოდა, რომ ქვეყანაში არსებობდა სტალინური კონსტიტუცია, მაგრამ 90 პროცენტმა არ იცოდა, რა ეწერა მასში, მიუხედავად ამისა, ქვეყანა კანონის სრული დაცვით ცხოვრობდა და შრომობდა. რატომ? _ სტალინური კონსტიტუცია ამკვიდრებდა ქვეყანასა და ხალხში ქრისტეს ათ მცნებას და მტკიცედ მოითხოვდა მის დაცვასა და შესრულებას. შესრულებაზე პასუხისმგებლობას კი სახელმწიფო ზოგადად კი არ იღებდა თავის თავზე, არამედ კონსტიტუციის გარანტი სტალინი გახლდათ ერთპიროვნულად.
ჩრდილოეთის პოლარულ წრეში მდებარე ქალაქი მურმანსკი სხვა ქალაქებისგან განსაკუთრებული სიცივით გამოირჩევა. ომის შემდგომ წლებში იქ შიმშილი მძვინვარებდა. საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ვ. ა. პროკოფიევი უძლური იყო, საკუთარი ძალებით ხალხი გადაერჩინა. მაღაზიების დახლებზე კომერციულ ფასებში გამოტანილი საქონელი მიუწვდომელი ხდებოდა ადამიანებისთვის, რის გამოც ცალკე პროდუქტები ფუჭდებოდა და ლპებოდა, ცალკე ხალხი შიმშილობდა. გადაულახავი პრობლემის წინაშე მდგომმა პროკოფიევმა ძალზე სარისკო ნაბიჯი გადადგა _ ერთპიროვნულად გადაწყვიტა, 20%-ით შეემცირებინა ფასები ყოველჰდღიური მოხმარების საქონელზე. სტალინურ ეპოქაში ფასების პოლიტიკის ერთპიროვნულ შეცვლაზე ფიქრი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, მაგრამ პროკოფიევმა ეს საკუთარ თავზე აიღო და გადაწყვიტა კიდეც. მაღაზიები რამდენიმე საათში დაიცალა პროდუქტებისგან, ხალხმა კი ამოისუნთქა.
გვიან საღამოს მურმანსკის საოლქო კომიტეტში ტელეფონმა დარეკა:
“ხვალ პოლიტბიუროზე იხილება მურმანსკის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის _ ვ. ა. პროკოფიევის საკითხი. დასწრება სავალდებულოა. კრემლში გამოცხადების დრო 12:00 საათი”.
საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ამ ზარს ელოდა, რადგან ყველაფრის მცოდნე კა-გე-ბე ფხიზლად იყო ხალხის სადარაჯოზე.
ავდრის პირობებში, როდესაც საჰაერო მიმოსვლა შეწყვეტილი იყო, მოსკოვში დანიშნულ დროს ადამიანი ვერაფრით მოხვდებოდა, მაგრამ პროკოფიევი რის პროკოფიევი და რის კომუნისტი იყო, ეს ვერ მოეხერხებინა. ის საჰაერო თავდაცვის შტაბს მიადგა და სთხოვა, ბომბდამშენით მოსკოვში ჩაეყვანათ. შტაბმა, ნებართვის აღების შემდეგ, ღამის მოიერიშე ბომბდამშენით პროკოფიევი გამთენიისას მოსკოვის მახლობელ სამხედრო აეროდრომზე დასვა. დღის 12 საათზე ის პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინის წინაშე იდგა და პატაკს აბარებდა.
როგორ მოახერხეთ, ამხანაგო პროკოფიევ, ასე მოკლე დროში მურმანსკიდან მოსკოვში ჩამოსვლა? _ ჩვეულებრივი ტონით მიმართა სტალინმა.
_ კომუნისტისათვის შეუძლებელი არაფერია, ამხანაგო სტალინ. სამხედროები დამეხმარნენ და მოსკოვში ბომბდამშენით ჩამომიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა ეს მარშრუტი კარგად იცოდა, საჭიროდ ჩათვალა საზოგადოებასაც გაეგო.
_ როგორ გაბედე, ამხანაგო პროკოფიევ, რომ პროდუქტებზე ფასები თვითნებურად შეამცირე? ხელყავი სახელმწიფოს და ფასების პოლიტიკა, უგულებელყავით კონსტიტუცია და საბჭოთა ხელისუფლება. იცით თუ არა, რომ ამისათვის სანიმუშოდ დაისჯებით?! _ შავი ღრუბლები იკრიბებოდა პროკოფიევის თავზე. განრისხებული სტალინის წინ დგომა ხომ ურჩხულის წინაშე დგომას ნიშნავდა.
_ ამხანაგო სტალინ! ვიცი, რომ დავისჯები, ვიცი, რომ ჩავიდინე ანტისამართლებლივი აქტი, მაგრამ მე გადავარჩინე ხალხი, რომელთა მსახურებაც მევალებოდა. გაყინულ და დამშეულ ქალაქში ვერ შევძელი, მეყურებინა მალფუჭებადი პროდუქტებისთვის, რომლებიც ლპებოდა და ადამიანები კი, რომლებსაც კაპიკებიც არ ჰქონდათ საჭირო პროდუქტების შესაძენად, შიმშილით იხოცებოდნენ. ხალხის უკიდურესმა გაჭირვებამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი და არ ვნანობ.
პროკოფიევის ახსნა-განმარტებას დიდი გულისყურით უსმენდნენ და თვალს ადევნებდნენ პოლიტბიუროს სხვა წევრები და უსიტყვო თანადგომას გამოხატავდნენ მის მიმართ, მაგრამ მთავარი იყო, შეწყვეტდა თუ არა მრისხანებას “ზევსი”.
სტალინი არ ჩქარობდა, დარბაზს კი ნერვები აწყდებოდა. ჩიბუხით ხელში ნელი ნაბიჯით ჩაუვლიდა პროკოფიევს, წინ გაუჩერდებოდა და თვალებში ჩახედავდა. შემდეგ კვლავ ნელა გააგრძელებდა გზას. ბოლოს გაწითლებული და განწირული პროკოფიევის წინ გაჩერდა, თვალებში ჩახედა და ჩუმად წარმოთქვა:
_ პროკოფიევი პატიოსანი, ინიციატივიანი და მებრძოლი კომუნისტია. არ ვიცი, რამდენად კანონიერია მისი მოქმედება, მაგრამ მიმაჩნია, რომ სამართლიანად მოიქცა. ჩვენ გვჭირდება ასეთი ადამიანები.
ყველა იქ მსხდომმა შვებით ამოისუნთქა პროკოფიევთან ერთად. ყველას უხაროდა, რომ სამართლიანობამ იზეიმა, კმაყოფილი იღიმებოდა თვითონ სტალინიც.
ბოლოს, როდესაც პროკოფიევის საკითხი თითქოს უკვე დასრულებული ჩანდა, სტალინმა კიდევ ერთხელ აიღო სიტყვა და პოლიტბიუროს მიმართა:
_ ამ კაცს მაინც მივაქციოთ ყურადღება, ვაკონტროლოთ, რომელიმე ქვეყანას თავისი ინიციატივით ომი არ გამოუცხადოს!
პროკოფიევის კარგი კაცობა საერთო სიხარულსა და იუმორში გადაიზარდა.
1942 წელს სსრკ–ს სტუმრად ეწვია დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილი. სტალინმა სტუმარი კრემლის ბინაში მიიპატიჟა სადილად, რომელსაც ესწრებოდა ამერიკის მომავალი ელჩი საბჭოთა კავშირში _ ავრელ ჰარიმანი.
სადილის შემდეგ სტალინმა სტუმარი ქართული სტუმარმასპინძლობის წესისამებრ დიდი პატივისცემით ბინიდან გამოაცილა. სტალინის ამ ყურადღებით გაოცებული ჰარიმანი თვალს არ აშორებდა სტალინს, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია მასპინძელს. სტალინმა ჩუმად მიმართა ჰარიმანს:
_ ასე ეკუთვნის ბატონ ჩერჩილს. რადგან იგი ოთხი წლით უფროსია. ჰარიმანმა სტალინის ეს სიტყვები არ ჩათვალა სარწმუნოდ, რადგან ჩერჩილი გაცილებით ხანდაზმულად გამოიყურებოდა, სტალინმა კი ღიმილით ახედა აყლაყუდა ამერიკელს და პირჯვარი გადაიწერა:
_ მე ნამდვილად 63 წლის გახლავართ.
როდესაც ჩერჩილი მოსასვენებლად და ღამის გასათევად სასტუმროში მიიყვანეს, გაოცებას ვერ ფარავდა, რომ დაბომბილ მოსკოვშ, მას მუშაობისა და დასვენების ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი: თბილი წყალი, მყუდრო გარემო და დელიკატესებით გამოჭედილი მაცივრები სრულ სიამოვნებას განაცდევინებდა ფუფუნების მოყვარულ სტუმარს. საუზმეზე ევროპული და რუსული სამზარეულოს კერძებს ემატებოდა უგემრიელესი კავკასიური კერძები, რომლებიც აღაფრთოვანებდა გურმან ჩერჩილს.
მომსახურე პერსონალმა სტალინს მოახსენა, რომ ჩერჩილს ლონდონიდან საგზლად წამოღებული ჰქონდა სენდვიჩები და მშრალი პროდუქტები დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრისთვის.
_ აფერისტი. უნდა, თავი შეგვაცოდოს, რომ თითქოს მთელი ინგლისი სენდვიჩებით იკვებება და ჩვენი დახმარება არ შეუძლით, _ გაიღიმა სტალინმა.
გახურებული ომის დროს ამერიკის ელჩ ჰარიმანს სტალინმა აჩუქა საბჭოთა კინოფილმ “ვოლგა-ვოლგის” ფირი ამერიკის პრეზიდენტ რუზველტისთვის გადასაცემად. ამერიკის საელჩო საგონებელში ჩავარდა და დიდხანს არკვევდა, რატომ აჩუქა სტალინმა აშშ-ის პრეზიდენტს ეს ფირი, რადგან იცოდნენ, რომ სტალინი არავის არაფერს ჩუქნიდა.
დიდი კვლევა-ძიების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კინოფილმში შესრულებულ ერთ-ერთ მელოდიაში ისმოდა მეტ-ნაკლებად გასაგები სიტყვები:
“ამერიკამ რუსეთს აჩუქა “პარახოდი”, ბორბლები აქვს უსაშველოდ დიდი და საშინლად ნელი “ხოდი”. რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ამერიკიდან ლენდ ლიზის პროგრამით საბჭოეთის მომარაგება დიდი შეფერხებითა და დაგვიანებით მიმდინარეობდა.
ლევ მეხლისი 1930-იან წლებში “პრავდის” მთავარ რედაქტორად მუშაობდა. მეხლისის უხეშობითა და სიმკაცრით შეწუხებული თანამშრომლები ხშირად მიმართავდნენ პარტიის ცენტრალურ კომიტეტს, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც “პრავდის” რედკოლეგიის წევრები სტალინთან მივიდნენ და განუცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ მეხლისთან მუშაობა და ან ის გადაიყვანონ სხვა სამუშაოზე, ან თვითონ წავლენ რედაქციიდან.
უხერხულობაში ჩავარდნილმა სტალინმა რედაქციის თანამშრომლები დაამშვიდა და ჩვეული სიდინჯით ამბავი მოუყვა:
_ უკაცრავად, მაგრამ, როგორც გინდათ, ისე გამიგეთ, არ შემიძლია, მის მიმართ რამე მოვიმოქმედო. მეხლისი ჩემთან თანაშემწედ მუშაობდა პოსკრებიშევამდე. ერთხელ ოჯახური მდგომარეობის გამო დამლაგებელმა, თურმე, სამსახურში დააგვიანა, რის გამოც მეხლისმა თითქმის სახელმწიფო ღალატში დასდო ბრალი, რომ მას უნდოდა სტალინის გაცივება და სიკვდილი, რადგან დროზე ღუმელი არ დაანთო და სტალინს მოუხდა ცივ ოთახში მუშაობა, რასაც შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყოლოდა. მეხლისს დამლაგებელი სამსახურიდან მოუხსნია. აცრემლებული თანამშრომელი ჩემთან შემოვიდა და მითხრა სამსახურში მისი დაგვიანების მიზეზი. მე ის სამსახურში აღვადგინე.
გავიდა ორი საათი, ჩემთან მეხლისი შემოვიდა და მაგიდაზე განცხადება დამიდო, რომლითაც სამსახურიდან განთავისუფლებას ითხოვდა. გაკვირვებულმა შევხედე და ვკითხე, რაში იყო საქმე. მიპასუხა, რომ მას არავითარი ავტორიტეტი არ ექნება თანამშრომლებში, რადგან მისი ბრძანება შევცვალე და ამიტომ არ ცნობს მიზანშეწონილად სამსახურის გაგრძელებას.
_ აიღე განცხადება და განაგრძე მუშაობა, _ ვუთხარი მე. გამიგონა. აიღო განცხადება და გავიდა. დღის ბოლოს ისევ შემოვიდა განცხადებით და მითხრა:
_ არა, ვერ გადავხარშე ჩემი შეურაცხყოფა და მინდა, წავიდე სამსახურიდან.
_ ნუ გამიხვრიტე ტვინი, აიღე განცხადება, დახიე და განაგრძე მუშაობა. დამიჯერა. გავიდა ხანი, თითქოს შევრიგდით, მაგრამ ერთ დღეს კვლავ შემოვიდა განცხადებით, რომ ტოვებდა სამსახურს.
გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი და მეხლისი თქვენთან მთავარ რედაქტორად გამოვგზავნე, ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, როგორ ვიმოქმედო.
აკადემიკოს ევგენი ტარლეს, სახელმოხვეჭილ ისტორიკოსს, ხშირად ახსენებდა სტალინი. დიდად აფასებდა მის ისტორიულ ნარკვევს “ნაპოლეონის შემოსევა რუსეთზე”, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა სტალინური პრემია.
ადრე დილით ტარლეს ბინაში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა, მოულოდნელად გაღვიძებულმა აკადემიკოსმა გაოცება ვერ დაფარა, როცა ყურმილიდან სტალინის ხმა მოესმა:
_ ამხანაგო ტარლე, თქვენ წაიკითხეთ “პრავდის” დღევანდელი ნომერი?
_ არა, ჯერ ვერ მოვასწარი, ამხანაგო სტალინ.
_ ძალიან კარგი, ნურც წაიკითხავთ, არც მე წამიკითხავს ბოლომდე.
ცნობისმოყვარეობით დაზაფრულმა ტარლემ საცვლების ამარა საფოსტო ყუთს მიაშურა და სასწრაფოდ გადაშალა გაზეთი “პრავდა”, რომლის მთელ გვერდზე მისი ავისმოსურნის უზარმაზარი წერილი იყო გამოქვეყნებული. მეცნიერის მეგობრები განიცდიდნენ, რომ აკადემიკოსს გულს ატკენდა დაუმსახურებელი კრიტიკა, მაგრამ, მათ გასაოცრად, ტარლე სრულიად არ იმჩნევდა წყენას. რამდენიმე ნომრის შემდეგ “პრავდამ” წამყვანი მეცნიერების კოლექტიური წერილი გამოაქვეყნა, ტარლეზე გამოქვეყნებული ცილისმწამებლური პასკვილის საპასუხოდ.
1935 წელს გაიხსნა მოსკოვის ლეგენდარული მეტროპოლიტენი. გაზეთ “ვეჩერნაია მოსკვას” მთავარმა რედაქტორმა გამოუცხადა თანამშრომლებს, გასულიყვნენ ქალაქში და გამოეკითხათ მოსკოველები, რა შთაბეჭდილება დარჩათ მეტროპოლიტენზე. ჟურნალისტთა შორის იყო რიგითი კორესპონდენტი ტროფიმ იუდინი. ვიდრე ქალაქში მოსკოველთა გამოსაკითხად გავიდოდა, იუდინი მთავარი რედაქტორის კაბინეტს შემორჩა, სადაც არავინ არ იმყოფებოდა. კორესპონდენტს აზრად მოუვიდა, გაეგო, რას ფიქრობდა სტალინი მეტროპოლიტენის შესახებ და მაგიდაზე მდგარ კრემლის ტელეფონთან მივიდა. სტალინის ტელეფონმა დარეკა. ყურმილი სტალინმა აიღო:
_ გამარჯობა, ამხანაგო სტალინ! თქვენ გაწუხებთ “ვეჩერნაია მოსკვას” კორესპონდენტი ტროფიმ იუდინი. მინდოდა, მეკითხა, მოგეწონათ თუ არა მოსკოვის მეტროპოლიტენი?
სტალინმა ყოველგვარი გაკვირვვების გარეშე უპასუხა უცნობ რეპორტიორს:
_ ჩაიწერეთ: “მეტროპოლიტენი ძალიან მომეწონა. მოსკოვის მეტრო საუკეთესოა მსოფლიოში!” იუდინმა მადლობა გადაუხადა ბელადს და ბედნიერი გამოვიდა რედაქტორის კაბინეტიდან. მაგრამ უბედურება ინტერვიუს წარდგენის დროს მოხდა:
“ვაითუ, სტალინის სიტყვები არ იყოს და შეცდომით გავიდეს პრესაში ან მართალი იყოს და ჩვენ პრესაში არ გავუშვათ”. ბოლოს იუდინს მტკიცედ მოსთხოვეს პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან მოხსნიდნენ. იუდინი კოლეგიისა და რედაქტორის თანდასწრებით იმავე კაბინეტიდან და იმავე ტელეფონით კვლავ დაუკავშირდა სტალინს და მოახსენა თავისი უბედურება.
_ არ მიჯერებენ, მხსნიან, ამხანაგო სტალინ, მე იუდინი ვარ, კორესპოდენტი”.
_ გადაეცით, რომ თქვენი მოხსნა არ მიბრძანებია.
იუდინმა ამის შემდეგ კიდევ ექვსი მთავარი რედაქტორი გამოიცვალა.
თავდაცვის მრეწველობის მინისტრი ბორის ვანნიკოვი ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დაიჭირეს და საკმაოდ მძიმე ბრალდება წაუყენეს. გავიდა ცოტა ხანი და ომიც დაიწყო. ვანნიკოვს “კარცერში” სტალინის განკარგულება შეუტანეს _ ყოფილ მინისტრს ფურცელზე უნდა ჩამოეწერა თავისი მოსაზრებები მიმდინარე ომზე და გადაუდებელი საკითხების მოგვარების მისეულ ხედვებზე. ვანნიკოვს გარე სამყაროსთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონდა და ომის მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ ინტუიცია კარნახობდა, რა როგორ უნდა გაკეთებულიყო, რაც საფუძვლიანად ჩამოაყალიბა კიდეც და გაუგზავნა სტალინს. რამდენიმე დღის შემდეგ თავგადაპარსული ყოფილი მინისტრი სტალინის კაბინეტში შეიყვანეს. სტალინი მას ჩვეულებრივად და სამუშაო მდგომარეობაში შეხვდა და მიიღო არა როგორც პატიმარი, არამედ, როგორც მაღალი რანგის სამხედრო მოღვაწე. აზრთა ურთიერთგაზიარებისას ჩახედავდა ხოლმე ქაღალდებს, რომელიც ვანნიკოვმა რამდენიმე დღის წინათ შეადგინა ძალზე მოუხერხებელ და ნახევრადგანათებულ საკანში.
“ეტყობოდა, მას სტალინი საფუძვლიანად გაეცნო, რადგან აჭრელებული იყო ლურჯი და წითელი ფანქრებით”, – იგონებს ვანნიკოვი.
_ თქვენი წერილი შესანიშნავი სახელმძღვანელო დოკუმენტია შეიარაღების სამინისტროსთვის, ჩვენ მას აუცილებლად გავუგზავნით მინისტრს, რათა ამით იხელმძღვანელოს.
“შემდგომ მომმართა, რომ მე ბევრ რამეში ვიყავი მართალი: “ჩვენ შევცდით… ა პოდლეცი ვას ოკლევეტალი”.
_ ხვალიდან თქვენ უნდა გამოცხადდეთ საბრძოლო მასალების კომისარიატში მინისტრის თანამდებობაზე, _ ბრძანა სტალინმა.
_ ვერ შევძლებ, ამხანაგო სტალინ. მინისტრად გადაყვანილი თავგადახოტრილი ექსმინისტრი ვერაფრით შეიქმნის საჭირო ავტორიტეტს თავის უწყებაში.
_ თქვენს ავტორიტეტზე ჩვენ ვიზრუნებთ, ამხანაგო ვანნიკოვ. ახლა კი საქმეს მიხედეთ.
მეორე დღეს, როდესაც ნაპატიმრალი მინისტრი თავის კაბინეტში შევიდა და სამუშაო მაგიდას მიუჯდა, წინ დახვდა “პრავდის” იმ დღევანდელი ნომერი, რომელშიც გამოქვეყნებული იყო ბრძანებულება ბორის ლვოვის ძე ვანნიკოვისთვის სოციალისტური შრომის გმირის წოდების მინიჭების შესახებ. მან კიდევ ორჯერ დაიმშვენა მკერდი გმირის ოქროს ვარსკვლავით და ერთ-ერთი იყო იმ რჩეულ თექვსმეტთა შორის, რომლებიც სამჯერ გახდნენ სოციალისტური შრომის გმირები.
გრიგოლ ონიანი