Home რუბრიკები ისტორია გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ უკრაინის რადამ უარი განაცხადა, ეცნო საბჭოთა მთავრობა და მასთან  აშკარა დაპირისპირების გზას დაადგა. ლენინმა რამდენიმე კომპრომისული ნაბიჯი გადადგა უკრაინელების მიმართ, მაგრამ, რომ იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო, და რადა დასავლეთის გავლენითა და მათი ინტერესების სასარგებლოდ, უფრო მწვავედ დაუპირისპირდა საბჭოეთს.


ათასი ჯურის, ბაზრისა თუ მადნის მაძიებელი თავის პოზიციებს იმაგრებდა, უკრაინა კი თანდათან ეშვებოდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ქაოსში. 1917 წლის მაისში  ტურუხანსკში  ტუსაღის ნარზე წამოწოლილი სტალინი ჩაფიქრებული უყურებდა ეზოს ძაღლს. ცხოველი იმ ჯამს ლოკავდა, რომლიდანაც ცოტა ხნის წინათ სტალინმა პატიმრის ულუფა მიიღოგაივლის ექვსი თვე  და რევოლუციაში  გამარჯვებული  უჭკვიანესი  და უშიშარი კობა გადამწყვეტ ბრძოლას დაიწყებს უკრაინის რადის წინააღმდეგ

«უკრაინის რადასთან ურთიერთობის გამწვავების დღიდან ამხანაგი უკრაინელებისაგან მრავალი წერილი მომდის რადასთან კონფლიქტის საკითხზე, ამიტომ გადავწყვიტე, გამოვყო მათგან ისეთი საკითხები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება და პასუხი გავცე ისე გარკვეულად, რომ საეჭვო არაფერი დარჩეს. ეს საკითხები ყველასთვის ცნობილია:

 1. როგორ წარმოიშვა კონფლიქტი;

 2. რომელი პუნქტების გამო წარმოიშვა კონფლიქტი;

 3. რა ზომებია საჭირო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად;

 4. ნუთუ დაიღვრება მოძმე ხალხთა სისხლი.

უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ცნობათა ერთგვარი აღრევა ამხანაგი უკრაინელების მიერ. რადასთან კონფლიქტს ისინი ზოგჯერ ისე ხატავენ, როგორც კონფლიქტს უკრაინელ ხალხსა და რუს ხალხს შორის, მაგრამ ეს სწორი არ არის. უკრაინელ ხალხსა და რუს ხალხს შორის კონფლიქტი არ არის და არც შეიძლება იყოს. თავიანთი ინტერესებისთვის ბრძოლაში მათ არ აქვთ და არც შეიძლება, ჰქონდეთ კონფლიქტი. რა თქმა უნდა, მშრომელთა მტრებისთვის ხელსაყრელია, რადასთან კონფლიქტი წარმოადგინონ რუსი ხალხისა და უკრაინელი ხალხის კონფლიქტად, ვინაიდან საკითხის ასე წარმოჩენით ადვილი იქნება, ერთმანეთზე წააქეზონ მონათესავე ხალხების მუშები და გლეხები, ამ ხალხების მჩაგვრელთა სასიხარულოდ.

კონფლიქტი წარმოიშვა არა რუსეთისა და უკრაინის ხალხებს შორის, არამედ სახალხო კომისართა საბჭოსა და რადის გენერალურ სამდივნოს შორის.

რა საკითხზე წარმოიშვა კონფლიქტი?

ამბობენ, ცენტრალიზმისა და თვითგამორკვევის საკითხზე, რომ სახალხო კომისართა საბჭო არ ანებებს უკრაინელ ხალხს, ხელში აიღოს ძალაუფლება და თავისუფლად განსაზღვროს თავისი ბედი. მართალია თუ არა ეს? არა, არ არის მართალი! სახალხო კომისართა საბჭო სწორედ იმას ცდილობს, რომ უკრაინაში ძალაუფლება ეკუთვნოდეს უკრაინელ ხალხს, ესე იგი უკრაინელ მუშებსა და ჯარისკაცებს, გლეხებსა და მატროსებს. საბჭოთა ხელისუფლება, ე. ი. მუშათა და გლეხთა, ჯარისკაცთა და მატროსთა ხელისუფლება მემამულეებისა და კაპიტალისტების გარეშე _ სწორედ ეს არის სახალხო ხელისუფლება, რომლისთვისაც იბრძვის სახალხო კომისართა საბჭო. გენერალურ სამდივნოს არ სურს ასეთი ხელისუფლება, ვინაიდან არ სურს, დარჩეს მემამულეებისა და კაპიტალისტების გარეშე. ამაშია საკითხის არსი და არა ცენტრალიზმში.

სახალხო კომისართა საბჭო თავიდანვე იდგა და კვლავ დგას თავისუფალი თვითგამორკვევის თვალსაზრისზე. მას იმის საწინააღმდეგოც კი არაფერი აქვს, რომ უკრაინელი ხალხი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოიყოს. მან ეს რამდენჯერმე განაცხადა ოფიციალურად. მაგრამ, როცა ხალხის თვითგამორკვევას კალედინის თვითმპყრობელობაში ურევენ, როცა რადის გენერალური სამდივნო ცდილობს, კაზაკთა გენერლების კონტრევოლუციური თარეში სახალხო თვითგამორკვევის გამოხატულებად წარმოადგინოს, სახალხო კომისართა საბჭოს არ შეუძლია, არ შენიშნოს, რომ გენერალური სამდივნო თვითგამორკვევობანას თამაშობს და ამ თამაშით ფარავს თავის კავშირს კალედინსა და როძიანკოსთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხთა თვითგამორკვევას, მაგრამ იმის წინააღმდეგი ვართ, რომ თვითგამორკვევის დროშით, კონტრაბანდულად გააპარონ თვითმპყრობელობა კალედინისა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ფინეთის სისხლში ჩახრჩობას მოითხოვდა.

ამბობენ, რომ კონფლიქტი წარმოიშვა უკრაინის რესპუბლიკის საკითხზე, რომ სახალხო კომისართა საბჭო არ ცნობს უკრაინის რესპუბლიკას. მართალია თუ არა ეს? არა, არ არის მართალი! სახალხო კომისართა საბჭომ ოფიციალურად ცნო უკრაინის რესპუბლიკა. იგი მზად არის, ცნოს რუსეთის ყოველი ნაციონალური ოლქის რესპუბლიკა, თუ ეს ამ ოლქის მშრომელ მოსახლეობას სურს. იგი მზად არის, ცნოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ფედერაციული წყობა, თუ ამას რუსეთის ოლქების მშრომელი მოსახლეობა მოისურვებს.

მაგრამ, როცა სახალხო რესპუბლიკას კალედინის სამხედრო დიქტატურაში ურევენ, როცა რადის გენერალური სამდივნო ცდილობს, რესპუბლიკის ბურჯებად წარმოგვიდგინოს მონარქისტები _ კალედინი და როძიანკო, სახალხო კომისართა საბჭოს არ შეუძლია, არ თქვას, რომ გენერალური სამდივნო რესპუბლიკობანას თამაშობს და ამ თამაშით ფარავს თავის დამოკიდებულებას ჯიბესქელ მონარქისტებთან. ჩვენ უკრაინის რესპუბლიკის მომხრე ვართ, მაგრამ იმის წინააღმდეგი ვართ, რომ რესპუბლიკის დროშით დაფარონ ხალხის დაუძინებელი მტრები _ კალედინი და როძიანკო…

იმისათვის კი არ დავიწყეთ რევოლუცია მემამულეებისა და კაპიტალისტების წინააღმდეგ, რომ იგი კალედინებთან კავშირით დავამთავროთ; იმისათვის არ დაუღვრიათ სისხლი მუშებსა და ჯარისკაცებს, რომ სამოწყალოდ დანებდნენ როძიანკოებს.

ორში ერთია:

 ან რადა გაწყვეტს კავშირს კალედინთან, ხელს გაუწოდებს საბჭოებს და გზას გაუხსნის რევოლუციურ ჯარებს დონის კონტრევოლუციური ბუდის წინააღმდეგ, _ და მაშინ უკრაინისა და რუსეთის მუშები და ჯარისკაცები დაძმობილების ახალი აზვირთებით განამტკიცებენ თავიანთ რევოლუციურ კავშირს;

ან რადა არ მოისურვებს კალედინთან კავშირის გაწყვეტას, გზას არ გაუხსნის რევოლუციურ ჯარებს, _ და მაშინ რადის გენერალური სამდივნო მიაღწევს იმას, რის მიღწევასაც ამაოდ ცდილობდნენ ხალხის მტრები, ე. ი. მოძმე ხალხთა სისხლის დაღვრას.

რადა ეყრდნობა იმ პრინციპს, რომ ძალაუფლება გაიყონ ბურჟუაზიამ, პროლეტარიატმა და გლეხობამ. საბჭოები კი ასეთ გაყოფას უარყოფენ და მთელ ძალაუფლებას აძლევენ ხალხს. ამიტომაა, რომ რადა ლოზუნგს «მთელი ძალაუფლება საბჭოებს» (ე. ი. ხალხს) უპირისპირებს თავის ლოზუნგს _ «მთელი ძალაუფლება ქალაქისა და ერთობის თვითმმართველობებს» (ე. ი. ხალხს და ბურჟუაზიას). სახალხო კომისართა საბჭოს არ შეუძლია, ხელი აიღოს კალედინის წინააღმდეგ ბრძოლაზე. კალედინის კონტრევოლუციური ბუდე უნდა დაინგრეს. ეს გარდაუვალია! თუ რადამ ხელი შეუშალა ჩვენს წინსვლას კალედინის წინააღმდეგ და დაიფარა იგი, მაშინ კალედინის წინააღმდეგ მიმართული დარტყმები რადას მოხვდება. სახალხო კომისართა საბჭო არ მოერიდება გადამწყვეტ ბრძოლას რადის წინააღმდეგ, ვინაიდან მისთვის საიდუმლო არ არის, რომ რადას ფარული კავშირი აქვს კალედინთან. სახალხო კომისართა საბჭოს ხელში ჩაუვარდა დაშიფრული დეპეშა, საიდანაც ირკვევა, რომ რადა უშუალოდ დაკავშირებულია საფრანგეთის მისიასთან, რათა გაზაფხულამდე გააჭიანუროს ზავის დადება საფრანგეთის მისიის მეშვეობით კალედინთან. ეს კავშირი მიმართულია რევოლუციის წინააღმდეგ, ეს კავშირი უნდა დაირღვეს და დაირღვევა კიდეც…

ჩვენ არ გვინდა, შევეხოთ «ჩვენი მოკავშირეების» სამხედრო მისიების ქცევას, მათი როლი საკმაოდ გამოკვეთილია. ეჭვი არ გვეპარება, რომ «მოკავშირეთა» მოძალადურ წამოწყებას ჩაშლის რუსეთის ხალხთა ბრძოლა დემოკრატიული ზავისთვის, მისიებს ისე უჭირავთ თავი, თითქოს ცენტრალურ აფრიკაში იყვნენ. მაგრამ «მოკავშირენი» მალე დარწმუნდებიან, რომ რუსეთი ცენტრალური აფრიკა არ არის… აქ ჩვენ უმთავრესად გვაინტერესებს ის არასახარბიელო როლი, რომელიც რადამ იკისრა.

ძალიან ხშირად მომმართავენ ამხანაგი უკრაინელები შეკითხვით _ რა არის რადა?

 მე ვუპასუხებ:

რადა ან, უფრო სწორად, მისი გენერალური სამდივნო არის მთავრობა სოციალიზმის მოღალატეებისა, რომლებიც მასების მოსატყუებლად თავს სოციალისტებს უწოდებენ. სწორედ ისე, როგორც მთავრობა კერენსკისა და სავინკოვისა, რომლებიც, აგრეთვე, სოციალისტებს უწოდებენ თავს. რადა, უფრო ზუსტად, მისი გენერალური სამდივნო ბურჟუაზიული მთავრობაა, რომელიც ინგლის-საფრანგეთის კაპიტალისტებთან შეკავშირებული იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ.

ეჭვი არ გვეპარება, რომ რადის მთავრობა დამხობილი იქნება უკრაინის მუშებისა და ჯარისკაცების ძალისხმევით.

ბურჟუაზიული გაზეთები გამალებით ავრცელებენ ხმებს, თითქოს დაიწყო მოლაპარაკება რადასა და სახალხო კომისართა საბჭოს შორის. კონტრრევოლუციონერებთან ახლო მდგომი წრეები ყოველნაირად აზვიადებენ ამ ხმებს და ხაზგასმით აღნიშნავენ «მათ განსაკუთრებულ» მნიშვნელობას. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბევრმა ამხანაგმა ლამის დაიჯეროს ზღაპარი კიევის რადასთან მოლაპარაკების თაობაზე, ამასთანავე, ბევრმა უკვე მომმართა წერილობითი შეკითხვით, დასაჯერებელია თუ არა ეს.

ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ:

 1. სახალხო კომისართა საბჭო კიევის რადასთან არავითარ მოლაპარაკებას არ აწარმოებს და არც აპირებს;

 2. კიევის რადასთან, რომელიც საბოლოოდ დაუკავშირდა კალედინს და რუსეთის ხალხების ზურგს უკან მოღალატურ მოლაპარაკებას აწარმოებს ავსტრია-გერმანიის იმპერიალისტებთან, _ ასეთ რადასთან სახალხო კომისართა საბჭოს შესაძლებლად მიაჩნია, აწარმოოს მხოლოდ ულმობელი ბრძოლა უკრაინის საბჭოების სრულ გამარჯვებამდე;

 3. მშვიდობა უკრაინაში შეიძლება, დადგეს მხოლოდ იმის შედეგად, თუ მოხდება კიევის ბურჟუაზიული რადის სრული ლიკვიდაცია და თუ იგი შეცვლილი იქნება ახლი რადით, საბჭოების სოციალისტური რადით, რომლის ბირთვი უკვე შეიქმნა ხარკოვში».

უკრაინის პარტიულ კონფერენციაზე სტალინი მიმოიხილავდა რა არსებულ მდგომარეობას, ამბობდა:

«1916 წელს, ე. ი. რევოლუციამდე, ჩვენ თვეში ვიღებდით 140-150 მილიონ ფუთ ქვანახშირს და სხვა რაიონებში გაგვქონდა, სულ ცოტა, 120 მილიონი ფუთი (16,38 კგ _ რედ.) ქვანახშირი. ახლა ჩვენ ვიღებთ არა უმეტეს 18 მილიონ ფუთ ქვანახშირს და გაგვაქვს არა უმეტეს 4 _ 5 მილიონი ფუთისა.

ნავთობის ამოღება 600 მილიონი ფუთიდან 200 მილიონ ფუთამდე დაეცა.

მეორე საკითხია მეტალურგია.

შეიძლება ითქვას, რომ მადნის, თუჯისა და მზა ნაწარმის თითქმის ერთადერთი წყარო ჩვენში იყო და არის დონეცკ-კრივოი როგის აუზი. 1916 წელს თუჯის გამოშვება თვეში შეადგენდა 16 მილიონ ფუთს. დონბასის რაიონში იმხანად მუშაობდა სულ ცოტა 65 ბრძმედი. ახლა ერთიც არ მუშაობს.

1916 წელს ჩვენი მეტალურგიული ქარხნებიდან თვეში ვიღებდით 14 მილიონ ნახევარ ფაბრიკატს, ახლა ვიღებთ ამის არა უმეტეს 5 პროცენტისა. 1916 წელს თვეში ვიღებდით 12 მილიონამდე ფუთ მზა ნაწარმს, ახლა ვიღებთ 2-3 პროცენტს, მეტალურგიაშიც საქმე ძალიან ცუდად არის.

მესამეა პურის საკითხი.

მანამდე ფედერაციულ ტერიტორიაზე ვიღებდით 5 მილიარდამდე ფუთ მარცვლეულს, აქედან 500 მილიონზე მეტი საზღვარგარეთ გაგვქონდა, შარშანდელი მოსავლიდან უკრაინაში დაგროვდა 600 მილიონი ფუთი პური, გადაწყდა, რომ მარტისთვის მოახერხებდნენ, შეეგროვებინათ დაახლოებით 40 მილიონი ფუთი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ისეთ ვითარებაში, როცა მახნოელები პირდაპირ ნადირობდნენ სასურსათო საქმის მუშაკებზე, ჩვენ შევძელით 40 მილიონის ნაცვლად შეგვეგროვებინა 2 მილიონამდე ფუთი პური.

შემდეგი საკითხია შაქრის საკითხი.

1916 წელს ჩვენში მზადდებოდა დაახლოებით 115 მილიონი ფუთი შაქარი. მოთხოვნა გამოიხატებოდა 100 მილიონი ფუთით. ახლა კი გვაქვს 3 მილიონამდე ფუთი შაქარი.

ასეთია ამჟამად ომით დანგრეული ჩვენი სახალხო მეურნეობის მდგომარეობა».

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქვეყნაში კატასტროფული ვითარება შეიქმნა: კავკასიაში _ მენშევიკები, მუსავატები და დაშნაკები; უკრაინაში _ უკრაინელი ნაციონალისტები, ხელისუფლებაში _ დასავლეთის მიერ შეგზავნილი ტროცკის უზარმაზარი ბანდა, თავისი დიდი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსებით; და საერთაშორისო ტერორისტული შეთქმულება, რომელიც დასავლეთმა დაგეგმა ოქტომბრის რევოლუციის წინააღმდეგ ანტანტის ხელით _ ეს იყო უძლიერესი ძალა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა.

1918 წლის დასაწყისში გერმანელებმა გადაწყვიტეს, ბოლო მოეღოთ უკრაინისთვის და ფართომასშტაბიანი ომი გააჩაღეს ამ ქვეყნის წინააღმდეგ. «ჩრდილში» მყოფმა სტალინმა, როგორც ხშირად შენიშნავენ უახლოესი ისტორიის «მკვლევარები», 1918 წლის 21 თებერვალს დეპეშა გაუგზავნა უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო სამდივნოს, რომელშიც წერია:

«გერმანელებმა აიღეს დვინსკი, როვნო, მინსკი, ვოლმარი, ჰაპსალი. მოიწევენ პიტერისა და კიევისკენ, ცხადია, ლაშქრობის მიზანი რევოლუციისა და მისი მონაპოვრის ჩახშობაა. სახკომსაბჭომ გადაწყვიტა, დაიწყოს წინააღმდეგობის გაწევა პიტერიდან, მოახდინოს მუშა მოსახლეობის, აგრეთვე, ბურჟუაზიის მობილიზაცია, ამასთანავე, თუ ეს უკანასკნელი არ მოისურვებს სანგრების თხრას, ძალით გაიყვანოს იგი და მუშების კონტროლით ათხრევინოს სანგრები.

ამხანაგების საერთო აზრი არის ის, რომ თქვენ, კიეველები, ვალდებულნი ხართ, ერთი წუთიც არ დაკარგოთ და ასეთივე წინააღმდეგობა მოაწყოთ კიევის დასავლეთით; მოახდინოთ ცოცხალი ძალის მობილიზაცია, განალაგოთ არტილერია, თხაროთ სანგრები, გარეკოთ ბურჟუაზია მუშების კონტროლით სასანგრო სამუშაოებზე და გამოაცხადოთ საალყო წესები. საერთო დავალებაა, დავიცვათ პეტროგრადი და კიევი, შევაკავოთ გერმანელთა ბანდები, რადაც უნდა დაგვიჯდეს.

მდგომარეობა უფრო სერიოზულია, ვიდრე შეიძლება მოგეჩვენოთ. გერმანელთა ბანდებს სურთ, გაისეირნონ პიტერიდან კიევამდე და მხოლოდ ამ დედაქალაქებში გამართონ მოლაპარაკება ზავის შესახებ».

სტალინის ბრძანების გამოსვლიდან მეორე დღეს, გერმანელებმა წარმოადგინეს ზავის პირობები. სტალინი უშუალოდ დაუკავშირდა უკრაინის სახალხო სამდივნოს და გააცნო ზავის პუნქტები.

აი ისიც:

«პუნქტი მესამე. რუსეთის ჯარები და წითელი გვარდია დაუყოვნებლივ ტოვებენ ლიფლიანდიასა და ესტლანდიას და ამ მხარეებს გერმანიის პოლიცია იკავებს მანამ, სანამ ქვეყნის მოწყობა არ შექმნის იქ საზოგადოებრივი უშიშროებისა და სახელმწიფოებრივი წესრიგის გარანტიას. ყველა მცხოვრები, რომლებიც დაპატიმრებულია პოლიტიკურ საფუძველზე, დაუყოვნებლივ უნდა იქნას განთავისუფლებული.

პუნქტი მეოთხე. რუსეთი დაუყონებლივ დებს ზავს უკრაინის სახალხო რესპუბლიკასთან. რუსეთის ჯარები და წითელი გვარდია დაუყონებლივ ტოვებენ უკრაინასა და ფინეთს, რუსეთის სამხედრო გემები დაუყოვნებლივ იქნან გადაყვანილნი რუსეთის ნავსადგურებში და დატოვებული იქნან იქ საყოველთაო ზავის დადებამდე ან განიარაღებული იქნან.

პუნქტი მეხუთე. რუსეთი თავის ძალებით ყველაფერს გააკეთებს, რათა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თურქეთისთვის აღმოსავლეთ ანატოლიის პროვინციების დაბრუნება და აღიარებს თურქეთის კაპიტულაციის გაუქმებას».

«უნდა ითქვას, _ ამბობს სტალინი, _ რომ პირობები წარმოუდგენლად მხეცურია. ვფიქრობთ, რომ პუნქტი უკრაინის შესახებ მოასწავებს არა ვინიჩენკოს ძალაუფლების აღდგენას, რომელიც ღირებულებას არ წარმოადგენს გერმანელებისთვის, არამედ ფრიად რეალურ ზემოქმედებას ჩვენზე, რაც ნავარაუდევია იმისათჰვის, რომ ჩვენ და თქვენ დავთანხმდეთ, მივიღოთ ძველი რადის ხელშეკრულება ავსტრია-უნგრეთთან, ვინაიდან გერმანელებს სურთ არა ვინიჩენკო, არამედ ფაბრიკატების გაცვლა პურსა და მადანზე.

გერმანელების შემოტევასა და ჩვენი ჯარების გამოქცევას ჩვენ ასე ვაფასებთ: ჩვენი იმპერიალისტები რომ დავამხეთ, დასავლეთში რევოლუციური მოძრაობის ნელი ტემპის, ჩვენი ჯარების მერყეობისა და გერმანელ იმპერიალისტთა უმაგალითო მტაცებლობის გამო, დროებით კლანჭებში ჩავუვარდით უცხოეთის იმპერიალიზმს, რომლის წინააღმდეგ ახლავე უნდა ვამზადოთ ძალები სამამულო ომის მოსაწყობად, დასავლეთში რევოლუციური ძალების ამოძრავების იმედით, რაც, ჩვენი აზრით, გარდაუვალია. ასეთი სამზადისისთვის კი საჭიროა მინიმალური შესვენება, რომელიც შეიძლება სასტიკმა ზავმაც კი მოგვცეს. თვალი უნდა გავუსწოროთ სინამდვილეს და ვაღიაროთ, რომ ჩვენ დროებით მოვექეცით გერმანული იმპერიალიზმის კლანჭებში. სწორედ ამ მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა საბჭოების სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, რომელმაც დღეს, ღამის 3 საათზე, გადაწყვიტა, დადოს ზავი სასტიკი პირობებით და სახკომსაბჭოს დაავალა, გაგზავნოს დელეგაცია ბრესტში, რაც მოხდა კიდეც დღეს. მხოლოდ ასეთ პირობებში იქნება შესაძლებელი საბჭოთა ხელისუფლების შენარჩუნება. ჯერჯერობით კი ვემზადოთ და კვლავ ვემზადოთ გერმანული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ომის მოსაწყობად».

ეს სამზადისი 1945 წლის გაზაფხულზე დასრულდა, როდესაც სტალინმა გერმანიის დედაქალაქ ბერლინის გარშემო თორმეტმილიონიანი არმიის საუკეთესო საჯარისო ქვედანაყოფები განალაგა. მძიმე არტილერიითა და ლეგენდარული «კატიუშით» რკალშემოვლებული ბერლინის თითოეულ კილომეტრზე იდგა 270 ერთეული ცეცხლისმფრქვეველი ვეშაპი, რომელიც საბრძოლო თეატრის გასანათებლად და მოწინააღმდეგის დასაბრმავებლად 3000 უმძლავრესი პროჟექტორით იყო აღჭურვილი. პერიმეტრზე განლაგებული იყო ლეგენდარული ტანკისტების _ ლელიუშენკოსა და რიბალკოს _ სატანკო არმიები. ათასობით ბომბდამშენი ელოდა ბრძანებას ჰაერში ასაჭრელად.

უკუნ ღამეში ჰაერში გაშვებულ სასიგნალო შუშხუნას ბერლინის კატასტროფა მოჰყვა. მსხვილკალიბრიანი არტილერიისა და ტანკების შემაძრწუნებელ გრუხუნს ჰაერიდან წამოსული უზარმაზარი ჭურვების აფეთქების ხმებიც უერთდებოდა. გამდნარი ფოლადით ივსებოდა ბერლინის ქუჩები და მოედნები. სათვალთვალო პუნქტებიდან კი ჟუკოვი, კონევი და როკოსოვსკი დურბინდებით აკვირდებოდნენ, როგორ ცურავდა ბერლინი გამდნარი ფოლადის ზღვაში.

ასე იძია სტალინმა შური გერმანელ დამპყრობლებზე 25 წლის წინათ უკრაინაში ჩადენილისთვის.

დღეს კი კვლავ იწვის ჯონ კერის, ქეთრინ ეშტონის, მანუელ ბაროზუსა და სხვათა მიერ კიევის მაიდანზე მიტანილი საბურავები. მასთან ერთად იწვის უკრაინის ქალაქები და სოფლები. ცეცხლის ალშია გახვეული ისრაელი და პალესტინა, ლიბია, სირია, ავღანეთი, ერაყი. დენთის კასრზე ზის დედამიწის მოსახლეობა.

ვინ არის ის, ვინც ანათემას გადასცა მთელი მსოფლიო?

ვინ არის ის, ვინც სასაკლაოდ გადააქცია მთელი რიგი ქვეყნებისა?

ვინ არის ის, ვინც თავის ნებას თავს ახვევს ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში?

ვინ არის ის, ვინც ანგრევს სარწმუნოებას და ქვეყანაზე აფუძნებს ცხოველურ ინსტიქტებს?

ეს ამერიკაა, თავისი სატელიტი გამოჩერჩეტებული ბებერი ევროპით!

ნუთუ დაბრმავდა მსოფლიო და ვერ ხედავს, როგორ მოახდინა ამერიკამ გეოპოლიტიკური კატასტროფა საუკუნის ბოლოს და როგორ გახდა მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველი?! ნუთუ მეხსიერებიდან ამოიშალა შანტაჟი და ცრუ ბრალდება ერაყის მიმართ, რასაც შუამდინარეთის უძველესი და უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის მოსპობა და სადამ ჰუსეინის ოჯახის ამოჟლეტა მოჰყვა?!

ან რა საზომით შეიძლება გაიზომოს და აიწონოს ის დანაშული, რომელიც ამერიკელებმა ლიბიისა და მისი ლიდერის მიმართ ჩაიდინეს _ ქვეყანა, რომელიც ვითარდებოდა, კვლავ კანიბალიზმში დააბრუნეს.

ბოლო ასწლეულში უკრაინაში 2-ჯერ მოწყობილი სისხლიანი კალო ხომ მხეცური ინსტიქტია ზოგიერთი ამერიკელისა და ევროპელისა, რომლებსაც სურთ, ხელში ჩაიგდონ უზარმაზარი რესურსი და როგორმე მუცელი ამოიყორონ. მაგრამ უკრაინაში დანთებული ხანძარი იოლად არ ჩაქრება _ უკრაინა არც კოსოვოა და არც ალბანეთი.

პლანეტა განსაცდელშია, ჩაგრულ ხალხებს ეშინიათ ოლიგარქებისა და მათი ქილერების, ვერ გამოთქვამენ თავიანთ ნებას. მათი ნება მხოლოდ სტალინმა გამოთქვა პარტიის მე-19 ყრილობაზე:

«წინათ ბურჟუაზია თავს ნებას აძლევდა, ლიბერალობა გამოეჩინა, ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ თავისუფლებებს იცავდა და ამით პოპულარობას იქმნიდა ხალხში. ახლა ლიბერალიზმისგან კვალიც აღარ დარჩა. აღარ არის ეგრეთ წოდებული პიროვნების თავისუფლება, პიროვნების უფლებებს ახლა მხოლოდ მათთვის ცნოჰბენ, ვისაც კაპიტალი აქვს, დანარჩენი მოქალაქეები კი ითვლებიან ადამიანთა ნედლ მასალად, რომელიც გამოსადეგია მხოლოდ ექსპლოატაციისთვის. გათელილია ადამიანთა და ერთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, იგი შეცვლილია ექსპლოატატორული უმცირესობის სრულუფლებიანობისა და მოქალაქეთა ექსპლოატირებული უმრავლესობის უუფლებობის პრინციპით. ეროვნული და დემოკრატიული თავისუფლებების დროშა გადაგდებულია. ვფიქრობ, რომ თქვენ, კომუნისტური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებს, მოგიწევთ ამ დროშის აღება, თუ გსურთ, ხალხის უმრავლესობა შემოიკრიბოთ, თქვენს მეტი ვერავინ აღმართავს მას».

მსოფლიოს ახსოვს, როგორ გადაუხადა სამაგიერო უკრაინის დანგრევისთვის სტალინმა გერმანელებს. მომავალში გამოჩნდება, როგორ და როდის გადაუხდის სამაგიეროს თანამედროვე უკრაინის დანგრევისთვის ვლადიმერ პუტინი ამერიკასა და ევროპას.

სტალინის მიერ დატოვებული ატომური იარაღის პატრონ პუტინს შეუძლია ჩააქროს დასავლეთის მიერ დანთებული ხანძარი.

გრიგოლ ონიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here