Home რუბრიკები ისტორია გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

1956 წელს სკკპ  მეოცე ყრილობაზე ხრუშჩოვმა «სიცოცხლის ხიდან» ის ტოტი მოჭრა, რომელზეც მთელი სოციალისტური სისტემა იჯდა.  გასული საუკუნის 70-იან წლებში პოლიტიკურად, მორალურად და ეკონომიკურად დაჩოქილი საბჭოთა კავშირი კვლავ შეეცადა წამოდგომას და ამისთვის სტალინის სახელის გამოყენება  სცადა. ბრეჟნევის ხელისუფლებამ კონსპირაციულად მისცა მითითება მწერლებს, მარშლებს, შრომისა თუ ომის ვეტერანებს, დაეწერათ მემუარები სტალინთან დაკავშირებით. სწორედ ამ ხანებში შეიქმნა ლიტერატურული შედევრები, აგრეთვე, ფილმები და სპექტაკლები სტალინურ ეპოქაზე. ყველაფერი ეს ემსახურებოდა იმას, რომ 70-იანი წლების ბოლოს მომხდარიყო სტალინის პიროვნებისა და შემოქმედების სრული რეაბილიტაცია. ყველაზე დიდ მოლოდინში, რა თქმა უნდა, ქართველები იყვნენ.


დადგა 1979 წელი. ქვეყანა ემზადებოდა ბელადის 100 წლის იუბილისთვის: გალამაზდა სტალინის მშობლიური ქალაქი გორი; დაიდგა მემორიალები. გორში დაიგეგმა გრანდიოზული სანახაობა, რომლის განხორციელებაც დაევალა გამოჩენილ ქართველ მსახიობსა და მასობრივი სცენების დადგმის უბადლო ოსტატს _ ბორის წიფურიას.

დეკემბრის უმოკლესი დღეები წლებად გადაიქცა, დრო ნელა გადიოდა.

«1979 წლის 19 დეკემბერს ღამის 12 საათზე საქართველოს ტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარის _ ნუგზარ ფოფხაძის კაბინეტში სამთავრობო ტელეფონმა დარეკა, ამ ზარს იგი ელოდა.

_ ასე გვიანობამდე მუშაობთ? _გაისმა ყურმილში.

_ დიახ, ედუარდ ამბროსის ძევ, _ იყო პასუხი.

_ იქნებ ჩემთან ამოხვიდეთ სასწრაფოდ.

_ ცუდი ამბავი ხომ არ არის?

_ წამოდით! _ იყო ბრძანება.

ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კაბინეტში გაფითრებულ ედუარდ შევარდნაძეს ხელში დეპეშა ეკავა, ნუგზარ ფოფხაძის შესვლისთანავე ტელეგრამა მაგიდაზე ისროლა და შემოსულს მიმართა: «წაიკითხეთ!”

_ მთელ ტექსტს უცებ რას წავიკითხავდი, ერთ სიტყვას მოვკარი თვალი: «ატმენიტ,» _ იხსენებდა ნუგზარ ფოფხაძე მოგვიანებით…

ხუთი წუთი ორივე დუმდა. დანა პირს არ უხსნიდათ, მაგრამ ედუარდი რის ედუარდი იყო, გამოსავალი არ მოეძებნა:

_ ნუგზარ, ამ დეპეშაზე მე ვაგებ პასუხს. ხალხის მოთმინება წკიპზეა, ჩვენ რომ ამ ტექსტიდან გამომდინარე მივმართოთ ხალხს, საზოგადოებას შოკში ჩავაგდებთ, იმოქმედე ისე, როგორც უნდა გემოქმედა, გააკეთე ყველაფერი ისე, როგორც დიდ ქართველს ეკუთვნის პატარა ქართველებისგან. ეს იქნება მხოლოდ შენი ინიციატივა და არა ცეკას და პარტიის. დავალება მძიმე და სარისკოა _ ხომ არ გეშინია?

_ თქვენ იცით, ბატონო ედუარდ, რომ მე მშიშარა არ ვარ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ მძიმე დავალებას მომზადებული შევხვდი და ჩემი პროგრამაც მაქვს.

_ ეს როგორ, ცენტრალური კომიტეტის გარდა სხვა პროგრამაც არსებობს? _ გაკვირვებულმა იკითხა შევარდნაძემ.

_ ამ საკითხზე კი, _ უპასუხა ნუგზარ ფოფხაძემ და მოახსენა, რომ ამას ელოდა.

ორი დღის განმავლობაში ნუგზარ ფოფხაძე საერთოდ არ დაკავშირებია ედუარდ შევარდნაძეს. მან სტალინის დაბადების 100 წლისთავი, თუმცა არა იმ მასშტაბებითა და შინაარსით, მაგრამ მთელი საქართველოს ინტელიგენციისა და კულტურის კორიფეთა მონაწილეობით ბრწყინვალედ ჩაატარა («ყიზლარული დღიურებიდან» _ გრ.ონიანი).

 რატომ ჩაიშალა სტალინის რეაბილიტაციის საკითხის განხილვა მისი დაბადების 100 წლისთავზე?

სტალინის დაბადების 100 წლის მოახლოებამ ძალიან შეაშფოთა მოძმე დემოკრატიული ქვეყნის ლიდერები. ამერიკელთა აქტიური მუშაობის შედეგად ჩვენი ქვეყნის ბევრი ლიდერი არ იყო დაინტერესებული საბჭოთა კავშირის იდეურ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებით, ფიქრობდნენ, რომ სტალინის სახელის შემობრუნება საზოგადოებას ისევ გახდიდა მონოლითურს, კანონმორჩილს, შრომისმოყვარეს.

მოძმე ქვეყნების მეთაურთა გაერთიანებულ თათბირზე სტალინის რეაბილიტაციის წინააღმდეგ კატეგორიულად გაილაშქრეს იუგოსლავიის მთავრობის მეთაურმა იოსიფ ბროზ ტიტომ და რუმინეთის მთავრობის მეთაურმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ გავიდოდნენ დემოკრატიული ქვეყნების კავშირიდან, თუ სტალინის რეაბილიტაცია მოხდებოდა. საბჭოთა მთავრობამ, რომელშიც ბევრი იყო მოსყიდული და გადაბირებული ხელმძღვანელი, ვერ გაბედა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა და დადგენილება არ იქნა მიღებული. მიუხედავად ამისა, ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მაინც აღინიშნა სტალინის დაბადების 100 წლისთავი.

წარმოგიდგენთ მასალას, რომელშიც აღნიშნულია, თუ როგორ ჩატარდა სტალინის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე ერთ-ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში _ ალბანეთში, რა განაცხადა მისმა მეთაურმა ენვერ ხოჯამ ამ საიუბილეო თარიღზე:

«მიმდინარე წლის 21 დეკემბერს 100 წელი სრულდება რუსეთისა და მსოფლიო პროლეტარიატის სახელგანთქმული ბელადისა და ალბანელი ხალხის ერთგული მეგობრის, მთელი მსოფლიოს ჩაგრული მასების ქომაგის, მათი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და სოციალიზმისათვის მებრძოლის _ სტალინის დაბადებიდან, რომელიც გამორჩეული გულმხურვალებით უყვარდათ მილიონებს და რომლისაც მტკიცედ სჯეროდათ.

რას არ იგონებდნენ გარეშე მტრები . . სტალინის წინააღმდეგ, უწოდებდნენ მას «ტირანს», «მკვლელს», «სისხლისმსმელს». ყველა ეს ცილისმწამებლური გამონაგონი დიდი ცინიზმით გამოირჩეოდა. არა, სტალინი არ ყოფილა არც ტირანი, არც დესპოტი! ის პრინციპული, სამართლიანი, თავმდაბალი, გულისხმიერი და ძალიან ყურადღებიანი იყო ადამიანებთან, კადრებთან, თანამშრომლებთან დამოკიდებულებაში. ამიტომაც უყვარდათ იგი პარტიას და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ხალხებს, მსოფლიოს პროლეტარიატს, ასეთად იცნობდნენ მას მილიონობით კომუნისტი, გამოჩენილი რევოლუციონერები, მსოფლიოს პროგრესული მოღვაწენი.

1947 წელს მე მივმართე იოსებ სტალინს თხოვნით ალბანეთის საბჭოთა საზოგადოების შექმნის თაობაზე (ასეთივე შემოთავაზება ჰქონდა სტალინს ჩინეთიდან და ბულგარეთიდან. პოლონელებმა გამოთქვეს სურვილი თავიანთ ქვეყანაში კოლექტივიზაციის მხარდასაჭერად, რაზეც სტალინმა უპასუხა _ «კოლხოზი რუსებს სჭირდებათ, პოლონელებმა ეს გზა დიდი ხნის წინათ გამოიარესო»). პოტსდამის კონფერენციაზე საპასუხოდ ბრიტანელთა რეპლიკისა_ ალბათ, გერმანიის საბჭოთა ზონა გაწითლდებაო, სტალინმა თავისთვის, თუმცა ყველას გასაგონად, ჩაილაპარაკა: «გერმანელებს სოციალიზმი ისე მოუხდებათ, როგორც ძროხას უნაგირი». აქედანაც ჩანს, თუ როგორი «დამპყრობელი» და «დიქტატორი» იყო სტალინი (ხაზგასმა ჩემია _ გრ. ო.). სტალინმა მიპასუხა, რომ

 _ ისინი არ ქმნიან ერთობლივ საზოგადოებებს მოძმე სახალხო დემოკრატიულ ქვეყნებთან, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არ არის სწორი. ჩვენ, _ განაგრძო სტალინმა, _ ვალდებულნი ვართ, სახალხო დემოკრატიის ქვეყნებს დავეხმაროთ ტექნოლოგიით, რომელსაც ვფლობთ _ გავუწიოთ ეკონომიკური დახმარება, რამდენადაც და როგორც შეგვიძლია. მათ მხარდასაჭერად კვლავაც ყოველთვის ვიქნებით მზად.

«ცნობილი ფაქტია, რომ ხრუშჩოველები მოუთმენლად ელოდებოდნენ სტალინის სიკვდილს. ხოლო სინამდვილე იმის შესახებ, თუ როგორ, რა გარემოებაში გარდაიცვალა სტალინი, ხალხისათვის ნათელი არ არის. ამ თვალსაზრისით, იდუმალებით არის მოცული «თეთრხალათიანთა საკითხიც» კრემლის ექიმთა სასამართლო პროცესი, იმ თეთრხალათიანთა საქმე, რომლებიც ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში იყვნენ ბრალდებულნი საბჭოთა კავშირისა და ბოლშევიკური პარტიის ბევრი ხელმძღვანელის მოკვდინების მცდელობის გამო. სტალინის სიკვდილის შემდეგ კი ყველა ეს ექიმი სასწრაფოდ გაათავისუფლეს და საქმეც ამით დასრულდა. რატომ მიაფუჩეჩეს ეს საქმე? იყო თუ არა დამტკიცებული ამ ექიმთა ბოროტმოქმედებანი, როდესაც მათი მხილება დაიწყო? საკითხი თეთრხალათიანთა შესახებ იმიტომ მიაფუჩეჩეს, რომ, თუ ძიებას გააგრძელებდნენ, საქმეების ღრმად გამოჩხრეკის შედეგად შესაძლო იყო, ბევრი რამ გამოაშკარავებულიყო, ბევრ ბოროტმოქმედებას ახდოდა ფარდა, შეთქმულება «შეიარაღებულ რევიზიონისტთა _ ხრუშჩოვისა და მიქოიანის მეთაურობით» გამომჟღავნებულიყო. ასევე, შეიძლებოდა სინათლე მოჰფენოდა გოტვალდის, ბერუტის, დიმიტროვისა და კიდევ სხვა ცნობილი პიროვნებების მოულოდენლი, სასწრაფო გარდაცვალების საიდუმლოს, რომელთა შესახებაც ვწერდი ჩემს გამოუქვეყნებელ მოგონებებში «ხრუშჩოველები და ჩვენ», ასე შეიძლებოდა დაგვედგინა სტალინის მოულოდნელი სიკვდილის ნამდვილი მიზეზიც.

… ამ დიდებულ იუბილეზე მე მოწიწებით ვხრი თავს ჩემი ხალხისა და პარტიის წინაშე, რომლებმაც შემქმნეს, გამზარდეს, გამომაწრთეს და, აგრეთვე, იოსებ სტალინის წინაშე, რომელმაც, ჩემი ხალხის საბედნიეროდ, ამდენი ფასდაუდებელი რჩევა მომცა და ჩემს გულსა და გონებაში ამდენი დაუვიწყარი მოგონება დატოვა.

ახლა, როდესაც სტალინის ამ დიად იუბილეს აღვნიშნავთ, ყველგან მსოფლიოს ყველა პატიოსანი ადამიანისთვის დგება ღრმად დაფიქრების ჟამი, რომ სწორი პასუხი იპოვოს, გაფანტოს ბურუსი, რომელიც ბურჟუა კაპიტალისტებმა მოახვიეს თავს, რათა მასების რევოლუციური აღტკინება შეეჩერებინათ.

… ხრუშჩოველ რევიზიონისტებს, რომლებმაც რა აღარ თქვეს სტალინზე, რათა რამდენადმე მაინც მიეჩქმალათ მისი სახელი და საქმეები, ახლაც შეუძლიათ რაღაც უღიმღამო ტექსტები შეადგინონ მასზე, მაგრამ თქვენ, ოქტომბრის რევოლუციის შემოქმედნი, ხომ ხართ ვალდებულნი, ღრმა პატივისცემით გაიხსენოთ თქვენი გამოჩენილი ბელადი? თქვენ ვალდებულნი ხართ, დაამარცხოთ ფაშისტური რეჟიმი, დიქტატორული რეჟიმი, რომელიც ცდილობს, თაღლითურად ამოეფაროს სიტყვიერ ოინბაზობას. უნდა იცოდეთ, რომ ისინი, ვინც თქვენ გმართავთ, ფაშისტები, შოვინისტები და იმპერიალისტები არიან. ისინი თქვენგან საზარბაზნე ხორცს ამზადებენ იმპერიალისტური ომისთვის ამ ხალხების გასანადგურებლად, იმ ქვეყნების დასანგრევად, რომლებსაც სტალინის იდეების იმედი აქვთ. მსოფლიო ხალხებს არ უნდათ, რომ თქვენ ასეთები იყოთ და, თუ თქვენ კვლავ ასეთებად დარჩებით, ისინი უკვე ვეღარ შეძლებენ თქვენს პატივისცემას, ისინი შეგიძულებენ.

მსოფლიო ხალხებს სძულთ თქვენი ახლანდელი კონტრევოლუციური ხელისუფალნი. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ უკვე დიდი ხანია, მტრებმა გადაგიყვანეს რევოლუციური გზიდან, რათა თქვენს სულში სხვებზე ბატონობის სურვილი გააღვიძონ. ხრუშჩოველი რევიზიონისტები ამტკიცებენ, თითქოს თქვენი ძალები ამერიკის იმპერიალიზმის წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ, მაგრამ ეს ცრუ მტკიცებაა. თქვენი ხელისუფალნი ამერიკის იმპერიალიზმთან და მსოფლიო კაპიტალიზმთან კავშირში იმყოფებიან არა რევოლუციის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ხალხებზე ბატონობისა და გავლენის სფეროების გადანაწილების მისაღწევად.

მსოფლიო ხალხები შეშფოთებულნი არიან: ნუთუ თქვენ, იმ დიდებულ მეომართა შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია რომ მოახდინეს; თქვენ _ საბჭოთა კოლმეურნეები, ჯარისკაცები და ინტელიგენტები, კვლავ განაგრძობთ ხალხთა სამტროდ მიმართულ იმ გზაზე სიარულს, საითკენაც უკვე გადაგვიყვანეს თქვენმა ხელმძღვანელებმა, ცრუ კომუნისტებმა, რომლებიც ჩვეულებრივ ექსპლუატატორებზე მეტად გვჩაგრავენ, თუ კვლავ აღდგებით სტალინის სახელით და წახვალთ შეტევაზე რევოლუციის გზით?

მსოფლიოს სურს, რომ თქვენ კვლავ რევოლუციის გზით წახვიდეთ, გასწიოთ წინ, თქვენს წინამორბედთა მსგავსად, შეძახილებით: «სამშობლოსათვის», «სტალინისათვის», ნამდვილი სოციალიზმისათვის _ იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რევიზიონიზმის წინააღმდეგ. თქვენ დიდი ძალა ხართ, მაგრამ უკვე თავიდან უნდა მოიპოვოთ მსოფლიო პროლეტარიატის ნდობა, მსოფლიო ხალხების ნდობა, ის დიდი ნდობა, რომელიც სტალინმა ბრძოლითა და შრომით მოიპოვა. თქვენ სასწრაფოდ უნდა დაფიქრდეთ და ღრმად გაიაზროთ საკუთარი მომავალი; დროა, გახდეთ ისეთები, სტალინის დროს რომ იყავით, პროლეტარული რევოლუციის შემოქმედნი, ამიტომ თქვენ არ გაქვთ უფლება, რევოლუციისა და ხალხის მტრების უღელქვეშ დარჩეთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეთ იარაღად იმპერიალიზმის ხელში, რომელიც ლენინიზმის ნიღაბს ამოფარებული ხალხის დამონებას ესწრაფვის. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ საბჭოთა კავშირი აღარ წარმოადგენს თავისუფალ ერთა მთლიანობას, აქ უკვე აღარ ცხოვრობენ ერები ჰარმონიასა და სიამტკბილობაში. სტალინიზმმა შეძლო, შეექმნა საბჭოთა კავშირის ხალხთა ძმური ერთიანობა, რევიზიონიზმი კი პირიქით მოიქცა, გათიშა საბჭოთა ხალხები, გააღვივა შოვინიზმი, დანერგა ერთა შორის მტრობა, მოძმე ერებს ჩაუნერგა რუსებისადმი სიძულვილი, სიძულვილი ერისადმი, რომელმაც, სტალინის ხელმძღვანელობით, მთავარი როლი შეასრულა ქვეყნის გამარჯვების საქმეში.

ნუთუ კვლავაც მისცემთ უფლებას, რომ ფეხქვეშ გაგთელონ? ნუთუ კვლავ დაუშვებთ, რომ გაღრმავდეს ბურჟუაზიის განვითარების პროცესი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, დაიდგამთ ახალი კაპიტალის უღელს, კაპიტალისა, რომელიც ცრუ სოციალიზმის ტოგაშია გამოხვეული (აი, თურმე ჯერ კიდევ როდის გვაფრთხილებდა ენვერ ხოჯა ამ მოსალოდნელ უბედურებაზე_ გრ. ონიანი)?!

ჩვენ, ალბანელ კომუნისტებს, ალბანელ ხალხს, როგორც მსოფლიოს ყველა კომუნისტსა და თავისუფლების მოყვარე ადამიანს, გვიყვარდა სტალინის იდეებზე აშენებული ნამდვილი სოციალისტური საბჭოთა კავშირი, ჩვენ მტკიცედ მივყვებით სტალინის გზას და გვჯერა, საბჭოთა ხალხის რევოლუციური ძლიერებისა, საბჭოთა პროლეტარიატისა. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი თანდათან გამოავლენენ თავიანთ ძალებს თავგანწირულ ბრძოლაში ერის მოთხოვნათა შესაბამისად, და დაამარცხებენ საბჭოთა სოციალუსტურ იმპერიალიზმს.

რევოლუცია და მსხვერპლი, რომელსაც გაიღებთ, კი არ დაასუსტებს თქვენს ქვეყანას, არამედ ხელახლა წარმოქმნის სოციალუსტურ საბჭოთა კავშირს, დაამხობს იმპერიალიზმის დიქტატურას. საბჭოთა კავშირი ამ რევოლუციიდან უფრო ძლიერი გამოვა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ დიდებულ საქმეში მთელი მსოფლიო პროლეტარიატი, მსოფლიოს ხალხები დაგიჭერენ მხარს. სწორედ ამ რევოლუციურ გარდაქმნაშია სოციალიზმისა და კომუნიზმის იდეის ძლიერება და არა _ თქვენზე გაბატონებული ხროვის უმსგავსო, ფუჭ სიტყვებში. ნამდვილი კომუნისტები მსოფლიოში ყველგან ძლევენ იმპერიალიზმს და კაპიტალიზმს. ისინი დაეხმარებიან მსოფლიოს ხალხებს, რომ ერთმანეთის მიყოლებით განთავისუფლდნენ; დაეხმარებიან დიდ ჩინეთს, რომ ჭეშმარიტი სოციალიზმის გზას დაუბრუნდეს და არ იქცეს მსოფლიოზე გაბატონებისთვის მოწოდებულ სახელმწიფოდ. ჩვენ, ალბანელი კომუნისტები, სტალინის ერთგული მოწაფეები და რევოლუციის ჯარისკაცები, ამ დიდებულ იუბილეზე მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ თქვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ საკითხზე, ვინაიდან ჩვენ _ თქვენი ძმები, თქვენი ამხანაგები ვართ პროლეტარული რევოლუციისა და ხალხთა განთავისუფლების დიდ საქმეში. თუ თქვენ დამპყრობლური, იმპერიალისტური ომის გზას დაადგებით, საითაც მიჰყავხართ კიდეც თქვენს რენეგატ ხელმძღვანელებს, მაშინ ჩვენ უეჭველად თქვენი სისტემისა და თქვენი კონტრრევოლუციური ქმედებების მტრებად დავრჩებით, ეს დღესავით ნათელია. სხვაგვარად არ შეიძლება.

ჩვენ, ალბანელი კომუნისტები, საკუთარი ხალხის სისხლ-ხორცეული ნაწილი ვართ და, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ სწორად ვიქცევით, ვერავითარი ქარიშხალი ვერ შეგვაჩერებს, რა ძლიერიც უნდა იყოს იგი. ჩვენ გვჯერა, რომ ყოველგვარ წინააღმდეგობას დავძლევთ და გავიმარჯვებთ, ისე, როგორც ბოლშევიკური პარტია და ხელისუფლება, როგორც დიდი მხედართმთავარი _ სტალინი იმარჯვებდა და სძლევდა ნებისმიერ წინააღმდეგობას».

1949 წლის ნოემბერში სოხუმში დასასვენებლად მყოფ სტალინს აგარაკზე ენვერ ხოჯა ეწვია. სტალინი მას ეზოში შეეგება. სტუმარი მოხიბლული იყო აგარაკის ადგილმდებარეობითა და გამწვანებით. შეხვედრისთანავე ენვერ ხოჯამ ლოცვა აღავლინა და სტალინს 100 წლის სიცოცხლე უსურვა.

_ ასი? _ თვალები მოჭუტა ბელადმა და გაიცინა. _ ეს ცოტაა. ჩვენთან, საქართველოში, გვყავს მოხუცები, რომლებიც 145 წლისანი არიან.

_ კიდევ ასი წელი, ამხანაგო სტალინ, ასეთი დალოცვა იციან ჩვენთან, კიდევ 100 წელი იცოცხელეო.

_ აი, ასე კარგია! _ თქვა მან გულწრფელად და ხალისიანად, _ ეს კარგია, თანახმა ვარ.

ორივეს გაგვეცინა.

აივანზე გამიყვანა, სტალინს კეპი ეხურა და ყავისფერ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. შლიაპა მოვიხადე და საკიდზე ჩამოვკიდე.

_ შენც გეხუროს, არ გაცივდე, აქ ნესტიანი ჰავაა, _ მითხრა მასპინძელმა. არ ვაპირებდი სტალინის წინაშე შლიაპით ჯდომას, მაგრამ მან უბრძანა გენერალს, ჩამოეხსნა შლიაპა საკიდიდან და ჩემთვის მოეტენა. ბრძანება შესრულდა. საუბრის შემდეგ ვახშამზე მიმიწვია. კერძის გადაღებას ვაგვიანებდი, სტალინმა მითხრა:

_ შევუდგეთ ჭამას, რაღას უცდით? ხომ არ ფიქრობთ, რომ ოფიციანტები მოვლენ და მოგვემსახურებიან? აი, შენი თეფში; აიღე, მოხადე ხუფი ჭურჭელს, გადმოიღე კერძი, თორემ აღარაფერი შეგხვდებათ.

სტალინმა სადღეგრძელო წარმოთქვა და შესვა. მორიგი სასმისის დაცლას მომსახურე გენერალი შეეწინააღმდეგა, რასაც სტალინის ბრაზიანი, მაგრამ ხუმრობანარევი საყვედური მოჰყვა:

_ თავი დაგვანებე, თუ შეიძლება! უყურე ამას! ტიტოსავით არ გადაგვეკიდა? _ და პირდაპირ თვალებში ჩამხედა სიცილით.

სტალინი მეკითხებოდა ჩემი ქვეყნის კლიმატზე, ბუნებაზე, მიწათმოქმედებაზე, ნიადაგზე, ტყეებზე, ქვანახშირზე, რელიგიასა და ხალხზე. მოვახსენე, რომ ჰავა ალბანეთში კარგია, რომ ტყე ბევრი გვაქვს, არის ქვანახშირის დიდი მარაგი, რომ ჩვენთან ბევრია დაჭაობებული ადგილები, რაც აფერხებს არა მარტო სოფლის მეურნეობას, არამედ მეტად საზიანოა ხალხის ჯანმრთელობისთვის.

_ ჭაობის მავნებელი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად, მალარიასთან საბრძოლველად ევკალიპტები დარგეთ, _ მირჩია მან, _ ეს ხე ძალიან სასარგებლოა, იგი ჩვენთან ბევრგან იზრდება, მას კოღოები გაურბიან, თანაც ძალიან სწრაფად იზრდება და ჭაობიდან დიდი რაოდენობით იწოვს წყალს. სტალინს მოვუყევი, თუ როგორი აღფრთოვანებით მიყვებოდა ჩვეულებრივი გლეხი, რომელიც საქართველოში იყო ტურისტად, ქართული ჯიშის სიმინდზე. ამით ნასიამოვნებმა სტალინმა გასცა განკარგულება, მეორე დღისთვის რამდენიმე ტომარა ქართული სიმინდის თესლი მოეტანათ ჩვენთვის, თან ევკალიპტის თესლიც მოაყოლეს.

საუბრისას მკითხა:

_ თქვენ, ამხანაგო ენვერ, ღორის ხორცს ჭამთ?

_ დიახ, _ ვუთხარი მე.

_ მუსლიმანური რელიგია უკრძალავს თავის მრევლს ღორის ხორცის ჭამას, _ თქვა მან. _ ძველისძველი და უკვე დრომოჭმული ჩვევაა. მითუმეტეს, რომ რელიგიის საკითხი მეტად სათუთია და იგი ყოველთვის მხედველობაში უნდა მივიღოთ, ძალიან წინდახედულად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან დაუშვებელია, რომ დაუდევრად მოვეპყროთ ხალხის რელიგიურ გრძნობებს. ეს გრძნობები საუკუნეთა მანძილზე ინერგებოდა ადამიანთა სულებში და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ. რელიგიის გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხთან საერთო ენის გამონახვის, მჭიდრო ურთიერთობის დამყარების თვალსაზრისით.

ვახშმის დასასრულს, მან ხილზე მიმითითა და მკითხა:

_ ეს ხილი თუ გაგისინჯავს?

_ არა, _ ვუთხარი მე.

სტალინმა აიღო ხილი კანი გააცალა და მომაწოდა, _ გასინჯეთო. თან დასძინა, ხელები სუფთა მაქვსო.

25 ნოემბერს სტალინის ბრძანებით სოხუმი და მისი შემოგარენი დაგვათვალიერებინეს. მიმიყვანეს საბჭოთა მეურნეობაში და სტალინის მორთმეული ხილის პლანტაციები მანახეს. მანდარინის ტოტები ისე იყო დახუნძლული ნაყოფით, რომ სიმძიმით მიწაზე იყო გართხმული, მხოლოდ ერთ მანდარინის ხეს 1500-2000 ცალამდე ნაყოფი ესხა.

ქართველები ძალიან თავაზიანი ხალხია, მათ გულთბილად მიგვიღეს და გამოგვაცილეს, _ წერს თავის მოგონებებში ენვერ ხოჯა.

გრიგოლ ონიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here