2002 წელს სხვადასხვა წყაროდან შეკრებილი მასალებით მოვამზადე და მცირე ტირაჟით გამოვეცი წიგნი «სტალინი ოჯახურ გარემოში», რომელიც ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს სამახსოვროდ დავურიგე. დღეს გთავაზობთ ამ წიგნიდან რამდენიმე წერილს, რომლებიც სტალინისადმი ან სტალინის მიერ არის დაწერილი. ვფიქრობ, მასალა ინტერესმოკლებული არ იქნება.
სტალინი _ დედას
16 აპრილი, 1922 წელი
ჩემო დედა!
გამარჯობა!
იყავი ჯანმრთელად, გულთან ნუ მიიკარებ სევდას. ხომ გაგიგონია: «სანამ ცოცხალ ვარ _ ასე ვიქმ, ვახარებ ჩემსა იასა, მოვკვდები _ გაუხარდება სამარის მატლსა ჭიასა».
ეს ქალი ჩემი ცოლია. ეცადე, არ აწყენინო.
შენი სოსო
ნადეჟდა ალილუევა _კეკეს
29 ნოემბერი, 1922 წელი.
გამარჯობა, ძვირფასო დედა! ჯანზე როგორ ხარ? დიდი მადლობლები ვართ, რომ გახსოვართ და ყურადღებით გვეკიდებით. იოსები საღ-სალამათად არის, ბევრს მუშაობს, მოკითხვას გითვლის და კოცნას გიგზავნის. იაშა ჯანმრთელადაა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, ცუდად სწავლობს. ვასიკოც ჯანმრთელად არის, მოჩიტდა, მაგრამ ჯერ ვერ ლაპარაკობს. თავის ძვირფას ბებოს იხსენებს და მაგრად გკოცნის. მე ჯანმრთელად ვარ და შინაურებზე ვზრუნავ. ჯერჯერობით სხვას არაფერს ვაკეთებ. მოგვწერეთ, როგორ ცხოვრობთ, ძალიან გაგვეხარდება.
გკოცნი მაგრად და გისურვებ დიდხანს, დიდხანს ჯანმრთელობას.
თქვენი ნადია
ნადეჟდა ალილუევა _ კეკეს
24 დეკემბერი, 1926 წელი.
გამარჯობათ, ძვირფასო კეკე!
დიდი მადლობა საჩუქრებისათვის. იოსები დიდად კმაყოფილია, რადგან მურაბა ძალიან უყვარს. ჩვენთან ჯერჯერობით თითქოს ყველაფერი რიგზეა.
ამ დღეებში იოსები ცოტა შეუძლოდ იყო, სურდო ჰქონდა და ახველებდა, მაგრამ ახლა ყველაფერმა გაუარა და თავს კარგად გრძნობს. წერილი, რომელსაც მოკითხვაზე მეტად ელით, ისევ ვერ დაწერა. ჩემი შვილები კარგად არიან. ამ დღეებში სურათს გადავუღებთ და გამოგიგზავნით. იაშა სწავლობს, სახლში ემზადება უმაღლეს სასწავლებელში მოსაწყობად. რა გამოვა აქედან, ჯერჯერობით არ ვიცი, რადგან სწავლა ეზარება და მაინცდამაინც ნიჭიერიც არ არის. მაგრამ ვნახოთ, იქნებ რაღაც გამოვიდეს. ყოველდღე ამეცადინებს მასწავლებელი. ვასიამ წერა-კითხვა უკვე იცის. ახლა ავადაა, გრიპი აქვს. როგორც კი გამოკეთდება, სურათთან ერთად საკუთარი ხელით დაწერილ წერილს გამოგიგზავნით.
მე ვმსახურობ და სახლში დავფუსფუსებ.
ყველანი მოკითხვას გითვლიან და მრავალი წლის სიცოცხლეს გისურვებენ. გკოცნი მაგრად.
თქვენი ნადია
სტალინი _ დედას
22 დეკემბერი, 1931 წელი.
გამარჯობა, დედა!
შენი წერილი მივიღე. კარგია, რომ არ გვივიწყებ. მე, რა თქმა უნდა, შენს წინაშე დამნაშავე ვარ, რომ ბოლო ხანებში არ გწერდი, მაგრამ სამუშაო თავზე საყრელი მქონდა და წერილისათვის დრო ვერ მოვნახე.
თავს გაუფრთხილდი, თუ რამე დაგჭირდება, მომწერე. წამლებს ნადია გამოგიგზავნის. იყავი ჯანმრთელად, მხნედ.
მე თავს კარგად ვგრძნობ.
იცოცხლე ათას წელს.
შენი სოსო
სტალინი – დედას
11 ივნისი, 1935 წელი.
გამარჯობა, დედა! ვიცი, შეუძლოდ ხარ, ავადმყოფობას ნუ შეუშინდები, გამაგრდი, ყველაფერი გაივლის.
გიგზავნი ჩემს ბავშვებს, მოეფერე და დაკოცნე, კარგი ბავშვები არიან. თუ მოვიცლი, მეც როგორმე შემოგივლი, გინახულებ.
მე კარგად ვარ.
ჯანმრთელად იყავი. გკოცნი!
შენი სოსო
ნადეჟდა ალილუევა _ სტალინს
2 სექტემბერი, 1929 წელი.
მივიღე შენი გამოგზავნილი წერილი, მეორე, ეტყობა, ჯერ გზაშია, ძალიან მიხარია, რომ სოჭში თავს უკეთესად გრძნობ, ცხადია, შენ მანდ გამოკეთდები, განსაკუთრებით _ თუ თავს მიხედავ. მეკითხები, როგორ გაქვს საქმე სამრეწველო აკადემიაშიო. ახლა უკვე შემიძლია გითხრათ, რომ უკეთესად, ვინაიდან დღეს წერითი გამოცდა მქონდა მათემატიკაში, რომელიც წარმატებით ჩავაბარე. მაგრამ, საერთოდ, ბედი არ მწყალობს. დილით, 9საათზე, უნდა ვყოფილიყავი სამრეწველო აკადემიაში, რა თქმა უნდა, გავედი რვაზე, მაგრამ ტრამვაი გაფუჭდა, ავტობუსს დავუწყე ლოდინი _ არა და არ გამოჩნდა. მაშინ გადავწყვიტე, ტაქსში ჩავმჯდარიყავი, ჩავჯექი, მაგრამ ასი საჟენიც არ ჰქონდა გავლილი, რომ გაჩერდა, იმასაც რაღაც გაუფუჭდა. ყოველივე ამან ბევრი მაცინა, მაგრამ ბოლოს სამრეწველო აკადემიაში ორ საათს ველოდებოდი გამოცდას. რა არის ახალი? სიმართლე გითხრა, არ ვიცი, ვინაიდან ჯერჯერობით არსად გავსულვარ, მხოლოდ ზუბალოვოში ვიყავი კვირას. იქ ყველაფერი რიგზეა. გაკაფულია, ციცრები ცოცხლები არიან და ა. შ. წვიმა არ მოსულა და ამიტომ, სამწუხაროდ, აღარც სოკოებია. სულ ცოტა მოვკრიფეთ შენთვის. ჩემს დანახვაზე სვეტლანამ მაშინვე მომაძახა, რატომ მამა არ ჩამოვიდაო.
გუშინ მიქოიანმა დარეკა. აინტერესებდა შენი ჯანმრთელობა და საქმეები, მითხრა, რომ შენთან ჩამოვა. აქვე უნდა გითხრა, რომ მოსკოვში ყველგან დიდი რიგებია, უმთავრესად _ რძესა და ხორცზე, ეს უსიამოვნო სანახავია. მთავარი კი არის ის, რომ სწორი ორგანიზებით შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება… ავლაქლაქდი და ის კი დამავიწყდა, რომ გრძელი წერილები არ გიყვარს. მომწერე რამე, მაშინ აღარ ვიქნები ასე მოწყენილი, ძალიან გამეხარდა შენი წერილის მიღება, როცა საქმეები გაირკვევა, ყველაფერს დაწვრილებით მოგწერ. ახლა კი მაგრად გკოცნი. ჯერჯერობით ნახვამდის.
შენი ნადია
P.S. იოსებ, თუ შეიძლება, გამომიგზავნე ორმოცდაათი მანეთი, მე სამრეწველო აკადემიაში ფულს მხოლოდ 15 სექტემბერს მომცემენ, ახლა კი უკაპიკოდ ვზივარ. კარგი იქნება, თუ გამომიგზავნი.
ნადია
სტალინი _ ნადეჟდა ალილუევას
16 სექტემბერი, 1929 წელი.
ტატკა!
როგორ არის შენი საქმეები, როგორ ჩახვედი? როგორც ჩანს, ჩემი პირველი წერილი (დაკარგული) კრემლში დედაშენმა მიიღო. რამდენად სულელი უნდა იყოს, რომ მიიღოს და გახსნას სხვისი წერილები.
ცოტა უკვე მოვიკეთე.
გკოცნი.
შენი იოსები
სტალინი _ ს. ეფიმოვს
(ზუბალოვოში სამთავრობო აგარაკის კომენდანტი)
11 სექტემბერი, 1933 წელი.
ძიძა და სვეტლანა მოსკოვში დაბრუნდნენ, სვეტლანა დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოთ სკოლაში, თორემ მთლად გაველურდება. გთხოვთ, თქვენ და პაუკერს იგი სკოლაში მოაწყოთ. ორივე მოეთათბირეთ ძიძასა და კაროლინა ვასილის ასულს და გადაწყვიტეთ, რომელ სკოლაში მოაწყონ.
ძიძის ჩამოსვლის შემდეგ კაროლინა ვასილის ასულმა შევებულება უნდა აიღოს. უთხარით მას, რომ შვებულება უნდა აიღოს, თორემ მთლად დაიქანცება. თუ მოისურვებს სოჭში შვებულების გატარებას, გამოამგზავრეთ, ხოლო თუ რამე მიზეზის გამო არ მოისურვებს ამას, ზუბალოვოში შეუქმენით ყველა აუცილებელი პირობა. ის კარგი ადამიანია და ყოველგვარ ყურადღებას იმსახურებს. თუ მოისურვებს თავისი დის ჩაყვანას ზუბალოვოში, ამის წინააღმდეგი არ ვიქნები.
კაროლინა ვასილის ასულის შვებულების დროს მოსკოვში დარჩეს ძიძა. მიხედეთ ვასიას, რომ ცუდად არ მოიქცეს, თავის ნებაზე ნუ მიუშვებთ და მკაცრად მოეპყარით, თუ ძიძას არ გაუგონებს ან გააჯავრებს, დატუქსეთ.
ველი თქვენს პასუხს.
სალამი!
ი.სტალინი
P.S. ვასიას ანა სერგის ასულს ნუ გააკარებთ: იგი მას რყვნის მავნე და საშიში დათმობებით.
კ. პაუკერი(უშიშროების თანამშრომელი) _ სტალინს
15 სექტემბერი, 1933 წელი.
ამხ. სტალინს!
მივიღე თქვენი წერილი. დღეს ეფიმოვთან ერთად ბინაზე ვიყავით, კაროლინა ვასილის ასულს ჯერჯერობით არსად წასვლა არ შეუძლია. ის მოსკოვში მკურნალობს.
ვასიასა და მასწავლებელთან (თითოეულთან ცალ-ცალკე) კაროლინა ვასილის ასულის დასწრებით სერიოზული საუბარი მქონდა. ვასიას მისი ყველა ცოდვა გავახსენე და დავემუქრე. შემპირდა, რომ დღეიდან კარგად მოიქცევა. მასწავლებელს წინადადება მივეცი, არ დამიმალოს ვასიას ოინები და რჩევისათვის არ მიმართოს ანა სერგის ასულს, არამედ ყველაფერზე ელაპარაკოს კაროლინა ვასილის ასულს ან მე დამირეკოს.
კარგი იქნებოდა, ვასია სხვა სკოლაში გადაგვეყვანა, მეოცე სკოლაში ძალიან ბევრი ხელიდან წასული ბავშვია. ვფიქრობ, მოვაწყოთ 35-ე სკოლაში, პიმენის შესახვევში (ტვერსკაიაზე). იქ სიმკაცრე და მტკიცე დისციპლინაა. რომელ ჯგუფში ჩარიცხავენ, მეოთხეში თუ მეხუთეში, გამოცდა გვიჩვენებს. ამავე სკოლაში შეიძლება შევიყვანოთ სვეტლანაც. კარგი იქნება, თუ მასწავლებელს ავუყვანთ. მე დღეს ერთი მოვნახე. იცის გერმანული და ფრანგული ენები. პარტიის წევრია 1919 წლიდან, მარტოხელაა, ორმოცდაერთი წლის, კარგი პედაგოგია, მანვე შეიძლება ვასიას შეასწავლოს ენები. ყველა საკითხზე გთხოვთ თქვენს თანხმობას და პასუხს.
კ. პაუკერი
კ. პაუკერი _ ნ. ვლასიკს
(სტალინის დაცვის უფროსი)
23 სექტემბერი, 1933 წელი.
დაშიფრული
ამხ. ვლასიკს
საჭიროა, სასწრაფოდ გკითხოთ პასუხი ჩემს წერილზე, შემდეგი საკითხის თაობაზე: 1 _ ვასიას სხვა სკოლაში გადაყვანის შესახებ; 2 _ მასწავლებლის აყვანისა და და სვეტლანას სკოლაში მიღების შესახებ.
ყოველივე ამის შესახებ მე წერილში თანხმობა ვითხოვე, მაგრამ პასუხი არ არის. დრო მიდის. მინდა სატელეგრაფო ან წერილობითი თანხმობა ყველა ჩემი წინადადების შესახებ. თვითონ ვერ გადავწყეტ ამ საქმეებს. საერთოდ, ვასიას სასწრაფოდ გადაყვანა აუცილებელია რიგი მოსაზრებების გამო. გკითხეთ, იქნებ ჩამოსვლას დაველოდოთ.
კ. პაუკერი
სტალინი _ ვ. მარტიშინს
(ისტორიის მასწავლებელი)
8 ივნისი, 1938 წელი.
მასწავლებელ ამხ. მარტიშინს.
გპასუხობთ დიდი დაგვიანებით მუშაობით გადატვირტულობის გამო. გთხოვთ, მაპატიოთ.
ვასილი საშუალო ნიჭის მქონე განებივრებული ყმაწვილია, ველური (სკვითების ტიპი), ყოველთვის არ ამბობს სიმართლეს, უყვარს სუსტი «ხელმძღვანელის» შანტაჟირება, ხშირად თავხედია, სუსტი, უფრო სწორად _ არაორგანიზირებული ნებისყოფის.
იგი გაანებივრეს ათასნაირმა «ნათლიებმა» და «ნათლიდედებმა», რომლებიც ჩასჩიჩნებენ, რომ სტალინის შვილია.
მოხარული ვარ, რომ თქვენი სახით მოიძებნა საკუთარი თავის პატივისმცემელი ერთი მასწავლებელი მაინც, რომელიც ვასილის ისე ექცევა, როგორც ყველას, და თავხედისაგან მოითხოვს, დაემორჩილოს სკოლის საერთო რეჟიმს. ვასილს რყვნიან თქვენ მიერ მოხსენიებული დირექტორის მსგავსი დონდლო, მჩვარივით ადამიანები, რომელთა ადგილი სკოლაში არ არის და, თუ თავხედ ვასილის ჯერ არ დაუღუპავს თავი, ეს იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ისეთი მასწავლებლებიც, რომლებიც ჭირვეულ ვაჟბატონს თავისას არ გაატანინებენ.
ჩემი რჩევა: უფრო მკაცრად მოსთხოვეთ და ნუ შეგაშინებთ ჭირვეულის ყალბი მუქარა და შანტაჟი «თვითმკვლელობის» თაობაზე, ამაში ჩემი მხარდაჭერა გექნებათ.
სამწუხაროდ, მე არ მაქვს შესაძლებლობა, მივხედო ვასილის, მაგრამ გპირდებით, დროდადრო ჭკუას ვასწავლი.
ი. სტალინი
ნ. მაკეევი (სკოლის დირექტორის თანაშემწე) _ ი. სტალინს
15 ივნისი 1938 წელი
ძვირფასო იოსებ ბესარიონის ძევ!
განათლების სახალხო კომისრის ბრძანებით, მოხსნილი ვარ სასწავლო ნაწილის დარგში დირექტორის თანაშემწის სამუშაოდან. ძირითადი მიზეზი, არსებითად, თქვენი შვილის, ვასიას, აღზრდისა და სწავლების საკითხია. ვ. მარტიშინის თქვენდამი წერილმა და თქვენმა პასუხმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. განსახკომის მოადგილე ამხ. ლიხაჩოვმა ნაჩქარევი დასკვნა გააკეთა. ისე, რომ არ მოისმინა ჩემი ანგარიში, არ მოახდინა არავითარი გამოძიება იმის შესახებ, რა იყო სკოლის არადამაკმაყოფილებელი მუშაობისა და ვასიას აღზრდა-სწავლების ნაკლოვანებათა ნამდვილი მიზეზები.
ვასია 175-ე სკოლიდან გადმოვიდა. მის აღზრდაში უკვე მრავალი ხარვეზი იყო, როგორც თავად ამბობდა, სულ ელაქუცებოდნენ. გადაწყდა: ვასია სტალინი, სტეფანე მიქოიანი, თემურ ფრუნზე და სხვები საერთო სასკოლო რეჟიმს უნდა დამორჩილებოდნენ, ყვარებოდათ ისინი _ გაფრთხილებოდნენ, მაგრამ მათდამი ლოიალობას ბოლო მოეღებოდა. თავდაპირველად ყველაფერი რიგზე იყო. ცალკეული გადახრები საერთო სასკოლო რეჟიმიდან სწრაფად სწორდებოდა. მაგალითად, გაკვეთილის დროს ვასიას «კომსორგის» ოთახში შევუსწარი, შენიშვნა მივეცი და მაშინვე კლასში შევიდა. არ მაცნობეს, თემურ ფრუნზე ცუდად იქცევაო, ტელეფონით ველაპარაკე ვოროშილოვს. მან თემურზე სათანადო გავლენა მოახდინა.
მუშაობის შედეგები წლის პირველ ნახევარში ნაყოფიერი იყო. მეორე ნახევარში გართულებები დაიწყო. უნდა ითქვას, რომ მუშაობა სკოლაში განსაკუთრებოთ მძიმე პირობებში გვიხდებოდა. არ არსებობდა სპეცსკოლის დებულება. ამ საკითხში განსახკომი ინერტულობას იჩენდა. უაღრესად ღარიბი იყო მატერიალური ბაზა. მწვავედ იგრძნობოდა პედაგოგიური კადრების დენადობა. ყოველივე ამას ართულებდა მოსწავლეთა დიდი კონტინგენტის _ მაღალი თანამდებობის მუშაკების, კერძოდ, ცეკას, პოლიტბიუროს წევრთა ბავშვების დაშორიშორება.
სწორედ ოჯახის სკოლასთან კავშირის არარსებობაზე ვამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან ეს მიმაჩნია კარდინალურ საკითხად.
ვასილი გაკვეთილებზე იგვიანებს, საშინაო დავალებებს არ ასრულებს, ვიძახებთ სასაუბროდ, ვარკვევთ მიზეზებს. თურმე იგი დიდხანს არის მანეჟში და ა.შ. ამ შემთხვევაში სკოლა ვერ მოახდენს ზემოქმედებას, ვინაიდან იგი დაშორებულია ოჯახს. ამასთანავე, გადმოგვცემენ თქვენს ბრძანებას, რომ ვასილისათვის ვიქონიოთ მეორე დღიური, რომელშიც დაწვრილებით ჩავწერთ მისი დისციპლინისა და მოსწრების შესახებ, ისე, რომ მან არ უნდა იცოდეს. შინსახკომის თანამშრომლები კი ამტკიცებენ, რომ დღიურის დათვალიერებისას იყენებთ ლურჯ და წითელ ფანქარს, მაგრამ სკოლის ოჯახთან კავშირის ასეთმა სისტემამ თავისი დანიშნულება არ გაამართლა.
არ მოგვარებულა, აგრეთვე, სკოლის კავშირი თემურ ფრუნზეს ოჯახთან. შეკითხვები არც შემოსულა, ოჯახის წარმომადგენლების გამოძახებას დირექტორი გვიკრძალავდა. როცა ვასიას მოსწრების გაუარესება დაიწყო, პირადად მასთან კლასის დამრიგებლის მონაწილეობით შევადგინეთ მეცადინეობის ცხრილი, მაგრამ ვასიამ ამას თავი აარიდა და მიზეზის ზუსტად დადგენა ვერ მოვახერხეთ, რადგან ამ დროს შინსახკომის თანამშრომლები გაიწვიეს და მეორე დღიურის შევსება შეწყდა.
ვასია თანდათან ჩამოსცილდა საერთო სასკოლო რეჟიმს, რადგან იცის, რომ სკოლა უძლურია, ზემოქმედება მოახდინოს მასზე. «კომსორგი» და დირექტორი ამტკიცებენ, შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როცა კაცმა არ იცის, რას ჩაიდენსო. სასწავლო წლის ბოლოს საქმე უხეშ გამოსვლებამდეც მივიდა. განსაკუთრებით ისტორიის მასწავლებლის _ ვ. მარტიშინის მიმართ. ინციდენტი მეოთხე მეოთხედში ისტორიის ნიშანთან დაკავშირებით თქვენთვის უკვე ცნობილია. ეს მოხსენდა ქალაქის სახალხო განყოფილების ინსპექტორს _ ამხ. კრიუკოვს. ვასიას დაუნიშნეს საგაზაფხულო გამოცდა ისტორიაში, რაც დირექტორმა გააუქმა. შემდეგ ვასია ზოგიერთ გამოცდაზე არც მოსულა. დღის მეორე ნახევარში გამოვიძახე რუსული ენის გამოცდაზე, მაგრამ დირექტორმა გაუშვა.
რვა და ცხრა ივნისს მე და «კომსორგმა» მიღება ვთხოვეთ განათლების სახალხო კომისრის მოადგილეს, ამხ. ლიხაჩოვს. ამხ. ლიხაჩოვმა მიღება დაგვინიშნა, მაგრამ იგი არ გამართლდა, ვინაიდან იმ დღეს «უჩიტელსკაია გაზეტაში» გამოქვეყნდა შენიშვნა «თვალის ამხვევი დირექტორი», რომლის დეტალები დაწვრილებით არ განუხილავთ.
დასკვნები გაკეთდა, მაგრამ ძირითადი საკითხი ვასიას, თემურის, სტეფანეს და სხვების აღზრდისა და სწავლების შესახებ გადაუწყვეტელი დარჩება მანამ, სანამ არ დამყარდება მჭიდრო კავშირი სკოლასა და ოჯახს შორის და ამის საფუძველზე საათანადოდ არ გაირკვევა მათი ორიენტაცია და საქმეში ჩახედულება.
უეჭველია, მხოლოდ მაშინ დაამთავრებს სკოლას ვასია, როგორც საუკეთესო მოსწავლე (ის ნიჭიერია, მაგრამ მერყევი), მასწავლებელი კი იდგება მტკიცე ნიადაგზე და გამორიცხული იქნება, განათლების სახალხო კომისარმა წყალში ჩაუყაროს მასწავლებელს ოცი წლის პედაგოგიური მუშაობის სტაჟი.
თქვენდამი პატივისცემით,
ნ. მაკეევი
ვ. მარტიშინი _ ი. სტალინს
(1938 წლის 5 ივნისის შემდეგ)
ძვირფასო იოსებ ბესარიონის ძევ!
ვსარგებლობ შემთხვევით, გამოგიცხადოთ უღრმესი კმაყოფილება გადასული სიხარულში, რომელიც მომანიჭა თქვენმა საპასუხო წერილმა.
მე პირადად არ გიცნობთ, მაგრამ ვიცოდი, მიპასუხებდით და პასუხს ველოდი.
თქვენმა პასუხმა _ გენიოსისათვის დამახასიათებელმა უშუალობამ და უბრალოების გამოხატულებამ, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ პირადად გიცნობთ, მაპატიეთ, უთავბოლოდ და ექსპრომტად გწერთ.
თქვენმა წერილმა კიდევ უფრო გამიმძაფრა სიძულვილი ობივატელებისა და, კერძოდ, ჩემი წრის ობივატელებისადმი, რომლებიც ჩემს არაერთგზის მოთხოვნაზე _ გვეცნობებინა თქვენთვის ვასილის მუშაობის შესახებ, გაიძახოდნენ: «ეს უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში _ საშიში!» ან: «იყუჩეთ, დუმილი შვენის სიჭაბუკეს».
ამ წერილის მიზანია, მოგახსენოთ, რა შთაბეჭდილება შემექმნა თქვენი ჩარევის შემდეგ ისტორიაში ვასილის მუშაობასა და მის განწყობილებაზე.
ვასია დამატებით მეცადინეობდა ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემთან ჰქონდა ჩათვლები კურსის ნაწილებში, რაც მას შემდგომი მუშაობის სტიმულს აძლევდა, მე კი შესაძლებლობა მომეცა, წარმოდგენა მქონოდა მისი მომზადების დონეზე. ჩათვლები ერთ საათსა და მეტ ხანს გრძელდებოდა.
ამის შემდეგ შემიძლია გაცნობოთ, რომ მისი ცოდნა შედარებითია, მყარ საფუძველს მოკლებული, ზერელე, ბევრი პრობლემა და ხარვეზი აქვს, კერძოდ, სქემატიზმი და სოციოლოგიზმი. მაგრამ ისიც კი, რაც მან დაძლია ასეთ მოკლე ვადაში კმაყოფილებას მანიჭებს და სრულ უფლებას მაძლევს, ამ წელიწადს საშუალოდ შევაფასო მისი ცოდნა.
გთხოვთ, მომიტევოთ აკვიატება, მაგრამ არ შემიძლია დაგიმალოთ ერთი დაკვირვება, სახელდობრ: ვასია ავადმყოფურად განიცდის იმ უსიამოვნებას, რომელიც მოგაყენათ თქვენ, ვინც უყვარს და იზიდავს.
ერთხელ ჩემთან საუბრისას ვასილიმ განმიცხადა, რომ მზად არის, ყველაფერი იღონოს, ოღონდ აღიდგინოს თქვენი ნდობა, რომ უფრო ახლოს იყოს თქვენთან.
ჩემთვის გასაგებია მისი მოთხოვნა. ვფიქრობ, თუ ვასიას მიეცემა გარკვეული თავისუფლება იმ აზრით, რომ მინიმუმამდე შეუმცირდება მეურვეობა, რომელიც ზოგჯერ შეურაცხყოფს მას და ამასთანავე, უზრუნველყოფთ რეგულარულ, მაგრამ მისთვის შეუმჩნეველ კონტროლს იმაზე, როგორ ამართლებს ნდობას, ვასია იქნება ის, რაც უნდა იყოს. დასასრულ, უნდა გაცნობოთ რომ მე, ალბათ, ვერ გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც ჩემდამი გამოიჩინეთ, როცა მწერდით, ვასილის მუშაობის ხელმძღვანელობაში თქვენი დახმარების იმედი უნდა მქონდესო, ვინაიდან 1938-1939 წლის ნომერ მეორე სპეცსკოლის მასწავლებელთა სიაში მე არ ვირიცხები. ათასი ბოდიში.
თქვენი ვ. მარტიშინი
ლ. პ. ბერია _ სტალინს
1938 წლის 8 დეკემბერი.
ამხანაგ სტალინს!
კაჩის ავიასკოლის უფროსთან, ბრიგადის მეთაურ ამხ. ვ. ივანოვთან წერილით გავგზავნე ჩემი თანამშრომელი, რომელმაც ადგილზე გაარკვია, რომ, შეიტყო რა ვასია სტალინის ჩასვლა სკოლის ხელმძღვანელობამ, მისთვის დაუშვა გამონაკლისი, რითაც დაარღვია საერთო პირობები კურსანტებისათვის.
ქ. სევასტოპოლში ჩასვლისას ვასიას სადგურზე დახვდნენ სკოლის კომისარი ამხ. სემიონოვი და განსაკუთრებული განყოფილების მუშაკი. სკოლისკენ მიმავალმა ვასიამ ამხ. სემიონოვს უთხრა: «ამ წელიწადს სევასტოპოლში უნდა ჩამოვიდეს მამა დასასვენებლად და, ალბათ, კაჩშიც შემოივლის».
ვასია მოათავსეს არა კურსანტების საერთო საცხოვრებელში, არამედ ჩამოსულთათვის განკუთვნილ ცალკე ოთახში.
პირველ დღეებში მას კერძებს უმზადებდნენ მეთაურთა შემადგენლობის სასადილოში. იყო შემთხვევები, როდესაც ვასიამ შეუკვეთა სამხრეთული კერძი, რომლის მომზადება არ იცოდნენ ადგილობრივმა მზარეულებმა და სპეციალურად სევასტოპოლში გაგზავნეს კაცი, რათა გაეგოთ, როგორ მზადდებოდა ეს კერძი.
ვასია 3-4-ჯერ ჩავიდა სევასტოპოლსა და მუხრატკაში სკოლის მიერ გამოყოფილი მანქანით, ტელეფონით დაურეკა მოსკოვში ამხანაგ პოსკრებიშევს და შინსახკომის ნომერ პირველი განყოფილების უფროსს.
ამა წლის 24 ნოემბერს ვასია სკოლის შტაბის უფროს გერასიმენკოსთან ერთად მოტოციკლეტით სეირნობდა სკოლის ტერიტორიაზე. იგი დაეცა, ოდნავ გაეკაწრა სახე და ხელები. ვასიას თხოვნით, გერასიმენკომ ეს ფაქტი რამდენიმე დღით დაუმალა სარდლობას.
ჯგუფის დაკომპლექტებამდე ვასია მეცადინეობდა მასწავლებელთან ფრენის თეორიაში. თვითმფრინავ უ-2-ის მატერიალური ნაწილებისა და მ-11 მოტორის წესების შესწავლაში. ასევე ითვისებდა წესდებას. კაჩის ავიასკოლის უფროსის _ ივანოვისა და ყირიმის ასსრ შინსახკომის უფროს იაკუშევისათვის ჩემ მიერ გაგზავნილ წერილში მოცემულია შემდეგი მითითებები:
ა. მოიხსნას აშკარა დაცვა, როგორც მიუღებელი, და მოეწყოს აგენტურული დაცვა, მაგრამ ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ვასიას სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ბ. ყურადღება და მზრუნველობა მის მიმართ გამოავლინონ არა იმ აზრით, რომ შეუქმნან რაღაც განსაკუთრებული პირობები, რომლებითაც დაირღვევა ავიასკოლის დადგენილი რეჟიმი და შინაგანაწესი, არამედ დაეხმარონ სკოლის პროგრამის კარგად ათვისებასა და სასწავლო და ყოფითი დისციპლინის დაცვის საქმეში.
ლ. ბერია
გრიგოლ ონიანი