Home რუბრიკები ისტორია გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

ჰეროდოტეს ცნობით, ციდან ჩამოვარდნილი ოქროს გუთანი ქართველთა ერთ-ერთ ტომის მამამთავარს უნდა ეპოვა ლაზიკაში. ივანე ჯავახიშვილის აზრით, «გუთანი პირველად საქართველოში, სახელდობრ, ლიხთ-ამერეთში უნდა იყოს გაჩენილი და იქედან გავრცელებული მეზობელ ერთა შორის».


1923 წელს, როდესაც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებისა და იარაღების ინვენტარიზაცია ჩატარდა, აი, რა აღმოჩნდა:

 ხის გუთანი _7 406 ცალი, ხის კავი _162 947 ცალი, რკინის გუთანი _17 785, ადგილობრივი წარმოების ფარცხი (ხის) _ 54 752, რკინის ფარცხი _ 3 002 ცალი.

ამავე აღწერით, საქართველოში მიწათმოქმედებით დაკავებული იყო 388 480 ოჯახი, მათგან სახნავი იარაღები არ ჰქონდა 210 029 ოჯახს, სატრანსპორტო ინვენტარს მოკლებული იყო 235 674 ოჯახი, ტრანსპორტის ისეთი სატრანსპორტო საშუალება, როგორიც არის ურემი, არ ჰქონდა 125 261 ოჯახს.

უაღრესად მძიმე პირობებში იყო ჩავარდნილი აგრარული ქვეყანა, რომელსაც, ფაქტობრივად, არ გააჩნდა სოფლის მეურნეობა, ჩანასახშიც კი არ იყო მრეწველობა, ვაჭრობა და ტრანსპორტი. მენშევიკური მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია 1920 წლის 20 დეკემბერს თბილისში გამართულ ეკონომიკურ თათბირზე აცხადებდა: «თუ ჩვენ აქამდე ვამბობდით, რომ მივექანებით უფსკრულისკენ, დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ უკვე ვდგავართ უფსკრულთან».

ლენინი სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი სოფლად არსებული მდგომარეობის და ხელისუფლებისადმი გლეხობის მომხრობის საკითხის გამო. იგი ამბობდა: «ჩვენ რომ შეგვეძლოს, ხვალ 100 000 პირველხარისხოვანი ტრაქტორის მიცემა, მათი მომარაგება ბენზინით, მათი მომარაგება მემანქანეებით (თქვენ მშვენივრად იცით, რომ ჯერჯერობით ეს ფანტაზიაა), მაშინ საშუალო გლეხი იტყოდა: «მე კომუნის მომხრე ვარ» (ესე იგი, კომუნიზმის მომხრე ვარო)». ლენინისათვის შეუძლებელი და ფანტაზია სტალინისთვის მისაღწევს და რეალურს ნიშნავდა. 1924 წლის დასასრულს სტალინის უშუალო ინიციატივით საქართველოში ამოქმედდა 60 გამქირავებელი პუნქტი, რომელშიც გაერთიანებული იყო 1786 ერთეული მანქანა-იარაღი. მანქანა-ტრაქტორთა მაღალმწარმოებლური გამოყენებისთვის აუცილებელი იყო მათი კოლონების შექმნა, რომელიც უმკაცრესად კონტროლდებოდა არა მარტო სამეურნეო თვალსაზრისით, არამედ პარტიის ძირითად საქმიანობადაც სწორედ ეს იყო მიჩნეული.

პირველი მანქანატრაქტორთა სადგურები (მტს) დაარსდა აგარის, აბაშისა და ბორჩალოს რაიონებში. მათ განკარგულებაში იყო 133 ტრაქტორი 1425 ცხენის ძალის სიმძლავრით. მტსის დირექტორს მოსკოვი ამტკიცებდა და ის პირადად უნდა გაცნობოდა სტალინს.

1923 წელს თბილისში შედგა ამიერკავკასიის ეკონომიკური თათბირი, რომელზეც წაიკითხეს სტალინის დეპეშა თათბირის მონაწილეებისადმი, მასში ხაზგასმით ეწერა: «მორწყვის ამოცანები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ამოცანები არმიაში». დეპეშის შინაარსი და ტონი მიუთითებდა ადამიანებს, რომ მორწყვა არ იყო მარტო სახალხო მეურნეობის პრიორიტეტი. ის ქვეყნის პრიორიტეტედ გამოცხადდა, ისევე, როგორც ქვეყნის თავდაცვა. შედეგმაც არ დააყოვნა. წარმოუდგენლად მოკლე ვადებში აშენდა და მწყობრში ჩადგა ისეთი გიგანტური სარწყავი სისტემები, როგორებიც იყო: კულაშ-ღანირის, ლაში-მისაქციელის, რიონ-მაშველის, წილკნის, დოეს გრაკლის, თეძი-ოკამის, აჯამეთის, ტირიფონის, ალაზნის, მუხრანის, ტაშისკარის, სამგორისა და სხვ. შესაძლებელი გახადა მზით გადამწვარი მიწის მორწყვა. ამას გარდა დაშრა და ბრუნვაში მოექცა დაჭაობებული 105 ჰექტარი მიწა, რომელზეც შემდგომ აშენდა ნარინჯების ქვეყანა.

ომის დამთავრების დღიდან იწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სწრაფი აღმავლობა და ინდუსტრიალიზაცია. 50-იან წლებში საქართველოში ფუნქციონირებდა 2 302 მსხვილი კოლმეურნეობა, 119 საბჭოთა მეურნეობა და 96 მტს, რომლებშიც გაერთიანებული იყო 8 613 ტრაქტორი, 1438 კომბაინი, ათეულათასობით გუთანი, სათესი მანქანა, კულტივატორი და ავტომობილი.

1950-იან წლებში საქართველოში 9 400 ჰექტარზე იყო გაშენებული ციტრუსი, 8 700 ჰექტარზე _ ტუმბო, ხოლო მარცვლეული ითესებოდა 874 400 ჰექტარზე. 1925 წელს სტალინის ინიციატივით გამოვიდა საკავშირო მთავრობის დადგენილება ტრესტ «საქართველოს ჩაის შექმნის თაობაზე», რომელსაც უნდა განემტკიცებინა ჩაის საბჭოთა მეურნეობის შექმნის იდეა და მისი მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება უზრუნველეყო. 1917 წელს აფხაზეთში ჩაის პლანტაციის მხოლოდ ერთი ჰექტარი იყო აღრიცხული, ხოლო 1950 წელს ჩაის პლანტაციების ფართობმა 10 000 ჰექტარს გადააჭარბა. აჭარაში კი თუ 1913 წელს მხოლოდ 862 ჰექტარი იყო გაშენებული, 1950 წლისთვის 5 391 ჰექტარს მიაღწია.

 30-იანი წლების ბოლოს საკავშირო მთავრობამ კვების მრეწველობის საკავშირო სამინისტროსთან შექმნა ცალკე სამსახური «გლავ ჩაი სსრ», რომელიც, ძირითადად, ეფუძნებოდა ქართული ჩაის წარმოებაგადამუშავებასა და მის გადანაწილებას მთელ კავშირში.

სტალინმა დაავალა ბერიას, საქართველოში მოეძებნა ჩაის დარგის სპეციალისტი, რომელიც ჩაუდგებოდა სათავეში ამ ახალ სამსახურს. 1939 წელს საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე საქართველოს რესპუბლიკის მიღწევები, რომელიც წარმოდგენილი იყო #2 პავილიონში, დაათვალიერა პოლიტბიურომ. ერთ-ერთ კედელზე, სადაც განთავსებული იყო მახარაძის რაიონის ლაითურის ჩაის საბჭოთა მეურნეობა, მისი დირექტორის _ დავით რომანოზის ძე ფანცხავას სურათი გახლდათ გამოფენილი. სტალინი სწორედ იქ შეჩერდა და საკმაო ხანს ათვალიერებდა როგორც მეურნეობის მიღწევებს, ასევე მისი დირექტორის ფოტოსაც, შემდეგ კი ბერია იხმო და უთხრა: რით ვერ მოძებნეთ «გლავჩაის» მმართველი აქამდე? აი ის», _ და ფოტოზე მიუთითა.

ოთხი დღის მომქანცველი მგზავრობის შემდეგ დავით ფანცხავა მოუთმენლად ელოდა ბელადთან შეხვედრას და აი, პოსკრებიშჩევმაც კარისკენ მიუთითა (დავით ფანცხავას კარგად ვიცნობდი, ის ჩემი მეგობრის _ სოსო ფანცხავას და ხანგრძლივი დროით «ტრესტ საქართველოს ჩაის» მმართველის _ რამაზ ფანცხავას მამა იყო _ .).

«როცა ოთახში შევდიოდი, თითქოს გავითიშე, _ მიყვებოდა ბატონი დავითი, _ მაგრამ, ჩემკენ წამოსული ცოცხალი სტალინი რომ დავინახე, მისმა ღიმილმა უცბად მომიხსნა მღელვარება, ხოლო როცა სკამზე მიმითითა, მაშინ კი ვერ გავბედე და ვერ ჩამოვჯექი, რადგან თვითონ ფეხზე იდგა.

«დაბრძანდით. მე ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს. აბა, მითხარი, როგორ არის საქართველო, რასა იქმთ, რას ჭამთ, რას სვამთ, რა გაწუხებთ?» _ ისე მელაპარაკებოდა, თითქოს მეზობელთან ვიყავი გადასული. ნელ-ნელა ძალა მოვიკრიბე და დაწვრილებით მოვუყევი საქართველოში ჯერ მეჩაიეობის დარგის, ხოლო შემდეგ ციტრუსების განვითარების მდგომარეობა. კმაყოფილი დარჩა. მითხრა, თქვენს მიღწევებს გამოფენაზე გავეცანიო.

_ რუსული ხომ კარგად იცით? _ ღიმილით მომმართა.

_ არა, რუსული არ ვიცი, _ მტკიცედ ვუპასუხე მე.

_ ის თუ იცით, რისთვის დაგიძახეთ?

_ არა, არავის უთქვამს.

_ თქვენ უნდა გადმოგიყვანოთ მოსკოვში «გლავჩაის მმართველად», თქვენთან მოწეული ჩაი უნდა გადაამუშაოთ, დააფასოოთ და მთელი ქვეყნის შიგნით და გარეთ გაანაწილოთ. აი, ეს იქნება თქვენი დავალება.

_ ამხანაგო სტალინ, მადლობას მოგახსენებთ ნდობისთვის, მაგრამ ენის ბარიერის გამო ამ დავალებას ვერ შევასრულებ.

_ ენას ისწავლი, მოგამაგრებთ მასწავლებელს, რომელიც სისტემატურად გამეცადინებთ, მანამდე თარჯიმნის დახმარებით იმუშავებთ. მე უამრავ სტუმარს ვიღებ უცხოეთიდან, რომელთა ენაც არ ვიცი, მაგრამ უპასუხოდ არავინ გამიშვია, ყველაფერში დაგეხმარებით, გისურვებთ წარმატებებს!

თითქოს სულ სამი წუთი დავყავი სტალინთან, რომლის ნახვაც ჩემს სიცოცხლეში ვერ წარმომედგინა, მაგრამ, როდესაც მოსაცდელ ოთახში გამოვედი, ისევ საათს შევხედე _ საათის ისრები ოთხ საათსა და 45 წუთს უჩვენებდა».

აკაკი ივანეს ძე მგელაძის, საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი პარტიული და სამეურნეო ხელმძღვანელის, გზა კომკავშირიდან დაიწყო და მიღწია კიდეც საქართველოს კომკავშირის ცეკას პირველი მდივნის თანამდებობას, საიდანაც ის სამუშაოდ საკავშირო კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში გადაიყვანეს.

1937 წლის ოქტომბერში ლ. ბერიამ რაღაც ბრალდებით ა. მგელაძე უკან, საქართველოში გამოიწვია და საკავშირო დეპუტატობიდანაც მოახსნევინა, მის საქმეს რამდენიმე თვე იძიებდნენ, ბოლოს კი ცკ-ის ბიუროს სხდომაზე ბერიამ გამოაცხადა, რომ მგელაძის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლო იყო და იმავე ბიუროს სხდომაზე იგი «საქნავთობის» მმართველად დანიშნეს. დიდ სამამულო ომში კავკასიონზე კრიტიკული მდგომარეობის შექმნის გამო ა. მგელაძე გადაჰყავთ კავკასიის ფრონტის ზურგის კომისრად. როგორც «საქნავთობის» მმართველის, ასევე ფრონტზე ყოფნის დროს ის რამდენიმეჯერ შეხვდა სტალინს.

1943 წლის 17 თებერვალს . მგელაძე ინიშნება აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად და სოხუმის ქალაქკომის პირველ მდივნად. არჩევიდან 3 დღის შემდეგ, 20 თებერვალს მაღალი სიხშირის ტელეფონით სტალინი ულოცავს ახალ თანამდებობას და ეკითხება, თუ რა განწყობაზეა.

_ ცუდ განწყობაზე არ ვარ, მაგრამ არ მინდოდა ჯარიდან წამოსვლა, _ უპასუხებს ა. მგელაძე.

_ ამხანაგი შერბაკოვიც წინააღმდეგი იყო თქვენი გადმოყვანის, მაგრამ პოლიტბიურომ არ გაიზიარა მისი მოთხოვნა და იცით, რატომ? თამბაქოს მწარმოებელი კრასნოდარის, სტავროპოლის, ყირიმისა და უკრაინის მხარეები ჰიტლერელებს აქვთ დაკავებული. თამბაქოს ძირითად მომწოდებლად ახლა რჩება მხოლოდ აფხაზეთი. აფხაზეთში კი თამბაქოს მოსავლიანობა ძალზე დაბალია. თუ იცით, რამდენი ტონა თამბაქო დაამზადეთ გასულ წელს?

_ 2800 ტონა, _ იყო პასუხი.

_ ხედავთ, რა ცოტაა? ჩვენს მებრძოლებს არაფერი აქვთ მოსაწევი, ისინი ახლა ბამბის ნაწარმს წვავენ თამბაქოს ნაცვლად და სიცივეში ლეიბების გარეშე რჩებიან. თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს?

_ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია.

_ თამბაქო ჩვენთვის ახლა გადამწყვეტი ფაქტორია, რაც შეიძლება მეტი უნდა მოგვცეთ. ჩვენი მებრძოლები მადლობელი იქნებიან თქვენი და აფხაზი ხალხის. თქვენ უკვე გაეცანით მეთამბაქეობას ადგილზე? _ იკითხა სტალინმა.

_ დიახ, ამხანაგო სტალინ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ საკითხზე და ვფიქრობთ, გავაორმაგოთ თამბაქოს დამზადება.

_ ეს ცუდი არ არის, _ თქვა კმაყოფილმა. _ ესე იგი თქვენ ფიქრობთ, რომ მოგვცეთ თამბაქო 5000 ტონა და შეიძლება მეტიც, არა? თქვენ, ალბათ, დახმარება დაგჭირდებათ. ყველაფერში დაგეხმარებით.

სტალინი ცოტა ხნით პაუზას აკეთებს და ამბობს: _ ადრე, როდესაც ღეროებს ფოთლებს აცლიდით, ძირებს ადგილზე ტოვებდით, ან თხრიდით და წვავდით, მაშინ კარგი დრო იყო. იმ ღეროებს ნუ გადაყრით, შეაგროვეთ და იქედან ჩვენ «მახორკას « გავაკეთებთ.

_ ამხანაგო სტალინ, ვეცდებით, ავიღოთ ორი მოსავალი და თამბაქოს მოსავლიანობა გავზარდოთ.

ამას სტალინის აღფრთოვანება მოჰყვა.

_ სექტემბერში, როდესაც ფოთოლს დავკრეფთ, აგროტექნიკის მიხმარებით, შესაძლებელია, მეორედაც გამოიღოს ფოთოლი თბილი ამინდის პირობებში. ხარისხით შეიძლება ის პირველ მოსავალს ვერ გაუტოლდეს, მაგრამ უხარისხო მაინც არ იქნება. პრობლემა შეგვექმნება მხოლოდ მისი შრობის პერიოდში, რისთვისაც დამატებითი ფარდულების მშენებლობა იქნება აუცილებელი, ცოტაოდენი ფინანსები და მასალებიც დაგვჭირდება.

_ ჭკვიანურია. ახლა დავრწმუნდი, რომ თქვენ არანაკლებ ბრძოლის ფრონტზე ხართ, ვიდე ჩვენი მეომრები, გისურვებთ წარმატებებს, ამხანაგო ვოლკოვ (მგელაძე).

თავგანწირული შრომის შედეგად აფხაზეთის მშრომელებმა ბრწყინვალედ შეასრულეს სტალინისთვის მიცემული პირობა და სამშობლოს ბევრად მეტი თამბაქო მისცეს, ვიდრე ვალდებულებით იყო გათვალისწინებული.

სტალინმა დაწვრილებით იცოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის ყველა დარგი, მათი განვითარების წარსული და მომავლის პერსპექტივა. კ. ჩარკვიანთან საუბარში მან ასე შეაფასა საქართველოს მევენახეობა:

_ ეს ჯიშთა მრავალფეროვნება ბოტანიკისთვის კარგია, მაგრამ მეურნეობისთვის არ არის მისაღები. მხოლოდ საუკეთესო სამრეწველო ჯიშებს უნდა აშენებდეთ. მეღვინეობაში ხარისხია გადამწყვეტი. უჯიშო ვაზი კი ხარისხიან ღვინოს არ მოგცემთ. მე, მაგალითად, მეუბნებიან, რომ ქართლში გავრცელებულია რაღაც ქიწნურა _ ჰიბრიდული ჯიში. ღვინო არაფრად ვარგა, ყურძენს მრეწველობა არ ყიდულობს, ვაზს კი ათეულ ჰექტრობით მიწა უკავია. უნდა შევცვალოთ ეს ჰიბრიდები ხარისხოვანი ვაზით.

_ ამხანაგო სტალინ, ქართლის რაიონებში ქიწნურა საკარმიდამო ნაკვეთებში აქვთ. გლეხები მის ღვინოს არ წუნობენ. ამავე დროს ვაზი მავნებლებსა და ავადმყოფობებს უძლებს, არც საძირეზე გაშენება სჭირდება, არც შეწამლვა, კოლმეურნეები ადვილად არ შეელევიან.

 _ თქვენ ამბობთ, გლეხები ჰიბრიდების ღვინოს არ წუნობენო. გლეხების გემოვნებას მაინცდამაინც ნუ დაუჯერებთ. მახსოვს, ქართლში ღვინოს ზოგიერთი გლეხი არაყს უმატებდა შესამაგრებლად, ზოგი კიდევ თამბაქოსაც შიგ ჩაყრიდა, მაგრამ ეს ხომ ღვინო არ არის. საკარმიდამო ნაკვეთებზე კულტურული ვენახი უნდა გვქონდეს. თქვენ წინასწარ ნუ გადაწყვეტთ, რომ გლეხები ქიწნურას არ დათმობენ. ხელი შეუწყვეთ ტრაქტორებით პლანტაჟის გაკეთებაში, მიეცით სარგავი მასალა და ნახავთ, თუ კოლმეურნე ხარისხოვანი ვაზის გაშენებას არ არჩევს.

1948 წელს ქართლის რაიონებში ხორბლის მცირე მოსავალი მიიღეს, რაც აუცილებლად პურის დეფიციტს გამოიწვევდა. საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კ. ჩარკვიანის კაბინეტში ტელეფონის ზარი გაისმა:

_ შარშან ქართლში ცუდი მოსავალი ყოფილა, აგერ პეტა ამბობს (საუბარია სტალინის სიყრმის მეგობარ პეტა კაპანაძაზე), ხალხს პური უკვე აკლიაო. თქვენ ეს, რასაკვირველია, გეცოდინებათ.

_ ვიცი, ამხანაგო სტალინ, ცუდი მოსავალი იყო, დახმარება უნდა გთხოვოთ.

_ მაინც რამდენის თხოვნას აპირებთ?

_ 30 000 ტონა ხორბალი დაგვჭირდება.

_ ნუთუ ასე ბევრის?

_ ოთხი-ხუთი რაიონისთვის ეს ბევრი არ არის, ამხანაგო სტალინ, ახალ მოსავლამდე კიდევ ორი-სამი თვე რჩება.

_ კარგი, გამოგზავნეთ წერილი. ნახვამდის.

სტალინი ძალიან ხელმოჭერილი და ანგარიშიანი კაცი იყო ყველაფერში და, მით უმეტეს, ხორბლის განაწილების საკითხში, რომლის გარეშეც ეს საკითხი არსად და ვერავისთან გადაწყდებოდა.

 საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სტალინი და ყველა ღონეს ხმარობდა, განევითარებინა იგი. კ. ჩარკვიანს პრინციპულად მოთხოვა, თუ რა ფაქტორების დახმარებით შეიძლებოდა მეაბრეშუმეობის გაზრდა. ჩარკვიანმაც 1945 წლის ოქტომბერში, სოჭში დასვენების დროს, მოხსენებითი ბარათი მიართვა მეაბრეშუმეობის განვითარების თაობაზე. ცეკას მდივანი ითხოვდა, ყოველ კილოგრამ შესყიდულ პარკზე ჩამბარებლისთვის ორი კილოგრამი მარცვალი მიეყიდათ სახელმწიფო ფასებში.

_ ბევრია, _ თქვა სტალინმა. _ პური ცოტა გვაქვს, უნდა გავუფრთხილდეთ. ერთ-ნახევარი კილოგრამი მარცვალი მივყიდოთ, საკმარისი იქნება.

_ ნუ დაუკლებთ, ამხანაგო სტალინ, ჩვენი მოთხოვნა დიდი არ არის.

_ კარგი. კილოგრამი და შვიდასი გრამი იყოს და გეყოფათ. ვაჭრობა მეტი აღარ გაგრძელებულა, მაგრამ ეს თხოვნა 1945 წლის სეზონსაც შეეხო, თუმცა აბრეშუმის პარკის ჩაბარება უკვე დამთავრებული იყო.

მეხილეობის განვითარება საქართველოში მთლიანად სტალინის დამსახურებაა. ის შესანიშნავად ერკვეოდა რესპუბლიკაში გავრცელებულ ჯიშებში და მეცნიერებისგან მოითხოვდა, რაც შეიძლება მაღლა აეწიათ ზღვის დონიდან მათი გავრცელება, რაც შესრულდა კიდეც. სტალინმა წვრილმანებამდე იცოდა ჯიშების შემადგენლობა. ერთხელ, როდესაც მან აკაკი მგელაძეს ჰკითხა, თუ საიდან, რომელი კუთხიდან იყო და გაიგო, რომ გურულია, ძალზე კმაყოფილი დარჩა. მან დიდი შეფასება მისცა გურულებს (რაზეც ცალკე მექნება საუბარი) და გაიხსენა გურიაში გავრცელებული მსხლის ჯიში «კაცისთავა».

_ შენ თუ იცი ან თუ გაგიგონია «კაცისთავა»? _ ჰკითხა მგელაძეს.

_ ცოდნით არა, მაგრამ გაგებით კი გამიგია. მსხლის ჯიშების ჩამონათვალში კი ის არსად არ მოიხსენიება.

_ შეიძლება, როგორც სამრეწველო ჯიში, ის არ არის რენტაბელური, მაგრამ მისი გამოყენება შიდა მოხმარებისთვის ცუდი არ იქნება. ის უყვართ გურულებს. მისი გამოჩენა სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მნახველთა ინტერესს გამოიწვევს, თავისი მოცულობიდან გამომდინარე. სტალინთან მეორე შეხვედრისთვის ა. მგელაძემ კაცი გაგზავნა წერილით ჩოხატაურის რაიკომის პირველ მდივან შოთა ჭანუყვაძესთან, რათა შეერჩიათ და გამოეგზავნათ მისთვის რამდენიმე ცალი მსხალი «კაცისთავა»; დავალება, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ შეასრულა ბატონმა შოთამ.  მგელაძემ სტალინს აგარაკზე მიარვა სათუთად შეფუთული «კაცისთავას» ნაყოფი, იგი უზომოდ კმაყოფილი დარჩა. სასწრაფოდ თავისთან იხმო პოსკრებიშჩევი და ვლასიკი. სიამაყითა და სიხარულით უყვებოდა სტალინი თავის მდივანსა და დაცვის უფროსს ამ უნიკალური გურული მსხლის გემოსა და ფორმა-შეფერილობაზე. შემდეგ მთელი პერსონალი იხმო, მსხალი გათალა და თითო ნაჭერი, დანის წვერზე წამოცმული, თითოეულ მათგანს მიაწოდა. ერთი ნაჭერი თვითონაც გასინჯა. ვინ იცის, იმ წამს «ოცნება სად აფრენდა»… ყურში ჩაესმოდა დაუვიწყარი «მიირთვი, ნენა», რომელსაც ტკბილად გაიხსენებდა ხოლმე შორეული წარსულიდან.

გრიგოლ ონიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here