წლევანდელი 9 მაისი _ გამარჯვების დღესასწაული _ საქართველოში კვლავ უღიმღამოდ აღნიშნეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ხელისუფლება აქაც, ისტორიული მეხსიერების მოშლის სფეროში, ერთგულებს მიხეილ სააკაშვილის დანატოვარ ანდერძს. საოცარი კოაბიტაციაა _ იდეოლოგიური თანაცხოვრება გაკოტრებული პირველკაცის უვიცობის და მისი გადამგდები ახლების უპრინციპობის.
მიგვაჩვიეს ამას. ან გვაჩვევენ. ამიტომ, შინაგანი პროტესტის მიუხედავად, არ გაგვკვირვებია თანხვედრა მათი პოზიციების. აი, რუსეთმა კი ამ დღეს ქარქაშიდან ამოღებული მახვილივით მთელ მსოფლიოს თვალწინ აუპრიალა თავისი სამხედრო ძლიერება. აჩვენა, რომ ფაშიზმისგან მსოფლიოს მხსნელ ერებს, მათ შორის, საქართველოსაც, არ გასცვეთია «სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი». მით უფრო სამწუხაროა, რომ ამ ფონზე აბსოლუტურად გაუგებარ კონტრასტად თავი იჩინა ყბადაღებულმა კოაბიტაციამ, ოღონდ ამჯერად უვიცი და გაუნათლებელი, უზომოდ გაბერილი ტიკინის _ ნიკიტა ხრუშჩოვის ანტისტალინურ პროპაგანდისტულ კლიშესთან, რომლის მიხედვით საბჭოთა კავშირმა ჰიტლერული გერმანიისა და მისი სატელიტი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ომი მოიგო, არა სტალინის სარდლობით, არამედ მისი ნების საწინააღმდეგოდ(!). ბელადი არც ამჯერად დაუფასებიათ სათანადოდ, თუმცა სატელევიზიო პროგრამებში აქა-იქ მაინც გაკრთა. მაშინ, როცა ოფიციოზი ვერ გამოსულა კოაბიტაციური სიმბიოზისგან, ხალხში სტალინის ხსოვნა მტკიცედ არის ფესვგადგმული.
საიდან იწყებოდა კულტი
სამამულო ომის პერიპეტიების განხილვამდე ვცადოთ და საკითხი _ იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი) და რუსი ხალხი _ ერთი, შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი რაკურსით განვიხილოთ.
მისდამი, როგორც პიროვნებისადმი, დამოკიდებულება თანდათან, წლების, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ყალიბდებოდა. თავდაპირველად ლოკალური, ადამიანური ურთიერთობის ვიწრო სფეროში, შემდეგ თანდათან მისი მოღვაწეობის მასშტაბის შესაბამისად _ იატაკქვეშა ორგანიზაციებში, გადასახლებებში, რევოლუციის მომზადებისა და განხორციელების პროცესში და ა. შ.
უზარმაზარი იმპერიის მეთაურობამდე.
ყველაფერი რევოლუციონერის ურთულესი და ხიფათით აღსავსე ცხოვრებიდან იწყებოდა.
როცა სახელგანთქმულმა ქართველმა და საბჭოთა კინორეჟისორმა, სტალინური პრემიის მრავალგზის ლაურეატმა მიხეილ ჭიაურელმა ბელადს სთხოვა, სტალინის როლის შემსრულებელი მსახიობისთვის _ მიხეილ გელოვანისთვის ნება დაერთო გარკვეული დროის განმავლობაში დაკვირვებოდა, თვალი ედევნებინა სტალინისთვის, აღექვა მისი ქცევის, საუბრის მანერა, რათა უკეთ განესახიერებინა მისი სახე მომავალ ფილმში (თუ არ ვცდები, ეს ფილმი «ფიცი» იყო), იოსებ ბესარიონის ძემ დინჯად, ქვეტექსტზე აქცენტირებული იუმორით უპასუხა:
_ მაშინ ტურუხანსკის გადასახლებიდან უნდა დაიწყოსო.
ჩვენც გადასახლებიდან დავიწყოთ, უფრო ზუსტად, ციმბირის გადასახლებიდან გაქცევით, რომლის მსგავსი რუსეთის იმპერიაში არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
მწერალი და მეცნიერი ვილიამ პოხლებკინი პრობლემას ფრიად საინტერესო და ორიგინალური კუთხით განიხილავს. იგი ცდილობს, უპასუხოს კითხვას, თუ როგორ მოახერხა ახალგაზრდა რევოლუციონერმა, ქართველმა კაცმა, რომელიც პირველად აღმოჩნდა რუსეთში, ისიც ციმბირში, თავი დაეღწია თავისუფლების აღკვეთის ამ უმკაცრესი, კარგად აწყობილი სისტემის ლაბირინთებისთვის, სადაც უმთავრესი დაბრკოლება იმდენად ასობით ვერსით ერთმანეთს დაცილებული დასახლებული პუნქტები კი არ იყო, რამდენადაც საყოველთაო თვალთვალის პრაქტიკა, რომელშიც სახელმწიფო დამსჯელი ორგანოების თანამშრომლების, ოხრანკის აგენტების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობაც იყო აქტიურად ჩართული.
ვილიამ პოხლებკინი წერს:
«სტალინი არ გაუციათ (მისი აქცენტისა და გარეგნობის მიუხედავად) სწორედ უბრალო, «ყველაფრის მნახველ» რუს ადამიანებს _ მეეტლეებს, გლეხებს, მეფუნდუკეებს, ვის დაუხმარებლადაც ვერავითარი გაქცევა მთელი რუსეთის გადაკვეთით ვერ შედგებოდა. სხვა რუსი რევოლუციონერები, განსაკუთრებით, ინტელიგენციის წრიდან, ხშირად ვერ ახერხებდნენ საერთო ენის გამონახვას უბრალო ადამიანებთან, ან იმდენად გამოირჩეოდნენ მასისგან თავიანთი «თავადური» ჩვეულებითა თუ ქცევით, რომ იწვევდნენ უბრალო ადამიანების დაეჭვებას, რომლებსაც შესისხლხორცებული ჰქონდათ რუსეთის მკაცრი სახელმწიფო დისციპლინა და დაუყოვნებლივ მოახსენებდნენ უფროსობას «უცნაური ბატონების» გამოჩენას. როგორც ცნობილია, სწორედ ასეთი მეეტლეების, მოახლეების, მეეზოვეებისა და სხვებზე დამოკიდებული ადამიანების დასმენების წყალობით ვერ შედგა, ჩაიშალა დეკაბრისტების, ჩერნიშევსკისა და ნაროდოვოლელი თავადების გაქცევები ვიტიმის, ოლეკმინის, ნერჩინის და მსგავსი გადასახლების ადგილებიდან».
სტალინმა ინტუიციურად გამოიყენა რუსული ხასიათის ზოგიერთი თვისება და შეძლო სათავისოდ განეწყო ციმბირის საფოსტო გზების (ტრაქტების) მეეტლეები («იამშჩიკები»): არ უცდია თავადური მედიდურობით, არყის დაპირებით ან ფულით მოექრთამა ისინი, ოღონდ პოლიციისთვის არ გადაეცათ იგი.
«მას კარგად ესმოდა, რომ ასეთი შეთავაზებით იგი შეურაცხყოფდა ალალ, გულმართალ და გულუბრყვილო, პატიოსან, უბრალო პროვინციელ ადამიანებს. იგი გულახდილად ეუბნებოდა მეეტლეებს, რომ მგზავრობის საფასურის გადახდა არ შეუძლია, რადგან საამისო ფული არ გააჩნია, სამაგიეროდ აქვს არყის წყვილი შტოფი: დასახლებულ პუნქტებს შორის თითოეული გადაადგილებისთვის «არყის არშინით» გაუსწორდებოდა, სანამდისაც გასწვდებოდა ეს შტოფები. მეეტლე, რა თქმა უნდა, სიცილით დაიწყებდა ამ აშკარად არარუსი უცხოტომელის დარწმუნებას, რომ არაყს ზომავენ ვედროებით და არა არშინით. მაშინ სტალინი ჩექმის ყელიდან ამოაძრობდა ხის არშინს _ 71 სანტიმეტრის სიგრძის ფიცრის პატარა ნაჭერს, ტომსიკიდან ამოიღებდა ლითონის რამდენიმე ფიალას, ერთმანეთის მიყოლებით მჭიდროდ დააწყობდა იმ არშინზე, აავსებდა არყით და პრაქტიკულად აჩვენებდა, როგორ წარმოედგინა მას «არყის არშინი». ეს მანიპულაცია საერთო სიცილს იწვევდა, ახალისებდა ადამიანებს, რადგან რაღაცნაირი სიახლე, არაჩვეულებრივი რამ იყო და სასიამოვნოდ შეძრავდა რუს კაცს, რომელსაც მობეზრებული ჰქონდა პროვინციული ყოფის უფერულობა და ყოველდღიურობა. მთავარი კი ის იყო, რომ ასეთი მიდგომა ქრთამს «მოწყალებიდან» და «მოსყიდვიდან» ამხანაგურ თამაშად აქცევდა და მთელ ამ გარიგებას გამოაცლიდა უზნეობას, რადგან ამხანაგური შეხუმრების, აზარტისა და მეგობრული ურთიერთობის სიტუაციას ქმნიდა _ მეორე ან მესამე «არყის არშინს» კი უკვე ერთად სვამდნენ. «საიდან გაჩნდა ასეთი მხიარული ბიჭი! _ ამბობდნენ ხასიათზე მოსული მეეტლეები და გულდაწყვეტით ემშვიდობებოდნენ უჩვეულო მგზავრს, _ კიდევ ჩამოდი და გვინახულე!»
მგზავრი მესამე-მეოთხე სადგურზე ემშვიდობებოდა მეეტლეს და სხვასთან ერთად აგრძელებდა იმავე თამაშს. გზის ერთ მონაკვეთს ისე გაივლიდა, არ დაუსახელებდა მგზავრობის საბოლოო პუნქტს, არც რომელიმე სხვა სადგურის სახელს, რადგან არ იცოდა, რა ერქვა და არ უნდოდა, შემცდარიყო. მიემგზავრებოდა იქამდე, სანამ «არყის არშინები» ყოფნიდა, და ასე დაუბრკოლებლად და საიმედოდ გადადიოდა ციმბირიდან ევროპულ რუსეთამდე პოლიციის გვერდის ავლით.
ყოველთვის ასეთი წარმატებით ახერხებდა სტალინი გადასახლებიდან გამოქცევას რუსეთის იმპერიის ყველაზე უფრო შორეული კუთხეებიდან… იგი იცნობდა ხალხს და ხალხიც, ამას რომ გრძნობდა, მის მხარეს იყო…».
იქ, შორეული ციმბირის უკიდეგანო სივრცეებში ეცნობა იოსებ სტალინი რუსეთის მკვიდრ ხალხს და სრულად გაისიგრძეგანებს, რომ ამ ადამიანების სიმპათიების მოპოვებას შეძლებს, უწინარეს ყოვლისა, მისდამი პატივისცემის გამოვლენის წყალობით, რადგან იგი (ეს ხალხი) არის მიმნდობი, გულღია და მზადაა, თავი გაწიროს ნათელი იდეისთვის, იმისთვის, ვისაც მასზე უფრო ჭკვიანად, ძლიერად და გაბედულად მიიჩნევს.
აქედან იკვეთებოდა სრულიად ახალი, დიდი შესაძლებლობის პერსპექტივა რევოლუციური ბრძოლისაც და თვით კობას რევოლუციური კარიერისაც.
მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. მთავარი კი ისაა, რომ იქ, შორეულ ციმბირში, უნდა ვეძებოთ ხალხის სულიერების განცდის, მისი ცხოვრებისეული მისწრაფებების აღქმისა და გაგების ის ფესვები, რომლებზეც აღმოცენდა ბელადის ურყევი ავტორიტეტი.
იყო ორმხრივი კონტაქტი და ურთიერთგაგება.
ეს ავტორიტეტი და ნდობა რომ არა, არ იქნებოდა ხალხის რწმენაც, სიმტკიცეც, დარაზმულობაც, რომელმაც სხვა ყველაფერთან ერთად, სძლია ვერმახტის მსოფლიოში უძლეველ არმიას.
პათეტიკა? არა მგონია, და ამ განცხადებაში დასარწმუნებლად გავიხსენოთ უმძიმესი დღეები 1941 წლის, როცა ფაშისტები მოსკოვს მიადგნენ.
უნდა გაკეთებულიყო ისეთი რამ, რაც ყველა იარაღზე, ყოველგვარ შეიარაღებაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო, რაც ხალხს დარაზმავდა, გამარჯვების რწმენას ჩაუნერგავდა.
და ეს მოხდა: 1941 წლის 7 ნოემბერს მოსკოვში, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი გაიმართა.
«ამხანაგო სტალინ, მეორედ მოგიწევთ თქვენი გამოსვლის წაკითხვა!»
იმ დროს ყველაფერი ფრონტის ინტერესებს ემსახურებოდა.
1941 წლის 6 ნოემბერს, «ტრადიციისამებრ, გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელზეც სიტყვა წარმოთქვა სტალინმა. მეორე დღეს გავიგეთ, სამხედრო აღლუმის შესახებ წითელ მოედანზე. გავიგეთ ისიც, რომ სტალინი, როგორც ყოველთვის, მავზოლეუმზე იდგა. 7 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში რადიოთი გადაიცემოდა სტალინის სიტყვა მებრძოლების წინაშე, რომლებმაც საზეიმო მარშით ჩაიარეს წითელ მოედანზე.
ეს ყველაფერი მილიონობით ადამიანს განუმტკიცებდა ხვალინდელი დღის რწმენას, რწმენას ჩვენს გამარჯვებაში», _ იხსენებდა ალექსანდრე იაკოვლევი, ავიაკონსტრუქტორი, რომელიც ომის წლებში ავიამრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე იყო.
სამხედრო აღლუმსა და მის მნიშვნელობაზე ბევრი დაწერილა, მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ამ დროს ერთი კურიოზული შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად სტალინის სიტყვის მხოლოდ ნაწილი ჩაიწერა. მიზეზი ან უხვი სველი თოვლი იყო, რომელიც განუწყვეტლივ ბარდნიდა, ან ტექნიკის არასრულყოფილება, შეიძლება, _ უყურადღებობაც, მაგრამ ფირი დასველდა და სინქრონული ჩაწერა ჩაიშალა. «ყველამ იცოდა,… რა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ამ სიტყვას. საბჭოთა რადიომაუწყებლობის ხელმძღვანელები აწრიალდნენ და დაიწყეს სირბილი პარტიის ცენტრალური კომიტეტების კაბინეტებში». ამას ადასტურებს მიხაილ დოკუჩაევი, თანამედროვე ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი, სტალინის ეპოქისა და პიროვნების შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი.
იკარგებოდა ისტორიული მნიშვნელობის მასალა, მაგრამ ეს მაინც მეორეხარისხოვანი იყო, მთავარი კი ის იყო, რომ სტალინის სიტყვა განიხილებოდა, როგორც მძლავრი საშუალება არმიისა და ხალხის ბრძოლისუნარიანობის, მათი რწმენის განმტკიცების გადაუდებელ, საშურ საქმეში, როგორც უნიკალური ტაქტიკური იარაღი წარმატებული პროპაგანდის.
ეს კი ომის პირობებში სამშობლოს ღალატის ტოლფასი დანაშაული იყო, აქედან გამომდინარე შედეგებით…
მაინც რა მოხდა?
სამხედრო აღლუმი და სტალინის სიტყვა კინოქრონიკას უნდა გადაეღო. ოპერატორები ღამის გასათევად დოკუმენტური კინოფილმების სტუდიაში დატოვეს, შინ არ გაუშვეს, რადგან, საჭიროების შემთხვევაში (ვინ იცის, რა მოხდებოდა), ოპერატიულად შეძლებოდათ მათი ორგანიზება. აღლუმის დაწყება დილის 10 საათისთვის იყო ნავარაუდევი. მშვიდობიანობის დროს, სწორედ ამ დროს, კრემლის კურანტების დარეკვისთანავე იწყებოდა სამხედრო მზაობის საჯარო დათვალიერება.
მაგრამ იყო ომი და ყველაფერი ომის რიტმთან შეფარდებით იცვლებოდა. ნუ გამოვრიცხავთ კონსპირაციის მომენტსაც _ მტერი ხელისგაწვდენაზე იყო და, თუ ინფორმაცია მაინც გაჟონავდა, მოსკოვის საზღვართან მდგარი მოწინააღმდეგის არტილერია, ავიაცია «წარმავალი ნატურის» _ მომხდარი, დამთავრებული ფაქტის წინაშე დადგებოდა.
აღლუმი 2 საათით ადრე, დილის 8 საათზე დაიწყო. ოპერატორებმა ის-ის იყო გაიღვიძეს და თავზარი დაეცათ _ სტალინი უკვე სიტყვას წარმოთქვამდა. დაუყოვნებლივ გავარდნენ წითელ მოედანზე და საერთო ხედის გადაღებაღა მოასწრეს…
მაგრამ სტალინის სიტყვის ჩაწერა მაინც მოხერხდა.
როგორ?
ცნობილმა რუსმა მწერალმა ალექსანდრ ვოინოვმა იულიან სემიონოვს ამის თაობაზე «კარტები გაუხსნა».
ვოინოვი კარგად იცნობდა ფილმის რეჟისორ კისელიოვს, რომელსაც მეტსახელად «რიჟის» (მწითურს) ეძახდნენ.
ისე მოხდა, რომ ჯერ კიდევ ომის დღეებში რეჟისორმა მწერალს აჩვენა ფილმი, რომელიც მან წითელ მოედანზე გადაიღო. მაშინ საბჭოთა კავშირის მთავრობა და, ფაქტობრივად, ყველა საკავშირო სტრუქტურა კუიბიშევში იყო ევაკუირებული. აქ, ქალაქის ერთ-ერთ შენობაში, რამდენიმე პატარა ოთახი კინოქრონიკისთვის გამოეყოთ.
«ფილმების სადემონსტრაციო ოთახში ტევა არ იყო, უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, უცქერდნენ მდუმარედ, ბევრი ტიროდა: თოვლის მსუბუქი ფიფქები მეფური დიდებულებით უხმაუროდ ეფინებოდა წითელი მოედნის ქვაფენილს, მავზოლეუმს, წითელარმიელებისა და მეთაურების მაზარებს, სტალინისა და მისი თანამებრძოლების _ მოლოტოვის, ვოროშილოვის, ბერიას, ანდრეევის, კაგანოვიჩის, კალინინის, შჩერბაკოვის, მიქოიანის ჩაფიქრებულ, გამხდარ სახეებს… თოვლიანი მდუმარება, საგანგაშო სიჩუმე… მთელ პანორამაში სიცოცხლის მხოლოდ ერთი ნიშანი _ ადამიანების სუნთქვა თეთრი, თბილი ორთქლის წვრილი ჭავლებით ხვრეტს გაყინულ ჰაერს.
ფილმის აპოთეოზი იყო მომენტი, როცა სტალინი მიუახლოვდება მიკროფონს და წარმოთქვამს მოკლე სიტყვას. წარმოვიდგინე ჩემი ბატალიონის მეომრების ბედნიერება, როცა ამ კადრებს ნახავდნენ: მამა, რომელსაც ჯარისკაცის უბრალო ფარაჯა აცვია, გამხდარი, მაგრამ ასე მშობლიური და საყვარელი, ესაუბრება თავის შვილებს…»
მაგრამ უცნაური და გაუგებარი იყო, რომ ფილმის კადრებში სტალინს, სიტყვის წარმოთქმისას პირიდან ორთქლი არ გამოსდიოდა, არადა, როგორც ვთქვით, იმ გაყინულ დილით ორთქლი ჩვეულებრივი სუნთქვის დროსაც ამოსდიოდა წითელ მოედანზე მყოფს. ბელადი კი ლაპარაკობდა!
ნონსენსია! რა ხდება?
რეჟისორი ყვება:
«კინოს სახალხო კომისარმა ბოლშაკოვმა წითელ მოედანზე გასამართი აღლუმის პასუხისმგებელ პირად მე დამნიშნა… უდიდესი პატივი იყო… გადავიღეთ… იმავე ღამეს გავამჟღავნეთ… კადრები გასაოცარია, მაგრამ სტალინის სიტყვა ფირზე არ ჩაიწერა. წარმოგიდგენიათ? არა, ამის წარმოდგენა თქვენ არ შეგიძლიათ…»
«როგორ შეიძლებოდა, ეს რომ მომხდარიყო? _ ვკითხე ოპერატორს, _ იცი, რომ ჩვენ ობიექტურად ჰიტლერის წისქვილზე ვამხამთ წყალს?» «ვიცი, _ ძლივს გასაგონად მიპასუხა ჩემმა ამხანაგმა, _ მაგრამ დრო არ მქონდა, იმ სიჩქარეში კაბელი რომ შემემოწმებინა… თოვლი…
ალბათ, რაღაცამ ვერ იმუშავა შემაერთებელ ზონარში… მე ჩემს ბიჭებზე თავით ვაგებ პასუხს, შენ ხომ იცნობ მათ _ ბოლშევიკები არიან, კომკავშირელები…» _ «რიკოვიც თავის თავს ბოლშევიკს უწოდებდა, _ ვუპასუხე, _ გესტაპოს აგენტი კი აღმოჩნდა სინამდვილეში».
მოკლედ, წავედით კინემატოგრაფიის კომიტეტის თავმჯდომარესთან _ ივან გრიგორის ძე ბოლშაკოვთან. მან მომისმინა, გაფითრდა, გაიარ-გამოიარა კაბინეტში, შემდეგ თავზე დამადგა და მკითხა: «რა წინადადება გაქვს? ვინ არის მომხდარში დამნაშავე?» _ «დამნაშავე მე ვარ, პასუხი მე უნდა მომკითხოთ. წინადადება კი ერთადერთია: ამაღამ ავაშენოთ მავზოლეუმის ტრიბუნის ფიცრული დეკორაცია კრემლის დარბაზში და იქ გადავიღოთ ამხანაგი სტალინი». «_ როგორ უნდა ავუხსნათ, რომ გადაღება წითელ მოედანზე ჩაგვივარდა?» «_ გადაღება არ ჩაგვვარდნია. გადაღებულია უნიკალური კადრები. მაგრამ იმის გამო, რომ სამუშაოსთვის მოსამზადებლად დრო არ გვქონდა, ვერ შევამოწმეთ მიკროფონის ერთ-ერთი შემაერთებელი რომ დაცილდა ზონარს…»
ბოლშაკოვმა კვლავ ბოლთა დაარტყა კაბინეტში, აიღო «ვერტუშკა» ტელეფონის ყურმილი, აკრიფა სამნიშნა ნომერი: «ამხანაგო სტალინ, საღამო მშვიდობისა, ბოლშაკოვი გაწუხებთ… კინოქრონიკამ გადაიღო შესანიშნავი ფილმი წითელ მოედანზე აღლუმის შესახებ… მაგრამ ამინდის მიზეზით ხმის ჩანაწერი უხარისხო გამოვიდა. კინემატოგრაფიის ინტერესები მოითხოვს სიტყვის ფრაგმენტის გადაღებას კრემლის ძოწის პალატაში… ეს სულ 30 წუთს გასტანს, ამხანაგო სტალინ… დიახ, მეტს არა… კეთილი… დეკორაციას ოთხ საათში ავაგებთ… დილის სამ საათზე? _ ბოლშაკოვმა დაბნეულად შემომხედა, კედლის დიდ საათზე საღამოს 11 საათი იყო. მე დარწმუნებით დავუქნიე თავი, მოვასწრებთ-მეთქი. სახალხო კომისარმა ჩაახველა, შემდეგ წარმოთქვა: უკეთესი იქნება, 5 საათზე… კეთილი, ამხანაგო სტალინ, დიდი მადლობა. ხუთის ნახევარზე გადამღები ჯგუფი კრემლში მოვა, მშენებლებს და მხატვრებს დაუყოვნებლივ ვაგზავნით…»
ზუსტად დილის ოთხ საათსა და ოცდაათ წუთზე ძოწის პალატის კარი გაიღო და შემოვიდა სტალინი… უმაღლეს მთავარსარდალს ჯარისკაცის იგივე ფარაჯა ეცვა, რომელიც გუშინ. თავის დაკვრით მიესალმა გადამღებ ჯგუფს და დადგა იქ, სადაც მიუთითეს. გამნათებლებს ნიშანი მივეცი, მათაც ჩართეს იუპიტერები. სინათლე თვალისმომჭრელი იყო, მოულოდნელი. სტალინმა თვალებზე ხელი აიფარა, ჯიბიდან აუჩქარებლად ამოიღო გამოსვლის ტექსტი…
«ამხანაგო წითელარმიელებო და წითელფლოტელებო, პარტიზანებო! თქვენ აღგიქვამთ მთელი მსოფლიო, როგორც ძალას, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს გერმანელ დამპყრობთა მძარცველური ურდოები. თქვენ შემოგცქერიან ევროპის დამონებული ხალხები… როგორც გამათავისუფლებლებს. დიადი მისია გერგოთ წილად. იყავით ამ მისიის ღირსნი!»
ახლოდან ვაკვირდებოდი მას, ვხედავდი, როგორ გამხდარიყო, როგორ ჩაშავებოდა თვალები, როგორ გამოჰკვეთოდა ნაყვავილარი და მომრავლებოდა ჭაღარა. მივუბრუნდი ოპერატორებს და ხელის ოდნავი მოძრაობით ვანიშნე, რომ თავი აერიდებინათ მსხვილი პლანისთვის _ ბელადს შეიძლება არ მოსწონებოდა ახლო ხედის კადრები, რადგან ხალხი მიჩვეული იყო უმაღლესი მთავარსარდლის სულ სხვა გამოსახულებას: ფართოდ გაშლილი მკერდი, შავი ულვაშები, მოჭუტული, ოდნავ დამცინავი მზერა. აქ კი ძოწის პალატაში, ფიცარნაგზე, რომელიც მავზოლეუმს განასახიერებდა, იდგა მხრებში მოხრილი ბერიკაცი».
გახსნეს ფანჯრები, რათა ცოტათი მაინც გამოჩენილიყო ორთქლი… სტალინმა ჩაათავა სიტყვა.
რეჟისორმა ოპერატორებს რომ მიანიშნა, მსხვილი კადრები არ გადაეღოთ, კოლეგამ ხელების სპეციფიკური მოძრაობით მიახვედრა _ უმაღლესი მთავარსარდლის სიტყვა ფირზე ვერ იწერებოდა. გასაგებია, რა ქარიშხალიც დატრიალდებოდა მათ სულსა და გონებაში…
როგორც წესი, კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანი სწორ გადაწყვეტილებას მყისიერად იღებს. სტალინმა დაამთავრა გამოსვლა, მოიხადა ქუდი, მოიწმინდა გაოფლილი შუბლი და პალატის გასასვლელისკენ გაემართა, რეჟისორი დაედევნა, გვერდი აუქცია ბოლშაკოვს, რომელიც აცილებდა ბელადს, წინ გადაუდგა და უთხრა:
_ ამხანაგო სტალინ, მეორედ მოგიწევთ თქვენი გამოსვლის წაკითხვა.
ბოლშაკოვს შიშისგან სახე მოებრიცა.
_ რატომ? _ შეეკითხა სტრალინი დაღლილი ხმით.
რეჟისორმა ვედრებით შეხედა ბოლშაკოვს _ არ გაეცა მისი იძულებითი ტყუილი და უპასუხა:
_ კინემატოგრაფიაში მიღებულია დუბლის გადაღება, ამხანაგო სტალინ.
«უმაღლესმა მთავარსარდალმა დინჯად ამომხედა… ფეხებქვეშ მიწა გამომეცალა. სახალხო კომისარი თავის დაკვრით, უსიტყვოდ დამეთანხმა. სტალინი ნელა შემობრუნდა და მავზოლეუმის იმიტაციისკენ დაბრუნდა, სადაც აუტანლად აცხუნებდა იუპიტრები. მივირბინე ხმის ოპერატორთან, ვუჩურჩულე, კიდევ ერთხელ შეემოწმებინა ზონარების შეერთების ყველა ადგილი.
_ ყველაფერი რიგზეა! დავიწყეთ! თავში კი უცნაურმა აზრმა გამირბინა, მეთხოვა სტალინისთვის: «ამხანაგო სტალინ, თქვით, თუ შეიძლება: ერთი-ორი-სამი, საცდელია!» ვიფიქრე, რომ იგი შემისრულებდა თხოვნას».
დუბლი კარგად ჩაიწერა. სტალინი მძიმე ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ, ისე, რომ არავის დამშვიდობებია.
კართან მისულმა მწარედ ჩაიცინა: «კინოშიც მხოლოდ მაკიაველები არიან».
სტალინის ეს უცნაური სიტყვები ღრმად ჩარჩა მეხსიერებაში იულიან სემიონოვს, მაგრამ ახსნა ვერ მოუძებნა.
«…რეჟისორთა შორის, _ იხსენებს სემიონოვი, _ რომლებსაც სტალინი დიდად აფასებდა, იყო მიხეილ ჭიაურელიც. იგი დაწვრილებით უყვებოდა ბელადს ფილმის გადაღების «ტექნოლოგიური პროცესის» შესახებ. ამიტომ იყო, რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა შესანიშნავად იცოდა: დოკუმენტურ ფილმებში «დუბლებს» არ აკეთებენ, ამიტომაც არის დოკუმენტური, ქრონიკაა.
ერთ-ერთი მორიგი შეხვედრის დროს სტალინმა ბოლშაკოვს უთხრა: «თქვენი ის რეჟისორი, ძოწის პალატაში რომ იღებდა, გაბედული კაცია… ასეთები უნდა გაიგზავნოს ყველაზე მეტად საბრძოლველ უბნებზე _ არ გიღალატებთ»…
ფლოტის ადმირალი ივან ისაკოვი, რომელმაც 1941 წლის დეკემბრის დასაწყისში ნახა სტალინი, შენიშნავს: «სტალინი უკვე ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უწინ».
წითელი ვარსკვლავები წითელ მოედანზე
აღლუმი სახელდახელოდ გაკეთებული პროპაგანდისტური ფარსი კი არ იყო, არამედ სრულფასოვანი სამხედრო დათვალიერება, რომელშიც მონაწილეობდნენ არტილერისტები და ქვეითი ჯარის ნაწილები, მეზენიტეები და სამხედრო მეზღვაურები.
საზეიმო სვლა, ტრადიციისამებრ, გახსნეს საარტილერიო სასწავლებლის კურსანტებმა.
წითელ მოედანზე ჩაიარა კავალერიამ, სახელგანთქმულმა «ტაჩანკებმა», იმ დროინდელმა ძლიერმა სამხედრო ტექნიკამ _ ქვემეხების გათვლებმა, ტანკებმა _ ტ-34-ებმა და კვ-1-ებმა. აღლუმში მონაწილეობდნენ სამხედრო-პოლიტიკური სასწავლებლის კურსანტების ბატალიონები, წითელდროშოვანი საარტილერიო სასწავლებლის მსმენელები, ფრუნზეს სახელობის დივიზიის 332-ე პოლკი, ძერჟინსკის სახელობის დივიზიის მსროლელთა, ცხენოსანთა და სატანკო ნაწილები, მოსკოვის ფლოტის ეკიპაჟი, მოსკოვის სამხედრო ოლქის განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონი, ყოფილი წითელგვარდიელების ბატალიონი, საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული საზენიტო პოლკი, მთავარსარდლობის ბანაკის რეზერვის ორი სატანკო ბატალიონი, რომლებიც 7 ნოემბერს მოსკოვში მურმანსკიდან და არხანგელსკიდან ჩავიდა.
აღლუმის მსვლელობისას მიღებული იყო უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები. ამიტომ იყო, რომ ვერც ერთმა გერმანულმა თვითმფრინავმა ვერ მიაღწია მოედნამდე, რომლის თავზეც ელვარებდა სტალინის მითითებით შალითამოხსნილი კრემლის წითელი ვარსკვლავები.
დედაქალაქის მისადგომებთან მე-6 გამანადგურებელი კორპუსის ძალებით მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფის მეზენიტეებმა ჩამოაგდეს გერმანელების 34 თვითმფრინავი.
აღლუმის შესახებ რეჟისორებმა _ ლეონიდ ვარლამოვმა და ილია კოპალიანმა გადაიღეს ფილმი «გერმანელთა ჯარების განადგურება მოსკოვის მისადგომებთან», რომელშიც ჩამონტაჟებული იყო დოკუმენტური კადრები სტალინის მიერ წარმოთქმული სიტყვით.
ამ დოკუმენტურმა ფილმმა, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა, 1942 წელს ოსკარის პრემია მიიღო.
არმაზ სანებლიძე
დოკუმენტური მასალა ამოკრეფილია
სხვადასხვა პუბლიკაციიდან.