Home რუბრიკები ისტორია სამველ კარაპეტიანი ტიფლისის მერები

სამველ კარაპეტიანი ტიფლისის მერები

სამველ კარაპეტიანის წიგნის «ტიფლისის (თბილისის) მერების» ეს თავი ავტორის მეცნიერული კვლევის შედეგებს კი არ ეყრდნობა, არამედ სხვადასხვა, არაერთგზის გამოქვეყნებული ნაშრომებიდან ამოკრეფილი ციტატების კრებულია, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს მეცნიერული ძიების პრეტენზია, ორიგინალურობით არ გამოირჩევა. სამაგიეროდ თვალში საცემია კარაპეტიანის ენერგიული მისწრაფება აკვიატებული მიზნის მისაღწევად: თბილისი სომხური (ან სომხების) ქალაქია. კომპილაციური ნაშრომია, თანაც მჭლე _ გასული საუკუნის საბჭოთა «აგიტპროპის» დონეზეა.


ვასაკ არწრუნი

ქართველთა მეფის _ დემეტრეს (1125-1156) და მისი მომდევნოს _ დავითის (1156) დროს თბილისის ქალაქის თავი (ამირა, შააპი) იყო თავადი ვასაკი, ძე ვაგრამისა მახკანაბერდიელ არწრუნების თავადთა გვარიდან. ვასაკ არწრუნისადმი კეთილგანწყობილი იყო დავითი. ეს გარემოება ქართველი თავადების შურის საგანი იყო, მათ მოწამლეს ქართველთა მეფე: «ხოლო, როცა მოკვდა ქართველთა მეფე დემეტრე, მის ნაცვლად მმართველობდა მისი ვაჟი დავითი, კეთილად განწყობილი, განსაკუთრებით იმ სომეხი თავადების მიმართ, რომლებიც მისი ხელქვეითები იყვნენ და დიდად სცემდა პატივს ტიფლისის შააპს ვასაკს, თავად ვაგრამის ძეს და მის ძმას, სახელად კურდს, და სარქისს, და ისეთ გულითად დამოკიდებულებას ამჟღავნებდა, რომ თავისთან იხმო მეფე დავით ბაგრატუნის ძე _ მეფე კიურიკე და დაპირდა, რომ დაუბრუნებდა მემკვიდრეობას, რომელიც მას წინაპრებმა წაართვეს, გაუგზავნა მას საჩუქრები და შეხვედრის დღე დაუთქვა. მას სურდა მოეწვია კრება, ეზიარებინა ჭეშმარიტებისთვის და ასე განედიდებინა მართლმადიდებლობა. როცა ქართველმა თავადებმა ეს შეიტყვეს, აღივსნენ შურით, განსაკუთრებით, ორბელიანის გვარისანი, და შეასვეს საწამლავი და მოკლეს მეფე დავითი, და გამოაცხადეს ხანგრძლივი გლოვა საქართველოში და სომხეთშიც და მის ნაცვლად გაამეფეს მისი ძმა გიორგი» (აიაპატუმი: სომხეთის ისტორიკოსები და ისტორია, მამა გევონდ ალიშანის მიერ შეთხზული და შეკრებილი, ვენეცია, 1901, გვ. 389).

სამწუხაროდ, მეფე გიორგი (1156-1184), რომელმაც დავითი შეცვალა, აჰყვა ჭორებს და კიდევ უფრო გაამწვავა უნდობლობის გარემო, რაც ვასაკის ტიფლისიდან წასვლის მიზეზი გახდა: «როცა გიორგი გამეფდა, მოინდომა თავად ვასაკის დაჭერა, რადგან მასზე გაბრაზებული იყო, რადგან ვასაკი, ქალაქის თავად ყოფნისას ისე არ ასხამდა მას ხოტბას, როგორც მის ძმა დავითს, და არ იყო ზრდილობიანი, ძრახავდა სხვა ქართველ თავადებს, და ამ მიზეზის გამო ვასაკი იძულებული იყო, გაქცეულიყო თავის ძმებთან ერთად, და წავიდა ტიოდუპოლისში, რომელიც ამჟამად ქალაქ კარინად იწოდება. და ამირამ, სახელად სალტუხმა სიხარულით და პატივისცემით მიიღო ისინი, რადგან, როცა სალტუხი ტყვედ ჩავარდა ქალაქ ანის ალყის დროს და იგი ტიფლისში, მეფე დემეტრესთან ჩაიყვანეს, მას ვასაკი ბევრ რამეში დაეხმარა. აი, რატომ დაასაჩუქრა ისინი უხვი საჩუქრებით და უბოძა მას მრავალი სოფელი. ვასაკმა იქ რამდენიმე წელიწადი იცხოვრა, გარდაიცვალა და დამარხეს ქალაქის წმ. ღვთისმშობლის ეკლესიაში» (იქვე, გვ. 389-390).

კურდ არწრუნი

მან შეცვალა ძმა _ ვასაკ არწრუნი: «ვასაკსა და კურდს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველთა მეფის კართან და რიგრიგობით იკავებდნენ ტიფლისის ქალაქის თავის თანამდებობას» (ა. შახნაზარიანი, ვაგრამიანთა სამთავრო, ერევანი, 1990, გვ. 41, სომხ. ენაზე).

ამირა კურდი პირველად 1176 წელსაა ნახსენები. წარწერა შემორჩენილია მონასტრის ხის კარზე, რომელიც სევანის ნახევარკუნძულზეა (ევგინე მუშეღიანი, სომხურწარწერიანი საგნები, ერევანი, 1964, გვ. 60, სომხ. ენაზე).

კურდ არწრუნის მოღვაწეობა ქალაქის თავის მოვალეობის გარდა, მოიცავდა სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანებს, მათ შორის, _ ქვეყნის თავდაცვას.

ცნობილია, მაგალითად, რომ 1178 წელს «მსხვილი სავაჭრო ქალაქის ტიფლისის მბრძანებელი» ქართველი მეფის ბრძანებით დაედევნა გაქცეული თავადების _ ორბელების ჯარს და მოიმწყვდია თავისსავე ტერიტორიაზე მახკანაბერდის ოლქში: «ტიფლისის ნაცვალმა, სახელად კურდმა, შეაღწია ხეობაში, ხელთ იგდო ისინი მათ კუთვნილ მახკანაბერდის ოლქში» (ა. მარგარიანი, ჩრდილოეთ სომხეთისა და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი XII საუკუნეში, ერევანი, 1980, გვ. 187).

1181 წელს ნაცვალ კურდის დროს გადაკეთდა წმ. მაცხოვრის ეკლესიის სამრეკლო სანაიხში (კ. კაფადარიანი, სანაინის მონასტერი და მისი წარწერები, ერევანი, 1957, გვ. 104, სომხ. ენაზე).

მონასტერ მორო-ძოროს დაუთარიღებელ წარწერაში კვლავ არის ნახსენები «ნაცვალი (ამირა) კურდი», ვისი შუამდგომლობითაც ქართველთა მეფის _ გიორგი III-ის წინაშე მონასტერი გათავისუფლდა გადასახადებისგან (სომხური ლაპიდარული წარწერები», ტ. 6, ერევანი, 1977, გვ. 139, სომხურ ენაზე).

1197 წ. ამირა კურდი ნახსენებია წარწერაში, რომელშიც მოთხრობილია ნორ-გეტიკის (გოშავანქის) წმ. ღვთისმშობლის მონასტრის კურთხევის შესახებ. დასტურდება, რომ არზუხათუნის მამის კურდისთვის პატივისცემის ნიშნად გაიმართა ორსაათიანი ლიტურგია… (იქვე, გვ. 65).

ნაცვალ კურდის სახელი ნახსენებია აგრეთვე 1214 წელს მონასტერ დადივანკის კათოლიკური ეკლესიის სამშენებლო წარწერაში, რომელიც აგებული იყო კურდის ქალიშვილის არზუხათუნის მიერ: «თავადთა-თავადის კურდისთვის…» (ს. კარაპეტიანი, სომხური კულტურის ძეგლების მთიანი ყარაბაღის ზონაში, ერევანი, 1999, გვ. 106).

ნაცვალი კურდი, რომელიც, ფაქტობრივად, 1180-იანი წლების ბოლოს უნდა მომკვდარიყო ან 1190-იანი წლების დასაწყისში, დასაფლავებულია ახპატის მონასტერში. საფლავის ქვას აწერია «ამირა კურდი» (კ. კაფადარიანი, ერევანი, 1963, გვ. 188, სომხ. ენაზე)…

შადინი (ბადინი)

მონგოლების წინააღმდეგ საქართველოში მომხდარი აჯანყების დროს (1259-1260) საქართველოს განაგებდნენ გიორგის ვაჟი ლაშა დავით VII ულუ (1247-1270) და რუსუდანის ვაჟი დავით VI ნარინი (1230-1239), ტიფლისის მმართველად ნახსენებია სომხური წარმომავლობის ვინმე შადინი ან ბადინი: «(როცა არღუნი) შევიდა თიფლისში, მას შეეგებნენ საქართველოს ყველა თავადი და ყველა გამგებელი და ვინმე ბადინი, წარმოშობით სომეხი» (ლ.მ. ბელქისედბეგი, ქართული წყაროები სომხეთსა და სომხებზე, ტ. 2, ერევანი, 1936, გვ. 59).

(ამ პუბლიკაციის _ საგაზეთო ვარიანტის _ სამეცნიერო ატრიბუტიკით გადატვირთვა-დამძიმების თავიდან ასაცილებლად, ამას შემდგომ თავს შევიკავებთ ციტატების წყაროების დასახელებისგან. მკითხველი, იმედია, გაგებით მოეკიდება ჩვენს ამ გადაწყვეტილებას).

ბეიბუდიანი ქალაქის თავები (მერები) XVII-XVIII საუკუნეებში

მელიქ ენალი

რიგ დოკუმენტებში, რომლებიც ვაჭრობისა და მამულების საკითხებს ეხება, ენალი მელიქად მოიხსენიება 1646 წლიდან 1673 წლამდე, მაგრამ მისი სამსახური წყვეტილი იყო. კერძოდ ცნობილია, რომ 1650 წელს ქალაქის მერის თანამდებობა დაიკავა მელიქ ბაიანდურმა, ხოლო, მაგალითად, 1662 წელს გარდაიცვალა ამ თანამდებობაზე მყოფი მელიქ ბეიბუდი.

მელიქ ენალის დროს მამასახლისი იყო ასლამაზი, მისი ნაცვლები კი შერმაზანი (1646-1658) და დავითი (1666-1678).

იმის გამო, რომ არ გვაქვს მელიქ ენალის ბეიბუდიანთა გვარდიან წარმომავლობის საბუთები, ვერც უარვყოფთ, ვერც დავადასტურებთ ამას.

მელიქ ენალის გენეალოგიასთან დაკავშირებით ყურადსაღებია დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია მისი შვილიშვილების დავა 1717-1719 წლებში აბანოსა და მისი წყალმომარაგების საკითხებს მათ მშობლიურ მამულში და რომელშიც ნახსენები არიან მელიქი ენალის ვაჟები _ როსტომი და ქაიხოსრონი (ეს უკანასკნელი მამასახლისის თანაშემწე იყო 1701-1714 წლებში), როსტომის ვაჟი დანიელი და ქაიხოსრონის ვაჟები _ კარაპეტი, ბაგინი, ოვსეპი და გევორგი.

მელიქ ბაინდური

ზაქარია კანაკერცი ადასტურებს, რომ 1650 წლიდან ტიფლისის მელიქი ბაინდური იყო. ქალაქის თავად იგი დანიშნა სპარსმა შაჰ-აბას უმცროსმა (1642-1666): «ეს გაიგო მეფე სანი-აბასმა, ე.ი. უმცროსმა შაჰ-აბასმა, და მიიწვია ბაიანდური და გადასცა მას ტიფლისის ხელისუფლება, ეს იყო 1099 წელს». ქალაქის მერად ბაიანდურის დანიშვნის წელიწადი (1650), როგორც ვხედავთ, ემთხვევა ჩვენთვის ცნობილი მელიქ ენალის თანამდებობაზე მსახურების პერიოდს (1646-1673), ეს კი მიგვანიშნებს, რომ მელიქ ენალის სამსახური წყვეტილი იყო.

წყაროების სიმცირე საშუალებას არ გვაძლევს, ვამტკიცოთ ან უარვყოთ მელიქ ბაიანდურის ბეიბუდიანელთა გვარიდან წარმომავლობა, მაგრამ ის ფაქტი, რომ მისი მომდევნონი ბეიბუდიანელთა სათავადო სახლის წარმომადგენლები იყვნენ, გვაფიქრებინებს, რომ მელიქ ბაიანდური, აგრეთვე, იყო ბეიბუდიანების გვარიდან.

მელიქი ხოჯა-ბეიბუდი

მას ჰყავდა ძმა ხატინი, მეუღლე _ ლალინი, ვაჟიშვილები _ ასლანი და აშხარბეკი.

მისი ერთ-ერთი პირველად ხსენება 1651 წელს განეკუთვნება: «18 ივლისს ვინმე ზაქარია მოვიდა ტიფლისში, პასუხისმგებელი თბილისის ზარაფხანაზე იყო რსტამხანი, ხაზინადარი კი _ ხოჯა-ბეიბუდი».

1654 წელს საქართველოს მეფე როსტომმა (1638-1658) დააკმაყოფილა ხოჯა-ბეიბუდის თხოვნა ეკლესიის მშენებლობის შესახებ ბეიბუდიანთა არსებულ საგვარეულო სასაფლაოს ტერიტორიაზე, აგრეთვე, არხის მშენებლობის შესახებ მახათის მთის ფერდობზე. ხოჯა-ბეიბუდს, აგრეთვე, სურდა სასაფლაოსთან ბაღის გაშენება.

1655 წელს ხოჯა-ბეიბუდმა ააშენა წმ. ღვთისმშობლის ეკლესია ცირანავორ, რომელსაც შემდგომში მისი დამაარსებლის სახელი _ ხოჯივანქი უწოდეს.

ხოჯა-ბეიბუდის შემოწირულობით წმ. ეჩმიაძინმა თავის საკუთრებად ტიფლისში სამი მაღაზია შეიძინა («…იყო სამი მაღაზია, რომელთა შემოსავალს ხოჯა-ბეიბუდი უგზავნიდა… გადაეცა საკუთრებაში»).

როგორც ვხედავთ, ზემოთ დასახელებულ წყაროებში არ არის ცნობები, რომლებიც ეხება ხოჯა-ბეიბუდის მმართველობის პერიოდს, და ერთადერთი საფუძველი იმისა, რომ იგი შეიძლება მივაკუთვნოთ თბილისის ქალაქის თავებს, არის მისი გარდაცვალების ცნობა: 1662 წ. ხოჯა-მელიქ ბეიბუდი (ბებუდა) გარდაიცვალა 7 ივლისს…»

როდის და ვისგან მიიღო მან მელიქობის უფლება, უცნობია, მაგრამ ცხადია, რომ ეს მოხდა მისი სიცოცხლის ბოლო წლებში».

მელიქ აშხარბეკი

მელიქი აშხარბეკი იყო ძე მელიქ ხოჯა-ბეიბუდისა და ძმა ასლანისა. ცნობილია, რომ 1664 წელს მელიქის ძმამ ასლანმა წმ. ეჩმიაძინის მონასტერს აჩუქა 3 მაღაზია ტიფლისში. ასეთივე შენაწირი გაიღო მანაც _ მელიქ აშხარბეკმა.

ამას ადასტურებს კათოლიკოსი სიმეონიც (1763-1780): «ქართულად შედგენილი ნასყიდობის სიგელი ამ 3 მაღაზიაზე ხოჯა-ბეიბუდის ვაჟმა ასლანმა გადასცა წმ. ეჩმიაძინს _ კათოლიკოს აკოპ ჯუგაეცის 1664 წელს. აქედან ნორაშენის გზაზე, აშპაზ-ხანის ქუჩაზე არის მაღაზია, რომლისგან ხელმარჯვნივ იყო კარანის მაღაზია, ხელმარცხნივ კი _ აპოვენცის მაღაზია. ეს მაღაზია ასევე გადასცა წმ. ტახტს მელიქ აშხარბეკმა, იმავე ასლანის ძმამ».

შესაძლებელია, რომ მელიქის თანამდებობა მელიქ აშხარბეკმა დაიკავა 1662 წელს, მამის _ ხოჯა ბეიბუდის სიკვდილის შემდეგ. რომელ წლამდე მართავდა იგი თბილისს, ჩვენთვის უცნობია. შემდეგი მელიქი იყო მელიქ ამირა, რომელიც ქალაქს მართავდა XVII საუკუნის დასასრულს.

მელიქ ავთანდილი

წერილობით პირველწყაროებში მელიქ ავთანდილის შესახებ 1678 წლიდან ვხვდებით. რიგ დოკუმენტებში, რომლებიც ვაჭრობისა და ქალაქის მამულების საკითხებს ეხება, მელიქ ავთანდილი მოიხსენიება 1698 წლამდე. გამორიცხული არ არის, რომ იგი შეიძლება ყოფილიყო მელიქ ენალის ერთ-ერთი ვაჟიშვილი. ავთანდილის დროს მშენებლები იყვნენ ნაზარი (1678), გიორგი (1683-1694) და პაპი (1696, 1698), მათი თანაშემწეები კი _ დავითი (1678) და გასპარი (1683)…

და ასე გრძელდება მთელი წიგნის მანძილზე თბილისის მერების მოკლე და შედარებით ვრცელი ბიოგრაფიები, რომლებშიც სკრუპულოზურად ასახულია მათი მოღვაწეობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტები. არავითარი კომენტარი, მხოლოდ თანამედროვეთა შეფასებები (როცა წყაროები ამის შესაძლებლობას იძლევა). სრული შთაბეჭდილებაა ობიექტური მიდგომის, რომ არა ის შოვინისტური ჭია, რომელიც ნაშრომის შესავალ ნაწილში შემოგდებული _ «თბილისი სომხების ქალაქია», «თბილისი სომხებმა აუშენეს ქართველებს». რაც ჩვენი განათლებული მკითხველისთვის ატავიზმი _ წარსულის დრომოჭმული გადმონაშთია.

«მეორე პლანი» ანუ განადგურებული საფლავები

შეიძლება ამას მეორე პლანი დავარქვათ, მაგრამ ეს «მეორე პლანი» ზოგჯერ ისე იჩენს თავს, ისე სამსალასავით შემოგვაპარებს სამველ კარაპეტიანი, რომ ყველაფერს გადაფარავს, თუ რამ დადებითი უთქვამს თავის ნაშრომში.

დადებით _ ქვემოთ. ახლა კი კუპრის ის კოვზი, რომელიც შხამია და სამსალა.

101-ე გვერდზე ქვეყნდება თბილისის 47 სომეხი მერის გვარ-სახელების, დაბადებისა და გარდაცვალების, მმართველობის წლების, დასაფლავების ადგილების ცხრილი და მითითებულია _ შემორჩენილია თუ არა, განადგურებულია თუ უცნობია ეს საფლავები.

კარაპეტიანი წერს:

«ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მკითხველებს, გვინდა, წარვუდგინოთ 34 ქართველი მერის გადაწყვეტილების საფუძველზე (1921 წლიდან დაწყებული) ტიფლისის სომეხი მერების განადგურებული საფლავების სია, იმ ადამიანებისა, ვინც 800 წლის განმავლობაში აშენებდა და კეთილმოაწყობდა თბილისს».

ამ განმარტებას მოსდევს მითითებული ცხრილი და ავტორის ასეთი რემარკა:

«როგორც წარმოდგენილი ცხრილიდან ნათლად ჩანს, სამწუხაროდ, გადარჩენილია მხოლოდ იმ ორის საფლავები, რომლებიც ქართველები იყვნენ» (დ. ყიფიანის და ვ. ჩერქეზოვის).

კარაპეტიანი წარმოგვიდგენს თბილისის მერების განადგურებული (!) საფლავების სიას, თუმცა ცხრილში მითითებულია არა მხოლოდ განადგურებული საფლავები (მათი რაოდენობა არ აღემატება ცამეტს), არამედ ისეთებიც, რომლებიც უცნობია, არაა შემორჩენილი, ან მოვლილ-მოწესრიგებულიცაა (პერ ლაშეზის სასაფლაოზე, სინაინის წმ. ღვთისმშობლის ტაძარში). ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ მოაქცია ავტორმა მთელი ეს ნაირგვარობა მაინცდამაინც განადგურებული საფლავების კატეგორიაში. ყველა განურჩევლად.

შემდეგ _ ცრემლის ღვრის ხანმოკლე სეანსი: «გულდასაწყვეტია, ნაცვლად იმისა, რომ ქართველ მერებს, რომლებიც თითქმის 80 წლის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მადლიერების გრძნობითა და პატივისცემის ნიშნად მოევლოთ თბილისის შემქმნელი სომეხი მერების საფლავებისთვის, ისინი განახორციელებდნენ ამ საფლავების შეგნებულად ნგრევისა და განადგურების გეგმას». და _ რჩევა, ანუ მითითება სამოქმედოდ და საყვედური დაუფარავი: «ამასთან, ნაცვლად იმისა, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად მათ სახლებსა და მათ მიერ აგებულ შენობებზე დაემაგრებინათ მემორიალური დაფები, ისინი უზრუნველად ანგრევდნენ ამ შენობებს და ცვლიდნენ მათ იერსახეს. როგორ არ უნდა გავიხსენოთ გრიგორ ნიკოგოსიანის გულისტკივილით ნათქვამი სამართლიანი სიტყვები, რომლებითაც მან შეაფასა მატინიანცის მიერ თბილისისთვის და არა მშობელი ხალხისთვის დატოვებული ანდერძი: «უნდა დავლოცოთ ან შევაჩვენოთ ამ სომხის ხსოვნა». ამასთან ერთად, არ შეიძლება არ გავიხსენოთ «დოლინას» კორესპონდენტის სიტყვები, რომლებიც მან 1914 წელს წარმოთქვა: «ეროვნული ინტერესები ქალაქური ინტერესებისგან სრულიად განსხვავებულია. ყველაზე უფრო ჩამორჩენილი პატარა სომხური სოფლის სკოლასა და აბანოს არ გავცვლიდი თბილისის ქალაქის საკრებულოს ყველა სომეხ წევრზე და მათ სრულუფლებიან ხმოსნებზე».

ჭეშმარიტად, ის, რაც სამშობლოში არ არის აშენებული, ქვიშაზეა აშენებული.

ისტორია ეს არის ხსოვნა, წარსულის გაკვეთილები, მაგრამ სომხები დღესაც აგრძელებენ უცხო ქვეყნების კეთილმოწყობას და იქ ჰპოვებენ თავიანთ უკანასკნელ ნავსაყუდელს _ განისვენებენ უცხო მიწაში. მოუვლელს ტოვებენ თავიანთ ბაღებსა და მიწებს, სომხები დღესაც მთელ თავიანთ ენერგიას ახარჯავენ სხვებს, მსხვერპლად ეწირებიან დროებით, უპერსპექტივო და მოჩვენებით კეთილდღეობას. კიდევ რამდენი, კავკასიის პარიზად ქცეული ტიფლისი უნდა ააშენონ სომხებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და წლების შემდეგ განაზოგადონ და დაწერონ უიდეო მსხვერპლშეწირვის მორიგი ისტორია, რომელსაც ეძღვნება ეს მონოგრაფია».

ამ დაგვიანებული შეგონებით, ცდილობს ავტორი, გადაფაროს სომეხი მერების თბილისზე ზრუნვის ჭეშმარიტი მიზანი _ სომხურ ქალაქად მისი გარდაქმნის სურვილი. ასე მთავრდება სამველ კარაპეტიანის თხზულება.

მაგრამ წერტილის დასმამდე უნდა ვთქვათ, რომ იმ სომეხ მერებს შორის, რომლებიც ასე შერისხა სამველ კარაპეტიანმა, ნამდვილად იყვნენ ღირსეული მოღვაწენი.

ამის მაგალითია, თუნდაც პოღოს ალექსანდრიან იზმაილიანცი, რომელსაც აქტიური შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან _ ნიკო ნიკოლაძესთან, სერგი მესხთან, გიორგი წერეთელთან, დაეხმარა მათ მიერ გამოცემული ჟურნალ-გაზეთებისთვის ტიპოგრაფიის მოწყობაში, ხელი შეუწყო პარიზში ქართული გაზეთის «დროშის» გამოცემას (ამ გაზეთის 3 პირველი ნომერი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ინახება); თანამშრომლობდა პერიოდულ პრესაში.

სხვა კარგი საქმეებიც უკეთებია. ეს ცნობები კარაპეტიანის წიგნიდანაა ამოკრეფილი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here