ბელორუსიის ამ სოფლის და ათასობით მისნაირი დასახლების ტრაგედია ფაშისტების მაჩანჩალების სინდისზეა. 73 წლის წინათ, როგორც კი ფაშისტები თავს დაესხნენ საბჭოთა კავშირს, სტეპან ბანდერამ უკრაინელ ხალხს ყველას გასაგონად მოუწოდა, «ყველგან და ყოველთვის დახმარებოდნენ გერმანიის არმიას, გაენადგურებინათ მოსკოვი». რამდენიმე დღის წინათ გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა იური სერგეევმა, რომელიც უცებ თავგადაკლულ მაიდნელად იქცა, ოფიციალურად განაცხადა, რომ თითქოს საბჭოთა კავშირმა ნიურნბერგის პროცესზე სპეციალურად მოსცხო ჩირქი სტეპან ბანდერას და მის მიმდევრებს.
ფერშეცვლილი უკრაინელი დიპლომატის მტკიცებით, ისინი მკვლელები, ავაზაკები და გერმანელი ოკუპანტების ერთგული ხელის ბიჭები კი არ იყვნენ, არამედ _ ნამდვილი პატრიოტები. როგორი პატრიოტები და თავისუფლებისთვის მებრძოლებიც იყვნენ ბანდერას ბანდები, ღაღადებს ჯერ კიდევ 6 წლის წინათ განსაიდუმლოებული ისტორიული დოკუმენტები, რომელთა ერთ ნაწილი «საქართველო და მსოფლიო» დღეს გთავაზობთ. ეს არის სასამსახურო ჩანაწერები, ანგარიშები პასუხისმგებელი პირების, თვითმხილველთა მიერ დადასტურებული ფაქტები იმისა, თუ რა «მოღვაწეობას» ეწეოდა უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციები (ОУН) და უკრაინის მეამბოხეთა არმიის (УПА) ნაწილები სამამულო ომის წლებში.
ფაშისტებს ტრადიციული პურითა და მარილით ხვდებოდნენ
«უკრაინელი ნაციონალისტები, რომლებიც მანამდე იატაკქვეშ იმყოფებოდნენ, გერმანელებს პურითა და მარილით ხვდებოდნენ და ყოველნაირად ეხმარებოდნენ…
ფაშისტებმა კიშენსკ-ორიოლის რაიონი თავიანთ საყრდენ ბაზად გადააქციეს და უკრაინელი ნაციონალისტების დახმარებით ყოველგვარი საბჭოურისგან გაწმინდეს. ასე, მაგალითად, სოფელ სტ. ორლიკში 1942 წლის გაზაფხულზე გერმანელებმა დააპატიმრეს და შემდეგ მდ. დნეპრთან, ტყეში დახვრიტეს საბჭოთა აქტივის 60 ოჯახი, სოფ. კიტაიგოროდში გერმანელებმა დახვრიტეს 45 ოჯახი, კოტოვსკის რაიონის სოფ. ჟდანოვკაში დააპატიმრეს 35 ოჯახი, სოფ. ნეხვოროშჩაში დახვრიტეს 200-მდე ოჯახი, სოფ. პერეშჩეპინოში დახვრეტილია 100-მდე ოჯახი». (სსრკ შინსახკომის მე-4 სამმართველოს უფროსის _ სუდოპლატოვის შეტყობინებიდან, 1942 წლის 5 დეკემბერი).
«გერმანია-პოლონეთის ომის დროს უკრაინელმა ნაციონალისტებმა აქტიური როლი ითამაშეს პოლონეთის არმიის ზურგში ჯაშუშობის ორგანიზებასა და დივერსიების მოწყობაში. ამ დახმარებისთვის გერმანიის სარდლობამ ოუნელებს (ნაციონალისტებს. _ რედ.) უფლება დართო, მხეცურად გაესწორებინათ ანგარიში პოლონელი მოსახლეობისთვის დასავლეთ უკრაინის ოლქებში, განსაკუთრებით, გალიციაში. ამ საზიზღარი მოღვაწეობის შედეგად ამოწყვიტეს ათასობით პოლონური ოჯახი და გადაწვეს ასობით სოფელი (ი. თ. კუტკოვცის დაკითხვის ოქმიდან, 1944 წ. 01.02).
«აგენტმა… გვაცნობა, რომ მ. წ. 18 ივლისს მოწმე გახდა უკრაინელი ნაციონალისტ-ბანდეროველთა მიერ ქ. ვლადიმირ-ვოლინსკში მცხოვრები პოლონელი მოსახლეობის მასობრივი განადგურების. ეკლესიებში ღვთისმსახურების დროს ბანდიტებმა მოკლეს 11 ქსენძი და 2000-მდე პოლონელი ქალაქის ქუჩებში» (სპეცცნობა, 1943 წელი).
«გოშჩანსკის რაიონის სოფ. ტუდოროვში, წითელი არმიის მიერ მისი გათავისუფლების წინა დღეს, ბანდერელებმა დაწვეს საბჭოთა მეურნეობა, ასევე დაწვეს ამ საბჭოთა მეურნეობის მუშა სავიცკი და მისი ცოლ-შვილი. სავიცკის ცოლს ბანდიტებმა მავთულით მიაბეს ორი შვილი და ცოცხლები ცეცხლში შეაგდეს» (ი. თ. კუტკოვცის დაკითხვის ოქმიდან, 01.02.1944 წ.).
«1944 წლის 23 მარტს, დაახლოებით დილის 7 საათზე ტერნოპოლის ოლქის სტრუსოვსკის რაიონის სოფელ ნოვა-ბრიკულიაში მივიდნენ ბანდერელები, რომლებიც გადაცმული იყვნენ წითელარმიელთა ფორმაში, ალყა შემოარტყეს სოფელს და დაიწყეს ხალხის სამუშაოზე შეგროვება… დაახლოებით დღის ორ საათზე სოფლელები დაინტერესდნენ და საძებრად წავიდნენ. დაადგინეს, რომ ნოვა-ბრიკულაის სამხრეთით, ერთი კილომეტრის დაცილებით ეს ადამიანები (115 კაცი) დახვრიტეს» (ლეიტენატ ე. სერიბკაევის აქტიდან, 1944 წლის 11 აპრილი).
«როვნოს რაიონის სოფელ კარაჩაევში ბანდჯგუფი 15-მდე კაცის რაოდენობით, შინსახკომის ჯარების ფორმაში გამოწყობილი, შეიჭრა ადგილობრივი მცხოვრებლის _ მელნიკის სახლში და მოსთხოვა, მიეყვანა ისინი სოფლსაბჭოს თავმჯდომარესთან. ბანდიტების მოთხოვნაზე ქალმა უარი თქვა, რის გამოც იგი ზუმბებით სცემეს და ოჯახის დანარჩენი წევრების თვალწინ დახვრიტეს» (ვ. ნ. მერკულოვისადმი წარდგენილი მოხსენებითი ბარათიდან, 1944 წელი).
ცეცხლს მისცეს სკოლები და საავადმყოფოები
«გერმანელებმა პოლიციელების დახმარებით ალექსანდროვის რაიონში დაწვეს 27 სკოლა, 15 საავადმყოფო და ყველა საცხოვრებელი სახლის 40 პროცენტი. მხოლოდ სოფელ ივერსკში გერმანელებმა მოღალატეებთან ერთად დახვრიტეს 162 სრულიად უდანაშაულო საბჭოთა ადამიანი სოფელ ალექსანდროვკიდან, მათ შორის, მოხუცებული მღვდელი» (უკრაინის მე-4 ფრონტის დოკუმენტი).
«19-დან 20 სექტემბრის ღამით სოფელ გლუბოჩევში ბანდერელებმა ხელთ იგდეს 167-ე დივიზიის რიგითები _ კოზინი და კოტინი. ტყვეები სასტიკად აწამეს. ბანდიტებმა წითელარმიელ კოზინს მოაგლიჯეს მარცხენა ყური, დათხარეს თვალები, ნაჯახით გაუპეს ყბა და კისერი, ხელ-ფეხზე ცეცხლი წაუკიდეს» (38-ე არმიის პოლიტპატაკი, 1945 წლის 29 სექტემბერი).
«მკვლელების ბანდა შეამტვრევდა კარებსა და ფანჯრებს, ხვრეტა, ნაჯახითა და დანებით კლავდა ადამიანებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს, რის შემდეგაც გვამებს საზიდრებზე აწყობდნენ, მიჰქონდათ და ორმოებში ფლავდნენ». (მაიორ ბ. გ. შკლიარევის აქტიდან, 1944 წლის აპრილი).
«პირველი მასობრივი დახვრეტა ქ. კოსტოპოლეში 1941 წლის 16 აგვისტოს მოხდა. ამ დღეს დახვრიტეს 500 ადამიანი «დინამოს» სტადიონიდან 700 მეტრში. ჩამოხრჩობის შესახებ: «განწირულებს თავს ყულფში ებრაელები აყოფინებდნენ, ისინი სპეციალურად ამ სამუშაოსთვის მოიყვანეს» (ი. ა. სულიკოვსკის დაკითხვის ოქმიდან, თარიღი მითითებული არ არის).
და ეს საზარელი ფაქტები მხოლოდ წვეთია ტრაგედიების ზღვაში. ამის ჩამდენი მკვლელები და, უწინარეს ყოვლისა, მათი მამამთავარი სემიონ ბანდერა გააფეტიშა უკრაინაში ფერადმა რევოლუციამ, რომელმაც იუშჩენკო-ტიმოშენკოს ტანდემი მოიყვანა ხელისუფლების სათავეში.
დღეს მათ რეაბილიტაციას ცდილობენ მაიდნის ლიდერები და მარჯვენა სექტორის რადიკალები, რომლებიც უკრაინული პატრიოტიზმის პრივატიზაციით არიან გართული. პატრიოტიზმისა, რმელიც ეროვნული იდეის აღორძინებას კაცთმოძულეობის ფესვებზე ცდილობენ. ეს ფესვები საყოველთაოდ სახილველად გააშიშვლა უკრაინის ამბოხებულთა არმიის (УПА) დამსჯელი რაზმების დამნაშავეების შესახებ მასალების განსაიდუმლოებამ.
წარდგენილია არამხოლოდ ფაქტები და სტატისტიკა, რომელიც თავისთავად სულის შემძვრელია, არამედ _ კონკრეტული ადამიანების ტრაგედიაც, ამხილა კონკრეტული დამნაშავენი, რასაც სამართლიანი შურისძიება მოჰყვა.
თუნდაც ხატინის გამო.
ომის ჭრილობები
ხატინის სადამსჯელო ოპერაციის დროს, 1943 წლის 22 მარტს მოკლეს 149 ადამიანი, მათ შორის _ 75 ბავშვი. სოფელი მიწასთან გაასწორეს. ხატინში მომხდარი დანაშაულის შესახებ ცნობა მყისვე გავრცელდა სასწაულებრივ გადარჩენილთა და პარტიზანთა მონათხრობით. მაგამ ბოროტმოქმედები «ფსკერზე დაწვნენ», გაქრნენ. ამასთან ერთად, ოფიციალური ვერსიით, მიჩნეული იყო, რომ ხატინის მოსახლეობა გერმანელმა ფაშისტებმა ამოხოცეს. მხოლოდ 1973 წელს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლებმა მიაგნეს ჭეშმარიტ კვალს.
გამომძიებელთაგან ერთ-ერთი საოლქო კონტრდაზვერვის თანამშრომელი ლეონიდ კოლმაკოვი მუშაობდა. იგი ჩეკისტების ოპერაციის უშუალო მონაწილე იყო.
_ სახელმწიფო უშიშროების კუიბიშევის სამმართველოს ბელორუსმა კოლეგებმა თხოვნით მიმართეს, _ დაეკითხათ ვინმე სახნო, რომელიც, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, იყო თვითმხილველი იატაკქვეშელი მამასახლისისა და მისი ოჯახის დახვრეტის, და წარედგინათ მისთვის რამდენიმე ფოტოსურათი ამოსაცნობად, _ ჰყვება ლეონიდ კოლმაკოვი, _ სახნომ თავიდან განაცხადა, რომ არ იცის, შეძლებს თუ არა დახმარებას, რადგან ამბავი ძველი იყო, ოცდაათი წლის წინანდელი. ყურადღება მივაქციე მოწმის ერთ უცნაურ ქცევას: იგი თითქოს განგებ ურევდა გვარებს _ ფოტოზე გვიჩვენებდა ერთს, გვარს სხვისას ასახელებდა და ა. შ., მაგრამ, ამასთან, სახნოს შესანიშნავად ახსოვდა ფრონტული ყოველდღიური ცხოვრების უმნიშვნელო დეტალებიც კი.
ყოველდღიური, მრავალსაათიანი «საუბრები» სახნოს სერიოზულად ანერვიულებდა. ერთხელ კიდეც განაცხადა, რომ იგი დაჭრილი მებრძოლია, ფრონტელი, და უფლებას არავის მისცემს, უნდობლობით შეურაცხყონ. დაემუქრა კიდეც გამომძიებელს, რომ საჩივრით მიმართავდა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს. ოპერმუშაკს კარგად ესმოდა, რომ ამგვარ დემარშებს «მოწმე» ამაოდ არ მიმართავდა, რაღაცას უდავოდ მალავდა. მაგრამ რას?
გადაწყვიტეს სახნოსთან ერთად ბელორუსში გამგზავრება. ამოცანა ერთი იყო: ფსიქოლოგიურად განეიარაღებინათ იგი და იძულებული გაეხადათ, ეღიარებინა ყველაფერი. სახნოსთან ერთად შემოიარეს ფაშისტების მიერ ომის დროს ოკუპირებული რაიონები, «პარტიზანთა ტყეები». შედეგი ნულის ტოლი იყო.
პარალელურად მიმდინარეობდა საარქივო დოკუმენტების შესწავლა, მაგრამ 1943 წლიდან ფაშისტები მონდომებით შლიდნენ თავიანთი ბოროტმოქმედების ყოველგვარ კვალს. ხატინის ტრაგედია წარმოდგენილი იყო, როგორც «მძიმე ბრძოლა პარტიზანებთან, რომელიც სოფლის განაპირას გაიმართა. ხატინელთა დიდმა ნაწილმა სოფელი რამდენიმე დღით ადრე დატოვა».
მაგრამ სწორედ ამ დოკუმენტებში კოლმაკოვმა იპოვა გერმანელთა ფორმირების _ «დირლევანგერის» მეთაურის მოგონება, ფაქტები, რომლებიც მას ახალგაზრდების განსაკუთრებული აქტიურობით დაახსომდა. განსაკუთრებით გამოჰყოფდა მაღალ, ცისფერთვალება პოლიციელს უკრაინელთა ბატალიონიდან. მისი გვარი დავიწყებული ჰქონდა, მაგრამ ახსოვდა, რომ იგი მე-9 ნომრით ბატალიონის ფეხბურთელთა გუნდში თამაშობდა. სხვა საქმეში ფიგურირებდა ვინმე, მეტსახელად მახნო, ახალგაზრდა, ცისფერთვალება, ტანადი უკრაინელი, რომელსაც ეს მეტსახელი მშვიდი ხასიათის გამო არ ჰქონდა შერქმეული.
სულ უფრო ნათლად იკვეთებოდა პოლიციელთა ბატალიონის როლი სადამსჯელო ოპერაციებში, მაგრამ უწინდებურად ვერ ხერხდებოდა კონკრეტულ დამნაშავეებზე პირდაპირი სამხილების მოპოვება.
ერთხელ გამომძიებელმა კოლმაკოვმა მახნოსთან საუბრისას სიტყვა ფეხბურთზე ჩამოაგდო. სახნო კუბიშევის ფეხბურთელთა გუნდის _ «კრილია სოვეტოვის» თავგადაკლული ქომაგი აღმოჩნდა. გაჩაღდა საუბარი და თემით აღტაცებულმა სახნომ განაცხადა, რომ ფრონტული გუნდის თავდასხმაში თამაშობდა. ისიც თქვა, რომ მეტსახელად მახნოს ეძახდნენ. აშკარა ხდებოდა, რომ ფეხბურთელი, რომელსაც ფაშისტი ოფიცერი იხსენებდა და სახნო ერთი და იგივე ადამიანი იყო.
ნაბიჯ-ნაბიჯ იკვეთებოდა «მოწმის» ნამდვილი სახე. ბოლოს და ბოლოს სახნომ ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გაუძლო და თავად აღიარა, რომ ხელები სისხლში აქვს გასვრილი: «30 წელიწადს ვცხოვრობდი ნაჭუჭში… პასუხი უნდა ვაგო».
ამ მომენტიდან სახნომ ჩვენებების მიცემა დაიწყო, არ მალავდა არც ბოროტმოქმედების ჩადენის ადგილს, არც მოღალატეთა გვარებს, მაგრამ ხატინის თემას უწინდებურად გვერდს უვლიდა. ერთ-ერთ დაკითხვაზე კოლმაკოვმა პირდაპირ ჰკითხა: რომელი სოფელი იყო ხატინი, რომელიც მათ ვერა და ვერ იპოვეს?
და ამ დროს სახნოს შიგნით თითქოს რაღაც ჩაუწყდა, დაიწყო ყვირილი, რომ არასოდეს დაავიწყდება კვამლის ის ბოლქვები, ცეცხლმოდებული ის ადამიანები, რომლებიც გამოვარდებოდნენ კოცონიდან, გმინვა და კივილი მათი.
ყველაზე უფრო შემაძრწუნებელი კი მისი აღიარება იყო: «ხატინი ყოველდღიურად იყო»… 1943 წლის 6 იანვარს სოფ. ჩმელევიჩში დაწვეს 58 სახლი და სკოლა, 18 თებერვალს სოფ. ზარეჩიეში დახვრიტეს 12 ადამიანი და დაწვეს 30 სახლი… ხატინი კი შურისძიება იყო პარტიზანების მიერ ლიკვიდირებული ჰანს ველკეს გამო, ბირთვის კვრაში 1936 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, რომელიც ფიურერის პირადი მეგობარი იყო. ვიოლკე მინსკის აეროდრომისკენ მიდიოდა, მას მიაცილებდა 118-ე ბატალიონის თანამშრომლებით სავსე ორი სატვირთო მანქანა. გზად მათ შეხვდნენ ქალები, რომლებიც ხეებს ჭრიდნენ. კოლონა გაჩერდა, ქალებს ჰკითხეს, ხომ არ დაუნახიათ ახლო-მახლო პარტიზანები. უარყოფითი პასუხი რომ მიიღეს, განაგრძეს გზა, მაგრამ 300 მეტრში პარტიზანებმა ფაშისტებს ცეცხლი გაუხსნეს. ველკე დაიღუპა. ბატალიონი დაბრუნდა იქ, სადაც ქალები ხეებს ჭრიდნენ და 23 უდანაშაულო ქალი ადგილზე დახვრიტეს.
შემდეგ დამხმარე ძალა მოითხოვეს და ბატალიონ «დირლევანგერთან» ერთად ტყეში პარტიზანების ძებნას შეუდგნენ. მიადგნენ სოფელ ხატინს, სადაც სასტიკად გაუსწორდნენ ადგილობრივებს. მთავარი როლი ამ საშინელ დანაშაულში პოლიციელების სწორედ 118-ე ბატალიონმა შეასრულა. მისი ხერხემალი უკრაინის დასავლეთ ოლქების მცხოვრებნი იყვნენ, ერთ-ერთი შემსრულებელი კი ესესის შტურმფიურერი _ სტეპან სახნო გახლდათ.
სახნო დააპატიმრეს. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მისმა ჩვენებებმა ხელი შეუწყო დანაშაულის სრულად გახსნას და დამსჯელთა მხილებას და 25 წლით აღუკვეთა თავისუფლება.
მისი შემდგომი ბედი უცნობია.
ბანდერას ბანდების ქრონიკები
გამოქვეყნებული დოკუმენტები მხოლოდ მცირე სერიაა საარქივო პირველწყაროების. ძირითადად, ეს არის მოხსენებითი ბარათები და აქტები, უკრაინული ამბოხებული არმიის, სადამსჯელო რაზმების დანაშაულობათა შესახებ.
ეს მასალები 2007 წელს გამოქვეყნდა და ვერავინ დასწამებს ამ დოკუმენტების მზის სინათლეზე გამომტანთ, რომ მათ ეს საქმე უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენებს მიუსადაგეს, უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირების გასაღვივებლად გამოიყენეს.
კარგა ხნის მანძილზე კარგ ტონად ითვლებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბანდერელთა დანაშაულობაში დაეჭვება.
მაგრამ გამოქვეყნებული დოკუმენტები ღაღადებენ, რომ დაეჭვება უადგილოა. და _ ფაქტები სისხლით ნაწერი დოკუმენტებია.
თუნდაც ასეთი, პოლონელი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი.
«კაშტარინა ბრონია. გვამი ნახევრად დამწვარია, აშკარად ამჩნევია ცემის კვალი: თავის ქალა ბლაგვი საგნით თხემის არეშია ჩამტვრეული კისერში დანით მიყენებული ჭრილობების კვალია, მარჯვენა თეძო გადატეხილია.
კაშტარინ ზბეშკო. 6 თვის ბავშვი, გვამის ხერხემალზე წელის არეში აშკარად ჩანს მჭრელი იარაღის დარტყმის კვალი. გვამი გადატეხილი ხერხემლით ორად იყო დაკეცილი და ორმოში ჩაგდებული».
აი, «მოსკალებიც»:
«1945 წ. 12 იანვარს ბენდერელთა ბანდა 200 კაცის შემადგენლობით შეიჭრა ჟიტომირის ოლქის ცენტრში _ გოროდნიცაში. ლეიტენანტი ფილიმონოვი თავის ბინაში იმყოფებოდა. სროლის ხმა რომ გაიგონა, ავტომატით ხელში ქუჩაში გამოვარდა და წინააღმდეგობა გაუწია. მოკლა ექვსი ბანდიტი და მოასწრო მიმალვა. ბინაში იმყოფებოდა მისი ცოლი ოთხი წლის ბავშვთან ერთად, ბანდერელებმა ისინი მხეცურად მოკლეს და ცხედრები აკუწეს».
იქნებ საკმარისია?
შეიძლება მოიძებნოს ისეთებიც, ვინც იტყვის, რომ ეს ცალკეული შემთხვევებია, გადახრები ადგილებზე. თორემ УПА-ს მებრძოლები ომობდნენ არა მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ _ ფაშისტურის წინააღმდეგაც.
შეიძლება კი ასეთ მხეცობათა «გადახრად» მონათვლა?! დოსტოევსკის შეეძლო, ბავშვის ერთ ცრემლში ზეციერი სამეფო გაეცვალა. თავისუფალი უკრაინის თავისუფლების მოპოვებას კი სისხლის მდინარეებით ცდილობდნენ. და ის, რომ ბანდერელები გერმანელთა წინააღმდეგაც იბრძოდნენ, გამართლება არ არის.
მით უფრო, მაინცდამაინც არც იბრძოდნენ.
«გერმანელების სამხედრო ხელისუფლება შეუდგა სადამსჯელო რაზმების ფორმირებას უკრაინული ეროვნების პირებისგან. ძირითადად ესენი არიან წითელი არმიიდან დეზერტირებული უკრაინელები და ადგილობრივი ნაციონალისტური ელემენტები. გერმანელების ხელისუფლება მათ განუსაზღვრელ უფლებებს აძლევს, დახვრეტამდეც კი». ეს დოკუმენტი 1942 წლის 19 იანვრისაა.
«ბანდერელები არ ააშკარავებენ თავიანთ კავშირს გერმანელთა სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლებასთან, მაგრამ, ფაქტობრივად, გერმანელთა კარნახით მოქმედებენ, რისთვისაც მათგან იღებენ შეიარაღებას, ეკიპირებას და სხვა სამხედრო ქონებას».
1944 წლის 22 აპრილს УПА-ს შტაბის განადგურებისას აღმოჩენილია ბრძანება კლიმ საკურის ხელმოწერით, რომელშიც ნათქვამია: «მადიარების, სლოვაკების, ლიტველების და ჰიტლერის მოკავშირე სხვა ჯარების წინააღმდეგ არ უნდა იბრძოლოთ».
ეს უკვე 1944 წლის ივნისია.
ბანდერას ბანდები ომის შემდეგაც არსებობდა, ხოლო ბანდერელობა წლეულს კიევის მაიდნის მემარჯვენე სექტორის სახით შხამიან ამონაყარად გამოეცხადა უკრაინას.
უცხოეთის პრესის პუბლიკაციების მიხედვით