Home რუბრიკები სამართალი ამირან ქადაგიშვილი: «ნაციონალებს» შეკვეთილი აქვთ ათი ათასი დროშა თავისი ტარებით, ანუ მზად...

ამირან ქადაგიშვილი: «ნაციონალებს» შეკვეთილი აქვთ ათი ათასი დროშა თავისი ტარებით, ანუ მზად არიან ქუჩაში გამოსასვლელად

1688

1993 წელს ეკონომიკური რეფორმების დარგში საქართველოს ვიცეპრემიერი იყო. თუმცა, რამდენიმე თვეში თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. საბანკოსაფინანსო და ეკონომიკის სფეროებში სსრკის მასშტაბით საუკეთესო სპეციალისტად აღიარეს. პროფესიით ფიზიკოსია და 10 წლის განმავლობაში ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა.

 

საქართველოში პირველი კოოპერატივი მან ჩამოაყალიბა, შემდეგ _ პირველი კომერციული ბანკი და პირველი ბირჟა. მისი წინადადებით ჩაუშვეს მიმოქცევაში კუპონი _ ეს პიროვნება გახლავთ ბატონი ამირან ქადაგიშვილი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა 11 წლით აღუკვეთა თავისუფლება, 2012 წლის 10 ნოემბერს კი ახალმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა, როცა უკვე 8 წელი და 4 თვე მოხდილი ჰქონდასააკაშვილის ხელისუფლებამ ბატონ ამირანს არ აკმარა ციხეში უკანონოდ ჯდომა და უფროსი ვაჟი _ არჩილი და მეუღლე, ქალბატონი ნანა ქადაგიშვილიც, დაუპატიმრა, მეორე ვაჟს კი, დაუსწრებლად, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სამწუხაროა, რომ ქადაგიშვილების ოჯახმა სამართალი ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში იპოვა

_ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დატერორებულ უამრავ ადამიანს შორის არის 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილი. ამ ადამიანებს თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში, იმ გამარჯვებაში, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მივაღწიეთ. მე 2004 წლის ივლისში დამაპატიმრეს, საპყრობილეში 8 წელი და 4 თვე გავატარე. ჩემთან ერთად დააპატიმრეს უფროსი ვაჟი არჩილი, მოგვიანებით კი _ ჩემი მეუღლე ნანა, ხოლო უმცროს ვაჟზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადეს.

_ რატომ გადაგემტერნენ?

_ 2003 წელს, «ვარდების რევოლუციამდე», ჩემთან მოვიდა «ნაციონალური მოძრაობის» ერთერთი ლიდერი გივი თარგამაძე, რომელმაც პარტიის დაფინანსება მომთხოვა.

ვუპასუხე, რომ სააქციო საზოგადოებიდან ფულს პირდაპირ ვერ მოგცემთ, ამ საკთხს საბჭოს სხდომაზე გავიტან და პასუხსაც გაგაგებინებ-მეთქი. უკმაყოფილო წავიდა თარგამაძე… ამის გამო, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაშინვე გადამემტერნენ. არადა, მეგონა, სააკაშვილი ქვეყნის საკეთილდღეოდ იმოქმედებდა, ჰქონდა ამის შანსი და ისტორიაშიც კარგი სახელით შევიდოდა, მაგრამ მან ამ ყველაფერს დიდძალი ფულის მითვისება ამჯობინა. მე და ჩემი ოჯახი სააკაშვილის პირველი მსხვერპლი აღმოვჩნდით, თუმცა ათასობით ადამიანი უკან მოგვაყოლეს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ პროკურატურაში 22 ათასზე მეტი საჩივარია შევიდა «ნაციონალური» რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, მაგრამ ამ ყველაფერზე რეაგირება არ ჩანს.

სამწუხაროდ, მოლოდინი იმისა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგებოდა, არ გამართლდა.

პატიმრობიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გავთავისუფლდი. 5 დეკემბერს კი პარლამენტმა გამოაქვეყნა პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სია, თუმცა ამ სიაში არ შემიყვანეს იმის გამო, რომ პატიმარი აღარ ვიყავი. პოლიტპატიმრის სტატუსის გარეშე დატოვეს თემურ ჟორჟოლიანი, ნორა კვიციანი, მაია თოფურია და ა. შ. ჩემი შვილი მოხვდა პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ სიაში და ოფიციალურად იქნა აღიარებული პოლიტდევნილად. არადა, მთელი ოჯახი ერთსა და იმავე საქმეზე ვართ დაპატიმრებულნი და პოლიტპატიმრის სტატუსი ავტომატურად ჩვენზეც უნდა გავრცელებულიყო, არც ნასამართლეობა მომიხსნეს. პარლამენტს უნდა ეზრუნა დაზარალებულ ხალხზე, პოლიტპატიმრებზე, მათთვის უნდა დაებრუნებინათ ჩამორთმეული ქონება და ა. შ. ასევე, უნდა დამდგარიყო უკანონო განაჩენის გამომტანი მოსამართლეების, პროკურორებისა და გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ეს ყველაფერი არ მოხდა. ამის მიზეზი კი კოაბიტაციაა, რომლის დასრულებაზეც საუბრობდნენ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთანავე, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ეს არ მოხდა. ქართველი ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა ახალი ხელისუფლებისგან, რეალურად კი მივიღეთ ის, რომ «ნაციონალური მოძრაობა» იწყებს ფენიქსივით ფერფლიდან აღდგენას.

ყველანაირად დამაზარალეს, ყველაფერი ჩამომართვეს. არ ვითხოვ იმ თანხის დაბრუნებას, რომელიც დამიყადაღეს და თავიანთ სასარგებლოდ ჩამომაწერეს. პირველ რიგში, ამ ხელისუფლებისგან ვითხოვ ჩემი ბინის დაბრუნებას, რომლიდანაც უკანონოდ გამომასახლეს _ 4 მცირეწლოვანი შვილიშვილი გამომიყარეს ქუჩაში.

_ ვინ წაგართვათ?

_ ჩემი ბინა ბაჩო ახალიას თანამშრომლის, რატი მგელაძის ცოლის _ ლელა მითაიშვილის სახელზეა გაფორმებული. ამ ადამიანმა პროკურატურაში აღიარა, _ ეს ბინა, მე კი არა, ტელეკომპანია «25-ე არხის» ხელმძღვანელ, გია სურმანიძეს ეკუთვნის, ჩემს სახელზე კი ფორმალურად არის გაფორმებულიო. ლელა მითაიშვილი და გია სურმანიძე კი დეიდაშვილები არიან. სხვათა შორის, რატი მგელაძე დღესაც თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.

 მოკლედ, სამინისტროებსა და პროკურატურაში სირბილით რომ ვერაფერს გავხდით, უკანონო პატიმრებმა გადავწყვიტეთ, შევკრებილიყავით და გამოგვეთქვა პროტესტი. ამით ჩვენს უფლებებს თვითონ ვიცავთ. დავაარსეთ მოძრაობა «ანტინაცი», რომლის საინიციატივო ჯგუფმა კინოს სახლში მოაწყო უკანონო პატიმრებისა და პოლიტრეპრესირებულთა შეკრება. მივიღეთ რეზოლუცია და დავწერეთ მიმართვა პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. ამ მიმართვაზე რეაგირებისთვის კანონი ათ დღეს ითვალისწინებს, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ ამ საკითხებს ათ დღეში გადაწყვეტენ, ამიტომ მოგვიწევს აქციის გაგრძელება.

ჩვენი ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრს, ზაალ ჟვანიას, უკანონო განაჩენით ჩამოართვეს ბინა და ახლა ამ უკანონო განაჩენის აღსრულების პროცესი მიმდინარეობს. ის ამ დღეში «ნაციონალურმა მოძრაობამ» ჩააგდო, მაგრამ დღეს აღსრულებას ვინ ახორციელებს? დღეს ეს რატომ უნდა ხდებოდეს, როდესაც «ნაციონალები», წელიწადნახევარია, ხელისუფლებაში აღარ არიან?! რა ხდება, ვერ გამიგია, წავიდნენ კი «ნაცები» ხელისუფლებიდან? სასამართლოც, იუსტიციის საბჭოც მაგათია, პროკურატურაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგალითად, ახლახან იუსტიციის საბჭოს წევრად შეიყვანეს ის ადამიანი, რომელიც ჩემი საქმის ზედამხედველი პროკურორი იყო და რომელმაც ფალსიფიკაცია მოახდინა იმ ნივთმტკიცებულებების, რომელთა საფუძველზეც გამასამართლეს. ეს გახლავთ თამარ ალანია.

 როგორ შეიძლება, ეს ადამიანი იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და სამართლიანობის აღდგენას ველოდოთ?! ხოლო ვაჟა ფანოზიშვილი, რომელიც ჩემი საქმის გამომძიებელი იყო, დღეს თბილისის პროკურატურის განყოფილების უფროსის მოადგილეა.

_ ამ აქციებით მიაღწევთ მიზანს?

_ აუცილებლად. სიმართლე ჩვენ მხარეზეა, ძალა კი ერთობაშია. ხელისუფლება ვალდებულია, ჩვენი საქმეები გამოიძიოს, მაგრამ ამის გაკეთება არ სურს. ამასობაში, «ნაციონალებს» დაკვეთილი აქვთ ათი ათასი დროშა თავისი ტარებით, ანუ მზად არიან ქუჩაში გამოსასვლელად…

_ ბატონო ამირან, დღეს საქართველოს ეკონომიკა რა მდგომარეობაშია?

_ ჩვენი ეკონომიკა არც «ნაციონალების» მმართველობის დროს ყვაოდა და არც ახლა ყვავის. «ნაციონალების» მმართველობის პერიოდში ეკონომიკა მონოპოლიზებული იყო და ხეირობდა მხოლოდ ის, ვინც მათი დამქაში იყო. დღეს კი არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რაზეც არც «ნაციონალები» იღებენ ხმას და არც ხელისუფლება _ ეს არის ლარის კურსის ვარდნა. ახალი წლის წინა დღეებში ლარის კურსი ყოველთვის მყარდებოდა, წელს კი დაეცა, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი, ჩემი ვარაუდით, ხელოვნურად გაკეთდა. ეროვნული ბანკი კვლავ «ნაციონალების» ხელშია და, სავარაუდოდ, ეს მაქინაცია მათი გაკეთებულია, თუმცა ლარის კურსის დაცემა ხელისუფლებასაც აძლევდა ხელს, რადგან ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ბიუჯეტი უფრო იოლად შეივსებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მაქინაციით ისევ «ნაციონალებმა» იხეირეს, რადგან ეროვნულ ბანკში ისევ მათი ხალხია, ფინანსურ მონიტორინგსა და ბანკებშიც მათი ხალხი მუშაობს.

აი, ასეთი მეთოდებით აპირებენ «ნაციონალები» ხელისუფლებაში დაბრუნებას. დღეს საქართველოში მცოცავი ინფლაციაა, რომელიც ცუდად აისახება ჩვენს ყოფაზე.

 რა დღეშია ეკონომიკა? არადა, შესანიშნავი ეკონომისტები გვყავს. მაგალითად, ლადო პაპავა. რატომ გაუშვეს უნივერსიტეტის რექტორად? დაენიშნათ მთავრობის მრჩევლად ეკონომიკის საკითხებში. სხვა თუ არაფერი, რჩევებს მაინც მისცემდათ. მეც მივცემ ეკონომიკის სამინისტროს ერთ რჩევას: საქართველოს ეკონომიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეშველება, თუ მცირე მეწარმეს მიეცემა მუშაობის საშუალება. თუ მცირე მეწარმეს არ მიეცემა მუშაობის საშუალება, ქართული ეკონომიკა განწირულია. ეკონომიკის ხერხემალი მცირე მეწარმეა.

_ რაც შეეხება დღევანდელ საქართველოს

_ ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ რა მივიღეთ? სულ ვიღაცას ვებრძვით, ვიღაცას რაღაცას ვაბრალებთ და საბოლოოდ ჩვენს ქვეყანაში რა ხდება? გეიაღლუმებისა და ქართული ენის წაბილწვისთვის ვიბრძოდით? სად გაქრა ეროვნულობა? დღეს ხალხის სურვილია, ქვეყანაში ეროვნული ფასეულობები იყოს დაცული და მეც ამისთვის ვიბრძვი. რა უნდა ჩვენს ქვეყანაში გეიაღლუმებს? სხვათა შორის, ლგბტ წარმომადგენლებს არაქართული თვისება აქვთ. როდესაც სომეხს ან ებრაელს დანიშნავ მაღალ თანამდებობაზე, თავის გარშემო აუცილებლად თავისი ეროვნების ხალხს შემოიკრებენ ხოლმე. ზუსტად ასე იქცევიან გეებიც. ეს ადამიანები წარმოადგენენ არაბუნებრივ უმცირესობას და მათ საზოგადოება უნდა მფარველობდეს, მაგრამ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდას არავინ უნდა ეწეოდეს. პუტინმა რუსეთში ორი უძლიერესი კანონი მიიღო. ერთი _ ლგბტ-ს წინააღმდეგ, რომლებსაც არსად აჭაჭანებს და ეს ადამიანებიც ვერ ახვევენ თავიანთ მოსაზრებებს საზოგადოებას თავს, ხოლო მეორე ის, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ჩვენთან კი ამ მხრივ რა ხდება? გეებს თავი რომ დავანებოთ, რა ხდება სინოდში ან რა მცდელობები აქვთ ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ? ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს პატრიარქს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, რაც ზოგიერს აგონიაში აგდებს. მალე 17 მაისიც მოვა და მოხდება ანალოგიური რამ, რაც შარშან მოხდა. ქართველი ხალხი არ დაუშვებს საქართველოში გეიაღლუმის ჩატარებას!

რაც მთავარია, რუსეთთან უნდა დავამყაროთ კეთილმეზობლური ურთიერთობა.

ვინ არის ჩვენი მტერი _ რუსეთი? ამერიკა? იმას, რომ დღევანდელი თაობა ქართულად ვერ ლაპარაკობს, რუსეთს ვაბრალებთ? რატომ არ აღადგინეს ენის პალატა? ინგლისურენოვანი აბრებით რომ არის აჭრებელი მთელი ქალაქი, ესეც რუსეთის ბრალია? ამის აკრძალვას ხომ ერთი კანონის მიღება სჭირდება და მეტი არაფერი? ან სასკოლო პროგრამა რა დღეშია, ამას რატომ არ აქცევენ ყურადღებას?

 ჯერ ქართული ენა და ლიტერატურა ასწავლონ მომავალ თაობას და შემდეგ _ უცხო ენები. ჩვენ უნდა დავიცვათ ეროვნული და დემოკრატიული ფასეულობები, თუ გვინდა კარგი ცხოვრება. ამას ჩვენ ნაცვლად არავინ გააკეთებს!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. სანამ ვინმეს სახელს ახსენებთ, ხალხს ის მოუყევით თუ როგორ მოიპარეთ მილიონები შევარდნაძის დროს

  2. სადღაც კარგად ეწერა ა.ქადაგიშვილის მაქინაციებზე შევარდნაძის დროს,თუ არ ვცდები ნოდარ ჯავახიშვილი წერდა,ჯურნალისტებმა იქნებ კითხოთ ბატონ ნოდარს

  3. თქვენდა სამწუხაროდ ვერ ხვდებით,რა სამომავლო სირთულეებს იქმნით სხვების უსაფუძვლო ხსენებით

  4. "კავკასიის ბირჟის" პრეზიდენტი ამირან ქადაგიშვილი იყო, მერე ეს კაცი ვიცე-პრემიერად დანიშნა შევარდნაძემ ოთარ ფაცაციას პრემიერობისას, თუმცა, სულ 2 თვე იმუშავა ამ პოსტზე და გაქრა საქართველოდან. მერე გაირკვა, პროკურატურა ქადაგიშვილს "კავკასიის ბირჟაზე" დატრიალებულ მაქინაციებში და ახლადჩამოყალიბებული ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურებისგან, ათეულობით მილიონი მანეთის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებდა. (იკითხება ინტერნეტში)

  5. ეს ადამიანი ისეთ ინფორმაციებს ასაჯაროებს რაზეც დიდი ალბათობით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს,დაიკითხოს საიდან ფლობს გარკვეულ ინფორმაციებს,მათ შორის საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებითა და სხვა.

  6. ამირან ქადაგიშვილს და მის ოჯახს ახლოს და კარგად ვიცნობ. მართალია შევარდნაძის დროს სერიოზული გადაცდომები ჰქონდა, მაგრამ უამრავი კეთილი საქმეც აქვს გაკეთებული. ასევე არ წავიდა საპროცესო გარიგებაზე, რომელსაც სთავაზობდნენ თავისუფლების სანაცვლოდ. ამიტომაც "მოაღუნინეს" ამხელა სროკები მთელ ოჯახს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here