Home რუბრიკები ისტორია გრცხვენოდეთ!

გრცხვენოდეთ!

ამ წერილს, რომლის გამოქვეყნებას უმორჩილესად გთხოვთ, დიდი სამამულო ომის ყველა მონაწილე უყოყმანოდ მოაწერდა ხელს, მაგრამ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, რადგან იმდენად დიდი და მძიმეა გულში დაგროვილი ტკივილი, უპატივცემულობისა და აბუჩად აგდების ფაქტები, რომ სიცოცხლის ფინიშზე გასულ ხანდაზმულ ვეტერანებს არ შეიძლებოდა ამის შესახებ ძალიან მოკლედ მაინც არ გვეთქვა. ამ დარდს საფლავში ვერ ჩავიყოლებდით, ჩვენი დიდი სურვილია, საზოგადოებამ განსაკუთრებით კი მომავალმა თაობამ, იცოდეს და დაიმახსოვროს, თუ როგორ უმადურად, დაუმსახურებელი შეურაცხყოფით ეკიდებოდნენ საქართველოში სამშობლოსთვის თავდადებულ მებრძოლ ადამიანებს.

 

ავტორები

«ნაციონალებმა» დიდი სამამულო ომის მონაწილე ვეტერანებს კანონით გათვალისწინებული თითქმის ყველა შეღავათი მოუხსნეს, ხოლო «ქართული ოცნების» მთავრობამ მათ ესეც არ აკმარა და ომში მონაწილეობის პენსია  გაუუქმა.

ეს წერილი დიდი სამამულო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის შეიძლება გედის სიმღერა გამოდგეს, რადგან იმ ომის ყველაზე უმცროსი მონაწილე დღეს 89 წლისაა, ხოლო დანარჩენები 90 წელს მიღწეულები და გადაცილებულნი არიან, თანაც მათი რიცხვი ყოველდღე კატასტროფულად მცირდება, კვდებიან. 1941-45 წწ-ში სამამულო ომში საქართველოდან წარგზავნილი 700 ათასი კაციდან დღეს მთელ საქართველოში ცოცხალია მხოლოდ 3 ათასამდე კაცი, კონკრეტულად ქ. თბილისში 780 კაცი შემორჩა. ამიტომ სიცოცხლის ფინიშზე გასულ ვეტერანებს არ გვინდა ამ ქვეყნიდან ისე წასვლა, რომ საზოგადოებამ, განსაკუთრებით მომავალმა თაობამ, არ იცოდეს იმ უმადურობის, უსამართლობის, უპატივცემულობის, დაუფასებლობისა და დამცირება-შეურაცხყოფის შესახებ, რომლებიც განვლილ წლებში საქართველოს მთავრობებმა, პარლამენტარებმა და სხვა ჩინოსნებმა მოგვაყენეს.

დიდი სამამულო ომის მონაწილეების შეზღუდვა ჯერ კიდევ იმ საუკუნის დასასრულს, პრეზიდენტ შევარდნაძის დროს დაიწყო, როდესაც ვეტერანებს შეღავათი ელექტროენერგიაზე თითქმის მოუხსნეს. მაშინ ვეტერანებმა პარლამენტის ეს უკანონო გადაწყვეტილება საკონსულტაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ პარლამენტის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და რჩევა მისცა, ვეტერანებისთვის ელექტროენერგიის შეღავათი უახლოეს დროში კანონის შესაბამისობაში მოეყვანა. პარლამენტმა და მთავრობამ სასამართლოს ეს განჩინება სრულად მაინც არ შეასრულა და შუქის შეღავათი დიდი შეზღუდვით აღადგინეს. ეს იყო ომის ვეტერანების კანონიერი უფლებების შეზღუდვის დასაწყისი (I ეტაპი), რომელიც დღემდე გრძელდება.

საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანების კანონიერ უფლებებზე პერმანენტული შეტევების დინამიკაში განხილვისას უცნაური კანონზომიერება იკვეთება, იგი ეტაპობრივ ხასიათს ატარებს, რაც მთავრობების ცვლილებებთანაა დაკავშირებული. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, იგი ვეტერანებისთვის ყოველთვის საზიანოა, . . რაც დრო გადის, თითქოს ქვეყნის წინსვლასთან ერთად, ომის ვეტერანების სოციალური მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, არამედ პირიქით, სულ უფრო უარესდება. ნათელსაყოფად მოვიყვანთ მაგალითს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეზიდენტ შევარდნაძის დროს შეზღუდვის პირველი ეტაპი დაიწყო ელექტროენერგიის შემცირებით, შევარდნაძის მთავრობა «ნაციონალებმა» შეცვალეს, რომლებმაც მთავრობაში მოსვლა ვეტერანებისთვის 1995 წლის საქართველოს კანონით  გათვალისწინებული თითქმის ყველა შეღავათით მოხსნეს (II ეტაპი). «ნაციონალების» თაღლითი მთავრობის «ქართული ოცნების» მთავრობით შეცვლის შემდეგ (III ეტაპი) ომის ვეტერანებს იმედი გაუჩნდათ, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ: ვეტერანებისთვის უფლებების შეზღუდვის მე-3 ეტაპი მათთვის სრულიად დამღუპველი აღმოჩნდა. «ქართული ოცნების» მთავრობა იმდენად გაკადნიერდა, რომ რიგით ვეტერანებს ომში მონაწილეობის პენსია სრულიად გაუუქმეს და, როგორც იტყვიან, პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს. თუ რას უმზადებს მთავრობა ვეტერანებს, არ ვიცით, მაგრამ ვეტერანების უფლებებზე შეტევის მე-4 ეტაპი რომ ნამდვილად არ შედგება, ეს ცხადზე უცხადესია, რადგან ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ყველა ვეტერანი, მაგრამ იმ დროისთვის დიდი სამამულო ომის მონაწილე ვეტერანთა აბსოლუტური უმრავლესობა, ალბათ, ცოცხლებს შორის არ იქნება. ამდენად, მთავრობა შეიძლება მშვიდად იყოს. იმ ომის ვეტერანთა პრობლემა თავისთავად მოიხსნება.

ჩვენი ქვეყნის მთავრობებსა და პარლამენტარებს რაიმე ახალი პრობლემის გადაჭრისას სჩვევიათ სხვა ქვეყნებთან პარალელის გავლება, შედარება ანდა მათთან არსებული პრაქტიკის გადმოღება. ამ თვალსაზრისით მოცემულ საკითხთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა საზღვარგარეთის ქვეყნებში, კერძოდ, აშშ-ში ან ევროპის ქვეყნებში? _ სრულიად რადიკალურად განსხვავებული. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე არც ერთ ქვეყანაში ომის ვეტერანები ისე უყურადღებოდ მიგდებული და შეურაცხყოფილნი არ არიან, როგორც ეს დღეს საქართველოშია. აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანი სოციალურად უზრუნველყოფილია, მათ შორის გაზრდილი პენსიებით. ჩვენ ჩრდილოელ მეზობელ რუსეთში ომის მონაწილე ვეტერანთა პენსია 1000 დოლარზე მეტია, არაფერს ვამბობ სხვა სოციალური მომსახურეობით უზრუნველყოფაზე. აზერბაიჯანში ომის ვეტერანთა პენსია 1000 ევროა და ა. შ. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში. აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ ჩვენი მთავრობის საგარეო კურსი ევროკავშირის წევრად გახდომაა, სურთ, იყვნენ ევროპელები და ყველა სფეროში მათ მივბაძოთ, რაც თავისთავად ცუდი როდია, მაგრამ გაუგებარია, რატომ არ ვბაძავთ ევროპელებს ომის ვეტერანებთან დამოკიდებულებაში, პარადოქსი არ არის?

ბუნებრივია, დაისმის კითხვა: რატომ შეიქმნა ჩვენთან, საქართველოში დიდი სამამულო ომის მონაწილეების მიმართ მთავრობების მხრიდან ასეთი სისტემურად ნეგატიური დამოკიდებულება? საქართველოდან ომში წასული ადამიანები სხვა ქვეყნების მებრძოლებზე ცუდად იბრძოდნენ? რა თქმა უნდა, არა. ძალიან კარგად და გმირულად იბრძოდნენ და თავიც კარგად გამოიჩინეს. საქართველოს ჰყავს 169 გმირი, 2 მარშალი, 36 გენერალი, მრავალი ათასი ორდენოსანი ოფიცერი და რიგითი მებრძოლი და, რაც მთავარია, ჩვენ გვყავს ამ ომში ისტორიული გამარჯვების ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი გენიალური სარდალი, გენერალისიმუსი, დიდი სტალინი.

რატომ მოხდა, რომ საქართველოში, განსაკუთრებით ვ. პ. მჟავანაძის შემდეგ, გააფთრებით შეუტიეს დიდი სამამულო ომის ვეტერანების კანონიერ უფლებებს? აღვირახსნილი პროპაგანდა გააჩაღეს სტალინის პიროვნების წინააღმდეგ, კერძოდ ლაჩრულად იერიში მიიტანეს სტალინის ძეგლებზე, ომში დაღუპული მებრძოლების მემორიალებზე. საოცარია, საიდან ამდენი ზიზღი, სიძულვილი და ღვარძლი, რომელთაც ბოლო არ უჩანს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან «ნაციონალებისა» და «ქართული ოცნების» მთავრობები. ამაზრზენი იყო იმის ყურება, თუ როგორ ანგრევდნენ ქ. თელავში პატიოსანი, ნამდვილი პატრიოტი ადამიანების მიერ აღდგენილ საქართველოს და მსოფლიო ცივილიზაციის ფაშისტური ტირანიისგან გადამრჩენი ადამიანის _ გენერასიმუსის სტალინის ძეგლს და როგორ ზეიმობდნენ ამ ლაჩრულ უკადრის საქციელს ვიღაც ჩერგოლეიშვილები და მათი მსგავსი უსინდისოები, მართლაც ქონდრისკაცუნები.

ჩვენი მოსაზრებით, საქმე ისაა, რომ . . მჟავანაძის შემდგომმა მთავრობებმა არასწორი ახსნა და შეფასება მისცეს დიდი სამამულო ომში გამარჯვებას და მის შედეგებს, რაც ჩვენი შეხედულებით, ძირითადად, ორი ფაქტორით უნდა იყოს განპირობებული:

პირველი ფაქტორი გამომდინარეობს ფსევდომეცნიერებისა და ცრუ ისტორიკოსების მიერ გავრცელებული ძირშივე მცდარი და არასწორი  მოსაზრებიდან, რომლის მიხედვით დიდი სამამულო ომი ჩვენთვის, ქართველებისთვის, თითქოს არ იყო სამამულო ომი, რომ ის იყო რუსეთის ომი, რომ ქართველები იბრძოდნენ სხვის ომში. აქვე არ შეიძლება არ შევნიშნოთ სტალინისა და ომის ვეტერანების მოძულეთათვის ჩვეული ალოგიკური მსჯელობის შესახებ, თუ ვინ ვის ომში და რისთვის იბრძვიან. ჩვენი სახელოვანი ბიჭები დღეს ავღანეთში რომ იბრძვიან, ისინი სამშობლოს იცავენ,  ჩვენ კი კავკასიის მთებში სამამულო ომში სამშობლოს არ ვიცავდით? სად არის აქ ლოგიკა? ასევე არასწორია მოსაზრება იმის შესახებ, რომ სტალინი რუსული მოვლენაა და მას საქართველოსთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია და მრავალი სხვა სულელური ინსუნიაციები, რომელთა ჩამოთვლას აქ არ შევუდგებით. ამ არასწორმა მოსაზრებებმა დიდი სამამულო ომისა და სტალინის შესახებ საკმაოდ მყარად გაიდგა ფესვი საზოგადოების ერთ ნაწილში და, სამწუხაროდ, იგი დღესაც გრძელდება. ნამდვილად სიცილის მომგვრელია სააკაშვილების, ბარამიძეების, ბოკერიების, წიკლაურების, თუთბერიძეების, მასხარაშვილებისა და სხვა მათი მსგავსი პერსონების მოსაზრებები სტალინის პიროვნების შეფასებასთან დაკავშირებით. ამ ვაჟბატონებმა არც ისტორია იციან, განსაკუთრებით სამამულო ომის ისტორია, არც არაფერი წაუკითხავთ სტალინის მოღვაწეობის შესახებ, თორემ ასე უსინდისოდ არ შეაფასებდნენ სტალინის პიროვნებას, ასე ლაჩრულად არ შეუტევდნენ სტალინის ძეგლებს, სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალებს.

სტალინის პიროვნებაზე და მის როლზე მსოფლიო ისტორიაში აქ საუბარს არ დავიწყებთ. იგი საკმაოდ კარგად შეაფასეს მსოფლიოს გამოჩენილმა ადამიანებმა, მეცნიერებმა, სახელმწიფოების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, რომელთაგან ერთ-ერთ დამახასიათებელ მაგალითს აქვე მოვიტანთ: «თუ დაუშვებთ, რომ უნდა ჩატარდეს პლანეტების კრება და ამ კრებაზე თითოეული პლანეტა წარმოდგენილი უნდა იქნას ერთი დელეგატით, პლანეტა დედამიწიდან დელეგირებული უნდა იქნეს სტალინი» (ა. იდენი). სტალინის პიროვნების უკეთესი შეფასება წარმოუდგენელია.

დიდი სტალინის და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ლანძღვა-გინებამ ისეთი მახინჯი ფორმები მიიღო, რომ პრეზიდეტ გამსახურდიას დროს ომის ვეტერანების ქუჩაში გავლა საშიში გახდა. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მკერდიდან ორდენებს აგლეჯდნენ და სხვ. ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ გვინდა შევნიშნოთ, რომ დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი სტალინის წინააღმდეგ ამ კაცუნების ზღვარგადასულმა კამპანიამ მეტად ამაზრზენი და ნეგატიური ხასიათი მიიღო. დღეს, როდესაც «ნაციონალების» მიერ ისედაც დაქცეული ქვეყანა თავზე გვენგრევა, ადამიანების უდიდესი ნაწილი გაუსაძლის სიღატაკეში ცხოვრობს, საქართველოს პარლამენტს თითქოს სხვა საქმე არაფერი ჰქონდეს, პარლამენტის სხდომაზე სამსჯელოდ გაიტანა სტალინის ძეგლის აღდგენა-არაღდგენის საკითხი. გულის ამრევი იყო ამ ადამიანების მიერ სტალინის მიმართ ზიზღითა და სიძულვილით გაჯერებული ლანძღვა-გინების მოსმენა და ყურება. მხოლოდ ერთი პარლამენტარი შეეცადა სტალინის შესახებ სიმართლის თქმას და ისიც კინაღამ ჩაქოლეს, თითქოს ისინი იმ ბუმბერაზი ადამიანის მიერ შექმნილ და გადარჩენილ ქვეყანაში არ ცხოვრობენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც არც სათანადო განათლება გააჩნიათ, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სასარგებლო არაფერი შეუქმნიათ, მხოლოდ მომხმარებლები და პარაზიტები არიან. მათ არ იციან, რომ ყველა ომს, რომელთაც მსოფლიო ისტორია იცნობს, ჰყავდა სარდლები, მხედართმთავრები. ომები სარდლების გარეშე არ არსებობს. საბედნიეროდ, დიდ სამამულო ომსაც ჰყავდა მთავარსარდალი დიდი სტალინის სახით, რომელმაც გერმანიის ფაშიზმის წინააღმდეგ სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლა თვით გერმანიისავე ტერიტორიაზე ბრწყინვალე გამარჯვებით დააგვირგვინა, რომ არ ყოფილიყო დიდი სტალინი, იმ ომში გამარჯვება არ იქნებოდა, დღეს საქართველო გერმანული ფაშიზმის მონობაში იქნებოდა.

საკითხავია, რატომ ჰგონიათ ამ ადამიანებს, რომ ჩვენზე უკეთ იცნობენ სტალინის პიროვნებას და სტალინის დროინდელ პერიოდს, ვიდრე ჩვენ, რომლებიც უშუალოდ იმ პერიოდში ვცხოვრობდით და ვმოღვაწეობდით? მათ გასაგონად გვინდა განვაცხადოთ, რომ მე-12 საუკუნის შემდეგ საქართველოსთვის ის პერიოდი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში იყო რენესანსის, აღმავლობის პერიოდი. ჩვენ, იმ დროს მცხოვრებ ადამიანებს, იმდენი გონება კი შემოგვრჩა, რომ ანალიზი და შეფასებები გავაკეთოთ წარსულსა და აწმყოს შორის. საბოლოოდ სტალინის პიროვნების შესახებ ჩვენი, ვეტერანების, ხედვა ასეთია: ნაპოლეონ ბონაპარტესი არ იყოს, დადგება დრო, როდესაც საქართველოში სტალინის სახელით იამაყებენ, სტალინი უკვდავია, მის სახელს ისტორია საუკუნეების მანძილზე შემოინახავს.

მეორე ფაქტორი, რომელმაც განაპირობა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება დიდი სამამულო ომის მონაწილე ვეტერანების და მისი მთავარსარდლის, დიდი სტალინისადმი მდგომარეობს ამ ომის შესახებ ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის სრული ინფორმაციის არქონაში. მათ ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იმ ომში. საქმე ისაა, რომ სამამულო ომი 73 წლის წინათ დაიწყო და, ბუნებრივია, დღევანდელ თაობას, მათ შორის დღევანდელი მთავრობისა და პარლამენტის წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას არ შეიძლებოდა ჰქონოდა და ჰქონდეს რეალური წარმოდგენა იმ ომის შინაარსზე, მის ხასიათზე. თანაც ამ ადამიანების დიდი ნაწილი არ იცნობს ისტორიას, კერძოდ, დიდი სამამულო ომის ისტორიას, ამ სფეროში გაუნათლებლები არიან, არ წაუკითხავთ წიგნები მეორე მსოფლიო ომის შესახებ და იოლად მოექცნენ ისტორიის გამყალბებელი ცრუ ისტორიკოსების მიერ გავრცელებული არასწორი, ყალბი პუბლიკაციების გავლენის ქვეშ. ამიტომ ამ წერილში მოკლედ გვინდა აღვნიშნოთ იმ საშინელებების შესახებ, რომელიც ჩვენ, ომის ვეტერანებმა გადავიტანეთ და ცოტათი მაინც გავუნათოთ მათ გონება და შევუქმნათ სწორი წარმოდგენა ომში განცდილ და გადატანილ სირთულეებსა და სიძნელეებზე.

ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომი მსოფლიოს ისტორიაში ცნობილ ომებს შორის ყველაზე სასტიკი, ყველაზე საშინელი, ყველაზე მასშტაბური იყო. ის არ იყო სამდღიანი, სამკვირიანი თუ რამდენიმეთვიანი ომი. იგი გრძელდებოდა 1418 დღე, ვიმეორებ: 1418 დღე. ფრონტი გადაჭიმული იყო რამდენიმე ათას კილომეტრზე, შავი ზღვიდან ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანემდე. თანაც საომარი მოქმედება, ძირითადად, რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, რომელიც გამოირჩევა თავისი მკაცრი კლიმატური პირობებით. განსაკუთრებით მძიმე იყო ბრძოლები ზამთრის პერიოდში, როდესაც ყინვები 20-30-ზე მეტ გრადუსზე ადიოდა. გაყინული მიწის მოთხრა მიწურის მოსაწყობად და ქვემეხის ორმოში ჩასაფლობად ნაჯახითა და წერაქვით გვიხდებოდა. ყველაფერი ეს კეთდებოდა მტრის უწყვეტი ცეცხლის ქვეშ, როდესაც სიკვდილს ყოველ წამს ველოდით. აი, ასეთ ექსტრემალურ პირობებში უხდებოდათ ბრძოლა ომის მონაწილე ვეტერანებს რამდენიმე წლის განმავლობაში, რომლის წარმოდგენა ჩვეულებრივი ადამიანისთვის მართლაც ძნელია, ვისაც არ უნახავს ტანკის მუხლუხებზე მიწაში აზელილი ადამიანის სხეულის ნაწილები, ვისაც არ უთხრია მიწა ნაჯახითა და წერაქვით რუსეთის გაყინულ ტრამალებში, ყველაფერ ამას იგი რეალობაში ვერ წარმოიდგენს და იმ ვეტერანებსაც ვერ გაუგებს. სწორედ აქედან გამომდინარეობს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების უსულგულო დამოკიდებულება იმ ომის ვეტერანებისა და სტალინის პიროვნებისადმი. სწორედ ჩვენდამი ასეთმა დამოკიდებულებამ აგვაღებინა საწერკალამი ხელში, რათა მიგვემართა საზოგადოებისთვის ამ წერილით. ნუთუ არ დადგა დრო, ბოლო მოეღოს დიდი სტალინის ძეგლების წინააღმდეგ ბრძოლას, მისი პიროვნების უსასრულო შეურაცხყოფას, დიდი სამამულო ომის ვეტერანების ლანძღვა-გინებას და შეურაცხყოფას? დასანანი და ქვეყნისთვის სირცხვილია, რომ ვეტერანებს დღეს ამ საკითხებზე საჯაროდ გვიხდება საუბარი. ბოლოს შევნიშნავთ, რომ ვეტერანების გაუქმებული პენსიით ქვეყანა ვერ აშენდება.

დასასრულ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხისადმი ასეთი ანომალიური დამოკიდებულება ვერც ქვეყანას, ვერც საზოგადოებას და ვერც ქვეყნის მმართველობას კარგს ვერაფერს მოუტანს და ვერც დიდებას შესძენს. არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ დამოკიდებულებას ვიმსახურებთ. ამ წერილს მხოლოდ ერთი სიტყვით დავამთავრებთ: გრცხვენოდეთ!

შოთა ბუაძე,

თბილისის ომისა და შეიარაღებული ძალების კავშირის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი;

გიორგი ჯომარდიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.

 

P.S. მთავრობის გადაწყვეტილების ომის ვეტერანებისთვის ომში მონაწილეობის პენსიის გაუქმების შესახებ ის კეთილშობილი ადამიანი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ალბათ, საქმის კურსში არაა, თორემ ამას იგი არ დაუშვებდა და არც იტყოდა, რადგან 2012 წელს ვაკის პარკში საზეიმო შეხვედრაზე ვეტერანებთან მისალმებისას აღნიშნა, რომ იგი ვეტერანებთან ვალშია და მალე ამ შეცდომას გამოასწორებდა.

 

1 COMMENT

  1. რავქნათ ჩვენო ხანშიშესულო მებღძოლებო,Yველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის,მაგრამ თითსაც არანძრევენ თქვენს დასახმარებლათ რადგან არც მთავრობას და არც პარლამენტს თქვენი ტკივილი არ ტკივა,უბრალოთ თქვენ მათთვის არ არსებობთ,ისევე როგორც არარსებობს მათთვის 1941-45წ დიდი სამამულო,ასეა ეს და რასვიზამთ.
    პს. თუმცა რაგვიკვირს მათ გუშინდელი ომის ვეტერანებიც აღარ ახსოვთ იცით რადღეში არიან.

  2. რავქნათ ჩვენო ხანშიშესულო მებღძოლებო,Yველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის,მაგრამ თითსაც არანძრევენ თქვენს დასახმარებლათ რადგან არც მთავრობას და არც პარლამენტს თქვენი ტკივილი არ ტკივა,უბრალოთ თქვენ მათთვის არ არსებობთ,ისევე როგორც არარსებობს მათთვის 1941-45წ დიდი სამამულო,ასეა ეს და რასვიზამთ.
    პს. თუმცა რაგვიკვირს მათ გუშინდელი ომის ვეტერანებიც აღარ ახსოვთ იცით რადღეში არიან.

  3. მართლა უნდა რცხვენოდეთ დღევანდელ ხელისუფალთ დიდი სამამულო ომის ვეტერანების ასეთი სამარცხვინო შეფასებების შემდეგ. ნუთუ მართლა ასე ძნელია, რომ გამოინახოს რაიმე საშუალებები მათ დასახმარებლად ისინი ხომ ისედაც ასე ცოტანი დარჩნენ.

  4. გამსახურდიას დროს ვეტერანების ქუჩაში გავლა საშიშიიყო?! – ეგ ცილისწამება და დემაგოგიაა. ბაბუაჩემი დიდი სამამულო ომის ვეტერანი იყო და მშვენივრად გრძნობდა თავს ზვიადის პრეზიდენტობის დროს, ორდენები მისთვის არავის ჩამოუგლეჯია, პირიქით, ძალიან დიდი პატივით სარგებლობდა.

  5. ბატონო გიორგი სამამულო ომის ვეტარანებო ვისაც გსურთ ეს უსამართლობა აღმოვფხვრათ ვიბრძოლოთ სასამართლოთი ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება გავასაჩივროთ სასამართლოს საშუალებით დამიკავშირდით ადვოკატი ვარ სამართლიანობის აღსადგენად ერთად ვიბრძოლოთ მე პირადად არაფერი არ მინდა ისე დაგიდგებით გვერდში ერთად აღვადგინოთ სამართლიანობა კანონისმიერი საშუალებით

  6. მე ნამდვილად შევესწაი ზვიადის დროს მაშინ მათ არაფორმალებს ეძახდნენ და სწორედ რომ ჩამოაგლიჯეს
    შეურაწყოფაც მიაყენეს და კაცი აატირეს ვერ გაეგო რა
    ხდებოდა.არადა ვინ იყვნენ არაფორმალები,მხედრიონელები?გარეწრები!!! გვარდიას არაუშავდა იმათ მაინც ჯობდნენ.მაშინ
    სკოლის მოსწავლე ვიყავ მაგრამ ყველაფერი კარგად მახსოვს.
    მაგალითად უმეტესობას ვინც ცუდად იქცეოდა ცუდი წინაპრებ-
    იც ყავდათ,ნაძირალას შთამომავალი ნაძირალავე იქნება!
    ხალხი ნახირია,ჭრელა-ჭრულებზე ადვილად იყიდება.ბოლო 30-ი წლის მანძილზე ასე ხდება და მიტომაც არიან ამ დღეში.ბიძინამ არ იცისო?თავს იტყუებთ!კიდევ გჯერავთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here