Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის ფინანსები და ბერძენიშვილის რომანსები

სააკაშვილის ფინანსები და ბერძენიშვილის რომანსები

657

საბრალონი, დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი, ჰიუგო და დოსტოევსკი რომ იტყოდნენ; ან კიდევ, «ნაციონალებისთვის» გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, გაღლეტილნი, ჩარეცხილნი და მიჩმორებულნი. გამორიცხული არაა, რომ მათ, ვინც წაიკითხეს წერილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ სასამართლოს გაუგზავნა, ყველა ეს სიტყვა ერთდროულად გაახსენდათ.

 

«მას (დავით კეზერაშვილს) დაევალა, გამოეყენებინა მისი ნიჭი და კონტაქტები «ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის» ფინანსების მოზიდვაში. მთელი ამ წლების მანძილზე ის ფინანსების მოძიების კუთხით ცენტრალური ფიგურა იყო და პარტიის ერთერთ მნიშვნელოვან სტრატეგიკოსად რჩებოდა, _ წერს ჰალსტუხების მბრძანებელი ფრანგულ თემიდას, _ ის მონაწილეობდა პარტიის ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილების მიღებაში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. 2012 წელს, არჩევნებში დამარცხების შემდგომ, დაიწყო დევნა «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის», როგორც ახალი ოპოზიციური ძალის, და მისი დონორების წინააღმდეგ და მისი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. მაშინაც კი, როდესაც ახალმა მთავრობამ საქართველოში დარჩენა შეუძლებელი გახადა, მისი მნიშვნელობა პარტიისთვის კიდევ უფრო გაიზარდა. ის იყო ერთადერთი, რომელიც იცნობდა ნებისმიერი კამპანიის პოტენციურ დამფინანსებლებს და იყო ერთადერთი, რომლებსაც დონორები ენდობოდნენ». სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კეზერაშვილის პატიმრობაში დარჩენა «ნაცმოძრაობას» მძიმე დღეში ჩააგდებს და სთხოვს ფრანგულ სასამართლოს, მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება არ მიიღოს. იგივე თემა გაშლილია ყოფილი მმართველი პარტიის კოლექტიურ განცხადებაშიც: «კეზერაშვილის ამჟამინდელი პატიმრობა ნიშნავს «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური აქტივობების დაფინანსების მნიშვნელოვან შემცირებას».

ისე, საინტერესო პარტიაა «ნაციონალური მოძრაობა» _ ხელმძღვანელ რგოლში ირიცხება მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც პოტენციური  დონორები ენდობიან. შესაძლოა, უნდა ვივარაუდოთ, რომ დანარჩენ «ნაციონალებს» ხსენებული დონორები უიმედო აფერისტებად აღიქვამენ, რომლებთანაც სასაუბროდ წესიერი ადამიანი, უბრალოდ, არ დაჯდება. ალბათ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიდგომა «ამ ადამიანის გარდა არავის დაველაპარაკებით» უფრო დამახასიათებელია არა პატიოსანი ბიზნესმენებისთვის, არამედ  მაფიოზებისთვის და ტერორისტებისთვის, რამაც შეიძლება გარკვეული ეჭვები გააჩინოს. თუმცა, ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველა ბუნდოვან მომენტს ეჭვმიტანილთა სასარგებლოდ გავშიფრავთ და, აქედან გამომდინარე, დროებით ჩავთვლით, რომ «ნაცმოძრაობის» დონორები სავსებით კანონმორჩილი ადამიანები არიან და მართლაც უყურებენ კეზერაშვილს დაახლოებით ისე, როგორც XVIII საუკუნის მელომანები ნორჩ მოცარტს.

აქ სხვა რამ არის საინტერესო _ რატომ ახსენებენ ფულს საერთოდ? ხომ შეეძლოთ, უბრალოდ დაეწერათ, რომ კეზერაშვილი, მაგალითად, «გამოჩენილი დემოკრატი რეფორმატორია» და, ამავე დროს, სამხედრო საქმის ტიტანი, რომელმაც 2008-ში რუსებს სტალინგრადამდე სდია, სადაც ბატარეა დაუჯდა. ის, რომ «ნაცმოძრაობას» დაფინანსება შეეზღუდება, ფრანგული მართლმსაჯულების გადასახედიდან ვერ აღიქმება, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება (იყო ძველად ასეთი ფრაზა: «შერიფს ინდიელების პრობლემები არ ანაღვლებს»). მეტიც, აპელირებამ ამ თემის მიმართ შეიძლება ახალი უხერხული კითხვები გააჩინოს, სასამართლოში თუ არა, მასმედიაში (რაში მდგომარეობს კეზერაშვილის უნიკალური როლი? რა ფონდებზე და რომელ დონორებზე ვსაუბრობთ? და ა. შ.). შესაძლოა, «ნაციონალებმა» უბრალოდ ვერ გაიაზრეს ეს მომენტი ან კიდევ აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რადგან კეზერაშვილის იზოლაციამ მათ რეალური დარტყმა მიაყენა და პარტიული «შავი სალაროს», უხეშად რომ ვთქვათ, «ობშიაკის» ნაწილი მათთვის მიუწვდომელი გახადა.

ერთი შეხედვით, ეს არადამაჯერებელი ვერსიაა, რადგან მსგავს სიტუაციებში ხდება «ყულაბაზე» კონტროლის დუბლირება, შესაძლო მოულოდნელობების პრევენციით. თუმცა სააკაშვილის ჯგუფმა წარსულში არაერთი კოსმოსური მასშტაბის სისულელე ჩაიდინა და, ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ აქაც საბედისწერო შეცდომა დაუშვა. შესაძლოა, ეს საფინანსო კონსპიროლოგია უსაფუძვლოა და «ნაციონალებს», უბრალოდ, კეზერაშვილის ალაპარაკება აშინებთ, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს როგორც ახალი ხელისუფლების კონტროლის დამყარება მათ საიდუმლო ფონდებზე, ისე მთელი რიგი საბრალდებო დასკვნების დამძიმება, რომელსაც ყოფილ მაღალჩინოსნებს, სავარაუდოდ, არცთუ შორეულ მომავალში წარუდგენენ.

აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დავაფიქსიროთ, რომ «ნაცმოძრაობის» საიდუმლო ფონდების არსებობა და დავით კეზერაშვილის კავშირი მათთან მხოლოდ ვარაუდებზე დაფუძნებული ვერსიებია, რომელიც საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა. კეზერაშვილი და მისი თანამეინახეები უდანაშაულოებად ითვლებიან, ვიდრე სასამართლო საპირისპიროს არ დაადგენს. ისე კი, ერთი რამ ნამდვილად უნდა ითქვას:

«ნაციონალებს» ძალიან არ გაუმართლათ, რომ 2011-ში მათ ოპონენტებს  სათავეში ჩაუდგა არა გენერალი ან (სიტყვაზე) ბალეტის მოცეკვავე, არამედ მილიარდერი, რომელსაც ფულის მნიშვნელობა და როლი ძალიან კარგად ესმის. არსებობს ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე (ზოგიერთი ვერსიის თანახმად, პოლიტიკაში მოსვლამდე) ბიძინა ივანიშვილმა დასვა სპეციალისტები და დაავალა, შესწავლათ, თუ როგორ ხდება «ნაციონალების» პარტიული «ყულაბის» შევსება, საბიუჯეტო თანხების გათეთრება, შესაბამისი საიდუმლო ფონდების ფორმირება და . . მათ მიერ მომზადებული მოხსენებების დეტალები უცნობია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ეს სამუშაო ნამდვილად ჩატარდა.

შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს არ სურდა, პერუს ხელისუფლების შეცდომა გაემეორებინა, რომელმაც დააპატიმრა და, პროცედურების იდეალური დაცვით, გაასამართლა ქვეყნის ყოფილი მმართველი ალბერტო ფუხიმორი თავის თანამზრახველებთან ერთად, მაგრამ მოუმზადებლობისა და იურიდიული სირთულეების გამო, ვერ მისწვდა ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მიტაცებულ თანხებს (ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფომ ამ ფულის მხოლოდ 7-8%-ის დაბრუნება თუ მოახერხა). ამ ფულმა დიქტატორის მომხრეებს გადაჯგუფების შესაძლებლობა მისცა, მათ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომი გააჩაღეს და წლების განმავლობაში დესტაბილიზაციისა და ძველი რეჟიმის რესტავრაციის საფრთხეს ქმნიდნენ. 2011 წლის არჩევნებში დიქტატორის ქალიშვილს, კეიკო ფუხიმორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებამდე ხმების სულ რაღაც 3% დააკლდა. აქ, ალბათ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პერუ საქართველოზე ძლიერი და სტაბილური ქვეყანაა და უცხო სახელმწიფოები მის საქმეებში გაცილებით ფრთხილად ერევიან.

ძველი რეჟიმის რესტავრაციის თვალსაზრისით, საქართველოში იქნება თუ პერუში, ყველაზე საშიშ რესურსს წარმოადგენენ არა თავად ყოფილი მაღალჩინოსნები, მათი იაფფასიანი იდეები თუ ლოზუნგები ან წლების განმავლობაში მოპოვებული კომპრომატი, არამედ საეჭვო წარმოშობის უკონტროლო ფული, რომლის გამოყენება პროვოკაციისთვის, საბოტაჟისთვის ან თუნდაც ტერორისთვის შეუძლიათ (სააკაშვილის ჯგუფის წარსულის გათვალისწინებით, ალბათ, არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ამას ხელს არავითარ შემთხვევაში არ მოაწერენ). ამ ფაქტორის თუნდაც ნაწილობრივი ნეიტრალიზაცია ძველი დიქტატურის მომხრეთა პროპაგანდისტულ და პარტიულ ინფრასტრუქტურას უსერიოზულეს დარტყმას მიაყენებს და დესტაბილიზაციის საფრთხეს მინიმუმამდე დაიყვანს. რაც შეეხება ჩვეულებრივ პოლიტიკურ საქმიანობას «თეთრ ბუღალტერიაზე» დაყდნობით, ამას, ცხადია, ვერავინ აუკრძალავს როგორც საქართველოში, ისე პერუში.

მოკლედ, ამ სიტუაციაში მთავარია ფინანსური ბაზისი და არა პოლიტიკური ზედნაშენი და, შესაძლოა, სწორედ ამიტომ ასე შეწუხდნენ «ნაციონალები», როდესაც დავით კეზერაშვილს ექსტრადირება დაემუქრა. ინფორმაციას, რომელიც მან შეიძლება გამოძიებას მიაწოდოს, ძალიან დიდი ფასი აქვს. ბევრი რამ სააკაშვილმაც იცის, თუმცა მის დაკითხვამდე საქმე ჯერ არ მისულა და შეიძლება საერთოდაც არ მივიდეს, თუ ხელისუფლება იმ იდეებს დაეყრდნობა, რომელთაც ბოლო დროს ლევან ბერძენიშვილი ახმოვანებს.

სხვათა შორის, ყველას ვინც ესპანურს ფლობს, შეუძლია წაიკითხოს, რას წერდა პერუს პრესა ფუხიმორის პროცესის წინ. იქაც იყო დაახლოებით ასეთი ფრაზები: «ძია სემი გაგვიბრაზდება», «ლათინური ამერიკა ვერ გაგვიგებს», «მას მსოფლიოში მაინც წარმატებულ ნეოლიბერალ (თან ნეოკონსერვატორ)  რეფორმატორად იცნობენ» და ა. შ. საბოლოო ჯამში, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა _ ფუხიმორის დანაშაული დაუმტკიცდა, ის ციხეში ზის, აშშ და მთელი ლათინური ამერიკა მშვენივრად თანამშრომლობს პერუს ხელისუფლებასთან. პრობლემა ისაა, რომ პერუში მსგავს პროპაგანდას მხოლოდ ფუხიმორისტები მიმართავდნენ, საქართველოში კი ამას მმართველი კოალიციის წარმომადგენელიც აკეთებს. ნაწყვეტი ლევან ბერძენიშვილის ინტერვიუდან «ყველა სიახლეს»: «ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტონ, საქართველო უფრო მნიშვნელოვანია თუ მიხეილ სააკაშვილი? თუ სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიო ამას არ მოიწონებს. სამწუხაროდ, დღეს სააკაშვილის რეიტინგი საქართველოს რეიტინგზე მაღალია. ეჭვიც არ მეპარება, რომ, თუ გამოძიება დაიწყება, სააკაშვილის დანაშაული აუცილებლად გამოიკვეთება და ის დასაპატიმრებელი აღმოჩნდება, მაგრამ უღირს კი ეს ქვეყანას, რომელიც ასეთი არჩევანის წინაშეა: ევროკავშირი თუ მიხეილ სააკაშვილზე შურისძიება?».

აქ განსახილველი, პრინციპში, არაფერია; XXI საუკუნის პოლიტიკოსი, რომელიც ასე ღიად უარყოფს კანონის უზენაესობის პრინციპს, დაახლოებით იგივეა, რაც ფილოლოგი, რომელიც ანბანს უარყოფს. თუ მან არ იცის, რომ მოქალაქის დაპატიმრება ხდება კანონის მოთხოვნებიდან და არა წარმოსახვითი რეიტინგიდან და (აგრეთვე, წარმოსახვითი) პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან ან (არარსებული) დილემებიდან გამომდინარე, ეს მისი პრობლემაა. ამასთანავე, ეს მმართველი კოალიციის პრობლემაცაა _ ის უნდა გაემიჯნოს მსგავს განცხადებებს ან დაადასტუროს, რომ ამ (არსებითად ანტიკონსტიტუციურ) მიდგომას იზიარებს. მაგრამ წამით დავუშვათ, რომ ჩვენ არა მეტ-ნაკლებად ნორმალურ სახელმწიფოში, არამედ სადღაც ურდოში ვცხოვრობთ და ადამიანებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ვიჭერთ ან არ ვიჭერთ, როგორც ლევან ბერძენიშვილი გვთავაზობს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება, ალბათ, გამოიყენებს ყველა საშუალებას იმ საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც ყოფილ დიქტატორსა და მის გეგმებს უკავშირდება (მისი მეუღლის ინტერვიუს თანახმად, რომელიც ჰოლანდიურ პრესას მისცა, სააკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტის დაკავებაზე ფიქრობს).

საინტერესოა, აცნობიერებს თუ არა ბერძენიშვილი, რაოდენ დრამატულად შეიძლება დასრულდეს სააკაშვილისთვის თამაში კანონის ჩარჩოებს მიღმა, თუ ახალი ხელისუფლება და ყოფილი ბელადის რადიკალური ოპონენტები მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იხელმძღვანელებენ? ცნობილი სცენა «მიმინოდან» _ «დაეწია და უნიტაზში თავი რამდენიმეჯერ ჩააყოფინა» _ განხილულ კონტექსტში ყველაზე მსუბუქი ვარიანტია. ამ ჰიპოთეტურ სიტუაციაში, «მიზანშეწონილობიდან გამომდინარე», ყოფილ მაღალჩინოსნებს, სავარაუდოდ, ელექტროხელსაწყოების გამოყენებით და არა ადვოკატების თანდასწრებით დაკითხავენ. მოეწონება თუ არა ლევან ბერძენიშვილს ისეთი საქართველო, რომელშიც ტაქტიკური პოლიტიკური გათვლები დომინანტური გახდება (და არა კანონი)? იმედია, არ მოეწონება. ასე რომ, ალბათ, უკეთესი იქნება, თავი დავანებოთ უაზრო და უპასუხისმგებლო თამაშს კანონის უზენაესობის პრინციპთან და ვიცხოვროთ არა ურდოში, არამედ სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც, სხვა ყველაფერთან ერთად, უკლებლივ ყველა დამნაშავე ისჯება.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. ასაკიტ პატარა აგარ ვარ,და ამდენი ცლებია უსმენ,ბატონ ლევანს უდაოდ განატლებული ადამიანია,მაგრამ დიდი ცონის პოლიტიკოსი ნამდვილად არ არის/ეს ცჰემი აზრია/ დზალიან გული მცკდება,რომ სამსჰობლოს სიკვარულსჰიც სუსტი გამოდგა,ტუმცა მისცა უფალმა იმის სასჰუალება რომ მეტი გაეკეტებინა .ნამდვილი კოფილი დისიდენტები დგესაც ცუდ დგესჰი არიან.პარლამენტსჰი კი არა ცამლის ფული არა აკვტ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here