როგორც ვთქვით, კომპოზიტორი ტიხონ ხრენიკოვი სტალინმა სტალინური პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის გენერალურ მდივნად და ამ კომიტეტის მუსიკალური სექციის თავმჯდომარედ დანიშნა. ხრენიკოვის მოგონებებით თუ ვიმსჯელებთ, ღირსეული კანდიდატის შერჩევა პრემიაზე წარსადგენად ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, თავისუფალ, მაგრამ პრინციპულ გარემოსა და პროფესიულ დონეზე. ყველაზე დიდი ავტორიტეტი განხილვების დროს მართალი სიტყვა და მიუკერძოებელი არგუმენტები იყო.
უდიდესი შთაბეჭდილება ტიხონ ხრენიკოვზე მოუხდენია სტალინის კომპეტენტურობას: «…მან იცოდა ყველაფერი, რაც განიხილებოდა. კანდიდატურები წარმოდგენილი იყო არამარტო ლიტერატურასა და ხელოვნებაში, არამედ მეცნიერებაშიც.
მახსენდება წიგნის განხილვა ისტორიის საკითხებზე, რომელიც სტალინური პრემიის მისაღებად აკადემიკოსმა გრეკოვმა წარმოადგინა. იგი მაშინ სათავეში ედგა საბჭოთა ისტორიულ სკოლას.
სტალინი ეკითხება:
_ ამხანაგო გრეკოვ, თქვენ წაიკითხეთ ეს წიგნი?
გრეკოვი გაწითლდა, ოფლმა დაასხა:
_ არა, ამხანაგო სტალინ, სამწუხაროდ, არ წამიკითხავს.
სტალინი:
_ მე კი, სამწუხაროდ, წავიკითხე ეს წიგნი.
და დაიწყო დაწვრილებით, კონკრეტულად და ფრიად დამარწმუნებლად მისი გაანალიზება, ზეპირად იმოწმებდა ციტატებს ამ წიგნიდან, ჩამოთვლიდა ისტორიული ფაქტების დამახინჯების შემთხვევებს, რომლებიც დაშვებული იყო ამ ნაშრომში. ჭაღარა აკადემიკოსი სირცხვილისგან მთლად სველი იდგა. შემეშინდა, სისხლი არ ჩაქცეოდა» (ვ. კოჟემიაკო, «მის სიმღერებს მთელი ქვეყანა მღერის», www.sovross.ru).
სტალინი პატივს სცემდა პროფესიონალების აზრს, ნებისმიერი დარგის პროფესიონალებს _ მწერლებს, რეჟისორებს, მუსიკოსებს. აი, ერთი პატარა ისტორია, რომელიც ამ დასკვნის შესანიშნავი ილუსტრაციაა.
სტალინურ პრემიაზე წარდგენილი იყო ერთი სიმფონიის ავტორი, კომპოზიტორი გოლუბევი, რომელსაც მხარს უჭერდა ანდრეი ჟდანოვი (ცკ მდივანი, პოლიტბიუროს წევრი). კომისიის წევრებმა იცოდნენ, ვისი პროტეჟეც იყო გოლუბევი და ყველამ მხარი დაუჭირა. როცა მომავალი ლაურეატების გამზადებული სიები სტალინს მიუტანეს, მან იკითხა:
_ გოლუბევი… სიმფონია… მომხრეა ყველა, წინააღმდეგი _ ერთი. ვინაა ის ერთი?
_ შოსტაკოვიჩი, ამხანაგო სტალინ.
_ ამხანაგი შოსტაკოვიჩი მუსიკაში ჩვენზე უკეთ ერკვევა, _ თქვა სტალინმა და ამოშალა გოლუბევი ლაურეატთა სიიდან» (თ. ჩუევი, იმპერიის ჯარისკაცები, 1998, გვ. 532).
როგორი ხელმძღვანელი იყო სტალინი
ნიკოლაი სტარიკოვის წიგნის მესამე თავი სწორედ ამ საკითხს ეძღვნება, თუმცა ავტორი შესავალ ნაწილშივე წერს, რომ ერთი წიგნიც არ ეყოფა იმ უმძიმეს გადაწყვეტილებათა შესახებ მონათხრობს, რომლებიც სტალინს თავის დროზე მიუღია. ავტორი გვპირდება, რომ შეჩერდება ძირითადზე და შეეცდება, გადმოგვცეს ის მთავარი თვისებები, რომლებიც სტალინს, როგორც ხელმძღვანელს ახასიათებდა, და როგორ ვლინდებოდა ეს თვისებები სხვადასხვა სიტუაციაში.
მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანი _ ასე ახასიათებს მას ყველა, ვისთანაც უმუშავია.
დავიწყოთ უმარტივესიდან. ავიაციის მთავარი მარშალი გოლოვანოვი წერს, რომ სტალინი საოცრად ყურადღებიანი მასპინძელი იყო. ყველას, ვინც მასთან სტუმრად მარტო მივიდოდა, მისაღებში ხვდებოდა და პალტოს გახდაში ეხმარებოდა, წასვლისას _ ჩაცმაში. მეო, _ ამბობს გოლოვანოვი, _ თავს ყოველთვის უხერხულად ვგრძნობდი და ამიტომ ვცდილობდი, მისვლისთანავე გამეხადა ფარაჯა და მომეხადა ქუდი. წასვლისას სწრაფად გავდიოდი ოთახიდან და ვიცვამდი, სანამ მასპინძელი ხელს შემაშველებდა (ა. გოლოვანოვი, შორეული ბომბდამშენი, 2007 წ., გვ. 120).
უფროსი თაობის მკითხველებს შეიძლება ახსოვთ, რომ გოლოვანოვის წიგნი 1960-იანი წლების ბოლოს საქართველოს ახალგაზრდულ პრესაში იბეჭდებოდა _ ორიგინალი «მოლოდიოჟ გრუზიაში», თარგმანი _ «ახალგაზრდა კომუნისტში», და ამ მიზეზითაც ამ გაზეთების პოპულარობა არნახულად გაიზარდა. «ახალგაზრდა კომუნისტის» ტირაჟმა, რომლის რედაქტორობის პატივი მაშინ მე მხვდა წილად, 252 ათას ეგზემპლიარს გადააჭარბა. გოლოვანოვი მაშინ თბილისში ჩამოვიდა, შეხვდა თავის ფრონტელ მეგობარს, ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და მეცნიერს დავით ჩხიკვიშვილს, რომელიც ბოლოს თსუ რექტორი იყო. გოლოვანოვთან საუბარი «ახკომში» გამოქვეყნდა.
ავიაციის მარშლის წიგნიდან ამონარიდებს უხვად იყენებს ნიკოლაი სტარიკოვი.
ერთ-ერთი ამბავი მათ შორის მოგვითხრობს სტალინზე, როგორც ყურადღებიან ხელმძღვანელზე.
«ომის დაწყების კვირაძალს სტალინმა სტრატეგიული ავიაციის (შორეული ბომბდამშენის) შექმნა გადაწყვიტა. მისი როლი მეორე მსოფლიო ომში ფრიად მნიშვნელოვანი იყო. ნებისმიერი საქმისთვის სტალინს ჰყავდა თავისი კაცი, რომელიც ამ საქმეს სხვაზე უკეთ იყო მორგებული. მან გადაწყვიტა, რომ «სტრატეგიული ავიაციის» პროექტი გოლოვანოვისთვის ჩაებარებინა, რომელიც იმ დროს აეროფლოტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. ასეთი ავიაცია ჰიტლერს არ ჰქონდა… რაც საშუალებას არ აძლევდა, დაებომბათ ქალაქები და საწარმოები შორ მანძილებზე.
მომავალი სამუშაოს დეტალები სტალინმა და გოლოვანოვმა ერთად განიხილეს. თავიდან უნდა შექმნილიყო ერთი საავიაციო პოლკი, შემდეგ კი სრული მოცულობით ამოქმედდებოდა «შორეული ბომბდამშენი». საუბრის ბოლოს საბჭოთა კავშირის მეთაური ეკითხება გოლოვანოვს:
_ ახლა კი ერთი რამ უნდა გკითხოთ: რა ხელფასს იღებთ?
_ სახკომსაბჭოს დადგენილებით, მე, როგორც აეროფლოტის შეფმფრინავს, განსაზღვრული მაქვს თვეში ოთხი ათასი რუბლი.
_ რამდენს იღებს საავიაციო პოლკის მეთაური? _ შეეკითხა სტალინი თავდაცვის სახალხო კომისარს, საბჭოთა კავშირის მარშალ ტიმოშენკოს. გაირკვა, რომ არმიაში ხელფასები ძალიან ჩამორჩება აეროფლოტისას. პოლკის მეთაური იღებს ათას ექვსას რუბლს. გოლოვანოვი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება:
_ ამხანაგო სტალინ, ფულს არასოდეს გამოვკიდებივარ და არ გამოვეკიდები. დადგენილია 1600 რუბლი, ავიღებ ამ ხელფასს.
…გოლოვანოვი არაფერს ითხოვს. სტალინი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. იგი არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ კომუნისტმა უნდა დაივიწყოს ყოველივე პირადული და იმუშაოს პარტიის ბრძანების თანახმად. სტალინისთვის გასაგებია, რომ, თუ ადამიანს სამჯერ შეუმცირებ ხელფასს, ვერ მოსთხოვ, ვერ დაარწმუნებ, იშრომოს ქვეყნის საკეთილდღეოდ. სტალინს სჭირდება შედეგი და არა იდეოლოგიური უბიწობა.
«_ თქვენ, როგორც პოლკის უფროსი, სახელმწიფოს ხარჯზე იქნებით, სახელმწიფო გასმევთ და გაჭმევთ, ჩაგაცვამთ და დაგახურავთ, გექნებათ სახელმწიფოს მოცემული ბინა. ამ ყველაფერთან ერთად, ეტყობა, მიზანშეწონილი იქნება, დაგიტოვოთ ხელფასი, რომელსაც ახლა იღებთ. რატომ უნდა ვაწყენინოთ ადამიანს, თუ იგი საპასუხისმგებლო, სერიოზულ სამუშაოზე მიდის? როგორ მოვიქცეთ, ამხანაგებო? _ მიმართა მან დამსწრეთ.
გაისმა ხმები: «სწორია, სწორია!»
_ კმაყოფილი ხართ? _ მკითხა.
_ რა თქმა უნდა, სავსებით კმაყოფილი ვარ, ამხანაგო სტალინ!» (გოლოვანოვი, შორეული ბომბდამშენი, 2007, გვ. 48-49).
სკეპტიკოსი დაიძაბება _ სტალინს სჭირდებოდა გოლოვანოვი, ამიტომაც შეუქმნა საქმიანობის საუკეთესო პირობები.
ასეა. სჭირდებოდა. მაგრამ, უწინარესად, სჭირდებოდა ქვეყანას უმძიმეს წლებში _ ომი იყო. ეს ერთი. მეორე _ ცოტა იცით დღევანდელი მაგალითი იმისა, რომ ქვეყნისთვის საჭირო ადამიანების სამუშაო პირობებზე კი არ ზრუნავდნენ რეფორმატორი ხელმძღვანელები, არამედ «ჩარეცხილების» რანგში აღაზევებდნენ?!
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მაგალითს შეგახსენებთ…
კეთილი და პატიოსანი, _ სჭირდებოდა და შეუქმნა პირობები. მაგრამ, თუ ხელმძღვანელს შინაგანი მოთხოვნა არა აქვს სიკეთის ქმნისა, «თუ ბუნებამც არ უშველა», იგი სხვისთვის მზრუნველი ვერა და ვერ იქნება.
ახლა მოისმინეთ სხვა მაგალითი, რომელშიც ეს წინაპირობა _ საჭიროა, სჭირდება _ გამორიცხულია, სიკეთე კი დანიშნულებისკენ გზას იკაფავს.
მარშლის მღვდელი მამა
ეს მართალი ამბავი სხვა წიგნიდანაა, რომელშიც თავმოყრილია თანამედროვეთა მოგონებები სტალინზე, ეპოქის დოკუმენტები, ისტორიკოსების ვერსიები, ესაა ევგენი გუსლიაროვის ნაშრომი «სტალინი ცხოვრებაში».
«ერთხელ ალექსანდრე მიხეილის ძემ (ვასილიევსკი, სსრკ მარშალი, ცნობილი სამხედრო მოღვაწე) ილაპარაკა სტალინთან გამართულ საუბარზე. ფრონტზე არსებული მდგომარეობის საქმიანი განხილვის შემდეგ (1943 წელია) იოსებ ბესარიონის ძემ სთხოვა, დაყოვნებულიყო და უცებ ჰკითხა:
_ მატერიალურად როგორ ეხმარებით მშობლებს? როგორც ვიცი, _ განაგრძო სტალინმა, _ თქვენი ერთი ძმა ექიმია, მეორე _ აგრონომი, მესამე _ მეთაური, მფრინავი, და თქვენც უნდა დახმარებოდით მშობლებს. მაშინ თქვენი ხანდაზმული მამა მთლიანად ეკლესიაზე არ იქნებოდა დამოკიდებული (ვასილევსკის მამა მღვდელი იყო).
ალექსანდრე მიხეილის ძემ გულახდილად უთხრა სტალინს, რომ, დიდი ხანია, _ 1926 წლიდან _ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა თავის მღვდელ მამასთან.
_ ესე იგი მღვდელთან საქმე არა გაქვთ?! _ ეშმაკურად შენიშნა სტალინმა, _ მაშ, ჩემთან როგორღა თანამშრომლობთ?! მე ხომ სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი და მღვდლობასაც ვაპირებდი.
_ თქვენ, ამხანაგო სტალინ, უმაღლესი მთავარსარდალი ხართ, _ უპასუხა ვასილევსკიმ.
სტალინმა უკვე სერიოზულად თქვა:
_ აი, რა: გირჩევთ დაამყაროთ კავშირი მშობლებთან და სისტემატურად დაეხმაროთ მატერიალურად. ჩადით მათთან. რამდენიმე დღე გეყოფათ?
ვასილევსკის შეპასუხებაზე, რომ ომია და გამგზავრება შეუძლებელია, სტალინმა მშვიდად წარმოთქვა:
_ რამდენიმე დღით ჩვენ შეგცვლით.
მშობლები რომ მოინახულა, ალექსანდრე მიხეილის ძემ შეიტყო _ მამამისი მიხეილ ალექსანდრეს ძე რეგულარულად იღებდა ფულად გზავნილებს, დარწმუნებული იყო, რომ ამას მარშალი შვილი აკეთებდა და არა მისი სხვა ვაჟიშვილები, რადგან თანხა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ვინ აგზავნიდა ამ ფულს, ამოუცნობი გახდა თვით ალექსანდრე მიხეილის ძისთვისაც და მხოლოდ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გაირკვა ყველაფერი: მღვდელს ფულს რეგულარულად სტალინი უგზავნიდა.
საუბარი ვასილევსკიმ ასე დაასრულა. მოსკოვში ჩამოსვლისთანავე მან დაუყოვნებლივ მოახსენა სტალინს, რომ აღადგინა კავშირი საკუთარ მამასთან.
_ სწორად მოქცეულხართ, _ უპასუხა სტალინმა.
შემდეგ იოსებ ბესარიონის ძემ სეიფიდან ამოიღო საფოსტო გზავნილების ქვითრების შეკვრა, გადასცა ვასილევსკის და უთხრა:
_ ამიერიდან დიდხანს ვერ გამისწორდებით! (დასახელებული კრებული, გვ.გვ. 487-488).
საინტერესოა ასეთი ფაქტიც:
«მფრინავი ბორის კოვზანი დიდი სამამულო ომის უნიკალური გმირი იყო. მან ოთხი ტარანი მოახდინა _ პირისპირ შეეჯახა მოწინააღმდეგეს და ცოცხალი გადარჩა. გმირის ოქროს ვარსკვლავი რომ გადასცეს, სტალინმა თავისთან გამოიძახა და ყველაფერი გამოჰკითხა. დაინტერესდა, რის გაკეთებას აპირებდა გმირი მფრინავი.
_ დავბრუნდები ჩემს ნაწილში და ბრძოლას გავაგრძელებ, _ უპასუხა დაჭრილ-დაჩეხილმა ავიაგამანადგურებელმა.
_ ვფიქრობ, რომ თქვენ საკმარისად იომეთ, _ თქვა სტალინმა, _ აი, ცოტა რომ ისწავლოთ, არ გაწყენთ, მაგალითად, აკადემიაში.
_ ვერ გავქაჩავ, ამხანაგო სტალინ, _ პატიოსნად აღიარა კოვზანმა.
_ თქვენც აიღეთ და სიტყვა მომეცით, რომ ისწავლით.
_ გპირდებით, ამხანაგო სტალინ.
_ შინ როგორ გაქვთ საქმეები?
_ ეს-ესაა ბიჭი შეგვეძინა.
_ გილოცავთ! ქვეყანას სჭირდება ადამიანები.
მფრინავი ეზოში რომ გავიდა, მანქანა დახვდა, უკანა სავარძელზე დიდი კოლოფი აღმოაჩინა, რომელშიც ახალშობილისთვის საჭირო ნივთები ელაგა…
კოვზანი თავის ნაწილში დაბრუნდა. გამოიძახა ზემდგომმა გენერალმა:
_ ახლა რა უნდა ვქნათ?
_ ვიმსახუროთ, _ უპასუხა მფრინავმა.
_ რა სიტყვა მიეცით ამხანაგ სტალინს? «ყველაფერი იცის», _ გაიფიქრა კოვზანმა. უნდოდა თუ არა, მაინც მოუწია აკადემიაში გამგზავრება. მისაღებ გამოცდებზე ვერც ერთ შეკითხვას ვერ უპასუხა და… მიიღეს აკადემიაში» (თ. ჩუევი, იმპერიის ჯარისკაცები, მოგონებანი, დოკუმენტები, გვ. გვ. 536-537).
რახან ძირითადი თემიდან გადავუხვიეთ, ნაკლებად ცნობილი ორიოდ ფაქტიც გავიხსენოთ.
არტილერიის სისტემების კონსტრუქტორი გრაბინი ახალი, 1942 წლის დადგომის კვირაძალს სტალინმა თავისთან მიიწვია.
_ თქვენმა ქვემეხმა გადაარჩინა რუსეთი. მითხარით, რა გნებავთ _ საბჭოთა კავშირის გმირობა თუ სტალინური პრემია?
_ ჩემთვის სულერთია, ამხანაგო სტალინ.
მისცეს ერთიცა და მეორეც («სტალინი ცხოვრებაში», გვ. 449).
მოხდა ისე, რომ თვითმფრინავი «ტუ-2» წარმოებიდან მოხსნეს. შახურინი ითხოვდა, გაეგრძელებინათ ამ თვითმფრინავის გამოშვება. სტალინმა უპასუხა, რომ ფრონტისთვის საჭირო იყო ავიაგამანადგურებლები და არა ბომბდამშენები «ტუ-2». ოციოდ დღის შემდეგ გაირკვა, რომ «ტუ» კარგი თვითმფრინავი იყო. სტალინი მიხვდა, რომ შეცდა, რომ აღსადგენია «ტუ-2»-ის წარმოება, და ეუბნება შახურინს: «რატომ არ მიჩივლეთ ცკ-ში?»
შახურინი წერს: «სტალინს ცკ-ში არავინ უჩიოდა» (თ. ჩუევის დასახელებული წიგნი, გვ. 533).
გენერალ-ლეიტენანტი ვ. რიაბოვი იხსენებდა, რომ «ომის დროს გენერალმა ერიომენკომ ორდენებით დააჯილდოვა იმ ფრონტის გაზეთის რედაქციის თანამშრომლები, რომელშიც მის ლექსებს ბეჭდავდნენ. სტალინმა ეს რომ გაიგო, ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ ორდენები.
ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მთელი ომის განმავლობაში» (იქვე, გვ. 311).
კვლავ ძირითად თემას დავუბრუნდეთ _ როგორი მეურნე იყო სტალინი, როგორ განკარგავდა იგი სახალხო სახსრებს? ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის ხელმძღვანელი აპარატის ოპტიმიზაცია, ევროკავშირს საკუთარ «ნოუ ჰაუდ» აქვს გაპიარებული.
მართალია? ვნახოთ.
და კიდევ: ეს საკითხი _ ხალხის ფულის ხარჯვის პრობლემა დღეს საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია თბილისის მერის მიერ 48 მილიონი ლარის მითვისების (რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული) ფონზე.
ომია. სტალინთან თათბირზე განიხილავენ დაზგათმშენებლობის სახალხო კომისარიატის მიერ სამხედრო ტექნიკის გამოშვების გაზრდის საკითხს. ამ დარგს ა. ი. ეფრემოვი ხელმძღვანელობდა… ეფრემოვი აცხადებს, რომ პროდუქციის გაზრდის შესაძლებლობა არის, მაგრამ ითხოვდა, დახმარებოდნენ რამდენიმე საკითხის გადაწყვეტაში. სხვათა შორის დაასახელა მთელ სახალხო კომისარიატში მმართველობის აპარატის გაზრდის საკითხი 800 კაცამდე. სტალინი ყურადღებით უსმენდა და, როცა ეფრემოვმა დაამთავრა, მივიდა მასთან და ჰკითხა:
_ მითხარით, გეთაყვა, გსმენიათ რამე ბუგროვის გვარის შესახებ?
_ არა, ამხანაგო სტალინ, ასეთი გვარი არ მსმენია, _ უპასუხა ეფრემოვმა.
_ მაშინ მე გეტყვით, _ პაუზის შემდეგ თქვა უმაღლესმა მთავარსარდალმა, _ ბუგროვი მთელ ვოლგაზე ცნობილი მეწისქვილე იყო. ყველა წისქვილი მას ეკუთვნოდა. ვოლგისპირეთში მხოლოდ მისი ფქვილი იყიდებოდა. მისი იყო გემებისა და ბარჟების უზარმაზარი ფლოტი. მისი საქონელბრუნვა მრავალი და მრავალი მილიონი ოქროს რუბლით განისაზღვრებოდა. უზარმაზარი მოგება ჰქონდა. როგორ ფიქრობთ, რა შტატი გააჩნდა ბუგროვს მთელი თავისი მეურნეობის გასაძღოლად?
ამ კითხვაზე, პასუხი, რა თქმა უნდა, არავის ჰქონდა. სტალინი ერთხანს ბოლთას სცემდა და ჩუმად ტენიდა ჩიბუხს, შემდეგ თქვა:
_ რახან არავინ იცით, მე გეტყვით. ბუგროვს ჰყავდა: საკუთარი თავი, მოურავი და ბუღალტერი, რომელსაც წელიწადში 25 ათას რუბლს უხდიდა. ამას გარდა ბუღალტერს ჰქონდა უფასო ბინა და ბუგროვის ცხენებით მგზავრობდა. ეტყობა, ბუღალტერი უღირდა ამ ფულად. ტყუილუბრალოდ მას ბუგროვი ამდენს არ გადაუხდიდა… აი, მთელი შტატი. ბუგროვი ხომ კაპიტალისტი იყო და შეეძლო, ალბათ, დიდი შტატი ჰყოლოდა. მაგრამ კაპიტალისტი ფულს ტყუილუბრალოდ არ დახარჯავს, თუ უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, თუმცა ფული მისი საკუთრებაა.
ცოტა ხნით გაჩუმდა, თითქოს ფიქრობდა და განაგრძო:
_ ჩვენ საკუთარი ფული არ გვაქვს, ხალხისაა და ამიტომ მათ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ, რადგან ვიცით, რომ ჩვენს ქონებას არ განვკარგავთ. ამიტომაც გთხოვთ, _ მიმართა სახალხო კომისარს, _ ამ პოზიციიდან გადახედეთ თქვენს წინადადებებს და ხელმოსაწერად წარმოგვიდგინეთ.
სტალინს შეეძლო ებრძანა, შეეძლო გაელანძღა. ამის ნაცვლად იგავი მოიშველია. ძალიან ხშირად იქცეოდა ასე. მშვიდად, უბრალოდ, ზოგჯერ ქარაგმულად ცდილობდა, ადამიანებისთვის აეხსნა თავისი პოზიცია, საკითხები, რომლებშიც ვერ ერკვეოდნენ.
P.S. სტალინი იგავს მოუყვა სახალხო კომისარს. მიაქციეთ ამას ყურადღება, ჩვენი გაზეთის მკითხველებო. დამეთანხმებით, რომ სტალინის სტილი თუ მეთოდი _ აეხსნა ადამიანებისთვის ის, რაც მათ ამა თუ იმ მიზეზით არ იცოდნენ, ბიბლიიდან მოდის, ახალი აღქმიდან, ცოდნის იმ წყაროდან, რომელსაც კომუნისტების ბელადი თავის ყმაწვილობაში დაეწაფა და ჭეშმარიტებას ეზიარა.
ეზიარა და შეივსო მისით გონება და რწმენა თვისი. ამიტომ «…პირველად სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს» (მარკ. 13,10).
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე
სტალინი რომ მე-20 საუკუნის ერთერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო, ამაზე ადრეც და ახლაც დასავლეთში და ჩვენთანც ხომ ძალიან ბევრი დაიწერა. მარტო ისეთი ცნობილი პიროვნებების აღტაცებული გამონათქვამებია საკმარისი, როგორიც იყვნენ ჩერჩილი, რუზველტი, დეგოლი, იდენი, მონტგომერი, ჰიტლერი, რიბენტროპი, ჩან კაიში, ჩარლზ ჩაპლინი და სხვა. ის მოღვაწეობდა იმ პერიოდში, როდესაც ამერიკაში რასიზმი, ევროპაში ფაშიზმი და ინდოჩინეთში ფაქტიურად კანიბალიზმი იყო გავრცელებული. აფრიკის ქვეყნებში ზანგებს და ფერადკანიანებს საერთოდ ადამიანებად არ თვლიდნენ. ის იყო უდიდესი, მრავალეროვანი და იდეოლოგიურად ახალი და სრულიად განსხვავებული სახელმწიფოს მეთაური. მის წინააღმდეგ ებრაული მაფია 1924 წლიდან 1936 წლამდე ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ მაინც 12 წელიწადი ეფერა, მაგრამ მათ ეს ვერ არ იკმარეს და მე-5 კოლონა შექმნეს. ამიტომ იყო, რომ შემდგომ პირწმინდად გაანადგურა (ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი, ტროცკი). აბა როდის იყო ასეთი იმპერიის მმართველი ჰუმანური და კეთილშობილი ყოფილიყო. ხომ ხედავთ დღევანდელ მთავრობას ნაცისტები ყავს ოპოზიციაში და რას უშვებიან, თუ ქირურგიულად არ ჩაერია ვინმე. ალბათ ეს ვინმე ხალხი იქნება, რომლებიც მათ ლინჩის წესით გაასამართლებენ.
ყველა დროის უდიდესი წინამძღოლი,მისაბაძი ლიდერი,ხალხის
მამა.შურით საკებოდნენ,სკედბიან და გასკდებიან,იმიტომ რომ
მის ნაირი ვერასოდეს გახდებიან.
მოგესალმებით,
სამაგისტრო ნაშრომს ვწერ სტალინზე.. გამოკითხვას ვატარებ იმ ადამიანებში, ვისაც მოსწონს სტალინი.. თუ დრო გაქვთ და წინააღმდეგი არ ხართ იქნებ რამდენიმე კითხვაზე თქვენც მიპასუხოთ, ძალიან მადლობელი დაგრჩებით.