ჩერჩილმა მას «კულინარიის მოცარტი» უწოდა, რუზველტმა კი ღიმილით დაუმატა: «კულინარიის პაგანინიცო»
დიდი ხანია, მარადისობაში განიფანტა წინა საუკუნის 30-40-იანი წლები, მაგრამ არ ცხრება ჩვენი ინტერესი! რას ვიზამთ, ამჟამინდელი ქონდრისკაცების დროისგან განსხვავებით, ის ჰეროიკული, რომანტიკული, ტრაგიკული და იდუმალებით მოცული ტიტანების ეპოქა კიდევ ბევრი მომდევნო თაობის ვნებათაღელვას გამოიწვევს! რაოდენ საამაყოა, რომ იმ ეპოქის უპირობო ლიდერად ითვლება (რასაც მისი ღირსეული მოწინააღმდეგეებიც ერთხმად აღიარებდნენ) ჩვენი თანამემამულე _ იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ჯუღაშვილი).
თუმცა ეს ეპოქა გაცილებით საინტერესო ხდება აღქმისთვის, როცა მას უყურებ იმ უბრალო ადამიანთა ბედის მაგალითზე, რომლებიც, გარკვეულ მიზეზთა გამო, იმ ბუმბერაზების გვერდით იდგნენ, რომლებიც ისტორიის ჩარხის ბრუნვას (ვითარების მიხედვით) ხან ანელებდნენ, ხან აჩქარებდნენ! ასეთია, ჩემი აზრით, ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე არსენის ძე რთველაძის ბედი, მისი ცხოვრება გადაეჯაჭვა არამხოლოდ საქართველოს ისტორიას, არამედ ოდესღაც უდიდესი მშრომელთა იმპერიის _ საბჭოთა კავშირის ბედსაც!
ალექსანდრე რთველაძემ ცხოვრების გრძელი გზა განვლო. იგი თავის 90-ე გაზაფხულს მოესწრო. ბატონი ალექსანდრე ყველაზე უწყინარ და «გემრიელ» პროფესიას ფლობდა _ მზარეული გახლდათ. დიდი ამბავიო, იტყვის მავანი, ახლა, ქვა რომ ააგდო, მზარეულს მოხვდებაო. უამრავი ფაბრიკა-ქარხანა დაინგრა, სამაგიეროდ, არანაკლები რესტორანი აშენდა დამოუკიდებელ საქარველოში და, მაშასადამე, მზარეული ათასობითაა. მაგრამ რთველაძემ კულინარიულ ხელოვნებაში ისეთ მწვერვალს მიაღწია, როგორც, მაგალითად, მაჰათმა განდიმ პოლიტიკაში! ეკლიანი გზის გავლა უბრალო სოფლელი ბიჭის მიერ თვით სტალინის პირად მზარეულამდე და ამავე დროს დარჩენა უბრალო, თავმდაბალ და მშობლიური მიწის ერთგულ ადამიანად შეეძლო მხოლოდ კეთილი გულისა და ნათელი გონების ადამიანს!
ამ საოცარ კაცზე მე მიამბო მკითხველისთვის კარგად ცნობილმა პიროვნებამ _ ლევან დოლიძემ. 50 წელზე მეტია, რაც ბატონი ლევანი ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს და თითქმის ამდენიმე დრო მიუძღვნა სამხედრო თემას:
_ ბედმა გამიღიმა, რომ მრავალი წელი ვმეგობრობდი ალექსანდრე რთველაძესთან, ვმეგობრობდი მის შვილებთან და მეტიც, ვმუშაობდი მასთან ერთად საქართველოს პარტიულ ორგანოებში; და მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გავიგე, რა საოცარი ცხოვრების გზა გაუვლია! სულ ახლახან ალექსანდრე რთველაძის რძლის _ თინა გრიგოლის ასულ ყუფრაძის წყალობით, რომელმაც თავაზიანად დამრთო ნება, გავცნობოდი მისი სახელოვანი მამამთილის პირად საქმეებს, მომეცა საშუალება, მეტ-ნაკლებად აღმედგინა ამ არაჩვეულებრივი პიროვნების ბიოგრაფია. როდესაც ვეცნობოდი ალექსანდრე რთველაძის საარქივო მასალებს, გაკვირვებული ვიყავი არამხოლოდ მისი პრაქტიკული სამსახურის «გეოგრაფიით», მისი საიდუმლო სპეცმივლინებებითაც! ესაა გასული საუკუნის ტფილისი, ჭიათურის მანგანუმის მაღაროები, მოსკოვის ძალზე პრესტიჟული რესტორნები, ბაკურიანის, სოხუმის, გაგრის, თბილისის, კვლავ მოსკოვის სპეცობიექტები და ბოლოს _ კრემლი!
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ალექსანდრე რთველაძის ზესაიდუმლო მისია დიდი სამამულო ომის წლებში, როგორც სტალინის პირადი მზარეულისა. ბატონი ალექსანდრეს, ასე ვთქვათ, მხრებზე გადაიარა თეირანის კონფერენციის სადილებმა, როცა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების მეთაურები _ სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი. არანაკლები პასუხისმგებლობა მას, როგორც შეფმზარეულს, დაეკისრა «დიდი სამეულის» იალტის კონფერენციაზე; ხოლო დამარცხებულ გერმანიაში, კონკრეტულად, პოტსდამის სასახლეში ბატონი ალექსანდრე ხელმძღვანელობდა საბჭოთა კულინარების ჯგუფს. აქ შედგა სტალინის, აშშ–ის ახალი პრეზიდენტის _ ტრუმენისა და ჩერჩილის (რომელიც სულ მალე პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შეცვალა ახალმა და, პირდაპირ ვთქვათ, უღიმღამო პიროვნებამ _ ეტლიმ) მონაწილეობით მესამე საერთაშორისო კონფერენცია. როგორც მიყვებოდნენ ძველი ჩეკისტები, ჯერ კიდევ თეირანში რთველაძის მიერ მომზადებული კერძებით გაოცებულმა ჩერჩილმა, მას «კულინარიის მოცარტი» უწოდა, რუზველტმა კი ღიმილით დაუმატა: «კულინარიის პაგანინიცო».
ალექსანდრე რთველაძე თავისი მდიდარი ბიოგრაფიის ერთ-ერთ მონაკვეთში სააქციონერო საზოგადოება _ «საქართველოს მარგანეცში» მზარეულად მუშაობდა. სულ მალე ყველა ალაპარაკდა ახალგაზრდა რაჭველის კულინარულ ოსტატობაზე. აქ მოხდა საინტერესო შემთხვევა. ა. რთველაძის კერძები იმდენად მოეწონა მაშინდელ ამერიკელ აქციონერს (მომავალ მილიარდერს) ავერელ ჰარიმანს, რომ ეს უკანასკნელი ეხვენებოდა ალექსანდრეს წაჰყოლოდა მას ამერიკაში მის პირად მზარეულად. მაგ დროისათვის (1922 წლიდან) ალექსანდრე დაქორწინებული იყო ულამაზეს ქართველ ქალზე, ნინო გრიგოლის ასულ ყავლაშვილზე და არსად წასვლას არ აპირებდა».
ჩემს არქივში შენახულია, ინგლისურიდან თარგმნილი ა. რთველაძის სასამსახურებრივი დახასიათება: «მაქვს პატივი, რეკომენდაცია გავუწიო ალექსანდრე რთველაძეს, რომელიც მუშაობდა სააქციო საზოგადოება «საქართველოს მარგანეცში» უფროს მზარეულად. ჩვენთან მუშაობისას იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას და ყველა ურთიერთობაში იყო პატიოსანი». ამ დახასიათებას ხელს აწერდა ამ სააქციო საზოგადოების მთავარი ინჟინერი დ. მ. ვეერი. დოკუმენტი დათარიღებულია 1926 წლით. ბედმა ისე განკარგა, რომ ომის წლებში ალექსანდრე რთველაძე და ავერელ ჰარიმანი შეხვდნენ ერთმანეთს კრემლში, შემდეგ კი სამივე საერთაშორისო კონფერენციაზე _ თეირანში, იალტასა და პოსტამში. ავერელ ჰარიმანს (გახლდათ აშშ-ის ელჩი საბჭოთა კავშირში 1943-46 წწ.) გაუხარდა თავისი ყოფილი თანამშრომლის ნახვა და ეს ცნობილი გახდა «დიდი სამეულისთვის».
ლენინგრადში, კულინარიის უმაღლეს კურსებზე, ალექსანდრე რთველაძემ ბერიას რჩევით, შეისწავლა ფრანგული სამზარეულოც. სახლში დაბრუნებისთანავე რთველაძე ხდება ლავრენტი ბერიას პირადი მზარეული. ისინი თითქმის თანატოლები იყვნენ. ბერია რთველაძეზე სულ რაღაც ორიოდე თვით იყო უფროსი. რა თქმა უნდა, ალექსანდრე უკვე ირიცხებოდა საქართველოს შინსახკომის შტატში. ასეთი წესი იყო მაშინ; ხოლო რთველაძე მის გვერდით რომ ყოფილიყო, ბერიამ მას გამოუყო კარგი ბინა ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის შენობასთან, კერძოდ, სულხან-საბას #9-ში.
1938 წლის 22 აგვისტოს ლავრენტი ბერია გადაჰყავთ მოსკოვში, ჯერ სსრკ-ის შს სახალხო კომისრის მოადგილედ და იმავე წლის 25 ნოემბერს ამტკიცებენ საკავშირო შინსახკომის თავკაცად. სტალინმა ნება დართო ბერიას, წამოეყვანა მისთვის საჭირო ადამიანების გარკვეული რაოდენობა. ასე, 1939 წლის 1 სექტემბერს, ალექსანდრე რთველაძე აღმოჩნდა მოსკოვში და შეუდგა თავის პირდაპირ მოვალეობას საბჭოთა შინსახკომის სახალხო კომისარ ლ. ბერიასთან, რომლის ოჯახი (მეუღლე ნინო თეიმურაზის ასული გეგეჭკორი და 15 წლის ვაჟი _ სერგო), სტალინის მოთხოვნით, უკვე მოსკოვში იმყოფებოდა, რთველაძის ოჯახი კი თბილისში დარჩა.
ბერიას საკმაოდ ხშირად სტუმრობდა სტალინი. მას მოსწონდა ნინო გეგეჭკორის მიერ მომზადებული ქართული კერძები. რამდენიმე ხნის შემდეგ სტალინის სამზარეულოში, ბერიას რეკომენდაციით, მუშაობა დაიწყო ალექსანდრე რთველაძემ. ასე დაიწყო ალექსანდრე რთველაძისთვის 14-წლიანი ცხოვრება კრემლში, სავსე ზრუნვით, განსაკუთრებული მოვალეობებით და უმაღლესი პასუხისმგებლობით. აქ ბატონმა ალექსანდრემ იმუშავა 1953 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, სანამ ოფიციალურად არ გაათავისუფლეს შტატების შემცირების მიზეზით. ბევრი ჯილდო და მადლობა მიიღო ამ დროის განმავლობაში კულინარიის ჯადოქარმა.
ზუთხი «ბებერი მელასთვის”
«სტალინი არ იყო აზიზი მჭამელი. ჭამდა ძალზე ცოტას, ნელა. ასეთი იყო კრემლის ყველა მობინადრის ცხოვრების წესი. მისი საყვარელი კერძებიდან დავასახელებ მწვადს ციკნის ხორცისგან; ძალიან მოსწონდა ქართული სამზარეულო» _ იხსენებს ალექსანდრე რთველაძე _ როდესაც 1943 წლის ნოემბერში თეირანის კონფერენციაზე ჩვენმა ჩესიკტებმა გაიგეს, რომ ჩერჩილი გიჟდება მოხარშულ ზუთხზეო, მომცეს დავალება მისი მთლიანად მოხარშვისა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დაბადების დღისთვის. მოვიფიქრე, როგორ მომეხარშა ზუთხი. ამაზე მოვახსენე ძია საშას და მან სიხარულისგან გადამკოცნა. ბაქოდან ჩეკისტებმა სასწრაფოდ მოიტანეს ორი მეტრნახევრიანი თევზი. ბაქოშივე დაამზადეს უზარმაზარი როფი, რომელიც დოლბანდის გორგალით მე გადმომცეს. ჩვენი საელჩოს სამეურნეო ეზოში კოცონი დავანთეთ, ადუღებულ წყალში ჩავუშვით დოლბანდში გახვეული ზუთხი, როგორც კი მივეცი ნიშანი, ეგნატაშვილმა მარტო, რადგან არავის არ ანდო ეს საქმე, ნელ–ნელა დაიწყო ზუთხის ამოწევა; აი, ძალა მას ჰქონდა! ახალგაზრდობაში ალექსანდრე ეგნატაშვილი მოჭიდავე გახლდათ. ზუთხი მოვათავსეთ უზარმაზარ სინზე, რომელიც სპეციალურად ჩამოიტანეს ლენინგრადის ერმიტაჟიდან. სინი საზეიმოდ შეიტანეს საბანკეტო დარბაზში და იუბილარის წინ დადეს. ჩერჩილის აღტაცებას ბოლო არ უჩანდა!».
საცივი ნანადირევისგან სტალინისთვის
ბატონმა ალექსანდრემ იცოდა, რომ სტალინს უყვარდა საცივი და სპეციალურად ბელადისთვის შექმნა საცივი ნანადირევისგან, ნებისმიერი ნანადირევისგან და არა მხოლოდ ქათმისგან ან ინდაურისგან. ჩემი თხოვნით მან მიკარნახა მაგ საცივის რეცეპტი, რომელიც სიტყვასიტყვით ჩავიწერე ჩემს ბლოკნოტში: ვიღებთ ნანადირევის ხორცს 800 გრ მწვანილის კონას, დაფნის ფოთოლს, მომცრო ხახვის თავს, მიხაკ-დარიჩინის 2 მარცვალს, ნიორის 2 კბილს და სულ ცოტა მარილს. მომზადებულ ნანადირევს ვდებთ ცივ წყალში მწვანილთან ერთად და ვხარშავთ ხორცს. შემდეგ ხორცს პორციებად ვჭრით და მოვასხამთ სოუსს. ახლა მთავარზე, კერძოდ, სოუსის მომზადებაზე: ვიღებთ 50 გრ კარაქს, 150 გრ ნიგოზს, 125 გრ ხახვს, ერთ სუფრის კოვზ ფქვილს, ერთ კვერცხის გულს, ნიორის 2 კბილს, 50 გრ ძმარს და დანის წვერზე დაფქვილ მიხაკ-დარიჩინს, ნახევარ ჩაის კოვზ დაფქვილ წითელ წიწაკას, დაფნის პატარა ფოთოლს, ცოტა ბულიონს, 0,1 გრ ზაფრანას, 1 კონა ოხრახუშს და ერთ ჩაის კოვზს მარილს. ხახვი და ნიორი წვრილად უნდა დავჭრათ და ოდნავ მოვთუშოთ კარაქში. შემდეგ დავამატოთ ფქვილი და მოვურიოთ. მორევის დროს ნელ-ნელა ჩავასხათ ბულიონი. როგორც კი ადუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. დანაყილი ნიგოზს დავუმატოთ სუნელები, წვრილად დაჭრილი ახალი მწვანილი, წითელი წიწაკა, კვერცხის გული, ანადუღარი ძმარი და სხვა კომპონენტები. შემდეგ, უწყვეტლივ მორევის დროს ჩავდოთ ეს ცივ წყალიან ჯამში და ვურიოთ მანამ, სანამ არ გაცივდება და არ გასქელდება. სტალინს ეს კერძი ძალიან მოსწონდა.
ჩაიწერა
გიორგი კორძაძემ