Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა ჩვენი სამშობლოს ოქროს ხანა იყო!

სტალინის ეპოქა ჩვენი სამშობლოს ოქროს ხანა იყო!

სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ დეპუტატები ლევან ბერძენიშვილი და თამარ კორძაია პარლამენტში განსახილველად ისეთი კანონპროექტის შეტანას აპირებენ, რომლის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქე 1000 (ათასი) ლარით დაჯარიმდება მხოლოდ იმიტომ, რომ საჯარო ადგილას განათავსა კომუნისტური სიმბოლიკაო, რატომღაც გამახსენა დიდი ილია ჭავჭავაძის ლექსი «ბედნიერი ერი».

 

მართალია, ეს გენიალური ნაწარმოები  XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი ერის კოლექტიურ პორტრეტს წარმოადგენს, მაგრამ, როგორც ყველაფერი გენიალური, ის ახლაც _ XXI საუკუნის დასაწყისშიც, უაღრესად აქტუალურია, რადგან ზუსტად წარმოაჩენს ჩვენი დროის ქართველების (რა თქმა უნდა, მისი უმეტესობის) სახეს: «…ყველა ყრუი, ყველა ცრუი, მცირედიდი _ ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი»… და, საერთოდ, ვისაც ჰქონდა «ბედნიერება», ამ ბოლო თვეების განმავლობაში ეხილა და მოესმინა სხვა «დემოკრატების» პათოლოგიური ზიზღით და ბინძური ჭორებით გაჯერებული გამოხდომები იოსებ სტალინისა და მისი ეპოქის წინააღმდეგ, დარწმუნდება, რომ ილია ჭავჭავაძემ სნაიპერული სიზუსტით მოახვედრა სამიზნეს _ ნეოლიბერალიზმს! ვესაუბრები საქართველოს დამსახურებულ ინჟინერს, ენერგეტიკისა და სამხედრო აკადემიების ნამდვილ წევრს, აკადემიკოსს, მწერალს, დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის ლაურეატს, სტალინური ეპოქის გამოჩენილ მკვლევარს, წიგნების: «სტალინი _ პერმანენტული გამარჯვების ღმერთი», «ვადასტურებ, ომის დასაწყისი გამოეპარათ ჟუკოვსა და ტიმოშენკოს» (რუსულ ენაზე); პიესების «მის ადგილს დაიკავებს სტალინი» და «დამარცხება შეუძლებელია», ავტორს _ გივი ბერძენიშვილს.

_ ბატონო გივი, თქვენ ხართ სტალინური ეპოქის მკვლევარი. წავიკითხე თქვენი ორი წიგნი და ვიტყვი, რომ ისინი გაჯერებულია დოკუმენტური მასალებით, ანუ თქვენი მსჯელობა ეყრდნობა საარქივო დოკუმენტებს, რაც ნებისმიერი მკვლევარისთვის აუცილებელია. თქვენი აზრით, თავის სატელევიზიო გამოსვლებში მოყვანილ ფაქტებს რით უმაგრებენ ზურგს ჩვენი შინნაზარდი ლიბერალები?

_ მხოლოდ და მხოლოდ «მწვანე» დოლარით! ანუ იმ გრანტებით, რომლითაც ბერძენიშვილების, კორძაიების, ბაქრაძეებისნაირი გავლენის აგენტებს უხვად ამარაგებენ დასავლეთის სპეცსამსახურები და სხვა შავბნელი ორგანიზაციები.

დავიწყებ იმით, რომ თავის უბადრუკ ტელეგამოსვლებში ისინი ძალიან ცდილობენ, დაარწმუნონ მაყურებელი, თითქოს სტალინი და კომუნისტები სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს, რომ სტალინის რეჟიმმა 40 მილიონი ადამიანი დახვრიტა და ეს ფაქტი უკვე დამტკიცებულიაო… უნდა აღინიშნოს ერთი უცნაურობა _ დახვრეტილების რაოდენობაზე «დემოკრატ» მკვლევარებს შორის არაა ერთსულოვნება; მაგალითად, ბანაკის დამსმენი, შემდგომში კი «დიდი» მწერალი და «დისიდენტი» ალექსანდრე სოლჟენიცინი ამტკიცებდა, რომ სტალინურმა რეპრესიებმა იმსხვერპლა 67 მილიონი ადამიანიო; ხოლო, ცრუ-ს აგენტმა, «საზოგადო მოღვაწემ», დოსტოევკის შემოქმედების მკვლევარმა (რომლის ანტიეროვნულმა ქმედებებმა თვალნათლივ დაადასტურა, რომ დოსტოევსკის  ვერაფერი გაუგო) იური კარიაკინმა პირში ჩალაგამოვლებული დატოვა «თვით» სოლჟენიცინი! მისი მტკიცებით, დაიხვრიტა, არც მეტი, არც ნაკლები, 100 (!) მილიონი ადამიანი, ანუ მაშინდელი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის (194 მლნ.) უმრავლესობა! ამ «მოაზროვნეებს» თუ დავუჯერებთ, რა გამოდის? _ გამოდის ის, რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას გამრავლების არავითარი შესაძლებლობა არ გააჩნდა! არადა, «ლიბერალ-დემოკრატების» მიერ «განახევრებულ» მოსახლეობას წინ უმძიმესი ომის გადატანა ელოდა. მაგრამ უმსხვერპლო ომი ბუნებაში რომ არ არსებობს? არადა, სსრკ-ის ხელოვნურად დანგრევის წინ, 80-ანი წლების ბოლოს, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 300 (!) მილიონს აღწევდა!

_ ბატონო გივი, კარიაკინთან და სოლჟენიცინთან შედარებით, «ჩვენი», თუ არ ვცდები, ლაშა ბაქრაძე მათზე ბევრად პატიოსანი აღმოჩნდა _ სულ 40 მილიონი დახვრიტესო

_ ვერც ბაქრაძის «ვერსიაა» მთლად სარწმუნო, რადგან მაგ შემთხვევაშიც, 1991 წლისთვის, საბჭოთა კავშირის მოსახლეობის რაოდენობას სამას მილიონამდე რომ მიეღწია, თითოეულ ოჯახში უნდა შობილიყო არანაკლებ 20 ბავშვი, რაც აბსურდია!.. კარგი, დავუშვათ (და ამ შემთხვევაში ისევ ბაქრაძის «მონაცემი» განვიხილოთ), 40 მილიონი ადამიანი კი არ დახვრიტეს, არამედ დაიჭირეს. ისმის კითხვა: ეს უზარმაზარი მასა სად უნდა მოეთავსებინა სტალინს?! იმდროინდელი მოსკოვის მოსახლეობა არ აღემატებოდა ორ მილიონს. გამოდის, რომ «სისხლისმსმელი დიქტატორი» იძულებული იქნებოდა, აეშენებინა, სულ ცოტა, ოცი მოსკოვის ხელა ბარაკიანი დასახლება, რაც იმხელა თანხას მოითხოვდა, რომ სტალინს ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაზე ხელი უნდა ჩაექნია! აღარაფერს ვამბობ ამ ხალხის კვებაზე, ჩაცმა-დახურვაზე და ა. შ.

_ ბატონო გივი, ამ სახის ინფორმაცია, ადამიანთა რა კატეგორიაზეა გათვლილი?

_ ჩემი აზრით, საინფორმაციო გადაცემების მაყურებლებზე, რომელთაც მიზანმიმართულად ძალზე უარყოფითი ინფორმაციის მიწოდებით საერთოდ დააკარგვინეს დამოუკიდებლად მსჯელობის უნარი, ლოგიკური აზროვნება; აი, თუნდაც დღეს «მაესტროს» საინფორმაციო გამოშვებამ მაყურებელს დილა «გაუთენა» ისნის რაიონში მომხდარი ხანძრით, რომელსაც ერთი ხანშიშესული ქალბატონი შეეწირა… «ლიბერალების» აბსურდი გათვლილია, აგრეთვე, ლათინოამერიკული და თურქული მდარე ხარისხის სერიალებით გონებაწართმეულ ინდივიდუმებზეც, უკულტურო, უმეცარ და ძალზე მიამიტ ადამიანებზე.

ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთანავე, ხრუშჩოვმა დაიწყო სტალინის «გაშავების» კამპანია. მისი მითითებით შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა გამოეძია, თუ რამდენი ადამიანი იყო რეპრესირებული 1921 წლიდან 1953 წლის ჩათვლით. კომისიამ საგულდაგულოდ იმუშავა და საიდუმლოდ მოახსენა ხრუშჩოვს: «საბჭოთა კავშირში 1921 წლიდან 1954 წლის 1 თებერვლამდე კონტრევოლუციური დანაშაულისთვის გასამართლდა 3 მილიონ 777 ათას 300 ადამიანი. მათგან დახვრეტა მიუსაჯეს 642 ათასს, რომელთაგან 300 ათასზე მეტს შეეცვალათ სიკვდილით დასჯის ზომა გადასახლებით». ამ ფრიად მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელს აწერენ საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი _ რუდენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი _ კრუგლოვი და იუსტიციის მინისტრი _ გორშინინი. სახარებიდან ცნობილია, არა არს დაფარული, რაც ცნობილი არ გახდებაო. ამ საიდუმლო საბუთმაც იხილა მზის შუქი და არაერთხელ გამოქვეყნდა პრესაში. მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველი «დემოკრატები» არათუ წიგნებს, გაზეთებსაც არ კითხულობენ… ვეკითხები მათ: სად არის აქ 40 მილიონი დახვრეტილი?! თუნდაც 1 მილიონი?! და, რაც მთავარია, მითი «სტალინური რეპრესიებზე» «მოიფიქრა» იოზეფ გებელსმა, ხოლო მისგან ეს «საპატიო» ესტაფერა გადაეცა ხრუშჩოვს; ამ უკანასკნელისგან კი _ ფაშისტურ, სიონისტურ, მასონურ ორგანიზაციებს და სულ ახლახან ე. წ. ლგბტ-საც!..

_ დღევანდელი ქართველი «ლიბერალები» თავიანთ გამოსვლებში სტალინს ადანაშაულებენ «ტოტალიტარული წყობის» ჩამოყალიბებაში.

_ კი, ბატონო, იყო: ტოტალური გარდაქმნა ქვეყნის ეკონომიკისა, ტოტალური აღმშენებლობა სოფლის მეურნეობისა, ტოტალური მშენებლობა მრეწველობისა და მძიმე ინდუსტრიისა, ქვეყნის თავდაცვისა! იყო ტოტალური გარდაქმნები განათლებაში, მეცნიერებაში, კულტურაში, კინოსა და თეატრალურ ხელოვნებაში  და ა.შ. იყო ტოტალური ძვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაში, რაც გამოიხატა ფასების ტოტალურ შემცირებაში კვების პროდუქტებსა და ფართო მოხმარების საქონელზე! შევახსენებ ბატონ «ლიბერალებს» კომუნალური გადასახადების სიმბოლურ ფასებზე, უფასო ბინებზე, უფასო ჯანდაცვაზე, უფასო განათლებაზე, უფასო დასვენება-მკურნალობაზე ქვეყნის საუკეთესო სანატორიუმებში! შევახსენებ მათ, ასევე, 7-საათიან სამუშაო დღეზე და 5-დღიან სამუშაო კვირაზე; და ეს მაშინ, როცა «აყვავებულ» კაპიტალისტურ სამყაროში სამუშაო დღე გრძელდებოდა 12-16 საათი, სადაც ადამიანები (განსაკუთრებით მუშები) მძიმე სამუშაო პირობებში იმყოფებოდნენ და მათ მცირე ანაზღაურება ჰქონდათ.

ახლა კი, ბერძენიშვილ-კორძაიას «დამოუკიდებელ და თავისუფალ» საქართველოში მიზერულ ანაზღაურებაზე ამუშავებენ მუშას და ინტელიგენტს, თავად კი ასტრონომიულ ხელფასებს (მუშისა და ინტელიგენტის ხელფასთან შედარებით) იღებენ და უფრო მეტ პრემიებს უწერენ საკუთარ თავს. მტკიცებულებები? _ რამდენსაც ინებებთ! «ნაციონალი» მინისტრების ხელფასი იყო 4 ათას ლარამდე, დამატებით ისინი ორ ამდენ პრემიას იწერდნენ. სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლების მოსვლამ ამ საკითხში უკეთესობისკენ ვერაფერი შეცვალა.  თავის კაბინეტში შესვლა ვერ მოასწრო «ოცნების» ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა ხადურმა, რომ თავის თავს 7080 ლარის ოდენობის პრემია გამოუწერა! ბატონმა ივანიშვილმა ეს თანხა იცოტავა და საკუთარი კაბინეტის წევრებს ხელფასი გაუორმაგა. მინისტრის დღევანდელი შრომის ანაზღაურება 7875 ლარია, რაც საარსებო მინიმუმს (146 ლარი) დაახლოებით 52-ჯერ აღემატება!

_ რა დამსახურებისთვის გაუზარდეს მინისტრებს ხელფასი?

_ ბათუმში ყოფნისას ბატონმა ივანიშვილმა ერთ-ერთ ბათუმელს თავისი ეს ნაბიჯი ასე აუხსნა: იმიტომ, რომ ქრთამი არ აიღონო… მე კი ასე ვეტყოდი ბატონ ბიძინას: თუ ადამიანი უპატიოსნოა, ხელფასი მილიონიც რომ დაუნიშნო, ქრთამს მაინც აიღებს! ბატონ ივანიშვილის ქმედებიდან ჩანს, რომ იგი ქართულ პლუტოკრატიას ამკვიდრებს, ანუ მმართველობის იმ ფორმას, როცა ხელისუფლების გადაწყვეტილებას განსაზღვრავს არა ხალხის, არამედ მდიდარი ადამიანების კასტის ნება-სურვილი.

განა ცინიზმი არაა იმავე ბატონ ხადურის ამასწინანდელი განცხადება: 2014-ში პენსიები აღარ გაიზრდება, რადგან ის წელს 150 ლარამდე გაიზარდაო?.. ან კიდევ, ცინიკურად არ ჟღერს ერთ-ერთი ვიცესპიკერის პასუხი: მძიმე სამუშაო გვაქვსო, როცა მას ჰკითხეს: დიდ ხელფასთან ამოდენა პრემია რა ამბავიაო? თურმე მინისტრებსა და პარლამენტარებს იმდენად მძიმე სამუშაო აქვთ, რომ მათი შრომის «სიმძიმე» 20-ჯერ და 30-ჯერ აღემატება ექიმის, მასწავლებლის, მეცნიერისა და მუშის შრომას! ნამდვილად სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!..

_ ბატონო გივი, თუ გაიხსენებთ, საბჭოთა კავშირში, რამდენს უხდიდნენ მინისტრს?

_ «ავადსახსენებელი» კომუნისტების ეპოქაში მინისტრის ხელფასი იყო 300-350 მანეთი. ამდენივეს იღებდა ათი წლის სტაჟის მქონე მასწავლებელი. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროს მუშის ჯამაგირი იყო 800 მანეთი; დამატებით, მას აძლევდნენ უფასოდ ბინას, ურიგოდ – მსუბუქ მანქანას, ჰქონდა უფასო სასადილოც! მეშახტის ანაზღაურება იყო 1500 მანეთი, პლუს მთელი რიგი პრივილეგიები. კომუნისტების დროს 500-გრამიანი ნატურალური ჭვავის პური ღირდა შვიდი კაპიკი, დღეს კი, ღმერთმა იცის, რა ფქვილისგან გამომცხვარი, 300-გრამიანი «ჭვავის» პურის საფასური ლარ-ნახევარია!

_ რამდენიმე დღის წინ «მე-2 არხზე» ყური მოვკარი მორიგი «დემოკრატის» გამოსვლას. იგი რაღაც ქაღალდს აფრიალებდა და ხალხმრავალ აუდიტორიას არწმუნებდა, თურმე სტალინისა და მოლოტოვის ბრძანებით 11 წლის ბავშვებს ხვრიტავდნენ, აგერ _ მათი ხელმოწერაცო. თქვენი კომენტარი?

_ ეს უკვე ზღვარგადასული სისაძაგლეა! უწიგნურობას თავი რომ დავანებოთ, ეს არის მიზანმიმართული უბინძურესი ცილისწამება უდიდესი ისტორიული პიროვნების მიმართ! ყველას უნდა გვახსოვდეს, ცილისწამებისთვის უფლის სამსჯავროზე უმკაცრეს პასუხს ვაგებთ! ამის მთქმელი იურიდიულ საკითხებშიც უმეცარია. ზნეობას თავი რომ დავანებოთ, სტალინს იურიდიულად არ ჰქონდა ასეთ საბუთზე ხელის მოწერის უფლება! თავის ოთხტომეულის მესამე ტომში ცრუ-ს მიერ დაქირავებული ანტისტალინელი, ფსევდო-გენერალი ვოლკოგონოვი თეთრზე შავით წერს, რომ ხრუშჩოვმა მას პირადად დაავალა დახვრეტის ბრძანებაზე სტალინის ერთი ხელმოწერა მაინც მოენახა, მაგრამ ასეთი რამ მან არქივებში ვერ აღმოაჩინა და ამის გამო ნაწყენი ვოლკოგონოვი თავს ამგვარად ინუგეშებს: სტალინი ისეთი სულელი არ იყო, მსგავსი ხელმოწერა რომ დაეტოვებინაო. აქვე დავუმატებ: დღეს ყველასთვის ცნობილია, რომ გორბაჩოვი და ელცინი ქმნიდნენ ბიურო-სამმართველოებს, რომლებიც აყალბებდნენ არქივებს, სტალინისა და ბერიას ხელმოწერებს.

სტალინური მმართველობის მშვიდობიან წლებში საქართველოში პატიმართა რაოდენობა არასოდეს ასცდენია ათასიან ზღვარს, «დემოკრატიის შუქურების» (სხვათა შორის, მათი მთავარი იდეოლოგი გახლდათ ლევან ბერძენიშვილი. აბა, გაიხსენოს!) 9-წლიანი ბობოქრობის პერიოდში კი საქართველოში პატიმართა რაოდენობამ 40 ათასს გადააჭარბა, სასამართლოში მიცემულთა, ე. წ. პრობაციონერთა, რაოდენობამ 350 ათასს მიაღწია; ამას დაუმატეთ 150 ქუჩაში დახვრეტილი უდანაშაულო ახალგაზრდა და ციხეებში წამების შედეგად დაღუპული 700-მდე პატიმარი! გავიხსენოთ, ასევე, 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს მრავალათასიანი მშვიდობიანი მიტინგების დარბევა, რომელთაც მოჰყვა ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, ხოლო 26 მაისის დარბევამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა! მათი გვამები მაღაზიის სახურავზე შეაგდეს და თავხედურად განაცხადეს: დენის დარტყმით დაიღუპნენო… და ამ არაადამიანური რეჟიმის მოსვლაში პირადად ლევან ბერძენიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა და ერთი წლის განმავლობაში სისხლისმსმელ სააკაშვილს ტაშსაც უკრავდა! მეტიც, ე. წ. ვარდების რევოლუციის პირველ დღეებში მან განაცხადა: ახლა საქართველოს ჰყავს ორი ღირსეული ლიდერი: ერთი, პოლიტიკური _ სააკაშვილი და მეორე, რელიგიური _ პატრიარქიო; ანუ მან უბილწესი ფსევდორევოლუციონერი უწმინდესი პატრიარქის გვერდით დააყენა!..

ქუჩაში სამაგალითოდ დახვრეტილი აკადემიკოსი გურამ შარაძე, მოკლული პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია, ციხეში წამებით სულამოხდილი პოლკოვნიკი თეთრაძე, სამარშრუტო ტაქსიში უიარაღო პოლკოვნიკის _ კრიალაშვილის დახვრეტა, აფრასიძეების ოჯახის სადისტური განადგურების ოპერცია (ორი მიცვალებულით, ორი დაჭრილით და ჭკუიდან შეშლილი ოჯახის დედით…), პარლამენტარების _ ვალერი გელაშვილისა და კობა დავითაშვილის დაუნდობლად ცემის ფაქტები და ა.შ. ვეკითხები «პატივცემულებს», «დიდ ჰუმანისტებს» და «ადამიანის უფლებათა დამცველებს» – ლევან ბერძენიშვილსა და თამარ კორძაიას: ვინ იმსახურებს გასამართლებას და ვისი სიმბოლიკები უნდა აიკრძალოს _ კომუნისტების თუ «ნაციონალური მოძრაობის»? ასე გექცეოდნენ, ბატონო ლევან, საბჭოთა სუკ-ის საპატიმროში? გაიხსენეთ, ერთი, ის პრივილეგიურ-კომფორტული პირობები, რომლებიც ჰქონდათ დისიდენტებს საბჭოთა ციხეებში! ამას თვით სოლჟენიცინი აღიარებდა! არ გჯერათ? წაიკითხეთ მისი განთქმული «არქიპელაგი…»! ქალბატონ ნანა კაკაბაძესაც ჰკითხეთ!

_ ბატონო გივი, რატომ არ ინდობთ მოგვარეს?

_ მოგვარეზე კი არა, ასეთ შვილზეც უარს ვიტყოდი! მე კარგად ვიცნობდი მის მამას _ ბატონ ვალიკოს. დიდებული პიროვნება გახლდათ! ნაომარი ვაჟკაცი, კომუნისტი, სტალინელი. იგი იყო აჭარის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მისი ორი «ჭკუით გავსებული» ბიჭის დისიდენტობის გამო, ბატონი ვალიკო თანამდებობიდან მოხსნეს და რიგით ადვოკატად ჩამოაქვეითეს. ლევანმა არც დისიდენტად ივარგა, სამარცხვინოდ მოინანია თავისი «შეცდომები»… იცით, რა არის მისი ტრაგედია? კომუნისტები რომ დაბრუნდნენ, ისევ მოინანიებს! და, აი, ასეთი წარსულისა და ბიოგრაფიის მქონე არსება თავს უფლებას აძლევს, ანგრიოს საბჭოთა, კომუნისტური სიმბოლიკები, ლანძღოს და თათხოს სტალინი, რომელმაც 30-იან წლებში მსოფლიო იხსნა ტროცკისტული სიონიზმის ჯოჯოხეთისგან, 1945-ში კი _ ფაშისტური ჭირისგან; ხოლო საქართველო ღატაკი, უწიგნური გუბერნიიდან აქცია აყვავებულ, განათლებულ, ბედნიერ ქვეყნად, რომელიც უკვე მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ცხოვრების დონით ევროპის ქვეყნების ხუთეულში მოხვდა! ორ ციტატას მოვიყვან: «მე ყოველ დილით ღმერთს შევთხოვ, რომ სტალინი კარგად და ჯანმრთელად ამყოფოს. მხოლოდ მას შეუძლია მსოფლიოს გადარჩენა». «რომ არა სტალინი, უკვე აღარ იქნებოდნენ რუსები, თუმცა ასევე აღარ იქნებოდნენ ფრანგები, ინგლისელები, ამერიკელები». პირველი ციტატა ეკუთვნის ინგლისის პრემიერმინისტრს _ უინსტონ ჩერჩილს; მეორე – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს _ ფრანკლინ რუზველტს. დავიჯერო, რომ ლევან ბერძენიშვილზე ნაკლები დემოკრატები იყვნენ ეს ბუმბერაზი პიროვნებები?!

გენიალურ აკაკის თავის დროზე სრულიად სამართლიანად აღმოხდა: «ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოო». მე კი, ვიტყოდი: მიმიფურთხებია იმ მთავრობისთვის, იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ებრძვის სტალინის ხსოვნას,  სტალინს ადარებს სააკაშვილს, განიხილავს ბერძენიშვილ-კორძაიას ანტიეროვნულ, ანტიდემოკრატიულ, უზნეო კანონპროექტს! მინდა ვუთხრა მათ და მათნაირ მანქურთებს: რომ არა რუსეთი XIX საუკუნეში და იოსებ სტალინი XX-ში, საქართველო აღარ იარსებებდა არც პოლიტიკურად და არც ფიზიკურად, და რომ სტალინის ეპოქა ჩვენი სამშობლოს ოქროს ხანა იყო!

_ მსმენია, რომ სტალინის ფენომენის შემსწავლელმა საზოგადოებამ, რომლის წევრიც თქვენ ბრძანდებით, «გებელსის პრემია» დააწესა. მართლა ასეა?

_ ვაპირებთ ამ სამარცხვინო პრემიის დაწესებას. მისი «ლაურეატები» აუცილებლად გახდებიან არამხოლოდ ის პირებები, რომლებიც  სტალინის ლანძღვა-გინებით და მისი ძეგლების შეღებვით შოულობენ ლუკმაპურს, არამედ მართლმადიდებლობასთან და ეროვნულ ზნე-ჩვეულებებთან მებრძოლი მანქურთებიც! ასევე, საზოგადოება გამოვა ინიციატივით, რომ სტალინის მკვლელობის დღე _ 5 მარტი, გამოცხადდეს «დასავლური დემოკრატიის» მსხვერპლთა ხსოვნის დღედ! უპირველეს ყოვლისა, გავიხსენებთ იმ ხალხს, რომელიც შეეწირა «თბილისის ომს», ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ძმათამკვლელ კონფლიქტებს, სააკაშვილის სისხლიანი დიქტატურის დროს ქუჩაში დახვრეტილ ადამიანებს, «არაბული გაზაფხულის» და «დემოკრატების» მრავალი სხვა დანაშაულის მსხვერპლს!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. უპირველეს ყოვლისა ვაღიარებ, რომ სტალინისტი არა ვარ, მაგრამ ის რომ მე-20 საუკუნის უდიდესი დიპლომატი, მხედარმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე იყო, ამას თავის დროზე ადასტურებდნენ ისეთი ცნობილი დემოკრატები, როგორიც იყვნენ უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი, შარლ დეგოლი და სხვა. ამის გარდა როგორც პრესაში დაიწერა, ლეონარდო დეკაპრიოს აქვს ასეთი გამონათქვამი: ვნატრობ, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე გენიალური პიროვნების იოსებ სტალინის როლი შევასრულო". ჩვენს ქვეყანას ხომ სიონისტური ორგანიზაციები მართავდნენ და ახლაც მართავენ.სიონისტურ ორგანიზაციებს რომ არასდროს არ აწყობდათ სტალინი, ვინაიდან მან გაანადგურა ისეთი ცნობილი სიონისტები, როგორებიც იყვნენ ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი და სხვა. ძმებ ბეძენიშვილებს რა უნდა მოკითხო, როცა პირველივე დაკითხვაზე უშიშროებაში ფანქარი ხელიდან ვერ გააგდებინეს. ეროვნულ მოღვაწეებში ერთი საპატივცემულო კაცი გვყავდა – მერაბ კოსტავა და ისიც ამნაირების ხელით მოიშორეს. სააკაშვილის გუნდზე კი რა უნდა ითქვას მეტი, როცა ყველა ქალი, რომელთანაც იწვა, თავის გუნდის წევრებს შეართვევინა ცოლად. ასეთი მორალის ხალხს არ აქვს უფლება სხვისი ლანძღვის, თუნდა მას დიდი შეცდომები ჰქონოდა.

  2. ამას ქვია რევიზიონიზმი, რარაც მომვარლდა სტატიები დიდ კარგ კომუნისტურ წარსულზე

  3. ესლი, განმარტებით ლექსიკონში ჩაიხედე და კარგად გაარკვიე, რას ნიშნავს სიტყვა "რევიზიონიზმი" და, ეგებ, მიხვდე, რომ ის აქ უადგილოა :))

  4. 1937 წელში გისურვებთ ცხოვრებას და შვილებს და მშობლებს დებს და ძმებს რომ დაგიხვრიტავენ და შუაღამეს რომ მოგადგებიან, მერე მოგეწონოთ სტალინი ბერია და დაუდგით ძეგლები.

  5. ბატონო ალექსანდრე, თქვენი აზრით, რამდენი ადამიანი დაიხვრიტა საქართველოში 1937 წელს?

  6. ბატონო გრემი ერტი კაი კაცი მიტხარი ვინც იმენა სტალინმა უსამარტლოდ დახვრიტა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here