“პოლიტიკა კომპრომისების გარეშე არ არსებობს”.
სტალინი
1935 წლის 25 ივლისს მოსკოვში ჩატარდა კომუნისტური ინტერნაციონალის VII კონგრესი. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ბულგარეთისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის ერთ–ერთი აქტიური წევრის, გიორგი დიმიტროვის, მოხსენება “ფაშიზმის შემოტევა და კომუნისტური ინტერნაციონალის ამოცანები მუშათა კლასის ერთიანობისთვის ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”.
კონგრესმა დამსწრეებს გერმანულ ფაშიზმთან ბრძოლისაკენ მოუწოდა, რომელიც მოქმედებს, “როგორც საერთაშორისო კონტრრევოლუციის დამრტყმელი ძალა”. კონგრესმა ჩამოაყალიბა ფართო სახალხო ფრონტის შექმნის ამოცანები. აქვე აღინიშნა, რომ სახალხო ფრონტის მთავრობა არის არა პროლეტარიატის დიქტატურის, არამედ ფაშიზმის წინააღმდეგ მიმართული მთავრობა. ასევე ითქვა, რომ კაპიტალისტურ ქვეყნებში კომუნისტებმა უნდა იბრძოლონ დემოკრატიული თავისუფლების შესანარჩუნებლად და ხაზგასმით აღინიშნა, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ კონტრრევოლუციური ომის შემთხვევაში, კომუნისტებმა უნდა მოუწოდონ ყველა მშრომელ ხალხს, “ნებისმიერი საშუალებით დაეხმარონ წითელ არმიას იმპერიალისტთან ბრძოლაში გასამარჯვებლად”. კომინტერნის VII კონგრესის გადაწყვეტილებით, კომუნისტებმა უნდა გააჩაღონ ბრძოლა რეაქციისა და ომის წინააღმდეგ, ბრძოლა მშვიდობისთვის. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საჭირო შეიქნა კომუნისტურ პარტიებს უფრო ფართო დამოუკიდებლობა ჰქონოდათ, მით უმეტეს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კომუნისტური პარტიები აქტიურად მონაწილეობდნენ თავიანთი სახელმწიფოების პოლიტიკურ ცხოვრებაში…
1941 წლის 22 ივნისს, დილაადრიან, სტალინმა კრემლში გამოიძახა კომინტერნის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივანი გიორგი დიმიტროვი და აცნობა, რომ ნაცისტური გერმანია თავს დაესხა სსრ კავშირს. დიმიტროვმა თავის დღიურში ჩაწერა მითითებები, რომლებიც სტალინმა მისცა:
“კომინტერნმა ჯერ ღიად არ უნდა იმოქმედოს. პარტიები ადგილზე აწარმოებენ სსრ კავშირის დასაცავ ქმედებებს. სოციალისტური რევოლუციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. საბჭოთა ხალხი აწარმოებს სამამულო ომს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ. საქმე ეხება ფაშიზმის დამარცხებას, რომელმაც დაიმონა მრავალი ხალხი და ცდილობს სხვა ხალხების დამონებას”.
გიორგი დიმიტროვმა იმ დღესვე გამართა კომინტერნის აღმასრულებელი კომიტეტის სამდივნოს სხდომა და დამსწრეებს გააცნო სტალინისგან მიღებული მითითებები. შემდგომში სტალინმა გამართა შეხვედრების სერია დიმიტროვის, მოლოტოვის და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის სხვა გამოჩენილი მოღვაწეებთან. ამ შეხვედრებზე განიხილებოდა კომინტერნის ცენტრის დაშლის საკითხი. ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო სტალინის სურვილი, დაერეგულირებინა ურთიერთობები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ანტიჰიტლერული კოალიციის ფარგლებში და მოეხსნა მათთვის და სხვა ქვეყნებისათვის “კომუნისტური ინტერნაციონალიზმისგან” მომდინარე საშიშროება. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ფრონტზე წითელი არმიის წარმატებების მატებასთან ერთად მატულობდა ხალხთა ბრძოლა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ევროპის ქვეყნებში. წინააღმდეგობის ამ ძალებს აძლიერებდნენ კომუნისტური პარტიები. 1943 წლის მაისში შექმნილი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, პატრიოტებისა და ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა გაერთიანების მიზნით, კომუნისტური ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება კომინტერნის დაშლის შესახებ. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც საბოლოოდ გამოავლინა კაპიტალისტთა ცილისწამება, რომ კომუნისტური პარტიები თავიანთი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე კი არ მოქმედებდნენ, არამედ იმართებოდნენ სტალინის ბრძანებებით. ამ საკითხზე ბრიტანელი კორესპონდენტის კითხვაზე სტალინმა უპასუხა:
“კომუნისტური ინტერნაციონალის დაშლა მართებული და დროული გადაწყვეტეილებაა, რადგან ეს ამარტივებს ყველა თავისუფლებისმოყვარე ერის ერთობლივი შეტევის ორგანიზებას საერთო მტრის _ ჰიტლერიზმის _ წინააღმდეგ”.
კომუნისტური ინტერნაციონალის დაშლა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან:
ა) ის ამხელს ნაცისტების ტყუილს, თითქოს მოსკოვი სხვა სახელმწიფოების ცხოვრებაში ჩარევას და მათ “ბოლშევიზაციას” აპირებს. ამ ტყუილს ახლა ბოლო მოეღო;
ბ) ის ამხელს მუშათა მოძრაობაში კომუნიზმის ოპონენტების ცილისწამებას, რომ სხვადასხვა ქვეყნის კომუნისტური პარტიები თითქოს იმართებიან არა თავიანთი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ გარედან. ამ ცილისწამებასაც ბოლო მოეღო;
გ) ხელს უწყობს თავისუფლებისმოყვარე ქვეყნების პატრიოტთა მუშაობას, გააერთიანონ თავიანთი ქვეყნის პროგრესული ძალები, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა და რელიგიური მრწამსისა, ერთიან ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბანაკში, რათა განავითარონ ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ;
დ) ხელს უწყობს ყველა ქვეყნის პატრიოტთა ქმედებას, გააერთიანონ ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხი ერთიან საერთაშორისო ბანაკში ჰიტლერიზმის მსოფლიო ბატონობის საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად, რითაც გზა გაეხსნება ხალხთა თანამეგობრობის მომავალ ორგანიზაციას თანასწორუფლებიანობის პრინციპით” (გაზეთი “პრავდა”, 1943, 30 მაისი). სტალინმა გამოთქვა რწმენა, რომ ყველა ეს გარემოება, ერთად აღებული, გამოიწვევდა მოკავშირეთა და სხვა გაერთიანებული ერების ერთიანი ფრონტის შემდგომ გაძლიერებას ჰიტლერის ტირანიაზე გამარჯვებისთვის ბრძოლაში. კომინტერნის დაშლა მოხდა იმ დროს (რაც ძალზე საყურადღებოა), როდესაც ნაცისტები იკრეფდნენ უკანასკნელ ძალებს და მხოლოდ საერთო შეტევით შეიძლებოდა ფაშიზმის დასრულება და ხალხთა გათავისუფლება მათი ჩაგვრისგან. კომინტერნის ოფიციალურად დაშლის შემდეგ სტალინი განაგრძობდა შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის კომუნისტური პარტიების წარმომადგენლებთან. იგი შეხვდა იტალიის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივან პალმირო ტოლიატს, საფრანგეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივან მორის ტორეზს და სხვა კომუნისტური პარტიების ლიდერებს. შეხვედრებზე იგი უზიარებდა და აძლევდა რჩევებს. მაგალითად, იტალიელ კომუნისტებს სტალინმა შესთავაზა, შეერთებოდნენ მარშალ პიეტრო ბადოლიოს მონარქისტულ მთავრობას და არ მოეთხოვათ მეფის დაუყოვნებლივი გადაყენება; ფრანგ კომუნისტებს ურჩია, დაეშალათ შეიარაღებული რაზმები, ებრძოლათ ერთიანი მემარცხენე ბლოკის შესაქმნელად და ეთანამშრომლათ შარლ დე გოლის მთავრობასთან; პოლონელ კომუნისტებს ურჩევდა, ყოველი ნაბიჯი განესაზღვრათ, რათა მათი ქმედებები არ ყოფილიყო აღქმული, როგორც კურსი პოლონეთის გასაბჭოებისა; ჩინელ კომუნისტებს მოუწოდებდა ერთიან ეროვნულ ფრონტში გაერთიანებისკენ, რომელსაც აწარმოებდა მაო ძედუნი; იუგოსლავიელ კომუნისტებს კი არ ურჩევდა კომუნისტების კონტროლს დაქვემდებარებული ხელისუფლების შექმნას. ომის ბოლო დღეებამდე ვითარება სტალინისთვის რთული და საფრთხილო იყო, რადგან არ გამორიცხავდა საბჭოთა კავშირის მოკავშირეების პოზიციის მკვეთრი ცვლილების შესაძლებლობას და მოვლენების ასეთი განვითარების შესაძლებლობაზე არაერთი ფაქტი მიუთითებდა. ლაპარაკია მოკავშირეების მხრიდან გერმანელებთან ფარულ მოლაპარაკებებზე სტალინის ზურგს უკან. ჯერ კიდევ 1941 წლის შემოდგომაზე, ისევე როგორც 1942 და 1943 წლებში, ლისაბონსა და შვეიცარიაში გაიმართა მოლაპარაკებები ინგლისისა და გერმანიის წარმომადგენლებს შორის; შემდეგ _ აშშ-ისა და გერმანიის წარმომადგენლებს შორის, ამ შეხვედრებზე განიხილეს სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხები. საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის თუ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებისას სტალინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა დაზვერვას და თვითონ ადგენდა ამ სამსახურის პრიორიტეტებს. მაგალითად, 1941 წლის ბოლოს აშშ-ში გამგზავრებამდე სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის რეზიდენტ ვასილ ზარუბინს სტალინმა პირადად დაუსახა ამერიკაში დაზვერვის პრიორიტეტები და ამოცანები: “თვალი ადევნეთ, რომ ჩერჩილმა და ამერიკელებმა არ დადონ სეპარატული სამშვიდობო ხელშეკრულება ჰიტლერთან და ყველანი ერთად არ წამოვიდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ; მოიძიეთ მოკავშირეთა ხელთ არსებული ინფორმაცია ჰიტლერის საომარ გეგმებზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და დაადგინეთ მოკავშირეთა ფარული მიზნები და გეგმები მიმდინარე ომში; ეცადეთ, გაარკვიოთ, რეალურად როდის აპირებენ დასავლელი მოკავშირეები მეორე ფრონტის გახსნას ევროპაში; მოიპოვეთ ინფორმაცია აშშ-ში, ინგლისსა და კანადაში შექმნილი უახლესი საიდუმლო ტექნოლოგიების შესახებ”. თვითონ სტალინი კი მთელი ომის განმავლობაში ერთგული რჩებოდა მოკავშირეთა მიმართ და ყველა ღონეს ხმარობდა ანტიჰიტლერული კოალიციის გასაძლიერებლად. მის პოლიტიკას ახასიათებდა ნაკისრი ვალდებულებების პატიოსნად შესრულება. ომის ბოლო პერიოდშიც კი აშშ-ისა და ბრიტანეთის გავლენიანი ძალების მცდელობები, სტალინის ზურგს უკან გერმანიასთან სეპარატული შეთანხმების დადების შესახებ არათუ ჩაცხრა, არამედ კიდევ უფრო საშიში შეიქნა, მაგრამ ასეთ ვითარებაშიც კი სტალინი ყველაფერს აკეთებდა ანტიჰიტლერული კოალიციის გასაძლიერებლად და ერთგული რჩებოდა მოკავშირეთა ვალდებულებების მიმართ. 1943 წელს დაიწყო ფაშისტური ბლოკის დაშლა. იტალიამ პირველმა დატოვა ბლოკი და სსრ კავშირის ორმა მოკავშირემ _ დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა _ სტალინის გვერდის ავლით, დაიწყეს ფაშიზმის კაპიტულაციის საკითხების განხილვა. სტალინმა 1943 წლის 22 აგვისტოს მკაცრი წერილი მისწერა რუზველტსა და ჩერჩილს: “აქამდე ვითარება იყო შემდეგი _ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი აწარმოებდნენ შეთქმულებას, ხოლო საბჭოთა კავშირი, როგორც პასიური დამკვირვებელი, იღებდა ცნობებს ამ ორი დიდი სახელმწიფოს შეთქმულებების შესახებ. ვალდებული ვარ, გაცნობოთ _ მსგავსი რამის მოთმენა მომავალში გამორიცხულია”. ამგვარად, სტალინის დიპლომატიამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა, რათა ბოლო მოეღო მოკავშირეების საიდუმლო მოლაპარაკებებისთვის. 1944 წელს სტალინმა ომიდან გაიყვანა ფინეთი და სამშვიდობო შეთანხმებით მოსთხოვა გერმანიასთან ურთიერთობის გაწყვეტა, ომამდელი საზღვრების აღდგენა, საბჭოთა სამხედრო ტყვეების გათავისუფლება, ფინეთის ჯარის შემცირება, რეპარაციების გადახდა და პეტსამოს (პეჩენგა) რეგიონის გადაცემა. საბჭოთა კავშირმა, აგრეთვე, მიიღო უფლება, ჰელსინკის მახლობლად იჯარით აეღო პორკალა-უდის ტერიტორია სამხედრო ბაზის დაარსებლად; და ბოლოს, აღდგა საბჭოთა კავშირ-ფინეთის 1940 წელს დადებული ხელშეკრულება. 1943 წელს მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე სსრკ-ის, აშშ-ისა და ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთხმად განაცხადეს, რომ გერმანიის სატელიტ სახელმწიფოებთან ზავის საკითხის განხილვისას “საბჭოთა მთავრობას ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება!” 1944 წლის 13 მაისს გამოქვეყნდა სსრკ-ის, ინგლისისა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი მოწოდება უნგრეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის მიმართ, რომ შეწყვიტონ თანამშრომლობა გერმანიასთან და წვლილი შეიტანონ მოკავშირეთა გამარჯვებაში, რითაც შეამცირებდნენ მსხვერპლს თავიანთ მოსახლეობაში. საბოლოოდ, 1944 წლის 12 სექტემბერს რუმინეთთან, 1944 წლის 28 ოქტომბერს ბულგარეთთან, ხოლო 1945 წლის 20 იანვარს უნგრეთთან გაფორმებული ზავის პირობების თანახმად, საბჭოთა ჯარები განლაგდნენ ამ ქვეყნების ტერიტორიებზე. ეს იყო სტალინური დიპლომატიის უმაღლესი მწვერვალი, რომელიც ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში. სტალინი, როგორც საბჭოთა ხელისუფლების მეთაური, მონაწილეობდა თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციების მუშაობაში. ის საკმაოდ მკაცრ პოზიციას იკავებდა მოკავშირეების მიმართ, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა, და მტკიცედ იცავდა საბჭოთა კავშირის ინტერესებს. ამასთანავე, თანმიმდევრულად და მტკიცედ მოითხოვდა, ფაშისტური ბლოკის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოკავშირეთა ძალების ეფექტიანად გამოყენებას. თეირანის კონფერენციაზე იყო აშშ-ის პრეზიდენტის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, ამიტომ სტალინმა ფრანკლინ რუზველტს საბჭოთა საელჩოს ტერიტორიაზე ჩასახლება შესთავაზა. რუზველტის თანხმობა ჩერჩილისთვის კარგი არ იყო _ ეშინოდა, რუზველტი სტალინის მომაჯადოებელი პიროვნული თვისებების გავლენის ქვეშ მოექცეოდა და რომ სტალინისა და რუზველტის საუბრები მისი მონაწილეობის გარეშე შეიძლება საზიანო ყოფილიყო ბრიტანეთის იმპერიისთვის. სტალინსა და რუზველტს შორის მართლაც ჩამოყალიბდა კარგი ურთიერთობა და მათი პირველი შეხვედრა მეგობრულ ხასიათს ატარებდა. სტალინმა პრეზიდენტს მისთვის საყვარელი პაპიროსი “ჰერცეგოვინა-ფლორი” შესთავაზა. რუზველტმა თავაზიანად განუცხადა: “საკუთარს ვარ შეჩვეული. მარშალო სტალინ, სად არის თქვენი ცნობილი ჩიბუხი? ის მილი, რომლითაც, როგორც ამბობენ, ისრუტავთ მტრებს?”
სტალინმა უპასუხა:
_ მგონი, უკვე თითქმის ყველა შევისრუტე. სერიოზულად რომ ვთქვათ, ექიმები მირჩევენ, ჩიბუხით ნაკლებად მოვწიო. მიუხედავად ამისა, თეირანში წამოვიღე და, თქვენ რომ გასიამოვნოთ, შემდეგ ჯერზე მოვწევ.
რუზველტმა სერიოზულად უპასუხა:
_ ექიმებს უნდა მოუსმინოთ. ამის გაკეთება მეც მიწევს…”
რაც შეეხება უშუალოდ კონფერენციის მსვლელობას, სტალინის წინადადებით, პირველ შეხვედრას თავმჯდომარეობდა პრეზიდენტი რუზველტი. თითოეული ქვეყნის ლიდერი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. სტალინმა თავის სიტყვაში თქვა:
“მივესალმები კონფერენციას, რომელზეც სამი სახელმწიფოს წარმომადგენელი ვიმყოფებით და მსურს, რამდენიმე შენიშვნა გავაკეთო. ვფიქრობ, ისტორია გვანებივრებს, რადგან ხელთ მოგვცა საკმაოდ დიდი ძალა და შესაძლებლობები. ვიმედოვნებ, ამ შეხვედრებზე, სათანადო თანამშრომლობის პირობებში, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამოვიყენოთ ძალა და უფლებამოსილება, რომლებიც ჩვენმა ხალხებმა მოგვანიჭეს. ახლა კი საქმეს შევუდგეთ”.
კონფერენციის მუშაობის პირველი და მთავარი საკითხი იყო მოკავშირეთა მიერ მეორე ფრონტის გახსნა. სტალინი, მოკავშირეთა წახალისების მიზნით, დამაჯერებლად მოქმედებდა, რათა მათ დასავლეთ ევროპაში მეორე ფრონტი გაეხსნათ არაუგვიანეს 1944 წლის მაისისა. აი, როგორ იხსენებს კონფერენციის მსვლელობას ანდრია გრომიკო: “…სტალინი რამდენიმეჯერ შეეცადა, პასუხი მიეღო ჩერჩილისგან, როდის დაიწყებოდა მოკავშირეთა დესანტის გადასხმა ევროპაში, ანუ როდის გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, მაგრამ მან ეს პასუხი ვერ მიიღო. ბოლოს სტალინმა თავი ძლივს შეიკავა და სკამიდან წამოდგა, ვოროშილოვსა და მოლოტოვს მიუახლოვდა და უთხრა:
_ სახლში საკმოდ ბევრი საქმე გვაქვს, აქ დრო ტყუილუბრალოდ რომ არ ვხარჯოთ. როგორც ვხედავ, აქ სასიკეთო არაფერი ხდება…
ჩერჩილმა იმის შიშით, რომ კონფერენცია შეიძლება ჩაშლილიყო, დაბნეულად განაცხადა:
_ მარშალმა არასწორად გამიგო. ასეთ თარიღად შეიძლება დასახელდეს 1944 წლის მაისი…
ატმოსფერო განიმუხტა.
კონფერენციის მონაწილეებმა მუშაობა განაგრძეს”.
ბრიტანეთის დელეგაციის წევრების მოგონებების თანახმად, თეირანის კონფერენციაზე მარშლის ფორმაში სტალინის დანახვისას, ჩერჩილმა მაშინვე ჩაიცვა ბრიტანეთის სამეფოს საჰაერო ძალების უფროსი ოფიცრის ფორმა, თუმცა მანამდე, როგორც წესი, ლურჯი, ზოლიანი კოსტიუმი ეცვა. სამი ხელისუფლების ლიდერის შეხვედრისას ჩერჩილს სამოცდაცხრა წელი შეუსრულდა. დაბადების დღის აღსანიშნავ ბანკეტზე საიმპერატორო გენერალური შტაბის უფროსმა ალან ბრუკმა თქვა, რომ ინგლისი გადამწყვეტ როლს თამაშობს ფაშისტური არმიის დამარცხებაში, რადგან უინსტონ ჩერჩილი, პრაქტიკულად, პირველი იყო, ვინც საომარი მოქმედებები დაიწყო ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ. ბრუკის სიტყვებმა ერთგვარი დაბნეულობა შეიტანა დამსწრეთა შორის. სიტყვა ითხოვა სტალინმა: “ვფიქრობ, თქვენ, ბრიტანეთს, და ჩვენ, საბჭოთა კავშირს, ამერიკის შეერთებული შტატები დიდ დახმარებას უწევს თავისი სამხედრო აღჭურვილობით, მანქანებითა და საკვებით, ამიტომ, ჩერჩილის პატივისცემასთან ერთად, მე ასევე პრეზიდენტ რუზველტის სადღეგრძელოსაც ვსვამ. პატივი და დიდება მას!”
ჰარიმანმა, ამერიკის ელჩმა, სტალინის სადღეგრძელოს ჩანაწერი მყისვე გაგზავნა ამერიკაში და ამერიკულმა გაზეთებმა სტალინის სიტყვები ასეთი სათაურით გამოაქვეყნეს: “სტალინი აღიარებს, რომ ფაშისტური გერმანიის დამარცხების არქიტექტორი შეერთებული შტატებია”. როდესაც მოსკოვში დაბრუნებულ სტალინს ამერიკული გაზეთები გააცნეს, თვითმხილველების თქმით, მან თქვა: “როგორ დავუშვი ასეთი შეცდომა?!” ჩერჩილმა კი თავის სადღეგრძელოში განაცხადა:
_ მარშალი სტალინი რუსეთის ისტორიის უდიდეს ფიგურებს შორის მოიხსენიება და უდავოდ იმსახურებს დიდის წოდებას.
სტალინმა გააპროტესტა ჩერჩილის სიტყვები:
_ არ არის საჭირო. ჩვენ ერთი “ველიკიც” (იგულისხმა პეტრე I _ გრ. ონიანი) გვეყოფა. წითელი არმია გმირულად იბრძვის და რუსი ხალხი არ დაუშვებს საკუთარი შეიარაღებული ძალების სხვაგვარ ქმედებებს. ის ადამიანებიც კი, რომლებიც არ გამოირჩევიან სიმამაცით და შეიძლება მხდლებიც კი არიან, გმირები ხდებიან რუსეთისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ადმირალმა უილიამ ლეგიმ, თეირანის კონფერენციაზე მოგონებებში დაწერა: “სხდომის დასრულების შემდეგ ერთმანეთში დავიწყეთ სტალინზე საუბარი. შეხვედრამდე სტალინს მივიჩნევდით ბანდიტ მეთაურად, რომელმაც ხელში ჩაიგდო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობა. ჩვენი შთაბეჭდილებები მცდარი აღმოჩნდა. მაშინვე მივხვდით, რომ საქმე გვქონდა საკმაოდ ჭკვიან ადამიანთან, რომელსაც შეეძლო კარგად ლაპარაკი და ზუსტად ჰქონდა განსაზღვრული ის, რისი მიღებაც სურდა რუსეთისთვის. საერთო პრობლემებისადმი მარშლის მიდგომა იყო ზუსტი, კეთილგანწყობილი და ითვალისწინებდა ორი კოლეგის თვალსაზრისს მანამ, სანამ რომელიმე მათგანი არ წამოაყენებდა წინადადებას, რომელიც, სტალინის აზრით, ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირის ინტერესებს. მაშინ ის ხდებოდა უცერემონიოდ პირდაპირი და თითქმის უხეში”.
მკითხველი, ალბათ, რწმუნდება სტალინის ზეადამიანურ თვისებებში. მისი ყოველი ქმედება, სიტყვა თუ საქმე გაცილებით აღემატებოდა მოკავშირეთა სიტყვებსა და საქმეს.
სტალინი ერთმნიშვნელოვნად ნაკლებია ღმერთზე და დიდია ადამიანზე _ ეს, ადრე თუ გვიან, ყველასთვის სარწმუნო იქნება, ვინც ურწმუნო არ არის.
გრიგოლ ონიანი