Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე უწინ და ახლა: ცნობილი ღირსშესანიშნაობების ეს ფოტოები ყველას გააოცებს

უწინ და ახლა: ცნობილი ღირსშესანიშნაობების ეს ფოტოები ყველას გააოცებს

ხუროთმოძღვრების ძეგლებს, რომლებიც არაერთ ასეულ წელს ითვლის, ხშირად საინტერესო ისტორიები აქვს გარდაქმნისა და ცვლილებების თვალსაზრისით. ყოველ შემთხვევაში ასეთი რამ განიცადა ქვემომოყვანილმა სხვადასხვა ქვეყნის მსოფლიოში ცნობილმა ნაგებობებმა.

თავისუფლების ქანდაკება, ნიუიორკი: დადგმის შემდეგ და ამჟამად

ცნობილი ისტორია: სპილენძისგან შექმნილმა სტატუამ თავისი არსებობის პირველი 30 წლის განმავლობაში შესამჩნევად შეიცვალა ფერი და დაკარგა თავდაპირველი მოყავისფრო-მოწითალო ელფერი. ამის ბრალი იყო სპილენძის დაჟანგვა, ახლა კი, ქანდაკების გახსნიდან 135 წლის შემდეგ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენს სტატუას მწვანე ფერის გარეშე.

მერცხლის ბუდე, იალტა, ყირიმი: 1904 წელს და ახლა

მანამდე, სანამ ამ ფრიალო კლდეზე 1911 წელს მიწის ფართობს შეიძენდა რუსი მილიონერი სერგეი რახმანოვი, “მერცხლის ბუდე” წითლად შეღებილი უბრალო ქვის სახლი იყო, რახმანოვმა კი ეს შენობა მსოფლიოში ცნობილ ღირსშესანიშნაობად აქცია.

სხვათა შორის, “მერცხლის ბუდე” 3-4 კმ-ითაა დაშორებული ლივადიის სასახლეს, სადაც 1945 წლის თებერვალში იალტის ცნობილი კონფერენცია გაიმართა საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების _ სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის _ მონაწილეობით.

ლინკოლნის მემორიალი, ვაშინგტონი: XX საუკუნის დასაწყისში და ახლა

ჭაობის პირას აგებული ლინკოლნის მემორიალი თავდაპირველად ერთადერთი შენობა იყო იმ ადგილზე, მაგრამ უკვე 1923 წელს შენობის წინ ააგეს ცნობილი ე.წ. ამრეკლავი აუზი შადრევნებით.

ლუვრი, პარიზი: 1980-იანები და ახლა

მსოფლიოში ყველაზე დიდი და პოპულარული სამხატვრო მუზეუმი 1793 წელს ააშენეს, ლუვრის ნაპოლეონის სახელობის ეზოში მინის პირამიდა კი _ 1989 წელს, მაგრამ დღეს ის პარიზის ერთ-ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა.

ვესტმინსტერის ხიდი და ბიგბენი ლონდონი: 1909 წელს და ახლა

ბიგ-ბენის კოშკი 1859 წელს აშენდა, ვესტმინსტერის თაღოვანი ხიდი _ 1862 წელს.

კრემლი, მოსკოვი: 1842 წელს და ახლა

მოსკოვის კრემლის, როგორც ციხესიმაგრის, მშენებლობა 1482-1495 წლებში მიმდინარეობდა. მისი კედლის სიგრძე 2 235 მეტრია, სიმაღლე _ 5-დან 19 მეტრამდე, კოშკების რაოდენობა კი _ 20. ადრე კრემლის კედლებს თეთრად ღებავდნენ. 1880 წლიდან კი _ წითლად.

ეიფელის კოშკი, პარიზი: 1925 წელს და ახლა

1925-დან 1934 წლამდე ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალ სარეკლამო ფარად ითვლებოდა, მასზე რეკლამის განთავსების უფლება ანდრე სიტროენმა იყიდა და სარეკლამო კამპანიას “ეიფელის კოშკი ცეცხლში” უწოდა. ასე გაჩნდა საფრანგეთის მთავარ სიმბოლოზე ნათურებისგან შექმნილი კონცერნ “სიტროეანის” მფლობელის გვარი.

ჩინეთის დიდი კედელი, ჩინეთი: 1906 წელს და ახლა

მშენებლობა ჩინეთის დიდი კედლისა, რომლის სიგრძეც თითქმის 9 000 კმ-ია (განშტოებებით _ 21 196 კმ-ს აღწევს), ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნეში დაიწყო და 1644 წელს დასრულდა.

კედლის სიმაღლე 5 და 8 მეტრამდეა, სიგანე _ 5-8 მ.

კაპიტოლიუმი, ვაშინგტონი: 1864 წელს და ახლა

XIX საუკუნის შუა წლებში კაპიტოლიუმი არასაკმარისი მოცულობის შენობად აღიარეს და მისი გაფართოება დაიწყეს. მნიშვნელოვნად გააფართოვეს გუმბათიც.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here