Home რუბრიკები ისტორია ბრძოლა, რომელმაც შეცვალა დიდი სამამულო ომის მსვლელობა

ბრძოლა, რომელმაც შეცვალა დიდი სამამულო ომის მსვლელობა

მოსკოვის მისადგომებთან ფაშისტების განადგურებიდან 80 წელი გავიდა

80 წლის წინათ დაიწყო უმძიმესი მრავალთვიანი ბრძოლა, რომელშიც საბჭოთა კავშირის ბედი გადაწყდა _ ეს იყო ბრძოლა მოსკოვისთვის, რომელიც 1941 წლის 30 სექტემბერს დაიწყო და 1942 წლის 20 აპრილამდე გაგრძელდა. ეს ბრძოლა განმსაზღვრელი იყო წითელი არმიისთვის: მოსკოვთან დამარცხება დიდ სამამულო ომში დამარცხებას ნიშნავდა.

საბჭოთა და გერმანიის ჯარების მოქმედება მოსკოვის მიმართულებით ორ პერიოდად იყოფა _ თავდაცვითი (1941 წლის 30 სექტემბერი-4 დეკემბერი) და შეტევითი, რომელიც, თავის მხრივ, ორ ეტაპად იყოფა: კონტრშეტევა (1941 წლის 5 დეკემბერი-1942 წლის 7 იანვარი) და საბჭოთა არმიის შეტევა (1942 წლის 8 იანვარი-30 მარტი). დასავლურ ისტორიოგრაფიაში ეს ბრძოლა ცნობილია, როგორც ოპერაცია “ტაიფუნი”.

მოსკოველებმა საბჭოთა კავშირის დედაქალაქი და მისი მისადგომები მიუდგომელ ციხესიმაგრედ გადააქციეს. ქალაქის დაცვა გმირობის ეპოპეად იქცა. ჯარისკაცებმა და მათმა მეთაურებმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს უმძიმეს ბრძოლაში.

მოსკოვისთვის ბრძოლაში განხორციელდა თავდაცვითი, შეტევითი, რჟევსკ-ვიაზმისა და ტოროპეც-ხოლმსკის ოპერაციები. მოსკოვისთვის ბრძოლის დასაწყისში საბჭოთა არმიისთვის ვითარება ძალიან რთული იყო: მტერი უკვე ღრმად იყო შეჭრილი სსრკის ტერიტორიაზე. მაგრამ ფაშისტებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა თავდასხმის გეგმაში არარეალური ვადები შეიტანეს _ მუშათა და გლეხთა წითელი არმიის განადგურებას, კიევის, ლენინგრადისა და მოსკოვის ხელში ჩაგდებას ჰიტლერელები 4-5 თვეში აპირებდნენ.

უკრაინის დედაქალაქის დაპყრობის შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ ვერმახტს ძალა აღარ ჰყოფნიდა ლენინგრადის ხელში ჩასაგდებად. ომის პირველივე კვირებში გეგმის ჩავარდნის შემდეგ გერმანელთა სარდლობამ მოამზადა შეტევითი ოპერაცია სახელწოდებით “ტაიფუნი”.

საბჭოთა არმიელები მძიმე ბრძოლაში ჩაებნენ – მტერი ქვეყნის ტერიტორიაზე იყო შეჭრილი

ფაშისტებმაც განიზრახეს, საბრძოლო თავდაცვის ხაზი დუხოვშჩინიდან, როსლავლიდან და შოსტკიდან ტანკების შეტევით გაერღვიათ აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, ალყა შემოერტყათ და გაენადგურებინათ დასავლეთ ვიაზმასა და ბრიანსკთან განლაგებული საბჭოთა ჯარის ნაწილები, შემდეგ კი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეჭრილიყვნენ მოსკოვში. არც მანმადე და არც შემდეგ გერმანელ ფაშისტებს თავი არ მოუყრიათ ისეთი სიმძლავრის სამხედრო შენაერთებისთვის, როგორც მოსკოვზე შეტევისას. ქალაქთან მიახლოების პარალელურად გერმანელები წითელარმიელების, სახალხო მოლაშქრეებისა და კურსანტების გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ.

თავდაცვითი პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები იყო ვაიაზმისა და ბრიანსკის .. ქვაბები, როცა ფაშისტებმა საბჭოთა სამხედრო ქვედანაყოფები ალყაში მოაქციეს. საბჭოელებმა ამ ბრძოლებში ბევრი ჯარისკაცი დაკარგეს. საბჭოთა კავშირის დედაქალაქისთვის ბრძოლისას გაისმა ცნობილი ფრაზა: “რუსეთი დიდია, მაგრამ უკანდასახევი გზა არ გვაქვს, უკან მოსკოვია!”

გერმანელებმა დაიპყრეს ორიოლი, კალუგა, კალინინი, ვოლოკოლამსკი, მოჟაისკი, მოსკოვის მისადგომებთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა.

1941 წლის დეკემბრის დასაწყისში, გერმანიის გენერალიტეტის აზრით, პატური ვითარება შეიქმნა, როცა ორივე ბრძოლას ვეღარ განაგრძობდა. გერმანელებმა კიდევ ერთხელ ჯეროვნად ვერ შეაფასეს მოწინააღმდეგე. 5 დეკემბერს საბჭოთა ჯარებმა კონტრშეტევა დაიწყეს.

საბჭოელთა კონტრშეტევა ელვისებური ტემპით განვითარდა, გერმანელებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს და იძულებულნი შეიქნენ, 100-125 კმით უკან დაეხიათ. მესამე რაიხისთვის ეს სტრატეგიულ დამარცხებას და .. ბლიცკრიგის კრახს ნიშნავდა.

მოსკოვისთვის ბრძოლაში 1945 წლის 5 დეკემბრისთვის საბჭოთა კავშირის მხრიდან მონაწილეობდა 1,1 მლნ ადამიანი. გამოყენებული იყო: ქვემეხი და ნაღმსატყორცნი _ 7652 ერთეული; ტანკი _ 774 ერთეული; თვითმფრინავი _ 1000 ერთეული.

გერმანელების მხრიდან მოსკოვისთვის ბრძოლაში მონაწილეობდა 1,7 მლნ ჯარისკაცი; მათ მიერ გამოყენებული იყო 13500 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ტანკი 1170 ერთეული, თვითმფრინავი _ 615. რამდენიმე თვის შემდეგ ეს შეფარდება მკვეთრად შეიცვალა საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ (განსაკუთრებით ავიაციაში), რაც აისახა კიდეც ბრძოლის შედეგებზე.

მოსკოვისთვის ბრძოლის შედეგს უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა: მითი გერმანიის არმიის უძლეველობაზე დაინგრა; დაიწყო გარდატეხა დიდ სამამულო ომში, რომელიც სტალინის ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here