Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საქართველოს ისტორია

სტალინი და საქართველოს ისტორია

ავსტრიაპრუსიის ცნობილი შეტაკება, რომელიც 1866 წლის 3 ივლისს მოხდა ჩეხეთის სოველ სადოვასთან და რომელმაც გადამწყვეტი გავლენა იქონია ორ ქვეყანას შორის ომზე, პრუსიელთა გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულთა არნახულმა თავგანწირვამ სამშობლოსათვის დიდი რეზონანსი გამოიწვია იმჟამინდელ მსოფლიოში. ლაიფციგელმა პროფესორმა ოსკარ პეშელმა ემოციურად წამოიძახა: “პრუსიელებმა გაიმარჯვეს ავსტრიელებზე, ანუ პრუსიელმა მასწავლებელმა გაიმარჯვა ავსტრიელ მასწავლებელზე”. გამონათქვამმა ისეთი პოპულარობა და განზოგადოება ჰპოვა, რომ ფრთიანი ფრაზა შეცდომით ბისმარკს მიაწერეს

რუსი იმპერატორები არასოდეს ყოფილან დაინტერესებულნი, გიმნაზიებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში ისტორიული წარსული ესწავლებინათ ახალგაზრდებისთვის და არასოდეს შეუქმნიათ ისტორიის სახელმძღვანელო. რუსეთის იმპერიაში უამრავი ადამიანის სახელი შორს იყო გაცდენილი იმპერიის ფარგლებს და მსოფლიო კლასიკოსებად ითვლებოდნენ, მაგრამ ისინიც კი ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ რუსეთის იმპერიული წარსული სამარცხვინო ლაქაა ქვეყნის ისტორიისათვის. რუსეთის ისტორიის შესაქმნელად არც ლენინსა და ტროცკის შეუწუხებიათ თავი, რადგან რუს ხალხს, მისი წარსულით, მხოლოდ მსოფლიო რევოლუციის კოცონზე დასაწვავად ამზადებდნენ და “თეთრი ზანგების” ქვეყნად განიხილავდნენ. დიადი ქვეყნის მესაძირკვლემ, შინაური თუ გარეშე მტრების განადგურების შემდეგ, მტკიცედ მოჰკიდა ხელი ქვეყნის აღმშენებლობას _ თუ არა სტალინს, სხვას ვის შეეძლო გაპარტახებული, გალოთებული, მცონარე რუსეთის ახალი სახელმწიფოს სამშენებლო ხარაჩოებში მოქცევა და მან, უპირველესად, ქვეყანაში ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდის საქმეს მიაპყრო ყურადღება. დიადი გარდატეხის წელი ნამდვილად გარდატეხის წელი იყო, მაგრამ დღევანდელ მუცლითმეზღაპრე ისტორიკოსებს მთავარ თემად 1930-იანი წლების შიმშილი და ე.წ. წითელი ტერორის გაშუქება უქცევიათ მთავარ მიზნად. XX საუკუნის 30-იანი წლების ისტორიის ფოლიანტები კი სრულიად სხვა საიდუმლოებებს და საინტერესო მასალებს ინახავს. 1931 წლის ბოლოს ხელფ-ფეხგახსნილმა სტალინმა, რომელიც არავითარ სამთავრობო ბერკეტებს არ ფლობდა, წერილით მიმართა ჟურნალ “პროლეტარსკაია რევოლუციას,” გამოექვეყნებიათ სტატია სათაურით “ბოლშევიზმის ისტორიის ზოგიერთი საკითხის შესახებ”. სტალინი თავის წერილში თამამად და გაბედულად აცხადებდა, რომ ამიერიდან “თვითონ გააკონტროლებდა არამხოლოდ ქვეყნის აწმყოს, არამედ მის წარსულსაც”. იმ წარსულს რომელიც, როგორც მანამდე ხელისუფლება თვლიდა, ძირფესვიანად უნდა განადგურებულიყო და, რაც შეიძლება, მალე დავიწყებულიყო.

სტალინი იმიტომ იყო გაღიზიანებული, რომ სკოლებში არ ასწავლიდნენ ისტორიას, უმაღლეს სასწავლებლებში კი არ არსებობდა ისტორიის ფაკულტეტები და კათედრები.

ხანგრძლივი მზადებისა და კონსულტაციების შემდეგ, 1934 წლის 5 მარტს, სტალინის ინიციატივით, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (ბ) პოლიტიკურმა ბიურომ განიხილა საკითხი “სკოლებში სამოქალაქო ისტორიის დაწყების” შესახებ, რომელიც იმხანად საეტაპო დადგენილებად ითვლებოდა. სტალინის უახლოეს ადამიანსა და თანამოაზრეს, იმხანად სახალხო განათლების კომისარ ანდრეი ბუბნოვს დაევალა კონკრეტული წინადადებების შემუშავება და მისი წარდგენა პოლიტბიუროზე. 9 დღეში, 14 მარტს, ბუბნოვმა სტალინს პირადად წარუდგინა წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა, 1934-1935 სასწავლო წლიდან შემოღებულიყო ზოგადი ისტორიის სწავლება რუსეთისა და სსრკ-ის მთელ ტერიტორიაზე. ისტორიის სწავლებას დაეთმო გარკვეული რაოდენობის აკადემიური საათები (180 სთ) სოციალური მეცნიერებისა და შრომის გაკვეთილების შემცირების ხარჯზე. ბუბნოვის წინადადება ისტორიის სახელმღვანელოს შედგენის თაობაზე ითვალისწინებდა ალექსეი ტოლსტოისა და კონსტანტინე პაუსტოვსკის ჩართულობას. აღნიშნული წინადადება პოლიტბიურომ 4-ჯერ განიხილა, შემდეგ სსრკ სახალხო კომისართა საბჭომ და ცენტრალურმა კომიტეტმა ერთობლივი დადგენილებით საბოლოოდ დაამტკიცეს პროექტი სამოქალაქო ისტორიის სწავლების შესახებ საბჭოთა ტერიტორიაზე არსებულ ყველა საშუალო სკოლისთვის.

დადგენილება, რომელიც გამოქვეყნდა 16 მაისს გაზეთ “პრავდაში”:

1. 1935 წლის ივნისისათვის გამოიცეს ისტორიის სახელმძღვანელოები ანტიკური ხანიდან მოყოლებული, უახლესი ისტორიის ჩათვლით;

2. დამტკიცდეს ისტორიკოსთა შემადგენლობა, რომლებსაც დაევალებათ ისტორიის სახელმძღვანელოზე მუშაობა;

3. 1934 წლის 1 სექტემბრიდან აღდგეს ისტორიის ფაკულტეტები მოსკოვისა და ლენინგრადის უნივერსიტეტებში.

1934 წლის 7 ივლისს სტალინმა “სსრ კავშირის ისტორიის” მომავალი სახელმძღვანელოს ბუბნოვისეული კონსპექტი მიიღო. მან კონსპექტი ყურადღებით წაიკითხა (რა თქმა უნდა, ფანქრით ხელში _ გრ. ონიანი) და იქვე გააკეთა შენიშვნები:

1. არ არის ხალხთა ისტორია;

2. სახელმძღვანელო უნდა იყოს ცარიზმის, როგორც ხალხთა დამონების, სასიკვდილო განაჩენი;

3. საბჭოთა კავშირში შემავალი ხალხები მუდმივ ვალში არიან; ბოლშევიკებთან, რადგან სწორედ მათ მიერ წარმოებულმა რევოლუციამ მოუღო ბოლო იმ ჩაგრული ხალხების მრავალსაუკუნოვან მონობას, რომლებიც ოდესღაც რუსეთის იმპერიაში _ “ხალხების ციხეშიშედიოდნენ;

4. ჩვენ გვჭირდება სახელმძღვანელო სსრკის ისტორიის შესახებ, რომელშიც დიდი რუსეთის ისტორია არ არის გამოყოფილი სსრკის სხვა ხალხების ისტორიისგან. სსრკ ხალხთა ისტორია არ უნდა იქნას ცალკე წარმოჩენილი ევროპისა და, საზოგადოდ, მსოფლიო ისტორიისგან;

5. მადლობა ბოლშევიკებს, რომ ამ ხალხებმა რუს ხალხთან მიიღეს არა მხოლოდ თანაბარი უფლებები, არამედ სახელმწიფოებრიობა და ავტონომია”.

მაგრამ სახელმძღვანელოს ავტორებმა თანმიმდევრულად ვერ დაასაბუთეს და ვერ მიიტანეს სკოლის მოსწავლეებამდე აზრი. ისინი, უბრალოდ, ვერ ჩასწვდნენ სტალინის აზრს. ამიტომ სტალინმა 1937 წლის 29 მარტს დაწყებითი სკოლებისთვის სსრ კავშირის ისტორიის საუკეთესო სახელმძღვანელოს კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილების პროექტის ერთი პუნქტი ჩაასწორა და შეეცადა, აზრი მაქსიმალურად გამჭვირვალედ გამოეხატა:

ავტორები ვერ ხედავენ პოზიტიურ როლს ხმელნიცკის ქმედებებში პოლონეთისა და თურქეთის სულთნის წინააღმდეგ, მის ბრძოლაში უკრაინის ოკუპაციისას. ვთქვათ, საქართველოს შესვლის ფაქტს რუსეთის პატრონაჟის ქვეშ XVIII საუკუნის ბოლოს. უკრაინის რუსეთის მმართველობაში შესვლის ფაქტს ავტორების განიხილავენ, როგორც აბსოლუტურ ბოროტებას, მიუხედავად იმდროინდელი ისტორიული პირობებისა. ავტორები ვერ ხედავენ, რომ საქართველო შაჰის სპარსეთის ან თურქეთის სულთნის მიერ შთაინთქმებოდა; რომ მას არ ჰქონდა სხვა ალტერნატივა. რუსეთის პატრონაჟის ქვეშ გადასვლა იყო ერთადერთი ალტერნატივა, ისევე, როგორც უკრაინას არ ჰქონდა ალტერნატივა _ მას ან პოლონეთი, ან თურქეთი შთანთქავდა, ან რუსეთის მფარველობის ქვეშ უნდა მოქცეულიყო. ისინი ვერ ხედავენ, რომ მეორე პერსპექტივა მცირე ბოროტება იყო”. ეს ტექსტი გამოქვეყნდა გაზეთპრავდაში” 1937 წლის 22 აგვისტოს.

სტალინს კარგად ესმოდა რა, რომ პატრიოტული სულისკვეთება მთავარი იყო ქვეყნისთვის, 1930-იანი წლებში საბჭოთა იდეოლოგია და პატრიოტიზმი გამოაცხადა მთავარ ღირებულებებად. ამისთვის მან დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია. 1936 წლის 26 იანვარს სსრკ სახალხო კომისართა საბჭომ და კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა (ბ) მიიღეს რეზოლუცია “ისტორიის სახელმძღვანელოების შესახებ”, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ახალი კომისია ცენტრალური კომიტეტის მდივნის, ჟდანოვის, თავმჯდომარეობით. მას დაევალა, გადახედოს, გააუმჯობესოს და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს უკვე დაწერილი სახელმძღვანელოები. მასვე მიენიჭა უფლება, შექმნას ჯგუფი მანამდე არსებული სახელმძღვანელოების შესასწავლად, ამასთანავე, გამოაცხადოს კონკურსი ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად. კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა 1936 წლის 4 მარტს (პრესაში პოლიტბიუროს შესაბამისი რეზოლუციის გამოქვეყნების შემდეგ). ყველას, ვისაც სურდა თავისი პროექტის გაგზავნა, 1936 წლის 1 ივლისამდე შეეძლო კონკურსში მონაწილეობა. იყო დიდი ფულადი პრიზები გამარჯვებულებისთვის და პრიზიორებისთვის: 1 პრიზი _ 100 ათასი მანეთი, მე-2 პრიზი _ 75 ათასი, მე-3 პრიზი _ 30 ათასი, მე-4 პრიზი _ 50 ათასი, მე-5 _ 25 ათასი მანეთი (იხილეთ ფოტო 3).

ჟდანოვის კომისიამ მიიღო 46 პროექტი სხვადასხვა ავტორისა თუ ავტორთა ჯგუფისაგან. 1936 წლის სექტემბერში ჟდანოვმა გაუგზავნა დეპეშა კომისიის წევრებს, თხოვნით, უმოკლეს ვადაში გადაეხედათ და შეეფასებინათ წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები. 1936 წლის ოქტომბერში გაიმართა მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ისტორიის მასწავლებლებთან შეხვედრა და ისტორიის სახელმძღვანელოთა მაკეტების განხილვა. კონკურსის შედეგები შეჯამდა პოლიტბიუროს სხდომაზე 1937 წლის 27 აგვისტოს. პირველი პრიზი არავის არ ხვდა წილად, რადგან პარტიის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ არც ერთი სახელმძღვანელო არ იყო შედგენილი მარქსიზმის სულისკვეთებით. მეორე პრიზი გადაეცა შესტაკოვის ხელმძღვანელობით მომზადებულ სახელმძღვანელოს. შემდგომში ეს სახელმძღვანელო გამოიყენებოდა საბჭოთა სკოლის დაწყებით კლასებში 1950 -იანი წლების დასაწყისამდე.

ნიკოლოზ ბუხარინის რეცენზია ისტორიის სახელმძღვანელოზე:

“საზოგადოდ, ძალიან ღირსეული სახელმძღვანელოა, კარგად და ნათლად დაწერილი, მოკლე, ადაპტირებული ბავშვის აღსაქმელად. საჭიროებს რიგ შესწორებებს. სახელმძღვანელო მისაღებია. ფაქტები-ილუსტრაციები საგულდაგულოდ არის შერჩეული. ფრაზა არის მოკლე და მარტივი. აზრი, უმეტესწილად, ზუსტი და გასაგებია დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის. ვერ დავეთანხმები ამხ. ბახტაძის აზრს, რომ სახელმძღვანელოში არსებული მასალა “ძალიან სქემატურად არის წარმოდგენილი” და რომ ეს არის წიგნი “მოზრდილთათვის”, პირიქით, მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ წიგნი ბავშვებისთვისაა, მაგრამ სახელმძღვანელოში არის ნაკლოვანებები:

1. საკმაოდ მცირე მასალაა წარმოდგენილი სსრ კავშირში შემავალ ხალხებზე. ამ მასალას ესაჭიროება გაფართოება;

2. ჩემი ვარაუდით, სსრკ ხალხებისადმი მიძღვნილ გვერდთა რაოდენობა უნდა გავზრდოთ და აუცილებელია მისი გარკვეულწილად გაშუქება კიდევ სხვა კუთხით;

3. ავტოკრატიის აპარატი მთლიანად არ არის გაშუქებული. არ არსებობს მაგალითები სასულიერო პირებზე, მონასტრებზე და, საზოგადოდ, ეკლესიებზე; ბოლოს და ბოლოს, ეს იყო უზარმაზარი ძალა. ასევე ბიუროკრატია, სასამართლო, პოლიცია, ჟანდარმერია, და . . _ ეს ყველაფერი არ არის. მეჩვენება, რომ ეს არის დიდი ხარვეზი, სხვათა შორის, თითქმის ყველა კლასის სახელმძღვანელოსთვის. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მემამულე მეფის მთელი ავტოკრატია იქცევა აბსტრაქტულ ჩრდილში მათთვის, ვისაც არა აქვს კონკრეტული წარმოდგენა იმპერიული ურჩხულისფუნქციონერებზე”. ეს არის ძირითადი ნაკლოვანებები.”

მკითხველს უნდა განვუმარტო, რა პროცესები მიდიოდა საქართველოში _ ამ ისტორიულ და უძველეს ქვეყანაში, როგორც ისტორიის, ასევე ისტორიკოსების მიმართ როდესაც საკავშირო მთავრობაში, 1930-იან წლებში, ხმალი ხმალს სცემდა ქვეყნის ისტორიული სამართლიანობის დასადგენად და ინტელიგენცია ჩართული იყო ახალაღმოცენებული ქვეყნის ისტორიის შექმნის საქმეში. იმხანად საქართველოში უახლესი ისტორიის დაწერაზე თავს არავინ იწუხებდა. ამას მოწმობს სტალინის სიტყვები დიდი ივანე ჯავახიშვილის მისამართით წარმოთქმული: “ნეტავ ვინ ჰყავთ უფრო დიდი მეცნიერი ქართველებს, ასე უბრალოდ რომ იმეტებენ? საქართველოში იმიტომ არ იზრდება ინტელიგენცია, რომ ყველა ყველას წინააღმდეგია”.

მაშინ, როდესაც სტალინი სრულიად ახალ მიმდინარეობას უყრიდა საფუძველს და უკან იტოვებდა ანტიკური თუ შემდგომი ცივილიზაციების ისტორიულ მოძღვრებებს, საქართველოში კაცი არ იყო, მას მხარში ამოსდგომოდა. თავი არავის შეუწუხებია, ახალი ისტორიული კვლევა გამოექვეყნებინა. რაზე მიანიშნებს ეს? იმაზე, რასაც სტალინი ივანე ჯავახიშვილზე ბრძანებდა.

ცოტა რამ საქართველოს ისტორიის შესახებ

საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც თავგამოდებით იცავენ თვალსაზრისს, რომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, რომელიც პირველი შეიქმნა მოძმე რესპუბლიკებს შორის 1930-იანი წლების ბოლოს, საქართველოს ინტერესებისთვის კი არ იყო დაწერილი, არამედ სტალინს სურდა, ტროცკისთვის დაემტკიცებინა, რომ მის ქვეყანას ასეთი შორეული და მდიდარი ისტორია ჰქონდა.

*1934 წელს, როდესაც მოსკოვში გამართულ საკავშირო მწერალთა ყრილობაზე მალაქია ტოროშელიძეს ქართული მწერლობის შესახებ მოხსენება წააკითხა, რომელიც, ძირითადად, სტალინის თვალსაზრისსა და დებულებებზე იყო აგებული, სტალინის ქართველმა მტრებმა ესეც სტალინის პირად ამბიციებს მიაწერეს, რადგან მას თურმე სჭირდებოდა მტკიცება, როგორი კულტურის მქონე ერის შვილი იყო ეს “უპატრონო ჭორფლიანი” კაცი.

*1937 წელს იუნესკოს შოთა რუსთაველის იუბილე რომ აღანიშნინა და მოსკოვის საჯარო ბიბლიოთეკის თავზე მსოფლიოს გენიოსთა სკულპტურულ გამოსახულებებს თავში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაუყენა, ესეც თურმე თავის გამოსაჩენად გაუკეთებია სტალინს.

*ფაშიზმი რომ დაამარცხა და ჰიტლერს მისივე ბუნაგში მოუღო ბოლო, ესეც, ეტყობა, თავის გამოსაჩენად გააკეთა, თორემ რას ერჩოდა “მერსედესისა” და საუკეთესო ლუდის შემქმნელებს, ამდენი ხალხი რომ ჩახოცა?!

ივანე ჯავახიშვილი მოხიბლული იყო ნიკოლოზ ოსტროვსკის რომანით “როგორ იწრთობოდა ფოლადი”. მას ყველაზე მეტად ის ადგილი მოსწონდა, სადაც წერია: ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა. სიცოცხლე მას ეძლევა მხოლოდ ერთხელ და საჭიროა, ისე იცხოვრო, რომ მწარედ არ გტკიოდეს გული უმიზნოდ გატარებული წლებისთვის, რომ არ გწვავდეს სირცხვილი უსინდისო და წვრილმანი წარსულისათვის, რომ სიკვდილის დროს შეგეძლოს თქვა: მთელი ცხოვრება და ძალღონე შევალიე ქვეყანაზე ულამაზესს _ კაცობრიობის გათავისუფლებისათვის ბრძოლას”. ამ სიტყვებიდან ივანე ჯავახიშვილისთვის ყველაზე მეტად მემეტება: “საჭიროა, ისე იცხოვრო, რომ მწარედ არ გტკიოდეს გული უმიზნოდ გატარებული წლებისათვის, რომ არ გწვავდეს სირცხვილი უსინდისო და წვრილმანი წარსულისათვის”. ივანე ჯავახიშვილმა საფლავში ჩაიტანა მწარედ ნატკენი და ორად გახლეჩილი გული. პროფესორის მაღალი კათედრიდან ბევრი უნახავს უსინდისო და სირცხვილნაჭამი თავისი გამოზრდილი. ან კი რა გულმა, რა ნერვებმა, რა სისხლმა და მოთმინებამ გაუძლო იმ ჯვარცმას, რომელიც მისმა მოწაფეებმა გოლგოთის გრძელ გზაზე მიმავალს აკადრეს ოსტროვსკიც, ალბათ, განსაკუთრებით იმიტომ უყვარდა ჯავახიშვილს, რომ მის რომანში დაინახა, როგორ იწრთობოდა ფოლადი. დიახ, ივანე ჯავახიშვილი ის მადანი იყო, რომლისგანაც ჩამოისხა ფოლადი და ქართველმა ხალხმა “სამუდამო საბრძოლო იარაღად” (სტალინი), ხმლად აქცია, რომელსაც, საუბედუროდ, დღეს ვეღარ იქნევს მტრის წინააღმდეგ, მაგრამ ამის დროც დადგება. გაგაცნობთ ზოგიერთ ამონარიდსსამსჯავროს სხდომიდან”, რომელიც უნივერსიტეტში გაიმართა 1930 წლის 13 დეკემბერს და ოთხ დღეს გრძელდებოდა.

ივანე ვაშაყმაძე, რექტორი: “მეცნიერებას საქართველოში დაეპატრონა ნაციონალიზმი, ყველაფერი, რაც არ უწყობს ხელს ნაციონალიზმს, ნაციონალური სულის განმტკიცებას, დევნილია. ივანე ჯავახიშვილი მეთოდურად მხოხავი ემპირისტია და ანტიმარქსისტი. ისტორიულ აზროვნებაში ჩამორჩენილობისთვის მას უმთავრესი ბრალი მიუძღვის. მისი ისტორია არ არის ისტორია, როგორც მეცნიერება, მასში არათუ წინსვლა, უკანდახევაა”.

პეტრე შარია: “თუ ჯავახიშვილი თავის პოზიციებს არ გადასინჯავს, არ დააკვირდება კარგად, ვერ იხსნის ვერაფერი, რაც უნდა კარგი დამსახურება ჰქონდეს”.

ცხაკაია: “ივანე ჯავახიშვილი არ წარმოადგენს ისეთ დიდ პიროვნებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, და არც ისეთი მეცნიერია”.

ყალიჩავა: “რას წარმოადგენენ წერეთელი და ჯავახიშვილი, მე ვიცი ერთი ფაქტი: როდესაც რუსეთმა, საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა ლენინი, მაშინ ჩვენი გრ. წერეთელი და ჯავახიშვილი მოგროვდნენ და ლაპარაკობდნენ, რომ გავკეთდით ხალხი, ლენინი მოკვდაო. ეს არის კონტრევოლუციური. ის მეთაურობს მას, ვინც ჩვენს წინააღმდეგ მოდის. დასკვნა ჩემი ასეთი არის, რომ ჯავახიშვილი და წერეთელი არიან აშკარა მავნებლები” (ტექსტი უცვლელია _ გრ. ონიანი).

მელიქიძე: “მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო პროფესორ გ. ჩუბინიშვილს. არც ისეთი პატარა პროფესორი არის, რომ მის შესახებ არაფერი ითქვას. აქ იყო ნათქვამი პროფესორ ჯავახიშვილის შესახებ, მისი მეთოდოლოგიისა და ემპირიზმის შესახებ, ჯავახიშვილის რეაქციონერობის შესახებ. პროფესორი (ივანე ჯავახიშვილი) ხელმძღვანელობს და დიდი მეგობარია ჩუბინიშვილის და სწორედ ამ ჩუბინიშვილს შორს ვერ დავაყენებთ. ეს უნდა იდგეს ჯავახიშვილის გვერდით. ჩვენ, ამხანაგებო, გვაქვს მისი შრომის რამდენიმე თავი ქართული ხელოვნების ისტორიიდან. თქვენ, ამხანაგებო, შეგიძლიათ განსაჯოთ თვითონვე. აქ ლაპარაკია ძველ ჯვარზე, ახალ ჯვარზე, მცირე ჯვარზე” (ტექსტი უცვლელია _ გრ. ონიანი).

სიმონ ჯანაშია: “მე უნდა განვაცხადო, რომ ივანე ჯავახიშვილის უდიდესი პატივისცემა მაქვს, მან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ქართულ ისტორიულ მატერიალიზმში. მე პატივს ვცემ მას, როგორც ნიჭიერ მეცნიერს, მაგრამ არავითარი საერთო არ მაქვს ამ ჯგუფთან და მათი ინტერესები ჩვენ არ გვაქვს”უ.

ნიკო ბერძენიშვილი: “რაც შეეხება ჩემ დამოკიდებულებას პროფესორ ივანე ჯავახიშვილთან, ასეთი არის: მე მას უღრმეს პატივს ვცემ, როგორც ჩვენს ხელმძღვანელს, განსაკუთრებით ისტორიიის დარგში, მაგრამ ეს სრულიად არ მიშლის ხელს, არ გავიზიარო მისი იდეოლოგიური კონცეფცია”.

დისკუსია ოთხ დღეს გაგრძელდა და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ივანე ჯავახიშვილი მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტიდან მოჰკვეთეს, მაგრამ დიდი ივანე თავისი პოზიციების ასე იოლად დათმობას არ აპირებდა. საქმეს ძველებური სიდინჯითა და სიბრძნით უძღვებოდა. ივანე ჯავახიშვილზე 1935 წლის 23 მარტს დაიწყო მეორე შეტევა, რომელსაც უნივერსიტეტის ახალდანიშნული რექტორი კარლო ორაგველიძე უძღვებოდა, და იგი მარტიაპრილის განმავლობაში გრძელდებოდა.

მკითხველმა უნდა მომიტევოს მოვლენების ფრაგმენტული გადმოცემა, რადგან თემა ძალზე რთულია, მოცულობა _ დიდი. ჩემი მიზანია, მკითხველს ინტერესი გავუჩინო ამ თემისადმი, რის შემდეგაც, რასაც შეგნებულად თუ შეუგნებლად აკეთებდნენ უახლესი ისტორიის სპეციალისტები, ვამხილო ყველაფერი, რაც კი ამ შექსპირისეულ ტრაგედიაშია გახვეული. აქ არ არის მხოლოდ მავრის ეჭვიანობა და დეზდემონას დახრჩობა, აქ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული და უნდა ამოითხაროს.

1935 წელს ჯავახიშვილზე განხორციელებულ “ტერორისტულ აქტს” ჰყავს მთავარი შემსრულებელი _ კარლო ორაგველიძე, მაგრამ, სანამ მასზე გადავიდოდეთ, შემოგთავაზებთ მოკლე შინაარსს ერთი საარქივო მასალისა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არქივშია (ფონდი 14, აღწერა 9, საქმე 9 ფურცელზე) აღწერილი. ლაპარაკია საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივან ლავრენტი ბერიასადმი უნივერსიტეტის პარტორგანიზაციის მდივნის, ს. გეგენავას, მოხსენებით ბარათზე. წერილის სიდიდის გამო მოგაწვდით რამდენიმე ამონარიდს ამ ბარათიდან:

*”პროფესორმასწავლებელთა უმრავლესობა უნივერსიტეტში შედგება ხალხისგან, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგენია. მაგალითად, პროფესორმასწავლებელთა შორის 35 კაცი მენშევიკია, ნაციონალდემოკრატი _ 34, ფედერალისტი _ 18, კადეტი _ 3, ესერი _ 3, ტროცკისტი _ 11, დამფუძნებელი კრების ყოფილი წევრი _ 7 და ყოფილი მთავრობის მინისტრი _ 2, პროფესორები, რომლებიც პარტიაში არ გაერთიანდნენ, შეადგენენ 61,1 %-, სხვა პარტიის ყოფილი წევრების 56% დოცენტია, ლექტორთა შემადგენლობაში კი _ 42 %. უნივერსიტეტის რექტორმა . აღნიაშვილმა დაკარგა ყოველგვარი პარტიული სიფხიზლე, რის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პროფესორმა . ჯავახიშვილმა სტალინის სახელზე დაწერა მწვავე საჩივარი, რომელშიც აკრიტიკებდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და განათლების განყოფილებას, რომელიც ამუხრუჭებს განათლების სისტემას რესპუბლიკაში. მას ეს წერილი ჯავახიშვილმა გადასცა სტალინთან გასაგზავნად, მაგრამ აღნიაშვილმა ის ათი დღის განმავლობაში არავის გაანდო, ათი დღის შემდეგ კი მე გამენდო და მითხრა, რომ წერილი დამეხია და არ გაგვეგზავნა სტალინთან, რაც მე ვაცნობე როგორც ცეკას, ასევე, ჩეკას”.

წერილი დაწერილია 1935 წლის 15 თებერვალს და ხელს აწერს უნივერსიტეტის პარტიული კომიტეტის მდივანი ს. გეგენავა.

*უნივერსიტეტის რექტორი ა. აღნიაშვილი ცენტრალური კომიტეტის მდივან ლავრენტი ბერიას შემდეგ ახსნა-განმარტებას აძლევს (ტექსტი შემოკლებითაა მოყვანილი):

“პარტიული სიფხიზლე არ დაგვიკარგავს, თუ 1924 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ 3 კაცი იყო კომუნისტი და კომკავშირელი, 1928 წელს კომუნისტთა და კომკავშირელთა რაოდენობა მხოლოდ 14 კაცამდე გაიზარდა, 1930 წელს კი 45 კაცს მიაღწია”.

რექტორი . აღნიაშვილი არაფერს წერს სტალინთან გასაგზავნ წერილზე, გარდა იმისა, რომ გეგენავა ანონიმურად უჩიოდა სტალინს ანდრიაძის დეკანად დანიშვნის გამო. რექტორ აღნიაშვილის წერილი ბერიასადმი კაცობის, მორალისა და თავმოყვარეობის გარეშეა დაწერილი, რასაც თავისი შედეგებიც მოჰყვა და იგი დათხოვნილი იქნა უნივერსიტეტის რექტორობიდან. ყოველგვარ საზღვარს სცილდება არცთუ უნიჭო ახალგაზრდა მეცნიერის, კარლო ორაგველიძის, მოხსენება, რომელიც ივანე ჯავახიშვილის თავდასხმისა და განადგურების მიზნით მოამზადა.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here