Home რუბრიკები სპორტი ოლიმპიური თამაშების ისტორია და ქართველები ოლიმპიადებზე

ოლიმპიური თამაშების ისტორია და ქართველები ოლიმპიადებზე

23 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტომდე გაგრძელდება X ოლიმპიური თამაშები ტოკიოში. ეს მეორე საზაფხულო ოლიმპიური თამაშებია, რომლებიც იაპონიის დედაქალაქში ტარდება. პირველი 1964 წელს გაიმართა.

ოლიმპიური თამაშების ისტორია

ოლიმპიადა, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, უდიდესი მოვლენაა მსოფლიოს ისტორიაში და მილიარდობით ადამიანის ყურადღებას იპყრობს. უამრავი ლეგენდა და მითი არსებობს, როგორ ჩაეყარა საფუძველი ოლიმპიურ თამაშებს. ყველაზე პოპულარული ლეგენდის მიხედვით, ძველი საბერძნეთის მეფე იფიტი, რომელსაც სურდა, შეეწყვიტა სისხლისმღვრელი ომები, დელფოსში გაემგზავრა, იქ, აპოლონის ტაძარში ღმერთებისგან მიიღო ბრძანება, მოეწყო ათლეტების საყოველთაო შეჯიბრება. ამის შემდეგ მეფე იფიტმა და სხვა მმართველებმა შეკრეს საღვთო კავშირი და დააწესეს შეჯიბრების წესები.

ოლიმპია, სადაც უნდა გამართულიყო თამაშები, წმინდა ადგილად გამოცხადდა, ამ ტერიტორიაზე აკრძალული იყო შეიარაღებული პირის შესვლა. ამ წესის დამრღვევს სიკვდილით სჯიდნენ. ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის პერიოდში წყდებოდა ომები. ათლეტთა საზეიმო შეჯიბრების პერიოდულობა 1417 დღე იყო. ეს პერიოდულობა შენარჩუნებულია დღესაც _ ოლიმპიური თამაშები 4 წელიწადში ერთხელ იმართება.

კორების (მარცხნივ) და მილონ კროტონელის ქანდაკებები

ძველი ოლიმპიური თამაშების ათვლა ჩვ.წ. აღ-მდე 776 წლიდან იწყება, როცა ოლიმპიაში პირველად დაუდგეს ძეგლი შეჯიბრებაში გამარჯვებულს. ეს იყო ელიდელი (საბერძნეთის ოლქი, რომელშიც შედის ოლიმპია) კორები, რომელმაც გაიმარჯვა ერთ სტადიაზე (192,27 მ) სირბილში. ის პირველი ოლიმპიური ჩემპიონია კაცობრიობის ისტორიაში. ყველაზე სახელგანთქმული კი არის მოჭიდავე მილონ კროტონელი. მან ოლიმპიადაზე პირველად ჩვ.წ. აღ-მდე 540 წელს გაიმარჯვა, როცა 14 წლისა იყო, შემდეგ კი _ ზედიზედ 6 ოლიმპიადაზე.

ოლიმპიური თამაშების ჩატარება შეწყდა 394 წელს, როცა ის რომის იმპერატორმა თეოდოს I-მა აკრძალა (იმხანად საბერძნეთი რომის იმპერიაში შედიოდა) ძველბერძნული ღმერთების კულტთან ბრძოლის საბაბით. სულ ძველი ოლიმპიური თამაშები 293-ჯერ გაიმართა.

თანამედროვე ოლიმპიური თამაშები

კაცობრიობას ბოლო ძველი ოლიმპიური თამაშებიდან 1500-ზე მეტი წელიწადი დასჭირდა თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებამდე მისაღწევად.

1892 წლის 25 ნოემბერს ფრანგმა არისტოკრატმა, ბარონმა პიერ დე კუბერტენმა, სპორტსა და ისტორიაზე შეყვარებულმა პიროვნებამ, სორბონის უნივერსიტეტში გამართულ სპორტული მოძრაობის მოღვაწეთა კონგრესზე ოლიმპიური თამაშების განახლების აუცილებლობის წინადადება წამოაყენა.

გადაწყდა, რომ პირველი ოლიმპიური თამაშები გაიმართებოდა 1896 წელს ათენში _ ოლიმპიური თამაშების სამშობლოში. ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი იყო ბერძენი დემეტრიუს ვიკელასი (I ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე), გენერალური მდივანი _ პიერ დე კუბერტენი.

პირველ ოლიმპიურ თამაშებს დიდი წარმატება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ 241 ათლეტი მონაწილეობდა 14 ქვეყნიდან.

ოლიმპიური თამაშების სიმბოლოა 5 სხვადასხვა ფერის რგოლი. ცისფერი აღნიშნავს ევროპას, შავი _ აფრიკას, წითელი _ ამერიკას, ყვითელი _ აზიას და მწვანე _ ავსტრალიას. 1924 წლიდან ტარდება ოლიმპიადა სპორტის ზამთრის სახეობებშიც.

ოლიმპიური თამაშების დევიზია Citius, Altius, Fortius სწრაფად, მაღლა, ძლიერად. 5-რგოლიანი თეთრი დროშა 1920 წლიდან ყველა თამაშებზე აღიმართება.

პიერ დე კუბერტენი

ტრადიციული რიტუალები

* გახსნის ცერემონიაზე ცეცხლის ანთება. ცეცხლი ინთება მზის სხივების გამოყენებით ოლიმპიში, შემდეგ ჩირაღდნებს ესტაფეტით ჩააქვთ ოლიმპიადის ორგანიზატორ ქალაქში;

* ოლიმპიადის ორგანიზატორი ქვეყნის გამოჩენილი სპორტსმენი თამაშების მონაწილე ყველა სპორტსმენის სახელით წარმოთქვამს ფიცს;

* მსაჯებიც წარმოთქვამენ ფიცს, რომ მიუკერძოებლად იმსაჯებენ;

* გამარჯვებულებისა და პრიზიორებისთვის მედლების გადაცემა;

* გამარჯვებულის პატივსაცემად სახელმწიფო დროშის აღმართვა და ჰიმნის შესრულება.

1932 წლიდან ორგანიზატორები აშენებენ ოლიმპიურ სოფელს _ საცხოვრებელს თამაშების მონაწილეებისთვის.

ოლიმპიური ქარტიის თანახმად, ოლიმპიური თამაშები შეჯიბრებაა ცალკეულ სპორტსმენებსა და არა ეროვნულ ნაკრებებს შორის, მაგრამ 1908 წლიდან არაოფიციალურად ითვლიან საერთო გუნდურ შედეგებს მოგებული მედლებისა და დაკავებული ადგილების მიხედვით. 1-ელი ადგილი _ 7 ქულა; მეორე _ 5 ქულა; მესამე _ 4; მეოთხე _ 3; მე-5 _ 2; მე-6 _ 1.

საქართველოს დელეგაცია ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადებზე

საქართველოს სპორტის ოლიმპიური ისტორია XX საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში მონაწილეობაზე.საბჭოთა სპორტსმენები, შესაბამისად, ქართველებიც, პირველად 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ.

სულ საბჭოთა კავშირის დელეგაციაში (1952-1988 წლებში) და ე.წ. გაერთიანებულ გუნდში (1992 წ.) საქართველოს წარმოადგენდა 104 სპორტსმენი. 1992 წლის შემდეგ კი დაიწყო ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს დამოუკიდებლად მონაწილეობის პერიოდი.

პირველ, 1952 წლის XV ოლიმპიადაზე საქართველო 14 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათ 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ყველაზე მეტი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა სამხტომელმა ვიქტორ სანეევმა _ 3 ოქროსა და 1 ვერცხლის. ოლიმპიადების 2-გზის გამარჯვებულია მოჭიდავე ლევან თედიაშვილი.

სულ კი ქართველ სპორტსმენებს მოპოვებული აქვთ 41 ოქროს მედალი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველოს სპორტსმენებმა 32 მედალი მოიპოვეს, მათგან 8 ოქროს, 6 ვერცხლისა და 18 ბრინჯაოს.

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნა

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here