ბატონი გრიგოლ ონიანი, საერთაშორისო საზოგადოება “სტალინის” თავმჯდომარე, როგორც ავტორი, 2014 წლიდან თანამშრომლობს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთან”. ამ წლების განმავლობაში გაზეთის ყოველ ნომერში აქვეყნებს წერილებს კაცობრიობის ისტორიაში უნიშვნელოვანესი პიროვნების, ბევრისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი პოლიტიკური ფიგურის, სტალინის ფენომენის შესახებ, მის როლზე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში, ფაშიზმზე გამარჯვებაში, მენშევიკების მიერ გატაცებული ქართული საგანძურის საქართველოში დაბრუნებაში, ქართული კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურისა და არქიტექტურის აყვავების საქმეში; ცდილობს, პასუხი გასცეს ისტორიის ასე მომრავლებულ ფალსიფიკატორებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებაში საბჭოთა კავშირისა და სტალინის როლების დაკნინებას ცდილობენ.
მდიდარი ბიოგრაფიის მქონე, მრავალჭირგამოვლილ გრიგოლ ონიანს, რომელსაც რამდენიმე დღეში, 25 ივლისს, დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდება, ეპოქალურმა რყევებმა სამართლიანობის განცდა ვერ დაუჩლუნგა და ჭეშმარიტების დადგენის სურვილი ვერ დაუკარგა. “სტალინი _ ეს სახელი საუკუნეებს გაუძლებს, ამ ადამიანის საიდუმლოს თაობები შეისწავლიან”, _ ასე იწყება გრიგოლ ონიანის ბესტსელერადქცეული მრავალტომეულის ერთ–ერთი ტომი (დღეს გამოცემულია 6 ტომი, გამოსაცემად მზადდება მე-7).
ბატონ გრიგოლ ონიანს იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე ვესტუმრეთ და იმ აქტუალურ საკითხებზე ვესაუბრეთ, რომლებიც ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის საინტერესოა.
_ ბატონო გრიგოლ, რამდენიმე დღეში 85 წელი შეგისრულდებათ. ისე მხნედ გამოიყურებით, ვერავინ იტყვის, რომ ამდენი წელი გაწევთ მხრებზე. ხომ არ გაგვიმხელთ იმ საიდუმლოს, რით შეინარჩუნეთ ყველა ადამიანისათვის ესოდენ ძვირფასი ჯანმრთელობა და მხნეობა?
_ ადამიანის წელთა სიმრავლე, ცხოვრება, დიდად არის დამოკიდებული მის ბუნებაზე. ბოროტი ადამიანები ხშირად ცოტა ხანს ცოცხლობენ, რადგან ცხოვრების მძიმე ჭაპანს ემატება ბოროტი ზრახვები, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს მათ ცხოვრებისეულ ტვირთს. ბოროტება არა მხოლოდ კაცის კვლა, ყაჩაღობა და ბანდიტობაა, არამედ შური, ბოღმა, ტყუილი, მომხვეჭელობა, ანგარება, არასწორი გზით ბევრი ფულის შოვნისკენ სწრაფვა და მერე, ასე ვთქვათ, “მოპოვებულის” დაცვა. გამოჩენილი ფრანგი მათემატიკოსი და ფიზიკოსი, ლიტერატორი და მორალისტი ბლეზ პასკალი თავის უკვდავ ნაწარმოებ “აზრებში” წერს: “სჯობს, იყო ხარაზი და გეძინოს მეფურ სიზმრებში, ვიდრე იყო მეფე და სიზმრად ცხოვრობდე ხარაზის ცხოვრებით”… ერთხელ ბატონ ბიძინას დავუწერე _ სრულიადაც არ მშურს თქვენი ბევრი ფული და არც თქვენი “მშვიდი ძილის”-მეთქი.
_ ბატონო გრიგოლ, აგერ უკვე 7 წელია, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” არც ერთი ნომერი არ ჩაგიგდიათ, რომ სტალინის ფენომენსა და მის გენიაზე არ გამოგექვეყნებინათ სტატიები, რომლებიც, ძირითადად, საარქივო დოკუმენტებზეა აგებული. როგორ ახერხებთ ამას?
_ არაადამიანური შრომით. მე გამორჩეული ნიჭითა და უნარებით დაჯილდოებული კაცი არ ვარ. ბუნებამ არაფერი მიბოძა ჯანმრთელობის გარდა. არ ვიცი სიმღერა, ცეკვა, ხატვა, სპორტის არც ერთ სახეობაში არ მაქვს გამორჩეული ნიჭი. გაზეთისთვის მოწოდებული მასალა და მასზე მუშაობა კი ქვის კოდვის ტოლფასია, რომელიც უზარმაზარ შრომასთან არის დაკავშირებული. ღამე ისე დამთენებია თავზე, ვერც გამიგია, სანამ ელექტრონათურას დღის შუქი არ შეცვლიდა.
_ ახალგაზრდობიდანვე ასე მუშაობდით?
_ ახალგაზრდობაში ღვინის სმას, სადღეგრძელოებსა და სამეურნეო საქმიანობას ვიყავი გადაყოლილი და სად მეცალა წიგნების დასაწერად (იღიმის)? ოდესმე თუ წიგნს დავწერდი, ვერც კი წარმომედგინა. მამაჩემს რომ ენახა წიგნზე ავტორად დაწერილი ჩემი სახელი და გვარი, ალბათ, სიხარულით გაგიჟდებოდა.
_ მაინც როგორ გადადგით პირველი ნაბიჯი წიგნის დაწერისკენ?
_ აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა ეროვნულ აკადემიაში, მის სამუშაო ოთახში, სადაც შემთხვევით მოვხვდი, თხელი ბროშურა გადმომცა. როგორც კი დავხედე, მომეწონა. თავდაპირველად ბროშურის დიზაინმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომელსაც ჰქონდა წარწერა “აკადემიკოს ნიკო მარის 120 წელი”. ბროშურის კითხვა იქვე დავიწყე. თხრობა იწყებოდა ნიკო მარის ფრაზიდან ამონარიდით ქართული ენის შესახებ. ბროშურის კითხვა მანქანაში განვაგრძე. შინ მისულმა, სანამ ლიფტი ჩემ სართულამდე ამიყვანდა, ბროშურის კითხვა დავასრულე. ბინაში შესვლისთანავე საწერ მაგიდასთან მოვკალათდი, ფლომასტერი მოვიმარჯვე, ბროშურა კვლავ გადავშალე და მარგალიტების მონიშვნა დავიწყე. მივადექი რუსულ წარწერას, რომელიც გაზეთ “პრავდის” რომელიღაც ნომრიდან იყო მოყვანილი: “Великий учйнный из грузинской семъи”. სათაურის ქვეშ ქვესათაური ჰქონდა, უფრო მსხვილი ასოებით: Народ должен знатъ своих ученных”. სიტყვათა წყობამ, აზრთა სისადავემ, ამ სიტყვების ავტორამდე მიმიყვანა. როგორც წერილის სათაურის, ასევე ქვეშ მიწერილი სიტყვების ავტორი სტალინი იყო. უკანჩამოტოვებული ცივილიზაციები ისეთ ფერებში ჰქონდა დახატული წიგნის მთავარ გმირსა და მის ავტორს, რომ თითქოს ცა გამეხსნა… კალამს ხელი მოვკიდე და დღემდე არ გამიშვია. როგორც აკადემიკოსი როინ მეტრეველი ბრძანებს ხოლმე, _ გრიშა წერას ჰყავს აყვანილი. ასე დაიწყო ჩემი უძილო ღამეები და ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მუზეუმებში უთავბოლო ხეტიალი…
_ ამ წლების განმავლობაში უკვე გამოეცით “სტალინის” 6 ტომი, რომლებიც ბესტსელერად იქცა. როგორც თქვენი წიგნების ერთგულ მკითხველს, მაინტერესებს, კიდევ რამდენი ტომის მასალა შეიძლება მოიპოვოთ?
_ ჯერ ჩაძირულ “ტიტანიკამდე” არ მიმიღწევია. ვნახოთ, რა დამხვდება იქ. ბევრჯერ გამცრუებია იმედი _ როცა მეგონა, უკვე მივედი განძთან, ბუტაფორია დამხვედრია, მაგრამ ვფიქრობ, “ტიტანიკზე” არსებული ყველა ძვირფასეულობა აღწერილია გემზე ატანამდე, ამიტომ მათი ადგილზე დათვალიერება ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ფანატიზმით შეიძლება განისაზღვროს.
_ ჩაძირულ ტიტანიკში, ალბათ, სტალინს გულისხმობთ, არა?
_ დიახ, სტალინი შეიწირეს “მოდრეიფე აისბერგებმა” _ მასონთა ლოჟებმა. სურდათ, გაეძარცვათ, მაგრამ მეცნიერებამ ვერ შექმნა იმ ტვირთამწეობის მექანიზმი, რომელიც “ტიტანიკს” მზის სინათლეზე ამოიტანდა, ამიტომ მას ოკეანის ფსკერზე სწავლობენ ურთულეს პირობებში, რათა ხელახლა შექმნან მსგავსი სასწაული.
_ და რა ერქმევა ამ სასწაულს?
_ სტალინიზმი. მე-20 საუკუნის ყალბი ისტორია, რომელიც შემდეგ კიდევ უფრო გააყალბეს სტალინის შემდეგდროინდელმა “პიგმეებმა”, უნდა განადგურდეს. და ისიც უნდა ითქვას, რომ ამ სიყალბის საძირკვლის ჩამყრელი სწორედ სტალინია. სტალინმა, თავკერძა დედ-მამის შვილივით მიისაკუთრა “მუჟიკი” რუსების მიერ გაღმერთებული ლენინის არაფრის მაქნისი თეორია და მისი მემკვიდრე გახდა, რომ არაფერი ვთქვათ, მის მოწაფეობაზე. სიტყვა “ცეცხლის” წარმოთქმით ენა არ იწვის _ იფიცებდა ლენინს და არც ერთ მის ყალბ თეორიას არ იზიარებდა, დაწყებული გენეტიკით, დამთავრებული ევგენიკით. ცალი ხელით ხმას აძლევდა ლენინის ანდერძს ქრისტიანობის მოსპობის შესახებ, მეორე ხელით კი საქრისტიანოს აძლიერებდა და წლების განმავლობაში დაკარგულ ქრისტიანულ მორალსა და პატრიარქის ტახტს განამტკიცებდა.
დღეს სტალინიზმი სოციალიზმია. თუ მას სტალინის სიცოცხლეში რუსული სოციალიზმი ერქვა, ამჟამად ჩინურ სოციალიზმად გადაიქცა. სოციალიზმი, სადაც უნდა არსებობდეს ის, სტალინიზმის არსებობაა. ჩამორჩენილი ჩინეთის სუპერსახელმწიფოდ გადაქცევა სტალინიზმის ბრწყინვალე გამარჯვებაა. დღევანდელი ღარიბი რუსეთის უძლეველობის სიმბოლოც სტალინიზმია. უკვდავი არასდროს კვდება და არ მოკვდება. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ისწავლო სტალინი, ნიშნავს, სწავლობდე მე-20 საუკუნეს: “სხვა მეოცე საუკუნე არასოდეს არ ყოფილა”, _ ამბობს გალაკტიონი.
_ ბატონო გრიგოლ, სტალინზე ბევრი რამ დაწერეთ და კიდევ ბევრს დაწერთ, მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს: რატომ ებრძვის დასავლეთი ასეთი თავგამოდებით ტრადიციასა და სარწმუნოებას?
_ ეს ახალი არ არის. ეს გუშინდელი დღის გამეორებაა. ეს ნეოტროცკიზმია, ამ იდეოლოგიით რუს ხალხს მსოფლიო რევოლუციაში კოცონზე ფიჩხის მოვალეობა უნდა შეესრულებინა. დასავლეთი ხარხარებდა და დასცინოდა სტალინს, რათა მას სურდა, შეექმნა ახალი ადამიანი; დასცინოდა, რადგან არ იცის, ადამიანი ადამიანად რომ არის დაბადებულიო. დიახ, სტალინმა ნამდვილად შექმნა ახალი ადამიანი, რომელსაც ხელში მისცა საუკუნეებგამოვლილი აპრობირებული სამოქმედო პროგრამა “საბჭოთა კონსტიტუცია”, რომელსაც ხალხმა “სტალინური კონტიტუცია” უწოდა. რა იყო საბჭოთა ადამიანის მორალური კოდექსი, რომელიც კონსტიტუციაში ჩაიდო? ბიბლიური ათი მცნება, როგორც პროგრესული მოძღვრება, იესო ნაზარეველმა დახვეწა, ოცი საუკუნის შემდეგ კი საბოლოო სახით სტალინმა ადამიანთა ცხოვრების წესად აქცია. არავინ იცის, როგორი იქნება საზოგადოება, რომელშიც მათ მიერ (ვგულისმობ ლიბერალური სამყაროს) “შექმნილი” ადამიანები იცხოვრებენ. ვინ დაბეჭდავს სოფოკლეს “ოიდიპოს მეფეს”, როგორც ტრაგედიას, რომელიც კომედიად გადაიქცევა, როდესაც “ჭიქა წყლის გამო” (დედასთან სქესობრივი აქტის მიზეზით) ოიდიპოსი თვალებს დაითხრის და კიბიდან დაგორდება? როგორ ახარხარდება სამყარო, როდესაც მსოფლიოში განდიდებული შექსპირი ტაკიმასხარად იქნება აღიარებული მისი ეჭვიანობის გამო; გაქრებიან კასიოები, იაგოები, დეზდემონები და მათ ადგილს დაიკავებენ ლიბერალები _ კრებსითი ლომჯარიები, ხიდაშელები, ჩერგოლეიშვილები და სხვანი; დაიდგმება ვოდევილები: როგორ ნეტარებას განიცდის დეისაძე მშობელ დედაზე, როგორ გარყვნილებას ეწევა “ოქროს ხანის” შემოქმედი თამარ მეფე; ისწავლიან, როგორ მოიშორონ ორსულმა მოსწავლე გოგონებმა ნაყოფი თუნდაც დიდ შესვენებაზე, გაკვეთილებს შორის. აი, ასეთი იქნება ლიბერალების მიერ ახალი ადამიანებისაგან შექმნილი საზოგადოება. თუ ტრადიციულ ქართულ ცეკვაში სამჯერ ეახლება ვაჟი ქალს, რათა გამოიცეკვოს, ხოლო ქალი მაინც უარზეა, თანამედროვე აღზრდისა და ცეკვის ილეთების მიხედვით, ვაჟმა რეპით უნდა მიმართოს თავის პარტნიორს _ “ჩაიხადე მალე, უნდა გიქნა მალე, დრო არა მაქვს, მალე”. იქნებ ასეც ჯობდეს, რადგან დროის აჩქარებამ, სექსიც დააჩქარა, მაგრამ დახეთ, კიდევ არსებობენ ტრადიციის დამცველი ქალები, რომლებიც გლობალურ ტენდენციებთან ბრძოლაში ტოლს არ უდებდნენ მამაკაცებს. სწორედ ასეთი გმირობის ტოლფასია ნინო სუხიშვილი, რომლის სახელიც მაია წყნეთელისა და თამარ ვაშლოვნელის სახელების გვერდით სამუდამოდ ჩაიწერება სპეტაკ ქართველ ქალთა მატიანეში.
_ გლობალური ტენდენციები ახსენეთ…
_ გლობალურ ტენდენციასა და გეოპოლიტიკაზე რა უნდა გითხრათ? აგვიკრძალეს ფილმ “გიორგი სააკაძის” ჩვენება და ყურება, ეკრანებიდან გაქრა ფილმი “ბაში-აჩუკი”, სცენიდან ჩამოვიდა “ღალატი”, “სამშობლო”; აგვიკრძალეს სახალხო დღესასწაულები “დიდგორობა”, “არხილოსკალოობა”. გაგონება არავის უნდა ასპინძის, კრწანისის, ტაშისკარის ბრძოლების. დავით აღმაშენებელი ჯალათია, ადამიანებს სარზე სვამდაო; თამარი მეფე ბოზიაო, გიორგი მეფე _ პედოფილი, ვახტანგ გორგასალი _ ლოთი, ერეკლე _ გამყიდველი, სტალინი _ მანიაკი, ადამიანებს ხოცავდაო. დიდი მოურავი, თურმე, წიწილებივით ხოცავდა თურქებსა და ირანელებს. სამშობლოს თოფითა და ხმლით იცავდნენ და არა ცივილიზებულად _ შარვლის ჩახდითა და მტრისთვის უკანალის მიშვერითო. 1943 წელს სტალინგრადთან გამარჯვების აღსანიშნავად სალვადორ დალიმ სტალინს ფერწერული ტილო მიუძღვნა _ “გეოპლიტიკური ბავშვი ახალშობილის დაბადებას უყურებს”. ამ ტილოზე პლანეტაზე თითის მიშვერით პატარა ბავშვს მიანიშნებს, რომ კვერცხის ფორმის დედამიწის სფერო ერთ ადგილზე (მიანიშნებს კავკასიაზე) იხსნება და ახალშობილი ცდილობს გარეთ გამოსვლას. როგორც ყოველთვის და ყველგან, დაბადებას თან სდევს სისხლი, დედამიწის სფეროდანაც მოედინება სისხლი და ქვემოთ გუბე დგება. აი, ეს არის ახალი სიცოცხლის წარმოშობის სალვადორ დალისეული წარმოსახვა. სტალინგრადში ფაშიზმი სისხლისგან დაიცალა, _ ამაყობს გეოპოლიტიკოსი. სტალინგრადში, თურმე, ბევრი ადამიანი დაუხოცავთ, _ წუხს ლიბერალი. ასე ესმით შარვალჩახდილ ქართველებს გეოპოლიტიკა.
_ ბატონო გრიგოლ, სტალინი, ალბათ, გრძნობდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში რყევები დაიწყებოდა.
_ საფრანგეთის პრეზიდენტი დე გოლი ირწმუნებოდა, რომ სტალინის ხელში რუსეთი უძლეველია, მაგრამ “ვერ ვხედავ ძლიერ რუსეთს სტალინის გარეშე”-ო. ჰიტლერი ასე მოძღვრავდა თავის მარშლებს: “ჩვენი ყველაზე დიდი მტერი სტალინია. ჩვენ რუსეთი ისე უნდა დავანგრიოთ, რომ მან კვლავ ვერ შეძლოს მსგავსი პიროვნების წარმოშობა”. ავერელ ჰარიმანი, აშშ-ის ელჩი საბჭოთა კავშირში ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის პერიოდში, ამბობდა: “ჩვენ ყველას გვწამდა, რომ სტალინის ხელში მტერი აუცილებლად განადგურებული იქნებოდა, მაგრამ არავინ იცოდა, რა იქნებოდა უსტალინოდ”. სტალინი, თავის მხრივ, ხშირად საყვედურობდა აგიტპროპს (აგიტაცია-პროპაგანდისტებს): “ჩვენ კერპთაყვანისმცემლებს ვზრდით იმის მაგივრად, რომ აღვზარდოთ პატრიოტები, საქმის მცოდნენი, ბეჯითნი. თუ არ შევცვლით ჩვენს იდეოლოგიას, დავიღუპებით”. სტალინის სიტყვებია: “მე რომ მოკვდები, თქვენ ჭირვეული ბავშვებივით ერთმანეთს დაერევით. ვიცი, ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავს უამრავ ნაგავს დააყრიან, მაგრამ ისტორიის ულმობელი ქარი მალე გაფანტავს მას”.
სტალინის პოლიტიკური ანდერძი კი ასეთია: “ჩვენი პარტიისა და ხალხის მრავალი საქციელი დამახინჯდება, პირველ რიგში, საზღვარგარეთ და ასევე ჩვენს ქვეყანაში. სიონიზმი, რომელიც მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვის, სასტიკად იძიებს შურს ჩვენი წარმატებისა და მიღწევების გამო. ის კვლავ განიხილავს რუსეთს, როგორც ბარბაროსულ ქვეყანას, როგორც სანედლეულე დანამატს, და ჩემი სახელიც ცილისწამების ლაფში ამოისვრება. მსოფლიო სიონიზმი მთელი ძალით შეეცდება, გაანადგუროს ჩვენი კავშირი ისე, რომ რუსეთი აღარასდროს აღდგეს. სსრკ-ის სიძლიერე ხალხთა მეგობრობაშია. ბრძოლის სათავე მიმართული იქნება, უპირველეს ყოვლისა, ამ მეგობრობის გაწყვეტისკენ, გარეუბნის რუსეთისგან გამოყოფისკენ. აქვე უნდა ვაღიარო, რომ ყველაფერი არ გაგვიკეთებია. აქ ჯერ კიდევ სამუშაოების დიდი სფეროა. ნაციონალიზმი განსაკუთრებული ძალით წამოწევს თავს. ის გაანადგურებს ინტერნაციონალიზმს და პატრიოტიზმს გარკვეული დროით, მხოლოდ გარკვეული დროით. ეროვნული ჯგუფები და კონფლიქტები წარმოიქმნება. გამოჩნდება პიგმიის მრავალი ლიდერი, თავიანთი ერების მოღალატე. საზოგადად, მომავალში განვითარება უფრო რთული და თუნდაც მძვინვარე გზებით წარიმართება, ბრუნვები ძალიან მკვეთრი იქნება. საქმე ის არის, რომ აღმოსავლეთი აღფრთოვანდება, მკვეთრი წინააღმდეგობები გაჩნდება დასავლეთთან. და მაინც, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, დრო გავა, და ახალი თაობები ჩვენი სოციალისტური სამშობლოს საქმეებსა და გამარჯვებებს მიაპყრობს ყურადღებას. ახალი თაობები მოვლენ და ისინი კიდევ ერთხელ აღმართავენ თავიანთი მამებისა და ბაბუების დროშას და მოგვცემენ შესაფერის ღირებულებას. ისინი თავიანთ მომავალს ააშენებენ ჩვენს წარსულზე”. სტალინს ჩვეულებრივი ადამიანისთვის ბევრი შეუმჩნეველი თვისება ჰქონდა და ეს, ძირითადად, გადასახლებაში ოთხი წლის განმავლობაში შამანებთან ცხოვრებისა და მეგობრობის შედეგი იყო.
_ ჩემთვის ცნობილა, რომ ამას წინათ თქვენთან სტუმრად იმყოფებოდა ძალიან საინტერესო პიროვნება, რომელიც სტალინის ცხოვრების ე.წ. შამანურ პერიოდს სწავლობდა და სწავლობს და, თუ არ ვცდები, იაკუტიიდან უნდა იყოს ეს მეცნიერ–პროფესორი. რატომ არ წერთ ამ შეხვედრაზე?
_ ჩემი და მისი ხანგრძლივი საუბარი ჩაწერილი მაქვს ვიდეოფირზე. გამძვინვარებული პანდემიის პირობებში, თვითონ არ ისურვა სხვა ადამიანებთან შეხვედრა, არც მესამე პირთან ისაუბრა (ოპერატორი და თანაშემწე თავისი ახლდა). მთხოვა, ჩანაწერი არ გაასაჯაროვოო. მისი მონათხრობი არც ისე სენსაციურია, მაგრამ არის რაღაც მაგიურიც, რომელიც არ ვიცოდი. რაც შეეხება საერთო თემას, მითხრა, რომ მან სერიოზული კვლევა ჩაატარა სტალინისტებზე და ჩემთანაც ამიტომ მოვიდა. მისი დაკვირვებით, სტალინისტები შესამჩნევად დიდხანს ცოცხლობენ. ჩემს კითხვაზე _ აკვირდება თუ არა ის ანტისტალინელების სიცოცხლის ხანგრძლივობას, მკვეთრად და გარკვევით მიპასუხა: ისინი ან მოულოდნელად, ან ტანჯვით ამთავრებენ სიცოცხლესო და ამის დასტურად მაგალითები მომიყვანა, მაგრამ გასაჯაროებაზეც უარი განმიცხადა.
_ ბატონო გრიგოლ, აპირებთ 85 წლის იუბილის აღნიშვნას?
_ ვფიქრობდი, აღმენიშნა არა ჩემი დაბადების დღე, არამედ ჩემი მე-7 ტომის პრეზენტაცია, თუ ჩემი დაბადების დღისთვის გამოვიდოდა. წიგნის დაბეჭდვა ვერ მოესწრო, ამიტომაც, ალბათ, ჩემი დაბადების დღის აღნიშვნაც გადაიწევს, მაგრამ არა უსასრულოდ. იცით, რა მითხრა სტუმარმა? სტალინს 70 წლის იუბილე რომ არ გადაეხადა, 80 წლის იუბილეს სულ სხვა პირობებში გადაიხდიდაო. რაც შემეხება მე, 100 წლის იუბილეს გადავიხდი ტურუხანსკის იმ სახლში, რომელშიც სტალინი ცხოვრობდა ბოლო გადასახლების პერიოდში…
ესაუბრა ბესო ბარბაქაძე
(დასასრული შემდეგ ნომერში)
ბატონო გრიგოლ, ცნობილია, რომ სტალინი 40-ანი წლების ბოლოს ძალზე აკრიტიკებდა ნიკო მარს, მაგრამ არ ვიცოდი, თუ 30-ან წლებში იგი დიდი აზრის ყოფილა მასზე. ხომ არ იცით, რას ან ვის უნდა შეეცვალა აზრი მისთვის?