Home რუბრიკები ისტორია დიდი ომის ნამსხვრევები

დიდი ომის ნამსხვრევები

დასასრული. დასაწყისი იხ. #18, 2021 წ.

ქართველები SS-ელთა რიგებში

ჩვენი გაზეთის გასულ ნომერში ვწერდით, რომ ამ მიმოხილვის გამოქვეყნება (22 ივნისამდე) დაგვაჩქარებინა თბილისში მოარულმა ხმამ, თითქოს ვაკის გამარჯვების პარკის უცნობი ჯარისკაცის მემორიალის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს XX საუკუნეში გამართულ ომებში დაღუპული გმირების მემორიალად გადასაკეთებლად.

ყველასი!

მიუხედავად იმისა, ვის მხარეს იბრძოდნენ!

ნუ გვაგლოვინებთო, ვითარცა გმირებს, სამშობლოს მოღალატე ქართველ კოლაბორაციონისტებს, რომლებიც, ფაშისტური რაიხის ქვედანაყოფებში გადასულ-გადაბირებულები, დაუნდობლად ხოცავდნენ ჭეშმარიტ ქართველ პატრიოტებს! ასეთი იყო ჩვენი პუბლიკაციის პათოსი. რეაქცია ხელისუფალთა (თუნდაც ავტორების) მხრიდან, იგნორირების წესისამებრ, _ ნულოვანი! რაო, უკვე გადმოვიღეთ და დავამკვიდრეთ ნეოლიბერალური “საყოველთაო ტოლერანტობის” თუ მიმტევებლობის პრაქტიკა?

მაშ, განვაგრძოთ ფაქტების ციტირება წიგნიდანვირთხისტყაოსანი ბანდიტი”.

უკომენტაროდ!

1944 წლის 9 დეკემბერს შშ-ის ჯარების მთავარ შტაბთან არსებული III აღმოსავლეთის შტაბის უფროსს, დოქტორ არტლედს ზემდგომმა ინსტანციებმა ნება დართეს, აღერიცხა გერმანიის ბანაკებში მყოფი ყველა კავკასიელი, რომლებსაც თავს მოუყრიდნენ ერთ ბანაკში და გამოიყენებდნენ SS-ის კავკასიის დივიზიის შესავსებად. ამრიგად, კავკასიელები უნდა განეცალკევებინათ დანარჩენი ტყვეების მასისგან, რათა ქართულ შტაბს საშუალება მისცემოდა, მეტი ყურადღება დაეთმო თანამემამულეებისთვის. ამასთან ერთად, კატეგორიულად აიკრძალა კავკასიელების გადაბირება გენერალ ვლასოვის რუსეთის განმათავისუფლებელ არმიაში.

SSის ჯარების კავკასიური გაერთიანების შექმნის ბრძანება გიმლერმა 1944 წლის დეკემბერში გასცა.

აღნიშნული გაერთიანება, რომელიც, აგრეთვე, მოიხსენიებოდა, როგორც SSის ჯარების ცხენოსანთა დივიზია, აერთიანებდა ოთხ საბრძოლო ჯგუფს კავალერიის პოლკების დონეზე.

1944 წლის 31 ოქტომბრისთვის საბრძოლო ჯგუფების მეთაურების კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავდათ. კერძოდ, აზერბაიჯანის პირველი ჯგუფის მეთაურად შეარჩიეს პოლკოვნიკი ისრაფილბეი, მეორე ჩრდილოკავკასიური ჯგუფის მეთაურად _ პოლკოვნიკი ქუჩუქუგალაი, მესამე სომხურის _ პოლკოვნიკი სარქსიანი, მეოთხე ქართული ჯგუფის _ პოლკოვნიკი, თავადი ფრიდონ წულუკიძე, რომელსაც, ისევე, როგორც მის კოლეგებს, SSის ვაფენშტარდანტენ ფიურერის წოდება მიანიჭეს.

SS-ის ჯარების კავკასიელთა გაერთიანების მეთაურად დანიშნეს ბალტიელი გერმანელი, შტანდარტენფიურერი . ტოიერმანი. დივიზიის დისლოკაციის ადგილად შეარჩიეს ჩრდილოეთ იტალიის მაღალმთიანეთში ქალაქი პოლუცო.

კადრები შეარჩიეს დასავლეთის ფრონტზე დამარცხებული აღმოსავლური ფორმირებების მოსამსახურეებს შორის, ასევე, კავკასიელები, რომლებიც სამხედრო ტყვეთა ბანაკებში 1944 წელს გადაიბირეს.

ქართული პოლკის ძირითად ბირთვად შეიკრა ჯგუფის ქართული ასეული” (“კავკასია”), რომელიც ჯერ კიდევ 1942 წლის შემოდგომაზე იყო ჩამოყალიბებული კელცის ბანაკში კავკასიის ოკუპირებულ რაიონებში პოლიციური მოვალეობის შესასრულებლად. 1944 წლის ნოემბრისთვის სწავლების კურსი პირველმა დაამთავრა ქართულმა საბრძოლო ჯგუფმა, რომლის მეთაურად ფრიდონ წულუკიძე ოფიციალურად 1945 წლის 1 თებერვალს დაამტკიცეს. მანმადე, 1944 წლის 1 აგვისტოდან იგი SS-ის ცხენოსანთა დივიზია “ფლორიან გეიერის” მერვე სათადარიგო-სასწავლო ესკადრონის რეზერვის ოფიცრად მსახურობდა და მონაწილეობდა ქართული საბრძოლო ჯგუფის სწავლებასა და ფორმირებაში.

კოლაბორაციონისტების ქართული ქორწილი
კოლაბორაციონისტების ქართული ქორწილი

1945 წლის დასაწყისისთვის პირადი შემადგენლობის სამი ათასი კაცის ნაცვლად, რაც საშტატო განრიგით იყო გათვალისწინებული, გერმანელებმა მხოლოდ 800-ის შეგროვება შეძლეს. ასეთი დანაკლისის მიუხედავად, სარდლობამ დაიწყო სამი ესკადრონის ფორმირება, რომლებსაც “ვეფხისტყაოსნის” გმირების სახელები მიანიჭეს: “ტარიელი”, “ავთანდილი” და “ფრიდონი”.

ომის დამთავრებამდე შშ-ის ჯარების გაერთიანება სრულად მაინც ვერ შეივსო _ ტყვე ქართველების რესურსი ამოეწურათ, რეზერვი ვეღარ ივსებოდა _ საბჭოთა არმია, რომელშიც ქართველი ვაჟკაცები გმირულად იბრძოდნენ, გამარჯვების დღეს აახლოებდა.

გერმანელები გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ. მოხალისეთა დივიზიის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ სამ მსხვილ ოპერაციაში, რომლებიც მიმართული იყო მწვანე და წითელი იტალიელი პარტიზანების წინააღმდეგ.

1945 წლის აპრილისთვის ჩრდილოეთ იტალიაში კავკასიური გაერთიანების მდგომარეობა სრულიად უიმედო გახდა. ომის დამთავრებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა.

შექმნილ ვითარებაში ქართული საბრძოლო ჯგუფის სარდლობამ, ვაფენ-შტანდარტენფიურერ ფრიდონ წულუკიძის მეთაურობით, გადაწყვიტა, იარაღით ხელში გადასულიყო ანტიკომუნისტური პარტიზანულ ბრიგადა “ოზოპოს” მხარეს. ხელშეკრულებაში, რომელიც დაიდო SSის ქართული საბრძოლო ჯგუფის სარდლობასა და იტალიელ ანტიკომუნისტურ პარტიზანებს შორის, ხაზგასმულად იყო აღნიშნული, რომ ქართველები ამ მოძრაობას უერთდებიან ადგილობრივი კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების მიზნით. გერმანიის ჯარების წინააღმდეგ რაიმე ქმედება გამორიცხული იყო. 150 ქართველი შეუერთდა იტალიელ გარიბალდიელ პარტიზანებს.

მიუხედავად იმისა, რომ 1943 წლის ბოლოსთვის თითქმის ყველა ქართული ფორმირება გადაიყვანეს დასავლეთის ფრონტზე, 1944-1945 წლის ზამთარში ქართული, აზერბაიჯანული, სომხური და ჩრდილოკავკასიური ლეგიონების კადრების საფუძველზე ნოიხამერის საწვრთნელ ბაზაზე ჩამოყალიბდა მე-12 კავკასიური ტანკსაწინააღმდეგო-გამანადგურებელი გაერთიანება. ამ ქვედანაყოფში შედიოდა ქართული გამანადგურებელი ნაწილი ლეიტენანტ შალვა ოქროპირიძის მეთაურობით.

კავკასიური ტანკსაწინააღმდეგო-გამანადგურებელი გაერთიანება, რომელსაც ქართველი ოფიცერი მეთაურობდა, 1945 წლის მარტ-აპრილში მონაწილეობდა არმიის დაჯგუფება “ვისლის” მიერ წარმოებულ ბრძოლებში.

ამათ რაღა უხარიათ...
ამათ რაღა უხარიათ…

შემდგომში ეს გაერთიანებები, ისევე, როგორც აღმოსავლეთით დარჩენილი სხვა ნაწილები, მოხალისეთა გაერთიანებების გენერალ . კესტრინგის დახმარებით აღმოსავლეთის ფრონტიდან დანიაში გადაიყვანეს.

იალტის კონფერენციაზე საბჭოთა კავშირი და მისი მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ყველა ყოფილი საბჭოთა მოქალაქე, რომლებიც ომის დამთავრების შემდეგ მოკავშირეთა მიერ კონტროლირებად ევროპის ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა, გადაეცათ სსრკ-ისთვის; მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველი ლეგიონერებიც.

ლეგიონერების უმრავლესობამ არ იცოდა, რა ბედი ელოდა სამშობლოში დაბრუნებულებს და უპრობლემოდ ბარდებოდა დასავლელ მოკავშირეებს, იმედოვნებდნენ, რომ, სულ ცოტა, სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ. თუმცა არც სხვა სიტუაციები იყო გამორიცხული. მაგალითად შეიძლება მოვიხმოთ “ფსიქოლოგიური ბრძოლის” წარმოების ხარვეზები, როგორიც იყო 1945 წლის მარტში მოკავშირეების მიერ სამი სომხური და ერთი ქართული ლეგიონის პოზიციებზე პროპაგანდისტული ფურცლების ჩამოყრა, რომლებითაც გერმანელების მხარეს ომის დასაწყისში გადასულ ან გერმანელების მიერ გადაბირებულ წითელარმიელებს მოუწოდებდნენ, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ბრძოლა და ტყვედ ჩაბარებულიყვნენ. გარანტიას აძლევდნენ, რომ უზრუნველყოფდნენ მათ დაბრუნებას სამშობლოში. ძნელად გასაგები არ უნდა იყოს, რატომ იბრძოდნენ უკანასკნელ კაცამდე ეს ბატალიონები.

კუნძულ ტექსელის აჯანყებულები უკანასკნელი ბრძოლის წინ
კუნძულ ტექსელის აჯანყებულები უკანასკნელი ბრძოლის წინ

ქართული ლეგიონის ჯარისკაცებისა და ოფიცრების უმრავლესობას არ გაუზიარებია ესგაფრთხილებადა იარაღით ხელში ტყვედ ჩაბარდა დასავლეთის ფრონტზე. თუმცა ისიც იყო, რომ ქართველების ერთი ბატალიონი, რომელიც კუნძულ ტექსელზე იყო განლაგებული, აჯანყდა ოკუპანტი გერმანელების წინააღმდეგ. 800-მდე ქართველი ლეგიონერი, კაპიტან ლოლაძის მეთაურობით, ორი კვირის განმავლობაში ებრძოდა ფაშისტებს, შემადგენლობის ორი მესამედი შეეწირა ამ უკანასკნელ ომს და ჩაბარდა კუნძულზე გადმოსხმულ კანადელებს. ლეგიონერების მნიშვნელოვანი ნაწილი (მოკავშირეთა მხარეს გადასულ ტექსელელთა ჩათვლით) შემდგომში გადაეცა საბჭოთა კავშირს.

ორიოდ სიტყვა SS-ის ჯარების კავკასიური გაერთიანების წოდებების განმასხვავებელი ნიშნების შესახებ.

1944 წლის 24 ნოემბერს SS-ის მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების უფროსმა, დოქტორმა . ოლცშმა წარადგინა მოხსენება აღნიშნული ნიშნების შესახებ. ვერმახტის ქართველი ლეგიონერებისთვის, ქართული საბრძოლო ჯგუფისთვის გათვალისწინებული იყო ქართული ეროვნული ფერების სამკლაურის ტარება წარწერით, შშ-ის ჯარების შემადგენლობაში ყოფნის საჩვენებლად ქართველებს უნდა ეტარებინათ შავი ნიშანი კავკასიური ფარისა და ხანჯლის გამოსახულებით, ასევე შავი სამკლაური ლენტი ვერცხლისფერი ასოებით ამოქარგული წარწერით “Waffengruppe Georgien“.

გარკვეული დროის განმავლობაში აღმოსავლეთ ლეგიონერებს არ უნდა ჰქონოდათ პრეტენზია გერმანულ ჯილდოებზე, რომლებიც “უმაღლესი რასის” პრეროგატივად იყო მიჩნეული, ამიტომ 1942 წლის ზაფხულში დააწესეს “აღმოსავლეთის ხალხებისთვის” განკუთვნილი იაფფასიანი ჯილდო _ მედალი რაღაც გაუგებარი ორნამენტით. ამ მედალს ჰქონდა რამდენიმე ხარისხი. მხოლოდ 1944 წლის ზამთარში, როცა გერმანელების დამარცხება გარდაუვალი გახდა, “აღმოსავლელთა” ერთგულების წასახალისებლად მათი გერმანული საბრძოლო ნიშნებით დაჯილდოება დასაშვებად მიიჩნიეს.

ტექსელის აჯანყების მონაწილენი
ტექსელის აჯანყების მონაწილენი

პრონაცისტი ემიგრანტი ქართველები ფაშისტების სამსახურში

ქართული ემიგრაციის გარკვეული ფენა 1940 წლის ბოლოსთვის საფრანგეთში იყო თავმოყრილი. დასავლეთში გერმანული ბლიცკრიგის შემდეგ, 1940 წლის ივლისში, აბერის ოფიცრების: . მერკეტისა და . რაუპახის დახმარებით პარიზში შეიქმნა ქართული ბიურო, რომლის ხელმძღვანელად დანიშნეს მიხეილ კედია (იგი გერმანიაში ცხოვრობდა და ჯერ კიდევ 1938 წლიდან ყველა ქართველი ემიგრანტის ერთიან პროგერმანულ მოძრაობაში თავმოსაყრელად იღწვოდა). ბიურო მოწოდებული იყო ემიგრანტული ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კოორდინაციისთვის საფრანგეთში და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საომარ დაპირისპირებაში ჩართვის მოსასინჯად.

ქართული ემიგრაციის მდგომარეობა რამდენადმე გართულებული იყო იმის გამო, რომ ჯერ კიდევ 1940 წლის თებერვალში “დევნილობაში მყოფმა საქართველოს მთავრობამ” განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს ინგლის-საფრანგეთის ბლოკს. კედიას უნდა გაენეიტრალებინა თანამემამულეების ანტიგერმანული განწყობილება, რისი გაკეთებაც მან შეძლო _ ქართველები ნაცისტების მხარეს გადასასვლელად დაიყოლია. კედიას მფარველად მოევლინა მესამე რაიხის სპეცსამსახურების ერთერთი გავლენიანი ადამიანი, “ცეპელინისხელმძღვანელი, SSის ობერშტურმანფიურერი, დოქტორი გეორგ გრეიფი.

საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ კედია ქართული კოლაბორაციული მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრალური როლის შემსრულებლად მოგვევლინა. ნიშანდობლივია, რომ ამ ამპლუაში მას მხარს უჭერდა ყოფილი მენშევიკი ნოე ჟორდანია. სოციალდემოკრატებმა მიხეილ კედიას გადასცეს თავიანთი სადაზვერვო ქსელი, საქართველოში იატაკქვეშა ორგანიზაციების ჩათვლით. ჟორდანიას დაჟინებული თხოვნით, ქართული ემიგრაციის შეძლებულმა ადამიანებმა კედიას გადაურიცხეს მნიშვნელოვანი თანხა.

საქართველოთურქეთის საზღვრის გადაკვეთით აგენტიდივერსანტების საქართველოში შეგზავნის ოპერაციების წარმატებით განხორციელების შედეგად კედიამ ავტორიტეტი მოიხვეჭა გერმანიის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, SSის ბრიგადენფიურერის _ ვალტერ შელენბერგის თვალში.

 1941 წლის თებერვალში კედია აქტიურად მონაწილეობდა დივერსიულტერორისტული ჯგუფთამარ II-ისშექმნაში, რომლის მოთარეშენი დივერსიების განსახორციელებლად კავკასიაში შემოაგზავნეს.

ნაცისტური საოკუპაციო პოლიტიკის ორბიტაში თანამემამულეთა ჩასართავად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, აგრეთვე, 1942 წელს გერმანიაში ჩამოყალიბებულმა ე.წ. ქართულმა ეროვნულმა კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარე იყო პროფესორი მიხეილ წერეთელი. ბევრის მიმანიშნებელია, რომ კომიტეტის შემადგენლობაში შევიდნენ არა მხოლოდ ქართველი ფაშისტები (ისეთები, როგორიც ქართული ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ლიდერი კალისტრატე სალია იყო), არამედ ნაციონალ-დემოკრატები: გიორგი მაღალაშვილი, სპირიდონ კედია (მიხეილ კედიას მამა) და ზურაბ ავალიშვილი.

ამ კომიტეტის წევრებისა და აღმოსავლეთ სამინისტროს ქართველი თანამშრომლები ყოველგვარ ზომებს იღებდნენ ამიერკავკასიაში ვერმახტის შეღწევის შემთხვევაში საქართველოში მძლავრი კოლაბორაციონისტური მოღვაწეობის გასაშლელად.

ამ მიზნით 1942 წლის ზაფხულში მიხეილ კედიას, “ცეპელინისა” და იმპერიული უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ოფიცრების მონაწილეობით ჩამოყალიბდა საგანგებო სამუშაო ჯგუფი _ “ზონდერშტაბი კავკასია”, რომლის უშუალო მოვალეობა იყო, ამიერკავკასიაში ვერმახტი თუ შეაღწევდა, მოემზადებინა სამხედრო-პოლიციური ფორმირებები, ასევე, კოლაბორაციული ადმინისტრაციული აპარატის ბირთვი. საამისო ძირითადი კადრები უნდა შეერჩიათ კავკასიური ეროვნებების სამხედრო ტყვეებს შორის, რომლებიც დიდი რაოდენობით იყო თავმოყრილი ჩრდილოეთ კავკასიის ბანაკებში.

კედიას პროტექციით, “ზონდერშტაბის” ქართული ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე. ქართული ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა ქართველი ნაციონალ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ასათიანი, ასევე, დიმიტრი სინჯიკაშვილი და ალექსანდრე ცომაია.

1943 წლის ოქტომბერში მესამე რაიხის ხელისუფლებამ ქართული ეროვნული კომიტეტის ნაცვლად გადაწყვიტა ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა უფრო მკაფიო და კონკრეტული უფლებებით.

ამ დროისთვის კავკასიური ეროვნული ნაწილების ფორმირება, რომლებიც თავის რიგებში 100 ათასზე მეტ კაცს ითვლიდა, აპოგეას აღწევს. ვინაიდან ბერლინი კატეგორიულად არ ცნობდა კავკასიელი ხალხების დამოუკიდებლობას, რაიხსმინისტრმა როზენბერგმა გადაწყვიტა კავშირის დამოუკიდებელი შტაბების შექმნა. ამ სტრუქტურების ეფექტიანი ფუნქციონირების გასაძლიერებლად გადაწყდა ამ გაერთიანებებში სამუშაოდ არა მხოლოდ ემიგრანტების მიწვევა, არამედ ყოფილი სამხედრო ტყვეების ჩაბმაც. ეროვნული კომიტეტებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ქართული ემიგრაციის უფროსი თაობის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, კავშირის შტაბები შეავსეს ახალგაზრდა თაობის ემიგრანტებით, რომლებიც უფრო გამოსადეგნი იქნებოდნენ კონკრეტულ პრაქტიკულ სამუშაოზე.

შტაბის ყოველწლიური ბიუჯეტი, რომელიც აღმოსავლეთის სამინისტროს მიერ იყო გამოყოფილი, შეადგენდა 300 ათას რაიხსმარკას, შემდეგ კი _ 600 ათასამდე გაიზარდა.

შტაბის წარმომადგენლად და სამოქალაქო განყოფილების ხელმძღვანელად ითვლებოდა დოქტორი გიორგი მაღალაშვილი, პოლიტიკური განყოფილების _ მიხეილ კედია, სამხედროსი _ ქართულ ბატალიონბერგამონ-I”-დან გადაყვანილი ობერლეიტენანტი გივი გაბლიანი. განყოფილების საფინანსო მეურნეობას სათავეში ჩაუდგა მიხეილ ალშიბაია.

1944 წლის ოქტომბერში შშ-ის მთავარი სამმართველოს უფროსის, ობერშტურმანფიურერისა და გენერლის _ გ. ბერგერის მხარდაჭერით, აირჩიეს კავკასიის ეროვნული საბჭო, რომლის წევრები გახდნენ . კედია, . ალიბეკოვი, . ჯამალიანი და . კანტემირი. საბჭოს მდივანი გახლდათ . ალშიბაია. სამხედრო კოლაბორაციონალიზმის კოორდინაციის მიზნით ჩამოაყალიბეს კავკასიის სამხედრო საბჭო, რომლის მოვალეობა იყო “კავკასიის გამათავისუფლებელი არმიის” შექმნა, მაგრამ ამ დაჯგუფების შემადგენლობაში შესაძლებელი გახდა უკრაინის, ბელორუსიის, კავკასიის, თურქესტანის, ასევე, ვოლგისპირა და ყირიმის თათრების წარმომადგენელთა მხოლოდ მცირე ნაწილის შეკრება.

1945 წლის დასაწყისში, როცა აშკარა გახდა გერმანიის დამარცხება, კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელები (უწინარესად, მიხეილ კედია) შეეცადნენ, კავშირი დაემყარებინათ დასავლელ მოკავშირეებთან. საფრანგეთში მათ გადმოსხდომამდე მიხეილ კედია და ალექსანდრე ცომაია, აბვერისა და ვერმახტის მაღალი თანამდებობის ოფიცრების მხარდაჭერითა და აშშ-ის სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს აგენტ იური სკარჟინსკის მეშვეობით შეეცადნენ დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლებთან კავშირის დამყარებას.

სკარჟინსკის ლეგენდის შესამუშავებლად იგი გადაიბირა გერმანიის საგარეო დაზვერვამ. თავიანთი მფარველების დახმარებით კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელებმა სამჯერ იხსნეს სკარჟინსკი გესტაპოს მიერ დაპატიმრებისგან, რომელმაც თავისი არხებით შეიტყო, რომ ეს აგენტი წარმატებით ასრულებდა კედიას და დასავლელი მოკავშირეებს შორის შიკრიკის როლს.

1945 წლის აპრილის დასაწყისში მიხეილ კედიამ, ასევე, ეროვნული კომიტეტების სხვა ხელმძღვანელებმა შეძლეს თავიანთი გერმანელი კურატორების დარწმუნება შვეიცარიაში ხანმოკლე გამგზავრების ნება რომ დაერთოთ. რაიხის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ კომიტეტების ხელმძღვანელები თითქოს აპირებდნენ მოხალისეების მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების პრობლემაზე საუბარს.

ჟენევაში შეხვედრის ჭეშმარიტი მიზანი კავკასიის, უკრაინისა და თურქესტანის კომიტეტების წარმომადგენელთა ამერიკის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა კოლაბორაციონისტების საბჭოთა კავშირში შესაძლო რეპატრიაციის თავიდან აცილების შესახებ მოლაპარაკება და დასავლეთის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში მათი გამოყენების საკითხი იყო. ჟენევის სასტუმრო “ანგლეტერში” უმკაცრესად გასაიდუმლოებული შეხვედრის ორგანიზებაში კოლაბორაციონისტებს დაეხმარა აშშ-ის დაზვერვის სამმართველოს რეზიდენტი შვეიცარიაში ალენ დალესი.

აპრილის დასასრულს კედიამ ამერიკის რეზიდენტს გადასცა განსაკუთრებული მემორანდუმი, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ უახლოეს მომავალში, როცა მოკავშირეები აუცილებლად დაუპირისპირდებოდნენ სტალინს, ეს ადამიანები (კოლაბორაციონისტები) “დასავლეთის ყველაზე უფრო ერთგული მომხრეები იქნებიან”. შეთანხმების შემთხვევაში კედია მზად იყო, მოკავშირეებისთვის გადაეცა მთელი თავისი სადაზვერვო ქსელი, საქართველოში არსებული არალეგალური ორგანიზაციების ქსელითურთ.

დალესმა ურჩია კედიასა და კაიუმხანს, გერმანელებისთვის დაჟინებით მოეთხოვათ ნაციონალური კომიტეტებისთვის დევნილობაში მყოფი მთავრობების სტატუსის მინიჭება. ასეთი ფორმალობის განხორციელების შემდეგ გაცილებით გაიოლდებოდა, აშშ-ის ხელისუფლებისა და დასავლეთის საზოგადოებრიობისთვის დაემტკიცებინათ, რომ დასავლეთის ფრონტის კოლაბორაციონისტები არ არიან, ჰიტლერის დაქირავებულები. ამასთან ერთად, დალესმა დაარწმუნა მოლაპარაკებაში ჩართული გერმანელები, რომ მათ შიში არ უნდა ჰქონდეთ კაპიტულაციის შემდეგ თავიანთი ბედ-იღბლისა.

ასეთი რჩევის მიღების შემდეგ კავკასიის კომიტეტის წევრებმა მთელი თავიანთი შესაძლებლობა წარმართეს როზენბერგის დასარწმუნებლად, გაეცა შესაბამისი დოკუმენტი. ბოლოს და ბოლოს კავკასიელების ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა: 1945 წლის 17 მარტს აღმოსავლეთის ოკუპირებული ტერიტორიების საქმეთა რაიხსმინისტრ როზენბერგს რაიხის მთავრობამ ნება დართო, ქართული ეროვნული კომიტეტიქართველი ხალხის ერთადერთ წარმომადგენლობად ეღიარებინა”.

1945 წლის აპრილში ქართული კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მაღალაშვილმა ქალაქ კომელიანში, შშის ჯარების ქართული პოლკის ბანაკში საზეიმოდ გამოაცხადა, რომ მესამე რაიხის სულთმობრძავმა ხელისუფლებამ იურიდიულად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

თქვენს მტერს ეშველოს ისე, როგორც ამ აღიარებამ თავის დროზე უშველა საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ვაი, თუ მოარული ხმა, თითქოს ქართველ კოლაბორაციონისტებს ჭეშმარიტ ქართველ გმირებთან მართლაც ერთობლივ მემორიალს უგებენ თბილისში, გამარჯვების პარკში, მაშინ ნამდვილად დამთავრდება საქართველო!

გაიხსენეთ დიდი ჭაბუა ამირეჯიბის შეგონება: “ფრთხილად, ქართველებო!”

წიგნიდანვირთხისტყაოსანი ბანდიტიმოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here