Home რუბრიკები ისტორია დიდი ომის ნამსხვრევები

დიდი ომის ნამსხვრევები

1941 წლის 22 ივნისი, დილის 4 საათი. ასე დაიწყო დიდი სამამულო ომი

წერილი, რომელიც რედაქციას გამოუგზავნა საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა მედეა ქართველიშვილმა, დიდი ხნის წინათ მიტოვებული ბინის სამარისებულ სიჩუმეში გამომშრალი ონკანიდან ერთი წვეთი წყლის ჩამოვარდნას ჰგავდა.

1941 წლის 22 ივნისი, დილის 4 საათი. ასე დაიწყო დიდი სამამულო ომი
1941 წლის 22 ივნისი, დილის 4 საათი. ასე დაიწყო დიდი სამამულო ომი

მიძინებული ხსოვნის გამოღვიძების ნიშანივით იყო: წლეულს, 22 ივნისს შესრულდება საბჭოთა კავშირზე ფაშისტური გერმანიის ვერაგული თავდასხმის (არ მეთაკილება იმ დროის ტერმინოლოგიის გამოყენება) 80 წელი. დიდი სამამულო ომის დაწყების საიუბილეო თარიღი. გამარჯვებით დაგვირგვინებული და მილიონობით სიცოცხლეშეწირული.

ამ ომის ერთერთ ვეტერანს იხსენებს წერილის ავტორი.

ფრანგი პარტიზანების მხარდამხარ

1941 წლის შემოდგომაა. წითელი არმიის ნაწილები ხარკოვის მისადგომებიდან მძიმედ მიემართებიან ფრონტისკენ. გაძვალტყავებულ ცხენზე მჯდარ შავგვრემან ჯარისკაცს სატელეფონო კავშირის კოჭა ზურგზე აქვს გადაკიდებული.

მოულოდნელად ჭურვი აფეთქდება. ცხენი ერთს ამოიხროტინებს და უსულოდ დაენარცხება მიწას აფეთქების ტალღა.

რიგით ჯარისკაც ვანო საჩალელს საველე კავშირის მავთულების კოჭა ზურგზე აქვს გადაკიდებული.

მოულოდნელად ჭურვი აფეთქდება. ცხენი ერთს ამოიხროტინებს და უსულოდ დაენარცხება მიწას.

აფეთქების ტალღა რიგით ჯარისკაც ვანო საჩალელს სატვირთო მანქანის ქვეშ შეაგდებს.

რამდენიმე დღის შემდეგ, თვალს რომ გაახელს, მასპინძელი უამბობს, როგორ მიიყვანეს თანაპოლკელებმა მძიმედ დაჭრილი და კონტუზირებული ვანო სოფელ რედკოდუბში. გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო _ ის სოფელი ფაშისტებმა ხელთ იგდეს.

დაიწყო ტყვედყოფნის უმძიმესი დღეები: ადამიანური ღირსების ფეხქვეშ გათელვა, შიმშილი, ყოველ წამიერ სიკვდილის მოლოდინი. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ტყვეთა ბანაკიდან გაიქცა. დაიჭირეს… ისევ ტყვეთა ბანაკები: ჯერ _ გერმანიაში, შემდეგ _ ოკუპირებულ საფრანგეთში. ერთ-ერთი დაბომბვისას ვანომ კვლავ შეძლო გაქცევა.

ასე აღმოჩნდა იგი ფრანგ პარტიზანებთან. ისინი ერთხანს ეჭვის თვალით უყურებდნენ ახალგაზრდა უცხოელს. გადაწყვიტეს, გამოეცადათ.

ერთმა ჭაღარათმიანმა, სანდომიანი სახის ფრანგმა ვანოს დამტვრეული რუსულით მიმართა: გვაცნობეს, რომ გერმანელები საბჭოთა ფრონტზე ტანკების ეშელონებს აგზავნიან. საჭიროა მათი განადგურება. წახვალ?

_ წავალ, _ მიუგო ვანომ.

შუაღამეს ცხრა ფრანგი და ერთი ქართველი პარტიზანი დავალების შესასრულებლად გაემართნენ. რკინიგზის სადგურზე შემადგენლობის მცირე ხნით შეჩერების დროს მებრძოლებმა 16 პლატფორმა ტანკებიან-ეკიპაჟიანად გაანადგურეს.

იმ დღიდან ვანო საჩალელი აქტიურად ჩაება საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში.

ვანო საჩალელი
ვანო საჩალელი

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების კორპუსის ესკადრონის უფროსმა კამილ პირომ განაცხადა: მე, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების კორპუსის ესკადრონის უფროსი კამილ პირო ვადასტურებ, რომ საჩალელი ვანო, რომელიც წინააღმდეგობის მოძრაობაში გაერთიანდა 1944 წლის 2 მარტს, 1944 წლის 2 აგვისტოდან ირიცხება შეიარაღებული ძალების კორპუსში. იგი მონაწილეობდა გერმანელების წინააღმდეგ წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში, გამოირჩეოდა სიმამაცითა და მაღალი პროფესიონალიზმით. იგი მონაწილეობდა ვინტრესა და მაზამეტისთვის გამართულ ბრძოლებში”.

გენერალ დე გოლის ბრძანებით, ფაშისტი დამპყრობლებისგან საფრანგეთის გათავისუფლებისთვის საბრძოლო მოქმედებების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, აღმოსავლეთის ფრონტის პარტიზანების მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისთვის, ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების _ დორანტის, ვინტრეს, მაზამეტას, რიოლეტას, კარაკასის, ალბის, კასტრესა და ვიშის გათავისუფლებისთვის ბრძოლებში შეტანილი წვლილისთვის ვანო საჩალელი დაჯილდოვდა უმაღლესი ხარისხის ორდენითსაფრანგეთის გათავისუფლებისთვის”, გმირისოქროს ვარსკვლავისმედლით, ხუთქიმიანი ბრინჯაოს ვარსკვლავით, საბრძოლო ჯვრითა და ფაშისტი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი გმირის მედლით.

გადაიქუხა დიდი სამამულო ომის ექომ. ვალმოხდილი ჯარისკაცები მშობლიურ კერებს უბრუნდებოდნენ. ვანოს ოჯახი ცრემლმომდგარი სიხარულით ხვდებოდა ნაომარ მეზობლებს. მათ იცოდნენ, რომ ვანო ვერ დაბრუნდებოდა, რადგან ჯერ კიდევ 1941 წელს აცნობეს, რომ იგი გმირულად დაიღუპა. ოთახში დაკიდეს ვანოს გადიდებული ფოტოსურათი.

გენერალი დე გოლი საბრძოლო პოზიციებზე
გენერალი დე გოლი საბრძოლო პოზიციებზე

მაგრამ, საბედნიეროდ, “მკვდრეთით აღმდგარი” ვანო დაუბრუნდა მშობლიურ ქვეყანას.

ვანოს არ უყვარდა იმ მძიმე წლების გახსენება, მაგრამ, როგორც მისმა რძალმა, ირმა ბარბაქაძემ, მიამბო, სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ხშირად იხსენებდა თანამებრძოლ ფრანგ პარტიზანებს _ ეტიენს, ჟერარს, მიშელს; ენატრებოდა მათი ნახვა; ოცნებობდა, ერთხელ მაინც შეევლო თვალი მშვიდობიანი პარიზისთვის, მაგრამ, როგორც იტყვიან, ვანომ იმქვეყნად წაიღო საფრანგეთისა და ფრანგი მეგობრების ნახვის სურვილი.

მედეა ქართველიშვილი,

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

* * *

ვანო საჩალელის სახით კიდევ ერთი მებრძოლი გამოაკლდა ქართველ ვეტერანთა რიგებს.

დარჩა კი ვინმე ამქვეყნად?..

ბერლინის თავზე ქართველი და რუსი ორი ჯარისკაცის მიერ აღმართული გამარჯვების დროშა _ სიცოცხლის გამარჯვება, მასობრივი გმირობის არნახული მაგალითებით და, ამასთან ერთად, თავისი შუქ-ჩრდილების თანხლებით, ბილწთა ღალატის წარურეცხავი სირცხვილითაც კი, რომლის გამოქვეყნება მაინცდამაინც გაზეთის ამ ნომერში (22 ივნისამდე) თბილისში გავრცელებულმა მოარულმა ხმამ დაგვაჩქარებინა: ვაკის პარკის უცნობი ჯარისკაცის მემორიალი უნდა გადაკეთდესო გასული საუკუნის ყველა ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალად.

ყველასიო!

კი _

იქნება ვეფხვის დედაი

ჩემზე მწარეთა სტირისა”.

_ უნიკალური მაგალითი თანალმობისა და კეთილშობილების, მაგრამ ფაშისტი ოკუპანტების ლაქიებს ნუ გვატირებთ!

ვაგრძელებთ ციკლსშეულამაზებელი ისტორიასტატიითსვასტიკიანი ქართველები”.

სვასტიკიანი ქართველები

ქართველ რევანშისტებს განსაკუთრებული იმედი ყოველთვის გერმანიისა ჰქონდათ. ეს მისწრაფება გაუმძაფრდათ მას შემდეგ, რაც 1933 წელს ნაცისტებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება.

1938 წელს გერმანიაში შეიქმნა “ქართული ბიურო”, რომელიც შემდეგ “კავკასიის ბიუროდ” გადაკეთდა. 1939 წელს რომში გაიმართა ბერლინის, პრაღისა და ვარშავის ნაციონალისტური ორგანიზაციების ყრილობა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება “ქართული ნაციონალური ორგანიზაციის შესახებ”. 1940 წლის ზაფხულში ქართველი მემარჯვენეები მართავდნენ მოლაპარაკებას მთიელთა ემიგრაციის ლიდერ ჰეიდარ ბამატთან სრულიად კავკასიის ფაშისტური პარტიის შექმნის შესახებ. მომავალ ლიდერად მოიაზრებდნენ მეფის ტახტის მემკვიდრეს, თავად ბაგრატიონმუხრანელს.

დიდ სამამულო ომს 307 ათასი გმირი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ომამდე საქართველოს მოსახლეობა სამ-ნახევარ მილიონს შეადგენდა.

ვაიისტორიკოსების აკვიატებული აზრით, ეს ომი არ იყო და ვერც იქნებოდა სამამულო ქართველებისთვის, რაც იმთავითვე ყალბი და უსაფუძვლო მტკიცება იყო: ქართველებისთვის სამშობლოს დაცვა სხვის ომად არასოდეს ითვლებოდა. არც 1941-1945 წლები ყოფილა გამონაკლისი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კავკასიის ბრძოლებში თავი ისახელეს ქართველმა სარდლებმა: იმ დროს გენერალ-ლეიტენანტმა კონსტანტინე ლესელიძემ, გენერლებმა: ვლადიმერ ნანეიშვილმა, პორფირე ჩანჩიბაძემ, ერმალოზ კობერიძემ. უამრავმა ქართველმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა გმირულად იბრძოლა მოსკოვის, ლენინგრადის, სტალინგრადის დასაცავად, კურსკის ოპერაციის დროს და, საერთოდ, ფაშისტების მიერ ოკუპირებული საბჭოთა ტერიტორიების ხაკისფერი ჭირისგან განსაწმენდად.

არანაკლები აქტიურობით მონაწილეობდნენ ქართველები პარტიზანულ მოძრაობაში. უკრაინაში თავი ისახელა დავით ბაქრაძემ, ბელორუსიაში _ ივანე შუბითიძემ და ვლადიმერ თალაკვაძემ, ფაშისტთა ბანაკების ტყვეობაგამოვლილმა ქართველმა მებრძოლებმა.

ფაშისტების მხეცობის ერთი კადრი
ფაშისტების მხეცობის ერთი კადრი

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველები გაერთიანდნენ წინააღმდეგობის მოძრაობაში, რომელიც ევროპის ქვეყნებში ფაშისტური ოკუპაციის წინააღმდეგ დაიწყო და განვითარდა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ იყო უმნიშვნელო იმ ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა, რომლებმაც ისარგებლეს საგარეო აგრესიით თავიანთი კერძო მიზნების განსახორციელებლად. ისტორიკოსები განმარტავენ, რომ მოცემულ შემთხვევაში ანტისოვეტიზმი იყო მხოლოდ ლოზუნგი, რომელიც საფუძველს უმაგრებდა ყველაფერ რუსულის მიუღებლობას, რომელიც ისტორიის განმავლობაში ქართველი ერის ამ ნაწილში ჩამოყალიბდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს კაიზერის რაიხის მხარეს ქართული ლეგიონი იბრძოდა.

არ დაგიმალავთ, რომ ძალიან მიჭირს იმ სტატისტიკის მკითხველებისთვის მიწოდება, რომელიც უნდა გაცნობოთ, მაგრამ შეულამაზებელი ისტორიის აღდგენას სხვა გზით ვერ შევძლებთ.

თუ ისა სჯობს, რომ უწინდებურად თვალი დავხუჭოთ ჩვენი თანამემამულეების, შესაძლოა, მცირე, მაგრამ რეალური ნაწილის მოღალატეობასა და დედლობაზე?

1942 წლის 26 აგვისტოდან 6 ოქტომბრამდე, არასრული ორი თვის განმავლობაში, გერმანელების მხარეს გადავიდა 392- ქართული დივიზიის 2000-მდე მებრძოლი. 1942 წლის 26-27 სექტემბერში ჩეგემის რაიონში ვერმახტს სრული შემადგენლობით ჩაბარდა ამავე დივიზიის 790 პოლკის ორი ბატალიონი, ოფიცერთა უმეტესობა და პოლიტხელებიც კი.

25 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე 392-ე დივიზიამ პირადი შემადგენლობიდან 3829 კაცი დაკარგა. 1942 წლის ნოემბერში სრულად დემორალიზებული და განახევრებული 392-ე დივიზია საქართველოში დააბრუნეს და შემდგომ ფრონტზე არასოდეს გაუგზავნიათ.

უარესი ინციდენტი კი 9-დან 10 ნოემბრის ღამეს მოხდა, როცა ლეგიონერთა ბატალიონის 50-მდე ჯარისკაცმა შტაბის საარტილერიო ასეულის მეთაურ მიხეილ მურმანიძის ხელმძღვანელობით საბჭოთა შეტევის დროს იარაღით ხელში წითელი არმიის მხარეს გადასვლა გადაწყვიტა. ბატალიონის სარდლობას ლეგიონერთა ჩანაფიქრის შესახებ აცნობა ქართველმა აგენტმა. რამდენიმე მებრძოლი დააპატიმრეს, 33-მა შეძლო გაქცევა, მდინარე ბაქსანი გადაცურა და შეუერთდა წითელი არმიის ერთ-ერთ ქვედანაყოფს.

ღალატი ჩვენი ისტორიული მანკია!

რეორგანიზებული 795-ე ბატალიონი ორ ოცეულად გაყვეს: ერთი საბრძოლო დანიშნულების, რომელსაც ლეიტენანტი შმიდტი ჩაუყენეს სათავეში, მეორე ტყვიამფრქვეველთა ოცეული ლეიტენანტ შვიკერატის მეთაურობით. 332 ლეგიონერი უკრაინის 156-ე სამშენებლო ბატალიონს შეუერთეს.

და (მიაქციეთ ყურადღება!) ბატალიონის შიდა უსაფრთხოების გასაძლიერებლად თითოეულ ოცეულში ოთხ-ოთხი “ნდობით აღჭურვილი” პირი (აგენტი) ჩანერგეს. კანდიდატურების შერჩევა არ გასჭირვებიათ.

ამ მანკზე მიგანიშნეთ გულისტკივილით.

ჩრდილოეთ კავკასიიდან ვერმახტის უკანდახევის შემდეგ ქართული ლეგიონის ბატალიონები გადაიყვანეს ყირიმში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები 1943 წლის დეკემბერში განახლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ მოხალისეთა ქართული ფორმირებები არ მონაწილეობდნენ აღმოსავლეთის ფრონტის სხვა უბნებზე მიმდინარე ბრძოლებში.

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა II/198 ბატალიონი და ქართული ლეგიონის სხვა უფრო წვრილი ქვედანაყოფები.

ოცნებობდნენ კავკასიონის დაპყრობაზე, მიიღეს „ხენდე ხოხ!“

ოცნებობდნენ კავკასიონის დაპყრობაზე, მიიღეს „ხენდე ხოხ!“
ოცნებობდნენ კავკასიონის დაპყრობაზე, მიიღეს „ხენდე ხოხ!“

ქართველ მოხალისეთა უმეტესობა თავმოყრილი იყო თურქმენისტანის საარტილერიო მომარაგების მერვე ბატალიონში _ 390 ქართველი და 40 აზერბაიჯანელი ლეგიონერი ერთობლივად.

150 ქართველს ითვლიდა 245-ე თურქმენისტანის სამშენებლო ბატალიონი, რომელიც დისლოცირებული იყო სოფელ სემ კოლოდეზში (შვიდ ჭაში), ფეოდოსიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამდენივე ქართველი იყო მეხუთე ოცეულში, ხოლო 151-ე ბატალიონის მომარაგების მეექვსე ოცეულში _ 220. 110 ლეგიონერით შეივსო 43-ე ბატალიონის ახალი ქართული ასეული.

არ გვაკლდა მოღალატეები.

1944 წლის აპრილში ყირიმში განლაგებული ქართული ფორმირებები (ბატალიონი “ბერგმან-II”, საველე ბატალიონი I/9 და სამთო მსროლელთა ბატალიონი II/4, სხვა უმნიშვნელო ქვედანაყოფებთან ერთად) ყირიმიდან ბალკანეთში გაიყვანეს. ბატალიონები I/9 და II/4 გააგზავნეს სამხრეთ საფრანგეთში ქართული ლეგიონის გასაძლიერებლად.

1943 წლის ბოლოსთვის მესამე რაიხის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აღმოსავლეთის ფორმირებებში არსებული დეზერტირობის მაღალი პროცენტის გამო გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის ხალხთა წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ქვედანაყოფების სრული განიარაღება და პირადი შემადგენლობის შრომით ფრონტზე გამოყენება, მაგრამ ფიურერს წარუდგინეს კონკრეტული მონაცემები, რომელთა მიხედვით აღმოსავლეთ ჯარებში, სულ ცოტა, 427 ათასი მოხალისე ითვლებოდა, რომელთა რაოდენობა გერმანიის 30 დივიზიას უდრიდა. მათ დაშლას კატასტროფული შედეგი შეიძლება გამოეწვია. ბრძანების განხორციელების შემთხვევაში სრულად დაირღვეოდა აღმოსავლეთის უკლებლივ ყველა არმიის მომარაგება.

შედეგად, 10 ოქტომბერს გამოიცა ბრძანება, რომლის ძალით აღმოსავლეთის ჯარები, ასევე აღმოსავლეთის ლეგიონები საომარი მოქმედების მეორეხარისხოვან ფრონტებზე _ საფრანგეთში, იტალიაში, ბალკანეთში და ა.შ. გადაჰყავდათ.

ამ გადაწყვეტილებამ ლეგიონერთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. რაიხის ერთგულმა მაღლაკელიძემ, რომელიც ლეგიონერებს თავის დროზე დაჰპირდა, რომ ისინი მხოლოდ აღმოსავლეთ ფრონტზე გამართულ ბრძოლებში იქნებოდნენ ჩართული, გერმანიის სარდლობას კატეგორიული პროტესტი განუცხადა.

შედეგად, მაღლაკელიძე ლეგიონის ხელმძღვანელობას ჩამოაცილეს და ბალტიისპირეთში, გერმანულ ნაწილებში სამსახურის ნება დართეს.

აქ უთუოდ საჭირო იქნება, ჩვენს მკითხველებს შევახსენოთ, რომ ვერმახტის ქართული ლეგიონის შექმნის შესახებ ბრძანება გაიცა 1942 წლის 8 თებერვალს. სხვა კავკასიური ნაწილებისგან განსხვავებით, ქართული ლეგიონის შექმნაში წამყვანი როლი შეასრულა არა გერმანელების კადრის პერსონალებმა, არამედ პროგერმანული ორიენტაციის ქართველმა ემიგრანტებმა თბილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორისა და დამოუკიდებელი საქართველოს არმიის პოლკოვნიკ შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით. მან ჯერ კიდევ 1918 წელს შეძლო, დაემყარებინა განსაკუთრებული ურთიერთობა საქართველოში გერმანელების წარმომადგენლებთან. მაღლაკელიძე საქართველოდან 1923 წელს წავიდა ემიგრაციაში, 1937 წელს კი აბვერის კადრის ოფიცერი გახდა. 1944 წელს ქართული ლეგიონის ნაწილების შექმნის საქმეში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს.

ქართული ლეგიონის საველე ბატალიონების უმრავლესობა, რომლებიც დასავლეთში გადაისროლეს, საფრანგეთში აღმოჩნდა… ბატალიონი II/187 1843 წლის დეკემბერში უკრაინიდან ჩრდილოეთ იტალიაში გადაადგილეს, სადაც კომუნისტური პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა და ასე შემდეგ.

ევროპაში გადასროლილი ქართველები ბრძოლის ველზე საბჭოთა კავშირის მოკავშირეებს გადაეყარნენ. 1944 წლის 30 აგვისტოს მონტელიმარის რაიონში ამერიკელებმა დაატყვევეს ქართული ლეგიონის კავკასიური პოლკის ჯარისკაცები, ასევე, 665-ე და 824-ე აღმოსავლური ბატალიონების მებრძოლები.

დასავლეთის ფრონტზე გაანადგურეს ოთხი ქართული ბატალიონი. ლეგიონერების უმეტესობა დაატყვევეს დღევანდელი ჩვენი უმთავრესი და უპირველესი პარტნიორის _ აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცებმა.

ქართული ბატალიონი “ბერგმან-I” თავგამოდებით ებრძოდა საბჭოთა კავშირის მოკავშირეებს ბალკანეთსა და ჩრდილოეთ იტალიაში, ხოლო 1945 წლის დასაწყისისთვის, ისევე, როგორც “E”-ს საარმიო ჯგუფის სხვა შენაერთები უკვე ხორვატიის საზღვარზე იმყოფებოდა.

გადასროლა-გადმოსროლაში იყო: როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, არსად არ ივარგა.

1944 წლის შემოდგომაზე გერმანიის სარდლობა ბერლინში საქართველოს შტაბთან ერთად ახალი შენაერთების ფორმირებას შეუდგა, უფრო ზუსტად, იმ დროისთვის არსებული ქართული ლეგიონის ნაწილების უფრო მსხვილ გაერთიანებებად ჩამოყალიბება დაიწყო, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის კავშირის შტაბების თანხმობით ერთიანი “კავკასიის გამათავისუფლებელი არმიის” შექმნით უნდა დასრულებულიყო.

14 ოქტომბერს ქართული ნაწილები ეფექტიანი რეორგანიზაციის მიზნით, ქართული შტაბის სამხედრო განყოფილების უფროსმა, ობერ-ლეიტენანტმა გივი გაბლიანმა მოხალისეთა გაერთიანებების გენერალ კესტრინგს განსაკუთრებული ბარათით მიმართა. შესთავაზა, რომ ყველა ქართული საველე ბატალიონისთვის თავი მოეყარათ გერმანიის ერთ-ერთ სასწავლო პოლიგონზე. მიზანი _ ქართული ნაწილების სარდლობის ეტაპობრივად ქართველი ოფიცრებისთვის გადაცემა და გერმანელთა საკადრო პერსონალის მაქსიმალური შემცირება 799-ე და II/198-ე ბატალიონებში, ისევე, როგორც რეფორმირებულ ქართულ ლეგიონში.

1945 წლის იანვრისთვის გერმანიის შეიარაღებულ ძალებში 19 ათასამდე ქართველი იყო დარჩენილი. გერმანიის სარდლობამ შეძლო, შეეკოწიწებინა მოხალისეთა მხოლოდ ერთი დივიზია სანახევროდ შემცირებული რაოდენობით, რომელშიც 1945 წლის მარტისთვის გაერთიანებული იყო მოხალისეთა ორი პოლკი: ქართველები მხოლოდ მეორე პოლკში იყვნენ თავმოყრილნი, ისიც სომხებისა და ვოლგისპირა თათართა ბატალიონებთან ერთად. პირველი პოლკი სრულად აზერბაიჯანის, რჩდილოკავკასიისა და თურქმენისტანის ლეგიონებით, ასევე, თურქულ-კავკასიური, მესამე უკრაინული და მეოთხე რუსული ბატალიონებით დაკომპლექტდა.

ქართული შტაბის წინადადებით, ომის დამთავრებისას ქართული ბატალიონების სარდლობა უმრავლეს ქართულ ბატალიონში ქართველ ოფიცრებს ანდეს, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპაში საომარი მოქმედების დამთავრების გამო აღმოსავლეთ ფრონტზე გაფანტული ქართველების თავმოყრა ვერ მოხერხდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here