მართლაც საბედისწერო, რადგან აქამდე ჩატარებული თითქმის ყველა არჩევნების (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) შედეგები მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემებზე ახდენდა გავლენას _ “ხალხის რჩეულ” ბიუჯეტის ძველ ვირთხებს ახალი ვირთხები ცვლიდნენ. ეს იყო ასეთი არჩევნების “პატარა ნაკლი”, რომლის გამოც მსოფლიო პოლიტიკაში საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი ხდებოდა, რაც საზიანო კი იყო, მაგრამ არა ისეთი, რის გამოც შეიძლებოდა, ქვეყნის ყოფნა–არ ყოფნის საკითხი დამდგარიყო.
მრავალ სუბიექტურ-ობიექტურ მიზეზთა გამო დე ფაქტო დაშლილი სსრკ 1991 წლის 26 დეკემბერს დაიშალა დე იურე, მაგრამ, თუ მკერდზე მუშტების ურა-პატრიოტული ბრაგუნისა და “ჯოს-ჯოს” სკანდირების გარეშე გავიხსენებთ გუშინდელს, დღეს იმის აღიარება არ უნდა გაგვიჭირდეს, რომ სწორედ ამ დე ფაქტო დაშლილი სსრკ-ის გამო შეიქნა შესაძლებელი საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგებიც საბედისწერო აღმოჩნდა საქართველოსთვის.
რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მკითხველის სამსჯავროზე გამოვიტან 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პერიპეტიებს:
1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს დამფუძნებელი კრებიდან (ჩატარდა 1919 წლის 12 მარტს) 71 წლის შემდეგ, შესაძლებელი შეიქნა დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება. არჩევნები, რომელშიც 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა, ჩატარდა შერეული სისტემით. აირჩიეს უზენაესი საბჭოს 250 (125 პროპორციული და 125 მაჟორიტარული სისტემით) დეპუტატი 5 წლის ვადით. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 3,5 მილიონი იყო, რომელთაგან არჩევნებში მონაწილეობდა 67%. 4%-იანი ბარიერი გადალახა და პროპორციული სისტემით მანდატები მიიღო მხოლოდ ორმა პარტიამ:
1.“მრგვალი მაგიდა_თავისუფალი საქართველო” (81 დეპუტატი);
2.საქართველოს კომუნისტური პარტია (44 დეპუტატი).
მაჟორიტარული წესით კი ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
“მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო” (43 დეპუტატი);
კომპარტია (17 დეპუტატი);
“სახალხო ფრონტი” (11 დეპუტატი);
“დემოკრატიული საქართველო” (2 დეპუტატი);
რუსთაველის საზოგადოება (1 დეპუტატი).
საბოლოო ჯამში, უზენაეს საბჭოში წარმოდგენილი იყო 6 პარტია, რომელთაგან 5 “მრგვალების” ოპოზიციად განიხილებოდა. არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა “მრგვალი მაგიდა_თავისუფალი საქართველო”.
ხელისუფლებაში მოსულ “მრგვალებს”, ჯამში, 124 მანდატი ერგოთ, ხოლო მეორე ადგილზე გასულ კომუნისტებს _ 61. პარლამენტში პოლიტიკური ძალების ასეთი განლაგება კომუნისტებსა და “მრგვალებს” შორის, ქვეყნისთვის სასარგებლო კოალიციური მთავრობის შექმნის რეალურ შანსს ნიშნავდა. ასეთი კონსტრუქციულობა უდავოდ შედიოდა დამოუკიდებლობისკენ მიმავალი საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებში. “მრგვალებმა” კი რა ჰქნეს? ერთი ხელის მოსმით გაყარეს უზენაესი საბჭოდან კომუნისტების დეპუტაცია, ხოლო თვითონ კომუნისტური პარტია კანონგარეშე გამოაცხადეს და აუკრძალეს ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობა.
ეს იყო “მრგვალების” პირველი და, როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაგვანახა, საბედისწერო შეცდომა _ იმჟამინდელ საქართველოში მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებით, რომ იტყვიან, თავი არავის უსკდებოდა, მაგრამ პატარა, 5-მილიონიან საბჭოთა საქართველოში მაინც იყო კომპარტიის 400 ათასამდე წევრი, რაც მოსახლეობის ერთ სულზე, სსრკ-ის მაშტაბით, პირველი მაჩვენებელი იყო.
რატომ? იმიტომ, რომ კომუნისტური პარტიის მანდატს კარგა ხნის წინათ ჰქონდა შეძენილი კარიერის კეთების ფუნქცია, თორემ, არა მგონია, ვასილ მჟავანაძე, ჯუმბერ პატიაშვილი ან შედარებით დაბალი რანგის პარტიის წევრები იმ წერა-კითხვის უცოდინარ პრეფექტებზე ნაკლები პატრიოტი ქართველები იყვნენ, რომლებიც “მრგვალმა მაგიდამ” ქართველ საზოგადოებას თავზე დაგვასვა, არაფერს ვიტყვი “მრგვალების” მიერ ე.წ. წითელ ინტელიგენციად შერაცხილ მამულიშვილებსა და “მრგვალების” მთავარ იდეოლოგად მოვლენილ გურამ პეტრიაშვილზე…
მოკლედ, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ზვიად გამსახურდიას პირველმა ეროვნულმა ხელისუფლებამ შინ თუ გარეთ ყველას გადამტერება მოახეხა. 1991 წლის 26 მაისის პირველი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა, მაგრამ მხოლოდ ის, რომ “ზვიადს საქართველო უყვარდა”, ქვეყნის სამართავად საკმარისი არ აღმოჩნდა _ ვაშინგტონში ზვიად გამსახურდიას დამხობის წამმზომი უკვე ჩართული იყო.
ამ შეთქმულების წარმატებით განხორციელებამ გამოიწვია ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი, რომლის ჩასაქრობად შეთქმულებმა საქართველოს მხსნელად “უძღები შვილი” _ ედუარდ შევარდნაძე მოიწვიეს, რომელმაც პირველი, რაც გააკეთა, იყო იოსელიან-კიტოვანის ბანდების თარეშის ალაგმვა და საკუთარი დე იურე მმართველობის დე ფაქტოდ ქცევისთვის ბრძოლა დაიწყო. ამ მიზნით, “იქით” აფხაზეთისა და “აქეთ” სამოქალაქო ომის ფონზე, 1992 წლის 11 ოქტომბერს კიდევ ერთი საბედისწერო საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, რომელშიც 2-პროცენტიანი ბარიერი 24-მა პარტიამ გადალახა. საბედისწერო იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ დომხალში, მართალია, საგრძნობლად შეიზღუდა “მხედრიონის” განუკითხაობა, მაგრამ სიცოცხლეს გამოესალმა ზვიად გამსახურდია და ყველაზე მთავარი _ დავკარგეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები…
შემდეგ იყო 1995 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთა შედეგად 5%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა (ასლან აბაშიძის “აღორძინება”, “ახალი მემარჯვენეები” და “მოქალაქეთა კავშირი)”, ხოლო პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახდა და საქართველოში გარკვეული დროით საბჭოური, ბრეჟნევის “უძრაობის” მსგავსი მშვიდობიანი პერიოდი დაიწყო _ უგაზობა-უშუქობის მიუხედავად, მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც არავის შიოდა და სციოდა; ამუშავდა სახალხო დიპლომატია; ერგნეთის ბაზრობაზე ოსები და ქართველები ერთად ეწეოდნენ მცირე ბიზნესს; ოსებმა და ქართველებმა ნელ-ნელა განაახლეს ერთმანეთის ჭირსა და ლხინში მისვლა-მოსვლა; რაჭაში მანქანები ძველებურად ცხინვალის გავლით უშიშრად მოძრაობდნენ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ოსებსა და ქართველებს შორის მოხდა დე ფაქტო შერიგება ყოფით დონეზე და დე იურედ შერიგების რეალური კონტურები გამოჩნდა.
“მოქკავშირ”-”აღორძინება”-”ახლების” პოლიტიკური სამაია და, შესაბამისად, ქვეყანაში მეტ-ნაკლებად მშვიდი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გაგრძელდა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა საქართველოსთვის _ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი გახდა. საბედისწერო, რადგან, როგორც მალე გაირკვა, მიხეილ სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკაში მოსვლა ლოზუნგით “საქართველო შევარდნაძის გარეშე” ოკეანის გაღმა შეთანხმებული და სატანის მოციქულ ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული ე.წ. ფერადი რევოლუციის (სახელმწიფო გადატრიალების) დასაწყისი იყო.
ეს “ფერადი რევოლუცია” წარმატებით დაასრულეს სოროსის გველის წიწილებმა ჯერ 2003 წლის 23 ნოემბერს პარლამენტში შეჭრით, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებითა და შემდეგ 2004 წლის 4 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით, რომლის შედეგადაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა. აბა, რა იცოდა შევარდნაძის მრავალწლიანი მმართველობით დაღლილმა და სააკაშვილის ქარიზმით მოხიბლულმა საქართველოს მოსახლეობამ, რომ სააკაშვილის არჩევით ხმა მისცა სადისტი მანიაკის ერთპიროვნული მმართველობის 9-წლიან კოშმარს, აგვისტოს ომის შედეგად დე ფაქტო დაკარგული სოხუმ–ცხინვალის დე იურე დაკარგვას, ახალგორისა და კოდორის ხეობის ჩაბარებას და ა.შ.
ნაცების მმართველობისდროინდელი არჩევნები ჯორჯ ბუშის მიერ “დემოკრატიის შუქურად” წოდებული და დასავლეთის მიერვე უპირობოდ მხარდაჭერილი სააკაშვილის “მეფობის” გაძლიერება-გახანგრძლივებას ემსახურებოდა და, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილი პრემიერის რანგში სამუდამოდ დასახლდებოდა ეხლანდელ საპრეზიდენტო რეზიდენციაში.
წინასაარჩევნო ბრძოლისას მმართველი “ოცნება” სულ უფრო ხშირად ამუნათებს ხოლმე დასავლეთის მიერ მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხილ ნაცებსა და მათ განაყოფებს ხელისუფლებაში მათი ყოფნის პერიოდში ციხეებში პატიმართა წამების გამო. იმის აღნიშვნა კი “ავიწყდებათ”, რომ ე.წ. ციხის კადრები (2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაცების ტოტალური მარცხის მთავარი მიზეზი) მაშინ ე.წ. წინააღმდეგობის მოძრაობისა და დღეს “პატრიოტთა ალიანსის” მიერ იყო მოპოვებული და გასაჯაროებული. და თუნდაც მხოლოდ ამიტომ ეკუთვნით “პატრიოტებს” მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი, რომ არაფერი ვთქვათ მათ მიერ თბილისში, ბათუმსა თუ სხვა ქალაქებში გამართულ ხალხმრავალ აქციებზე.
მათ ბიძინა აფინანსებს _ ერთადერთი “რკინისებური არგუმენტი” საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციისა. “არგუმენტი”, რომლის გაბათილებას დიდი პოლიტოლოგობა არ სჭირდება _ ფულის ნაკლებობას არც ევრო თუ მიშნაცები უჩივიან, მაგრამ რიხით დაანონსებულ “გადამწყვეტ” აქციებზე 2 ათასი კაციც ვერ გამოჰყავთ.
“პატრიოტებმა” პირველებმა გაბედეს და მოსკოვის მიმართულებით “ფანჯარა გაჭრეს”…
ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას აფხაზეთში გადასვლა და ილორის წმინდა გიორგის ტაძრისთვის ღვთისმშობლის ხატის შეწირვა იყო აფხაზებისა და ქართველების შერიგებისკენ მიმართული აქცია, რომელიც ჭკუათმყოფელ კაცს არ უნდა სწყენოდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სიხარულით გაეშუქებინათ ეს ფაქტი, ჩვენმა ტელევიზიებმა კირკიტი დაიწყეს, როგორ გადავიდნენ ოკუპანტი რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებულ აფხაზეთში “პატრიოტები”… რა თქმა უნდა, რუსეთის კეთილი ნების გარეშე, ირმა ინაშვილი კი არა, ჩიტი ვერ შეფრინდება აფხაზეთში და ბარაქალა “პატრიოტებს”, რომ რუსებს ეს კეთილი ნება გამოაჩენინეს.
მაგრამ, რად გინდა _ შინაურ თუ აფხაზ ანტიქართველთა ერთობლივი მეცადინეობის შედეგად ილორს შეწირული ღვთისმშობლის ხატი (ღმერთო, შემინდე ეს ნათქვამი) უკან მოგვიგდეს აფხაზებმა და უკვე ილორის ღვთისმშობლად სახელდებულმა ხატმა ბაგრატის ტაძარში ჰპოვა დროებითი თავშესაფარი.
მიმოვიხედოთ ირგვლივ, რა პროცესები ვითარდება _ ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყოველგვარი დიპლომატიური მიეთმოეთის გარეშე განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს ბელარუსის დაკარგვას. “ზომები მკაცრი იქნება!” _ განაცხადა ლავროვმა და, საერთოდაც, კრემლი უკვე ალაპარაკდა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ძველი გავლენის აღდგენაზე. ზემოქმულიდან გამომდინარე, ახლა “პატრიოტების” მიერ გაცხადებული, ე.წ. სამხედრო მიუმხრობლობის კი არა, სწორედ მართლმადიდებელი რუსეთისადმი მიმხრობის (არა მხოლოდ სამხედრო) დროა.
მომავალი არჩევნების შედეგებზე საქართველოს ყოფნა-არ ყოფნაა დამოკიდებული და ამ კრიტიკულ ჟამს საქართველოს მართავენ ლიბერალი სოროსისტი ქოც-ნაცები, რომლებიც იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო სწრაფად და უსიტყვოდ შეასრულებს აშშ-ის ბრძანებებს. არადა, საჭიროა ეროვნული პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება.
დავით მხეიძე
ზვიად გამსახურდიას უპირველესი საბედისწერო შეცდომა იყო ის, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების ნაცვლად რუსეთი გამოაცხადა N1 მტრად, რითაც დააქცია ქვეყანაც და თავისი თავიც და დაამტკიცა თავისი უტვინო ურაპატრიოტობა, რასაც დღემდე იმკის ქართველი ხალხი.