მეორე მსოფლიო ომი, რომელიც 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და 1945 წლის 2 სექტემბერს დასრულდა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი შეიარაღებული დაპირისპირება იყო. საომარი მოქმედებები, რომლებშიც ჩართული იყო 62 სახელმწიფო იმხანად არსებული 73-დან, მიმდინარეობდა ევროპის, აზიის, აფრიკის კონტინენტებსა და ყველა ოკეანეში. ამ ომმა 71,1 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დიდი სამამულო ომი კი 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო და 1945 წლის 9 მაისს დასრულდა. გთავაზობთ მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ ბრძოლებს.
- სტალინგრადის ბრძოლა
17 ივლისი, 1942 წ. _ 2 თებერვალი, 1943 წ.
სტალინგრადის ბრძოლა ყველაზე სისხლისმღვრელი დაპირისპირებაა მსოფლიო ისტორიაში. მდინარე ვოლგაზე მდებარე ამ ქალაქს გერმანელმა ფაშისტებმა რამდენიმე არმიით შეუტიეს. ბრძოლის შემდეგ სტალინმა თქვა: “სტალინგრადთან დაიწყო გერმანელი ფაშისტების მზის ჩასვენება”. ამ ბრძოლის შემდეგ გერმანელები წელში ვეღარ გაიმართნენ.
დანაკარგები:
სსრკ _ 1 მლნ 130 ათასი კაცი; გერმანია და მისი მოკავშირეები _ 1,5 მლნ.
- ბრძოლა მოსკოვისთვის
30 სექტემბერი, 1941 წ. _ 20 აპრილი, 1942 წ.
გერმანიის 2 სატანკო არმიის სარდალმა გუდერიანმა ასე შეაფასა გერმანელთა დამარცხება მოსკოვის მისადგომებთან: “ყველა ძალისხმევა და მსხვერპლი ფუჭი აღმოჩნდა, ჩვენ განვიცადეთ სერიოზული მარცხი, რომელმაც უმაღლესი მთავარსარდლობის სიჯიუტის გამო საბედისწერო შედეგები გამოიწვია. გერმანიის არმიის ძალა და სულისკვეთება გატყდა”.
დანაკარგები:
სსრკ _ 926,2 ათასი ადამიანი; გერმანია _ 581,9 ათასი.
- კურსკის ბრძოლა
5 ივლისი _ 23 აგვისტო, 1943 წ.
ეს იყო ყველაზე მასშტაბური ომი მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში. საბჭოთა კავშირის ცენტრალური და ვორონეჟის ფრონტების მებრძოლებმა გაანადგურეს ვერმახტის ორი უდიდესი დაჯგუფება: არმიების ჯგუფი “ცენტრი” და არმიების ჯგუფი “სამხრეთი”. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა 2 მლნ ადამიანი, 6 ათასი ტანკი და 4 ათასი თვითმფრინავი.
დანაკარგები:
სსრკ _ 254 ათასი ადამიანი; გერმანია _ 300 ათასი.
- ოპერაცია “ბაგრატიონი”
23 ივლისი _ 29 აგვისტო, 1944 წ.
ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია კაცობრიობის ისტორიაში. ბალტიისპირეთის 1-ელმა, ბელორუსიის 1-ელმა, მე-2 და მე-3 ფრონტებმა გაანადგურეს გერმანიის არმიების დაჯგუფება “ცენტრი” და გაათავისუფლეს ბელორუსია. იმისათვის, რომ ეჩვენებინათ ამ წარმატების მნიშვნელობა, საბჭოთა კავშირის მთავარსარდლის განკარგულებით, 50 ათასზე მეტი გერმანელი ტყვე მოსკოვის ქუჩებში ჩაატარეს.
დანაკარგები:
სსრკ _ 178,5 ათასი ადამიანი; გერმანია _ 255,4 ათასი.
- ვისლა–ოდერის ოპერაცია
12 იანვარი _ 3 თებერვალი, 1945 წ.
ბელორუსიის 1-ელი და უკრაინის ფრონტების სტრატეგიული შეტევა, რომლის მსვლელობისას საბჭოთა მეომრებმა გაათავისუფლეს პოლონეთის ტერიტორია ვისლიდან დასავლეთით, კაცობრიობის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე სწრაფი შეტევა _ 20 დღე-ღამის განმავლობაში საბჭოთა ჯარები დღეში 20-30 კმ-ს გადიოდნენ.
დანაკარგები:
სსრკ _ 43,2 ათასი ადამიანი; გერმანია _ 480 ათასი.
- ბრძოლა ბერლინისთვის
16 აპრილი _ 8 მაისი 1945 წ.
ეს იყო საბჭოთა კავშირის ჯარების ბოლო ბრძოლა ევროპაში. მესამე რაიხის დედაქალაქზე შტურმისთვის გააერთიანეს უკრაინის 1-ელი და ბელორუსიის 1-ელი და მე-2 ფრონტების ძალები. ბრძოლებში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, პოლონეთის არმიისა და ბალტიის ფლოტის მებრძოლები.
დანაკარგები:
სსრკ-ის მოკავშირეებთან ერთად _ 81 ათასი ადამიანი; გერმანია _ 400 ათასი.
- ბრძოლა მონტე–კასინოსთან
17 იანვარი _ 19 მაისი, 1944 წ.
ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა სსრკ-ის დასავლელი მოკავშირეების მონაწილლეობით, რომლის მსვლელობისას ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა იტალიაში გაარღვიეს გერმანელთა თავდაცვის ბასტიონი _ “გუსტავის ხაზი” და აიღეს რომი.
დანაკარგები:
აშშ და მოკავშირეები _ 100 ათასი კაცი; გერმანია _ 20 ათასი.
- ბრძოლა ივოძიმისთვის
16 მარტი _ 26 მარტი, 1945 წ.
ეს იყო აშშ-ის პირველი სამხედრო ოპერაცია ხმელეთზე იაპონიის წინააღმდეგ.
ტოკიოდან 1250 კმ-ით დაშორებულ ამ პატარა კუნძულზე შტურმის შემდეგ აშშ-მა გადაწყვიტა, ატომური ბომბები ჩამოეგდო ჰიროსიმასა და ნაგასაკიში.
დანაკარგები:
იაპონია _ 22,3 ათასი ადამიანი; აშშ _ 6,8 ათასი.
მოამზადა ნიკა კორინთელმა