Home რუბრიკები საზოგადოება მერაბ შათირიშვილი: არავითარი გარანტიები ნაცებს, საზოგადოებამ მათ უკვე გამოუტანა განაჩენი!

მერაბ შათირიშვილი: არავითარი გარანტიები ნაცებს, საზოგადოებამ მათ უკვე გამოუტანა განაჩენი!

693

ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რომელიც ჯერჯერობით გართულებების გარეშე მიმდინარეობს, საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს. იმის მიუხედავად, რომ «ნაცმოძრაობის» მესვეურებმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების გამოყენებაზე უარი თქვეს და კოალიციისთვის რამე ბარიერების შექმნა, ფაქტობრივად, გამოირიცხა, მოსახლეობის ნაწილი მოქმედ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ საფრთხეს ხედავსრა დაბრკოლებებია რეალურად მოსალოდნელი მიმდინარე პროცესებში, რამდენად ანგარიშგასაწევი ძალაა დღესდღეობით აწ უკვე ოპოზიციაში გადასული «ნაციონალური მოძრაობა» და რჩება თუ არა იგი პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტიულ სუბიექტად _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება კოალიცია «ქართული ოცნების» ერთერთი დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი.

_ ბატონო მერაბ, ხელისუფლების შეცვლამ საზოგადოებაში გააჩინა მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება ყველა იმ არასწორი და არაადეკვატური მიდგომების ძირეული გადაფასება, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა დანერგა. «ნაცმოძრაობის» ერთერთ მთავარ სამიზნეს იმთავითვე ხალხის მენტალიტეტი წარმოადგენდა და პირადად მიხეილ სააკაშვილი ამას არც მალავდა. იგი ყველაზე ხშირად იყენებდა სიტყვებს «მენტალური რევოლუცია». თქვენი აზრით, გადაფასების პროცესი, რომელსაც ივანიშვილისგან ველოდებით, ამ მიმართულებით თუ იქნება წარმართული?

_ ეს ცვლილება აუცილებლად მოხდება, იმიტომ, რომ სწორედ ესაა საზოგადოების უპირველესი მოთხოვნა და სურვილი, მაგრამ ამისთვის მარტო ის არ კმარა, რაც ამ დღეებში მოხდა. ძირეული ცვლილებებისგან ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის, რომ «ნაციონალური მოძრაობა» ბოლომდე არ არის გასტუმრებული. ეს ნარჩენები, რომლებიც, ჩემი აზრით, გარკვეულ საშიშროებას წარმოადგენენ, სრულიად უნდა ამოიკვეთონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, იქნება თუ არა რეალური ცვლილება. მანამდე დასკვნების გამოტანა და რაიმეს გათვლა არაადეკვატურია, ვინაიდან, სანამ ესენი რაიმე ფორმით იქნებიან პოლიტიკურ ასპარეზზე, საფრთხე რეჟიმის შემოტრიალებისა იარსებებს მუდმივად.

_ კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ ეს საფრთხე?

_ ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვართ გამარჯვების დასაწყისში, ამიტომ ეიფორია, რომელმაც საზოგადოება მოიცვა, ბუნებრივია, მაგრამ ეს ეიფორია ხელს აძლევს «ნაციონალურ მოძრაობას». გაიხსენეთ, ესენი როგორ იქცეოდნენ არჩევნების ბოლო წუთამდე, ყველაფერს აკეთებდნენ, ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ როგორმე მოეგოთ. არჩევნების შემდეგ კიდევ რა მოხდა? _ შედეგი ცნეს, მაგრამ გუნდმა რღვევა კი არ დაიწყო, როგორც ბევრი ელოდა, გადავიდნენ ოპოზიციაში და თანაც პარლამენტში შევიდნენ იმხელა შემადგენლობით, რომ საქართველოს ისტორიაში არც ერთ ოპოზიციას ასეთი შემადგენლობა არ ჰყოლია. ამით რის თქმა მინდა: ახლა ესენი არიან პოლიტიკური აქტივობის სულ სხვა ეტაპზე, ეს მშვიდობიანი გადაცემაც, ხელისუფლების, ამ თამაშის ნაწილია, იმიტომ, რომ ჰგონიათ, ამით რაღაც შანსებს ინარჩუნებენ. ნაწილობრივ ასეცაა და, მე თუ მკითხავთ, ამაშია მთელი საშიშროებაც; ერთის მხრივ, დასავლეთის თვალში გააკეთეს ის, რასაც ამათგან არავინ მოელოდა და დემოკრატების იმიჯი შეიქმნეს; მეორე მხრივ კი, იქცნენ ოპოზიციის ფლაგმანებად, რომელსაც, მოქმედი კონსტიტუციით, სერიოზული საფრთხეების შექმნა შეუძლია. საუბარია პოლიტიკურ კრიზისზე, თუმცა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის პროცესების ამ მიმართულებით წარმართვას არ აპირებს. სხვათა შორის, მან ამითაც სერიოზული ქულები დაიწერა და რეიტინგი აიმაღლა… აი, ზუსტად ამ დემოკრატიულობანას თამაშით, პოლიტიკური კეკლუცობითა და მზაკვრობით «ნაციონალური მოძრაობა» კვლავ რჩება ასპარეზზე, როგორც საფრთხე, და ნურავის ეგონება, რომ ყველაფერი მორჩა. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ აქ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც თავდაყირა დააყენებს ყველაფერს…

_ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს. თქვენ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი?

_ სანამ პარლამენტში სააკაშვილის 67 ლეკვი იჯდება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს ნამუსგარეცხილი ადამიანები, რომლებსაც ქართველობისა და ეროვნულობის არ სცხიათ არაფერი, ნებისმიერ რამეზე მოაწერენ ხელს, ოღონდ დაბრუნების შანსი მიეცეთ. დარწმუნებული ვარ, ახლა ესენი რაღაც მზაკვრობისთვის ემზადებიან, ხლართავენ ინტრიგებს, რომ თითქოს ქვეყანაში დანაშაულმა იმატა და ა. შ. მაგრამ საზოგადოება ძალიან ფხიზლად უნდა იყოს. ამ არამზადებს თვალი თუ მოუხუჭე და მოუდუნდი, მტრისას, ამბავს ატეხენ. ამიტომ აქ ახლა ბევრი განსჯის დრო ნამდვილად არ არის, დამნაშავე უნდა გასამართლდეს და დაისაჯოს შესაბამისად. ძალიან ბევრი საქმე ექნება ჩვენს სასამართლოსაც და პოლიციასაც, იმიტომ, რომ, როგორც ვიცი, უამრავი ვირთხა უკვე გაქცეულია ქვეყნიდან…

_ თქვენი აზრით, პირველი, რაც მთავრობის დამტკიცების შემდეგ ივანიშვილმა უნდა გააკეთოს, დამნაშავეების დასჯაა?

_ მოდი დავაკონკრეტოთ: ეს არ არის პირადად ბიძინა ივანიშვილის საქმე, ეს კანონისა და სამართლის საკითხია.

სამართლებრივ სახელმწიფოში დანაშაულზე რეაგირება მყისიერად ხდება. ჩვენ ვიცით უამრავი დანაშაული, რომლებსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა და, როცა ეს ცნობილია, გამოძიებამ შეუძლებელია დააყოვნოს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად გაიქცა, კანონს ვერავინ დაემალება. სამართალი ყველას მიაკითხავს იქ, სადაც არიან, და ყველა აგებს პასუხს ისე, როგორც საჭიროა.

_ არის საუბარი იმაზეც, რომ მოქმედი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ძალაუფლების დათმობის სანაცვლოდ შეიძლება ხელშეუხებლობის გარანტიები მოითხოვონ.

_ და ვის უნდა მოსთხოვონ ეს გარანტიები? მისცემს ქართველი ხალხი? არავითარი გარანტიები ნაცებს, საზოგადოებამ მათ უკვე გამოუტანა განაჩენი და ამის ოფიციალური გაფორმება მალე მოხდება…

_ დამნაშავემ, ცხადია, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ დასჯამ მასობრივი ხასიათი თუ მიიღო, ოპოზიციაში გადასულმა «ნაცმოძრაობამ» ეს შეიძლება პოლიტიკურ დევნად გამოაცხადოს. ვინაა გარანტი, რომ ამ ყველაფრის განხორციელება სამართლებრივ ჩარჩოებში მოხდება?

_ გარანტი არის ხალხი, რომელმაც უარი თქვა ძალადობაზე და ასევე გარანტია კანონი, რომლის გადაბიჯების უფლებასაც საზოგადოება არავის მისცემს. მე წავიკითხე ივანიშვილის მიმართვა და აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ბიძინას იმაში, რაც მან განაცხადა ამასთან დაკავშირებით _ პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში და არავითარ შემთხვევაში რაღაც სუბიექტური მოსაზრებებიდან, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს პასუხისმგებლობა, ცხადია, არ უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებმაც, უბრალოდ, ხუთიანი შემოხაზეს. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და, თუ ვინმეს არასწორი პოზიცია ეკავა, ეს მათი არჩევანია; მხოლოდ ამის გამო ადამიანების დასჯა იქნება იმავე პოლიტიკის გაგრძელება, რაც ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმს, _ ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია და დამნაშავეა. ასე რომ, როცა საუბარია დასჯაზე, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამას არ ექნება მასობრივი, სტიქიური ხასიათი, როგორც 2004-2005 წლებში ჰქონდა, როცა ესენი მოვიდნენ და ხალხი შუაღამით ლოგინიდან აჰყავდათ ტრუსების ამარა…

_ რამდენიმე დღის წინათ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მოუწოდა, ხალხისგან მიტაცებული ქონება ნებით დააბრუნონ. თქვენი აზრით, ახალმოსული ხელისუფლებისგან რამდენად ადეკვატურია, თუნდაც დასავლეთის თვალში, წინამორბედთან ამგვარი რიტორიკით საუბარი?

_ აბსოლუტურად სწორია და ვამართლებ. ეს ნაძირლები მთელი ამ წლების მანძილზე ხელს აფათურებდნენ თითოეული ჩვენგანის ჯიბეში. მოსახლეობის ნაძარცვ-ნაღლეტით იშოვეს მილიონები და ახლა ზუსტად ის დროა, რომ ხალხმა მათ ეს ქონება დააყრევინოს. აბა, ამათ მარტო სამართლებრივი პასუხისმგებლობა რას ეყოფათ… გადაჭარბების გარეშე ვამბობ, პირადად მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბიუჯეტს უნდა გადაუხადოს დაახლოებით 50 მილიარდი ლარი. დარწმუნებული ვარ, მას ეს აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ მიერ დახარჯული საწვავის თითოეულ ლიტრაში სამოცდაათი თეთრი მიდიოდა მის ჯიბეში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, სააკაშვილმა სომხეთის ხელისუფლებას გოდერძის უღელტეხილი ჩააბარა, რითაც აუხდინა ისტორიული ოცნება მეზობელ სახელმწიფოს და შავ ზღვაზე გასასვლელი მისცა.

ცნობისთვის, სომხები შავ ზღვაზე გასასვლელში ჯერ კიდევ 20 წლის წინ იხდიდნენ 50 მილიარდს და დარწმუნებული ვარ, ამ, ჩვენთვის დამღუპველი ხელშეკრულების გაყიდვაში ნაძირალა სააკაშვილს უზარმაზარი თანხა აქვს ჩადებული ჯიბეში. სხვა სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე არაფერს ვამბობ, რაშიც ასევე მილიონები აიღეს. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, ენგურჰესიდან დაწყებული, დამთავრებული ბუნებრივი სიმდიდრეებით, ყველაფერი გაასხვისეს. ამაში ხომ ესენი ფინანსურ სარგებელს ხედავდნენ… ამათმა ყველა მხრიდან პასუხი უნდა აგონ, არაფერი უნდა ეპატიოთ და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აქ რაღაც რეპრესიები დაიწყება. საუბარია ელემენტარულ რამეზე, რომ დანაშაული ისჯებოდეს. ეს ჩვენი მოგონილი არ არის, მთელი ცივილიზებული სამყარო ეფუძნება სამართალს და კანონის უზენაესობას.

_ რა აზრის ხართ ბიძინა ივანიშვილის საგარეოპოლიტიკური კურსის ორიენტირებზე? მან თქვა, რომ ერთდროულად შესაძლებელია ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებაც და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაც.

_ ძნელია ახლა იმაზე საუბარი, კონკრეტულად როგორ ესახება ბატონ ბიძინას და როგორ ხედავს იგი ამ ურთულეს პროცესებში შუალედური რგოლის გამონახვას, მაგრამ ერთი რამ ამთავითვე მისასალმებელია, მხედველობაში მაქვს ის პოზიცია, რომელიც მან რუსეთთან დაკავშირებით დააფიქსირა _ თანამშრომლობისთვის მზაობა. ჩემი აზრით, ესაა ყველაზე სწორი გზავნილი მისი მხრიდან, იმიტომ, რომ დღესდღეობით ჩვენთვის ნომერ პირველ პრობლემას წარმოადგენს სწორედ რუსეთი. ეს პრობლემა შექმნა არასწორმა პოლიტიკამ და არასწორმა დამოკიდებულებამ რეალობისადმი, რისი გამოსწორების შესაძლებლობაც, ვფიქრობ, დღეს გაჩნდა. ჩვენ არ გვაქვს ამ შესაძლებლობაზე უარის თქმის ფუფუნება და «ქართულ ოცნებაში» ამასთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა; ყველა თანხმდება ამაზე, იმის მიუხედავად, რომ კოალიციაში არიან გარკვეული სუბიექტები, რომლებსაც კრემლის პოლიტიკაზე აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები და მოსაზრებები გააჩნიათ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ვეთანხმები თავიდან ბოლომდე!!! ნაცების ნდობა არ შეიძლება!!! ძალიან ვერაგი და მზაკვარი ხალხია!!!!

  2. 100% სიმართლეს ამბობს ეს კაცი! დაისაჯოს ყველა ნაციონალი დედააფეტქებულები!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here