თუ გახსოვთ, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ და გამოთქმით განაცხადა: საქართველო ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია, მაგრამ რად გინდათ, მომსახურე პერსონალი არ გვყავსო. მერე იყო, მიშამ პროფტექნიკური სასწავლებლების შექმნა რომ დააანონსა, რომლებშიც ოფიციანტებს, ლაქიებს, სასტუმროს მომსახურე პერსონალს გაზრდიდნენ. პრეზიდენტი ამბობდა: ჩვენ მოსამსახურეები უნდა ვიყოთო, და ამას ტაშს უკრავდნენ. არავინ ეწინააღმდეგებოდა, არავინ ეუბნებოდა, რომ ეგებ ახალგაზრდებისთვის შესაბამისი განათლება მიგვეცა და ისინი კარგი მეცნიერები, იურისტები, ეკონომისტები, ფინანსისტები გაზრდილიყვნენ. არა, სააკაშვილს მოსამსახურეები სურდა და, პრინციპში, მთელ ერს, როგორც თავის მსახურს, ისე უყურებდა.
თუ გგონიათ, ახლა რამე შეიცვალა, ძალიან ცდებით. პირიქით _ ამჟამინდელი ხელისუფლება “მოსამსახურე ქართველებს”, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს კი არა, ევროპასაც სთავაზობს. აკი თქვა კიდეც ბიძინა ივანიშვილმა: უნდა გადავამზადოთ ასეულობით ქართველი და საფრანგეთს, გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებს დავახმაროთო. მანამდე კი ტურისტული სეზონი დაიწყო და ქართული ეკონომიკა მორიგ აფეთქებას ელის. ზამთრის საკურორტო ზონები, წესითა და რიგით, მალე უნდა დაიტვირთოს, მაგრამ ვაგლახ, რომ კვლავ უცხოელებით. ქართველებისთვის ბაკურიანი, გუდაური და სვანეთი მიუწვდომელი იქნება. უმრავლესობას ვგულისხმობთ, თორემ ძლიერნი ამა ქვეყნისანი არ დაიკლებენ მთასა და სუფთა ჰაერს. ახლა კი იმას გეტყვით, რატომ ვფიქრობთ, რომ ქართველების უმრავლესობისთვის ზამთრის კურორტები ზედმეტად დიდი ფუფუნებაა.
პენსიონერებით დავიწყოთ _ ბაკურიანში, გუდაურსა და სვანეთში სასტუმროს ფასი საშუალოდ 80 ლარიდან იწყება, მაგრამ ეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში. ყველაზე მიღებული ფასი 100 ლარი და მეტია. ჰოდა, პენსიონერი დასასვენებლად 10 დღით რომ წავიდეს, ყველაზე კარგ ვარიანტში, ნახევარი წლის პენსია უნდა დატოვოს და მეორე ნახევარი წლის პენსიით იარსებოს, რაც გამორიცხულია. ჰოდა, ამ მარტივი ლოგიკით, საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი, ანუ 600 ათასი ადამიანი მარტივად ჩაიხსნა.
ახლა გადავიდეთ იმ მოსახლეობაზე, რომელიც აიპებშია დასაქმებული. აიპებში საშუალო ხელფასი 400 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ დასასვენებლად ათი დღით 2 ადამიანი წავა, ნახევარი წლის ხელფასის დახარჯვა მოუწევს, რაც ასევე შეუძლებელია და ასე მარტივად, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი გამოვრიცხეთ. ეგეც თქვენი 800 ათასი. დაუმატეთ ამას სოციალურად დაუცველი 1.2 მილიონი ადამიანი, დაუმატეთ ის 77 ათასი ბავშვი, რომლებიც შიმშილობს, უსახლკაროები და ვნახავთ, რომ ლამის 2.5 მილიონი მოქალაქე დასასვენებლად, უბრალოდ, ვერ წავა. თუ გახსოვთ, ზაფხულის საკურორტო სეზონის ჩავარდნა და მილიარდიანი ზარალი მთლიანად რუსი ტურისტების გადინებას დაბრალდა, მაგრამ, რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვერ მოახერხა დასასვენებლად წასვლა, რადგან საამისო შესაძლებლობა არ ჰქონდა. შესაძლებლობა კი იმიტომ არ ჰქონდა, რომ ჯერ წინა, ახლა კი მოქმედმა ხელისუფლებებმა საქართველოს მოქალაქეებში მხოლოდ მოსამსახურე პერსონალი დაინახა, ანუ დაინახა ადამიანები, რომლებიც მათ ან უცხოელებს უნდა ემსახურონ და საარსებო ფული ამით უნდა იშოვონ. სწორედ საარსებო, რადგან გამორიცხულია, იმ ხელფასებისა და ინფლაციის პორობებში, მოსამსახურე პერსონალმა უფრო მეტზე იფიქროს.
საუბარი მხოლოდ იმაზე არ გვაქვს, რომ ადამიანები დასვენებას ვერ ახერხებენ. აგერ, საახალწლოდ თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველებისთვის 23-ლარიანი კალათა შეადგინა, მერე მიხვდა, რომ 23 ლარად ვერაფერს იყიდდა და 10 ლარი დაუმატეს _ სოციალურად დაუცველები ახალ წელს 33-ლარიანი სუფრით შეხვდებიან. იცით, რა არის საინტერესო? თბილისის მერზე არ გვაქვს საუბარი, დანარჩენი თანამშრომლები, რომლებმაც ამ დადგენილებას ხელი მოაწერეს, შვილისთვის ახალ წელს საყიდელ საჩუქარში 33 ლარს იხდიან თუ მეტს? თუ თოვლის პაპა სოციალურად დაუცველებთან მაინც არ მიდის და 33 ლარადაც იოლად გავლენ? ამ კალათაში ხომ ვერ შევა ხორცისა და თევზის პროდუქტები?! მაკარონითა და ვერმიშელით ახალი წლის შეხვედრა კიდევ… არ მოდის ახალი წელი წიწიბურითა და ვერმიშელით, ბატონებო. არადა, თუ არ გჯერათ, თქვენს სუფრაზე დადეთ 33 ლარის პროდუქტი და მიხვდებით, რომ მართალს ვამბობ.
14 დეკემბერს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი ვიზეიმეთ. ვიზეიმეთ ისე, როგორც ნამდვილმა ევროპულმა ქვეყანამ, ხალხმრავალი ღონისძიებით და… უბედური სახეებით. უბედური სახეებით იმიტომ, რომ თავისუფლების მოედანზე მიყვანილი ხალხის უმრავლესობას სწორედ თავისუფლების განცდა აქვს დაკარგული. ისინი იქ რომ არ მისულიყვნენ, ახალი წლის შეხვედრა მათაც 33 ლარის იმედად მოუწევდათ…
თუ გახსოვთ, მას შემდეგ, რაც ტურისტული სეზონი ჩავარდა და რუსი ვიზიტორები საქართველოდან გავაქციეთ, ხელისუფლებამ 600 ათასი ლარი გამოყო იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის ტურისტებისთვის ბილეთში ზედმეტად გადასახდელი თანხა აენაზღაურებინათ. მაშინ ამ პროექტმა არ იმუშავა და მილიარდიან ზარალს ვერ ავცდით. წლის დასაწყისში დაგეგმილ ბიუჯეტში გამოინახა მილიონამდე თანხა, რომელიც, უბრალოდ, ჰაერში გავისროლეთ და სერიოზული ეჭვი გვაქვს, ასეთი თანხა ბიუჯეტში ახლაც იქნება. შარშანდელი წელი ავიღოთ: წლის ბოლოს დაახლოებით ორი მილიარდი აუთვისებელი დარჩა, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარებოდა. ჰოდა, თუ ეს თანხაა ბიუჯეტში (და გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე მილიონი ლარი არის აუთვისებელი), ეგებ საქართველოს მასშტაბით, სოციალურად დაუცველებს ნამდვილი ახალი წელი ვაჩუქოთ და იგივე სოციალურად დაუცველები, პენსიონერები (რომლებსაც სოციალურად დაუცველებზე ნაკლებად არ უჭირთ) წავიყვანოთ და დავასვენოთ, ნამდვილი ზამთრის არდადეგები მოვუწყოთ, თორემ ბოლოს ისე გამოვა, რომ ამ თანხით ან ახალ მანქანებს იყიდიან მაღალჩინოსნები, ან ტურისტული პოტენციალის პიარში დახარჯავენ იმისთვის, რომ უცხოელები ჩამოიყვანონ და მერე ამ უცხოელებს ენაგადმოგდებულები მოვემსახუროთ. იქნებ დროა, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველად, ხელისუფლებამ უცხოელებზე მეტად, ადგილობრივებზე იზრუნოს და მათი კეთლდღეობისთვის გაიმეტოს თანხა?! სხვათა შორის, ალბათ, მხოლოდ საქართველოში ხდება ის, რომ სოციალურად დაუცველმა, შესაძლოა, უფრო მეტი დახმარება მიიღოს, ვიდრე პენსიონერმა. იმას კი არ ვამბობთ, რომ სოციალურად დაუცველებს თანხები დააკელით-თქო, მაგრამ იმას მაინც თუ ხვდებით, რომ რეალურად ის 600 ათასი პენსიონერიც სოციალურად დაუცველის სტატუსის არაოფიციალური მფლობელია? ან იმას თუ ხვდებით, რომ ადამიანების უფასოდ კვებისთვის დღეში გამოყოფილი 1,32 ლარი საკმარისი არ არის და ამ ფასად ოჯახებს, მთელი თვე და წელი კი არა, ერთი საათიც კი ვერ შეინახავთ და თქვენ ერთ საათში იმაზე მეტი გეხარჯებათ, რაც უსახსრო ადამიანს მთელი დღის საკვებად უნდა ეყოს.
წინასაახალწლო ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება და თითოეულს ახალი წლის შეხვედრა 200 ათასი ლარი და მეტი უჯდება. აღარაფერს ვამბობთ დიდ ქალაქებზე, სადაც ახალი წელი მილიონები ფასობს. არადა, ყველა მუნიციპალიტეტში არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ახალი წელი მაშინ არის, როცა სახლში საკვები აქვთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არავინ გააპროტესტებს, მათ მუნიციპალიტეტში საახალწლო კონცერტზე მომღერალი თუ არ ჩავა; არავინ გააპროტესტებს იმას, რომ საახალწლო განათება, ერთი თვის ნაცვლად, ორი კვირით თუ აინთება და ეს ფული სწორედ ამ ადამიანებს მოხმარდება. მხოლოდ საახალწლო განათებებში დეკემბერში სახელმწიფო ათეულობით მილიონს დახარჯავს და ეს ფული არც ქართულ ეკონომიკაში დარჩება და არც საქართველოში _ ენერგოსისტემა უცხოელებისაა და ისინი იხეირებენ.
ვიღაც აუცილებლად იტყვის: საუბარი ადვილია, მაგრამ სხვებმა რა დააშავეს, ვისაც ახალი წლისთვის საზეიმო განწყობის შექმნა სურსო?! ნურას უკაცრავად, ბატონებო! ვინ სხვებმა, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ იმ დღეშია, რომ საახალწლოდ საკვების პრობლემა ექნება?! სხვები აღარ არსებობენ, სხვები თქვენ ხართ, ხელისუფალნი; საშუალო ფენა საქართველოში თითქმის აღარ არსებობს; არსებობენ მდიდრები და ღარიბებ-ღატაკები და მორჩა! თუ არ გჯერათ, ახალი წლის მეორე დღეს დილით გამოდით ქუჩაში და ნახავთ, რამდენი ადამიანი იქნება გადაყუდებული ურნაში იმის იმედად, რომ ვიღაც ხაჭაპურის ნატეხს ან ხორცის პატარა ნაჭერს გაიმეტებდა გადასაგდებად. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, და რაც უნდა გაანათოთ საახალწლო ბრჭყვიალებით, დილა მაინც ნაგვის ურნების სახურავების ხმაურითა და იქ გადაკიდებული ადამიანებით იწყება.
ბესო ბარბაქაძე