Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე განსაცვიფრებელი ინტელექტის მქონე ცხოველები

განსაცვიფრებელი ინტელექტის მქონე ცხოველები

მტრედი შერ ამი

ზოგიერთი ცხოველი ადამიანებს არათუ ჩამოგვრჩება ინტელექტით, ზოგჯერ უკეთესადაც აზროვნებენ. ცხოველთა შორის ყველაზე ჭკვიანად მეცნიერები შიმპანზეს მიიჩნევენ, აგრეთვე, გორილებსა და ორანგუტანებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენლები მახვილგონიერებას არ ავლენენ.

მტრედი შერ ამი

მტრედი შერ ამი _ გადაარჩინა 194 ჯარისკაცი

ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომის წლებში, კერძოდ, 1918 წლის 3 ოქტომბერს ანტანტის ჯარების შეტევისას გერმანელთა პოზიციებზე. მაიორი ჩარლზ უიტლსი, და მასთან ერთად 500-ზე მეტი ადამიანი მტრის ალყაში აღმოჩნდა უსაკვებოდ და ცოტაოდენი ტყვია-წამლით. ამას დაემატა ისიც, რომ მოკავშირეებმა მათ შეცდომით საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და პირველივე დღეს ბატალიონის წევრების დიდი ნაწილი დაიღუპა. ჯარისკაცები მტრედების მეშვეობით შეეცადნენ, ეცნობებინათ მოკავშირეებისთვის, რომ თავისიანებს უტევდნენ და სროლა შეეწყვიტათ.

პირველი ორი მტრედი გერმანელებმა ისე მოკლეს, რომ ადრესატამდე ცნობა ვერ მიიტანეს, ამიტომ ცაში ააფრინეს მესამე მტრედი სახელად შერ ამი, რომელსაც მარცხენა ფეხზე მიბმული ჰქონდა კაფსული წარწერით: “ჩვენ ვართ გზის გასწვრივ. სიმაღლე 276,4 მ. ჩვენი არტილერია პირდაპირ გვირტყამს. ღვთის გულისთვის, შეწყვიტეთ ცეცხლი”. გერმანელები შეეცადნენ ფრინველის ჩამოგდებას, მაგრამ მან შეძლო მოკავშირეების ტერიტორიამდე მიეღწია (იფრინა 40 კმ), 25 წუთში მიეტანა გზავნილი და ამით გადაერჩინა 194 ადამიანის სიცოცხლე. როდესაც მტრედი მებრძოლებს ხელში ჩაუვარდათ, მათ დაინახეს, რომ ფრინველი დაჭრილი იყო მკერდში. ექიმებმა იბრძოლეს მტრედის სიცოცხლის გადასარჩენად და ის გადარჩა. ოღონდ დაკარგული ფეხი ხის ფეხით შეუცვალეს, ამასთანავე, დააჯილდოვეს საფრანგეთის საბრძოლო ჯვრისა და ამერიკის საფოსტო მტრედების საზოგადოების ოქროს მედლით. შერ ამი 1919 წლის 13 ივნისს მოკვდა.

შიმპანზე კონგო _ ყველაზე ცნობილი მხატვარი ცხოველთა შორის

“მან აიღო ფანქარი, მე კი წინ დავუდე ქაღალდის ფურცელი… რაღაც უცნაური გამოდიოდა ფანქრით. ეს იყო კონგოს პირველი ხაზი. მან მოკლე მონაკვეთი გაავლო და გაჩერდა. განაგრძობს თუ არა? მოხდება თუ არა ეს კიდევ? მან ეს კიდევ და კიდევ გაიმეორა”, _ იგონებს მკვლევარი დესმონდ მორისი, რომელიც აკვირდებოდა ხვად შიმპანზეს, სახელად კონგოს. მაიმუნი ადრეული წლებიდან ინტერესდებოდა ხატვით, 2 წლის განმავლობაში 400-მდე ნახატი დახატა. თავდაპირველად, ისევე, როგორც სხვა შიმპანზეები, უბრალოდ დღაბნიდა საღებავებით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ფუნჯის დაკავების მანერა მკვეთრად შეცვალა, ისევე, როგორც დამოკიდებულება თავის გართობისადმი. კონგო გაცილებით ყურადღებიანი გახდა. გულმოდგინედ უსვამდა ფუნჯს. მორისმა დაინახა, რომ მაიმუნმა დამოუკიდებლად ისწავლა წრის ხატვა, მის ნახატებში გაჩნდა კომპოზიციები.

როცა მორისი რაღაცას ხატავდა ფურცლის ერთ მხარეს, შიმპანზე იღებდა ფუნჯს, უმატებდა კომპოზიციას და ამით სიმეტრიას აძლევდა ნახატს. ამასთანავე, კონგომ იცოდა, როდის შეიძლებოდა, ჩათვლილიყო ნახატი დასრულებულად. ამ დროს ის ფუნჯს, უბრალოდ, გვერდით დებდა. თუ მას ახალ, სუფთა ფურცელს აძლევდნენ, ის დაუყოვნებლივ იწყებდა მუშაობას, მაგრამ, თუ მისცემდნენ ძველ ნამუშევარს, ახლოს აღარ ეკარებოდა.

კონგომ სიკვდილის შემდეგ გაითქვა სახელი. ის ტუბერკულოზით დაავადდა და 1957 წელს წავიდა იმქვეყნად, შემოქმედებითი გაფურჩქვნის ხანაში _ ის მხოლოდ 9 წლის იყო. შიმპანზე კონგოს გარდაცვალების შემდეგ მის სტილს ლირიკული აბსტრაქტული იმპრესიონიზმი შეარქვეს. მისი ერთ-ერთი ნახატი პაბლო პიკასომ იყიდა, კიდევ ერთი ხუან მირომ გაცვალა თავის 2 ესკიზში, სამი ნახატი კი Bონჰამს-ის პრესტიჟულ აუქციონზე გაიყიდა 28 ათას დოლარად _ უფრო ძვირად, ვიდრე ამავე აუქციონზე გატანილი ოგიუსტ რენუარისა და ენდი უორჰოლის ნამუშევრები.

სხვათა შორის, გენიალური შიმპანზეს ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მალე გაიმართება ლონდონში.

ძაღლი სტაბი _ გადაარჩინა ადამიანები პირველ მსოფლიო ომში

ძაღლები ცხოველთა ჭკვიან სახეობას განეკუთვნებიან. მათი მხრიდან უნიკალური ინტელექტის გამოვლენის მაგალითი ბევრია.

მაგალითად, 1923 წელს ძაღლი ბობი თავის პატრონთან ერთად მოგზაურობდა ორეგონის შტატიდან ინდიანაში, სადაც ის დაიკარგა. ძებნა უშედეგოდ დასრულდა. იმედგაცრუებული პატრონი შინ დაბრუნდა. წარმოიდგინეთ მისი განცვიფრება, როდესაც 6 თვის შემდეგ ძაღლი სახლის კარის ზღურბლზე დაინახა. ბობიმ 4105 კმ გაიარა, შინ რომ დაბრუნებულიყო. ადამიანის ოთხფეხა მეგობრებმა თავი გამოიჩინეს სამხედრო ოპერაციების დროსაც.

ერთ-ერთი ასეთი ძაღლი იყო სტაბი. 1917 წელს იელის უნივერსიტეტის ველზე სამხედრო მომზადების გავლისას რიგითმა ჯონ რობერტ კონროიმ ლეკვი იპოვა. ძაღლმა ბევრი რამ ისწავლა: ცნობდა საყვირის ხმას, დადიოდა სამწყობრო ნაბიჯით და სამხედრო სალამით ხვდებოდა პატრონს. სტაბი ისე შეუყვარდათ ჯარისკაცებს, რომ 102-ე პოლკის თილისმად იქცა. ძაღლი ყველგან ახლდა სამხედროებს, ბრძოლებშიც კი, რამდენჯერმე დაიჭრა, მაგრამ ექიმებმა იხსნეს. პირველი საბრძოლო ნათლობა სტაბიმ მიიღო პირველ მსოფლიო ომში, როცა შხამიანი აირით მოიწამლა, და ამიტომ ძალიან მგრძნობიარე იყო ასეთი აირის მცირე დოზის მიმართაც კი. სწორედ ამ უნარის წყალობით გადაარჩინა მთელი პოლკი, რომელსაც სისხამ დილით შეუტიეს მომწამვლელი აირით, როცა ჯარისკაცებს ეძინათ. ძაღლი ხმამაღლა აყეფდა და ჯარისკაცებს კბენდა, სანამ ყველამ არ გაიღვიძა. შეუდარებელი იყო სტაბი ბრძოლის ველზე დაჭრილების მოძებნაშიც _ მას დაჭრილის ჩურჩულიც კი ესმოდა. პირველი მსოფლიო ომის ბოლოს ძაღლი 17 ბრძოლაში მონაწილეობდა, დაჯილდოებული იყო უამრავი მედლით აშშ-ისა და საფრანგეთის მთავრობების მიერ. სტაბი ერთადერთი ძაღლია, რომელმაც სერჟანტის წოდება მოიპოვა. მან 1926 წელს დალია სული თავისი პატრონის ხელებში.

დელფინი მოკო

დელფინი მოკო _ გადაარჩინა კაშალოტების ოჯახი

ეს მოხდა 2008 წელს ახალი ზელანდიის ნაპირებთან, ქალაქ გისბორნთან ახლოს. ზოოდამცველები ცდილობდნენ, მეჩეჩზე გარიყული მდედრი ჯუჯა კაშალოტისა და მისი ნაშიერის გადარჩენას, მაგრამ ოკეანეში მათ გაყვანას ვერ ახერხებდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, მოეკლათ, რათა ტანჯვა-წვალებისგან ეხსნათ. ამ მომენტში გამოჩნდა ადგილობრივების საყვარელი დელფინი მოკო, რომელსაც ძალიან უყვარდა ბურთით თამაში, თუმცა ზოგჯერ ხულიგნობდა კიდეც _ ეჯახებოდა სერფინგისტებს და მათ დაფიდან აგდებდა ან ნავებს აყირავებდა.

მოკო ამჯერად გმირულად მოიქცა _ მან როგორღაც დაამყარა კავშირი კაშალოტებთან და შეძლო მათი გაყვანა 200 მ მანძილზე ნაპირის გასწვრივ არხისკენ, რომელიც ღია ზღვაში გადიოდა. სამწუხაროდ, თვითონ მოკო ამ შემთხვევიდან ორი წლის შემდეგ დაიღუპა ნავთან შეჯახების შედეგად. საყვარელი არსების დასაფლავებაზე 4 ათასი ადამიანი შეიკრიბა. მოკოს სხეული ჩაასვენეს ცისფერ კუბოში, რომელიც დადეს კატერზე და ის ყურე შემოატარეს, რომელშიც დელფინს უყვარდა ადამიანებთან თამაში. მოკო დაასაფლავეს კუნძულ მატაკანზე. 2011 წელს ჟურნალმა თიმე-მა მოკო ისტორიაში ყველაზე მამაცი ცხოველების ათეულში შეიყვანა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here