Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

1933 და 1934 წლები, საბჭოთა კავშირსა და აშშ შორის გარკვეული დაახლოებისა და ურთიერთგაგების პერიოდად არის მიჩნეული. მაგრამ შუა ოცდაათიან წლებში პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ იაპონიასთან მოლაპარაკება ორმხრივი კონტაქტებითაც არის შესაძლებელი. მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობა გაცივდა. ერთერთი მიზეზი აშშ ელჩის უკმაყოფილებაც იყო, რომელიც მან გამოთქვა ამერიკის კომპარტიის დელეგაციის მიწვევის გამო კომინტერნის (კომუნისტური ინტერნაციონალის) VII კონგრესზე «მასთან შეუთანხმებლად». მაგრამ მალე რუზველტმა სრულად გაითვითცნობიერა, თუ რამდენად დიდი მადა ჰქონდა იაპონიას ჩინეთის მიმართ, რის გამოც «ამომავალი მზის ქვეყანასთან» მოლაპარაკება ორმხრივ საფუძველზე შეუძლებელი იყო.

1937 წლის დასაწყისში ელჩი ბულიტი დევისმა შეცვალა (ამასობაში იაპონიამ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო ჩინეთის ტერიტორიაზე). რუზველტმა ახალ ელჩს მოსთხოვა ყოფილიყო პრაგმატიკოსი და «მთავრობისთვის ინფორმაციის აკურატულად გადაცემით კი არ შემოფარგლულიყო, არამედ სტალინის ნდობა მოეპოვებინა». დევისმა, შეიძლება ითქვას, შეძლო ამ დავალების შესრულება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სტალინს არ შეეძლო დიდი დრო დაეთმო მისთვის, რადგან ქვეყნის საშინაო და საგარეოპოლიტიკური სიტუაცია უაღრესად გართულებული იყო. ამასთან, რუზველტი იზოლაციონისტების ძლიერ გავლენას განიცდიდა და ევროპულ საქმეებს აშკარად ნაკლებ ყურადღებას უთმობდა. არადა, სწორედ ეს საქმეები იყო სტალინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

სსრ კავშირისა და აშშ-ის დაახლოებას მეორე მსოფლიო ომის წინ, უწინარეს ყოვლისა, განაპირობებდა ორივე ქვეყნის ურთიერთსაწინააღმდეგო ეკონომიკური მდგომარეობა. შეერთებული შტატების მოწინავე სამეცნერო-ტექნიკური და სამრეწველო პოტენციალი დამუხრუჭებული იყო, ინდუსტრიულად ჩამორჩენილი საბჭოთა კავშირი კი აქტიურად ვითარდებოდა _ ემზადებოდა ფაშისტურ გერმანიასთან გარდუვალი დაპირისპირებისთვის.

ორივე მხარეს ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდა და კონტაქტებიც აქტიური იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, სტალინის და რუზველტის დიპლომატიური ურთიერთობა ნულზე იყო.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოთა შორის იდეოლოგიური განსხვავება გადამწყვეტ როლს არ თამაშობდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტალინმა უარი თქვა მსოფლიო რევოლუციის იდეაზე და მთელი ძალისხმევა ერთ, ცალკე აღებულ ქვეყანაში სოციალიზმის მშენებლობისკენ მიმართა, აშშ შეეცადა მოგება მიეღო მასთან პარტნიორული ურთიერთობის მეშვეობით. თუმცა გაუცხოებისა და ეჭვიანობის დიდი დოზა დარჩა, უპირატესად, _ აშშ მთავრობის მხრიდან, რომელმაც, როგორც იქნა, დაძლია და დაამშვიდა სოციალური მღელვარება თავის ქვეყანაში.

დაუსწრებელი კონტაქტები

რუზველტის რეაქცია საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის გამო ფრიად თავისებური იყო.

«ორი დღის შემდეგ, _ წერს საბჭოთა ისტორიკოსი ა. უტკინი, _ პრეზიდენტმა თადარიგი დაიჭირა იმაზე მითითებით, რომ საბჭოთა მთავრობას ოფიციალურად არაფერი უთხოვია და ამერიკის დახმარების მთავარ მიმღებად ინგლისი რჩებოდა. როცა 24 ივნისის პრესკონფერენციაზე ერთმა ჟურნალისტმა რუზველტს ჰკითხა, დაეხმარება თუ არა საბჭოთა კავშირს, რუზველტმა უპასუხა:

_ რომელიმე სხვა შეკითხვა დამისვით».

წინა დღეს კი სენატორმა და მომავალმა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა «ნიუ იორკ ტაიმსის» კორესპონდენტს გულახდილად განუცხადა:

«_ თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გერმანია იმარჯვებს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ რუსეთს, თუ შევატყობთ, რომ იმარჯვებს რუსეთი, ჩვენ უნდა დავეხმაროთ გერმანიას, და ამრიგად, დაე რაც შეიძლება უფრო მეტად დახოცონ ერთმანეთი!»

ცინიკური, მაგრამ სავსებით ბუნებრივი აღიარებაა. ჯერ ერთი, მხედველობაშია მისაღები, რომ არცერთი ამ ორი ქვეყნიდან აშშ-ს მეგობრებში არ ირიცხებოდა; მეორე, ორივე საშიში კონკურენტი იყო მსოფლიო ასპარეზზე. როცა ერთმანეთს ეჯახება ორი კონტინენტური გიგანტი, უმჯობესია, დრომდე გვერდზე იდგე, თუ საიმედოდ ხარ დაცული ზღვებითა და ოკეანეებით (ინგლისისთვის, როგორც ცნობილია, ერთი სრუტეც საკმარისი აღმოჩნდა, კარგა ხანს ომში რომ არ ჩართულიყო).

რუზველტი აშკარად იმყოფებოდა აშშ იმ გავლენიანი წრეების წნეხის ქვეშ, რომელთაც მიაჩნდა, რომ გაცილებით მიზანშეწონილი იყო, ამერიკა ამ კონფლიქტში არ ჩარეულიყო, ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირს არ დახმარებოდა ისეთივე დოზით, როგორც ეხმარებოდა ინგლისს. ამას ემატებოდა ამერიკელი გენერლების თვალსაზრისი, რომ წითელი არმია ვერმახტის შემოტევას 3 თვეზე მეტს ვერ გაუძლებდა.

რუზველტი თვითონაც მიიჩნევდა, რომ «რუსები ამ ზაფხულს ვერ გაუძლებენ».

მაგრამ უკვე ერთი თვის შემდეგ აშკარა გახდა: საბჭოთა კავშირი უცებ არ დამარცხდება, იბრძოლებს ბოლომდე თავისი ყველა რესურსის გამოყენებით. გერმანელთა «ბლიცკრიგი» ჩავარდა, თუმცა შეტევა გრძელდებოდა. სწორედ იმ დღეებში დევისმა უთხრა პრეზიდენტს, რომ წითელი არმია «გააოცებს მთელ მსოფლიოს». გამოკითხვის თანახმად ამერიკელების სამი მეოთხედი სსრ კავშირისთვის დახმარების გაწევას ემხრობოდა.

1941 წლის შემოდგომაზე, ისე ჩანდა, რომ საბჭოთა კავშირის ბედი ბეწვზე ეკიდა. კიევისთვის ბრძოლაში გერმანელებმა ათობით ათასი საბჭოთა ჯარისკაცი დაატყვევეს, ალყაში მოაქციეს ლენინგრადი. და მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის მიერ მოსკოვში გაგზავნილი თავისი უახლოესი მრჩეველი ჰარი ჰოპკინსი აშშ-ში გამარჯვების მტკიცე რწმენით დაბრუნდა: წინააღმდეგობის გაწევის უნარი რუსებს არ ამოწურვიათ, საბჭოთა კავშირი გაუძლებს; საბჭოთა კავშირისთვის გაგზავნილი ამერიკული დახმარება  ძალიან ეფექტიანი იქნება. მან რუზველტს აცნობა, რომ სტალინმა შექმნილი მდგომარეობა გულახდილად შეაფასა, შელამაზება არც უცდია. პრეზიდენტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტალინის მიერ თქმულმა წინადადებამ: «მოგვეცით საზენიტო ქვემეხები და ალუმინი და ჩვენ სამ და ოთხ წელიწადს შევძლებთ ვიბრძოლოთ».

ჰოპკინსთან საუბარი სტალინმა დაამთავრა იმით, რომ აშშ-ს ომში ჩაბმისკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ მიესალმებოდა «ამერიკის ჯარების მოსვლას რუსეთის ფრონტის ნებისმიერ უბანზე ამერიკელთა სარდლობით».

უეჭველია, რომ სტალინს შეგნებული ჰქონდა ამერიკული მხარის უარყოფითი რეაქცია ამ შეთავაზებაზე, რადგან მისი განხორციელება უეჭველად გამოიწვევდა ამერიკელი ჯარისკაცების დიდ დანაკარგს, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ შედეგად _ კომპენსაციის სახით გაიზრდებოდა მატერიალური დახმარება საბჭოთა კავშირისათვის. სამწუხაროდ, ეს იმედი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა.

ჰარი ჰოპკინსი ლაპარაკობდა აშშ გავლენიან წრეებში ანტისაბჭოთა ოპოზიციის სიძლიერეზე: «საოცრად დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც არ სურთ დაეხმარონ რუსეთს, და რომლებიც, როგორც ჩანს, თავიანთი სქელშუბლა თავებით ვერ აცნობიერებენ ამ ფრონტის სტრატეგიულ მნიშვნელობას». 1941 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაგეგმილი 41 ხომალდის ნაცვლად, რომლებზეც უნდა ყოფილიყო სსრ კავშირისთვის მისაწოდებელი ტვირთი, ზღვაში მხოლოდ 12 გავიდა.

1941 წლის 13 საათსა და 10 წუთზე იაპონელმა მფრინავებმა დაბომბეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზა პერლ-ჰარბორი: აშშ ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში, ნაწილობრივ იძულებით, ასეც შეიძლება შეფასდეს.

16 დეკემბერს სტალინმა რუზველტისგან მიიღო წერილი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, კერძოდ, ნათქვამი იყო:

«მე შევთავაზე გენერალისიმუს ჩან კაიშის დაუყოვნებლივ მოიწვიოს ჩუნცინში ჩინეთის, საბჭოთა კავშირის, ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და ამერიკის წარმომადგენლების კონფერენცია. ეს ჯგუფი შეიკრიბებოდა არა უგვიანეს 17 დეკემბრისა და შედეგებს თავიანთ მთავრობებს მოახსენებდნენ შაბათს, 20 დეკემბრისთვის…

…კიდევ ერთხელ მსურს გაცნობოთ საყოველთაო, ჭეშმარიტი ენთუზიაზმის შესახებ, რომელიც სუფევს შეერთებულ შტატებში თქვენი არმიების წარმატებათა გამო თქვენი დიადი ერის თავდაცვის საქმეში. ვიმედოვნებ, რომ წინასწარი კონფერენციები, რომლებიც მე უახლოესი კვირისთვის შემოგთავაზეთ, ჩვენი ძალისხმევის დაგეგმვის უფრო მუდმივი ორგანიზების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება…»

სტალინმა მეორე დღეს ზრდილობიანი უარით უპასუხა, რადგან არ იცნობდა დღის წესრიგს, და, რაც მთავარია, კონფერენცია ძალიან მოკლე ვადაში იყო დანიშნული. და დაამატა: «გისურვებთ წარმატებას წყნარ ოკეანეში აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში».

სავარაუდოა, რომ რუზველტს სურდა მოეწვია საბჭოთა კავშირი შორეულ აღმოსავლეთში გასამართ მოლაპარაკებაში იმ მიზნით, რათა ეჩვენებინა იაპონიისთვის, თუ რომელი სახელმწიფოები არიან მზად გაილაშქრონ მის წინააღმდეგ. მაგრამ სტალინს ხელს არ აძლევდა გაემწვავებინა ურთიერთობა იაპონიასთან, რადგან მასთან დადებული ჰქონდა სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელსაც ორივე მხარე პატიოსნად იცავდა. აშშ-ს წარმატება რომ უსურვა, სტალინმა ამით მიანიშნა, რომ იგი მზად არ არის, როგორც მან თქვა, ომისთვის წყნარ ოკეანეზე, ანუ შეერთებული შტატების ინტერესების ზონაში.

სტალინის ამ წერილზე რუზველტს არ უპასუხია. 11 თებერვალს მან სტალინს აცნობა, რომ რუსეთში გააგზავნა თვითმფრინავები და ტანკები, თანაც დასძინა: «მიუხედავად სიძნელეებისა, რომლებსაც ამჟამად შორეულ აღმოსავლეთში განვიცდით, ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ამ რაიონში იმდენად გავძლიერდებით, რომ შევძლებთ იაპონელების შეჩერებას. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ზოგიერთი შემდგომი წარუმატებლობისთვისაც».

ისტორიკოსებს, მათ შორის, ზემოთ ნახსენებ უტკინს მიაჩნიათ, რომ მოსკოვისთვის ბრძოლის დღეებში კიდევ ერთი ფრონტის გახსნა საბჭოთა კავშირისათვის სულაც არ იყო მიმზიდველი იდეა, მაგრამ კონფერენციის მოწყობის შესახებ წინადადება საბჭოთა მთავრობას არ უარყვია. «ამერიკის მხარე, _ შენიშნავს უტკინი,  _ ამგვარ წინადადებებს აყენებდა იმ სასიკვდილო საშიშროების გაუთვალისწინებლად, რომელიც საბჭოთა კავშირს თავს დაატყდა».

ამერიკელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ომში ჩართვის შესახებ, მაგრამ არცთუ ცოტანი იყვნენ ისინიც, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ «ინგლისმა აშშ ომში ჩაითრია». აქედან მოყოლებული, ამერიკელები, მართლაც იმ ძირითად ძალად იქცა, რომელიც შეებრძოლა იაპონელებს.

ცუდად შეიარაღებული და ცუდად მართული ჩან კაიშის უაღრესად მრავალრიცხოვანი არმიები ვერ უმკლავდებოდნენ იაპონელებს ამერიკელების მრავალმხრივი დახმარების გარეშე. ავსტრალიამ, რომლის მთავარ ქალაქებს ბომბავდნენ იაპონელები, გაუძლო მხოლოდ ამერიკის იქ ჩასული სამხედრო შენაერთების წყალობით. ამასობაში ჩერჩილი მთავარ ყურადღებას უთმობდა ინდოეთისა და ახლო აღმოსავლეთის დაცვის პრობლემას.

1942 წლის პირველ დღეს ინგლისის პრემიერთან საბჭოთა კავშირთან მოკავშირეობის საკითხის განხილვისას ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ სტალინი სათავეში უდგას «ძალიან ჩამორჩენილ ხალხს» და ამით ბევრი რამ ნათელი ხდება.

ა. უტკინი სამართლიანად შენიშნავს: «მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი მარტოდმარტო ებრძოდა გერმანიას, პრეზიდენტი რუზველტი დაკავებული იყო, უწინარეს ყოვლისა, ინგლის-ამერიკის ერთობლივი მოქმედების მექანიზმის შექმნითა და ჩერჩილთან პირადი ურთიერთობის განმტკიცებით».

აშშ და ინგლისი ევროპაში მეორე ფრონტის გახსნას არ ჩქარობდნენ. 1942 წლის 6 ნოემბერს საზეიმო სხდომაზე გამოსვლისას სტალინმა განაცხადა: «ჩვენი მოკავშირეები არ უნდა შეცდნენ იმის შეფასებაში, რომ მეორე ფრონტის გაუხსნელობას შეიძლება მოჰყვეს ცუდი შედეგები ყველა მშვიდობიანი ქვეყნისთვის, მოკავშირეების ჩათვლით».

მან გააგებინა რუზველტსა და ჩერჩილს, რომ მათი ჯარების გადასხმა ჩრდილოეთ აფრიკაში მეორე ფრონტის გახსნად ვერა და ვერ ჩაითვლება. მაგრამ რუზველტი კვლავ ერთგულებდა ჩერჩილის ტაქტიკას გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ერთობლივი დასუსტების შესახებ.

სტალინის «გაცურების» მცდელობა

1942 წლის აგვისტოში რუზველტმა თავი აარიდა სტალინთან შეხვედრას მოსკოვში, სადაც შეიძლებოდა გამართულიყო სამი დიდი სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრა. ჩავიდა მხოლოდ ჩერჩილი, რომელიც (წინა პუბლიკაციებში ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ) იძულებული იყო გაემართლებინა მოკავშირეთა უმოქმედობა დასავლეთ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სტალინს დაპირდნენ გაზაფხულზე ან ზაფხულში გადაედგათ ამ საქმის განსახორციელებლად პრაქტიკული ნაბიჯები. საბჭოთა ჯარებს უკიდურესად უჭირდათ გერმანელების შეტევის შეჩერება, რომლებიც სტალინგრადს მიუახლოვდნენ.

ამ პერიოდში მოკავშირე ქვეყნების ხელმძღვანელები საბჭოთა კავშირს უმთავრესად წერილებით ეხმარებოდნენ. ამ წერილებს სტალინი ძალიან მოკლედ, ფორმალურად სცემდა პასუხს. აშკარა იყო, რომ გერმანია და საბჭოთა კავშირი სისხლისმღვრელ ბრძოლებში უნდა დასუსტებულიყვნენ მაშინ, როცა აშშ და ინგლისი დიდი ბრძოლების გარეშე და მსოფლიოს სხვა რეგიონებში თავიანთი ინტერესების დაცვას ამჯობინებდნენ, უწინარეს ყოვლისა, წყნარი ოკეანისა და ხმელთაშუაზღვის რეგიონებში. სავსებით გასაგებია, რომ მოკავშირეთა ასეთი პოზიციით სტალინი კმაყოფილი ვერ იქნებოდა.

რუზველტისა და ჩერჩილის აზრით, იმ მომენტში შექმნილი იყო ხელსაყრელი პირობები სამი უდიდესი სახელმწიფოს მეთაურთა კონფერენციის მოსაწყობად. სტალინი სხვაგვარად ფიქრობდა. მან არ მიიღო მოკავშირეთა ეს წინადადება, რაც მიმდინარე სამხედრო საკითხებით უკიდურესი დაკავებულობით ახსნა. მალე რუზველტმა გაიმეორა თავისი წინადადება და კვლავ უარი მიიღო.

ჩვენს მკითხველებს ბუნებრივად დაებადებათ შეკითხვა: რა იყო სტალინის მიერ დასავლელ მოკავშირეთა წინადადების ასეთი დაჟინებითი უარყოფის მიზეზი? თავი ხომ არ იჩინა მისმა «ავადმყოფურმა ეჭვიანობამ»? თუ მან ვერ განსაზღვრა ის დადებითი შედეგები, რომლებიც ამ შეხვედრას მოჰყვებოდა? და ა.შ. ხელიდან ხომ არ გაუშვა საბჭოთა ბელადმა ვითარების გარდატეხის შესანიშნავი შესაძლებლობა?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო იქნება თვალი გადავავლოთ სტალინისა და რუზველტის მიმოწერას ამ პერიოდში.

უცნაურია, რომ მაშინ, როცა სტალინგრადში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, აშშ პრეზიდენტმა 1942 წლის 2 დეკემბრის წერილში, რომელიც სტალინს გაუგზავნა, საბჭოთა ლიდერს სამი ხელმძღვანელის შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ამასთან, თითქოს სასხვათაშორისოდ დაამატა: «ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმ მოქმედებათა ერთგვარად წინასწარ შეთანხმებას, რომლებიც გერმანიის კრახის შემთხვევაში უნდა განვახორციელოთ».

სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუზველტმა შესთავაზა ევაჭრათ ომისშემდგომი ევროპის მოწყობაზე. რუზველტი სპეკულირებდა საბჭოთა კავშირის უდიდეს გაჭირვებაზე, რის გამოც, მისი გათვლით, სტალინს თავზე მოახვევდა ინგლის-ამერიკის წინადადებებს საბჭოთა კავშირისთვის აქტიური დახმარების გაწევის სანაცვლოდ.

უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ რუზველტმა დაიჟინა და კვლავ წერილით მიმართა საბჭოთა ბელადს (8 დეკემბერს):

«უაღრესად გულგატეხილი ვარ იმით, რომ თქვენ შესაძლებლად არ მიიჩნევთ იანვარში გამოითავისუფლოთ დრო თათბირში მონაწილეობის მისაღებად. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი არის ისეთი, რომლებიც ჩვენს მიერ უნდა იყოს განხილული. ეს ეხება არა მარტო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, არამედ ისეთ საგნებსაც, რომლებზეც უნდა მოვილაპარაკოთ წინასწარი წესით იმ მოქმედებათა შესახებ, რომლებიც ამთავითვე უნდა შევიმუშაოთ საგანგებო შემთხვევებისთვის და განვახორციელოთ, თუ და როცა ამის საშუალებას მოგვცემს გერმანიაში ჩამოყალიბებული პირობები. ეს საკითხები შეიძლება შეიცავდეს სხვა ასპექტებსაც, რომლებიც შეეხება მომავალ პოლიტიკას ჩრდილოეთ აფრიკისა და შორეული აღმოსავლეთის მიმართ…»

ამას გარდა შეთავაზებული იყო წინადადება კავკასიაში ამერიკის სამხედრო საჰაერო ბაზის შექმნის შესახებ. სტალინმა კვლავ შეახსენა, რომ უაღრესად დაკავებულია: რომ გაურკვეველია, კერძოდ, რომელი საკითხების განხილვას სთავაზობენ მაშინ, როცა მეორე ფრონტი არ გაიხსნა 1942 წელს და არსებობს მოლაპარაკება მისი გახსნის შესახებ 1943 წლის გაზაფხულზე. კავკასიის ბაზის შესახებ კი შეახსენა, რომ მთავარი ბრძოლები მიმდინარეობს ცენტრალურ ფრონტზე და არა კავკასიაში, ამასთან, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ ამერიკელები თვითმფრინავებს მიაწვდიდნენ.

დამატებით გამოგზავნილ წერილებში რუზველტი მიანიშნებდა, რომ დროა, საბჭოთა კავშირი გადავიდეს საომარ მოქმედებაზე იაპონიის წინააღმდეგ, რისთვისაც ამერიკის აქტიურ მხარდაჭერას მიიღებდა. სტალინმა უპასუხა, რომ დახმარება სჭირდება «არა შორეულ აღმოსავლეთში»… არამედ გერმანელებთან უმკაცრესი ომის ფრონტზე. წარუმატებელი იყო რუზველტის მცდელობა დაეთანხმებინა სტალინი შორეულ აღმოსავლეთში ამერიკული ავიაბაზის შექმნაზე. სტალინის პოზიცია გამართლებული იყო, რადგან რუზველტის წინადადების განხორციელებას შეიძლებოდა იაპონიასთან ომის დაწყება მოჰყოლოდა.

საინტერესოა, რომ 1943 წლის დასაწყისიდან რუზველტი ხშირად ეთათბირებოდა აშშ ყოფილ ელჩს საბჭოთა კავშირში ბულიტს. ეს უკანასკნელი ურჩევდა, რომ თუ სტალინი თავს არ შეიკავებდა ევროპის ქვეყნების ანექსიისგან, აშშ-მ ყურადღება ევროპულიდან წყნარი ოკეანის თეატრისკენ უნდა გადაიტანოს და წითელი არმია ვერმახტის პირისპირ დატოვოს. ამას გარდა, აშშ-ს უნდა შეემცირებინა საბჭოთა კავშირისთვის დახმარების მოცულობა და არც ეხსენებინა ომისშემდგომი სესხები, რაც მას დანგრეული სახალხო მეურნეობის აღსადგენად დასჭირდებოდა. ბულიტი განიხილავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე შეჭრის საკითხს, რითაც საბჭოთა ჯარებს ცენტრალური ევროპისკენ გზა გადაეკეტებოდა.

ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ბულიტის შეხედულებას რუზველტი გარკვეულად ითვალისწინებდა. მეორე ნაწილი საწინააღმდეგო პოზიციაზე დგას: რუზველტი არ იყო იმ ტიპის მოღვაწე, რომელიც შეიძლებოდა ვინმეს გავლენის ქვეშ მოქცეულიყო. მისთვის მიცემულ რჩევასა და წინადადებებს იგი ყურადღებით უსმენდა, მაგრამ გადაწყვეტილებებს ყოველთვის დამოუკიდებლად იღებდა თავისი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე… აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ საომარ მოქმედებათა ევროპული თეატრი ამერიკას იმ დროს ნაკლებად აწუხებდა.

1943 წლის შუა სექტემბრისთვის (გერმანელების ახალი დიდი შეტევის დაწყებისთვის) საბჭოთა კავშირ-ამერიკის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა, აშკარად არა საბჭოთა მხარის მიზეზით. ჩრდილოეთში, ბარენცის ზღვაში აღარ ჩანდა ხომალდების ქარავნები საბჭოთა კავშირისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთით. მეორე ფრონტი არ გაიხსნა მაშინ, როცა რაიხმა თითქმი მთელი თავისი შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ ფრონტზე გადმოისროლა: ამერიკელებმა ამჯობინეს დახმარებოდნენ ინგლისელებს ტუნისში.

რუზველტი მხარს უჭერდა პოლონეთის ემიგრანტულ მთავრობას, რომელიც ლონდონს იყო შეფარებული, რადგან ამერიკაში მცხოვრებ რამდენიმე მილიონ პოლონელ ამომრჩეველთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდა. რუზველიტმა არ შეუსრულა თხოვნა სტალინს, რომელმაც ფინეთთან სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას მანერგეიმის მთავრობასთან ურთიერთობის გაწყვეტის წინადადებით მიმართა. არადა, სტალინმა იმ პერიოდში დასავლეთს ანგარიში გაუწია და დაითხოვა კომინტერნი, რითაც კაპიტალისტური ქვეყნების წინააღმდეგ ღია პოლიტიკური გამოსვლების შეწყვეტის დემონსტრირება მოახდინა.

სტალინმა ვაშინგტონიდან გამოიწვია საბჭოთა კავშირის ელჩი, ყოფილი საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ლიტვინოვი და რუზველტთან შეხვედრაზე უარი თქვა. იგი პერიოდულად აცნობებდა ამერიკის პრეზიდენტს, რამდენ დივიზიას გადმოისროდა ხოლმე ბერლინი დასავლეთიდან აღმოსავლეთ ფრონტზე.

სიცილიაში მოკავშირეთა ჯარების გადახმა და ბერლინის დაბომბვა მეორე ფრონტის გახსნის ეკვივალენტური არ იყო.

1943 წლის კურსკთან და ორიოლთან ისტორიის ბედი კვლავ სასწორზე იქნა შეგდებული, მაგრამ რუზველტს, ისევე, როგორც ჩერჩილს იტალიის გავლით ცენტრალურ ევროპაში შეჭრა, ბერლინის და ბალკანეთის ხელში ჩაგდება უფრო აინტერესებდათ, ვიდრე აღმოსავლეთ ფრონტზე შექმნილი უაღრესად კრიტიკული სიტუაცია.

1943 წელს იტალიაში მუსოლინის დამხობის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა მარშალ ბადოლიოს მთავრობა, ადამიანის, რომელმაც 1935-1937 წლებში სისხლის კალო დაატრიალა ეთიოპიაში და «სისხლიანიც» ამიტომ უწოდეს. მან სასწრაფოდ დაიწყო მოლაპარაკება კაპიტულაციის შესახებ ინგლისელებთან და ამერიკელებთან. სტალინმა უკმაყოფილება გამოთქვა თავისი დასავლეთელი მოკავშირეების ასეთი სეპარატული მოქმედების გამო. საბჭოთა ბელადმა განაცხადა, რომ უნდა შეწყდეს საბჭოთა კავშირისადმი იმგვარი დამოკიდებულება, როცა მას «მესამე პასიურ დამკვირვებლად მიიჩნევენ».

სტალინი სერიოზულად შეშფოთდა იმის გამო, რომ თუ აშშ ბადოლიოსთან დაზავებაზე წავიდა და არ გაითვალისწინა სსრკ ინტერესები, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ რომელიღაც ეტაპზე ასევე წარმატებით შეუთანხმდა ჰიტლერს სეპარატულ დაზავებაზე. ასეთი პერსპექტივა სულაც არ იყო ფანტასტიკის სფეროდან მოხმობილი დაშვება.

დღეს, როცა ვიცით, რომ ასეთი რამ არ მოხდა, ძნელია წარმოვიდგინოთ, რას ფიქრობდა სტალინი მოკავშირეთა მოქმედებაზე, რომლებმაც მეორედ მოატყუეს იგი საბჭოთა კავშირისთვის უმძიმეს პერიოდებში _ 1942 და 1943 წლების ზაფხულში. აშკარა იყო, რომ ამერიკისა და ინგლისის მთავრობები თავს არიდებდნენ ვერმახტთან შეტაკებას, რითაც წითელი არმიის დანაკარგებს ზრდიდნენ.

იბადება შეკითხვა: რატომ ხდებოდა, რომ საბჭოთა კავშირისთვის ომის მაინც და მაინც უმძიმეს პერიოდებში სთავაზობდნენ ინგლისისა და ამერიკის ლიდერები მოლაპარაკების გამართვას, ნაცვლად იმისა, რომ მაქსიმალურად დახმარებოდნენ მოკავშირეს, რომელიც ფაქტობრივად მარტოდმარტო ებრძოდა ფაშიზმს?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემით დავიწყებთ ჩვენს მომდევნო პუბლიკაციას.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. საკმაოდ კარგადაა განხილული თემა. ჰო მართლა ფერლ ჰარბორზე თავდასხმა 7დეკემბერს იყო 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here