Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

გმირებისა და გენიოსების დრო დამთავრდა

მაშ ასე, სტალინის გარდაცვალების შემდეგ ჩერჩილი «დიდი სამეულის» ერთადერთი წევრი დარჩა, რამაც საერთაშორისო ასპარეზზე მას დამატებითი წონა შეჰმატა. მან შესანიშნავად გამოიყენა ეს სიტუაცია და წამოაყენა წინადადება ზესახელმწიფოების ხელმძღვანელთა თათბირის მოწყობის თაობაზე. თათბირი ჩატარდა, მაგრამ უჩერჩილოდ: 1965 წელს იგი გადადგა. მას 81 წელი უსრულდებოდა. მისი, როგორც «ომის გამჩაღებლის», გამოსვლების ახსნა შეიძლება არა ამ ადამიანის აგრესიულობით, არამედ პოლიტიკური ანგარიშიანობით, რაზეც გასაგებად და, როგორც მომდევნო პოლიტიკურმა მოვლენებმა დაადასტურა, სამართლიანად მიუთითებდა სტალინი.

ხრუშჩოვი და მისი ჯერ კიდევ ერთგული ბულგანინი 1956 წელს ინგლისში ვიზიტით ჩავიდნენ. მიღებაზე, რომელიც ლონდონში საბჭოთა საელჩოში გაიმართა, შედგა საუბარი სსრკ-ის ახალ ლიდერსა და ჩერჩილს შორის.

_ თქვენ დიდი საქმე ჩაიფიქრეთ, ბატონო ხრუშჩოვ, _ უთხრა ცხოვრებით დაბრძენებულმა მოხუცმა ნიკიტას, _ მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ორ ნაპირს შორის მანძილის გადალახვა ორი ნახტომით შეუძლებელია.

რჩევა კი იყო ჭკვიანური და მოხდენილად ნათქვამიც, მაგრამ ამაოდ მოცდა პრემიერი: ხრუშჩოვმა ისიც არ იცოდა, რომელ ნაპირზე აპირებდა დახტომას.

1959 წელს გაიმართა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საზეიმო სხდომა, რომელიც იოსებ სტალინის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა ჩერჩილმა. მისი პათოსიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ანტისტალინურმა კამპანიამ პირადად ჩერჩილს მიაყენა შეურაცხყოფა. მან ასე აღიქვა ის, რაც ნიკიტამ საბჭოთა კავშირში დაატრიალა.

ადამიანი, რომელსაც იგი მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო ამხანაგად აღიარებდა, უნიჭო მხედართმთავრად წარმოადგინეს, მკვლელად, განდიდების მანიით შეპყრობილ დიქტატორად, რომელიც ყველას და ყველაფერს გასწირავდა საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად. ეს შეურაცხყოფდა დიდი ბრიტანეთის თვითმყოფადი და განუმეორებელი პოლიტიკური მოღვაწის თავმოყვარეობას, წარმოაჩენდა მას ან როგორც უსინდისო მატყუარას, ან როგორც გაბითურებულ ხეპრეს. არც ერთი, არც მეორე იგი, რა თქმა უნდა, არ იყო, თუმცა იშვიათად გაცურებულიც აღმოჩნდებოდა და იძულებულიც იყო, ეპირფერა. დასავლეთის დემოკრატიების ტრადიციები, როგორც ცნობილია და რაც ჩვენც ამ პუბლიკაციაში არაერთხელ აღგვინიშნავს, დასაშვებად მიიჩნევს ტყუილის თქმას, რომელიც სიმართლის მანტიითაა შემოსილი. თვით ჩერჩილსაც აქვს ნათქვამი: «სიმართლე იმდენად ძვირფასია, რომ მას უნდა აცილებდეს სიცრუის ექსკორტი».

…ჩერჩილი 1965 წელს 90 წლისა გარდაიცვალა. მან წინასწარ და დეტალურად აღწერა თავისი დაკრძალვის ცერემონია, რომელიც ზედმეტად პომპეზური არ იყო.

აღსრულდა სტალინის მიერ ნაწინასწარმეტყველები: «გმირებისა და გენიოსების დრო მთავრდება, დგება სულელებისა და მოღალატეების დრო».

ჩერჩილი ჭეშმარიტად გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე იყო.

სტალინთან დიპლომატიურ ორთაბრძოლებში იგი წაგებული გამოდიოდა, რადგან მოწინააღმდეგე ძლიერი იყო. მოწინააღმდეგის მხარეს, ჩვეულებრივ, თუ ყოველთვის არა, იყო სიმართლე, თანაც სიცრუის ექსკორტის გარეშე. ამ ადამიანის შესახებ ჩერჩილს არაერთხელ გამოუთქვამს თავისი აზრი. აი, მაგალითად, თემთა პალატაში 1942 წლის 8 სექტემბერს, იოსებ სტალინის პირადად გაცნობის შემდეგ, მან თქვა:

«რუსეთისთვის დიდი ბედნიერებაა, როცა ტანჯვა-წამების ჟამს მას სათავეში უდგას დიადი, მტკიცე სარდალი. სტალინი დიდი და ძლიერი პიროვნებაა, რომელიც ესადაგება იმ ბობოქარ დროს, რომელშიც უწევს ცხოვრება. იგი არის ულევი მამაცობისა და ძლიერი ნებისყოფის ადამიანი, უბრალო ადამიანი, საუბარში უშუალო და მძაფრიც კი, რაც მე, ადამიანმა, რომელიც თემთა პალატაში გავიზარდე, არ შემიძლია არ დავაფასო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ გარკვეულწილად იმავეს თქმა შემიძლია საკუთარ თავზე. უწინარეს ყოვლისა, სტალინი არის ადამიანი იუმორის იმ მაშველი გრძნობით, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანისთვის და ყველა ერისთვის, უწინარესად კი, დიადი ადამიანებისა და დიადი ბელადებისთვის.

სტალინმა ჩემზე მოახდინა შთაბეჭდილება, აგრეთვე, როგორც ღრმა და მშვიდი სიბრძნის მქონე ადამიანმა, რომელსაც არ გააჩნია არავითარი ილუზია…

ერთი რამ სავსებით აშკარაა _ ეს არის რუსეთის უდრეკი სიმტკიცე, ბოლომდე ებრძოლოს ჰიტლერიზმს, მის სრულ განადგურებამდე. სტალინმა მითხრა, რომ რუსი ხალხი თავისი ბუნებით მშვიდობისმოყვარეა, მაგრამ ველურმა სიმხეცემ, რაც მისი ხალხის წინააღმდეგაა ჩადენილი, ისე გაამძვინვარა და აღაშფოთა იგი, რომ შეცვალა მისი ხასიათი».

იმავე წელს სხვა ინგლისელმა გამოჩენილმა პოლიტიკოსმა, სამხედრო კაბინეტის წევრმა, ლორდმა უილიამ ბივერბრუკმა იმავე თემაზე განაცხადა:

«კომუნიზმმა სტალინის დროს დასავლეთის ყველა ერის აპლოდისმენტები და აღფრთოვანება დაიმსახურა. კომუნიზმმა სტალინის დროს გვაჩვენა გმირობის ისეთი მაგალითები, რომელთაც ძნელია, მოუძებნო ანალოგები ისტორიაში. კომუნიზმა სტალინის დროს საუკეთესო გენერლები მისცა მსოფლიოს. ეროვნებათა დევნა? აბსოლუტურად არა. ებრაელები იქ ისევე ცხოვრობენ, როგორც ყველა დანარჩენი. პოლიტიკური რეპრესიები? კი, რა თქმა უნდა. მაგრამ ახლა უკვე ნათელია, რომ ისინი, ვინც დახვრიტეს, რუსეთს გერმანელებს ჩააბარებდნენ».

1959 წელს ჩერჩილმა სტალინს ღირსეულად რომ მიაგო პატივი, დიქტატორი უწოდა მას. ასეთ დახასიათებას მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება დავეთანხმოთ. ვთქვათ, სხვა ქვეყნის ხელმძღვანელებს, იმავე ჩერჩილს სტალინი თავის ნებას თუ კარნახობდა, მხოლოდ საბჭოთა კავშირის ინტერესებიდან გამომდინარე.

იყო თუ არა სტალინი დიქტატორი რუსი ხალხისთვის? არ შეიძლება ამის უსიტყვოდ და უპირობოდ განცხადება და დაჯერება. იგი ზედმეტად ბევრს მუშაობდა და სრულიად არ ზრუნავდა საკუთარ თავზე, საკუთარ კეთილდღეობაზე. დიქტატორები კი თავიანთი ძალაუფლებით ტკბებიან, საკუთარი პერსონის წარმოჩენა უყვართ.

სტალინისთვის ეს უცხო იყო.

დიქატორობისკენ მიდრეკილება ჩერჩილს უფრო ჰქონდა, მაგრამ ინგლისის სახელმწიფო მოწყობა და ტრადიციები ვერ მოითმენდა მსგავსი მიდრეკილების რეალიზაციას ისეთი გამოჩენილი ლიდერისგანაც კი, როგორიც ჩერჩილი იყო.

სტალინის ჩერჩილისეული დახასიათება, რომელიც ზემოთ მოვიხმეთ, პირველწყაროდან მოდის, ზუსტია, უტყუარი და პოლიტიზაციიდან დაცლილი.

დაუპირისპირეთ ამას ხრუშჩოვისა და შემდეგდროინდელი ანტისტალინური პროპაგანდა და აშკარად გამოჩნდება ამ უკანასკნელის სისუსტე და სიყალბე.

 

თავი 4

ფრანკლინ დელანო რუზველტი _ ბედის ნებიერა და მსხვერპლი

ფრანკლინ დელანო რუზველტი დაიბადა 1882 წელს მსხვილი მიწათმფლობელისა და მრეწველის ოჯახში. «დიდი სამეულიდან» მხოლოდ მან მიიღო პრესტიჟული თავდაპირველი განათლება: დაამთავრა ჯერ ჰარვარდის, შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტები. იყო შეძლებული ადამიანი, ჰქონდა დიდი მამული, ოჯახის კაპიტალი სარფიანი ქორწინებით გაზარდა, როცა შეირთო მდიდარი შორეული  ნათესავი ელეონორა. შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა მილიარდერებთან დიუპონთან და ასტორთან, მუშაობდა მსხვილ ფირმებსა და საბანკო კომპანიებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 1910 წელს იგი სენატში აირჩიეს, 1913-დან 1920 წლამდე საზღვაო მინისტრის თანაშემწის პოსტი ეკავა.

ისე ჩანდა, რომ მისი ცხოვრება შესანიშნავად აეწყო _ ეს იყო რეალურად განხორციელებული ამერიკული ოცნების ნიმუში. ჰქონდა ყველაფერი, რაზეც კი შეიძლებოდა ეოცნება «ჩვეულებრივ ამერიკელს», თანაც ამ მდგომარეობის მოსაპოვებლად დიდი გარჯა არ დასჭირვებია.

მაგრამ 1921 წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს: დაავადდა პოლიომიელიტით, წაერთვა ფეხები. სხვა მის ადგილზე სულიერად გატყდებოდა, უკეთეს შემთხვევაში, შეეგუებოდა ინვალიდის მდგომარეობას, მაგრამ არა ფრანკლინ რუზველტი. იგი იწყებს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, რაშიც მონდომებით ეხმარება თავისი მეუღლე. 1928 წელს იგი ნიუ-იორკის გუბერნატორი ხდება, ხოლო 1937 წელს აირჩიეს აშშ პრეზიდენტად დემოკრატიული პარტიიდან.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ იგი, პრაქტიკულად ინვალიდი ადამიანი, ამერიკელმა ხალხმა, კონსტიტუციური აკრძალვის მიუხედავად, სამჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად.

თავისი მოღვაწეობა მან უკიდურესად მძიმე დროს დაიწყო: კაპიტალისტურ სამყაროში განვითარებული ეკონომიკური კრიზისის შედეგად აშშ-ში უმძიმესი დეპრესია დაიწყო.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუზველტი საზღვაო მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა, აშშ-ს მსოფლიო ჰეგემონობის პრეტენზია გაუჩნდა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა: პირველობა დიდმა ბრიტანეთმა შეინარჩუნა. საჭირო იყო კონკურენტ სახელმწიფოებთან ბრძოლის თავიდან დაწყება, რათა უზრუნველეყო თავისი ქვეყანა როგორც უცხოური ნედლეულით, ასევე მზა პროდუქციის გასაღების ბაზრებით.

ამასთან ერთად, საერთაშორისო ჰორიზონტზე მოახლოებული იყო ომის საშიშროების პირველი ნიშნები. გერმანიაში დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლების სათავეში მოვიდა ჰიტლერი, იაპონიის იმპერიამ გააძლიერა თავისი აგრესია ჩინეთის წინააღმდეგ.

ლათინურ ამერიკასთან ერთად მაშინ ჩინეთიც იყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება; იაპონია, რომელსაც ამერიკა მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ ომში, მისი ყველაზე უფრო საშიში მტერი გახდა შორეულ აღმოსავლეთში. ვაშინგტონს მდგომარეობა ურთულდებოდა იმით, რომ ინგლისი _ აშშ-ის მთავარი კონკურენტი მსოფლიო არენაზე _ ცდილობდა მოლაპარაკებოდა ტოკიოს შორეული აღმოსავლეთის რეგიონში გავლენის სფეროების განაწილების თაობაზე.

საზოგადოებრივ-ეკონომიკური სიტუაცია შეერთებულ შტატებში სოციალური და პოლიტიკური აფეთქების პირას იყო. კორუფცია და დანაშაული ყვაოდა. ჩერჩილი აღიარებდა, რომ აშშ-ში სოციალისტურ რევოლუციას ელოდა.

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა შეძლო თავისი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა: მან ჭკვიანურად გამოიყენა საბჭოთა კავშირის სოციალურ-ეკონომიკური გამოცდილება.

მას «კომუნისტ» პრეზიდენტს ეძახდნენ.

თემა ისეთია, რომ იმსახურებს დაწვრილებით განხილვას.

ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასასრულს ამერიკელმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა შენიშნეს, რომ სოციალური სამართლიანობის და ეკონომიკური აყვავების მიღწევა შეუძლებელია აქტიური სახელმწიფო რეგულირების გარეშე. 1892 წელს პოპულისტების განცხადებაში ნათქვამი იყო: «აუცილებელია მთავრობის, როგორც ყველა მოქალაქის ინტერესების დამცველი ორგანოს, უფლებათა გაფართოება, რათა ჩვენს ქვეყანაში ბოლო მოეღოს ჩაგვრას, უსამართლობასა და სიღარიბეს».

ამის კვალზე აშშ-ის პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა (1901-1909 წწ.), რომელიც ფრანკლინ დელანოს ბიძაშვილი იყო, გაბედა და განაცხადა, რომ «ბიზნესის, ამ უპასუხისმგებლო და ანტისაზოგადოებრივი ძალის, კონტროლი მთელი ხალხის სასარგებლოდ შეიძლება განხორციელდეს ერთადერთი საშუალებით _ სათანადო უფლებამოსილების მინიჭებით ერთადერთი ინსტიტუტისთვის, რომელსაც ძალუძს გამოიყენოს ეს უფლებამოსილება _ ფედერალური მთავრობისათვის».

როგორც ვხედავთ, ევროპის რევოლუციური მოვლენებისგან დამოუკიდებლად ამერიკელმა საზოგადოებრივმა მოღვაწეებმა თანდათან აღიარეს კერძო მეწარმეობაზე საზოგადოებრივი კონტროლის აუცილებლობა იმ ცალკეული პირების, კლანების, სოციალური ჯგუფების მომხვეჭელური მისწრაფების დასაოკებლად, რომელთაც ეროვნული სიმდიდრისკენ გზა გაეხსნათ. მაგრამ თეოდორ რუზველტის მომდევნო პრეზიდენტები _ კალვინ კულიჯი და გერბერტ ჰუვერი აქტიურად მხარს უჭერდნენ კერძო მეწარმეობას, თავისუფალი ბაზრის სიკეთეებს. სწორედ მათმა ასეთმა პოლიტიკამ წარმოშვა ისეთი მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რის გამოც უმუშევრობის დონემ 25 პროცენტს მიაღწია.

ფრანკლინ რუზველტმა ისარგებლა ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით და განაცხადა: «მიმაჩნია, რომ ამ მომენტში ჩვენმა საზოგადოებამ უნდა დაავალოს მთავრობას, გადაარჩინოს შიმშილსა და სიღარიბეს ის თანამოქალაქენი, რომელთაც დღეს საშუალება არ აქვთ, ირჩინონ თავი». მან ხაზი გაუსვა «სახელმწიფოს მიერ ეკონომიკურ ცხოვრებაში მბრძანებლური ჩარევის აუცილებლობას დიდი ქვეყნის არა მარტო რეგიონებისა და მოსახლეობის ჯგუფების ინტერესების, არამედ სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის ინტერესების გათვალისწინებით». ამით მან პირდაპირ თუ არა, ირიბად აღიარა სახელმწიფო ეკონომიკაში გეგმიური საწყისის უპირატესობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია წარმოებაში ქაოსისა და კერძო მესაკუთრეთა ეგოიზმის დაძლევა. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ: «თითოეულმა სოციალურმა ჯგუფმა თავი ერთი მთლიანის ნაწილად, საერთო გეგმის ერთ რგოლად უნდა აღიქვას».

რეფორმების შედეგად ფრანკლინ რუზველტმა შეძლო გამკლავებოდა ქრონიკულ კრიზისს აშშ-ის სოფლის მეურნეობაში, რომელიც თავისუფალი ბაზრისა და უამინდობის სერიოზული ნეგატიური გავლენის ქვეშ მოექცა. წარმატების მიღწევა ეკონომიკის ამ სექტორში შესაძლებელი გახდა სახელმწიფო რეგულირებისა და სახსრების ამ მიმართულებით წარმართვის წყალობით. ამასთან დაკავშირებით თანამედროვე ამერიკელი ისტორიკოსი ა. შლეზინგერი შენიშნავს: «სოფლის მეურნეობის წარმოების ნაყოფიერებისა და ეფექტიანობის ამაღლებით თუ ვიმსჯელებთ, ამ დარგში სახელმწიფოს ჩარევა უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა».

ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის ვადის ხანგრძლივობის ახსნა სწორედ მის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კურსში უნდა ვეძებოთ, რომელმაც უზრუნველყო სოციალური სამართლიანობა.

ამ მხრივ რუზველტისა და სტალინის პოზიციები გარკვეულწილად დაემთხვა ერთმანეთს. აქვე ვთქვათ, რომ სახელმწიფოს ინტერესების მკაცრად დაცვა არც ერთ მათგანს არ წარმოედგინა კერძო ინიციატივის დათრგუნვის ხარჯზე.

ერთი უბრალო ჭეშმარიტებაა აქ განმსაზღვრელი: საქმე ისაა, თუ საით, რისკენაა მიმართული ეს ინიციატივა. თეორეტიკოსობას თავი დავანებოთ და გავიხსენოთ ისტორიის რეალიები, თუნდაც სოციალისტური მშენებლობის გრანდიოზული წარმატებები და საბჭოთა ხალხის გამარჯვება ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. ვერც ერთს ვერ მიაღწევდა საბჭოთა კავშირი მხოლოდ სტალინის უშესანიშნავესი ხელმძღვანელობის ხარჯზე, სახელმწიფო სისტემის უპირატესობათა გამო და, რაც სრული სისულელეა, მოსახლეობის საყოველთაო დაშინებისა და ტერორის წყალობით. ბელადის ვერავითარი გენია ვერ შეცვლის მთავარს _ ქვეყნის მოსახლეობის ენთუზიაზმს, ინიციატივიანობას, საზოგადოებისთვის თავდადებული შრომის მადლსა და ეფექტიანობას.

გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ეს უმთავრესი მომენტი იგრძნო ფრანკლინ რუზველტმა და განახორციელა კიდეც იგი თავისი ქვეყნის სპეციფიკურ პირობებში.

ეს მან შეძლო.

მისმა ფიზიკურმა სიძაბუნემ, ავადმყოფობამ ვერ დაძლია ადამიანის სულის სიმტკიცე, რომელიც წინ აღუდგა ბედის უკუღმართობას.

მან ეს შეძლო.

 

ერთხელ ყირიმში

რუზველტისადმი სტალინის დამოკიდებულების შესახებ საინტერესო დაკვირვებანი შეიძლება ამოვიკითხოთ სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის _ ანდრია გრომიკოს მოგონებებში.

ერთ-ერთი ასეთია: ყირიმის კონფერენციის დროს რუზველტი ავად გახდა (მას თურმე ორი თვის სიცოცხლე დარჩენოდა). ავადმყოფი ინახულა სტალინმა. მასთან ერთად იყვნენ სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი მოლოტოვი და აშშ-ში საბჭოთა კავშირის ელჩი გრომიკო. ამ უკანასკნელმა გაიხსენა, რომ, როცა პრეზიდენტის ოთახიდან გამოვიდნენ და ვიწრო კიბეზე დაეშვნენ, სტალინი შეჩერდა, აუჩქარებლად დატენა ჩიბუხი თამბაქოთი და ხმადაბლა წარმოთქვა:

_ აბა, მითხარით, რით არის ეს ადამიანი სხვებზე უარესი, ასე რატომ დასაჯა ბუნებამ?!

«პირველ სართულზე რომ ჩამოვედით, _ იხსენებს გრომიკო, _ სტალინმა მკითხა:

_ მართალს ამბობენ, რომ პრეზიდენტი წარმოშობით ინგლისელი არ არის?

და თითქოს ხმამაღლა ფიქრობსო, განაგრძო:

_ თუმცა ქცევით და აზრის გამოხატვის თავისებურებით იგი უფრო ჰგავს ინგლისელს, ვიდრე ჩერჩილი. უკანასკნელი რაღაც ნაკლებად აკონტროლებს თავის ემოციებს. რუზველტი კი პირიქით, თვით გონივრულობა და სიტყვასიძუნწეა.

…სტალინს ესიმპათიურებოდა რუზველტი, როგორც ადამიანი და ამას ჩვენც ნათლად გვაგრძნობინებდა, როცა პრეზიდენტის ავადმყოფობაზე ბჭობდა. სტალინი ძალიან იშვიათად ეკიდებოდა სიმპათიით სხვა სამყაროს მოღვაწეებს და კიდევ უფრო იშვიათად ლაპარაკობდა ამის შესახებ».

ხუთი წლის წინათ, როცა საბჭოთა კავშირმა ეკონომიკური ურთიერთობა დაამყარა ამერიკასთან (რაც მომგებიანი იყო აშშ-ისთვის), რუზველტმა დაგმო საბჭოთა კავშირი, ფინეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებათა გამო. მაგრამ ამ გამოხდომამ, როგორც ვნახეთ, არ გააბოროტა სტალინი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ.

დააკვირდით ამ ფაქტს და თქვით, რამდენად ესადაგება ასეთი ადამიანური დამოკიდებულება ხრუშჩოვისა და სხვა ანტისტალინელების ცილისწამებას სტალინის გულღვარძლიანობის შესახებ.

ჩერჩილი სტალინის თვალში ტიპიური ბურჟუაზიული პოლიტიკოსი იყო, თუმცა მისდამი საბჭოთა ბელადის დამოკიდებულებაში აშკარად იგრძნობოდა პატივისცემა და გარკვეულწილად _ სითბოს ელემენტები.

აი, რუზველტს კი იგი აღიქვამდა, როგორც განსაკუთრებულ, გამორჩეულ პიროვნებას, რომელიც წინ აღუდგა ბედს და სულის სიმტკიცით დაძლია ფიზიკური სისუსტე.

 

დეპრესია აშშ-ში და აღმავლობა სსრკ-ში

ურთიერთობა საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 1930-იან წლებში აეწყო. ეს მოხდა არა ამ ორი სახელმწიფოს მეთაურთა ურთიერთსიმპათიის გამო, არამედ წმინდა ეკონომიკურ საფუძველზე. იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირში მკაცრი სახელმწიფო რეგულირებისა და დაგეგმვის პირობებში დაჩქარებით მიმდინარეობდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია, აშშ-ში გრძელდებოდა დეპრესია, რომლის დაძლევის ერთ-ერთი საშუალება გასაღების ბაზრის გაფართოება იყო.

ამას გარდა, სტალინისთვის მნიშვნელოვანი იყო სსრ კავშირის პოზიციების გამაგრება შორეული აღმოსავლეთის რეგიონში. ჯერ კიდევ 1931 წელს იაპონიის მიერ მანჯურიის დაპყრობა მან დაახასიათა, როგორც ახალი მსოფლიო ომის პირველი კერის გაჩენა (ასევე ზუსტად შეაფასა მან ფაშისტების გერმანიის სათავეში მოსვლა და ეს ფაქტი დაძაბულობის მეორე კერად მიიჩნია).

საბჭოთა კავშირს სჭირდებოდა, სწრაფი ტემპით განევითარებინა თანამედროვე სამხედრო მრეწველობა, რადგან ყველასთვის ნათელი იყო: მოსალოდნელია ბრძოლები, რომლებშიც ტექნიკას მთავარი როლის შესრულება მოუწევს. ამის მისაღწევად კი, ცხადია, ცარიელი ენთუზიაზმი საკმარისი არ იყო. უნდა აღვჭურვილიყავით უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებიც განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებს გააჩნდა, მათ შორის _ აშშ-ს. ამიტომ ოკეანისგაღმელ პარტნიორთან ტექნიკური თანამშრომლობა განსაკუთრებით ფასეული იყო. ამის თაობაზე სტალინმა გამჭვირვალედ მიანიშნა, როცა განაცხადა, რომ საჭიროა, ამერიკელებისგან ვისწავლოთ მეურნეობრიობა და უახლესი ტექნიკის გამოყენება.

ორივე ქვეყანას საერთო, თუმც წინააღმდეგობრივი, ინტერესები ჰქონდა შორეულ აღმოსავლეთში. საბჭოთა კავშირისთვის სიტუაცია საკმაოდ რთული იყო: გომინდანური ჩინეთის ჩანკაისტურ მთავრობასთან ურთიერთობა 1929 წლის ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზაზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ საკმაოდ დაძაბული იყო. მდგომარეობას ართულებდა ინგლისის ხრიკებიც, რომელიც რეგიონში თავისი ბატონობის დამყარებას ცდილობდა.

სტალინმა შესანიშნავად იცოდა, რომ აშშ-ში კრიზისი აღმავლობით კი არ შეიცვალა, არამედ მტკივნეული დეპრესიით. ასეთ პირობებში ამერიკულ კაპიტალს ძალიან სჭირდებოდა საბჭოთა კავშირის უზარმაზარი და ტევადი ბაზარი. მისი არაოფიციალური კავშირები საბჭოთა ეკონომიკასთან მუდმივად ფართოვდებოდა. საკმარისია გავიხსენოთ ამერიკის საავტომობილო წარმოების გიგანტის _ «ფორდის» აქტიური მონაწილეობა გორკის ავტოქარხნის დაარსება-ამოქმედებაში.

ამერიკის მიერ საბჭოთა კავშირის უგულებელყოფის ატავიზმი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში 1917 წლიდან ეკალივით იყო ამოსული, უაზრობა ხდებოდა. დღის წესრიგში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი დადგა, მაგრამ სტალინი არ ჩქარობდა. იგი რუზველტის მხრიდან ინიციატივის გამოვლენას ელოდა, რადგან შესანიშნავად ესმოდა, რომ მას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა ძლიერი მოკავშირე შორეულ აღმოსავლეთში იაპონიის აგრესიისა და ინგლისის ინტრიგების საპირწონედ.

ამერიკის პრეზიდენტის მდგომარეობა რთული იყო. ანტისაბჭოთა ძალებს აშშ-ში დიდი გავლენა ჰქონდათ, ამიტომ რუზველტი ფრთხილად და უკანმოხედვით მოქმედებდა. მან ფარულად ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის ზონდაჟი. თეთრი სახლის ანალიტიკოსებმა დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულეს და გაარკვიეს, რომ ამერიკის ელიტის ნახევარზე მეტი საბჭოთა კავშირის აღიარებას ემხრობოდა.

მოლაპარაკებები, მათ შორის _ საიდუმლო, აქტიურად წარიმართა და 1933 წლის 17 ნოემბერს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის აღდგენილია. მოსკოვში ელჩად პრეზიდენტმა დანიშნა უილიამ ბულიტი, რომელიც ჯერ კიდევ 1919 წელს აწარმოებდა მოლაპარაკებას საბჭოთა რუსეთთან.

სტალინმა ელჩს განუცხადა: «მაცნობეთ და ჩვენ დაუყოვნებლივ შევხვდებით ერთმანეთს». ბულიტმა რუზველტს საბჭოთა ბელადი დაუხასიათა, როგორც «ამტანი ბოშა, რომელსაც აქვს წარსული და ემოციები, რომელთა გაგება ჩემთვის მიუწვდომელია».

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. სამაგიეროდ ცვენი აც უკვე გაუნალებელი ერი,ტავს ვიკლავტ როგორმე გორსჰი დზეგლი არ იკოს.უბრალოდ ეს აგზრდის ეტიკეტია ,ეს ერის სეგნებაა ,ეს ისტორიაა.გააკეტა ცუდი,მაგრამბევრი კარგი,მოდიტ ეს ისტორიაა და იკოს ეს დზეგლი იკ სადაც ეს მსოფლიო მნისჰვნელობის პოლიტიკოსი დაიბადა. გმერტმა გაასამარტლოს.გიორგი სააკადზის არ იკოს საერტოტ ვინ იცის ვინ იკო მარტალი,გარდა გმერტისა.

  2. ვფიქრობ მექანიკურ შეცდომას აქვს ადგილი,როდესაც რუზველტის გაპრეზიდენტების თარიღად სტატიის ავტორს 1937 წელი აქვს დათარიღებული.რუზველტი აშშ–ს პრეზიდენტი გახდა 1933 წელს და მან ამ პოსტზე შეცვალა ჰებერტ ჰუვერი..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here