ჩერჩილს შავი დღე უთენდებოდა. ინგლისში არჩევნები ჩატარდა. 26 ივლისს ოფიციალური შედეგები უნდა გამოეცხადებიათ. იგი პოტსტდამიდან ლონდონში გაფრინდა, დარწმუნებული, რომ გაიმარჯვებდა და დაუყოვნებლივ დაბრუნდებოდა კონფერენციაზე. ბრძანებაც კი გასცა, რომ ტრიუმფის დღეს ლონდონის მის ბინაში საზეიმო სუფრა გაეწყოთ.
მისი სურვილი, რა თქმა უნდა, შეასრულეს, საზეიმო სადილი კი გაიმართა, მაგრამ განწყობილება ქელეხისა იყო: კონსერვატორებმა სამარცხვინოდ წააგეს არჩევნები, ჯარისკაცების უმრავლესობამაც კი არ დაუჭირა მხარი პრემიერს, რომელსაც თავი გამოჩენილ სამხედრო ლიდერად მიაჩნდა.
საზეიმო სუფრასთან გულჩათხრობილი იჯდა და ხმის ამოღებაც უჭირდა, მისი ქალიშვილები ცრემლებს არ მალავდნენ.
ლეიბორისტების მთავრობას არასახარბიელო მემკვიდრეობა ერგო: ომისშემდგომი გაპარტახება, ბრიტანეთის იმპერიის რღვევის დაწყება (მასში შემავალმა რიგმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა), დემობილიზებული ჯარისკაცების უზარმაზარი მასის სამუშაოთი უზრუნველყოფა… ამასთან, გავლენიანი წრეები, რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ იარაღის წარმოებასთან, დაინტერესებულნი იყვნენ, შეენარჩუნებიათ დაძაბულობა, ინგლისის მოქალაქეების «საბჭოთა აგრესიის» დაშინების გზით.
1945-1946 წლების ზამთარი ჩერჩილმა აშშ-ში გაატარა, სადაც შეხვდა ტრუმენს და სხვა მოღვაწეებს, ვისთანაც ორი ქვეყნის ერთიან სტრატეგიას ამუშავებდა. აშშ პრეზიდენტთან ერთად ჩავიდა მისურის შტატის ქალაქ ფულტონში, სადაც საპროგრამო სიტყვა წარმოთქვა. ამ სიტყვას, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ობიექტური მიზეზები ედო საფუძვლად: სსრ კავშირის ავტორიტეტის მნიშვნელოვანი განმტკიცება მსოფლიოში, სტალინის საქვეყნო დიდება, სოციალისტური სახელმწიფოების რაოდენობის ზრდა და კოლონიური ქვეყნების გათავისუფლება.
მაგრამ იყო სუბიექტური მიზეზებიც: თავმოყვარე ჩერჩილმა უმძიმესი დარტყმა განიცადა _ სტალინის სიდიადემ იგი იმდენად დაჩრდილა, რომ საერთაშორისო ასპარეზიდან პრაქტიკულად გაქრა. მას შურდა სტალინის. ყოფილ პრემიერს სურდა აშშ-სა და ინგლისის საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის მკვეთრად გამწვავების გზით კვლავ ტალღის თავზე მოქცეულიყო. ამ კურსის გამოცხადებით იგი «დასავლეთის სამყაროს» _ ინგლისურენოვანი სახელმწიფოების არაოფიციალური ლიდერი ხდებოდა.
თავისი მიზნების შესასრულებლად იგი შეეცადა ნაცისტური იდეის რეანიმირებას, რომელმაც თავისი ეფექტიანობა ჰიტლერულ გერმანიაში დაადასტურა. მან წამოაყენა წინადადება «ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ძმური ასოციაციის» შექმნის შესახებ, მაგრამ არა კულტურული თანამშრომლობისთვის, არამედ ინგლის-ამერიკის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ჩამოსაყალიბებლად. მიანიშნა საერთო მტერიც _ სსრკ. «ძალთა თანაფარდობის ჩვენი ძველი დოქტრინა, _ თქვა მან, _ უსაფუძვლოა. ჩვენ ვერ დავრჩებით ძალების უმნიშვნელო უპირატესობის იმედად».
ყველამ, ვინც იცნობს სამხედრო სტრატეგიას, შესანიშნავად იცის, ძალის მცირე უპირატესობა წარმატებული თავდაცვის გარანტიაა, თავდასხმას კი მნიშვნელოვანი უპირატესობა სჭირდება. ჩერჩილს სწორედ ეს უკანასკნელი ჰქონდა მხედველობაში.
«რუსეთთან ურთიერთგაგება, _ მისი აზრით, _ მიღწეული უნდა იყოს ინგლისურენოვანი ქვეყნების ერთობლივი ძალით და ყველა სხვა კავშირით». თანაც ამას დაუყოვნებლივ, 1946 წელსვე უნდა მიაღწიონ. გაუგებარი არაფერი რომ არ დარჩენილიყო, ჩერჩილმა დაუმატა: «რუსებთან ჩემი შეხვედრებით თუ ვიმსჯელებთ, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ყოველთვის აღაფრთოვანებთ ძალა».
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დადგაო დრო, სტალინს ძალის პოზიციიდან რომ ველაპარაკოთო; იგი იძულებული იქნება დათმოს, უკან დაიხიოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს სასიკვდილო დარტყმას ატომური ბომბებით (გავა დრო და გამჟღავნდება, რომ ასეთი დარტყმები ჩვენს მოკავშირეებს დეტალურად ჰქონდათ დაგეგმილი). ამას აცხადებდა კაცი, რომელიც აღფრთოვანებით ადღეგრძელებდა სტალინს და საკუთარ თავს მის ერთგულ მეგობრად წარმოგვიჩენდა.
მან გამოაცხადა ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტის აუცილებლობა სოციალისტურ სისტემაში შემავალ ქვეყნებთან: «შტეტინიდან ბალტიის ზღვაზე, ტრიესტამდე ადრიატიკაზე, მთელი ევროპის გადაკვეთით დაეშვა რკინის ფარდა».
მგონი, არცაა საჭირო, ჩვენს მკითხველებს მივუთითოთ, კიდევ ერთხელ რომ წაიკითხონ ჩერჩილის ეს ლოზუნგი, ტირადა, თეზისი (რაც გსურთ, ის დაარქვით), რათა კარგად დაიხსომონ და სხვებსაც გადასცენ, თუ სინამდვილეში ვინ არის ავტორი «რკინის ფარდის» დაშვებისა საბჭოთა კავშირსა და დასავლეთ ევროპას შორის.
სტალინს აბრალებენ!
მაგრამ რა არის საინტერესო, იცით? საინტერესოა, რომ ეს ფრთიანი გამოთქმა «რკინის ფარდა» ჩერჩილს არ ეკუთვნის: ინგლისის ყოფილი პრემიერის მიერ ფულტონში წარმოთქმულ სიტყვამდე ერთი წლით ადრე მესამე რაიხის იმდროინდელმა პროპაგანდის მინისტრმა იოზეფ გებელსმა თავის სტატიაში «რკინის ფარდის იქით» ორჯერ ახსენა ასეთი ფარდა, რომელიც გერმანიას რუსეთისგან გამოყოფდა.
მაგრამ არც გებელსი იყო ორიგინალური. მან შეიძლება, არც იცოდა, რომ ეს გამოთქმა ჯერ კიდევ 1914 წელს გამოიყენა ბელგიის დედოფალმა ელიზავეტამ, როცა მისი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრებულ გერმანულ ჯარზე ლაპარაკობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ბერლინში ბრიტანეთის ელჩმაც გაიმეორა… და საერთოდ «რკინის ფარდა» მოდის თეატრიდან, როცა იგი _ ნატურალური და არა მხოლოდ გამოთქმა _ მაყურებელთა დარბაზისგან სცენის გამოსაყოფად საფრანგეთში გამოიყენეს XVIII საუკუნის ბოლოს.
მთავარი აქ «მოქნეული სიტყვის» პრობლემა კი არ არის, არამედ პოლიტიკა, რომელიც, ამ ფარდის დაშვების შემდეგ განხორციელდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ _ ჩერჩილის მიერ შემოგდებულ იზოლაციურ პოლიტიკაზე ვლაპარაკობ.
ანალიტიკოსების დაკვირვებით ეს ფარდა სულაც არ გამოდგა ისეთი შეუვალი და გაუმტარი, როგორიც მის ავტორს (პლაგიატორს) ჰქონდა ჩაფიქრებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სერიოზული დიპლომატიური თამაშის (გნებავთ, ბრძოლა ვთქვათ) აქცენტირებული ელემენტი, თუნდაც _ დედააზრი.
მაგრამ _ წაგებული თამაშის, გაცუდებული დედააზრით.
ისტორიკოსები ასე მსჯელობენ:
თუ ჩერჩილს მიაჩნდა, რომ იზოლაციური პოლიტიკის ინიციატორი იქნებოდა სტალინი, უნდა მოეცადა, სანამ ასე მოხდებოდა და მაშინ დაედანაშაულებინა იგი ხალხთა შორის მტრობის ჩამოგდების მცდელობაში. ასეთი მეთოდი, ალბათ, უფრო გაუმართლებდა. მაგრამ ჩერჩილი ჩქარობდა ურთიერთობის გამწვავებას საბჭოთა კავშირთან, რადგან იმედი ჰქონდა ინგლის-ამერიკის შეიარაღებული ძალების უპირატესობის, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ ამერიკული ატომური იარაღით, რომლის შექმნას, ყოფილი პრემიერის აზრით, საბჭოთა კავშირი უახლოესი 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებდა. თავის ექიმთან საუბარში მან ივარაუდა, რომ ახალი ომი უახლოეს წლებში, შესაძლოა, 1947 წლის დადგომისთანავე დაიწყებოდა.
ფულტონის გამოწვევას სტალინმა უცებ არ უპასუხა. 1946 წლის 13 მარტს გაზეთ «პრავდაში» გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ.
უწინარეს ყოვლისა, მან აღნიშნა, რომ ფულტონის სიტყვის მიზანი არის განხეთქილების დათესვის მცდელობა მოკავშირე სახელმწიფოებს შორის, გააძნელოს და გაართულოს მათი თანამშრომლობა.
ჩერჩილს თავისი პირადი ინტერესი ამოძრავებდა: სურდა ჩამდგარიყო ანტიკომუნისტური მოძრაობის სათავეში, თავის გარშემო შემოეკრიბა წამყვანი კაპიტალისტური სახელმწიფოების გავლენიანი მოღვაწენი, წარმომდგარიყო როგორც მსოფლიო ლიდერი, კვლავ დაეპყრო პოლიტიკური ძალაუფლების მწვერვალები. მას შეურაცხყოფილი თავმოყვარეობაც ამოძრავებდა. მაგრამ ჩანაფიქრი შორსგამიზნული ჰქონდა, რაზეც ისაუბრა სტალინმა. მან თქვა, რომ «ბატონი ჩერჩილი ომის გამჩაღებელთა პოზიციაზე დგას. და აქ ბატონი ჩერჩილი მარტო არ არის. მას მეგობრები ჰყავს არა მარტო ინგლისში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც» (სტალინი, კერძოდ, ტრუმენზე მიუთითებდა).
რატომ გადადგა ჩერჩილმა ასეთი თავზეხელაღებული ნაბიჯი? მკვლევარები, მათ შორის, ამ წიგნის ავტორები, შეკითხვას, თუ რატომ გახდა უინსტონ ჩერჩილი საომარი ისტერიის წამომწყები, როცა მასობრივი განადგურებისკენ მოწოდება, მით უფრო, ატომური ბომბის გამოყენებით, მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვას ნიშნავს, რატომ გადაწყვიტა ასეთი პოლიტიკის განხორციელება მოღვაწემ, რომელიც დემოკრატიის დამცველად მიიჩნევდა საკუთარ თავს, უპასუხებენ ასე:
უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მისი გაგებით დემოკრატია არის ძალაუფლება მდიდრების, წარჩინებულთა, «რჩეულთა» და არა ხალხის მასებისა და მათი დამცველების ხვედრი. ამას გარდა, იგი ისწრაფოდა დიდი ბრიტანეთისთვის დაებრუნებია ზესახელმწიფოს დაკარგული სტატუსი მთავარი კონკურენტის საბჭოთა კავშირის განადგურების გზით. დაბოლოს, რისი ხაზგასმაც მნიშვნელოვანია: იგი დარწმუნდა, რომ საბჭოთა კავშირის ძლიერება იზრდებოდა, მისი გავლენა მსოფლიოში სულ უფრო ფართოვდებოდა, რაც ჩერჩილის სათაყვანებელი კაპიტალის სამყაროს ძირს ურყევდა, იგი კი, სულით ხორცამდე ბურჟუა იყო და გულხელდაკრეფილი ამას ვერ შეურიგდებოდა. «ცივი ომის» დაწყების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.
სტალინმა თავის პასუხში ფულტონის სიტყვის ძირითადი დებულებების უზნეო ხასიათს გაუსვა ხაზი:
«ომის გაჩაღების საქმე ჰიტლერმა დაიწყო იმით, რომ საქვეყნოდ წამოაყენა რასობრივი თეორია, განაცხადა, რომ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც გერმანულ ენაზე ლაპარაკობენ, წარმოადგენენ სრულფასოვან ერს. ბ-ნ ჩერჩილი ომის გაჩაღების საქმეს ასევე რასობრივი თეორიით იწყებს, როცა ამტკიცებს, რომ მხოლოდ ის ერები, რომლებიც ინგლისურ ენაზე ლაპარაკობენ, არიან სრულფასოვანი ერები, მსოფლიოს ბედის გადასაწყვეტად მოწოდებულნი.
ფაქტობრივად ბ-ნი ჩერჩილი და მისი მეგობრები ინგლისსა და აშშ-ში ერებს, რომლებიც არ ლაპარაკობენ ინგლისურ ენაზე, წარუდგენენ ულტიმატუმის მსგავს მოთხოვნას: აღიარეთ ჩვენი ბატონობა ნებაყოფლობით და მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გარდაუვალია.
მაგრამ ერებმა ხუთი წლის განმავლობაში დაუნდობელ ომში სისხლი დაღვარეს თავიანთი ქვეყნების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, არა იმიტომ ჰიტლერების ბატონობა ჩერჩილების ბატონობით შეეცვალათ. სავსებით მოსალოდნელია, რომ ერები, რომლებიც ინგლისურ ენაზე არ ლაპარაკობენ და, ამასთან, მსოფლიოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენენ, კისერზე მონობის ახალი უღლის დადგმას არ ისურვებენ.
ბ-ნ ჩერჩილის ტრაგედია არის ის, რომ მას, როგორც ფესვგადგმულ ტორის, არ ესმის ეს უბრალო და აშკარა ჭეშმარიტება».
იოსებ სტალინმა გამოააშკარავა ჩერჩილის ნააზრევის სუსტი რგოლი. ინგლის-ამერიკელების დაპირისპირების მცდელობას დანარჩენი მსოფლიოსთვის, რა თქმა უნდა, შეეძლო გამოეწვია ამ ქვეყნების გარკვეულ წრეებში ნაციონალისტური გრძნობების გამძაფრება. მაგრამ თვით აშშ-ის მოსახლეობას შორის, არაფერი რომ არ ვთქვათ მსოფლიო მოსახლეობაზე, მსგავსი მოწოდება პოპულარული ვერ გახდებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ნაცისტურ გერმანიასა და, ასევე, თავისებურად ნაცისტურ იაპონიაზე გამარჯვება სულ ახალი მოპოვებული იყო. მსოფლიოს თვალში რასობრივი უპირატესობის თეორია დისკრედიტირებული იყო. ხოლო საბჭოთა კავშირის სულიერი ზეობა _ ასევე საყოველთაოდ დამტკიცებული.
«ბ-ნი ჩერჩილი, _ განაგრძობდა სტალინი, _ ამტკიცებს, რომ «ვარშავა. ბერლინი. პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი, სოფია _ ყველა ეს სახელგანთქმული ქალაქი და მათი რაიონების მოსახლეობა იმყოფება საბჭოთა სფეროში და ამა თუ იმ ფორმით არა მარტო საბჭოთა გავლენას განიცდის, არამედ მნიშვნელოვანწილად მოსკოვის მზარდი კონტროლის ქვეშ იმყოფება. ბ-ნი ჩერჩილი ამ ყველაფერს აკვალიფიცირებს, როგორც საბჭოთა კავშირის უსაზღვრო «ექსპანსიურ ტენდენციებს».
განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ბ-ნი ჩერჩილი უხეშად და უბოდიშოდ ცილს სწამებს როგორც მოსკოვს, ასევე სსრკ-ის მეზობელ აქ დასახელებულ სახელმწიფოებს».
«საბჭოთა კავშირმა მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე ინგლისმა და ამერიკამ ერთად აღებულმა, _ ხაზი გაუსვა სტალინმა, _ შეიძლება აქა-იქ მიდრეკილნი არიან დაივიწყონ საბჭოთა ხალხის ეს კოლოსალური მსხვერპლი, რომელიც გაღებული იყო ჰიტლერული უღლისგან ევროპის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. მაგრამ საბჭოთა კავშირს არ შეუძლია ამის დავიწყება. საკითხავია, რა შეიძლება იყოს გასაკვირი იმაში, რომ საბჭოთა კავშირი მომავალში თავისი უშიშროების უზრუნველსაყოფად ცდილობდეს, რომ ამ ქვეყნებს ჰყავდეს მთავრობები, რომლებიც ლოიალური დამოკიდებულება ექნებათ საბჭოთა კავშირთან? განა შეიძლება, თუ ჭკუაზე არ გადადექი, შეაფასო საბჭოთა კავშირის სამშვიდობო მისწრაფება, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ექსპანსიონისტური ტენდენცია?»
შეიძლება მკითხველს მოეჩვენოს, რომ ოპონენტის სიგიჟეზე მითითება უხეშობა და უტაქტობაა. მაგრამ უნდა პირდაპირ ვთქვათ, რომ არჩევნებზე კონსერვატორების დამარცხებამ, რომელთაც ჩერჩილი ედგა სათავეში, ამ ადამიანის ფსიქიკაზე სერიოზული გავლენა იქონია, ან, უფრო რბილად რომ ვთქვათ, ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. ეს ცნობილი იყო მაშინაც და სტალინმა მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია მოახდინა. ჩერჩილი იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის მიმართ ცინიზმითა და შეურაცხმყოფელი გამოთქმებით გამოირჩეოდა, რაც განსაკუთრებით თვალში საცემი იყო იმ ქებათა-ქების შემდეგ, იმ აღფრთოვანებული დამოკიდებულების ფონზე, რასაც იგი ამჟღავნებდა ომის პერიოდში საბჭოთა ხალხის გმირობისა და მისი ლიდერის _ სტალინის სიბრძნის მიმართ.
სტალინის პასუხის მკვეთრი ტონი და უკომპრომისობა მისი ქვეყნის წინააღმდეგ გამოხდომის ადეკვატური იყო. ორი პოლიტიკოსის პირადი სიმპათიები საერთაშორისო ვითარების შეცვლასთან ერთად აორთქლდა. ჩერჩილის განდგომა და მოღალატური გამოხდომა აშკარა იყო. სტალინი კი ორგანულად ვერ იტანდა მოღალატე, ორპირ, სიტყვის გამტეხ ადამიანებს.
უკანასკნელი «დიდი სამეულიდან»
1946 წლის გაზაფხულმა ჩერჩილს დიდი იმედგაცურება მოუტანა. 1 აგვისტოს ძალაში შევიდა აშშ კონგრესის მიერ დამტკიცებული მაკმაგონის აქტი, რომელიც კრძალავდა ატომური საიდუმლოებების სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას. ამ იარაღის ხელში ჩაგდების იმედი ჩერჩილს საპნის ბუშტივით გაუსკდა: აშკარა გახდა, რომ «ზეიარაღის» გარეშე დარჩენილი ყოფილი პრემიერი სტალინს თავის ნებას ვერ უკარნახებდა.
19 სექტემბერს შვეიცარიაში, ჟენევის ტბის ნაპირზე დასვენების შემდეგ ჩერჩილი ციურიხის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. აშკარად გამოჩნდა, რომ მან გადახედა «პოლიტიკური თამაშების» თავის სტრატეგიას: როგორც ჩანს, გაითვალისწინა სტალინის შენიშვნები და ალაპარაკდა არა ინგლის-ამერიკულ, არამედ ევროპის ერთობაზე. თავდაპირველად რიტორიკული შეკითხვა დასვა:
_ რატომ არ უნდა არსებობდეს ევროპული ჯგუფი, რომელიც ამ ბობოქარი და ძლიერი კონტინენტის გაგიჟებულ ხალხებს ამაღლებული პატრიოტიზმისა და საერთო მოქალაქეობის გრძნობას ჩაუნერგავდა.
იგი გულისხმობდა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპას, მაგრამ მხედველობიდან გამორჩა აღმოსავლეთ ევროპა და კონტინენტის ამ რეგიონში შეცვლილი რეალობა. მაგრამ ეს არ იყო მთავარი. ამჯერად ახალი გეოპოლიტიკური იდეით წარსდგა იგი მსმენელების წინაშე. ჩანდა, რომ მან გული აიცრუა ამერიკელ პარტნიორზე, რომელიც თავდაჯერებით ასრულებდა ატომური ხელკეტით შეიარაღებული «დიდი ძმის» როლს და შეეცადა ომისშემდგომ ევროპაში ინგლისის ცენტრალური ადგილის დამკვიდრებას.
მისი აზრით, არსებობდა სამი სფერო: ბრიტანეთის იმპერია მასში შემავალი ყველა ქვეყნით; ინგლისურენოვანი ქვეყნები; გაერთიანებული ევროპა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სამივე ამ სფეროში შედის, ინგლისია და ამიტომ სწორედ მას ხელეწიფება დანარჩენების გაერთიანება.
რისთვისაა საჭირო ეს გაერთიანება? ქვეყნების არც ეკონომიკური, არც სავაჭრო, არც კულტურული, არც სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის არავითარი დაბრკოლება არ არსებობდა. უფრო მეტიც, სტალინს არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი სოციალისტური და კაპიტალისტური ქვეყნების თანამშრომლობის განსამტკიცებლად. თანაც, გაიხსენეთ, მისი წინადადებით არ დაუშვიათ რკინის ფარდა ევროპაში!
გამოდის, რომ ჩერჩილი საომარ დაპირისპირებას გულისხმობდა. მაგრამ ნუთუ მართლა გაგიჟდა ჩერჩილი, რომელიც ახალი ომისკენ მოუწოდებდა პარტნიორებს მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომის ჭრილობების მოშუშებამდე ჯერ კიდევ შორს იყო?
ასეთი ვარაუდი, რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა. არც აშშ-ის, არც ინგლისის ხალხები ასეთ ავანტიურას არ აჰყვებოდნენ. ჩერჩილისთვისაც საკმარისი იყო ომის საშიშროების პერსპექტივით აეფორიაქებია საზოგადწოებრივი აზრი. არავითარი ჯვაროსნული ლაშქრობა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მას არ გამოუცხადებია. ფულტონში გამოსვლაც კი ასეთი შესავლით დაიწყო: «მე უაღრესად აღფრთოვანებული ვარ და ვაფასებ სახელოვან რუს ხალხს და ომის დროინდელ ჩემს ამხანაგს _ მარშალ სტალინს».
მაშ, რა მიზნები ამოძრავებდა ჩერჩილს, ომის ისტერიკას რომ აღვივებდა? უწინარეს ყოვლისა, მას მხარდაჭერა აღუთქვეს გავლენიანმა მილიტარისტულმა წრეებმა, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ შეიარაღების წარმოებაში, რასაც უზარმაზარი მოგება მოჰქონდა მათთვის.
ასე უნდოდა სამხერო-სამრეწველო კომპლექსს, ასე სურს მას დღესაც.
ამ თემაზე სტალინმა ამომწურავად ისაუბრა გაზეთ «სანდი ტაიმსთან» ინტერვიუში 1947 წლის 17 სექტემბერს.
«ახალი ომის» შესახებ ამჟამად უმთავრესად ხმაურობენ სამხედრო-პოლიტიკური მზვერავები და მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები სამოქალაქო ჩინოსნების წრიდან. მათ ეს ხმაური სჭირდებათ თუნდაც იმისთვის, რათა: ა) ომის აჩრდილით დააშინონ ზოგიერთი გულუბრყვილო პოლიტიკოსი მათი კონტრაგენტების რიგებიდან და ამით დაეხმარონ თავიანთ მთავრობებს, გამოსტაცონ კონტრაგენტებს რაც შეიძლება მეტი დათმობა; ბ) გარკვეული დროით გააძნელონ თავიანთ ქვეყნებში სამხედრო ბიუჯეტის შემცირება; გ) დაამუხრუჭონ ჯარების დემობილიზაცია და ამით თავიდან აიცილონ თავიანთ ქვეყნებში უმუშევრობის სწრაფი ზრდა.
უნდა განვასხვავოთ «ახალი ომის» გამო ატეხილი ხმაური და «ახალი ომის» რეალური საშიშროება, რომელიც ამჟამად არ არსებობს».
მან თქვა, რომ სჯერა საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის დემოკრატიების მეგობრული და ხანგრძლივი თანამშრომლობის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არსებითი იდეოლოგიური განსხვავებაა, სჯერა ორი სისტემის «მეგობრული შეჯიბრების შესაძლებლობის. ნიშანდობლივია, რომ სწორედ აქეთკენ მოგვიწოდებდა აშშ-ის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე ჰენრი უოლესიც.
შეკითხვას ატომური თავდასხმის შესახებ სტალინმა ასე უპასუხა:
«_ ატომური ბომბი არ მიმაჩნია ისეთ სერიოზულ ძალად, როგორადაც ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწეს სურს წარმოიდგინოს. ატომური ბომბები სუსტი ნერვების მქონეთა დასაშინებლად არის განკუთვნილი, მაგრამ ისინი ვერ წყვეტს ომის ბედს… ატომური ბომბის საიდუმლოს მონოპოლური ფლობა, რა თქმა უნდა, წარმოქმნის საშიშროებას, მაგრამ მის წინააღმდეგ არსებობს სულ ცოტა, ორი საშუალება: ა) ატომური ბომბის მონოპოლური ფლობა დიდხანს ვერ გაგრძელდება; ბ) ატომური ბომბის გამოყენება აიკრძალება…»
საბჭოთა ბელადმა საჭიროდ არ ჩათვალა ჩერჩილის სახელის ხსენება, მაგრამ დასმულ შეკითხვებს უპასუხებდა, როგორც ეტყობა, ამ მოღვაწის გამოსვლის გათვალისწინებით, რომელიც იძულებული გახდა, დაეთმო პრემიერ-მინისტრის სავარძელი. ვიყოთ ობიექტური და ვთქვათ, რომ თავის საარჩევნო ოლქში მან სრული გამარჯვება მოიპოვა, რაც მისი მაღალი ავტორიტეტის დადასტურება იყო. სტალინი მას «ჩამოწერილ» მოღვაწედ არ მიიჩნევდა.
ექვსი წლის შემდეგ მან კვლავ გაიმარჯვა და დაუნინგ სტრიტზე, მეათე ნომერ სახლში, სადაც პრემიერის სამუშაო აპარტამენტებია, დაბრუნდა. მაგრამ 1951 წელიწადი 1940-ისგან განსხვავდებოდა. ინგლისი ლეიბორისტული მთავრობის ხელში უფრო დამოკიდებული გახდა შეერთებულ შტატებზე, ვიდრე ომის წლებში იყო. 77 წლის ჩერჩილმა გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ამ ეროვნული დამცირებისთვის.
თავისი პრემიერობის პირველივე დღეებიდან შეაშფოთა და ააღელვა ვაშინგტონი. იმ დღეებში ინგლისელ ტაქსისტს თავს დაესხა მთვრალი ამერიკელი სამხედრო, რომელიც ინგლისში განლაგებულ აშშ-ის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, ტაქსისტი ყოფილი ფრონტელი აღმოჩნდა. მან არა მარტო წინააღმდეგობა გაუწია ამერიკელს, არამედ გაკოჭა და პოლიციას ჩააბარა. ჩერჩილის მოთხოვნით, ეს შოფერი დააჯილდოვეს… სამხედრო მედლით.
თეთრ სახლს კიდევ ბევრი შეწუხება ელოდა მოუსვენარი მოხუცისგან. ჩერჩილს მიაჩნდა, რომ ინგლისის დამოუკიდებლობა და მსოფლიო ავტორიტეტი შეიძლება განმტკიცდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება ატომური იარაღი, რომლის მიცემაზე ამერიკელებმა კატეგორიული უარი განუცხადეს. ბოლოს და ბოლოს ინგლისმა წარმატებით გამოსცადა ეს იარაღი, თუმცა ამან მისი ავტორიტეტის ამაღლებას მაინც და მაინც ხელი ვერ შეუწყო. აშშ და სსრკ დომინირება მსოფლიოში აშკარა იყო.
ინგლის-ამერიკის წინააღმდეგობა სტალინს შეუმჩნეველი არ დარჩენია. იგი აშშ-სთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა, რასაც მოწმობს იმ პერიოდის ინტერვიუებისა და საუბრების მთელი რიგი.
1953 წლის მარტის დასაწყისში სტალინს ტვინში სისხლი ჩაექცა. ჩერჩილმა დაურეკა საბჭოთა კავშირის ელჩს ინგლისში ანდრეი გრომიკოს და სთხოვა, რეგულარულად მიეწოდებინა ცნობები საბჭოთა ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ ჩერჩილი «დიდი სამეულის» ერთადერთი წევრი დარჩა, რამაც საერთაშორისო ასპარეზზე მას დამატებითი წონა შეჰმატა.
გაგრძელება იქნება
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე