ვარშავის აჯანყების კრახი
დღეს უკვე ცნობილია, რომ ვარშავის აჯანყება იმთავითვე განწირული იყო. უმთავრეს მიზეზად მიჩნეულია მოწინააღმდეგის ძალების უდიდესი აღმატებულობა, მტრისა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას არ ინდობდა და, ამასთან, აჯანყების შეგნებულად შეუთანხმებლობა საბჭოთა სარდლობის გეგმებთან. ეს ხაზგასმულად გამოსაყოფია, რადგან გაკეთდა შეგნებულად, პოლონეთის ლონდონური მთავრობის მხარდამჭერთა მიერ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ხაზგასასმელად.
აჯანყება არა მარტო ცუდად, არამედ დანაშაულებრივად ცუდად იყო ორგანიზებული. უეჭველია, რომ ამას ჩერჩილიც გრძნობდა, მაგრამ ისიც უეჭველია, რომ იგი ამაში საკუთარ თავსაც არ გამოუტყდებოდა. ასეა თუ ისე, მაგრამ არამეგობრული გამოსვლების მიუხედავად, პოლონეთის საკითხთან დაკავშირებით, უკანასკნელ მომენტში იგი შეეცადა, რომ წინააღმდეგობა მეგობრულად, კომპრომისის გზით მოეგვარებია, მაგრამ ასეთი ტაქტიკა უკვე დაგვიანებული იყო.
ვარშავის აჯანყებისთვის დახმარების აღმოსაჩენად მოლაპარაკებიდან ერთი თვის შემდეგ ჩერჩილმა სტალინს «პირველი საიდუმლო და განსაკუთრებული ნდობის» წერილით მიმართა.
წერილი იწყებოდა ასე:
«ფრიად გამეხარდა, როცა ელჩმა, სერ ა. კლარკ კერიმ მაცნობა ის ქება, რომლითაც თქვენ შეაფასეთ ბრიტანული და ამერიკული ოპერაციები საფრანგეთში. ჩვენ ვაფასებთ გმირული რუსული არმიის ბელადის ამგვარ გამონათქვამებს. ვისარგებლებ შემთხვევით, რათა ხვალ თემთა პალატაში გავიმეორო ის, რაც ადრეც მითქვამს, რომ სწორედ რუსულმა არმიამ გამოფატრა გერმანიის სამხედრო მანქანა და მოცემულ მომენტში თავის ფრონტზე აკავებს მოწინააღმდეგის ძალთა შეუდარებლად დიდ ნაწილს».
ზედმეტი არ იქნება, თუ ერთხელ კიდევ ვიტყვით, რომ სტალინი არასოდეს ჩაიყენებდა თავს ისეთ უხერხულ, ზოგჯერ კი დამამცირებელ მდგომარეობაში, რომელშიც უინსტონ ჩერჩილი ჩავარდნილა. ეს აიხსნება არა მარტო საბჭოთა ლიდერის წინდახედულებით, არამედ იმითაც, რომ იგი ყოველთვის ერთგული რჩებოდა თავისი დაპირებების, არასოდეს ცრუობდა და არასოდეს პირფერობდა. ასე იგი იქცეოდა არა მხოლოდ მოწინააღმდეგისადმი პატივისცემის გამო, არამედ, იმის გათვალისწინებითაც, რომ იგი პასუხისმგებელი იყო საკუთარი ქვეყნისა და ხალხის, იმ იდეალების წინაშე, რომელსაც განუხრელად ერთგულებდა.
აი, ერთ-ერთი მაგალითი. ინგლისურმა დაზვერვამ დაადგინა, რომ პოლონეთის ქალაქ დებიცეში განლაგებულია გერმანელების რაკეტების გამოსაცდელი სადგური. ჩერჩილმა სთხოვა სტალინს, ნება დაერთო ბრიტანელი სპეციალისტებისთვის, დაეთვალიერებიათ ეს საიდუმლო ობიექტი. «…გავიგე, _ წერდა ჩერჩილი, _ რომ სპეციალისტები დაბრუნდნენ ინგლისში, ჩამოიტანეს ფასეული ინფორმაცია, რომელმაც შეავსო შორი მოქმედების რაკეტების დარგში ჩვენი ცოდნის ზოგიერთი ხარვეზი».
ცხადი ხდება, რომ სტალინი ხელს უწყობდა მოკავშირეებს სამხედრო ტექნიკის სრულყოფაში, რომელიც პრინციპულად შესაძლებელი იყო, გამოეყენებინათ სსრ კავშირის წინააღმდეგ.
სტალინმა ამით გამოხატა, რომ ენდობოდა ჩერჩილს, რომელიც არაერთგზის შეეცადა მის მოტყუებას და ბოლოს და ბოლოს «ცივი ომი» გამოუცხადა თავის საბრძოლო მეგობარს.
აი, ასეთი კონტრასტული დამოკიდებულება არსებობდა მოკავშირეთა შორის, რომელშიც თავისი ზნეობრივი გამორჩეულობის წყალობით სტალინი გამარჯვებული გამოდიოდა.
მეორე მოსკოვური შეხვედრა
იმ პერიოდის მსოფლიოში ბრიტანეთის იმპერიისთვის არასასიკეთო ვითარება ყალიბდებოდა. ჩერჩილი იძულებული გახდა, ამერიკის უმცროსი პარტნიორის როლს შერიგებოდა, თუმცა მსოფლიოში გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად რჩებოდა.
როცა სტალინმა თეირანის კონფერენციაზე ხაზი გაუსვა ამერიკის უპირატესობას ინგლისზე, რაც ეფუძნებოდა აშშ-ის უდავოდ უფრო ძლიერ ეკონომიკასა და მრეწველობას, რომელსაც ხელეწიფებოდა პირველი კლასის სამხედრო ტექნიკის წარმოება, შესაძლებელია, ჩერჩილმა გაიხსენა ზემძლავრი იარაღი, რომლის დამზადებაზეც მუშაობდნენ გერმანიასა და აშშ-ში. ასეთი იარაღით გაძლიერებულ მის ქვეყანას შეეძლო კვლავ ეკარნახა თავისი პირობები სხვა მრავალი ხალხისთვის, მათ შორის, საბჭოთა კავშირისთვისაც. თუმცა მან არ იცოდა, რომ სსრკ-შიც დაჩქარებით მუშაობდნენ ატომური ბომბის დასამზადებლად.
ბევრის მთქმელია ის გარემოება, რომ მაშინ, როცა ამერიკელი მეცნიერები ატომური ბომბის დამზადებაზე მუშაობდნენ, პრეზიდენტმა რუზველტმა საჭიროდ არ ჩათვალა ბრიტანეთის პრემიერისთვის გაენდო ისეთი საიდუმლოებანი, რომლებიც ინგლისსაც «ზეიარაღის» მფლობელს გახდიდა. მიმომხილველთა აზრით, ასეთ ვითარებას ერთადერთ დასკვნამდე მივყავართ: ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე მაშინ ჰქონდა პრეტენზია, ებატონა ომის შემდგომი მსოფლიოს ბევრ რეგიონში, სადაც ადრე ბრიტანელი მეგობრები იყვნენ დამკვიდრებულნი.
ევროპაში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ბრძოლები, როცა ჩერჩილი სერიოზულად ფიქრობდა ინგლისის გავლენის გავრცელებაზე ამ კონტინენტის ქვეყნებში. «ჩემი თვალთახედვით, _ აღიარებდა იგი მოგვიანებით, _ საბჭოთა საშიშროება უკვე ჩაენაცვლა ნაცისტურ მტერს». ამიტომ იყო, რომ იგი ასე გააფთრებით ცდილობდა პოლონეთში ლონდონის ემიგრანტული მთავრობის დამკვიდრებას. ამ შემთხვევაში ინგლისის გავლენა ამ ქვეყანაში გარანტირებული ექნებოდა.
ამიტომ იყო მზად, გამხდარიყო «დიდი ძმის» _ აშშ-ის პატარა პარტნიორი. ჩერჩილმა საბჭოთა კავშირის ელჩს ფრიად მკაფიოდ განუცხადა: «ორიდან ერთი: ან ჩვენ შევძლებთ მოვილაპარაკოთ სამი ქვეყნის შემდგომ თანამშრომლობაზე, ან ინგლის-ამერიკის ერთიანი კავშირი წინ აღუდგება საბჭოთა სამყაროს».
საჭირო გახდა «დიდი სამეულის» ახალი შეხვედრა.
მოვლენებს წინ გავუსწროთ და ვთქვათ, რომ სტალინი ყველაფერს აკეთებდა კაპიტალიზმისა და სოციალიზმის ქვეყნების თანამშრომლობის განსამტკიცებლად.
სტალინის ასეთ პოზიციას ისტორიის თეორეტიკოსები შემდეგნაირად ხსნიან:
სტალინი, როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო იმ საზოგადოებრივი წყობილების უპირატესობაში, რომელიც დაამკვიდრა საბჭოთა კავშირში. ამასთან ერთად, მას მიაჩნდა, რომ მარქსისტული მოძღვრება ასახავს რეალობას, რომლის მიხედვით იმპერიალიზმი გარდაუვალად უნდა დაიმსხვრას და საზოგადოებრივი ფორმაციები სოციალისტური სისტემების გავლით უნდა გადავიდეს კომუნისტურში. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში მუშათა კლასი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამიტომ სტალინის ამგვარ რწმენას სერიოზული საფუძველი ჰქონდა (თუმცა, როგორც ცნობილია, შრომის ავტომატიზაციისა და მექანიზაციის განვითარების კვალობაზე პირველ ადგილზე მას ჩაენაცვლა მოსამსახურეთა სოციალური ფენა).
იალტის კონფერენციამდე (1945 წლის 4-11 თებერვალი) ჩეჩილი ჩავიდა მოსკოვში. სტალინმა პრემიერს არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობით უმასპინძლა. სტალინის ყოფილმა თარჯიმანმა ბერეჟვოკმა, რომელიც ბელადის გარდაცვალების შემდეგ ანტისტალინელების ბანაკში გადაბარგდა, ამ შეხვედრის თაობაზე საოცარი რამ თქვა: «ჩერჩილთან ყველა შეხვედრისას სტალინი ხელიდან არ უშვებდა შემთხვევას, კეთილი განწყობილება რომ დაედასტურებია მისთვის. შესაძლოა, იგი მიიჩნევდა, რომ ინგლისელი ტორების ლიდერი ბოლოს და ბოლოს მზად იყო, საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა ნდობის საფუძველზე დაემყარებია, მზად იყო, სტალინს, როგორც თანასწორს, მოპყრობოდა».
ბოლო მინიშნება ჭეშმარიტად საზიზღარია. რა ჰქონდა მხედველობაში ყოფილ თარჯიმანს? შეიძლება, ჩერჩილს მართლაც სურდა სტალინის თანასწორი ყოფილიყო. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგან ისინი სრულიად განსხვავებულ კატეგორიებში იმყოფებოდნენ. და თუ წონით და ასაკობრივ კატეგორიებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს აშკარა უპირატესობა ჰქონდა, ყველა დანარჩენში ასევე აშკარად ჩამორჩებოდა სტალინს. უკვე იმის გამო, რომ ჩერჩილი ერთ-ერთი პარტიის ლიდერი და მთავრობის დროებითი მეთაური იყო, მისი გათანაბრება შეუძლებელია იმ თანამდებობასთან, რომელსაც იგივე ბერეჟკოვი დიქტატორის თანამდებობას უწოდებდა. მით უფრო, რომ 1944 წელს საბჭოთა კავშირმა საფუძვლიანად განაცხადა, რომ იგი მსოფლიოში მეორე ზესახელმწიფოა აშშ-ის შემდეგ, რასაც იმ დროს ინგლისის შესახებ ვერავინ იტყოდა.
ჩერჩილთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სტალინს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდებოდა იმიტომ, რომ თავიდან აეცილებია გაერთიანებული ინგლის-ამერიკის დაპირისპირება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ეს კი იმ დროს სავსებით შესაძლებელი იყო თუნდაც იმიტომ, რომ სტალინმა დაუფარავად გაამჟღავნა უარყოფითი დამოკიდებულება ჩერჩილის გეგმისადმი, რომლითაც ვარშავაში პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის დამკვიდრება იყო განზრახული. რუზველტს არ შეეძლო ამ საკითხში ბრიტანეთის პოზიციისთვის მხარი არ დაეჭირა: პრეზიდენტის არჩევნების წინ მას აუცილებლად სჭირდებოდა კარგი ურთიერთობის შენარჩუნება ამერიკელ პოლონელებთან.
უეჭველია, რომ სტალინი არ აპირებდა თავისი გადაწყვეტილების შეცვლას: ახალი პოლონეთის მთავრობა მეგობრულად განწყობილი უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის მიმართ. ბრიტანელი სტუმრის მიმართ რაიმე დათმობაზე ამ საკითხში სტალინი არ წავიდოდა, ამიტომ ცდილობდა ამ ნეგატივის სტუმართმოყვრული პატივისცემით და თბილი ურთიერთობით გადაფარვას…
სტალინთან შეხვედრის დროს ჩერჩილმა წამოჭრა საკითხი ევროპაში სსრკ-ისა და დიდი ბრიტანეთის გავლენის მასშტაბების შესახებ. იგი მოითხოვდა, რომ მის ქვეყანას გადამწყვეტი სიტყვის თქმის უფლება ჰქონოდა საბერძნეთში. ამასთან, მან შესთავაზა თავის მასპინძელს, გამოეყენებიათ დიპლომატიური გამოთქმები სფეროების განაწილების საკითხზე საუბრისას, რათა არ გაეღიზიანებიათ ამერიკელები.
სტალინმა ხალისით დაუჭირა მხარი ამ წინადადებას, რადგან იგი ერთგვარად მიანიშნებდა საბჭოთა კავშირისა და ინგლისის თანამშრომლობაზე, რომელიც წინ აღუდგებოდა აშშ-ის მსოფლიო ბატონობისკენ მისწრაფების სურვილს. თუ ბერეჟკოვს ვერწმუნებით, სტალინმა ამ გარემოებას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი:
«_ მე მეჩვენება, რომ შეერთებულ შტატებს თავისთვის ზედმეტად დიდი პრეტენზიები აქვს, საბჭოთა კავშირსა და დიდ ბრიტანეთს კი შეზღუდულ შესაძლებლობებს უტოვებს. ჩვენ და თქვენ კი დადებული გვაქვს ურთიერთდახმარების ხელშეკრულება.
_ აქ მე ერთი ბინძური დოკუმენტი მაქვს, _ თქვა ჩერჩილმა და გულის ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი ამოიღო, _ რომელშიც გადმოცემულია ლონდონში ზოგიერთი პირების მოსაზრებები.
ფურცელზე ჩამოთვლილი იყო რუმინეთი, საბერძნეთი, იუგოსლავია, უნგრეთი, ბულგარეთი, რომელთაც მიწერილი ჰქონდა, ერთის მხრივ, სსრკ-ის გავლენის პროცენტები, მეორე მხრივ _ ამერიკისა და ინგლისის გავლენის პროცენტები. ციფრებით ნაჩვენები იყო, რომ რუმინეთი, მაგალითად, გათვალისწინებული იყო საბჭოთა კავშირის გავლენისათვის, საბერძნეთი კი, სურთ, დასავლეთის მოკავშირეებს დაუტოვონ. საინტერესოა, რომ პოლონეთი სიაში წარმოდგენილი არ იყო. ამგვარი ღონისძიება სუვერენულ სახელმწიფოთა შიდა საქმეებში აშკარა ჩარევა იყო, მაგრამ ჩერჩილი არ იღლებოდა დემოკრატიის პრინციპებზე ხშირი მითითებით სხვადასხვა მოსაზრებასთან დაკავშირებით.
_ ძალიან ცინიკური ხომ არ იქნება, ასე შინაურულად რომ გადავწყვიტეთ საკითხები, რომლებიც მილიონობით ადამიანის ბედს ეხება? მოდით, დავწვათ ეს ქაღალდი, ასე უმჯობესი იქნება…
_ არა, თქვენ შეინახეთ…»
ამგვარად, «ბინძური ქაღალდი» ბრიტანეთის პრემიერს დარჩა. სტალინმა მხოლოდ დააფიქსირა, რომ გაეცნო მას. მაგრამ შემდგომში იგი ითვალისწინებდა ამ უსიტყვო შეთანხმებას. მაგალითად, არ ჩაერია ინგლისის საოკუპაციო ნაწილების მწვავე კონფლიქტში ბერძენ კომუნისტებთან და მათ მოკავშირეებთან, რომელთა გამოსვლები სასტიკად დაარბიეს. სტალინი აღიარებდა საბერძნეთის პოზიციის დიდ მნიშვნელობას დიდი ბრიტანეთისთვის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.
მეგობრული ურთიერთობის ნიშნად სტალინმა მიიღო ჩერჩილის მიწვევა ინგლისის საელჩოში ვახშამზე. სუფრასთან მასპინძელი დაჟინებით უყვებოდა სტალინს იტალიაში თავისი ამასწინანდელი ვიზიტის შესახებ, სადაც მას ხალხი აღფრთოვანებით ესალმებოდა. და პასუხად მოისმინა: «სულ ახლახან ისინი ასეთივე აღფრთოვანებით ადიდებდნენ მუსოლინის».
ბრიტანეთის პრემიერი სიტყვაუხვობდა, ლაპარაკობდა «სამი დიადი დემოკრატიის» თანამშრომლობაზე როგორც ომის დროს, ასევე მომავალ მშვიდობიან პერიოდში. იგი გადავიდა სრულიად არა სუფრულ თემაზე _ ინგლისის მორალურ პასუხისმგებლობაზე პოლონელი ხალხის სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისთვის: აუცილებლად გასათვალისწინებელიაო, რომ პოლონეთი კათოლიკური ქვეყანაა, არ შეიძლება დავუშვათ, რომ მისმა განვითარებამ გაართულოს ურთიერთობა ვატიკანთან.
_ რამდენი დივიზია აქვს რომის პაპს? _ იკითხა ჩაფიქრებულმა სტალინმა.
ჩერჩილს კვლავ ენა ჩაუვარდა. აშკარად ზედმეტი მოუვიდა. რომის პაპის შვეიცარული ასეული კი არ იბრძოდა პოლონეთის გასათავისუფლებლად, არამედ წითელი არმია და მასთან ერთად _ პოლონელები… ჩერჩილის მიერ ზრუნვის გამოხატვა პოლონელთა სულიერი ღირებულების შენარჩუნებაზე და რომის პაპთან დამოკიდებულებაზე აშკარად უადგილო იყო.
საბჭოთა ბელადმა სტუმარი დიდ თეატრში მიიწვია, სადაც პირველ განყოფილებაში წარმოადგენდნენ ადანის ბალეტ «ჟიზელს», მეორეში კი გამოდიოდა წითელი არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. დამსწრენი აღფრთოვანებით შეეგებნენ ჩერჩილსა და სტალინს, რომლებიც ერთად გამოჩნდნენ თეატრის ლოჟაში. სტალინი ჩამორჩა, რათა აპლოდისმენტები სრულად რგებოდა ჩერჩილს, სტუმარმა კი, თავის მხრივ, სტალინს შესთავაზა პირველი გამოსულიყო.
ანტრაქტის დროს, ვახშამზე მცირე სასტუმრო ოთახში პოლიტიკოსთა «დიდი სამეული» წმინდა სამებას შეადარა. სტალინმა ამ ხუმრობას მხარი აუბა:
_ თუ ასეა, მაშინ ბატონი ჩერჩილი, რაღა თქმა უნდა, სულიწმინდაა, იგი ყველგან დაფრინავს…
გულიანად რომ იცინეს, ჩერჩილმა და იდენმა ითხოვეს, ხელის დასაბანად ტუალეტში გაგვიყვანეთო. ისინი მესამე ზარის შემდეგაც არ დაბრუნდნენ. როცა ბოლოს და ბოლოს გამოჩნდნენ, იდენმა განმარტა დაგვიანების მიზეზი:
_ პრემიერ-მინისტრს იქ დაებადა ახალი იდეები პოლონეთთან დაკავშირებით. ჩვენ საუბარში გავერთეთ და ზარი ვერ გავიგონეთ.
მეორე დღეს, როცა ეს ორი ბრიტანელი პოლიტიკოსი კრემლის ბინაში, ოჯახში, სტუმრობდნენ სტალინს, მან ერთ კარზე მიუთითა და უთხრა მათ:
_ აქ სააბაზანოა, შეგიძლიათ დაიბანოთ ხელი, როცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემების განხილვა მოგინდებათ.
როგორ უპასუხა ჩერჩილმა სტალინის ამ სახუმარო რეპლიკებს, როგორც ამბობენ, ისტორიის ანალებში დაფიქსირებული არ არის.
უპასუხა კი?
თუმცა აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ მათ ისეთი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, რომ შეხუმრების უფლებასაც აძლევდნენ თავიანთ თავს, ყოველ შემთხვევაში, სტალინის მხრიდან ეს აშკარად იგრძნობოდა…
მიუხედავად ახალი იდეებისა, რომლებიც დიდი თეატრის ტუალეტში დაებადა ჩერჩილს, პოლონეთის საკითხი გადაწყდა სსრ კავშირის ინტერესების სრული გათვალისწინებით.
სტალინმა ჩერჩილს მეგობრული განწყობილება დაუდასტურა იმითაც, რომ აეროპორტში გასაცილებლად მასზე ადრე მივიდა.
წვიმდა. სტალინი შენობაში არ შევიდა. გარეთ დაელოდა. ჩერჩილი განაცვიფრა მისდამი გამოვლენილმა ასეთმა პატივისცემამ და თვითმფრინავში თავისი, შესანიშნავად მოწყობილი აპარტამენტების დასათვალიერებლად მიიწვია სტალინი და მოლოტოვი. «ჩემთვის ახლა ნათელია, _ გაიღიმა სტალინმა, _ რატომ უყვარს პრემიერ-მინისტრს მთელ მსოფლიოში ფრენა».
საბჭოთა ბელადის ბურჟუაზიული მთავრობის მეთაურისადმი ასეთი უჩვეულო კეთილმოსურნეობის ახსნა, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა დიპლომატიური ეშმაკობით და, უფრო მეტიც, _ ვერაგობითა და ფარისევლობით, მაგრამ ეს ყველაფერი დამახასიათებელი იყო ჩერჩილისთვის, რაც მან ორი წლის შემდეგ სრულად გამოამჟღავნა ფულტონში წარმოთქმულ სიტყვაში, რომლითაც საფუძველი დაუდო 40-წლიან «ცივ ომს» საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.
სტალინი ასე არ მოქცეულა.
პირიქით. 1944 წლის ბოლოს დაამტკიცა, რომ იგი გულწრფელად ისწრაფვოდა თანამშრომლობისკენ. მაშინ ინგლის-ამერიკის ჯარები შეეჯახნენ ვერმახტის ბრძოლისუნარიან დივიზიებს და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ნაწილები, რომელთაც გენერალი ეიზერჰაუერი სარდლობდა, სრული განადგურების საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ. მან მოსკოვში კონსულტაციისათვის გააგზავნა ავიაციის მთავარი მარშალი ტედერი, მაგრამ მისი ჩამოსვლა დაყოვნდა. ეიზენჰაუერის მდგომარეობა გაუარესდა.
1945 წლის 6 იანვარს ჩერჩილმა გადასცა სტალინს: «…მადლიერი დაგრჩებით, თუ შეძლებთ მაცნობოთ, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ იმედი იანვრის განმავლობაში მასშტაბურ რუსულ შეტევაზე ვისლის ფრონტზე ან რომელიმე სხვა ადგილზე…» პასუხმა არ დააყოვნა:
პირადად და მკაცრად საიდუმლოდ პრემიერი ი. ბ. სტალინი პრემიერ–მინისტრ ბ–ნ უ. ჩერჩილს
7 იანვრის საღამოს მივიღე 1945 წლის 6 იანვრის თქვენი წერილი.
სამწუხაროდ, ავიაციის მთავარი მარშალი ბ–ნი ტედერი ჯერაც არ ჩამოსულა მოსკოვში.
ძალზე მნიშვნელოვანია გერმანელთა წინააღმდეგ ჩვენი არტილერიისა და ავიაციის უპირატესობის გამოყენება. ამ სახეობებისთვის საჭიროა უღრუბლო ამინდი ავიაციისათვის და უნისლობა, რადგან დაბალი ნისლი ხელს უშლის არტილერიას, აწარმოოს გამიზნული ცეცხლი. ჩვენ შეტევისთვის ვემზადებით, მაგრამ ამინდი ხელს არ უწყობს ჩვენს შეტევას. თუმცა უმაღლესი მთავარსარდლობის მთავარბანაკმა გაითვალისწინა დასავლეთის ფრონტზე ჩვენი მოკავშირეების მდგომარეობა, გადაწყვიტა, სწრაფი ტემპით დაამთავროს სამზადისი და, ამინდის მიუხედავად, არაუგვიანეს იანვრის მეორე ნახევრისა დაიწყოს ფართო შეტევითი მოქმედება გერმანელთა წინააღმდეგ მთელ ცენტრალურ ფრონტზე. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს შესანიშნავ მოკავშირე ჯარებს.
1945 წლის 7 იანვარი.
გავიდა 10 დღე და ჩერჩილმა სტალინს აცნობა: «მისი უდიდებულესობის მთავრობის სახელითა და მთელი სულითა და გულით მინდა გითხრათ ჩვენი მადლობა და მოგილოცოთ იმ გიგანტური შეტევის გამო, რომელიც აღმოსავლეთ ფრონტზე დაიწყეთ». თებერვლისთვის გათავისუფლდა ვარშავა და წითელი არმიის ნაწილები ოდერის ნაპირებთან გავიდნენ. ეიზენჰაუერის მდგომარეობა ადენთან მკვეთრად გაუმჯობესდა.
დაბოლოს, გავიხსენოთ კიდევ ორი ეპიზოდი, 1944 წლის ბოლოს რომ მოხდა. სტალინისგან საჩუქრად ინგლისურტიტრებიანი ფილმი «კუტუზოვი» რომ მიიღო და მეორეჯერ რომ ნახა, ჩერჩილმა კომპლიმენტები არ დაიშურა: «…უნდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით, ეს ერთი იმ უბრწყინვალეს ფილმთაგანია, რომელიც კი ოდესმე მინახავს. ჯერ არასოდეს უჩვენებიათ უფრო ნათლად ორი ხასიათის ბრძოლა. ასე თვალნათლივ არასოდეს აღუბეჭდავს კინოკადრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეთაურებისა და რიგითების ერთგულება. ხელოვნების ამ სახით ბრიტანელი ხალხისთვის ჯერ არასოდეს წარმოუდგენიათ ასე შესანიშნავად რუსი ჯარისკაცები და რუსი ხალხი. ჯერ არასოდეს მინახავს გადაღების ხელოვნების ამაზე უკეთესი ფლობა.
თუ მიზანშეწონილად ჩათვლით, პირადად ჩემი აღფრთოვანება და მადლობა გადაეცით იმათ, ვინც ხელოვნებისა და მაღალი ზნეობის ამ ნაწარმოებზე მუშაობდა. მადლობელი დაგრჩებით. ჯერჯერობით კი თქვენ გილოცავთ».
20 დეკემბერს ჩერჩილმა მარშალ სტალინს დაბადების დღე მიულოცა.
ბ–ნ ჩერჩილის პირადი წერილი მარშალ სტალინს
გიგზავნით ჩემს ყველაზე უფრო გულწრფელ მოლოცვას თქვენი დაბადების დღის გამო. დარწმუნებული ვარ, თქვენი სიცოცხლე ფრიად ძვირფასია მთელი მსოფლიოს მომავლისათვის და ჩვენი ორი ქვეყნის კავშირის მუდმივად განმტკიცებისთვის. ამიტომ, როცა დაბადების დღეზე თქვენდამი კეთილ სურვილებს გამოვხატავ, ეს რიტორიკული ფრაზა როდია.
1944 წლის 20 დეკემბერი
კარგია, როცა ისეთი განათლებული პიროვნება, როგორიც ჩერჩილია, მაღალ შეფასებას აძლევს კინოხელოვნების ნაწარმოებს. საინტერესოა, რომ ჩერჩილის ერთ-ერთი უსაყვარლესი გმირი იყო ნაპოლეონი, სტალინისა _ კუტუზოვი.
და ორივე მართალი იყო!
ერთიც კიდევ: დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად გულწრფელი იყო, როცა სტალინს დაბადების დღეს ულოცავდა.
გაგრძელება იქნება
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე