ოპერაცია «ოვერლორდის» დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, იყო მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი პრობლემა მეორე ფრონტის რაც შეიძლება ორგანიზებულად და ეფექტიანად განსახორციელებლად.
სტალინმა მიაღწია იმას, რომ ამ ოპერაციაზე პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ერთ სარდალს. უეჭველ პირობად მას მიაჩნდა ერთმმართველობის დადგენა, მრავალი ძიძის ხელში ბავშვი ნაბანი წყლისთვის რომ არ გაეტანებიათ. ამასთან, მას ამერიკის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი მტკიცედ დაჰპირდნენ, რომ მაისისთვის დანიშნული «ოვერლორდი» განხორციელდებოდა სამხრეთ საფრანგეთში გადასხმული დესანტის მხარდაჭერით. ამგვარ ორმაგ დარტყმას სტალინმა მხარი დაუჭირა იმ მოსაზრებით, რომ მოწინააღმდეგეს თავისი ჯარების გადაჯგუფების საშუალება არ მიცემოდა.
მომდევნო ძალიან მტკივნეული საკითხი, პოლონეთის ომისშემდგომ სახელმწიფოებრივ მოწყობას ეხებოდა. ინგლისი მოითხოვდა, რომ იქ დაბრუნებულიყო პოლონეთის დევნილი მთავრობა, რომელიც ლონდონს იყო შეხიზნული. სტალინი დათანხმდა: ეს ქვეყანა დამოუკიდებელი უნდა იყოს (რევოლუციამდე პოლონეთი რუსეთის ნაწილი იყო), მაგრამ აუცილებლად მეგობრულად განწყობილი საბჭოთა კავშირის მიმართ.
ყოფილი საბჭოთა დიპლომატის _ ვ. ბერეჟკოვის წიგნში, რომელიც 1982 წელს გამოიცა, აღნიშნულია, რომ «ჩერჩილს თავის წიგნში არ უხსენებია სტალინის წონადი არგუმენტი, რომელიც პოლონეთის საკითხის დროს წარმოადგინა: პოლონეთის ლონდონური მთავრობის ოფიციალური ფურცელი ორპირი ღმერთის _ იანუსის გამოსახულებით, რომელსაც ჰიტლერისა და სტალინის სახეები ჰქონდა». უნდა აღვნიშნოთ, რომ შემდეგაც «ლონდონელი პოლონელები» აქტიურ ანტისაბჭოთა პროპაგანდას ეწეოდნენ. ამიტომ იყო მონდომებული სტალინი, რომ საბჭოთა კავშირს მეზობლად მეგობრული პოლონეთი ჰყოლოდა. ეს ხელს არ აძლევდა ჩერჩილს, რომელიც უწინდებურად პოლონეთს დიდი ბრიტანეთის ინტერესებში შემავალ ქვეყნად წარმოიდგენდა.
დაბოლოს, იყო კიდევ ერთი საკამათო საკითხი, რომელიც პოლონეთს უკავშირდებოდა და აღმოსავლეთით მისი მომავალი საზღვრის დადგენას ეხებოდა.
ცნობილია, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით საბჭოთა კავშირს შემოუერთდა უკრაინისა და ბელორუსიის დასავლეთის რაიონები. «დიდი სამეული» მოლაპარაკებული იყო, აღედგინათ საზღვარი ე. წ. კერზონის ხაზის მიხედვით, ანუ ისე, როგორც ეს 1919 წელს დაადგინა ანტანტის უმაღლესმა საბჭომ.
ჩერჩილმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა რუკა, რომელზეც ეს ხაზი იყო გავლებული. ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა იდენმა ამ ხაზს თითი გააყოლა და თქვა, რომ იგი ლვოვის აღმოსავლეთით გადის. სტალინმა უარის ნიშნად თავი გააქნია და განაცხადა, რომ მოლოტოვმა ჩამოიტანა უფრო ზუსტი რუკა, ორიგინალი. კონფერენციის მონაწილეებს მართლაც წარმოადგინეს დედანი, რომლითაც ლვოვი საბჭოთა კავშირის ფარგლებში გადადიოდა. «მაგრამ ეს ქალაქი ხომ სულ ახლახან პოლონური იყო!» _ აღშფოთდა ჩერჩილი. «უფრო ადრე ვარშავა რუსული იყო», _ შენიშნა სტალინმა.
განხილვა რომ დაემთავრებიათ, მოლოტოვმა მოკავშირეებს წარუდგინა კერზონის ტელეფონოგრამა, რომელშიც ლორდი ჩამოთვლიდა რუსეთისთვის გადასაცემ ქალაქებს. მათ შორის იყო ლვოვიც.
ჩერჩილის ტყუილმა არ გაჭრა. სტალინმა იცოდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე და თადარიგი დროზე დაიჭირა _ ისტორიული დოკუმენტების თეირანში ჩატანის განკარგულება იმთავითვე ჰქონდა გაცემული.
…კონფერენციის მონაწილენი დარწმუნებული იყვნენ, რომ მალე გაიმარჯვებდნენ. სტალინთან საუბარში ჩერჩილმა უზენაესი ძალაც კი დაიმოწმა:
_ მიმაჩნია, რომ ღმერთი ჩვენს მხარესაა. ყოველ შემთხვევაში, მე ყველაფერი გავაკეთე, იგი ჩვენი მოკავშირე რომ გამხდარიყო.
_ მაშინ ჩვენი გამარჯვება უზრუნველყოფილია, _ ჩაეცინა სტალინს, _ ეშმაკი, ხომ, რა თქმა უნდა, ჩემს მხარესაა. ყველამ იცის, რომ სატანა კომუნისტია. ღმერთი კი, უეჭველად, წესიერი კონსერვატორია.
ყველაფრით მტკიცდებოდა, რომ ღმერთი სტალინის მიმართ მოწყალედ იყო განწყობილი.
საღამოთი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის იუბილეზე სტალინმა წარმოთქვა სადღეგრძელო: «ჩემს მებრძოლ მეგობარს _ ჩერჩილს გაუმარჯოს»!
პასუხად ჩერჩილმა დარწმუნებით განაცხადა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელი უნდა დავაყენოთო რუსეთის უდიდესი ფიგურების გვერდით, იგი იმსახურებს სტალინი დიდის (დიდი სტალინის) წოდებას.
ამ მომენტისთვის თუ არა, ომის დამთავრების შემდეგ ეს ტიტული სტალინისთვის მართლაც შესაფერი იყო, მაგრამ რეაქცია ამჯერადაც მოულოდნელი იყო.
_ პატივი, _ თქვა მან, _ რომელსაც მე მდებენ, სინამდვილეში რუს ხალხს ეკუთვნის. ძალიან ადვილია, იყო გმირი და დიდი ლიდერი, თუ საქმე გვაქვს ისეთ ადამიანებთან, როგორებიც რუსები არიან… წითელი არმია გმირულად იბრძვის, თუმცა რუსი ხალხი ვერც მოითმენდა თავისი შეიარაღებული ძალების სხვაგვარ ქმედებას.
არცთუ მამაცი ადამიანები, მშიშრებიც კი, რუსეთში გმირები ხდებიან.
სიმართლის მსგავსი ტყუილის შესახებ
ერთი და იმავე ფაქტების განსხვავებული ინტერპრეტაცია რომ შესაძლებელია, ეს ცნობილია. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ მსჯელობს და რა მიზნით. ხშირად შეუძლებელია გაიძვერა კომენტატორის მხილება.
აი, მაგალითად, სტალინის ზემოთ მოხმობილი სიტყვები რუსი ხალხის შესახებ. როგორ უნდა გავიგოთ მათში ჩადებული აზრი? თუ თქვენ პატიოსანი და გულღია ადამიანი ხართ, ამ სიტყვებს სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანებისადმი გულწრფელი მადლიერების გამოხატვად აღიქვამთ. მადლიერების გრძნობით მათდამი, ვინც, უწინარეს ყოვლისა, შეინარჩუნა ერთგულება სამშობლოსადმი, ფიცისა და თავისი ხელმძღვანელის ერთგული დარჩა. მით უფრო, რომ ომის მთელი სიმძიმისა და გაჭირვების გადატანა მოუწია მთელ ხალხსა და არა მარტო არმიას.
კრიტიკოსი იტყვის: რატომ მაინც და მაინც რუსები? ველიკოდერჟავული შოვინიზმი ხომ არ არის _ ერთი ერის განდიდება სხვათა დაკნინების ხარჯზე? სტალინს ამ ნაკლზე ჯერ კიდევ ლენინის დროს მიუთითებდნენ. რატომ არ თქვა ასეთი აღფრთოვანებული სიტყვები მთელ საბჭოთა ხალხზე?
სტალინის _ ჯუღაშვილის სიტყვები მოწმობს მის ობიექტურ დამოკიდებულებას რუსი ხალხისადმი. ამას ამბობს ქართველი კაცი და არა ველიკოდერჟავული შოვინიზმით შეპყრობილი რუსი თვითმპყრობელი.
ქართველი მკითხველის ყურადღებას მივაქცევ კიდევ რამდენიმე გარემოებას.
არ დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთში საბჭოთა კავშირს მოიხსენიებდნენ, როგორც რუსეთს, საბჭოთა ხალხს _ რუსებად. სტალინმა მოკავშირეებთან საუბრისას სწორედ ეს მომენტი გაითვალისწინა. ხოლო შემდეგ, 1945 წელს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სრულად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
შოვინიზმზე ლაპარაკი ამ შემთხვევაში ყალბი ბრალდებაა.
ამავე დროს, დიდი სამამულო ომის პერიოდში რუსი ხალხის განსაკუთრებულ როლზე, იმ უდიდეს მსხვერპლზე, რომელიც მან გაიღო, იმ არნახულ სიმტკიცეზე, გმირობასა და სიმამაცეზე ლაპარაკი, რაც მან სასტიკ მტერთან ბრძოლაში გამოიჩინა, არა მარტო რეალური ვითარების ობიექტურად შეფასებაა, არამედ უდიდესი მადლიერების გამოხატვაც, დაფასებაც, გნებავთ, წახალისებაც და მორალური მხარდაჭერაც, რაც ქვეყნის ლიდერს უნდა გაეკეთებია და გააკეთა კიდეც.
ერთი რამეცაა გასათვალისწინებელი, რაც სტალინის გულწრფელობას, მართალ კაცობას ხაზს უსვამს.
სიტუაცია, რომლის დროსაც სტალინმა ეს სიტყვები წარმოთქვა, არ იყო და არც შეიძლება ყოფილიყო მასობრივ მაყურებელზე გათვლილი პროპაგანდისტული ღონისძიება. მოკავშირე ქვეყნების ლიდერების შეხვედრა, როცა დიდი ომის უმძიმესი წლები ჯერ კიდევ გასავლელი იყო, როცა «მტერს არ ეძინა», ტარდებოდა გარე სამყაროსგან სრულად იზოლირებულ ვითარებაში. ამიტომ იქ თქმული ყველა სიტყვა გათვალისწინებული იყო მხოლოდ დამსწრეთა საყურადღებოდ და გარე ფაქტორები, «ხალხისთვის ლაპარაკი» მთლიანად გამოირიცხებოდა. სტალინი ლაპარაკობდა იმას, რასაც ფიქრობდა, რაც სწამდა და რისაც სჯეროდა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ წიგნის ავტორთა არაერთგზის გამოთქმულ შეფასებას, რომ სტალინი თავის დიპლომატიურ ორთაბრძოლებში იყო პატიოსანი, მართალი პოლიტიკოსი და მართალი ადამიანი, რაც ყველა სხვა ფაქტორთან ერთად, რაც ამ ბრძოლების მოსაგებლად იყო საჭირო და რომელთაც იგი სრულად ფლობდა, უზრუნველყოფდა მის გამარჯვებას დიპლომატიის ფრონტზე.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თეირანის კონფერენციაზე არა, მაგრამ გამარჯვების შემდეგ წამოიჭრა, უფრო ზუსტად, ანტისტალინისტების სათრევ–საჯიჯგნი გახდა და რომელიც ადამიანების, ხალხის როლისა და ადგილის შეფასებასთანა იყო დაკავშირებული.
ადამიანი ჭანჭიკი?
ამ საკითხთან დაკავშირებით წიგნის ავტორები წერენ:
ანტისტალინელები ხშირად იმეორებენ, რომ სტალინი ცბიერობს, როცა მაღლად აფასებს რუს ხალხს, რადგან უბრალო ადამიანებს «ჭანჭიკებად» მოიხსენიებს, აკნინებს მათ, სახელმწიფო მექანიზმის წვრილი დეტალების დონემდე დაჰყავს, ანუ ადამიანებადაც არ მიიჩნევს, იყენებს მათ, როგორც საშუალებას საკუთარი უსაზღვრო ძალაუფლების ჟინის დასაკმაყოფილებელ საშუალებას.
თითქოს სიმართლეს ამბობენ, რადგან სიმართლის ნატამალი მართლაც არის. უბრალო ადამიანების მიმართ მან მართლაც იხმარა სიტყვა ჭანჭიკი, თუმცა ორიგინალური არ ყოფილა: მან გამოიყენა თევდორე დოსტოევსკის გამოთქმა ნაწარმოებიდან «ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან», სადაც «შტიფტიკზეა» ლაპარაკი.
(შტიფტიკი _ მცირე წკირი ოჟეგოვის რუსული ენის ლექსიკონში (გვ. 832) განმარტებულია, როგორც სპეციალური ტერმინი: Шიმფი ყიეპდენეკ, ვმნიმკ, გვრზლტ ქეზ შოჭკკმ //უსენტშმიეოტნრ შიმფიმკ, რაც ქართულად ასე ითარგმნება: ღერუკა (მცირე ღერი), ხრახნი (კნინობითი), უთავო ლურსმანი, მცირე წკირი).
ახლა ვნახოთ, როგორ კონსტექსტში იხმარა ეს სიტყვა სტალინმა:
«მთელი საქმე ხომ ადამიანშია, თითქოს, და სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ ადამიანი ყოველწუთიერად უმტკიცებდეს თავის თავს, რომ იგი ადამიანია და არა «შტიფტიკი»! ლაპარაკია ნების თავისუფლებაზე, იმის შესაძლებლობაზე, რომ გაილაშქრო ბუნებისა და საზოგადოების დადგენილი მექანიკური კანონების წინააღმდეგ.
სტალინთან სწორედ ისაა ხაზგასმული, რომ დაუშვებელია ადამიანს მოეპყრო, როგორც «შტიფტიკს»: «მე მინდა, შევსვა სადღეგრძელო ადამიანების, რომელთაც ცოტა ჩინები აქვთ და წოდებებიც _ არასახარბიელო. იმ ადამიანებისა, ვისაც დიდი სახელმწიფო მექანიზმის «ჭანჭიკებად» მოიხსენიებენ (პირდაპირი თარგმანი ხრახნის კნინობითი ფორმაა _ ხრახნუკა. _ ა.ს.), მაგრამ მათ გარეშე ჩვენ ყველანი _ მარშლები და ფრონტების სარდლები, უხეშად რომ ვთქვათ, კაპიკადაც არ ვღირვართ» (სტალინი წმინდა რუსულ გამოთქმას ხმარობს _ Ни черта не стоим , რასაც, ალბათ, შეესაბამება ქართული იდიომა _ ეშმაკსაც წავუღივართო).
ნუთუ ესეც ყალბი თავმდაბლობით განაცხადა?! არავითარ შემთხვევაში! ასე შეიძლებოდა გვეფიქრა მაშინ, ეს სიტყვები ხალხის მასის წინაშე, დემაგოგიური აღტკინებით რომ წარმოთქმულიყო, რასაც ხშირად აკეთებენ თანამედროვე პოლიტიკოსები… მაგრამ ამას იგი ლაპარაკობდა უმაღლესი სარდლობის წინაშე, რომელთა მკერდი ჯილდოებით იყო დამშვენებული. იგი საკუთარ თავსაც ამგვარ ხელმძღვანელებს მიაკუთვნებდა («ჩვენ ყველანი»). იგი ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა, რაც ღრმად ჰქონდა განცდილი, რისაც სჯეროდა.
…ადამიანები, ვინც თავიანთი ცხოვრების მანძილზე მიეჩვია ტყუილის თქმას, ვერ გაუგებენ ადამიანს, რომელსაც საკუთარი ღირსების ძლიერი გრძნობა აქვთ და ვერც კი წარმოუდგენიათ საკუთარი თავის დამცირება პირფერობითა და სიცრუით…
ამ თვალსაზრისით ჩერჩილი უეჭველად უფრო ახლოს იდგა სტალინთან, რადგან თავად იყო არაორდინალური პიროვნება. იგი სტალინს ეპაექრებოდა არა იმიტომ, რომ აუტანელი ხასიათი ჰქონდა და მისი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება სიამოვნებდა, არამედ იმიტომ, რომ ვითარება იყო კატასტროფული, ნერვები უკიდურესობამდე დაძაბული, როცა დიდი ბრიტანეთის იმპერია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მას, თავისი ქვეყნის ლიდერსა და პატრიოტს, მოღვაწეს, რომელსაც ჩამოყალიბებული იდეური პოზიცია ძვალ–რბილში ჰქონდა გამჯდარი, ნებისმიერი აზრი, პოზიცია, რომელიც ამ ჩარჩოებში ვერ ჯდებოდა, მის ნეგატიურ რეაქციას იწვევდა. ბრიტანეთის იმპერია ყველა დაშვებული და აკრძალული ხერხის გამოყენებით იყო გადასარჩენი. ამასთან, ტყუილი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებთან რეზონირებდა, დასავლეთში არასოდეს ითვლებოდა სამარცხვინო საქმედ.
მაგალითად, 1944 წლის 17 იანვარს გაზეთი «პრავდა» იტყობინებოდა, რომ, სარწმუნო წყაროების ცნობით, გაიმართა რობენტროპისა და ინგლისის ხელმძღვანელების შეხვედრა, რომელზეც განიხილეს გერმანიასთან სეპარატული დაზავების პირობების გარკვევის საკითხი. ერთი კვირის თავზე ჩერჩილმა გაუგზავნა წერილი სტალინს, რომელშიც გამოთქვამდა უკმაყოფილებას ამ პუბლიკაციის გამო:
«ეს ცნობა მით უფრო შეურაცხმყოფელია, რომ ჩვენ ვერ ვიგებთ მის ნამდვილ მიზეზს. დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით, რომ მე ცალკე არ გავმართავდი მოლაპარაკებას გერმანელებთან, და რომ ჩვენ თქვენ გატყობინებთ ისევე, როგორც თქვენ _ ჩვენ თითოეული წინადადების შესახებ, რომლითაც ისინი მოგვმართავენ. ჩვენ არც კი გვიფიქრია სეპარატული მშვიდობის დადება იმ წელიწადსაც კი, როცა ჩვენ სრულიად მარტონი ვიყავით და შეგვეძლო ასეთი სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ბრიტანეთის იმპერიისთვის სერიოზული დანაკარგების გარეშე, და მნიშვნელოვანწილად თქვენს ხარჯზე. რატომ უნდა ვიფიქროთ ამის შესახებ დღეს, როცა ჩვენ სამის საქმეები გამარჯვებისკენ მიდის?!»
ამ პუბლიკაციის გარშემო იმართება კამათი, მაგრამ ღირსეული და თავდაჭერილი, თუმცა არა პრინციპების დათმობის ხარჯზე.
ერთ მხარეს იდგა ჩერჩილი შეურაცხყოფილის პოზაში, თითქოს დაივიწყა თავისი პოლიტიკა საბჭოთა კავშირის გამოფიტვისკენ მიმართული. ამასთან, იგი ერთ მნიშვნელოვან ტენდენციასაც შეეხო: ამ პერიოდში გახშირდა ინგლისურ პრესაში ანტისაბჭოთა მასალების გამოქვეყნება. იგი სტალინს წერდა: «თუ რამეს ჰქონდა ადგილი ან რამე დაიბეჭდა ინგლისურ გაზეთებში ისეთი, რამაც თქვენ გაგაღიზიანათ, მაშინ რატომ არ გამომიგზავნეთ დეპეშა ან არ დაავალეთ თქვენს ელჩს, შემოეარა და შეგვხვედროდა ამ საკითხთან დაკავშირებით?!»
ამასთან, ჩერჩილმა მიანიშნა, რომ ხელეწიფება მეორე ფრონტის გახსნის შეფერხება: «მე ამჟამად ვმუშაობ, რათა უზრუნველვყო მეორე ფრონტისთვის წარმატება და გავშალო იგი უფრო მეტი მასშტაბით, მაგრამ ჩემი მუშაობა ფერხდება ქინძისთავის ჩხვლეტის მაგვარი გამოხდომებით».
საპასუხო წერილში სტალინმა დაიმოწმა «გაზეთის უფლება, ცნოს მოარული ხმები, რომლებსაც გაზეთი იღებს შემოწმებული აგენტებისგან. ჩვენ _ რუსებს… არასოდეს გვქონია ბრიტანეთის პრესის საქმეებში ამგვარი ჩარევის პრეტენზია». და, მართლაც, მსგავს შემთხვევებში, საქმე ეხებოდა სსრ კავშირისა და მისი ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებასაც კი, ბრიტანეთის პრემიერი იშველიებდა პრესის თავისუფლების პრინციპს. გამორიცხული არ არის, რომ «პრავდის» პუბლიკაცია მიზნად ისახავდა ინგლისელებისა და ამერიკელების გერმანელებთან შესაძლო მოლაპარაკების პრევენციას.
«საკითხის არსიდან გამომდინარე, _ განაგრძობდა სტალინი, _ ვერ დაგეთანხმებით, რომ ინგლისს თავის დროზე თავისუფლად შეეძლო სამშვიდობო ხელშეკრულება დაედო გერმანიასთან, უპირატესად, სსრკ–ის ხარჯზე ბრიტანეთის იმპერიისთვის სერიოზული დანაკარგების გარეშე. ვფიქრობ, რომ ეს ცხელ გულზეა ნათქვამი, რადგან მე მახსოვს სხვა ხასიათის თქვენი განცხადებებიც. მე მახსოვს, მაგალითად, ინგლისისთვის ძნელ დროს, საბჭოთა კავშირის გერმანიასთან ომში ჩართვამდე, თქვენ შესაძლებლად მიიჩნევდით ბრიტანეთის მთავრობის კანადაში გადასვლას და ოკეანის გაღმიდან გერმანიასთან ომის წარმოებას. მეორე მხრივ, თქვენ აღიარებდით, რომ სწორედ საჭოთა კავშირმა, რომელიც შეებრძოლა ჰიტლერს, აგაცილათ საშიშროება, დიდ ბრიტანეთს გერმანიის მხრიდან უეჭველად რომ ემუქრებოდა. თუ მაინც და მაინც დავუშვებთ, რომ ინგლისი სსრკ–ს გარეშეც იოლად გავიდოდა, მაშინ არანაკლებად შეიძლება იმავეს თქმა საბჭოთა კავშირის შესახებაც…
თქვენსავით მეც კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა თეირანში ჩვენი შეხვედრებისა და ერთობლივი მუშაობის შესახებ».
მართლაც, ეტყობა, ცხელ გულზე შეუტია ჩერჩილმა სტალინს, რადგან წარმოუდგენელია, დავიწყებოდა, როგორ აიცილა სტალინმა ჰიტლერის შემოთავაზება «ბრიტანეთის მემკვიდრეობის» განაწილების შესახებ.
ცალკე აღებულ ამ დიპლომატიურ დაპირისპირებაში სიმართლის მსგავსი სიცრუე სიმართლის წინაშე უძლური აღმოჩნდა.
გაგრძელება იქნება
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე