მსოფლიოში არის იდუმალებით მოცული რამდენიმე ათეული ადგილი და ობიექტი, რომელთა საიდუმლოს ამოცნობას მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობენ. ქვის სფეროები, ფილები, ღვთაებები, ტაძრები _ ეს საუკუნოვანი ისტორიული ფასეულობები უნიკალურია და შესაძლებლობას გვაძლევს, დავბრუნდეთ წარსულში _ ცივილიზაციის განვითარების საწყისთან.
კარნაკის ქვები. საფრანგეთი
კარნაკის ქვები _ ეს არის 3 ათასზე მეტი ქვის კოლექცია საფრანგეთის ქალაქ კარნაკის გარშემო. ქვები დადგმულია ჩვენს ერამდე 4500-სა და 3500 წლებს შორის. ამ ქვების დადგმის მიზანზე უამრავი თეორია არსებობს. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ქვებს ასტრონომები იყენებდნენ და ეს ობსერვატორიაა; სხვების აზრით. ქვებს იყენებდნენ, როგორც სეისმურ მოწყობილობას, მიწისძვრის წინასწარმეტყველებისთვის.
დაუსრულებელი ობელისკი. ასუანი, ეგვიპტე
ასუანის ახლოს უძველეს კარიერებში ნაპოვნია გიგანტური ქვის ნატეხი, რომლითაც ობელისკი უნდა შეექმნათ. ობელისკი დასრულებული არ არის, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ნაპრალები გაუჩნდა (ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ობელისკის შექმნის სამუშაოები ძალისმიერი მეთოდით შეწყდა). შთაბეჭდილებას ახდენს ობელისკის უზარმაზარი ზომები, მისი სიმაღლე 42 მეტრია, წონა _ 1200 ტონა. უკეთესად რომ წარმოიდგინოთ, ობელისკის სიმაღლე 10-სართულიანი სახლის ტოლია. ასეთი ობიექტის ტრანსპორტირება ბევრი თანამედროვე მექანიზმითაც კი შეუძლებელია. როგორ აპირებდნენ ობელისკის ტრანსპორტირებას ეგვიპტელები, გამოცანად რჩება.
გებეკლი თეფე, თურქეთი
გებეკლი თეფეს მსოფლიოში ყველაზე ძველ რელიგიურ ნაგებობად მიიჩნევენ. მეცნიერთა აზრით, ეს სტრუქტურა შეიქმნა 10000-9000 წლებში ჩვენს ერამდე. ქვის ნაგებობებსა და ბოძებზე ამოკვეთილია მტაცებელი ცხოველები. ვარაუდობენ, რომ გებეკლი თეფე აგებულია სოფლის მეურნეობის შექმნამდე, აგრეთვე, ცხოველების მოშინაურებამდე. როგორ შექმნეს ეს კომპლექსი, საიდუმლოდ რჩება.
ანტეკერა. ესპანეთი
სამი ყველაზე მნიშვნელოვანი დოლმენი (უზარმაზარი ქვების ნაგებობა _ შედგება ვერტიკალური შემოსაზღვრული კოჭებისა და ჰორიზონტალური ბლოკებისგან, ფილებისგან) ესპანეთში _ კუევა-დე-მენგა, კუევა _ დე-ვიერა და ტოლოს ელ-რომერალი მსოფლიოში ყველაზე დიდია. მათ კონსტრუქციაში გამოყენებული ქვები 180 ტონას იწონის და გადმოტანილია ახლანდელი მდებარეობის ადგილიდან, სულ ცოტა, 2 კმ-ის მანძილიდან, უნიკალური კონსტრუქცია შეიქმნა 3700 წლის წინათ ჩვენს ერამდე.
იონაგუნის ქანდაკება. იაპონია
1987 წელს იაპონიის კუნძულ იონაგუნის სანაპიროსთან წყალქვეშა წარმონაქმნები აღმოაჩინეს. ამ წარმონაქმნებს აქვთ ბრტყელი კიდეები, პარალელური სწორი კუთხეები და კოლონები. ადგილი, სადაც აღმოაჩინეს კონსტრუქცია, ხმელეთი იყო ბოლო გამყინვარების პერიოდში 8-დან 10 ათასამდე წლის წინათ, ამიტომ, თუ იონაგუნი ადამიანებმა შექმნეს, ის ერთ-ერთი ძველი ნაგებობაა დედამიწაზე.
კამბეის ყურე (ჰამბჰატი). ინდოეთი
2001 წელს ინდოეთის სანაპიროსთან, კამბეის ყურეში აღმოაჩინეს ჩაძირული ქალაქი. რამდენიმე ხელოვნური სტრუქტურა ჰიდროლოკატორის გამოყენებით იპოვეს. ფსკერიდან ამოიღეს ბევრი არტეფაქტი. მათ შორის: თიხის ქოთნის ნამტვრევები, სტატუეტები, სამკაულები. ვარაუდობენ, რომ ეს ქალაქი არსებობდა ჩვენს ერამდე 9500 წლიდან. და 1000 წლით ძველია ინდოეთის ყველაზე ძველ ქალაქ ვარანასიზე.
მოაი. აღდგომის კუნძული
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი საიდუმლო კონტინენტებიდან ყველაზე დაშორებულ დასახლებულ კუნძულზეა. ქვის გიგანტური სტატუების წარმოშობაზე ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს სხვადასხვა თვალსაზრისი აქვთ, თუმცა ზუსტად ვერავინ ამბობს, რა მიზნით შეიქმნა ეს სტატუეტები და რატომ მიატოვეს ისე, რომ არ დაუსრულებიათ. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, აღდგომის კუნძული მიწისქვეშა მთის პიკია და დაღუპული ცივილიზაციის _ მოაის, ნარჩენებს წარმოადგენს.
ჯგანტია. მალტა
ჯგანტია წარმოადგენს მალტის კუნძულ გოზოზე ორი მეგლითური ტაძრისგან შექმნილ კომპლექსს. ქვის ტაძრები აშენებულია ჩვენს ერამდე 3600 წლის წინათ და გებეკლი თეზეს (თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი) შემდეგ რიგით მეორე რელიგიური სტრუქტურაა, რომელიც ოდესმე უპოვიათ მსოფლიოში.
აღსანიშნავია, რომ იმხანად ჯერ კიდევ არ არსებობდა ლითონის იარაღები და არც ბორძლი იყო გამოგონებული. მეცნიერთა აზრით, ეს არის ნაყოფიერების საკულტო ადგილი, რადგან იქ ნაპოვნია ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ფიგურები და სტატუეტები.
ქვის სფეროები. კოსტა–რიკა
კოლექცია, რომელიც შედგება 200 ქვის სფეროსგან, კოსტა-რიკაში იპოვეს. ქვების ზომა რამდენიმე სანტიმეტრიდან იწყება და 2 მ-ს აღწევს. ვარაუდობენ, რომ სფეროები გამოკვეთილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500-დან 500-მდე წლებში. არსებობს რამდენიმე ლეგენდა ამ ქვის სფეროების შექმნის შესახებ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ეს ქვები ატლანტიდის რელიქტებია (გეოლოგიური ეპოქის ფლორისა და ფაუნის ნარჩენები), მეორე ლეგენდის მიხედვით, ამ ქვების შემქმნელებს ჰქონდათ კლდის დამარბილებელი ნივთიერება და ამ ნივთიერების დახმარებით გამოკვეთეს სფეროები.
ოლმეკების თავები. მექსიკა
ოლმეკების თავები _ ეს არის ქვისგან გამოკვეთილი 17 კოლოსალური თავის კოლექცია, რომელიც შეიქმნა დაახლოებით 1500-1000 წლებში ჩვენს ერამდე. თავების წონა 6-დან 50 ტონამდეა, თითოეულს უნიკალური ქუდი აქვს, რის გამოც ზოგიერთს მიაჩნია, რომ ისინი ოლმეკების მმართველები იყვნენ.
მოამზადა ნიკა კორინთელმა