მკითხველი უთუოდ მიაქცევდა ყურადღებას «საქართველო და მსოფლიოს» წინა პუბლიკაციის ერთ პასაჟს, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ ჩერჩილის წერილებს, რომლებიც სსრკ-ზე გერმანელების თავდასხმისთანავე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საბჭოთა ლიდერს გაუგზავნა, სტალინმა საკმაოდ დაგვიანებით უპასუხა. ახსნილი იყო დაგვიანების მიზეზებიც. დღეს გთავაზობთ სტალინის საპასუხო წერილს, რომელიც რუდოლფ ბალანდინისა და სერგეი მირონოვის წიგნში ციტირებული არ არის, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისით იწყება ანტიფაშისტური კოალიციის ლიდერთა უნიკალური სამოკავშირეო ურთიერთობა, რომელიც დიდი გამარჯვებით დაგვირგვინდა.
«სტალინის პირადი წერილი ბ-ნ ჩერჩილს
ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ ორივე პირადი წერილისთვის.
თქვენმა წერილებმა დასაბამი მისცა ჩვენს მთავრობათა შორის შეთანხმებას. ახლა, როგორც თქვენ სრულიად საფუძვლიანად ამბობთ, საბჭოთა კავშირი და დიდი ბრიტანეთი საბრძოლო მოკავშირეები გახდნენ ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეჭვი არ მეპარება, რომ, ყველა სიძნელის მიუხედავად, ჩვენს სახელმწიფოებს აღმოაჩნდებათ საკმარისი ძალა ჩვენი საერთო მტრის გასანადგურებლად.
ალბათ, ზედმეტი არ იქნება, თუ გაცნობებთ, რომ საბჭოთა ჯარების მდგომარეობა ფრონტზე კვლავ დაძაბულია. ჰიტლერის მიერ თავდაუსხმელობის პაქტის მოულოდნელი დარღვევისა და საბჭოთა კავშირზე უეცარი თავდასხმის შედეგები, რამაც ხელსაყრელი პირობები შეუქმნა გერმანელთა ჯარებს, კვლავ მოქმედებს საბჭოთა ჯარების მდგომარეობაზე. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ გერმანელთა ჯარების მდგომარეობა გაცილებით უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, საბჭოთა ჯარებს გერმანელთა ჯარების დარტყმა კიშინიოვის, ლვოვის, ბრესტის, ბელოსტოვის, კაუნასისა და ვიბორგის რაიონში კი არ მიეღოთ, არამედ ოდესის, კამენეც-პოდოლსკის, მინსკის რაიონში და ლენინგრადის მიდამოებში.
მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის სამხედრო მდგომარეობა, ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთისა, საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა, ჰიტლერის წინააღმდეგ რომ შექმნილიყო ფრონტი დასავლეთსა (ჩრდილოეთ საფრანგეთი) და ჩრდილოეთში (არქტიკა).
ფრონტი ჩრდილოეთ საფრანგეთში არა მარტო გადაადგილებდა ჰიტლერის ძალებს აღმოსავლეთიდან, არამედ შეუძლებელსაც გახდიდა ჰიტლერის შეჭრას ინგლისში. ასეთი ფრონტის შექმნა პოპულარული იქნებოდა როგორც დიდი ბრიტანეთის არმიაში, ასევე სამხრეთ ინგლისის მთელ მოსახლეობაში. წარმოდგენილი მაქვს ასეთი ფრონტის შექმნის სიძნელე, მაგრამ, ვფიქრობ, სიძნელეების მიუხედავად, მისი შექმნა აუცილებელია არა მარტო ჩვენი საერთო საქმისათვის, არამედ საკუთრივ ინგლისის ინტერესებისთვისაც. ასეთი ფრონტის შექმნა ყველაზე ადვილია ახლა, როცა ჰიტლერის ძალები აღმოსავლეთისკენაა მიმართული და როცა ჰიტლერმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო აღმოსავლეთში დაკავებული პოზიციების გამაგრება.
კიდევ უფრო ადვილია ფრონტის შექმნა ჩრდილოეთში. აქ საჭირო იქნება მხოლოდ ინგლისელთა საზღვაო და საჰაერო ძალების მოქმედება ჯარებისა და არტილერიის დესანტირების გარეშე. ამ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებდნენ საბჭოთა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები. ჩვენ მივესალმებოდით, თუ დიდი ბრიტანეთი შეძლებდა, გამოეყო თუნდაც ერთი მსუბუქი დივიზია ან უფრო მეტი ნორვეგიელი მოხალისეები, რომელთაც ჩრდილოეთ ნორვეგიაში გერმანელთა წინააღმდეგ ამბოხების მოსაწყობად გადავისროდით.
1941 წლის 18 ივლისი»
მეორე ფრონტის ევროპაში გახსნის საკითხი, როგორც ნახეთ, სტალინმა პირველად ამ წერილში დააყენა.
ახლა კი შეგვიძლია განვაგრძოთ თხრობა ბალანდინისა და მირონოვის წიგნის მიხედვით.
მეორე ფრონტი
1941 წლის ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვში ინგლის–ამერიკის მისია ჩავიდა. სტალინთან შეხვედრისას ლორდმა ბივერბრუკმა ჩერჩილის დავალებით განაცხადა, რომ წითელ არმიასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის კარგი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ჯარებს შეიყვანდნენ… კავკასიაში (ბრიტანეთის ოცნება და მიზანი _ ბაქოს ნავთობი).
სტალინმა უპასუხა:
_ კავკასიაში ომი არ არის. ომი უკრაინაშია.
ინგლისელები არ აპირებდნენ გერმანელებთან ომს უკრაინის მიწაზე და საკითხი მოიხსნა. სტალინმა გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მოკავშირეები მცირე რაოდენობით აწვდიან საბჭოთა კავშირს სამხედრო ტექნიკას. ამერიკისა და ინგლისის წარმომადგენლებმა უარი თქვეს, გაეზარდათ მოწოდება. ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეიტყეს ბერლინში (ინფორმაციის გაჟონვა საბჭოთა მხარის მიერ ხომ არ იყო უზრუნველყოფილი?). გერმანელებმა იმავე წამს განაცხადეს: «დასავლეთის ბურჟუაზიული ქვეყნები ვერასოდეს მოელაპარაკებიან ბოლშევიკებს». იმავე საღამოს, როცა ბივერბრუკის და ჰარიმანის მორიგი შეხვედრა გაიმართა სტალინთან, ბელადმა ახსენა ნაცისტების აღნიშნული განცხადება და ღიმილით შენიშნა:
_ ახლა ჩვენ სამზეა დამოკიდებული, დავამტკიცოთ, რომ გებელსი მატყუარაა.
დასავლელი დიპლომატები დათანხმდნენ, რომ იკისრებდნენ დამატებით ვალდებულებებს. სტალინის ქცევა დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა დიპლომატებზე. იგი მშვიდი იყო, დარწმუნებული გამარჯვებაში და შეხვედრის მონაწილეებს აგრძნობინებდა, რომ სანდო მოკავშირეა, მათგანაც იმავეს მოითხოვდა.
ომის ბედი გერმანია–საბჭოთა კავშირის ფრონტზე წყდებოდა, უწინარეს ყოვლისა, «თოვლივით თეთრ მოსკოვის ველებზე». სტალინი კრებდა რეზერვებს კონტრშეტევისთვის, რომელიც 1941 წლის ბოლოს დაიწყო.
მოსკოვთან ფაშისტების პირველი დიდი დამარცხების შესახებ ჩერჩილმა გაიგო სახაზო გემ «იორკის ჰერცოგის» ბორტზე, როცა აშშ-ში მიემგზავრებოდა. მან უდეპეშა სტალინს: «ვერ აღგიწერთ იმ შვებას, რომელსაც ვგრძნობ რუსეთის ფრონტზე ყოველი ახალი გამარჯვების გამო. ომის შედეგში არასოდეს ვყოფილვარ ისე დარწმუნებული, როგორც ამჟამად».
იმ დროს მოსკოვში მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩერჩილის მოწაფემ და თანამებრძოლმა ანტონი იდენმა აცნობა თავის მასწავლებელს: «სტალინი ჰიტლერის წინააღმდეგ მთლიანად ჩვენთანაა. იგი ძალიან კმაყოფილია თქვენი წერილით».
შემდგომში თავის მემუარებში იდენმა აღიარა, რომ წითელი არმიის წარმატებით იმდენად კმაყოფილებას არ გრძნობდა, რამდენადაც შეშფოთებას იმის გამო, რომ ჰიტლერული გერმანიის დამარცხება «ბრიტანეთის ინტერესებისთვის» სასარგებლო არ იქნებოდა. მას ნება დართეს, 1941 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ჩასულიყო საბჭოთა ჯარების მიერ გათავისუფლებულ რაიონში. იგი განაცვიფრა გერმანული სამხედრო ტექნიკის ბრძოლის ველზე დარჩენილმა გორებმა. მან დაწვრილებით გადმოსცა თავისი გულახდილი საუბარი სამ ტყვე ფაშისტთან, თუმცა სიტყვა არ დაუძრავს, რა უბედურებაც დაატყდათ თავს ადგილობრივ მცხოვრებლებს.
იდენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტალინის მშვიდმა სიმტკიცემ და ურყეველობამ.
ინგლისელმა მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა, აღენიშნა, რომ ოპტიმიზმისთვის საფუძველი არ არსებობს: «ჰიტლერი ახლა კვლავ მოსკოვის მისადგომებთანაა, ბერლინამდე კი შორია».
_ არა უშავს, _ უპასუხა სტალინმა, _ რუსები უკვე ორჯერ იყვნენ ბერლინში, მესამედაც იქნებიან.
საბჭოთა კავშირის სწრაფი გამარჯვების შესაძლებლობამ შეაშფოთა ინგლისის ხელმძღვანელობა, მათ შორის ჩერჩილიც. ამას ადასტურებს ფაქტი, ბრიტანელებმა და ამერიკელებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს სამხედრო შეიარაღების მოწოდება. მაშინ გამჟღავნდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ჩერჩილის ჩრდილოვანი მოღვაწეობის ფაქტები.
1941 წლის 22 ივნისიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა აშშ-ის სენატორმა ჰარი ტრუმენმა და ინგლისის ავიაციის მინისტრმა მურ-ბარბოზონმა განაცხადეს, რომ დასავლეთისთვის მომგებიანია, თუ გერმანია და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს დაასუსტებენ და სწორედ ამაზე უნდა გადაეწყოს დასავლეთის პოლიტიკა მიმდინარე ომში. მათ თქვეს ის, რაც ისედაც ნათელი იყო. ჩერჩილი ამ აშკარად შეზღუდულ პოლიტიკოსებზე შეუდარებლად ჭკვიანი, ეშმაკი და გამოცდილი იყო. მას მსგავსი არაფერი განუცხადებია არც საჯაროდ, არც ვიწრო წრეში, ყოველ შემთხვევაში, 1943 წლამდე. მაგრამ პრაქტიკულად თავის მოქმედებას სწორედ ამ მიმართულებით წარმართავდა. მიუხედავად დაპირებისა, რომ 1942 წელს ევროპაში მეორე ფრონტს გახსნიდა, მან ინგლისელებისა და ამერიკელების ყველა სამხედრო მოქმედება ხმელთაშუაზღვის აუზში გადაიტანა. საამისოდ მრავალ მიზეზს ასახელებდა, მათ შორის მთავარი წითელი არმიის ფაშისტების მთავარი ძალების პირისპირ დატოვება იყო. იგი ყოველნაირად აჭიანურებდა მეორე ფრონტის გახსნას დასავლეთ ევროპაში (საფრანგეთში), მიუხედავად იმისა, რომ ამ ფრონტის გახსნას სტალინი მათი თანამშრომლობის დაწყებიდანვე მოითხოვდა.
1941 წლის ბოლოს აშშ-ც ჩაერთო ომში, რითაც დაამთავრა თავისი ნეიტრალობის ეტაპი. ჩერჩილი და რუზველტი დაჰპირდნენ სტალინს, რომ მეორე ფრონტს 1942 წელს გახსნიდნენ, მაგრამ დაარღვიეს ეს დაპირება უმთავრესად ჩერჩილის ძალისხმევით, თანაც მაშინ, როცა სსრკ-ს ძალიან უჭირდა.
გერმანელებმა საბჭოთა ჯარები ხარკოვთან ხაფანგში მოიმწყვდიეს, დაატყვევეს ათი ათასობით საბჭოთა ჯარისკაცი, ხელთ იგდეს სამხრეთის მჭიდროდ დასახლებული რეგიონები, მიადგნენ კავკასიონის მთაგრეხილს და სტალინგრადის ქუჩებში შეიჭრნენ. ამ დრომდე რამდენიმე თვით ადრე დასავლეთმა მკვეთრად შეუმცირა მიწოდებები საბჭოთა კავშირს, რასაც ევროპაში თავისი ჯარების გადასხმისთვის მზადებით ამართლებდა.
საბჭოთა კავშირ-ინგლისის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა.
დიდი ბრიტანეთის ელჩი დეპეშას უგზავნის თავის საგარეო საქმეთა მინისტრს ლონდონში, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ გართულებას ხანგრძლივი ნეგატიური შედეგები მოჰყვება. დეპეშამ ჩერჩილი ჩააფიქრა.
ყველაზე საშიში შედეგი, რაც ამ ვითარებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, იყო სამშვიდობო შეთანხმება გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის. ეს ორი სამხედრო გიგანტი ცვალებადი წარმატებით ეომებოდა ერთმანეთს. ამ მომენტისთვის მათი ძალები თითქმის თანაბარი იყო.
გერმანელების საზაფხულო შეტევა წარმატებით ვითარდებოდა. მათ ხელთ იგდეს ყირიმი, ნაწილობრივ _ ჩრდილოეთ კავკასია და ვოლგის ფორსირებაც დღე-დღეზე იყო მოსალოდნელი. ჰებელსის პროპაგანდისტური მანქანა ირწმუნებოდა, რომ წითელი არმია სისხლისგან იყო დაცლილი.
ჰიტლერის თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გერმანელები იკმარებდნენ ბალტიისპირეთის, ბელორუსიის, უკრაინის, ყირიმის, ვოლგისპირეთის _ საბჭოთა კავშირის ყველაზე უხვმოსავლიანი და ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონების ოკუპირებას. ეს პროგრამა თითქმის მთლიანად ჰქონდა შესრულებული. ჩერჩილს მიაჩნდა, რომ სსრ კავშირის დანარჩენი დიდი ნაწილის _ ძირითადად აზიურის, შესანარჩუნებლად, სტალინი, შეიძლებოდა დაზავებოდა ჰიტლერს. სსრკ-თან მშვიდობის დამყარების შემდეგ ჰიტლერი თავის შეიარაღებული ძალებს დასავლეთის მიმართულებით უმტკივნეულოდ გადაისროდა და მაშინ ბრიტანეთის მდგომარეობა კატასტროფული გახდებოდა.
ჩერჩილის ასეთი ვარაუდი გვაჩვენებს, თუ რამდენად ცუდად იცნობდა ბრიტანეთის პრემიერი საბჭოთა ლიდერს. კომუნისტური იდეალები სტალინისთვის დემაგოგიურ პოლიტიკურ თამაშებში გამოსაყენებელი კამუფლიაჟი კი არ იყო, არამედ _ ჭეშმარიტი რწმენა. ეს დასავლეთის სხვა ლიდერებისთვისაც გაუგებარი რამ იყო…
1942 წლის მაისში ვიაჩესლავ მოლოტოვი ჩავიდა ლონდონსა და ვაშინგტონში, სადაც იმსჯელეს დასავლეთის მოკავშირეთა დახმარების საკითხებზე. აშშ-ის პრეზიდენტმა რუზველტმა განაცხადა, რომ მზადაა იმავე წლის ზაფხულში დასავლეთ ევროპაში მეორე ფრონტის გასახსნელად. ჩერჩილი კი პირდაპირ პასუხს თავს არიდებდა. მისი მთავარი ამოცანა იყო, რაც შეიძლება გადაევადებინა ინგლისელთა ჯარების შეტაკება ვერმახტის უპირატეს შეიარაღებულ ძალებთან. საბოლოო ჯამში მან ეს მოახერხა და ბრიტანეთმა მეორე მსოფლიო ომში «მცირე სისხლით» გაიმარჯვა: ამერიკელების დანაკარგებიც კი ინგლისელებისაზე მეტი იყო.
ძნელი სათქმელია, რამდენად იყო დარწმუნებული რუზველტი, რომ შეასრულებდა თავის პირობას. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი გულწრფელი იყო. 6 ივლისს ჩერჩილისთვის გაგზავნილ მიმართვაში იგი წერდა: «უნდა ვაღიარო, რომ დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალს რუსულ ფრონტს». ესე იგი, მას აშფოთებდა სსრკ-ის დამხობა თუ არა, მისი კაპიტულაცია, მიანიშნებდა, რომ ამის დაშვება არ შეიძლებოდა.
ჩერჩილი გაიძვერობდა. მან საბჭოთა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარს გადასცა ბარათი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: «ჩვენ ვემზადებით კონტინენტზე დესანტის გადმოსასხმელად 1942 წლის აგვისტო–სექტემბერში… შეუძლებელია წინასწარ თქმა, შეიქმნება კი ისეთი მდგომარეობა, რომ, როცა დრო დადგება, შევძლებთ ამ ოპერაციის განხორციელებას. მაშასადამე, ჩვენ არ შეგვიძლია დაგპირდეთ ამ მიმართულებით, მაგრამ თუ ეს შესაძლებელი და გონიერი აღმოჩნდება, უყოყმანოდ განვახორციელებთ ჩვენს გეგმებს».
აქედან გამომდინარეობდა, რომ ინგლისელები მზად იყვნენ, ეყოყმანათ და ამით მათთვის მომგებიანი გადაწყვეტილებები გამოეტყუებინათ. დესანტის მომზადებაზე საუბარი აშკარა ტყუილი იყო, აშშ-ისა და ინგლისის მთავრობათა წარმომადგენლებმა მეორე ფრონტის გახსნის საკითხი 1942 წლის აპრილში განიხილეს. ამ თათბირის მონაწილე ამერიკელი გენერალი ვედემაიერი მოგვიანებით წერდა: «ინგლისელები მოლაპარაკებას ოსტატურად აწარმოებდნენ. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მათი უნარი ისეთი სიტყვებისა და წინადებების გამოყენების, რომლებსაც ერთზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ერთზე მეტი განმარტება. მე არ ვამტკიცებ, ტყუილის თქმისკენ მისწრაფება მოლაპარაკებაში ამა თუ იმ მონაწილის პირადი მახასიათებელი იყო, მაგრამ, როცა საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხებოდა, ჩვენი ინგლისელი პარტნიორების სინდისი ელასტიური ხდებოდა… მოწმე ვიყავი ინგლისური დიპლომატიური ხელოვნების მის საუკეთესო საათებში, ხელოვნების, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმატებული საერთაშორისო ინტრიგებისა და მოტყუების პირობებში მლიქვნელობასთან შეფარდებული ვითარდებოდა».
გასაგებია, რომ ამგვარ ორპირობაზე მითითება უაღრესად მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკური განხილვის დროს ინგლისელებმა ჩერჩილისგან მიიღეს. ჩერჩილის პოზიციის თანახმად, «დემოკრატიული თავისუფლების» უმნიშვნელოვანეს გამოვლინებად პარტნიორის მოტყუების შესაძლებლობა არის აღიარებული. სიცრუე კეთილგანზრახულობათა საბაბით შეიძლება იყოს შეფარული და სხვადასხვაგვარად აღქმული.
ამგვარად, ამ მომენტში ჩერჩილმა სტალინთან ურთიერთობისას აირჩია სიცრუის, გაჭიანურების, ორპირობის ტაქტიკა.
ეს ნაწილობრივ ობიექტური ვითარებით აიხსნება. ბრიტანეთის იმპერიის ბედი სასწორზე იდო. 1942 წელს მან თავისი კოლონიების დიდი ნაწილი დაკარგა. აზიაში იაპონიის ჯარები ინდოეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. იაპონიის ავიაცია თავს ესხმოდა ცეილონს და ავსტრალიის უდიდეს ქალაქებს. გერმანიის წყალქვეშა ნავები «მგლების ხროვის» ტაქტიკის გამოყენებით ატლანტიკაში ძირავდნენ ინგლისის გემებს.
ჩერჩილმა საზეიმოდ განაცხადა, რომ იგი გაბედულად დააბიჯებს დედამიწაზე, რადგან «მეგობრული და ახლო ურთიერთობა აქვს უდიდეს ადამიანთან, რომლის სიტყვებმა გაიბრწყინა არა მხოლოდ მთელ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში», მაგრამ მისი სიტყვები არ შეეფერებოდა მის საქმიანობას, განსაკუთრებით მის პოზიციას, რომელიც ინგლის-ამერიკის კონტინგენტის საფრანგეთის კონტინგენტზე გადასხმას ეხებოდა.
გერმანია-სსრკ ფრონტზე ჰიტლერს თავისი ჯარების 75 პროცენტი ჰყავდა თავმოყრილი. დასავლეთ ევროპაში იმყოფებოდა მხოლოდ 36 დივიზია, ისინიც არასრულად დაკომპლექტებული. ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე _ უფრო ნაკლები _ სულ 19 დივიზია. ეს შესანიშნავ პირობას ქმნიდა მეორე ფრონტის გასახსნელად. სტალინს მიაჩნდა, რომ მოკავშირეთა ავიაციისა და საზღვაო ძალების მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს მეორე ფრონტად. იგი ინგლისისა და ამერიკის ხელმძღვანელებს სთხოვდა მათი შეიარაღებული ძალების დესანტირებას საფრანგეთში. ჩერჩილზე ზემოქმედებას ცდილობდნენ ინგლისშიც, უწინარეს ყოვლისა, მშრომელები, რომლებიც მისგან მოითხოვდნენ აქტიურ სამხედრო აქციებს ევროპის ტერიტორიაზე, რათა ეფექტიანად დახმარებოდნენ საბჭოთა კავშირს.
და მაშინ ჩერჩილმა ინგლისელებისა და კანადელების შეზღუდული დესანტის გადასხდომა დიეპის რაიონში განახორციელა, რითაც ისინი უეჭველი დაღუპვისთვის გაწირა. ამით მას სურდა, დაემტკიცებინა, რომ შეუძლებელია სადესანტო ოპერაციების ჩატარება საფრანგეთში. ამ ღონისძიების წარმატების შემთხვევაშიც კი მეორე ფრონტის გახსნაზე ლაპარაკიც წარმოუდგენელი იყო, რადგან ამისთვის საჭირო იყო დიდი სამხედრო კონტინგენტების წინასწარ მომზადება, მძიმე ტექნიკითა და საცურაო საშუალებებით მათი უზრუნველყოფა. რადგან ასეთი ღონისძიებები არ ხორციელდებოდა, მაშასადამე, ჩერჩილი არც აპირებდა ბრიტანეთისა და ამერიკელების არმიების გადასხმას კონტინენტურ ევროპაში. იგი იმიტირებდა აქტიურობას, როცა წინადადებას აყენებდა დესანტის ჩრდილოეთ ნორვეგიაში გადასხმის შესახებ. ყველა ამგვარი აქცია ჩერჩილის მხრიდან, შეიძლება ითქვას, სამხედრო-დიპლომატიური ეშმაკობა იყო, რომლებიც მოწინააღმდეგის მოსატყუებლად კი არ იყო მიმართული, არამედ _ მოკავშირის. ყველაფერი უნდა მიმართულიიყო იმისკენ, რომ საბჭოთა კავშირს მარტოდმარტოს გაეგრძელებია ბრძოლა ფაშისტების წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს არც ეფიქრა გერმანელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე და ინგლისისა და ამერიკის დახმარების მოლოდინში ყოფილიყო.
როცა აშკარა გახდა, რომ მოკავშირეთა საფრანგეთში გადასხმა 1942 წელს არ შედგებოდა, ჩერჩილს შეეძლო ამის შესახებ დიპლომატიური არხებით ეცნობებია სტალინისთვის, მაგრამ შესაძლო ნეგატიური რეაქციის გამო გადაწყვიტა, პირადად შეხვედროდა საბჭოთა ბელადს. აი, როგორ შეაფასა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სამახსოვრო შეხვედრა მოსკოვში სტალინთან 1942 წლის აგვისტოში:
«მივედი კრემლში და პირადად შევხვდი დიად რევოლუციურ ბელადსა და ბრძენ რუს სახელმწიფო მოღვაწესა და მეომარს, რომელთანაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში მელოდა ახლო, მკაცრი, მაგრამ ყოველთვის ამაღელვებელი, ზოგჯერ კი გულითადი ურთიერთობა».
მაგრამ იგი საბჭოთა დედაქალაქში მეგობრული განწყობილებით არ მოფრინავდა, რადგან შეგნებული ჰქონდა მატყუარას არასახარბიელო როლი, რომელიც იძულებული იქნებოდა, კვლავაც ეეშმაკა და მიხვეულ-მოხვეული გზებით ევლო. თავისი განწყობილება ასე აღწერა: «მე ვფიქრობდი ჩემს მისიაზე ამ პირქუშ, ბოროტ ბოლშევიკურ სახელმწიფოში, რომლის მოშთობასაც მის დაბადებისთანავე ვაპირებდი და რომელიც ჰიტლერის გამოჩენამდე ცივილიზაციის შეურიგებელ მტრად მიმაჩნდა».
პატივცემული ჯენტლმენი ცუღლუტობდა: ფიურერის გამოჩენის შემდეგ საბჭოთა კავშირს იგი კვლავ მიიჩნევდა «კაპიტალიზმის #1 მტრად». ჩერჩილის ამერიკელმა ბიოგრაფმა ემრის ჰიუზმა სამართლიანად შენიშნა: «სავსებით დასაშვებია, რომ პოლიტიკური ამბიცია იყო უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც ჩერჩილი ჰიტლერის ერთ–ერთ დაჟინებულ მოწინააღმდეგედ აქცია… ჰიტლერის მიმართ მისი ანტაგონიზმი გამოწვეული იყო იმის შიშით, რომ ნაცისტური გერმანია შეიძლება უაღრესად გაძლიერდეს და დაუპირისპირდეს ინგლისელების ჰეგემონობას დასავლეთ ევროპაში.
ეს ანტაგონიზმი აიხსნება იმით, რომ ჩერჩილი დარწმუნებული იყო, თუ ინგლისს ჰიტლერის წინააღმდეგ დარაზმავს, იგი შეძლებს რომელიმე სამთავრობო თანამდებობის ხელში ჩაგდებას».
შეგვიძლია დავეთანხმოთ ემრის ჰიუსის მეორე მოსაზრებასაც: «ჰიტლერი რომ შემოსაზღვრულიყო რუსეთის წინააღმდეგ ომის პროპაგანდით, ჩერჩილი, სავსებით დასაშვებია, არ წაეჩხუბებოდა მას. რადგან ისიც ისეთივე ღვარძლიანი მტერი იყო ბოლშევიკების, როგორც ჰიტლერი ან გებელსი, ან ნებისმიერი ანტირუსული სიძულვილით მოვაჭრეთა პროპაგანდისტული სკოლის წარმომადგენელი… რომლებიც ექსპლუატაციას უწევდნენ «წითელ საფრთხობელას» თავიანთ პოლიტიკურ ბრძოლაში. სანამ რუსები ან ევროპის სხვა ხალხები რამეს შეიტყობდნენ გებელსის შესახებ, უინსტონი ამ პროპაგანდის პიონერი და გამოჩენილი ოსტატი იყო.»
1937 წელს ჩერჩილმა ფიურერი ასე შეაფასა: «ზოგიერთს შეიძლება არ მოსწონს ჰიტლერის სისტემა, მაგრამ ისინი ამის მიუხედავად მაინც აღფრთოვანებულები არიან მისი პატრიოტული მიღწევებით… ჩემი ქვეყანა რომ დამარცხებულიყო, ვიმედოვნებ, უნდა მოგვეძებნა ასეთი შესანიშნავი ლიდერი, რომელიც ააღორძინებდა ჩვენს ქვეყანას და დაგვიბრუნებდა ჩვენს ადგილს ხალხთა შორის».
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტალინს ის არ აღიქვამდა როგორც ღირსეულ ხელმძღვანელს, რომლის მაგალითითაც შეეძლო ეხელმძღვანელა ძნელბედობის ჟამს: ძალიან დიდი იყო მათ შორის პრინციპული კლასობრივი დაპირისპირება.
ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ მოსკოვში იგი ჩავიდა იმ მიზნით, რომ როგორმე თავი დაეღწია იმ სამარცხვინო მდგომარეობისთვის, რომელშიც სტალინის წინაშე თვითონვე ჩაიყენა თავი.
მომდევნო პუბლიკაციაში ჩვენ ვისაუბრებთ სტალინისა და ჩერჩილის პირველი შეხვედრის შესახებ.
გაგრძელება იქნება
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე