Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

მას საკუთარი ხალხის მოტყუება არ სურდა

ესმოდა თუ არა სტალინს, რთული, ერთგვარად ორჭოფული სიტუაცია რომ შეიქმნა გერმანიასთან 1939 წლის თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერის შემდეგ?

რა თქმა უნდა, ესმოდა და თავიდან ბოლომდე გათვლილი ჰქონდა. მან იმთავითვე უარი თქვა რიბენტროპის წინადადებაზე, მოლაპარაკების შესახებ გამოსაქვეყნებელ კომუნიკეში ჩაეწერათ დებულება «გერმანია-საბჭოთა კავშირის კვლავ აღმდგარი» მეგობრობის შესახებ. სტალინის სიტყვებით, «წლების განმავლობაში ერთმანეთს თავს ლაფს ვასხამდით, ახლა კი უცებ მოვისურვეთ, რომ ჩვენმა ხალხებმა დაიჯერონ, თითქოს ყველაფერი დავიწყებას მიეცა და შეწყალებულია. ასე სწრაფად არ ხდება ხოლმე»…

სტალინს არ სურდა თავისი ხალხის მოტყუება, არც გერმანიის ხელმძღვანელობასთან კადრულობდა ეშმაკობას. მას უნდა გადაეწყვიტა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორი ამოცანა: ერთი ან ორი წლით უზრუნველეყო თავისი ქვეყანა მშვიდობით, აგრეთვე, გადაეწია სსრ კავშირის საზღვარი რაც შეიძლება მეტად დასავლეთისკენ, რათა ჰქონოდა დამატებითი «უსაფრთხოების ზონა» იმ შემთხვევისთვის, თუ ჰიტლერი თავს დაგვესხმოდა. ერთიც და მეორეც მან გადაწყვიტა. ისღა რჩებოდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ძალთა სრული მობილიზებით მომზადებულიყო კარს მომდგარი ომისთვის.

სტალინი ასეც მოიქცა.

ომის დაწყების შემდეგ საბჭოთა ხალხისადმი მიმართვაში 1941 წლის 3 ივლისს, სტალინმა აღნიშნა, რომ ფაშისტურმა გერმანიამ, რომელმაც მუხანათურად დაარღვია პაქტი და თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, მიაღწია დროებით სამხედრო წარმატებას, მაგრამ «დიდად წააგო პოლიტიკურად, რითაც მთელი მსოფლიოს თვალში წარმოჩნდა როგორც სისხლიანი აგრესორი». მან ამ ომს სამამულო უწოდა.

ჰიტლერი მიიჩნევდა, რომ მის შეიარაღებულ ძალებს წინ ვერც ერთი მოწინააღმდეგე ვერ აღუდგებოდა, რადგან აღჭურვილი იყო უახლესი სამხედრო ტექნიკით, მისი ჯარისკაცები და ოფიცრები გამსჭვალული იყვნენ მაღალი საბრძოლო სულიკვეთებით, არიული რასის უპიტარესობის გრძნობით.

მაგრამ ჰიტლერს არ შეეძლო ეღიარებინა, საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, რომ გერმანიის მხრიდან ეს იყო დამპყრობლური, უსამართლო ომი, მაშასადამე, სამართლიანობა, სიმართლე სტალინის, საბჭოთა ხალხის მხარეს იყო.

…საინტერესოა, რომ ამ პრობლემას ცოტა სხვაგვარად მიუდგა მეოცე საუკუნის გამოჩენილი მეცნიერი, ბიოსფეროს შესახებ სწავლების შემქმნელი ვლადიმერ ვერდანსკი, რომელიც სულაც არ იყო საბჭოთა ხელისუფლების მეხოტბე. ამის მიუხედავად, იგი დარწმუნებული იყო, რომ კაცობრიობა ნოოსფეროსკენ ისწრაფვის, გონების მეფობისკენ და ამ გზით მიდის საბჭოთა კავშირი. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, «ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ჩვენი დემოკრატიის იდეალები სტიქიურ გეოლოგიურ პროცესთან ვითარდება, ბუნების კანონებთან უნისონში, უპასუხებს ნოოსფეროს. ამიტომ შეიძლება ჩვენს მომავალს დარწმუნებით შევხედოთ. იგი ჩვენს ხელშია, ჩვენ მას ხელიდან არ გავუშვებთ».

მისი აზრით, «ჰიტლერთან ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება: ჰიტლერიზმის ველური იდეები შეიძლება მხოლოდ ეფემერული იყოს…» მაგრამ საკითხი მხოლოდ საერთო იდეებით არ იფარგლება. შვილისთვის მიწერილ წერილში იგი თავის დასკვნას აკონკრეტებს: «მე მინდა მოგწერო რამდენიმე სიტყვა იმ მკვეთრი ცვლილებების შესახებ, რომელთაც ამ ომში ყოველ ნაბიჯზე ვხედავდი, რომლებიც წინა ომთან შედარებით (მხედველობაში ჰქონდა პირველი მსოფლიო ომი) სრულიად განსხვავებულია. ხალხი თითქოს გარდაიქმნა. არ არის ინტენდანტობა, მოხვეჭა და ძარცვა. არმია, როგორც ჩანს, შესანიშნავად მარაგდება. ძალიან ეხმარებიან კოლმეურნეები, გაქრა განსხვავება ოფიცრებსა და ჯარისკაცებს შორის. ბევრი ნიჭიერი ადამიანი… უმაღლეს სამხედრო თანამდებობას აღწევს…»

შეიძლება სერიოზული ეჭვი გამოვთქვათ იმის თაობაზე, რომ კაცობრიობა უახლოვდება ნოოსფეროს. მაგრამ სინამდვილემ, უტყუარმა რეალობამ დაამტკიცა ოპტიმიზმის რწმენა, რომელიც ვერდანსკიმაც და სტალინმაც გამოთქვეს: ფაშიზმზე გამარჯვება გარდაუვალია. ეს რწმენა სამამულო ომის უმძიმეს წლებში იყო გამოთქმული (სხვათა შორის, სწორედ ომის პერიოდში მიენიჭა ვერდანსკის სტალინური პრემია).

აუცილებლად სათქმელია, რომ პატიოსანი დიპლომატია ერთნაირად უცხო იყო ლონდონისთვისაც, ბერლინისთვისაც, პარიზისთვისაც. ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის, უ. შირერის აზრით, «ერთი რამ ყველასთვის აშკარა იყო: ინგლისურ-ფრანგული დიპლომატია სრულად გაკოტრდა. დასავლეთის დიპლომატიები ნაბიჯ-ნაბიჯ უკან იხევდნენ ჰიტლერის წინაშე. იმ ვითარებაში, როცა საბჭოთა კავშირი მათ მხარეს იყო, შეეძლოთ დაერწმუნებინათ გერმანიის დიქტატორი, არ დაეწყო ომი. ამას თუ შეძლებდნენ, შედარებით სწრაფად უნდა დაემარცხებინათ იგი შეიარაღებულ შეტაკებაში, მაგრამ ეს უკანასკნელი შესაძლებლობა მათ ხელიდან გაუშვეს».

გავიხსენოთ, როგორ იქცეოდნენ ინგლისელი პოლიტიკოსები სსრ კავშირზე გერმანიის თავდასხმის წინა პერიოდში.

რუდოლფ ჰესის ინგლისში გადაფრენა 1941 წლის 10 მაისს, რა თქმა უნდა, სპონტანური არ იყო: ჰესი ნაცისტურ გერმანიაში მესამე პირი იყო და ჰიტლერის უახლოეს მეგობრად ითვლებოდა. როგორც ცნობილია, «ლუდის პუტჩის» შემდეგ მათ ციხის ერთ საკანში 9 თვე გაატარეს და აქ მომავალი ფიურერი ჰესს თავისი «მაინ კამპფის» («ჩემი ბრძოლის») ფუძემდებლურ იდეებს უკარნახებდა.

ინგლისში გადაფრენამდე 5 დღით ადრე ჰესი დიდხანს ესაუბრა ჰიტლერს. რაზე ილაპარაკეს, უცნობია, მაგრამ დაცვის თანამშრომლის თქმით, ტრაგიკულად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. უშუალოდ გაფრენის წინ ალფრედ როზენბერგმა მას ფიურერის დამატებითი დირექტივები გადასცა.

ასეთი იყო ჰიტლერის ორიგინალური, დიპლომატიის ისტორიაში არნახული სვლა: საიდუმლო მისიით თავისი უახლოესი თანამებრძოლის გაგზავნა ქვეყანაში, რომელთანაც გერმანია საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ჰესი ცნობილი ანტიკომუნისტი იყო. მისი გამოჩენა ინგლისში უკვე იმის ნიშანი იყო, თუ რა დავალება ჰქონდა მას მიცემული: მოლაპარაკებოდა ინგლისის ხელმძღვანელობას სსრ კავშირის წინააღმდეგ ერთობლივად გალაშქრების საკითხზე ან, როგორც მინიმუმი, მისი (ინგლისის) ნეიტრალიტეტის თაობაზე სსრ კავშირთან გერმანიის ომის დროს.

ჰიტლერმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა 10 და 11 მაისს ინგლისის ქალაქების დასაბომბად ათასი გერმანული თვითმფრინავი გაგზავნა. მას განზრახული ჰქონდა, ამით თავისი ძალა ეჩვენებინა ინგლისელებისთვის და ამ პოზიციიდან საიდუმლოდ გარიგებოდა ბრიტანეთის მთავრობას. მაგრამ ვერც აქ გაიმარჯვა ძალამ სიმართლეზე, რომელიც ინგლისელი ხალხის მხარეს იყო, იცავდა თავის სამშობლოს, გამოირჩეოდა პატრიოტიზმის უმაღლესი დონით და გაუტეხელი სულისკვეთებით.

სამი დღის განმავლობაში ჰესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ცნობილი ინგლისელი დიპლომატი აივორ კირკპატრიკი. შემდგომში იგი წერდა, რომ ჰესი მას არწმუნებდა ინგლისის უცილობელ დამარცხებაში გერმანიასთან ომში. ფიურერის დავალებაზე დაყრდნობით იგი ირწმუნებოდა, რომ გერმანიასთან სამშვიდობო ხელშერულების დადების შემთხვევაში ინგლისს გარანტირებული ექნებოდა ჰეგემონობა მის ზღვის გაღმა ტერიტორიებში, ხოლო მთელი კონტინენტური ევროპა გერმანიის მფლობელობაში დარჩებოდა. ზღვებისა და ოკეანეების სივრცეებში იბატონებს ბრიტანეთის ფლოტი, ხმელეთზე კი _ გერმანული არმია., ამერიკელები იზოლაციაში აღმოჩნდებოდნენ.

ივნისის დასაწყისში ჰესთან საიდუმლო მოლაპარაკებაში (რომლის შესახებ სტალინი საქმის კურსში იყო) ჩაერთო ჩერჩილის კაბინეტის წევრი ჯონ საიმონი (ფსევდონიმით «დოქტორ გატრი»). ეს ნიშნავს, რომ ბრიტანეთის მმართველი წრეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჰესის მისიას. საიმონი დაინტერესდა _ მცნება «კონტინენტური ევროპა» გულისხმობს თუ არა, რომ გერმანიის ინტერესებში შევა საბჭოთა კავშირის რომელიმე ნაწილი? ჰესმა დადებითად უპასუხა, დააზუსტა, რომ ლაპარაკი არ არის ქვეყნის აზიურ ნაწილზე.

საიმონისა და ჰესის საუბრის სრული შინაარსი დღემდე უცნობია: ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთის მთავრობის წევრმა მიიღო ჰიტლერის მიმართვა, რომელიც დღემდე საიდუმლოს წარმოადგენს.

ჰიტლერს ეს მანევრი ჩაეშალა. ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული მიზეზი იყო ის ავიათავდასხმები, რომლებსაც «ლუფტვაფე» ინგლისის ქალაქებზე აწარმოებდა და რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ჩერჩილს, რომელმაც ჰიტლერელების წინააღმდეგ ომის გაგრძელების კურსი აიღო, უპირობოდ მხარს უჭერდა ინგლისელი ხალხი. ამასთან, პრემიერ-მინისტრი დასავლეთ ევროპაში ინგლისის ჰეგემომონობის პოლიტიკის მტკიცე მიმდევარი იყო და საეჭვოა, ერწმუნა ჰიტლერის დაპირება, რომ ინგლისს შეუნარჩუნებდა თავის კოლონიებს. ამ პერიოდში ჰიტლერს უკვე დაპყრობილი ჰქონდა ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, ბელგია, საფრანგეთი. უეჭველი იყო, რომ იგი უახლოეს პერიოდში თავს დაესხმებოდა საბჭოთა კავშირს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან დადებული ჰქონდა თავდაუსხმელობის პაქტი. რომელი ჭკუათმყოფელი სახელმწიფო მოღვაწე ენდობოდა ამგვარი «მოკავშირის» დაპირებას, რომელიც სულ ახლახან მისი დაუძინებელი მტერი იყო?!

ჩერჩილი, რა თქმა უნდა, მალემრწმენი ადამიანი არ იყო. გასაკვირი ის არის, რომ ჰიტლერს შეიძლებოდა ჰქონოდა სერიოზული იმედი ინგლისთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების თაობაზე. უფრო მეტიც, როცა მან მოლოტოვს (მისი მეშვეობით კი სტალინს) შესთავაზა, გაეყოთ «ბრიტანეთის მემკვიდრეობა», ფიურერმა ბოლომდე ვერ შეაფასა საბჭოთა დიპლომატიის პრინციპული პოზიცია.

ჰესის მისიის სრული კრახი წინასწარ იყო განსაზღვრული, უწინარეს ყოვლისა, ინგლისის ანტიფაშისტური საზოგადოებრივი განწყობილებით. ამ ქვეყნის მმართველი წრეები კი, როგორც ჩანს, სერიოზულად იყვნენ დაინტერესებული ჰიტლერის წინადადებით. შემთხვევითი არ არის, რომ დღემდე არ არის გამოქვეყნებული ჰესთან მოლაპარაკების მასალები. მისმა შვილმა კი გამოსცა წიგნი «რუდოლფ ჰესის მკვლელობა», რომელშიც მოცემულია მისი მოსაზრებები შპანდაუს ციხეში ინგლისის სპეცსამსახურის აგენტების მიერ მამამისის მოკვდინების თაობაზე.

სავსებით შესაძლებელია, ჰესს ინგლისის მთავრობისგან მიეღო დაპირება,  პირდაპირი ან ირიბი, რომ საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემთხვევაში მეორე ფრონტი დასავლეთ ევროპაში არ გაიხსნებოდა. როგორც ვიცით, ინგლისის პოლიტიკა ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის, როგორც ბურჟუაზიული დემოკრატიის მთავარი მტრის სრულ განადგურებას, იდეალში კი, გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთბრძოლის შედეგად, ორივეს მნიშვნელოვან დასუსტებას.

გამორიცხული არ არის, რომ ჰესის მისია ჰიტლერის მიერ ჩაფიქრებული იყო როგორც არაჩვეულებრივად მზაკვრული ხრიკი. ამ შემთხვევაში ჰიტლერი ხელმძღვანელობდა იმ რეალობით, რომ აღნიშნულ ეტაპზე ინგლისთან მოლაპარაკება უთუოდ არ შედგებოდა, განსაკუთრებით, გერმანული ბომბდამშენების ინგლისის ქალაქებზე გამანადგურებელი თავდასხმის შემდეგ, და იტოვებდა იმედს, რომ სტალინი უფრო და უფრო დარწმუნდებოდა მის (ფიურერის) ტაქტიკაში _ ჯერ გაენადგურებინა მტერი დასავლეთით, შემდეგ წარემართა თავისი შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთისკენ, და ამრიგად აეცილებინა ევროპაში ორ ფრონტზე ბრძოლის აუცილებლობა.

თუ ჩანაფიქრი ასეთი იყო, მაშინ მიზანი მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს. სტალინმა იცოდა, რომ ჰესის მისია ჩავარდა, მაშასადამე, დარწმუნდა კიდეც, რომ ჰიტლერის თავდასხმა 1942 წლისთვის გადაიდებოდა. მით უფრო, რომ ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლეოდა დაზვერვის მონაცემები ჯერ 15 მაისისთვის ომის დაწყების შესახებ, შემდეგ _ უფრო გვიან და ასე _ 22 ივნისამდე, რომელიც ასევე შეიძლებოდა მცდარი თარიღი ყოფილიყო. ჩერჩილის გაფრთხილება, რომ ჰიტლერი მალე დაესხმოდა თავს საბჭოთა კავშირს, შეიძლება აღქმულიყო როგორც ინგლისელთა მისწრაფება, რაც შეიძლება მალე წარემართათ ვერმახტი აღმოსავლეთისკენ.

კვლავ შეიძლება დავასკვნათ: სტალინი უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას რომ დაუფარავად გადაეჯგუფებია თავისი ჯარები დასავლეთის საზღვრებისკენ, გამოეცხადებია საომარი მდგომარეობა მაშინ, როცა გერმანიასთან სამშვიდობო პაქტი დადებული იყო, ეს ომის დაწყების საბაბი გახდებოდა. ასეთ შემთხვევაშიც ყველაზე უფრო მიზანშეწონილია მტრისთვის წინმსწრები დარტყმის მიყენება. მაგრამ ამ შემთხვევაში სსრკ გამოვიდოდა როგორც აგრესორი, სამხედრო უპირატესობა კი დროებითი აღმოჩნდებოდა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას დიდ პოლიტიკურ დამარცხებად შემოუბრუნდებოდა. სოციალიზმის ქვეყანა ამ შემთხვევაში წარმოჩნდებოდა აგრესორად და მსოფლიო რევოლუციის გამჩაღებლად. თანაც, რისი მოსწრება შეიძლებოდა სავარაუდო თავდასხმამდე ორი-სამი კვირით ადრე? ძალიან ცოტა რამისა.

დაბოლოს, არ შეიძლება მოვთხოვოთ სტალინს რაღაც ზეადამიანური გამჭრიახობა. მას ჰყავდა დაზვერვების ხელმძღვანელები, ჰქონდა გენერალური შტაბი, საგარეო საქმეთა სამინისტრო. იგი ვალდებული იყო, თავისი გადაწყვეტილებები დაეფუძნებინა მათ რეკომენდაციებსა და მოხსენებებზე. თუ იგი ზოგიერთ შეცდომას დაუშვებდა, არაფერი უცნაური და მოულოდნელი ამაში არ იქნებოდა. ხომ არ შეიძლება იგი გენიოსთა გენიად წარმოვიდგინოთ?!

მთავარი სხვაა: სიმართლე მის მხარეს იყო. უდიდეს დიპლომატთა შორის იგი ყველაზე მეტად პატიოსანი და გულახდილი იყო, რაც მისი გამარჯვების მთავარ იარაღად შეიძლება ჩაითვალოს.

თავი 3. უინსტონ ჩერჩილი _ ანტიკომუნისტური პიროვნება

უინსტონ ჩერჩილი XVIII საუკუნის სახელგანთქმული ინგლისელი მხედართმთავრის, მალბრუკის შთამომავალი იყო, არისტოკრატების ნაშიერი. ამიტომ მისი კარიერული აღმასვლა პრინციპულად გარანტირებული იყო, ყოველ შემთხვევაში, _ გაიოლებული. თუ რამ უშლიდა მას ხელს ამ გზაზე, მისივე ძლიერი და თავისებური ხასიათი. მაგრამ პატივმოყვარეობაც მოჭარბებულად ჰქონდა და, ბოლოს და ბოლოს, იერარქიის უმაღლეს დონემდე ავიდა კიდეც.

ახალგაზრდა არისტოკრატისთვის სწავლის დასაუფლებელი გზა საუკუნეების მანძილზე წინასწარ იყო გაკვალული. აღზრდა იტონის ან ჰაროუს პრივილეგირებულ სკოლებში, შემდეგ უმაღლესი განათლების მიღება ოქსფორდის ან კემბრიჯის უნივერსიტეტებში. მაგრამ სკოლაში ჯიუტ, უდისციპლინო და ცუდი მოსწრების მოწაფეს ზოგჯერ როზგავდნენ, კემბრიჯი და ოქსფორდი არ იტაცებდა: უინსტონს ჭირის დღესავით ეჯავრებოდა მათემატიკა, თუმცა მეხსიერება შესანიშნავი ჰქონდა. მოკლედ, სწავლობდა იმას, რაც აინტერესებდა. შევიდა სამხედრო სასწავლებელში. მაგრამ ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ და ისიც _ კავალერისტთა სკოლაში (სადაც მათემატიკაში გამოცდას არ აბარებდნენ).

წელიწად-ნახევრის შემდეგ ჯირითი და სროლა რომ შეასწავლეს, ჰუსართა პოლკში გაამწესეს და, როგორც მისი ბიოგრაფები შენიშნავენ, ფრიად გულდაწყვეტილი იყო იმ გარემოებით, რომ ბრიტანეთის კოლონიებში იმხანად არ იყო დიდი აჯანყებები, რომელთა გმირულად ჩახშობის შესაძლებლობა მიეცემოდა.

თვითონ კი ირწმუნებოდა, რომ ხელისუფლების მწვერვალებს საკუთარი ძალისხმევით მიაღწია, თუმცა იმ დროს ინგლისში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა წარჩინებულობასა და ოჯახურ კავშირებს, მისი ოჯახი კი წარჩინებული იყო. მართალია, მისი ადრე დაქვრივებული ამერიკელი დედა ფრიად ფუქსავატურად ფლანგავდა თავის კაპიტალს, სამაგიეროდ ეს საშუალებას აძლევდა, თვითონ მას და მის ვაჟს ჰყოლოდათ გავლენიანი მეგობრები და ნაცნობები. მაგრამ უინსტონის პატივმოყვარულ ჩანაფიქრს განხორციელება მხოლოდ მისი აქტიური ძალისხმევის შედეგად ეწერა, რაც დიდ სიძნელეებთან და სიცოცხლის რისკთან იყო დაკავშირებული.

მან მოახერხა და კუბაში მივლინებით წავიდა, სადაც ესპანელები ადგილობრივ ამბოხებულებს ებრძოდნენ. ის, რაც თავს გადახდა ხუთ ნარკვევად ჩამოაყალიბა და გაზეთში გამოაქვეყნა. შემდეგ იმუშავა ინდოეთში, სადაც გატაცებული იყო სპორტით და პეპლების დაჭერით, კითხულობდა ისტორიულ და ფილოსოფიურ წიგნებს, მონაწილეობდა ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის ამბოხის ჩახშობაში, გამოამჟღავნა სიმამაცე და საზრიანობა.

ინგლისელები კოლონიურ ომს აწარმოებდნენ სუდანში და ჩერჩილმა დედის დახმარებთი შეძლო ამ «ცხელ წერტილში მოხვედრა როგორც ოფიცერმა და კორესპონდენტმა (ჟურნალისტიკის წყალობით 20-ჯერ მეტს შოულობდა). სამხედროები მას «მედლებზე მონადირეს» და «თვითმორეკლამეს» ეძახდნენ. იგი კი განაგრძობდა წერას და არც ფიქრობდა, გაჰყოლოდა სამხედრო კარიერას.

1899 წელს გამოვიდა მისი ორტომეული «მდინარის ომი» _ ინგლისელების მიერ ეგვიპტისა და სუდანის დაპყრობის შესახებ. იგი ხშირად წერდა იმაზე, თუ როგორ ბილწავდნენ მისი თანამემამულეები მაჰდის, სუდანის აჯანყების ხელმძღვანელის საფლავსა და ცხედარს. აღწერა ისიც, თუ როგორ უკადრის ხერხებს იყენებდნენ ინგლისელები თავიანთი მოწინააღმდეგეების მონსტრებად წარმოსაჩენად, რომლებიც დაუნდობლად უნდა განადგურებულიყვნენ. მაგრამ წიგნის მეორე გამოცემაში კოლონიზატორთა ასეთი მკვეთრი შეფასებები აღარ შეუტანია: უინსტონი უკვე პოლიტიკურ კარიერაზე ფიქრობდა და მოვლენებისადმი პატიოსან დამოკიდებულებას  ხელის შეშლა შეეძლო, მაგრამ პარლამენტში იგი მაინც არ აირჩიეს.

მაშინ კორესპონდენტად გაემგზავრა ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც ინგლისელები იქ დასახლებული ჰოლანდიელების _ ბურების დამორჩილებას აპირებდნენ. ბურებმა ჩერჩილი დაატყვევეს _ იგი ალყაში მოქცეულთა შორის აღმოჩნდა. მან გაქცევა შეძლო. მის დასაჭერად უმნიშვნელო თანხა _ 25 ფუნტი სტერლინგი დააწესეს. როგორც ჩანს, მის დაჭერას არავინ დახარბებულა და ჩერჩილმაც შეძლო თავისიანებამდე მიღწევა. ინგლისელები დამარცხებას დამარცხებაზე განიცდიდნენ და ჩერჩილის ტყვეობიდან გაქცევა გმირობად იქნა აღქმული. მით უფრო, რომ საკუთარი «გმირობა» მან ხატოვნად აღწერა.

ამით უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და დიდი თანხაც იშოვა. ახლა კი შეძლო პარლამენტის წევრი გამხდარიყო. ერთი ხანობა ახალგაზრდა ლორდის, ხიუ ლიგანის ცუდი წრის გავლენის ქვეშ მოექცა, მიეძალა კონიაკსა და სიგარას. მაგრამ ნებისყოფა, პატივმოყვარეობა და საღი აზრი დაეხმარა, აეგო საკუთარი კარიერა.

1925 წელს ჩერჩილს ფინანსთა მინისტრად ნიშნავენ. ეს თანამდებობა მნიშვნელობით მეორე იყო პრემიერ-მინისტრის შემდეგ. მან შეძლო დაეძლია სიძულვილი მათემატიკისადმი. შემდეგი საფეხური იყო პრემიერობა _ მისი ვნება და ოცნება.

მაგრამ 1929 წელს, როცა კაპიტალიზმი დიდი კრიზისის გამო კრახის წინაშე აღმოჩნდა, ჩერჩილის ცხოვრებაშიც კატასტროფა მოხდა: იგი ახალ მთავრობაში აღარ მიიწვიეს. პრემიერობაზე ოცნებობა წარსულს ჩაბარდა, მინისტრის პორტფელსაც ვერ შესწვდა. ასე გაგრძელდა 11 წლის განმავლობაში. იგი პოლიტიკური ცხოვრების სანაგვეზე მოისროლეს. ამას დაემატა არეულობა ოჯახშიც, პირადი უბედურებაც. მის გარშემო რკინის წრე შეიკრა.

საპარლამენტო ატმოსფეროში იგი თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. აკრიტიკებდა თავისი პარტიის ხელმძღვანელებს, რათა მათ მომაბეზრებელი პარტიელი აქტივისტი მთავრობაში შეეყვანათ და საკუთარი სიმშვიდე ასე მოეპოვებიათ. იგი ძალიან ჩქარობდა ძალაუფლების მწვერვალზე ასვლას. მისი ასეთი მონდომება თვალშისაცემი იყო, ხოლო მისი ზღვარგადასული აქტიურობა კონკურენტთა შეშფოთებას იწვევდა.

იგი არა და არ შეიყვანეს მთავრობაში. სწორედ მაშინ შეარჩია მომენტი და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების _ ლიბერალების ბანაკში გადაბარგდა. ამის გამო შეარქვეს «ბლენხეიმის ვირთხა». მაგრამ იგი დროზე გაიქცა კონსერვატორთა ჩასაძირად განწირული გემიდან: ქვეყანაში რადიკალურად შეიცვალა ვითარება იმის გამო, რომ ძალა მოიკრიბა პროფკავშირულმა მოძრაობამ და გამყარდა მუშათა პოზიციები. მისი ყოფილი პარტია არჩევნებში სამარცხვინოდ დამარცხდა…

ჩვენი მიზანი ჩერჩილის ბიოგრაფიის მოყოლა არ არის. და ის, რაც აქ გადმოვეცით, საჭირო იყო იმისთვის, რათა აშკარად წარმოჩენილიყო პიროვნება, ვისთანაც დიპლომატიური ორთაბრძოლების წარმოება მოუხდა სტალინს.

აშკარაა, რომ ჩერჩილი არაორდინალური პიროვნება იყო. გაბედულება, შეუპოვრობა, სიმტკიცე და ეშმაკობა არ აკლდა. იგი შესანიშნავად ათავსებდა ერთმანეთთან ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის პროფესიებს, ამასთან მწერალიც გახლდათ, რომელიც არ ბრწყინავდა, მაგრამ ნაყოფიერი აშკარად იყო. ნიშანდობლივია, რომ ომის შემდეგ მას მიანიჭეს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

უინსტონ ჩერჩილის პოლიტიკურ მრწამსზე ლაპარაკი იოლი არ არის. როგორც ჩანს, იგი ისწრაფვოდა ბრიტანეთის იმპერიის _ «ზღვათა და ხალხთა მპყრობელის» შენარჩუნებას, ეს _ საგარეო საქმეთა მიმართულებით, ქვეყნის შიგნით კი ძალაუფლება მდიდართა და წარჩინებულთა ხელში უნდა დარჩენილიყო. ეს სრულად ესადაგებოდა მის პირად ინტერესებს და მისწრაფებას გამდიდრებისა და დიდებისკენ, ამასთან, ხალხის ძალაუფლების და კომუნისტური იდეოლოგიის სიძულვილს. იგი ფრიად ჭკვიანურად აგროვებდა თავის კაპიტალს და ადიოდა კარიერის საფეხურებზე, თუნდაც თავის პარტიის ინტერესთა ღალატის საშუალებით. ასეთი «ვირთხისებრი» გადარბენები პარტიიდან პარტიაში, პოზიციიდან პოზიციაზე ინგლისურ პოლიტიკურ სივრცეში არც ახალი და არც იშვიათი მოვლენა იყო. შეიძლება ითქვას, რომ უინსტონ ჩერჩილი ისეთი ურთიერთობის პროდუქტი გახლდათ, რომლის პოლიტიკურ თამაშებში იმარჯვებდა ის, ვისაც სხვაზე უკეთ შეეძლო ალღოს აღება ცვალებადი სიტუაციისათვის და ვინც სხვაზე უკეთ იყალთაბანდებდა…

კულტის შესახებ: მისი ცხოვრების განმავლობაში გამოვიდა ორმოცზე მეტი წიგნი ჩერჩილის მოღვაწეობის თაობაზე.

თავის სამწერლობო მოღვაწეობაში იგი ეყრდნობოდა თანამშრომელთა უზარმაზარ შტატს და თავისი მდივნისა და მეგობრის _ ედვარდ მარშის გემოვნებას. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ჩერჩილი გამოირჩეოდა არა მხოლოდ უდიდესი შრომისუნარიანობით, არამედ არანაკლები პატივმოყვარეობით.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here