Home რუბრიკები ისტორია სტალინის ეპოქა

სტალინის ეპოქა

როცა სტატისტიკა ტყუის

მკითხველს შევახსენებ იმ ალოგიკურობას, რომელიც აშკარად იკვეთება დასავლელი ანალიტიკოსების ტენდენციურ, დაუფარავ მიუკერძოებლობაში, რაც ისტორიულ სიმართლეს არნახულად ამახინჯებს.

ჩვენი წინა პუბლიკაცია ასე მთავრდებოდა:

გამოდის, რომ გამარჯვება მოპოვებულია წითელი არმიის წარმოუდგენელი დანაკარგების ხარჯზე, გავიმარჯვეთ იმის მიუხედავად, რომ მილიონობით პატიმარი იტანჯებოდა ციხეებსა და ბანაკებში, მიუხედავად სახელმწიფო ტერორისა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ გაწყვიტა უნიჭიერესი ოფიცრობა, ჩაალპო ინტელიგენცია და, რაც მთავარია, _ სტალინის უნიჭო ხელმძღვანელობის მიუხედავად.

ეს ყოველივე უაზრობის, ალოგიკურობის მწვერვალია და ისტორიული სინამდვილის კონიუნქტურული დამახინჯებაა.

ციფრებს მიაქციეთ ყურადღება!

ფაშისტებმა დაიპყრეს საბჭოთა კავშირის ტერიტორია, რომელზეც სსრ კავშირის მოსახლეობის 40 პროცენტი იმყოფებოდა, ანუ 78 მილიონი კაცი. სტალინის განკარგულებაში დარჩა 115 მილიონი, ამათგან 10 მილიონი ციხეებსა და ბანაკებში იყო, 20 მილიონი მოკლეს ან ტყვედ ჩავარდა. დაჭრილებსა და ავადმყოფებსაც თუ ჩავთვლით, გამოვა, რომ 1943 წლისთვის სტალინს საერთოდ არ დარჩა მოზრდილი მამაკაცები. არადა, 1944 წლის გაზაფხულამდე საბჭოთა კავშირი მარტოდმარტო იბრძოდა ვერმახტის წინააღმდეგ.

როგორღა მივაყენეთ გერმანელებსა და მათ მოკავშირეებს გამანადგურებელი დარტყმები?!

გასაგებია, როცა გებელსი სამჯერ ზრდიდა წითელი არმიის დანაკარგების მაჩვენებელს _ ომში ყველა საშუალების გამოყენება შეიძლება. ასეა მიჩნეული, როცა ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. მაგრამ, როცა «მშობლიური პუბლიცისტები» იმავეს აკეთებენ, ძნელია, ილაპარაკო მათს ობიექტურობასა და კეთილშობილურ მიზნებზე. აშკარაა, რომ ისინი ებრძვიან სტალინურ სისტემას და ამ ბრძოლაში გებელსის პროპაგანდისტულ ხრიკებს სიხარულით იყენებენ. მით უფრო, რომ დიდ ტყუილს გასავალი აქვს მედროვე ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ ვითარებაში.

მოდით, განზე გადავდოთ ემოციები და მივმართოთ ისტორიულ ფაქტებს.

ომის წინა პერიოდში სსრკ დაჩქარებით ზრდიდა თავის ეკონომიკურ და სამხედრო პოტენციალს. ეს მოითხოვდა მთელი ხალხის უდიდეს ძალისხმევას. დიახ, იყო მწირმოსავლიანი წლები და იყო შიმშილი, მაგრამ, ამის მიუხედავად, საერთო სიკვდილიანობა კლებულობდა, მოსახლეობის მატება 1-2 პროცენტს აღწევდა. მაშასადამე, არავითარი მასშტაბური რეპრესიები არ განხორციელებულა (იხ. ჩვენი გაზეთის წინა პუბლიკაციები, განსაკუთრებით «ანტისტალინური უნამუსობა»). გულაგის ბანაკებში 1939 წელს იმყოფებოდა 1 672 468 ადამიანი (მათ შორის 454  კონტრრევოლუციური დანაშაულისათვის, მომდევნო წელს კი, შესაბამისად, 1 659 992 და 445 ათასი. მიმდინარეობდა დაუნდობელი ბრძოლა სისხლის სამართლის დამნაშავეების წინააღმდეგ, ბანდიტებთან, მოძალადეებთან და საბჭოთა ხელისუფლების მტრებთან, მაგრამ სწორედ ამან შეაკავშირა ხალხი ომისწინა პერიოდში. თუ საბჭოთა ხალხი არ ენდობოდა სტალინს, ხელისუფლებას, ეს რეჟიმი ფაშისტ დამპყრობთა პირველი წარმატებული შემოტევისთანავე მყისვე დაიშლებოდა. ჰიტლერს სწორედ ამისი იმედი ჰქონდა. თუმცა ითვალისწინებდა საბჭოთა ხალხის რეალურ მდგომარეობას და მიიჩნევდა, რომ შესაძლო ვარიანტი საბჭოთა კავშირის მხოლოდ ევროპული ნაწილის დაპყრობა იქნებოდა.

ომის წინ არმიამ, რომელსაც 680 ათასი მეთაური ჰყავდა, დაკარგა (დაპატიმრებული, დახვრეტილი) 10 ათასამდე მეომარი, ანუ 5 პროცენტი. იყვნენ ისინი საუკეთესონი საუკეთესოთა შორის? საეჭვოა. ფაქტია, რომ სამამულო ომის დროს ისინი არ ხელმძღვანელობდნენ წითელი არმიის ნაწილებს. სხვათა შორის, 1946 წლის 6 მარტს გებელსმა თავის დღიურში ჩაწერა ჰიტლერის ნათქვამი, რომ სტალინმა დროულად განახორციელა საბჭოთა არმიის რეფორმა «და ამიტომ იყენებს კიდეც ამ უპირატესობას».

ომმა გამოამჟღავნა, რომ საბჭოთა მარშლები, მეთაურთა მთელი შემადგენლობა არაფრით ჩამორჩებოდა გერმანელ საუკეთესო გენერლებსა და ოფიცრებს. სტალინმა საკმაოდ სწრაფად განსაჯა, ვინ უნდა დაენიშნა ხელმძღვანელ პოსტებზე. შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა უმაღლესი მთავარსარდლის სიმართლე და სიბრძნე. ჰქონდა შეცდომებიც, არც თუ მცირე (რაც თავადვე აღიარა), მაგრამ საბოლოოდ სიმართლე მაინც მის მხარეს იყო, და სწორედ მან, სხვა არავინ მიიყვანა სსრკ საბოლოო გამარჯვებამდე.

ბოლო ათწლეულებში მოდური გახდა გიორგი ჟუკოვის, როგორც «გამარჯვების შემოქმედის», ყოველმხრივი განდიდება. იგი მართლაც ნიჭიერი სარდალი იყო. შემთხვევითი არ იყო, რომ სტალინმა რიგი ოპერაციების განხორციელება მას მიანდო. მაგრამ რატომ უნდა დავივიწყოთ სხვა მხედართმთავრების დამსახურება და ღვაწლი? ომი ხომ მრავალ ფრონტზე მიმდინარეობდა და, აგრეთვე, _ მტრის ზურგში. საჭირო იყო არა მხოლოდ არმიის ზურგის ხელმძღვანელობა, არამედ მთელი ქვეყნის, ჯარების უზრუნველყოფა ყველაფერ აუცილებლით, შეიარაღების ახალი სახეობების შექმნა, დევნილების გადარჩენა და .. დიდ ძალისხმევას მოითხოვდა დიპლომატიური აქციები. წარსამართი იყო საგარეო პოლიტიკა, მტრებისა და მოკავშირე ქვეყნების მდგომარეობისთვის თვალის მიდევნებამოკლედ, გამარჯვების მისაღწევად ბევრი რამ იყო აუცილებელი.

პატიოსანმა და გონიერმა მკვლევარმა ვადიმ კოჟინოვმა თავის წიგნში _ «დიადი შემოქმედება, დიადი გამარჯვება» მიუკერძოებლად გამოიკვლია საბჭოთა მხარის დანარკარგები. აი, რა სურათი იკვეთება.

სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის 1990 წლის მონაცემებით, ომის პერიოდში დაღუპულთა საერთო რაოდენობა (ბუნებრივი სიკვდილიანობის ჩაუთვლელად) უდრის 26,3 მილიონ ადამიანს (ამ რაოდენობაში არ შედის ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი 5,6 მილიონი ადამიანი, ე. ი. ომს შეეწირა დაახლოებით 20 მილიონი საბჭოთა ადამიანის სიცოცხლე. რამდენი ჩვენი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა? იმავე მკვლევარის პროფესიული ანალიზის მიხედვით, _ 8,6 მილიონი კაცი.

დაახლოებით იგივე რიცხვი მიიღო ამერიკელმა დემოგრაფმა (რუსმა ემიგრანტმა) ს. მაქსუდოვმა, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში მუშაობს. მან დააზუსტა, რომ ბუნებრივი სიკვდილიანობის გათვალისწინებით, მტრის ხელით დაიღუპა 7,6 მილიონი ადამიანი, 8 მილიონზე მეტი კი ტყვედ ჩავარდა.

«სამხედრო-ისტორიულ ჟურნალში» (1990 წლის #9) გამოქვეყნებულია ორი სპეციალური კომისიის დასკვნები, რომელთაც ჩვენი დანაკარგები დაითვალეს. ამ დასკვნებით დაიღუპა, უგზოუკვლოდ დაიკარგა, დაიღუპა ტყვეობაში, მოკვდა მიყენებული ჭრილობების გამო, ავადმყოფობით და უბედური შემთხვევის გამო წითელი არმიის 8 668 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი.

მათგან 1,5 მილიონი ომის პირველ ექვს თვეზე მოდის. დაახლოებით ამდენივე ფაშისტურ ტყვეობაში დაიღუპა.

ყურადღება მიაქციეთ მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგებს. პროგერმანულმა «დიდმა ენციკლოპედიამ» დაღუპული საბჭოთა მეომრების რაოდენობა დაახლოებით 2,5-ჯერ გაზარდა (!) და შეამცირა დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა. არადა, ფაქტია, რომ ფაშისტები დაუნდობლად ანადგურებდნენ ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას, წითელ არმიას იგივე არ გაუკეთებია. ასეთია ისტორიული სინამდვილე, რომელიც ფაქტებზეა დაფუძნებული.

ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი მთავარი დამრტყმელი ძალა ე. წ. შტრაფბატები იყო _ სადამსჯელო ანუ დასჯილთა ბატალიონები, რომლებიც ძირითადად პატიმრებისგან იყო დაკომპლექტებული. ჩვენს ჯარისკაცებს თურმე შიში ერეკებოდა წინ, რადგან ზურგს უკან სპეციალური რაზმები ედგნენ, რომლებიც უკანდახეულ მეომრებს ცეცხლს უხსნიდნენ. ეს არის სიცრუე და ცილისწამება. წითელი არმიის სამხედრო მოსამსახურეთაგან სპეცბანაკები გაიარა 354,6 ათასმა კაცმა. მათგან 294,4 ათასი კაცი გადაეცა სამხედრო ნაწილებს, 30,7 ათასი დასაქმდა მრეწველობაში, 18 382 ადამიანი ჩაირიცხა მოიერიშე ბატალიონებში. ამას გარდა ჩამოყალიბდა ოფიცრების 4 შემტევი ბატალიონი _ 920 კაცით თითოეულში. მაშასადამე, ყოველ ათას ჩვეულებრივ ჯარისკაცზე 2 «სპეცკონტიგენტელი» მოდიოდა. არავითარი მნიშვნელობა ამ თავზეხელაღებულ, მაგრამ მცირერიცხოვან ნაწილებს არ ჰქონდა და არც შეიძლება ჰქონოდა მასშტაბური ოპერაციების ბედის გადაწყვეტაში. საბჭოთა კავშირის გმირი, ცნობილი მწერალი კარპოვი, რომელიც ასეთ ბატალიონში იბრძოდა, აცხადებდა: საბრძოლველად არავინ მიგვერეკებოდა ტყვიამფრქვევების მუქარით: ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ მათ შევუტევდით და არა ფაშისტებს.

მაშ როგორ გავიმარჯვეთ?

ამ შეკითხვას უპასუხა სტალინმა, როცა წითელი არმიის სარდლების წინაშე სიტყვა წარმოთქვა 1945 წლის 24 მაისს… «ჩვენს მთავრობას, _ თქვა მან, _ არცთუ ცოტა შეცდომა ჰქონდა, სასოწარკვეთის მომენტებიც გვქონდა 1941-1942 წლებში, როცა ჩვენი არმია უკან იხევდა, ტოვებდა ჩვენს მშობლიურ სოფლებსა და ქალაქებს… და ხალხს შეეძლო ეთქვა მთავრობისთვის: თქვენ ვერ გაამართლეთ ჩვენი მოლოდინი, გაგვეცალეთ, ჩვენ დავაყენებთ ახალ მთავრობას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას გერმანიასთან და სიმშვიდეს მოგვიტანს ჩვენ. მაგრამ რუსი ხალხი ამაზე არ წავიდა. და საბჭოთა მთავრობისადმი რუსი ხალხის ეს ნდობა აღმოჩნდა ის გადამწყვეტი ძალა, რომელმაც უზრუნველყო კაცობრიობის მტერზე _ ფაშიზმზე ჩვენი ისტორიული გამარჯვება».

გამარჯვების აღლუმის მონაწილეთა მიღების დროს იგი კვლავ დაუბრუნდა ამ თემას: «არ გეგონოთ, რომ რაღაც არაჩვეულებრივს ვიტყვი. ჩვეულებრივ, უბრალო სადღეგრძელოს მოგახსენებთ. მე მინდა შევსვა იმ ადამიანების სადღეგრძელო, ვისაც ცოტა ჩინი აქვს და წოდებაც არასახარბიელო. იმ ადამიანებს გაუმარჯოს, ვისაც დიდი სახელმწიფო მექანიზმის «ჭანჭიკებად» მიიჩნევენ, მაგრამ ვის გარეშეც ჩვენ ყველანი _ მარშლები და ფრონტებისა და არმიების სარდლები, უხეშად რომ ვთქვა, კაპიკადაც არ ვღირვართ».

ზუსტი სიტყვებია, მართალი. სტალინის შემდეგ მოსულ ჩვენი ქვეყნის არც ერთ ხელმძღვანელს ასე გასაგებად, პატიოსნად და სამართლიანად არ ულაპარაკია…

უდიდესი ზარალისა და იავარქმნის მიუხედავად, ქვეყანა წარმოუდგენლად სწრაფად დადგა ფეხზე, აღდგა მრეწველობა (საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 1944 წელს სტალინმა გამართა თათბირი, რომელიც სახალხო მეურნეობის სამშვიდობო ორიენტაციაზე გადასვლას მიეძღვნა), შობადობა კალაპოტში ჩადგა, შემცირდა სიკვდილიანობა და მოსახლეობის მატებამ, როგორც ომამდელ წლებში, კვლავ გაუსწრო განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის ზრდის დონეს.

თუმცა კონტრრევოლუციური დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა რაოდენობამ 1950 წელს აბსოლუტურ მაქსიმუმს მიაღწია: 578912 ადამიანს ბანაკებსა და კოლონიებში. მაგრამ უთუოდ ღირს იმის შეხსენება, რომ ისინი იყვნენ მხოლოდ ვლასოველები, ბანდეროველები, პოლიცაები და საბჭოთა ხელისუფლების სხვა მტრები. იმ პერიოდში გაავრცელეს ჭორი, რომ თითქოს ყველა ყოფილ სამხედრო ტყვეს აპატიმრებდნენ.

დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგ ეს «ყოფილები» ლატვიაში, ესტონეთში, უკრაინაში დემონსტრაციებს აწყობენ. ახლა მათ შეიძლება თავიანთი გამარჯვება იდღესასწაულონ. გამარჯვების მიღწევაში მათ დაეხმარნენ ისინი, ვინც ზემოთ ვახსენეთ. და რაც უფრო მეტად თავს იკლავენ სტალინის გინებით, მით უფრო ცუდად ცხოვრობს ხალხი: არ უნდა იყოს ეს შემთხვევითაბა.

ეს ყველაფერი მოწმობს, რომ არის ინტელექტისა და სინდისის ჭეშმარიტად კიბოს ავადმყოფობა, რომლითაც დაავადდა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ბურჟუაზიულ სამოთხეზე რომ ოცნებობს. ამათ რომ ავყვეთ, უნდა დავიჯეროთ, რომ ფაშისტებმა კი არ გაწყვიტეს ებრაელი ხალხი, არამედ _ საბჭოთა კავშირმა სტალინის ხელმძღვანელობით; ინგლის-ამერიკის ავიაცია კი არა, არამედ საბჭოთა თვითმფრინავები ბარბაროსულად ბომბავდნენ გერმანიის ქალაქებს და ა.შ.

საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ბელადების დიპლომატიური ორთაბრძოლების თემის დასასრულს უნდა ვაღიაროთ, რომ მშვიდობიანობისა თუ ომის დროს გამარჯვებული საბოლოო ჯამში სტალინი რჩებოდა, და არა იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგე იყო სუსტი, მოსულელო, გულუბრყვილო. არა! სრულიადაც არ იყო შემთხვევით, რომ ჰიტლერი (ისევე, როგორც სტალინი) დაბალი სოციალური ფენიდან სახელმიფოში უმაღლეს მდგომარეობამდე ამაღლდა. იგი ღირსეული მეტოქე იყო, რომელიც ამარცხებდა დასავლეთ და ცენტრალური ევროპის საუკეთესო დიპლომატებს.

«ღმერთი ძალაში კი არა, სიმართლეშია»

დღემდე სტალინს ბრალად დებენ, რომ იგი მოუმზადებელი შეხვდა გერმანელი ურდოების თავდასხმას საბჭოთა კავშირზე. ასე როგორ ენდო ფარისეველ ჰიტლერს? რატომ არ მოახდინა რეაგირება მიღებულ ცნობაზე, რომელშიც ზუსტად იყო მითითებული ომის დაწყების თარიღი? რატომ დადო თავდაუსხმელობის პაქტი ჰიტლერთან?

ეს თემატიკა გამოწვლილვით განვიხილეთ «საქართველო და მსოფლიოს» ადრინდელ პუბლიკაციებში, რომლებიც გამოქვეყნდა რუბრიკით «არაპოლიტკორექტული სიმართლე» (გროვერ ფერის წიგნის მიხედვით). ამიტომ ამჯერად მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლებით.

სტალინი აბსოლუტურად არ ენდობოდა ფიურერს; ცნობები თავდასხმის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი იყო; თავდაუსხმელობის შესახებ პაქტი აუცილებელი იყო საბჭოთა კავშირისთვის და სამამულო ომში სსრკ გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი გახდა.

თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულება სტალინმაც და ჰიტლერმაც აღიქვეს, როგორც საკუთარი მნიშვნელოვანი გამარჯვება. როცა ორი, ერთმანეთს დაპირისპირებული სახელმწიფოს ხელმძღვანელები ასე ფიქრობენ, ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მათგანი სერიოზულად ცდება.

ორთაგან _ რომელი?

მოსკოვში რიბენტროპის მომავალი ვიზიტის შეახებ ცნობა მიზნის მითითებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს  წინასწარ გადასცეს: ეს იყო თავდაუსხმელობის პაქტის დადება. მაგრამ საკდესმა ამასთან ერთად განაცხადა, რომ აღნიშნული აქცია არ გამორიცხავს «საბჭოთა კავშირს, ინგლისსა და საფრანგეთს შორის მოლაპარაკების გაგრძელებას აგრესიის მოსაგერიებელ ერთობლივ ღონისძიებათა დასახვის მიზნით».

რომელი აგრესია იგულისხმებოდა?

მხოლოდ _ მოსალოდნელი აგრესია გერმანიის მხრიდან.

აქედან გამომდინარე, სტალინმა დაარწმუნა დასავლეთის სახელმწიფოების მეთაურები, რომ აუცილებელია შეიმუშაონ ღონისძიებები, რათა ერთობლივად წინ აღუდგნენ სხვათა ტერიტორიების ხელში ჩაგდების ფაშისტურ მისწრაფებას.

იმავე დღეს _ 1939 წლის 22 აგვისტოს კლიმენტ ვოროშილოვმა მიიღო საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაური, გენერალი დუმენკი და კვლავ დაუდასტურა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა მზადაა განაახლოს მოლაპარაკება ინგლისთან და საფრანგეთთან «კარდინალურ საკითხზე», რომელიც შეთანხმებულია პოლონეთის და რუმინეთის მთავრობებთან. როგორც ვიცით, ასეთი მოლაპარაკება არ შედგა და ამაში სტალინს ბრალი არ მიუძღვის.

23 აგვისტოს დილით რიბენტროპი მოსკოვს გაფრინდა. შეფმფრინავმა პოლკოვნიკმა ჰანს ბაუერმა გაიგონა, როგორ უთხრა მინისტრმა თავის მრჩევლებს: «პარტია, რომლის თამაშიც მოგვიწევს, ძნელი იქნება. აუცილებელია მოვადუნოთ საბჭოთა ხელმძღვანელების უნდობლობა _ დღესაც და ხვალაც ისინი ჩვენ მტრებად დარჩებიან. დადგება დრო და სვასტიკა აფრიალდება ნამგალი და უროს ადგილზე».

ხვდებოდა სტალინი, რომ მესამე რაიხის ხელმძღვანელებს ასეთი განწყობილება ჰქონდათ? არა მხოლოდ ხვდებოდა, არამედ დარწმუნებულიც იყო. როცა რიბენტროპმა წამოიწყო წინასწარ მომზადებული სიტყვა და ახსენა «ძმობის სულისკვეთება, რომელიც აკავშირებდა რუს და გერმანელ ხალხებს…», მოლოტოვმა შეაწყვეტინა: «ჩვენს შორის ძმობა შეუძლებელია».

ნიშანდობლივია, რომ მოლოტოვის კრემლის კაბინეტში რიბენტროპმა მისთვის მოულოდნელად დაინახა სტალინი. აშკარა გახდა, რომ მოლაპარაკება იქნებოდა სწრაფი და შედეგიანი. გერმანელთა მხრიდან ამ მოლაპარაკების მონაწილე გ. ხიდგერი იხსენებს: «სტალინს უბრალოდ უპრეტენზიოდ ეჭირა თავი. ეს მანერა მოლაპარაკების დროს მისი ტაქტიკის ნაწილი იყო, ისევე, როგორც მამობრივი კეთილგანწყობა, რითაც მას შეეძლო თავისი პარტნიორების მოხიბლვა და მათი სიფხიზლის მოდუნება. მაგრამ საინტერესო იყო იმის ხილვა, რა სწრაფად იცვლებოდა რიბენტროპისადმი სტალინის გულთბილი დამოკიდებულება ყინულოვანი სიცივით, როცა იგი მოკლე ბრძანებებს გასცემდა ან საქმესთან დაკავშირებულ რაიმე შეკითხვას დასვამდა».

მაგალითად, როცა ჰიტლერის წარგზავნილმა დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ გერმანიამ და რუსეთმა არ უნდა მიაქციონ ყურადღება ერთმანეთის მოქმედებას მესამე ქვეყნების მიმართ, სტალინმა მოკლედ მოუჭრა: «ჩვენი მხრიდან ნეიტრალიტეტი არ იქნება მანამდე, სანამ თქვენ თვითონ არ შეწყვეტთ აგრესიული გეგმების შედგენას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვავიწყდება, რომ ჩვენზე თავდასხმა თქვენი საბოლოო მიზანია.

როგორც ვხედავთ, სტალინი ლაპარაკობდა პატიოსნად და იმდენად გულახდილად, რომ თითქოს არაფრად აგდებდა დიპლომატიის პრინციპებს, რომელთა მიხედვით, არ უნდა გამჟღავნდეს საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულება, და ამით დააბნიოს მოწინააღმდეგე. ჰიტლერი კი, რაგინდ უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, ენდობოდა სტალინის სიტყვას და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ იგი არ დაარღვევდა თავდაუსხმელობის პაქტს. ფიურერს მხოლოდ ის ანაღვლებდა, რომ არ ჩაშლილიყო რიბენტროპის მისია, რადგან მას ძალიან სჭირდებოდა საბჭოთა კავშირის ნეიტრალიტეტის გარანტია გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის პროცესში, ეს ოპერაცია კი სადაცაა უნდა განხორციელებულიყო. 25 აგვისტოს ჰიტლერმა მუსოლინის მოწერა: «წარმოდგენა არ მქონდა საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკების შესაძლო ხანგრძლივობაზე და მის რაიმე წარმატებაზე».

ჰიტლერი უნდა დაფიქრებულიყო იმაზე, რომ საბჭოთა ხელმძღვანელი ასე სწრაფად რატომ დათანხმდა პაქტის დადებას. მაგრამ ფიურერისთვის ამ შემთხვევაში მთავარი იყო ის, რომ მას შესაძლებლობა ეძლეოდა გაევრცელებინა აგრესია როგორც აღმოსავლეთით (პოლონეთი), ასევე დასავლეთის მიმართულებით. სტალინმა კი ფიურერის სიფხიზლის მოდუნების მიზნით წარმოთქვა სადღეგრძელო: «მე ვიცი, რა ძლიერად უყვარს გერმანელ ხალხს თავისი ბელადი, ამიტომ მინდა დავლიო მისი სადღეგრძელო».

გ. ხილგერი მოგვიანებით იხსენებდა: «ჰიტლერზე მისი საუბრის ტონმა და მანერამ, რომლითაც წარმოთქვა სადღეგრძელო, უფლება მომცა, დამესკვნა, რომ ჰიტლერის ზოგიერთი თვისება და მოქმედება უეჭველად ახდენდა მასზე შთაბეჭდილებას… ასეთი აღფრთოვანება, როგორც ჩანს, ორმხრივი იყო და განსხვავდებოდა მხოლოდ იმით, რომ ჰიტლერი სტალინით აღფრთოვანებული ბოლო მომენტამდე რჩებოდა, სტალინის ჰიტლერისადმი დამოკიდებულება კი საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ ჯერ მწვავე სიძულვილში გადაიზარდა, შემდეგ კი ზიზღად ჩამოყალიბდა.

სტალინის აღფრთოვანების შესახებ ლაპარაკი, რა თქმა უნდა, გადამეტებულია. როგორც ჩანს, ფიურერის სადღეგრძელომ, რომელიც სტალინმა მოულოდნელად და მშვიდად წარმოთქვა, გერმანელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც სჭირდებოდა კიდეც საბჭოთა ხელმძღვანელობას. რიბენტროპს რომ ემშვიდობებოდა, სტალინმა უთხრა: «საბჭოთა მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება ახალ ხელშეკრულებას. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ საბჭოთა კავშირი არ მოატყუებს თავის პარტნიორს».

ჰიტლერი აღფრთოვანებული იყო თავისი, როგორც თვითონ მიაჩნდა, დიდი დიპლომატიური ეშმაკობის შედეგით: აღმოსავლელი მეზობლის სიფხიზლის მოდუნებით მან შესაძლებლობა მიიღო, დაემორჩილებინა დასავლეთ ევროპა, შემდეგ კი ძალამომატებული დაძრულიყო რუსეთის წინააღმდეგ. თავის კაბინეტში იგი გახარებული ყვიროდა: «ახლა მთელი მსოფლიო ჯიბეში მიდევს! ახლა ევროპა მე მეკუთვნის!»

28 აგვისტოს იმპერიის კანცელარიაში გამართულ თათბირზე ჰესმა გასცა განკარგულება, განემარტათ ნაცისტური პარტიის წევრებისთვის, რომ ხელშეკრულება დროებითი ღონისძიებაა, რომელიც არ ცვლის გერმანიის მტრულ დამოკიდებულებას საბჭოთა კავშირის მიმართ.

როგორი იყო სტალინის რეაქცია, ამაზე საუბარს «საქართველო და მსოფლიოს» მომდევნო ნომერში განვაგრძობთ.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here