საბჭოების სასახლე
ხრუშჩოვი: «ამასთან სტალინი უპატივცემულობას იჩენდა ლენინის ხსოვნისადმი. შემთხვევითი არ იყო, რომ საბჭოების სასახლე, რომელიც ვლადიმერ ილიჩის ძეგლად იყო ჩაფიქრებული და რომლის აგების შესახებ გადაწყვეტილება 30 წელიწადზე მეტი ხნის წინათ იყო მიღებული, არ აშენდა. მისი აგების შესახებ გადაწყვეტილება ყოველთვის გადაიდებოდა ხოლმე და მივიწყებას მიეცემოდა. უნდა გამოსწორდეს ეს მდგომარეობა და ვლადიმერ ილიჩის ძეგლი უნდა აღიმართოს».
გროვერ ფერი ამ შეთითხნილ ბრალდებას მოკლედ უპასუხებს, ჩვენ შევეცდებით, განვავრცოთ არგუმენტაცია. მაგრამ ჯერ _ ამერიკელის პოზიცია:
«ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში არქიტექტურული გეგმების, კონკურსების ისტორიისა და საბჭოების სასახლის მშენებლობაზე საბოლოოდ უარის თქმის შესახებ მ. ვოლჩენკოვი, «დახურულ მოხსენებაზე» მითითებით გვიჩვენებს: ხრუშვოჩის განცხადება ამ საკითხზე აშკარად არ ემთხვევა ჭეშმარიტებას.
სასახლე ხრუშჩოვის დროსაც არ აშენებულა, ხოლო უზარმაზარი საძირკვლის ადგილზე, ბოლოს და ბოლოს გაიხსნა საცურაო აუზი «მოსკოვი». კომიტეტი, რომელსაც მშენებლობა ებარა, სხვა შენობების აგებაზე გადართეს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საბჭოების სასახლის აგების გეგმაზე უარი სტალინმა კი არ თქვა, არამედ მისმა შემცვლელებმა.
ახლა _ ცოტა უფრო ვრცლად.
«სტალინური ვამპირი»
სსრკ საბჭოების სასახლის იდეა 1922 წელს დაიბადა _ საბჭოების პირველ ყრილობაზე. არქიტექტურის ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ, ამ იდეის განუხორციელებლობის მიუხედავად, მან მძლავრი ბიძგი მისცა ქვეყანაში არქიტექტურის განვითარებას, დაიბადა ახალი სტილი, რომელიც «სტალინური კლასიციზმის» სახელითაა ცნობილი. შენობა, ლუნაჩარსკის განმარტებით, ჩაფიქრებული იყო როგორც მსოფლიოს წითელი ცენტრის _ მოსკოვის _ სახიერი არქიტექტურული გამოსახულება, სიმბოლო.
1931 წელს გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 160 პროფესიონალი არქიტექტორი, 100 პროექტი ჩვეულებრივი მოქალაქეების იყო, 24 _ სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა წარადგინეს.
საბოლოო გადაწყვეტილება კომისიამ არ მიიღო, რადგან არც ერთი წარდგენილი ნამუშევარი სრულად არ პასუხობდა საკონკურსო მოთხოვნებს. გამარჯვების რეალურ პრეტენდენტებად არქიტექტორთა რამდენიმე ჯგუფი იყო მიჩნეული: «კლასიკოსები», კონსტრუქტივისტები, ბორის იოფანი და მისი მიმდევრები.
საპროექტო სამუშაოები გაგრძელდა 1932-1933 წლებში, შესრულდა 22 პროექტი, კონკურსის ფინალში გავიდა არქიტექტორთა 5 ჯგუფი. 1933 წლის 10 მაისს საბჭოების სასახლის მშენებლობის საბჭომ ბ. მ. იოფანის პროექტი მიიღო სასახლის პროექტის საფუძვლად. ამ პროექტის მიხედვით, სასახლის ზედა ნაწილი დაგვირგვინებული უნდა ყოფილიყო ლენინის 50-75 მეტრიანი სკულპტურით, შენობა კი ლენინის ფიგურის კვარცხლბეკად მოიაზრებოდა. საბჭომ დაადგინა, რომ ბორის იოფანს განეგრძო მუშაობა პროექტზე სხვა პროექტების საუკეთესო ნაწილების გამოყენებით. ამიტომ ჩართეს სხვა არქიტექტორებიც. ამ ჯგუფმა 1939 წელს დაამთავრა დაგეგმარება და შეუდგა პროექტის განხორციელებას. საკავშირო კომპარტიის მეთვრამეტე ყრილობამ დაადგინა, რომ მშენებლობა მესამე ხუთწლედის ბოლოსთვის დამთავრებულიყო, 1942 წლისთვის საბჭოების სასახლე ექსპლუატაციაში გადაეცემოდა.
პროექტი მართლაც გრანდიოზული იყო. მისი სიმაღლე ლენინის ქანდაკებითურთ 420 მეტრს აღწევდა, სავარაუდო მოცულობა შვიდ-ნახევარ მილიონ კუბურ მეტრს უდრიდა, ხეოფსის პირამიდაზე სამჯერ მეტი იყო. გადამუშავებული პროექტის სიმაღლე 420 მეტრი რჩებოდა, მაგრამ ლენინის ძეგლის სიმაღლე 100 მეტრამდე უნდა გაზრდილიყო (სკულპტორი _ ს. მერკუროვი). სასახლის დიდი დარბაზი, სიმაღლით 100 მეტრი, გათვლილი იყო 21000 კაცზე, მცირე დარბაზი _ 6000 კაცზე. მაღლივ ნაწილში განთავსდებოდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, პალატები და ა. შ.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ იოფანის პროექტმა დიდი როლი ითამაშა 30-50-იანი წლების საბჭოთა არქიტექტურის განვითარებაში, დამკვიდრდა «სტალინური ამპირის» სახელწოდებით და მიჩნეულია არქიტექტურის სხვადასხვა სტილის ნიჭიერ სინთეზად.
საბჭოების სასახლის პროექტის დახვეწაში დიდი როლი ითამაშა სტალინმა, მაგრამ მასაც კი ეჭვი ეპარებოდა ამ კოლოსის განხორციელებაში.
კომისიამ გადაწყვიტა, რომ სასახლე მაცხოვრის ტაძრის ადგილას აშენებულიყო. ააფეთქეს ტაძარი. გათხარეს უზარმაზარი საძირკველი.
მაგრამ ამის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ გრანდიოზული ძეგლის განსახორციელებლად არავის ეცალა: დაიწყო დიდი სამამულო ომი და რკინის კონსტრუქციები, რომელთაც შენობა უნდა დაყრდნობოდა, მოსკოვის მისასვლელების გასამაგრებლად გამოიყენეს. ომის შემდეგ ქვეყანა შეიქმნა აღსადგენი და რესურსები, რომლებიც ამ შენობისთვის იყო გათვალისწინებული, მრეწველობის საჭიროებისათვის გადაისროლეს.
ისტორიკოსები დაბეჯითებით გვიმტკიცებენ, რომ ამ გრანდიოზული შენობის აგების სურვილი სტალინს არასოდეს განელებია.
შეიძლება, ასეც იყო. მაგრამ ვინ გამორიცხავს, რომ ბელადს ქრისტიანული ტაძრის ნაფუძარზე პრინციპულად არ სურდა ათეისტური სიმბოლოს აგება?
«ცივი ომი», რომელიც კვალდაკვალ მოჰყვა ფაშიზმზე გამარჯვებას, აგრეთვე, არ ქმნიდა გრანდიოზომანიის ამ ნიმუშის რეალიზაციის პირობებს: უზარმაზარი რესურსები მოითხოვა შეიარაღების მოდერნიზაციამ, უწინარეს ყოვლისა, ატომური ბომბის შექმნის სამუშაოებმა.
ხრუშჩოვის პერიოდში აღნიშნული პროექტი საერთოდ ჩამოწერეს, რადგან «არ უპასუხებდა თანამედროვე მოთხოვნებს».
ნიკიტამ კი ყველაფერი სტალინს დააბრალა.
ახალმა კონკურსმა, რომელიც ნიკიტას მართველობის ხანაში წამოიწყეს, ღირებული ვერაფერი წარმოაჩინა, მიახლოებულიც კი ძველ პროექტთან.
«საუკუნის პროექტიდან» დარჩა მხოლოდ საძირკველი, რომელზეც ხელახლა დაფუძნდა მაცხოვრის კათედრალი… მადლობა ღმერთს.
ლენინური და სტალინური პრემიები
ხრუშჩოვი: «განვიხილოთ სტალინური პრემიების საკითხი. მეფეებსაც კი არ დაუწესებიათ ისეთი პრემიები, რომლებსაც თავიანთ სახელებს დაარქმევდნენ.
არ შეიძლება, არ გავიხსენოთ საბჭოთა მთავრობის 1925 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება «სამეცნიერო შრომებისთვის ვ. ი. ლენინის პრემიების დაწესების შესახებ». ეს დადგენილება გამოქვეყნდა პრესაში, მაგრამ დღემდე ლენინური პრემიები არ არის. ესეც ასევე უნდა გამოსწორდეს».
დელეგატების უმრავლესობისთვის ცნობილი იყო, რომ ხრუშჩოვი აქაც სიმართლეს არ ამბობდა. ლენინურ პრემიებს ანიჭებდნენ 1925-დან 1934 წლამდე მეცნიერების, ტექნოლოგიის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგებში მიღწეული თვალსაჩინო შედეგებისთვის.
სამწუხაროდ, ზუსტად არ არის ცნობილი, რატომ შეწყდა ამ პრემიების მინიჭება. მაგრამ, მგონი, ამის გამო სტალინისთვის არავის უსაყვედურებია, _ აღნიშნავს გროვერ ფერი.
ლენინური პრემიების შეჩერების შესახებ არსებობს მოსაზრება, რომ ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო კომუნისტური აკადემიის გაუქმებასთან: ლენინური პრემიების მიმნიჭებელი კომისია სწორედ ამ აკადემიასთან არსებობდა. კომაკადემიის ლიკვიდაციის საკითხი 1935 წლის დასაწყისიდან განიხილებოდა, ანუ იმ დროიდან, როცა შეწყდა ლენინური პრემიების გაცემა.
1930 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოდ ითვლებოდა ლენინის ორდენი. აპირებდნენ სტალინის ორდენის დაწესებასაც, მაგრამ ეს მცდელობა ორჯერ აღკვეთა თვითონ სტალინმა. ეს ხრუშჩოვისთვის ცნობილი იყო.
სტალინური პრემიის დაწესების ისტორიიდან ცნობილია, რომ თავდაპირველად იდეა «პრემიებისთვის სტალინის სახელის მინიჭების» შესახებ 1933 წელს თავის ერთ-ერთ წერილში წამოაყენა მაქსიმ გორკიმ. მაგრამ მაშინ ამ წინადადების წინააღმდეგ მკვეთრად გაილაშქრა სტალინმა. თუმცა იმავე წერილში წამოყენებულ სხვა წინადადებებს მხარი დაუჭირა. ხრუშჩოვმა ესეც, რა თქმა უნდა, იცოდა.
სტალინური პრემიების დაწესების საკითხს დაუბრუნდნენ 1939 წლის დეკემბერში, მის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით: 1939 წლის 20 დეკემბერს სსრკ სახკომსაბჭომ მიიღო დადგენილება სტალინური პრემიებისა და სტიპენდიების დაწესების შესახებ, ხოლო 1940 წელს _ დამატებითი დადგენილება, რომლის მიხედვით დაწესდა ამ პრემიის გაცემა წარმატებული ლიტერატურული ნაწარმოებისთვის: მხატვრული ლიტერატურისა და კრიტიკის დარგში სტალინური პრემია მანამდე არ გაიცემოდა.
არავითარი მონაცემი არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ პრემიის სახელწოდების საკითხი სტალინის ინიციატივით გადაწყდა.
სამაგიეროდ კარგადაა ცნობილი, რომ სტალინური პრემიები ლენინური პრემიების ნაცვლად კი არ გაიცემოდა, არამედ დაწესდა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში არავითარი ყოველწლიური პრემია მეცნიერებისა და ლიტერატურის დარგებში არ არსებობდა. «მაშასადამე, ასკვნის გროვერ ფერი, ლენინური და სტალინური პრემიების დაპირისპირება… არაკორექტულად უნდა ჩაითვალოს».
თავი 9. სტალინი: ბოლო წლები ხელისუფლების სათავეში
დამატებითი ბეგარა გლეხებს?
«დახურულ მოხსენებაში» ხრუშჩოვმა სტალინს ბრალი დასდო კოლმეურნეობებისა და კოლმეურნეებისთვის გადასახადის დამატებით 40 მილიარდი მანეთით გაზრდის თაობაზე.
ხრუშჩოვის მტკიცებით, გადასახადების საკითხი სტალინმა განიხილა 1953 წლის თებერვალში, ე. ი. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე. მაგრამ ამ საკითხის თაობაზე სტალინის მოსაზრების ჩაწერა ვერავინ მოახერხა. ნიკიტას თუ დავუჯერებთ, მან მოისმინა ის, რაც სხვამ ვერავინ…
მაგრამ რატომ უნდა დავუჯეროთ?
გადასახადის შესაძლო გაზრდის შესახებ ხრუშჩოვმა პირველად ილაპარაკა ცენტრალური კომიტეტის 1953 წლის ივლისის პლენუმზე, რომელიც მთლიანად «ბერიას საქმისადმი» იყო მიძღვნილი. მაშინ მიქოიანმა და მოლოტოვმაც ახსენეს რიცხვი 40 მილიარდი რუბლი, მაგრამ _ ხრუშჩოვის შემდეგ. თანაც ორივემ ისეთ კონტექსტში ახსენა, რომ აშკარად ჩანდა _ ამის შესახებ პირველად სწორედ ხრუშჩოვის მოხსენებიდან შეიტყვეს, მანამდე კი მათთვის მსგავსი რამ ცნობილი არ იყო.
მიქოიანი, რომელიც ცეკას 1952 წლის ოქტომბრის პლენუმზე გლეხების დამატებითი დაბეგვრის წინააღმდეგ გამოვიდა, იხსენებს მხოლოდ იმას, რომ სტალინმა ერთხელ თქვა «დამატებითი ქათმის ჩაბარების შესახებ». მაგრამ თვითონვე აღიარებს, რომ მეტი არაფერი გაუგონია. 40 მილიარდის შესახებ მიქოიანს ერთი სიტყვაც არ დაუწერია თავის მოგონებებში.
სტალინი პოსტიშევით უკმაყოფილო იყო
ხრუშჩოვი: «დაუსაბუთებელი ეჭვებისა და ბრალდებების წინააღმდეგ პროტესტის გამომთქმელი რეპრესიებს განიცდიდა. ამ მხრივ დამახასიათებელია ამხ. პოსტიშევთან დაკავშირებული ისტორია. ერთ–ერთი საუბრის დროს, სტალინმა უკმაყოფილება გამოთქვა პოსტიშევის მისამართით და შეეკითხა მას:
_ ვინ ხართ თქვენ?
პოსტიშევმა მისთვის დამახასიათებელი აქცენტით მტკიცედ განუცხადა:
_ ბოლშევიკი ვარ მე, ამხანაგო სტალინ, ბოლშევიკი!
და ეს განცხადება თავდაპირველად შეფასდა როგორც უპატივცემულობა სტალინისადმი, შემდეგ _ როგორც მავნებლური აქტი, საბოლოოდ კი პოსტიშევის განადგურების საფუძველი გახდა, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ «ხალხის მტრად» იქნა გამოცხადებული».
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოსტიშევი გაირიცხა პოლიტბიუროს წევრების კანდიდატების სიიდან და პარტიიდან, შემდეგ დააპატიმრეს, დაბოლოს გაასამართლეს და პარტიის უდანაშაულო წევრების მიმართ მასობრივი რეპრესიების განხორციელებისთვის დახვრიტეს. ხრუშჩოვი ესწრებოდა იმ პლენუმს (1938 წლის იანვარი) და ამიტომ შეუძლებელია არ სცოდნოდა პოსტიშევის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებათა შესახებ. ხრუშჩოვი ტყუოდა, როცა ამტკიცებდა, რომ პოსტიშევისთვის გამოტანილია განაჩენი «სრულიად უსაფუძვლო იყო».
მაგრამ, როგორც ჩანს, იგი ტყუოდა მაშინაც, როცა ზემოთ მოხმობილი საუბარს იმოწმებდა. სტალინსა და პოსტიშევს შორის კამათის შესახებ მხოლოდ «დახურულ მოხსენებაში» ვკითხულობთ და XX ყრილობაზე მისი გამოსვლის მოსამზადებელი «ნაკარნახევის» გაშიფრულ ჩანაწერში.
სხვაგან _ არსად.
როგორც ჩანს, სხვას არავის ჰქონია «ბედნიერება», მოწმე გამხდარიყო ამგვარი საუბრის. არაფერია ნათქვამი ამ საუბრის შესახებ ხრუშჩოვის მოგონებებშიც, მიუხედავად იმისა, რომ მემუარების მრავალი გვერდი პოსტიშევს ეძღვნება.
გეტი და ნაუმოვი აღნიშნავენ, რომ არავითარი ნიშანი არ არსებობს 1938 წლის იანვრის პლენუმამდე სტალინისა და პოსტიშევის დაპირისპირების… ამრიგად, სტალინსა და პოსტიშევს შორის აზრების «მწვავე გაცვლის» ფაქტი, თუ ასეთი საერთოდ არსებობდა, შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ ცენტრალური კომიტეტის იანვრის პლენუმის დღეებში, როცა პოსტიშევი, როგორც ითქვა, პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატობიდან გამოიყვანეს.
ბორის ნიკოლაევსკი და «დახურული მოხსენების» რიგი სხვა კომენტატორები მიიჩნევენ, რომ ხრუშჩოვის მიერ ხსენებული საუბარი შედგა ერთი წლით ადრე, ანუ ცენტრალური კომიტეტის 1937 წლის თებერვალ-მარტის პლენუმის მსვლელობის დროს. ეს მოსაზრება ეფუძნება იმავე მოხსენების ერთ პასაჟს, რომელშიც ლაპარაკია, რომ პოსტიშევი პირდაპირ გამოვიდა სტალინის წინააღმდეგ.
პლენუმის მოცულობითი სტენოგრამა, გამოტოვებისა და კუპიურების გარეშე 1992-1995 წლებში გამოქვეყნდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავაც დამტკიცდა, რომ ხრუშჩოვი ტყუოდა. პოსტიშევის გამოსვლაში თებერვალ-მარტის პლენუმზე მინიშნებაც კი არ არის სტალინის კრიტიკის. არ მომხდარა იმ ავადსახსენებელ პლენუმზე არც მწარე-მწარე რეპლიკების გაცვლის ფაქტი.
რაც შეეხება 1938 წლის იანვრის პლენუმის სტენოგრამას, იგი მხოლოდ ნაწყვეტების სახითაა ცნობილი, თუმცა ზოგიერთმა ისტორიკოსმა მოახერხა მისი ყველა სხდომის ჩანაწერების სრული ტექსტის წაკითხვა. და არც ერთ მკვლევარს არ აღუნიშნავს, რომ ხრუშჩოვის მიერ აღწერილი დიალოგი მართლაც შედგა იანვრის პლენუმის მსვლელობისას. ამრიგად, აშკარაა, რომ ხრუშჩოვმა აქაც მოიტყუა…
მსგავსი რამ რომც ეთქვა სტალინს, მისი სიტყვები, რა თქმა უნდა, პოსტიშევის დაპატიმრების, გასამართლების და სასიკვდილო განაჩენის მიზეზი ვერ გახდებოდა.
პოსტიშევმა სასჯელის უმაღლესი ზომა დაიმსახურა არა სტალინთან კამათის გამო, არამედ პარტიული კადრების არნახული მასშტაბით ამოწყვეტისთვის…
რატომ დასჭირდა ხრუშჩოვს ამაზე ლაპარაკი? უნდა ვივარაუდოთ, რომ სჭირდებოდა ერთგვარი «ალიბი» იმათთვის, ვინც სტალინთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა.
ბევრ დელეგატს უთუოდ დაებადებოდა შეკითხვა: რატომ არ დაგმეს სტალინი მისმა თანამებრძოლებმა იმ დანაშაულობათა გამო, რომლებიც წამოაყენა ხრუშჩოვმა სტალინის წინააღმდეგ? რატომ არ შეაჩერეს იგი? ხრუშჩოვის განმარტება და თავის მართლება აშკარად არადამაჯერებელია, მაგრამ ვერავითარი სხვა ახსნის წარმოდგენა მან ვერ შეძლო: «პროტესტი რომ გამოგვეთქვა, ჩვენ მოგვკლავდნენ. შეხედეთ, რა დაემართა პოსტიშევს მხოლოდ იმის გახსენებისთვის, რომ იგი ბოლშევიკია».
პოლიტბიუროს მუშაობის «დეზორგანიზება»
ხრუშჩოვმა სტალინს ბრალად წაუყენა, რომ იგი პოლიტბიუროს შიგნით ათასნაირი კომისიების «ხუთიანების», «ექვსიანების», «შვიდიანების», «ცხრიანების» შექმნით იყო დაკავებული. მაგალითად დაასახელა 1946 წლის 3 ოქტომბერს პოლიტბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება:
«ამხ. სტალინის წინადადება.
1. დაევალოს პოლიტბიუროსთან არსებულ საგარეო საქმეების კომისიას საგარეოპოლიტიკური ხასიათის საკითხებთან ერთად ამიერიდან იმუშაოს, აგრეთვე, შიდა მშენებლობისა და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე;
2. ექვსეულის შემადგენლობა შეივსოს სსრკ საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარით _ ამხ. ვოზნესენსკით და ექვსეული ამიერიდან იწოდებოდეს შვიდეულად.
ცკ მდივანი _ ი. სტალინი».
«ბანქოს მოთამაშის რა ტერმინოლოგიაა! _ განაგრძობს აღშფოთებული ნიკიტა, _ აშკარაა, რომ ამგვარი კომისიების _ «ხუთიანების», «ექვსიანების», «შვიდიანების» და «ცხრიანების» შექმნა პოლიტბიუროს შიგნით კოლექტიური ხელმძღვანელობის პრინციპს საფუძველს ურყევდა. გამოდიოდა, რომ პოლიტბიუროს ზოგიერთი წევრი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას ჩამოცილებული იყო».
(ასეთია ნიკიტას ლოგიკა! სპეციალისტების, საზოგადო მოღვაწეების, თუნდაც ცენტრალური კომიტეტის წევრებისა და კანდიდატებს პოლიტბიუროს საქმიანობაში დამატებით ჩართვა, სწორედაც რომ კოლექტიურობის პრინციპის გაღრმავება-გაფართოებას გულისხმობს. მისივე მომდევნო წინადადება, რომ ამით პოლიტბიუროს ზოგიერთი წევრი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან ჩამოცილებული იყო, მხოლოდ საკუთარი მუცლის გვრემის გამოხატვაა და არა პრინციპის დაცვა. ეს ყველაფერი იმდენად აშკარაა, რომ გროვერ ფერი ამ საკითხზე საგანგებოდ შეჩერებას საჭიროდ არ თვლის. _ ა.ს.).
სტალინისადმი მტრულად განწყობილი ისეთი ავტორიც კი, როგორიც ედვარდ რაძინსკია, აღიარებს: «ხრუშჩოვი აქ ცრუობს. პოლიტბიუროს შიგნით ქვეკომისიები მის წევრებს შორის დატვირთვის განაწილების ერთ-ერთი საშუალებაა. თვით პრინციპში არაფერია ახალი ან სამარცხვინო, და «ვიწრო შემადგენლობები» პოლიტბიუროს შიგნით სტალინის დროის გამოგონება არ იყო».
სტალინის მიერ პოლიტბიუროს როლის დაკნინების ან «დეზორგანიზების» შესახებ ამ შემთხვევაში ლაპარაკიც არ შეიძლება.
სტალინი ეჭვობდა, რომ ვოროშილოვი «ინგლისის ჯაშუში» იყო?
ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის უკიდურესი ეჭვიანობის მაგალითად სწორედ ეს ბრალდება წაუყენა მას.
თავის მემუარებში ხრუშჩოვი იხსენებს უამრავ ჭორს, რომლებიც, როგორც ის ფიქრობს, მხოლოდ ძალიან ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი… მაგრამ მისი მონაყოლი ისტორიები არაფრით დადასტურებულა.
ეს ისტორია მიქოიანის მემუარებშიც კი არ დასტურდება, არადა, ანასტას ივანოვიჩის ამ წიგნში დაკვირვებული მკითხველი იოლად ამოიცნობს უამრავ ცრუ «მოგონებას», სხვაგვარად რომ ვთქვათ, შემთხვევებს, რომლებიც სინამდვილეში არ მომხდარა (მაგალითად, თითქოს სტალინმა განიხილა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტ ბენეშის არარსებული წერილი მარშალ ტუხაჩევსკის გამცემლობის შესახებ). ხრუშჩოვისეული მონათხრობის მსგავსი ამბები მიქოიანის ან სხვა მემუარისტის წიგნებში რომც აღმოჩენილიყო, სრული საფუძველი გვექნებოდა დაეჭვების. ასეა თუ ისე, მიქოიანის მოგონებებშიც კი სიტყვა არ არის ნათქვამი ვოროშილოვის «აგენტობის» თაობაზე.
«საქართველო და მსოფლიოს» მკითხველებს დაბეჯითებით შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ნიკიტა ხრუშჩოვმა «ვოროშილოვის აგენტების» შესახებ ჭორი სახელდახელოდ შეთხზა: მას სჭირდებოდა ამ ლეგენდარული პიროვნების მხარდაჭერა და თავისი ტახტის გამაგრება კლიმენტი ეფრემოვიჩის გვერდზე დგომით.
ვოროშილოვმა, როგორც «სტალინის მიერ განწირულმა» «პირნათლად» შეასრულა ხრუშჩოვის მიერ შეთავაზებული სამარცხვინო როლი.
გაგრძელება იქნება
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე